„რაზნიცების“ საქართველოვ, ანწუხელიძე გახსოვს?

ირგვლივ ყველა და ყველაფერი პროგრესს ექევემდებარება, ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება და მისი უკიდეგანო კომფორტის მოთხოვნილება კვლავაც უცვლელი და არამოდერნიზებადი ფენომენია.

 

ალბათ, ძალიან ცოტა ერი არსებობს დედამიწის ზურგზე, რომელსაც ასე უყვარდეს კომფორტი და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის სხვებისთვის მიდობა. ასევე, ძალიან ცოტა ქვეყანაა, სავარაუდოდ, დედამიწის ზურგზე, რომელთა ბინადართ ასე არ სტკიოდეთ სამშობლო და მხოლოდ საკუთარი სადღეგრძელო, მჭევრმეტყველება და ამბიციები მიაჩნდეთ ქვეყნის კეთილდღეობის გარანტად. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ, ალბათ, არ არსებობს თავმოყვარე სახელმწიფო, რომლის პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, საკუთარ ქვეყანას უმალავდნენ შვილებს და სამხედრო ფარაჯას მათთვის მიუღებელ სამოსად მიიჩნევდნენ, სხვის შვილებს კი შეთითხნილი ბრალდებებით ციხეებში ყრიდნენ. ჰო, ალბათ, ასევე ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვიც, სადაც მოსახლეობას ოკუპანტზე უფრო რეფორმატორი, მაგრამ ომში მონსტრთან დამარცხებული მთავრსარდალი ეზიზღება. და, ალბათ, არც არსებობს ქვეყანა, რომლის მოსახლეობა გმირებს არ აღიარებდეს და მათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ პოზის გამო იხსენებდეს.

 

***

საქართველო _ ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც მხოლოდ ქარიზმას სცემენ პატივს. გულარხეინი და იმპულსური ერი, რომელიც წლიდან წლამდე არნახულ პათოლოგიებს ავლენს. ერი, რომელსაც „ლიდერის“, „მამის“ არაჯანსაღი მოთხოვნილება აქვს და „ნაპოვნ“ ლიდერებს თავადვე მუსრავს _ ზვიად გამსახურდიას 87%-დან ედუარდ შევარდნაძის 96%-მდე, სულ რაღაც, 16 თვის შემდეგ. აქ, ჩვენთან, „ლიდერი“ აუცილებლად ან „გიჟი“ (ზვიადი, მიშა), ან ფულის ტომარაა (ბადრი, ბიძინა). ქარიზმისა და ლიდერის სხვა გაგება საქართველოში არ არსებობს და ამის მაგალითები ბოლო 25 წელიწადზე მეტია, არც გამოვლენილა. ჰო, შევარდნაძე გამომრჩა, არა? მაგრამ მას ხომ ქარიზმა არ ჰქონდა და, შესაბამისად, არც გიჟად იყო შერაცხული და არც მილიარდები ჰქონდა, თუმცა ბევრი აქცია მილიონერად.

დღეს „გიჟის“ შორს ყოფნისა და მილიარდერის „ყოფნა-არყოფნის“ პირობებში დარდიმანდი ქართველი ერი ერთმანეთს რუჯებსა და „რაზნიცებს“, კურორტებსა და კომფორტული დასვენებისთვის დახარჯულ ათასებს უტოლებს.

მალე კი 8 აგვისტოა, რუსეთი წინ მოცოცავს და ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე რამდენიმე გულანთებული პატრიოტი(!!!) დანარჩენ საქართველოს ახსენებს, რომ აქვე _ 400 მეტრში _ რუსის ჯარი დგას და სამშობლოს გვართმევს.

 

***

 

რუსეთი კვდება! დიახ, პუტინის რუსეთი სასიკვდილოდ არის განწირული, მეტასტაზები საერთაშორისო სანქციების სახით უკვე მოსკოვსა და „პიტერსაც“ მისწვდა, სხვაგან ხომ ისედაც დიდი ხანია, მოდებულია და კლავს „მესამე რომს“. მაშინ, რისი გვეშინია? იმისი, რომ სიკვდილამდე არ გაგვანადგუროს, არ დაგვჩაგროს და საკუთარ ნანგრევებში არ მოგვიყოლიოს?

რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს რუსეთის მდგომარეობა ქართველების ერთი ჯგუფისა თუ ნაწილისთვის, რუსეთი ის რუსეთი არ იქნება, სადაც ბრეგაძეს, ბაღათურიას, კვარაცხელიას, ბურჯანაძეს, მარშანიასა და ა. შ. ქართულ პოლიტიკაზე ჰკითხავენ მოსაზრებებს და ყურს დაუგდებენ. ისე, ამათგან ბევრი, ახლა თეირანი რომ იყოს „ცენტრი“, იქ ივლიდა და მარშებსაც სლავების, ფრანგების, ინგლისელებისა თუ ამერიკელების წინააღმდეგ მოაწყობდა. მათთვის ხომ მთავარი ის არის ფულს ვინ უხდის და ქოთანს ყურს სადანაც უნდათ, იქიდან მიადგამენ. „პატრიოტიზმი“ ამ ქართველების უმეტესობის ხელობაა და არა მრწამსი.

