რამდენი უჯდებათ საქართველოში დასვენება ქართველ სელებრითებს?

ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის მომზადება ქართველმა ვარსკვლავებმა წინასწარ დაიწყეს. შოკოლადისფერი რუჯი და ხავერდოვანი კანი არც ერთ მათგანს არ აკლია, თუმცა ზღვის ნაპირზე ან მთაში დასვენება მათ მეტ ენერგიას, სილაღესა და კომფორტს ჰმატებს.
ვინ, სად და როგორ ისვენებს და, ზოგადად, რამდენად მისაღებია ის ფასები, რასაც საქართველოში ვიხდით? ამ და სხვა კითხვებით „ქრონიკა+“ რამდენიმე ცნობილ მომღერალსა და მსახიობს დაუკავშირდა:

ეკა კვალიაშვილი _ მომღერალი:
_ ჯერჯერობით თბილისში ვარ. იცი, გიორგი, არ მაქვს ისეთი კრიტერიუმები, რადგან აგვისტოა, აუცილებლად ზღვას უნდა ვესტუმრო და ივლისში _ მთას. თუ ბავშვებს ეხებათ ჰაერის შეცვლა, კი ბატონო, რაც შემეხება მე, უამრავი საქმე მაქვს, შეიძლება ხალხს ჰგონია ან სულაც არ ფიქრობს, ან უკვირს, სად დაიკარგაო, მაგრამ შენ ხარ მოწმე, რომ ყოველ ჩემს დაკარგვას სიახლე მოყვება. ახლა დავასრულებ ჩემს საქმეებს და შემდეგ იტალიის რომელიმე ზღვისპირეთში დავისვენებ. დასვენება ჩემთვის არ გამოხატავს არც ერთ მდგომარეობას, დასვენება პირადად ჩემთვის არის ის, თუ როგორც ვისვენებ _ ხან პასიურად და ხან გიჟურად, აქტიურად და ბევრი პოზიტიური განწყობით.
_ რატომ იტალია?
_ იტალია ზუსტად გამოხატავს ჩემს ემოციურ ტემპს, ამიტომ ვარჩიე იქ დასვენება. ამ თვეებში კი უამრავი სამუშაო მაქვს, ბევრი ახალი პროექტი და ამ თვის ბოლოს დავასრულებ, დავისვენებ და ახალი ძალებით მივიყვან რეალიზაციამდე. დანარჩენზე კი მერე ვისაუბროთ. ყველას გისურვებთ საუკეთესო დასვენებას, თავს გაუფრთხილდი, ერო. მიყვარხართ.

გიორგი გასვიანი _ მსახიობი, ტელეწამყვანი:
_ სატელევიზიო სეზონი დავხურეთ და ამჟამად ბათუმში ვიმყოფები მეგობრებთან ერთად. გარდა ამისა, ჩემს მეგობარ ანრი ჯოხაძეს ვეხმარები საორგანიზაციო საკითხებში. მოგეხსენებათ, 31 აგვისტოს ბათუმის ოპერის თეატრში ანრის სოლო კონცერტია და აქტიურად ვართ ჩაბმულები ამ საქმეში. მთლად უსაქმურად არ ვისვენებთ. წელს პრინციპულად არ წავედი არსად და საქართველოში ვამჯობინე დასვენება. ცოტა ხანი სამეგრელოში გადავალ, გადაღებები გვაქვს და ნათესავებიც მყავს იქ. თუ მოვახერხე, მესტიაშიც წავალ.
_ სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ზღვაზე თუ მთაში?
_ ზღვის ქალაქიდან ვარ და ზღვა ძალიან მიყვარს. ზღვაზე რომ გავდივარ, ბავშვური ბედნიერება მიბრუნდება ხოლმე.
_ მისაღებია შენთვის საქართველოში დასვენების ფასები?
_ ბინებს ყველანაირ ფასად იქირავებ. რაც შეეხება კვებას, არც თუ ისეთი იაფი სიამოვნება ჯდება. თუ კარგად გინდა გამოიკვებო, ვგულისხმობ კვების ნორმალურ ობიექტს, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

