„პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღალარლის, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, საქართველოს სპეცსამსახურების სახელით უთვალთვალებენ და ავიწროებენ. არასამთავრობო ორგანიზაციისვე ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში დაშგინ აღალარლის გაურკვეველმა პირმა მობილურ ტელეფონზე ორჯერ დაურეკა და გასაუბრების მიზნით თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა მოსთხოვა.

 

„პირველი ზარის დროს უცნობმა განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, მეორე ჯერზე კი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას“ გამოხატავს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთან სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით განხორციელებული კომუნიკაციის თაობაზე, რაც გამოკვეთილად ატარებს უკანონო თვალთვალისა და დევნის ხასიათს.

შემაშფოთებელია, რომ ზარები განხორციელდა დაშიფრული მობილური ნომრიდან და შეუძლებელია დადგენა, ნამდვილად შსს-ს, ან სუს-ის წარმომადგენელი იყო დაინტერესებული შეხვედრით, თუ სხვა პირები, რომლებსაც შესაძლოა, კანონსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებდეთ.

დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრი. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. 2013 წელს, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების მსგავსად, აღალარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუსაბუთებელი ბრალი წაუყენა _ გადასახადებისგან თავის არიდება.

2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში, იგი პატიმრობიდან განთავისუფლდა.

2014 წელს დაშგინ აღალარლიმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, რაზედაც, 2 წლის შემდეგ, სამინისტროსგან დაუსაბუთებელი უარი მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაშგინ აღალარლიმ სამინისტროს უარი ადმინისტრაციული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.

ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ წამებასა და პოლიტიკურ დევნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დღემდე არ მიუნიჭებია ლტოლვილის სტატუსი დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის. ამავე დროს, პოლიტიკური დევნილის მიმართ არ წყდება დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სახელით დაუკავშირდნენ დაშგინ აღალარლის.

ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ყველა საფრთხე, რაც კი შეიძლება ემუქრებოდეს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს და მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“, _ ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი დაშგინ აღალარლი:

_ ბატონო დაშგინ, რა მიზეზების გამო მოითხოვეთ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი?

_ ჩემს ქვეყანაში მდევნიდნენ. რაღაც ფალსიფიცირებული ბრალდებები წამიყენეს, რომლის განხოცრიელებაც მე არაფრით შემეძლო. როდესაც თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოვკვეთე, სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დამაპატიმრეს. ამიხსნეს, რომ ეს სწორედ აზერბაიჯანის მოთხოვნით მოხდა.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მივმართე და ვთხოვე, რომ ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარი მოეცა. აქედან მოყოლებული სამი წელი გადის და ეს სტატუსი არ მიმიღია. ვაცხადებ, რომ მე აზერბაიჯანში დაბრუნება არ შემიძლია და ამიტომ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ.

_ რატომ არ შეგიძლიათ სამშობლოში დაბრუნება? პოტენციურად იქ რა პრობლემები შეგექმნებათ?

_ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცალსახად პოლიტიკური მრწამსის გამო მდევნის. ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ დავეპატიმრებინე. ქვეყნიდან ამიტომ წამოვედი. როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური მოქმედებები გავაძლიერეთ, მათ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს.

თურქეთში ყოფნისას, როდესაც იქაური ტელევიზიით აზერბაიჯანის ხელისუფლება გავაკრიტიკე, კერძოდ, ბრალი დავდე მძიმე დანაშაულობებში, კორუფციაში, მონოპოლიაში, ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაში, კონსტიტუციის დარღვევასა და ა. შ., მათ გადაწყვიტეს, რომ ან დავედუმებინე, ან დავეპატიმრებინე. ამის გამო საქმე აღძრეს და ჩემ დასაპატიმრებლად ინტერპოლს მიმართეს, ამიტომ არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ სამშობლოში დავბრუნდე.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც აზერბაიჯანში ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებასა და მსგავს ბრალდებებზე საუბრობთ?