დიახ, რუსეთი კვდება და მერე ერთბაშად რომ არ შეუწუხდეს გული ყველა რენეგატს, ბარემ, ასე, ნელა-ნელა და უტიფრად შევაპაროთ და სამძიმარიც ვუთხრათ. რუსეთი კვდება და მისი დამტირებლის…

 

***

რამდენიც არ უნდა იბაქიბუქოს საზოგადოების ცალკეულმა ჯგუფმა თუ ინდივიდმა, ჩვენს ქვეყანაში _ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოება  სუსტია, ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა მხოლოდ ერთეულებს აქვს. აქ ყველაზე „მოდური“ შვილების ბიუროკრატებად ქცევაა _ ადამიანი ძროხას ყიდის, ვალს იღებს, ასწავლის შვილს და უცბად სურს, იგი საჯარო მოხელე _ ბიუროკრატი გახადოს. დიახ, აქ მხოლოდ თანამდებობა და სხვებზე გავლენის მოპოვებაა ერთადერთი მისაღები და გასაგები მდგომარეობა. აქ შვილებს მოქალაქეებად და პატრიოტებად კი არა _ იურისტებად, ექიმებად, ეკონომისტებად და ა. შ. ზრდიან, ერთი უმთავრესი დათქმით: „დიდი და ფულიანი კაცი უნდა გამოვიდეს“. რეალურად, ვიღებთ არა განათლებულ, არამედ „ნასწავლ“ დიპლომიან ტიპებს უკიდეგანო ამბიციებით, რაც განაპირობებს კიდეც სრულ უწიგნურობასა და გონებრივ სიბნელეს თაობიდან თაობაში.

დიახ, ასეთ ადამიანებს _ მშობლებსაც და შვილებსაც, სურთ რუსეთი, რადგან ისინი არაკონკურენტუნარიანები არიან. წინაპრებისგან კი მხოლოდ ის იციან, რომ რუსეთში ფული კეთდებოდა, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებდა და ეს არის მათთვის კომფორტული გარემო, მოცემულობა. ამ გარემოს რეაბილიტაციის სურვილი აშკარად ჩანს დღევანდელ საქართველოში, დღევანდელი ხელისუფლების მიერ, რადგან ისინიც _ არაკონკურენტუნარიანები, ცუდი პოლიტიკოსები და პატრონის მიერ ნაქები მენეჯერები _ რეალურ კონკურენციას ვერ უძლებენ და მხოლოდ იმიტომ არიან ახლა ხელისუფლების სათავეში, რომ მოსახლეობის უმრავლესობასაც ფულის მარტივად შოვნის იმედი აქვს. კიდევ იმიტომ, რომ უმეტესობა ფიქრობს: თუ „ის უტვინო ასე გაიქაჩა“, მეც შევძლებ, ჩემი შვილიც შეძლებს. ახლა ყველა საკუთარ დროს ელოდება და იმას ვერ ფიქრობენ, რომ სწორედ დროსა და შანსს კარგავენ საკუთარი შვილებისა და მომავლისთვის.

 

***

ამ ყველაფრის ფონზე, მალე, 8 აგვისტოა. ყველა ომს ჰყავს თავისი გმირი, მომოტევოს ყველა დაღუპულის სულმა, მაგრამ აგვისტოს გმირებზე ფიქრისას მაშინვე ანწუხელიძე მხსენდება. და აქვე ნიუსი: საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პატრიოტი _ 2017“ იწყება. ერთი მნიშვნელოვანი ამონარიდი ამ ნიუსიდან: „საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი“.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ქვეყნების ჩამონათვალს _ სომხეთის სამედიცინო ასეული! ესეც რუსეთუმეებისა და უარაპატრიოტებისთვის. თუმცა პოლიტიკური ნიუანსების შეფასებები მათთვის ხომ უკიდურესად ძნელია იქ, სადაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთიც კი ამერიკულ დოლარებს უხდის.

 

***

დაბოლოს, ისევ ანწუხელიძეს დავუბრუნდეთ! მას ნამდვილად არ შეუკლავს მტრისთვის თავი, რომ კორკოტამ „ჩუნგა-ჩანგათი“ მოიღეროს ყელი, ბრეგაძემ რუსული საქმეები აკეთოს, ბაღათურიამ ფული იშოვოს და სხვებმა საკუთარი კომფორტის ზონები შეიქმნან. არც იმისთვის გაუწირავს თავი, რომ პრემიერ-მინისტრი სეკულარიზმის ავკარგიანობაზე გვესაუბროს, არც იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხეები გლიჯოს, ბესელიამ მორიგი „ბროშკა“ დაიბნიოს მკერდზე, კობახიძე საკონსტიტუციო ონანიზმით იყოს დაკავებული, ხოლო დანარჩენი საქართველო ერთმანეთს „რაზნიცებს“ ატოლებდეს. ანწუხელიძის გაზრდას არც ბოლო ძროხის გაყიდვა და ვალების აღება სჭირდება, არც ლიდერების ძებნა (იქნებ, მასაც არ ეპიტნავებოდა მიშა), რომლებიც ბრმად უნდა ავირჩიოთ და ასევე ბრბოდ შეკრულებმა უნდა დავამხოთ. ანწუხელიძე, პირველ რიგში, საქართველოს მოქალქე იყო და ამის გამოც ვერაფერი აუგი ვერ ათქმევინეს საკუთარ ქვეყანაზე, ვერ დააჩოქეს და ვერ გატეხეს. ჰო, ანწუხელიძე არც კორკოტაა, რომელსაც შეუძლია, მისსავე ორგანიზებულ აქციაზე ხეს მოეფაროს წინააღმდეგობისას შიშისგან ჩასვრილს. ბევრი ანწუხელიძე უნდა იყოს ქვეყანაში თავისი მენტალობით და აი, მაშინ საზოგადოებაც გვეყოლება, პასუხისმგებლობაც გვექნება და პოლიტიკური ჯადოც მოგვეხსნება.

 

კოკა წერეთელი