რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები?

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე ორი წელი და ოთხი თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება. ამ დროის მანძილზე „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ მას ორ საქმეზე მისჯილი აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო კიდევ ოთხ საქმეზე სასამართლო სხდომები ამ დრომდე იმართება.

სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, პოლიტიკური დღის წესრიგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის კუთვნილ პარტიაში საკმაოდ მძიმე პროცესები დაიწყო, რამაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მზარდი რეიტინგის უკუსვლა გამოიწვია. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც სააკაშვილი დაკავებულია, მმართველ გუნდს მოუხდა რიგი ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდანაც კი არის გასული, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მონახულება აუკრძალა, რაც მათი, როგორც პარლამენტის წევრების, კონსტიტუციური უფლებაა. პოლიტიკურ პროცესებზე მეტად სააკაშვილის საქმეში საყურადღებოა „სამართლებრივი“ ასპექტები, რომლებიც უფრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი, ვიდრე _ სამართლის პრინციპებით.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სააკაშვილის საქმეში ფიგურირებს პიჯაკები, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ლეხ და მარია კაჩინსკების სამძიმარზე გაგზავნილი თაიგული, 2007 წლის 7 ნოემბერი, რომლისთვისაც მან პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ბევრი სხვა, რასაც, ალბათ, იმ ევროპულ ქვეყნებში ვერ ნახავთ, რომელთა ოჯახში შესვლას საქართველო ასე მონდომებით ცდილობს.

სააკაშვილის საქმეში პოლიტიკური ასპექტები იმდენად დიდი დოზით გამოიყენა ხელისუფლებამ, რომ არა საზოგადოების ჩართულობა თავის დროზე, დღეს ის გლდანის ან, უკეთეს შემთხვევაში, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნებოდა გარდაცვლილი, არასაკმარისი სამედიცინო დახმარების გამო. ყოფილი პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევათ უკრაინის სახალხო დამცველსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც რამდენჯერმე მიმართეს „ოცნების“ ხელისუფლების იუსტიციის მინისტრს აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.

რა სამართლებრივი ხარვეზები აქვს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის ქეისებში და ჯერ კიდევ რა ბერკეტები არსებობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება ექსპრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებადამცველ ვალერი გელბახიანს:

_ ბატონო ვალერი, რა ეტაპზეა მიხეილ სააკაშვილის საქმე?

_ ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი ხარვეზი, რომ უსასრულო შეიძლება გახდეს ნებისმიერი სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა, რაღაც ვადებში მოქცეულიყო სასამართლო განხილვები. ამ ეტაპზე არსებითი განხილვის სტადია არ დასრულებულა. ჯერ ერთი, საქმე არის მოცულობითი, ტომებია შექმნილი, მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის დამთავრდება. მორე: პროცესების ინტენსივობას თქვენც ხედავთ, ისეთი ინერტულია, რომ თუკი გაიმართება პროცესი, ეს ხდება ნახევარი საათით, მაქსიმუმ, ერთი საათით, რაც ვერანაირად მოგვცემს იმ პროგნოზის საფუძველს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სასამართლო პროცესები. ხანდახან ერთი დოკუმენტის გამოკვლევას სჭირდება ერთი საათი და ერთი დღე, ახლა როდესაც მოცულობითი ტომებია, თავად წარმოიდგინეთ.

_ სხვა რომელიმე ევროპული ქვეყნის სასამართლოს შემთხვევაში, რა დროში შეიძლებოდა ამ პროცესების დასრულება? ან რა დროში უნდა დასრულებულიყო აუცილებლად პროცესი?

