რამაზ საყვარელიძე: „რუსეთი ვერ მოერევა ცხენს და დაამტვრევს უნაგირს“

საქართველოს დედაქალაქმა ორი დღის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმს უმასპინძლა. მორიგი შეხვედრა, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მსოფლიოში უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს. აქცენტები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე გაკეთდა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს წინაშე მდგარ რეალობაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება:

_ აქ მთავარია პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ რომელი განაპირობებს დანარჩენს, რომელი საკითხი შეიძლება უფრო ადრე იყოს გამწვავებული, ვიდრე სხვები და ა. შ. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა წამყვანია, მაგრამ მეეჭვება, დღეს ამ საკითხმა მკვდარი წერტილიდან დაძვრა მოახერხოს. ამ მწარე რეალობას ჩვენ უკვე 25 წელი თვალყურს ვადევნებთ.

ალბათ, მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობაზე მოქმედებს. არ უნდა დაგვავიწყდეს  90-იანი წლების გამოცდილება და მერე უკვე ღია სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან.

რეალურად, ეს არ იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რაც 2008 წელმა კარგად გვიჩვენა, როცა მოსკოვმა კოსოვოს აღიარების ჯინაზე (ეს ღიად ითქვა კიდეც) აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიარა. ოღონდ ამ აღიარებამდე მისვლა სჭირდებოდა და ამიტომაც ეს ომის ხაფანგი მოაწყო.

აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტორი გადამწყვეტია.

_ კონკრეტულად, რომელ ფაქტორებზე საუბრობთ?

_ მაგალითად, ცხადი ხდება, რომ სადღეისოდ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის გადამწყვეტია სირია და კორეის პრობლემა. ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩინეთი. აღმოსავლურ მიმართულებას საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე. ამას ერთი პლუსი აქვს, რა თქმა უნდა, ზედმეტი ყვირილი არაფერზე საჭირო არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ანალიზის მთელი სირთულე არ ჩანს. არადა, ჩინეთის ევროპისკენ მიმავალი გზა ჩვენთან გადის. ასე რომ, ჩინეთიც დაინტერესებულია, რომ საქართველო ნორმალური გზით ვითარდებოდეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუკი დავუშვებთ, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობაში გართულება მოხდება (ამის შანსი არის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირეა), გასათვალისწინებელია, რომ მოსკოვს, გარკვეულწილად, პეკინის ეშინია. ამიტომ რუსეთმა ამ მიზეზითაც შეიძლება მოინდომოს კავკასიაში მეტი ჩარევა და ჩინურ-ევროპული ხაზის გადაკეტვა.

ამავე დროს, დღეს კარგი და მეორე დღეს ცუდი ამინდია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში.  თურქეთისკენ მიმავალი გზაც კავკასიაზე, საქართველოზე გადის. ასე რომ, არსებული რისკების ოთხივე მიმართულება დავასახელეთ.

ამ ფონზე მარტო ამერიკაზე საუბარი არა მგონია, დამაკმაყოფილებელი იყოს. უდავოდ, ამერიკის თემა წამყვანია, რადგან რამდენადაც გართულდება ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობა, იმდენად რუსეთი უკვე ამერიკისთვის სასურველი პარტნიორების ცხოვრებაში ჩაერევა. ვერ მოერევა ცხენს და დაამტვრევს უნაგირს, ქართულ ანდაზას რომ შევუფარდოთ, ეს მდგომარეობა.

ამ მხრივ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტების, ტრამპისა და პუტინის ურთიერთობას. თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა, თვითონ ტრამპისთვის რას წარმოადგენს საქართველო, რაც, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.

მე უფრო წრე შემოვხაზე, რადგან ჩვენთვის არც ერთი მიმართულება არ დარჩა ურისკო, ის მიმართულებები, სადაც საქართველოს რაღაც რისკი ეგულება.

კიდევ არის ირანის თემა, რომელთანაც პრემიერის ვიზიტით ურთიერთობა განახლდა, მაგრამ საკითხავია, არის თუ არა ირანის ხაზის გამოცოცხლება ევროპელ და ამერიკულ პარტნიორებთან ისე შეთანხმებული, რომ ურთიერთობის გაღრმავებამ რამე რისკი არ შეგვიქმნას?

თუკი ამერიკამ ერთ მშვენიერ დღეს პრობლემები აღმოაჩინა ირანთან ურთიერთობაში და ჩვენც მოგვთხოვა, რომ ეს ხაზი ჩავკეტოთ და შევავიწროვოთ, მერე შეიძლება თეირანი ჩვენით უკმაყოფილო გახდეს და მასთან ურთიერთობა გაგვირთულდეს. ამ შემთხვევაში ირანი მართალი იქნება, რადგან ახლა სუვერენულ ქვეყანასთან ამყარებს ურთიერთობას და მიაჩნია, რომ საქართველოსთან დადებული პირობები მყარია.