_ საერთოდ, 1993 წლის შემდეგ აზერბაიჯანში კანონიერი, ღია და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა. ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჰეიდარ, ასევე ილჰამ ალიევის დროს არჩევნებს ყოველთვის აგებდნენ, მათ რეალურად ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამის შემდეგ რაღაც პროტოკოლებს ავსებდნენ, თავიანთთვის სასურველ პროცენტებს იწერდნენ (95-98%) და, თითქოსდა, ასეთი დიდი უპირატესობით იგებდნენ არჩევნებს. ახლა რასაც ვამბობ, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში დადასტურებულია;

ხოლო მიმდინარე 2016 წელს, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, ეუთომ, აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები საერთოდ არ აღიარა, ამიტომ მივიჩნევთ, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლება არა დემოკრატიული არჩევნებით, არამედ რაღაც არაკონსტიტუციური გზებით ყალიბდება. რეალურად, ეს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

_ თურქეთში ყოფნისას რა პრობლემები შეგექმნათ?

_ სტამბულის პოლიციამ თვითონ მაიძულა, რომ თურქეთიდან წამოვსულიყავი. მათ მითხრეს, რომ აზერბაიჯანი თქვენ გადაცემას ითხოვსო, _ ჩვენ ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკურია, არ გვსურს დეპორტაცია, მაგრამ თუ ამის შემდეგაც თურქეთში გაჩერდებით, ჩვენ, ადრე თუ გვიან, იძულებეული გავხდებით, დაგაპატიმროთ და გადაგცეთ, ამიტომ გთხოვთ, ჩვენი ქვეყანა დატოვეთო. მოკლედ, მაიძულეს, რომ ეს ქვეყანა დამეტოვებინა.

_ სარფში გადმოსვლისას რა ბრალდება წაგიყენეს?

_ ქართულ მხარეს საზღვარზე რამე განმარტება არ მოუცია, მაგრამ დაპატიმრების მერე ამიხსნეს, რომ ეს ჩვენ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გავაკეთეთო.

_ რით იყო ეს ნაბიჯი დასაბუთებული?

_ არაფრით არ აუხსნიათ. როდესაც ადგილზე მაკავებდნენ, გაეროს წარმომადგენელი მოვითხოვე და მათ ავუხსენი, რომ ეს პოლიტიკური საქმეა, მაგრამ თარჯიმნის გარდა არავინ მოიყვანეს.

მერე განმიმარტეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ცალკეული ადამიანების დაკავებაზე პროტოკოლი მოქმედებს და სწორედ ამ საფუძველზე სამი თვით დამაპატიმრეს. როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტს მივმართე, შემდეგ ჩემი საქმით უკვე დაინტერესდნენ როგორც ქართული (ადამიანის უფლებათა ცენტრი), ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები და აგვისტოს ბოლოს უკვე პატიმრობიდან გამათავისუფლეს.

_ განთავისუფლების მერე დევნილთა სამინისტროს მიმართეთ. რით ახსნეს უარი თქვენთვის პოლიტიკური სტატუსის მონიჭებაზე?

_ ხელთ მაქვს მათ მიერ გაცემული დოკუმენტი. პირველ პუნქტში დაწერეს, რომ ისინი აღიარებენ საქმის პოლიტიკურობას, _ საერთაშორისო პროტოკოლებით, ჟენევის კონვენციით უფლება მაქვს, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ ქვეყნის, ანუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უარი მითხრეს თავშესაფრის მონიჭებაზე.

_ ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეთ…

_ დიახ, მათ საქმე განიხილეს, ყველა შესაბამისი დოკუმენტი შეისწავლეს. სხვათა შორის, ერთი დახურული სხდომა გამართეს და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს ჩემი თხოვნა და პოლიტიკური თავშესაფარი მომცეს.

_ ამის შემდეგ რა პროცესები განვითარდა?

_ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ჩაერია. ზუსტად შვიდთვენახევარი გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, რომ სამინისტროში გაეგზავნათ. ამ დროის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა, აღსასრულებლად გაგზავნეს, ხოლო დევნილთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ამჯერად სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნა. ხაზს ვუსვამ, _ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთანავე უნდა გადაეგზავნა და ამას, რეალურად, 7,5 თვის განმავლობაში არ აკეთებდნენ. საბოლოოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრომ გადაწყვეტილების აპელაცია მოახდინა.