_ თუ მაგალითად ვიტყვით, რომელიმე სასამართლოში არსებობს კონკრეტული ვადები და იმ დროში თუ არ დასრულდება პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკავებული ითვლება უდანაშაულოდ და ის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება შემდეგი რამ: მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი სხვა ორ საქმეზე და განაჩენი დევს იმ საქმეზე. ამ ოთხ საქმეზე, რომლებიც პარალელურად იხილება, არცერთზე არ აქვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეფარდებული. რომ ჰქონოდა პატიმრობა შეფარდებული, 9 თვეში ყველა შემთხვევაში უნდა დასრულებულიყო სასამართლო განხილვები. ამ შემთხვევაში, ვინაიდან მმართველმა ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება პოლიტიკურად სასარგებლოდ გამოიყენა, აღკვეთის ღონისძიების საკითხი პატიმრობა გააუქმა, დატოვა განაჩენების აღსრულების მიცემაში პატიმრის სტატუსი და ახლა უარყო ეს განხილვები, არანაირი ვადები ამ განხილვებზე აღარ არსებობს. რომ შეეფარდებინა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით (მიმდინარე საქმეებზე), მაშინ 9 თვეში უნდა დასრულებულიყო ნებისმიერი სასამართლო განხილვა, ამიტომ ახლა ათი წელიწადი შეუძლიათ ეს ჰქონდეთ უსასრულო განხილვებში და არავინ არაფერს ეტყვის.

_ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მოწმეები (ბრალდების მხრის) იკითხებიან. ამ დროის მანძილზე რაიმე ხელჩასაჭიდი ჩვენება თუ არის მიღებული მათგან, რომელიც კიდევ უფრო გაართულებდა სააკაშვილის დაცვის მხარისთვის საქმეს, ხოლო ბრალდების მხარეს გაუმყარებდა პოზიციებს მიმდინარე საქმეზე?

_ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რომელი მოწმეც და რომელი დაზარალებულიც არ უნდა დაიკითხოს, თუ მან არ თქვა, რომ მე დავზარალდი, მაშინ ეს მტკიცებულება არ იქნება არც პირდაპირი და არც ირიბი მნიშვნელობის, რადგანაც ირიბი ჩვენების შემთხვევაშიც წყარო უნდა არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულების წარმოსაქმნელი და როგორ შეიძლება, რომელიმე დაზარალებულმა თქვას, რომ მე კი დავზარალდი 7 ნოემბერს, მაგრამ ეს ზიანი მომადგა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გამო? ამას ვერ იტყვის. საიდან უნდა იცოდეს ეს რომელიმე მოწმემ? მაშინ მან უნდა თქვას, რომ მე ვესწრებოდი იმ გადაწყვეტილების მიღებას, სადაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გამოყვანილი იქნეს ჯარები და ამით მე მომსვლოდა ზიანი. ეს არის აბსურდი, არ შეიძლება ასეთი სახის ჩვენებები, რომლებსაც ახლა აძლევენ სასამართლო სხდომებზე, პირდაპირ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული, ეს არის ნაძვის ხის გამალამაზებელი ერთ-ერთი რგოლი და მეტი დანიშნულება ამ ჩვენებებს არ გააჩნიათ.

_ მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რამდენად სწორია ამ საქმეზე მისი გასამართლება?