თამარ ივერი _ მომღერალი:
_ ამჟამად თბილისში ვარ. 16 აგვისტოს ვერდის ფესტივალი იწყება თბილისში. პირველად ისტორიაში „პარმა“ ჩაატარებს მის ფესტივალს საქართველოში. 16 აგვისტოს „ბალ-მასკარადის“ პრემიერით იხსნება, რის შემდეგაც ბათუმში წავალ ოჯახთან ერთად, რადგან ფესტივალი გრძელდება 23-25 აგვისტოს ჩათვლით „ბლექსი არენაზე“. ბათუმში სექტემბრამდე ვაპირებ დარჩენას. ასეთია ჩემი დასვენება.
_ ქალბატონო თამარ, რამდენად დიდი ფუფუნებაა საქართველოში კარგად დასვენება?
_ საქართველოში კარგი დასვენება არარეალურ ფასებს გაუსწორდა. ვროპაში უფრო იაფად დაისვენებს კაცი, ვიდრე _ აქ. გარდა ამისა, სერვისი შორსაა ფასებისგან. ამიტომაა, რომ ბევრი თურქეთში მიდის, რადგან ფასები უფრო რეალურია და სერვისი და კვება მაღალი ხარისხის. ამასთან ერთად, უცხოელებს ორმაგად აბითურებენ და ყვლეფენ ქორვაჭრები. ბევრჯერ შევსწრებივარ სიტუაციას, როცა ჩემთვის 5 ლარი უთქვამთ და გვერდით მდგომი ევროპელისთვის იგივე საქონელზე 15 ლარი დაუფასებიათ.

მარკუს მეტრეველი _ მომღერალი:
_ გამომდინარე იქიდან, რომ წელს საქართველოს გარკვეული პრობლემები შეექმნა ტურიზმის თვალსაზრისით, გადავწყვიტე, სრულიად საქართველო მომევლო და დამესვენა. დავიწყე ბათუმიდან, შემდეგ გადავინაცვლე ანაკლიაში და ახლა ვარ ყაზბეგში, არაჩვეულებრივ ადგილას, ფანტასტიკურ გარემოში. დღეს მოვინახულე გერგეთის მონასტერი. ძალიან ბევრი ტურისტია და მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ჩამოდის აქ და ეცნობა საქართველოს. ვინანე, რომ წინა წლებში ნაკლებად ვისვენებდი საქართველოში და ახლა გაოცებული ვარ, თურმე რა საოცარი ადგილები გვქონია. კახეთის მთლიანი რეგიონი მოვიარე.
_ როგორი დასვენება გიყვარს, აქტიური თუ უფრო მშვიდი და ვისთან ერთად იმყოფები ყაზბეგში?
_ ხომ იცი, როგორი იმპულსური ვარ. შესაბამისად, მიყვარს ძალიან მშვიდი დასვენება, თუმცა ხანდახან მიყვარს აქტიური, გიჟური, ხმაურიანი დასვენება. ამ შემთხვევაში მომინდა მშვიდ გარემოში, მეგობართან ერთად დასვენება, ბუნებაში და ღმერთთან ახლოს ყოფნა.
_ რამდენად ადეკვატურია ფასები, რასაც საქართველოში დასვენებაში ვიხდით?
_ სამწუხაროდ, საქართველოში დასვენება ძვირი სიამოვნებაა. კარგი დასვენება დღეს ერთეულებს შეუძლიათ. რა თქმა უნდა, არის კარგი სახლები, რომელიც შეგიძლია 10 დღით იქირავო და განმარტოვდე, მაგრამ შესაბამისი კომფორტი არ არის. ვისაც კომფორტი უყვარს და ისეთი ადამიანია, როგორიც მე, საკამოდ ძვირი დაუჯდება დასვენება, თუმცა ბუნებაშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ეგეც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 10 დღე რა თანხაც დაგიჯდება საქართველოში, იმ თანხით თავისუფლად დაისვენებ ევროპის რომელიმე ქალაქში და შეიძლება, მოგრჩეს კიდეც თანხა.

ნინო ჩხეიძე _ მომღერალი:
_ ახლა ვიმყოფები მეუღლესთნ ერთად ისრაელში, სადაც მიგვიწვიეს, ასევე მაქვს კონცერტიც. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემს შვილთან ერთად მივდივარ ბორჯომში, სადაც ტრადიციულად უკვე მესამე წელია, ვისვენებ. ძალიან მომწონს ბორჯომი და ის გარემო, სადაც ვისვენებ. ვიტარებ სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, გამოკვლევებსა და ა. შ.
_ ფასებით კამყოფილი ხართ?
_ კი, საკმაოდ მისაღები ფასებია.
_ ანუ შენც საქართველოში დასვენება არჩიე?
_ ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა დაისვენო? რა თქმა უნდა, უმრავი შესანიშნავი ქალაქი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ საქართველო განსაკუთრებული სილამაზით, კლიმატით, ადგილებით და საოცრებებით გამოირჩევა. მხოლოდ სექტემბერში ვგეგმავ ევროპაში რამდენიმე დღით წასვლას.