_ ამ აპელაციას რით ხსნიან?

_ ჯერჯერობით, მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილი დოკუმენტი არ მაქვს, ამიტომ არ ვიცი, მასში რა დაწერეს. ვფიქრობ, იმასვე დაწერდნენ, რაც ადრე დაწერეს.

_ რას უკავშირებთ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც დევნილთა სამინისტროს არ სურს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

_ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფალნი ამ საკითხში (როგორც ჩემთან, ასევე სხვა მსგავს საქმეებთან მიმართებით) აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებას ემორჩილებიან. ამას უფრო აკეთებენ, ვიდრე კანონის, საერთაშორისო პროტოკოლების დაცვას, რომლებსაც მათ ხელი მოაწერეს. ანუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში მჭიდროდ მეგობრობს და თანამშრომლობს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და არც სურს მას აწყენინოს.

_ მაგრამ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხმობაში როგორ მოდის?

_ აღნიშნულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ აზერბაიჯანი საქართველოსგან ითხოვს, რომ მის მოქალაქეებს თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცეს; და საქართველო, ჯერჯერობით, ამას ითვალისწინებს.

_ ამ ფონზე, საქართველოში გემუქრებათ თუ არა რამე საფრთხე?

_ განსაკუთრებულ საფრთხეს საქართველოში ვერ ვგრძნობ, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც ჩემთან მიმართებით ხდება და ეს მაშფოთებს.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გირეკავენ და თქვენთან შეხვედრებს ითხოვენ?

_ სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანების გამორკვევისთვის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მივმართეთ, _ როგორც შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, ასევე იუსტიციის მინისტრს, ომბუდსმენსა და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ადამიანების დარეკვებისა და დაბარების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იციან, ამიტომ აქ მთავარი საფრთხე ისაა, რომ, ალბათ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობს.

_ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სად ხედავთ?

_ როდესაც ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს მივმართავდი, მივიჩნევდი, რომ ეს ნორმალური, კანონიერი უფლებაა, შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, საქართველოს კანონებს… საქართველო აზერბაიჯანს ესაზღვრება, აქ მეგობარი ხალხები ცხოვრობენ და ძალიან მსურდა, რომ საქართველოში მეცხოვრა,

მაგრამ თუკი მთავრობას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ვიცხოვრო, მაშინ ჩემი დოკუმენტები უნდა დაებრუნებინათ და ეთქვათ, რომ გთხოვთ, ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრეთო.

ეს დოკუმენტები დღემდე არ დამიბრუნეს და ჩემს მიმართვაზეც პასუხს არ მცემენ. მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციიდან ყველაზე გონივრული გამოსავალი ის არის, საქართველომ შეასრულოს, როგორც თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და ჩემი უფლება, რომ მეც ადამიანი ვარ, სიცოცხლის, ნორმალური ცხოვრების უფლება მაქვს… ასევე თავისუფლად მუშაობისა და ოჯახის შენახვის საშუალება უნდა მქონდეს. ამ დროისთვის ყველა ეს ნორმალური, ადამიანური შესაძლებლობა წართმეული მაქვს. ჩემი ყველა უფლება ამ მხრივ დარღვეულია.

_ სამომავლოდ რას ფიქრობთ, საქართველოში დარჩენას თუ აზერბაიჯანში დაბრუნებას? რა გეგმები გაქვთ?

_ სანამ აზერბაიჯანში მოქმედი ხელისუფლებაა, ქვეყანაში დაბრუნებას, უბრალოდ, ვერ შევძლებ. საქართველოში დარჩენა ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი, შემდგომში რა მოხდება. საქართველო შეასრულებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო.

თუკი იძულებული გავხდები, რასაკვირველია, ქვეყანას დავტოვებ, მაგრამ ამ დროისთვის ჩემი დოკუმენტები თან არ მაქვს და ის უნდა დამიბრუნონ. ვიმედოვნებ კანონიერებაზე, მართლმსაჯულებასა და ჰუმანიტარულ პასუხისმგებლობაზე, რათა საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადამიანური უფლებები ცნოს.

 

გელა მამულაშვილი