_ პროცესი რომ ხელოვნურია, ამაზე ჩვენ საკამათო არაფერი გვაქვს. ეს არის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც საფუძველი ჰქონდათ სააკაშვილის დასჯის ნაწილში, რათა საზოგადოებას ისე მიეღო, რომ ანგარიშსწორებას კი არ ახდენენ, არამედ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზეა გამოძიება და ამის გამო არის დაპატიმრებული. ეს ინფორმაცია გავიდა ქვეყნის გარეთაც. თუმცა სასაცილოა ეს ყველაფერი. მაგალითად: 1967 წელს, თუ არ ვცდები, საფრანგეთში, იყო ანალოგიური გამოსვლები. მაშინდელმა პრეზიდენტმა დე გოლმა, რომელიც იყო ამავდროულად ეროვნული გმირი, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, გამოიყვანა ჯარები და ამას რამდენიმე სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა პრეზიდენტი არავის დაუჭერია. ანუ ანალოგი ხომ არსებობს ამ ყველაფრის? გადადგა იქაც პრეზიდენტი, აგო პასუხი პოლიტიკურად, მაგრამ სამართლებრივად პრეზიდენტს იქ პასუხი არ უგია იმიტომ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა ეს ყველაფერი. როდესაც ასეთი მასობრივი არეულობაა, როდესაც ჯარი გამოდის, როდესაც პოლიციური მეთოდებით აღკვეთენ მასობრივ არეულობას, მაშინ შედეგიც შეიძლება იყოს ანალოგიური. დე გოლის შემთხვევაში ჩაითვალა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში კრიმინალი არ იყო. თან იქ უფრო მძიმე შედეგი დადგა, ვიდრე საქართველოში. საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს არ აინტერესებს, როგორი რეაგირებაა ევროპაში ანალოგიურ საკითხებზე. ერთ ექსპერტს ვერ იპოვი უცხოეთში არ თქვას, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა და არა სამართლებრივი. არანაირი მსგავსი (სამართლებრივი) ასპექტები ამას არ გააჩნია, ვინაიდან ანალოგები არსებობს ევროპულ სახელმწიფოებში, რომ სადაც პრეზიდენტი გადადგა, ეს საკმარისი იყო და ის ჩაითვალა პასუხისმგებლობის აღებად, რასაც სისხლის სამართლის დევნა აღარ მოჰყოლია. თუმცა ევროპაში არსებობს სხვა საქმეებიც და ანალოგებიც, სადაც ქვეყნის პირველი პირები მიცემული არიან პასუხისგებაში საფინანსო-სამეურნეო დანაშაულის ჩადენისთვის, მაგრამ იქ არავინ დაუჭერიათ. მათ დაუმტკიცდათ ბრალეულობა, თუმცა ფიზიკური დევნა მათ მიმართ არ განხორციელებულა. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და გვინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ სხვაგვარად მივუდგებით მსგავსს თემებს. საქართველო არის ძალიან გამონაკლისი მაგალითი და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებია პრეზიდენტის დევნის ნაწილში. მით უმეტეს არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციაში უწერიათ, რომ პრეზიდენტად ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლო პასუხისმგებლობის დაწესება არ შეიძლება, ეს იმუნიტეტი არსებობს და დაუწერელი კანონია, რომ საერთოდ ეს საკითხი ასე უნდა გადაწყდეს, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტობის დროს ჩადენილ ქმედებას შემდგომ წლებში მოჰყვეს დევნა, თუ ეს საკითხი იმპიჩმენტის წესით არ არის თავის დროზე შეფასებული, რომელიმე მოწვევის პარლამენტის მხრიდან. არ მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი ერთი წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოწყება ერთი წლის განმავლობაში და ეს არ გამოიყენეს, თუმცა მერე დაიწყეს დევნა მის წინააღმდეგ. ეს იყო ხელოვნურობა, _ მაშინ რატომ არ განხორციელდა იმპიჩმენტი, თუ ახალი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული?

_ შეწყალების საქმის ეპიზოდზეც ვისაუბროთ.

_ ეს საერთოდ აბსურდია, რადგანაც ის გადაწყვეტილებების შეწყალების შესახებ არის დღემდე ძალაში, არავის გაუუქმებია. ხომ  არის აბსურდი, რომ გადაწყვეტილება ძალაშია, არ გაუქმებულა და ამბობენ, უკანონო იყო ეს გადაწყვეტილებაო. თუ უკანონო იყო, რატომ არ გაუქმდა?