ვერიკო ტურაშვილი _ მომღერალი:
_ ყოველ ზაფხულს გამოწერილი მაქვს მშვიდი დასვენება შვილებთან ერთად. ამჟამად წყნეთში ვართ და ამის გარდა, პარალელურად, მუშაობა მიწევს ახალ ვიდეოზე, რაზეც შენთან ინტერვიუში რამდენიმე ნომრის წინაც ვისაუბრე. აგვისტოს ბოლოს კი ზღვაზე წასვლას ვაპირებთ.
_ სად უფრო გირჩევნიათ დასვენება, მთაში თუ ზღვაზე?
_ მთაში დასვენება არ მიყვარს. სიჩუმე და ნირვანაში გასვლა არაფრით არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, ბავშვებიდან გამომდინარე, ყოველ წელს მიწევს. წყნეთი იმიტომ ავირჩიე წელსაც, რომ თბილისთან ახლოსაა და საქმეს როცა ვაკეთებ, უცებ ჩამოვირბენ ხოლმე. დასვენებით მხოლოდ ზღვაზე ვისვენებ, რადგან ძალიან მიყვარს. საზღვარგარეთ დასვენება მირჩევნია, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველოზე კარგი რომელიმე ქვეყანაა, არა. უბრალოდ, უცხოეთში ბევრ საინტერესო რამეს მოვინახულებ და გავეცნობი სიახლეებს, ამ კუთხით ვამბობ, თორემ საქართველოზე უკეთ სად დაისვენებ ადამიანი, ძალიან ცოტა მეგულება ასეთი ქვეყანა.
_ რამდენი გიჯდებათ საქართველოში დასვენება?
_ პირადად მე უფრო ძვირი მიჯდება საქართველოში დასვენება, ვიდრე უცხოეთში.

ქეთი ხუციშვილი _ მსახიობი:
_ თბილისში მიწევს ყოფნა. ჩემი შვილი ბენდუქიძის კულინარიულ აკადემიაში მოეწყო 6-თვიანზე და ნოემბრის ბოლომდე უწევს სწავლა. 2-3 დღით თუ გავალ სადმე, თორემ დასვენებას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ.
_ გაგიმართლათ, რადგან ძალიან ცხელი ზაფხულიც არ არის.
_ ისედაც არ მაწუხებს მზე, რადგან სახლში კონდიციონერი მაქვს და ვგრილდები. ეს ჩახუთული დღეები საერთოდ ვერ ვიგრძენი, საღამოობით სულ ქარია.
_ ვისთან ერთად და სად გირჩევნიათ დასვენება, ზღვაზე თუ მთაში?
_ ჩემს შვილთან ერთად მიყვარს დასვენება და რაც შეეხება ადგილს, ამ ბოლო დროს ზღვა აღარ მომწონს. არ ვიცი, ეს ასაკის ბრალია თუ რისი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რაც წლები მემატება, ყველაფერი უკუღმა მომწონს. სალონში რომ შევდივარ, ბრჭყვიალა ლაქები მომწონს, ცივი სუნამო მომწონდა, ახლა ტკბილს ვანიჭებ უპირატესობას.
_ ცხვირის ოპერაციაც გაიკეთეთ და სულ სხვანაირი გახდით.
_ ცხვირიც გავიკეთე და კბილებიც ჩავისვი. ისე შევიცვალე, რომ მართლა ვეღარ მცნობს ხალხი ქუჩაში. მაკვირდებიან, მართლა მე ვარ თუ არა.
_ თქვენმა ბოლოდროინდელმა პოპულარობამ ხომ არ გამოიწვია გარეგნული ცვლილებები?
_ არა, არა. საერთოდ დღეში ცხრა პარასკევი მაქვს და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა ჩემი კეხიანი ცხვირის ყურება. უცებ გავიქეცი ექიმთან, რომ აღარ გადამეფიქრებინა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით.

კახა კუხიანიძე _ მომღერალი:
_ საკმაოდ კარგი ზაფხული გამომივიდა, რამდენიმე ადგილას დავისვენე.
_ სად დაისვენეთ?
_ ორთვიანი დასვენება გამომივიდა. ვიყავი თურქეთში, საირმეში და პრაღაში.
_ ვისთნ ერთად იყავით თურქეთში დასასვენებლად წასული?
_ თურქეთში ვიყავი სალომე გოგიაშვილის ოჯახთან ერთად და საერთო მეგობრებიც თან იყვნენ. საირმეში, ფაქტობრივად, მარტო გადავწყვიტე განტვირთვა, თუმცა აქაც იყვნენ ნაცნობები.
_ საქართველოში ტურისტულ სეზონზე არსებული თანხები რამდენად მისაღებია შენთვის?
_ ფასებს რაც შეეხება, საზღვარგარეთ უფრო კარგი პირობები მაქვს იმ თანხაში, რაც აქ უნდა გადავიხადო.

გიორგი საკარული