მე ახლა ირანი დავამატე საკითხთა წრეს, რომელშიდაც გარკვეული საფრთხეები შეინიშნება.  მგონია, რომ ქართველებს არც ერთი საფრთხე გამოტოვებული არ გვაქვს. ვიმეორებ, ეს შესაძლო საფრთხეებია ყველა მიმართულებით.

ერთადერთი, იმ მხრივ გაგვიღიმა ისტორიამ (ღმერთი რომ არ შევაწუხოთ), რომ უშუალო მეზობლებთან _ აზერბაიჯანსა და სომხეთთან _ ნორმალური ურთიერთობები გვაქვს და ამ მეზობლობის დონეზე საფრთხე არ გვემუქრება.

კიდევ ერთ პარადოქსს დავამატებ: რუსეთის საოკუპაციო ჯარების აქ დგომა უკვე საფრთხეა, მაგრამ საქართველოს მიმართულებით შემდგომი გართულება რუსეთს არ უნდა აწყობდეს, რადგან არსებობს უკრაინის ფონი. ანექსიის პოლიტიკის გატარება მსოფლიოში ძალიან ცუდ იმიჯს შეუქმნის, ისედაც არ აკლია იმიჯის გაცუდება.

მეორე მხრივ, რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება დასავლეთზე, რადგან ნავთობზე ფასების აწევა უპერსპექტივოა. სხვა თუ არაფერი, ენერგეტიკის ახალი ალტერნატივები ჩნდება და ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულებას აშკარად დასცემს, რაც რუსეთისთვის უკვე პირდაპირი ეკონომიკური კრიზისის მომტანი არის.

ამ ფონზე, კიდევ დამატებითი პრობლემები კავკასიელებთან, კერძოდ, საქართველოსთან, რუსეთის ინტერესებში არ უნდა იყოს. ისევე, როგორც ამ ორი ოკუპირებული რეგიონის, ცხინვალისა და სოხუმის, აფხაზეთის დაფინანსება. რუსეთისთვის ნებისმიერი კაპიკი  სამომავლოდ უფრო და უფრო ძვირი გახდება.

ასე რომ, დღეისთვის რუსეთიდან სიტუაციის გართულებას ნაკლებად ველოდები. ტანკების, ბაზების აქ ყოფნა უკვე სირთულის შემცველია, მაგრამ არა მგონია, ეს ხისტი პოლიტიკა უსასრულოდ გაგრძელდეს.

_ რისკების ამ წრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ერთგვარი გამოსავალი რაში მდგომარეობს იმ ფონზე, როცა სოხუმში, ცხინვალში რიგრიგობით ე. წ. არჩევნები იმართება, ცხინვალში სახელწოდებას უცვლიან ამ რეგიონს და ა. შ.

_ მოვლენებს ცოტა ზემოდან შევხედოთ და ყველაფერზე ისტერიული რეაქცია არ უნდა გვქონდეს. ასეთი მიკროპროცესები, რომლებიც უსიამოვნებას გვიჩენეს, ყოველთვის იყო 25 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ყველაფერზე ისტერიკას ვტეხდით, მაგრამ მოვლენებს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. ცხინვალი საერთოდ რუსეთთან შეერთებას აპირებდა, მაგრამ რუსეთმა იგივე პოზიცია ხომ არ დაიკავა?

ანუ ის მოდელი, რასაც, თავის დროზე, სააკაშვილი სთავაზობდა მსოფლიოს და ჩვენც (საქართველოს მოსახლეობას), რომ რუსეთს იმპერიის აღდგენა უნდა და ყველაფერი ამისთვის კეთდება, მგონი, სინამდვილეს ბოლომდე არ შეესაბამება. რეალურად, რუსეთს საბჭოთა იმპერიის აღდგენა კი არა, მთელი მსოფლიოს დაიღლიავება უნდა.

ამდენად, რუსეთს ასეთი ტენდენცია რომ ამოძრავებდეს, ელემენტარულად, ერთსაც და მეორესაც წაუყენებდა ულტიმატუმს, ჩემთან შემოდითო. არა მგონია, რომ ამაზე განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონს დიდი სიჯიუტე გამოეჩინა. ვიმეორებ, რუსეთს არ სურს ამ მიმართულებით მართვა. მგონი, მას უფრო დიდი ამოცანები აქვს, ვიდრე ასე ნაკუწ-ნაკუწ საბჭოთა კავშირის აღდგენა.

საბჭოთა კავშირი იმიტომ დაიშალა, რომ უნდა დაშლილიყო და ის, რაც ერთხელ დაშლისთვისაა განწირული, მეორედ მისი აღდგენა ნიშნავს, რომ მეორე დაშლაც უფრო მალე მოჰყვება. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ რუსეთის მოქმედების მოტივებს მოვძებნით, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჩვენი მიმართულებით; რეალურ მოტივებს და არ შევქმნით ხელოვნურ მითებს იმისთვის, რომ პროცესები მარტივად წარმოვაჩინოთ.