_ გენერალ ზაზა გოგავას ჩვენება მინდა გავიხსენო, სადაც ის საუბრობს, რომ სააკაშვილმა საჯარისო ნაწილების გამოყვანა უბრძანა მას: „7 ნოემბერს სამუშაო კაბინეტში, ტელევიზორის ყურებისას, ზუსტი დრო არ მახსოვს, სამთავრობო დაცული სიხშირის ტელეფონზე დამიკავშირდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აღშფოთებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებით. პრეზიდენტმა მომცა ბრძანება, რომ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაციის კონტროლის მიზნით, გამეყვანა შეიარაღებული ძალები. მთავარსარდლისთვის იმ მომენტში ზედმეტი კითხვები არ დამისვამს. კითხვის დასმას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, აზრი არ ჰქონდა. ტელეფონით დავუკავშირდი შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაურ დიმიტრი კიკნაძეს და მას ვუთხარი, სასწრაფოდ წამოეყვანა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე, სადაც შევხვდებოდი მე და მივცემდი კონკრეტულ დავალებებს“. ამ ჩვენებას შეიძლება თუ არა ჰქონოდა ისეთი წონა, რომ ამის საფუძველზე ბრალდების მხარეს მიეცა შესაძლებლობა, გაემყარებინა თავისი არგუმენტები, სააკაშვილის წინააღმდეგ?

_ მაშინ (როდესაც თავდაპირველად აღიძრა საქმე, სააკაშვილი იმ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა) არაერთი ჩვენება იყო მიცემული, მათ შორის, გენერლების მიერ, მაგრამ ჩვენ იქ არ გვინახავს საჯარისო ნაწილები, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ სპეცრაზმი. საჯარისო ნაწილები რომ გამოეყვანათ, მაშინ გამოცხადებული უნდა ყოფილიყო საგანგებო მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში საჯარისო ნაწილების გამოყვანა არის შეუძლებელი, ვინაიდან არ იყო გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. რატომ არ გამოიყვანეს, თუ უთხრეს? შედეგი სად არის? ეს ტყუილი ჩვენება გამოვიდოდა, ამიტომაც სადღეისოდ ბრალდების საფუძვლად ეს ჩვენება არც არის გამოყენებული.

_ რას იტყვით სამედიცინო დასკვნების მნიშვნელობაზე, რომლებიც ევროპელმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადეს?

_ იმ სამედიცინო დასკვნებმა გადაარჩინა სააკაშვილი, რომ სწორი მკურნალობა დაწყებულიყო. მაშინ ის ჩარევები რომ არ მომხდარიყო, არ გაეთვალისწინებინათ, სააკაშვილი დღეს უეჭველი გარდაცვლილი იქნებოდა, რადგანაც დღეების დათვლა შეიძლებოდა, რამდენ დღეში გარდაიცვლებოდა სააკაშვილი, ამიტომ რადგან დაიწყო სწრაფი რეაგირების პროცესი იმ დოკუმენტაციების მიხედვით, რაც მათ გასცეს, სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩა. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე არის რეაბილიტირებული, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც არის სწორედ იმის შედეგი, რომ უცხოელი სამედიცინო დარგის ექსპერტების დასკვნების შედეგად ეს შესაძლებლობები გამოიყენეს.

_ გასულ კვირას გამოქვეყნდა „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ევროპული კომიტეტის დასკვნა“, სადაც საუბარია სააკაშვილის მდგომარეობაზე. აქვს თუ არა ამ დოკუმენტს შესაბამისი იურიდიული ძალა, რათა ის კიდევ უფრო დაეხმაროს სააკაშვილს?

_ ჩვენ კონსტიტუციურად ხომ გვაქვს აღიარებული, რომ უპირატესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და დასკვნებს, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების კოდექსში არის მითითებული, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დასკვნები სავალდებულოა საქართველოს სასამართლოსთვის. თუ ეს სავალდებულოა და ამ სტანდარტით გავრცელდება ამ დასკვნის მიმართაც, მაშინ საქართველოს სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ ამით და გამოიყენონ ეს დოკუმენტი, რაშიც ეჭვი მეპარება _ მთლიანად ეს პროცესი არის პოლიტიზებული და სასამართლო სამართლებრივი კუთხით არის ძალიან სუსტი ინსტიტუციური რგოლი. ვაღიარებთ, რომ ქართული სასამართლოები არ არიან დამოუკიდებლები. მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ქართული სასამართლო არ იხელმძღვანელებს ევროპული დასკვნებით.

_ როდის შეიძლება დააბრუნონ სააკაშვილი ციხეში?

_ მიხეილ სააკაშვილის საკანში დაბრუნების საკითხიც გახლავთ პოლიტიკური, ეს არ არის სამედიცინო პერსონალის მისაღები გადაწყვეტილება. თავად „ვივამედის“ მედიკოსების აზრი ვიცი ამის შესახებ, რომ ნაადრევია მისი გადაყვანა და შეიძლება, მდგომარეობა ისევ შებრუნდეს უარესობისკენ. ამიტომაც „ვივამედის“ ექიმების პოზიციაა, რომ ვიდრე არ დადგება რეაბილიტაციის სრული შედეგი, არ არის მისი გადაყვანა მიზანშეწონილი.

_ თქვენ საუბრისას ახსენეთ იმპიჩმენტის თემა, ანუ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებას“ ექნებოდა ეს შესაძლებლობა გამოყენებული სააკაშვილის წინააღმდეგ, მიაღწევდა მის სამართლებრივ და არა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებას. ამ შემთხვევაში კითხვა არ ეხება მიხეილ სააკაშვილს _ ჩვენ ვიხილეთ იმპიჩმენტის პროცედურა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ვერ მიიყვანეს ბოლომდე, თუმცა პრეცედენტი დაფიქსირდა და შემდგომ გარკვეული მუქარაც გაისმა მის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზურაბიშვილმაც, შესაძლოა, სააკაშვილის ბედი გაიზიაროს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ?

_ არ გამოვრიცხავ, რადგან შეიძლება დღეს არ აღიარებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა თავის დროზე, როდესაც დაიწყო სააკაშვილის მიმართ იმპიჩმენტი. ახლა ყველა ედავება მათ, ქვეყნის შიდა ნაწილში იურისტები ედავებიან, ჩემი სახით; ქვეყნის გარეთაც არის დავა, რომ არ გამოიყენა იმპიჩმენტი და გამოიყენა პროკურატურის ძალაუფლება, რაც ნიშნავდა იმას, რომ დაწყებულია პოლიტიკური ანგარიშსწორება და არა სამართლებრივი დავა. მსგავსი რამის გაკეთება შეუძლია ყველა ხელისუფლებას ყველა დროში და ამას ჰქვია ძალმომრეობა.

_ რა ბერკეტები აქვს უკრაინას?

_ მრავალმხრივ შეუძლია ჩაერთოს, ის უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის კონსტიტუციაშიც და ჩვენთანაც იყო ასეთი ნორმა, რომ უკრაინის სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი მოქალაქის უცხოეთში უფლებების დაცვა. თუ ამ უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ ქვეყნის შიგნით უნდა უზრუნველყოს იგივე უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე გამოძიება უნდა დაიდოს დასკვნის საფუძველზე, რაც ევროპის შესაბამისმა კომისიამ დადო.

_ რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მკითხველს არასამედიცინო ენით რომ ავუხსნათ?

_ ახლა უკვე არის შესამჩნევად ნორმალურად, იმასთან შედარებით, რაც მე მაქვს ნანახი. შარშან ამ დროს ისე მძიმედ იყო, არც კი მეგონა, რომ გადარჩებოდა. ალბათ, უშველა იმ ექიმებმა და ღმერთმა, უფრო ღმერთმა და დაიხსნა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც იყო. ვეკითხები ამ პროფილის ექიმებს, თუ როგორ დასრულებულა ასეთი შედგები, კონკრეტულად კახექსიის და ყველა ამბობს, რომ ეს სრულდებოდა სიკვდილით. მიხეილ სააკაშვილი არის გადარჩენილი პაციენტი. დღესდღეობით ვიზუალურად ნორმალურად არის მისი ფიზიკური მდგომარეობა, ივსებს წონას ნელ-ნელა და აღარ ახასიათებს კახექსიური პროცესები ფაქტობრივად. ეს ნიშნავს იმას, რომ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და მის სიცოცხლეს, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.