რაც შეეხება სამომავლო ქცევას, თვითონ უცხოელი პარტნიორები (ამას რიტორიკულად, მაგრამ რუსული მხარეც გვიხსნის) ნათლად გვეუბნებიან, _ თქვენ განვითარდით, თქვენი ქვეყანა გახადეთ მიმზიდველი და ეს არის ძირითადი ამოცანა. ქართველები და არა მხოლოდ ქართველები (ვისაც საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა უნდა) სად მიდიან? ევროპისკენ და რატომ? იმიტომ, რომ იქ ცხოვრების დონე უკეთესია. ანუ მიგრაციის ტალღა ყოველთვის მიდის იქით, სადაც უკეთესი ცხოვრებაა, ხომ?

შენ გინდა, რომ იმ პირობებში, როცა შენივე მოქალაქე შენი ქვეყნიდან გარბის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს (რომლებსაც იქ ცხოვრების აწყობა სურთ) შენთან მოსვლა მოუნდებათ? ხომ ცოტა გაუგებარი პერსპექტივაა? ე. ი. ძირითადი ამოცანაა, რომ ვინც შენთან არის (საქართველოს მოქალაქეები), ჯერ მათ შეუქმნა ისეთი პირობები, რომ არსად სურდეს გაქცევა.

მერე ეს პირობები (რასაც მათ შეუქმნი, თავის ეკონომიკიანად, პოლიტიკური პლურალიზმით და დემოკრატიით…) თვითონ მოიზიდავს აფხაზებსა და ოსებს. უკეთესი ჯანდაცვა რომ გაქვს, ხომ მოდიან ეს აფხაზებიც და ოსებიც შენთან სამკურნალოდ? რაც მეტი უკეთესობა გექნება, მით უფრო მეტად გადმოდგამს ერთიც და მეორეც ნაბიჯს, რომ იმ უკეთესობას ეზიაროს.

ვიზალიბერალიზაცია გვიხარია და ჟრიამული ავტეხეთ. რატომ? იმიტომ, რომ სადაც ვიზები მოგვიხსნეს (ევროპის შენგენის ქვეყნებში), იქ კარგი ცხოვრებაა. სწორედ ეს კარგი ცხოვრება გვიხარია, ხომ?

ანალოგიურად, შენც უნდა შექმნა იმის პირობა, რომ აფხაზსა და ოსს შენთან წამოსვლა გაეხარდეს. სანამ ამ პირობას არ შექმნი, ყოველთვის იქნება ბრძოლა იმისთვის, რომ შენ არ შემოგიერთდეს და უფრო მომგებიანი არეალი იპოვოს.

დღეს ასეთი არეალი მათთვის რუსეთია, რადგან სამუშაოს იქ უფრო პოულობენ. ისიც ნუ გაგვიკვირდება, რომ საქართველოდანაც იქ პოულობს სამუშაოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე იგივე ევროპაში. ხომ ვიცით, რომ დაახლოებით მილიონამდე აღწევს რუსეთში მყოფი ქართველების რიცხვი.

ანალოგიურად, აფხაზებიც იქით მიდიან, სადაც უფრო მეტი შანსია იპოვონ სამუშაო, დიდი შემოსავალი, გახდნენ მესაკუთრეები უფრო მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ა. შ. აი, იგივე პირობები საქართველოში რომ იყოს, მაშინ შენი ქართველიც იქით აღარ წავა და სხვა დანარჩენიც ასე მოიქცევა.

ასე რომ, როდესაც ერთი და იგივე კითხვა გამუდმებით ისმის, ჩვენ რა გამოსავალი გვაქვსო, გამოსავალი ცხვირწინ გვიდევს, მაგრამ ძნელია ამის გაკეთება. ამიტომ ჩვენ გვინდა მარტივი გამოსავალი და ასეთი მარტივი გზა ბუნებაში არ არსებობს…

_ ამ კონტექსტში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეგვიძლია, გვირაბის ბოლოს სინათლედ განვიხილოთ?

_ გვირაბის ბოლოში რატომ, გვირაბის დასაწყისში. გვირაბის ბოლოდან ჩანს ხოლმე ის სინათლე, რისკენაც მიდიხარ და უვიზო მიმოსვლა მიზანი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი სტარტია, მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს. ანუ მსოფლიო გვაჩვენებს, რომ ევროპა ჩვენდამი გახსნილია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

მაგრამ როგორც „ნაციონალები“ ამბობდნენ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ძირითადი ისაა, რომ შენ ევროპული ცხოვრების დონე გქონდეს, რათა მოახერხო იყო ისეთი, რომ შენთან უვიზო მიმოსვლა სხვებსაც გაეხარდეს, რასაკვირველია, ტერორისტების გარდა.

 

გელა მამულაშვილი