„პოლიტიკა ლათინური სიტყვაა, სადაც „პოლი“ ნიშნავს ბევრს და „ტიკა“, _ „სისხლისმსმელ ნაბიჭვრებს“, _ რობინ უილიამსი

ჩემს ვაჟს, რომელიც ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, შეუძლია ნებისმიერი ადამიანი კითხვებით დაქანცოს, არ დაიღალოს და ერთ ბატალიონს სიქა გააძროს პასუხების გაცემით, თუმცა თავად კი ძალიან უკმაყოფილო დარჩეს, რომ საკადრისად და ამომწურავად ვერ მიიღო პასუხი. ჟურნალისტის ოჯახი სხვა ოჯახებისგან არ ვიცი, რით განსხვავდება, მაგრამ არ მგონია, სხვა ოჯახებში ბავშვები აქტიურად განიხილავდნენ ქალაქის ბიუჯეტს, პოლიტიკასა და პოლიტოლოგიას და არა მგონია, ისე ეჯავრებოდეთ არჩევნების პროცესი სხვა ბავშვებს, როგორც პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შვილებს, მარტივი მიზეზის გამო, _ პოლიტიკას შეუძლია, მშობელი მოსწყვიტოს შვილს და სწორედ ამიტომ ან შვილები ბრაზობენ და ხდებიან თავად პოლიტიკოსები, ან კიდევ ბოლომდე გაბრაზებულები რჩებიან და არც არასდროს გაეკარებიან ახლოს არათუ პოლიტიკას, არამედ ჟურნალისტიკასაც. ამიტომ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა განმიცხადა, რომ იგი უნდა გამოვიდეს ბაღის აღმზრდელი, რათა მუდამ თავის შვილებთან იყოს…
ასე და ამგვარად, პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა, შეიძლება, სულაც არ მიიჩნიონ ჩვენმა შვილებმა ხელოვნებად, ან საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობად და მისგან გამომდინარე მიზანმიმართულ საქმიანობად; სულაც არ დაგვეთანხმონ, რომ პოლიტიკა დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.
ისტორიულად კი პოლიტიკას წარსულში სხვადასხვაგვარად განსაზღვრავდნენ, კერძოდ: როგორც „სამეფო ხელოვნებას“; როგორც უნარს „ყველა მოქალაქის დაცვისა და, მათ შორის, უარესების უკეთესებად გარდაქმნისა“; პლატონის აზრით, როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე, მარქსის აზრით, როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას.
პოლიტიკა, როგორც მეცნიერება, შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს: კონსერვატიული _ ტრადიციების ადა არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნება; პროგრესული _ მისწრაფება სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნისკენ; ლიბერალური _ მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი ელემენტებისადმი და სხვ.
რეალურად კი ქართული პოლიტიკა სამ ნაწილად იყოფა, უფრო სწორად, სულაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ქართულ პოლიტიკას და, საერთოდაც, ქართველ დიდ პოლიტიკოსებს მსოფლიო პოლიტიკასთან. რადგან ჩვენში იმისთვის, რომ პოლიტიკოსი გახდე, ქილა ერბოც კი საკმარისია, თუ მდინარეზე გადაიტანე; ჩვენში პოლიტიკოსს პოლიტოლოგიის სწავლა არ სჭირდება, მთავარია, ერთი-ორი ბეჭებზე დაცემა ისწავლოს და თუ საერთოდ სპორტში დიდ წარმატებას კუნთებით, ან ფეხებით მიაღწია, მორჩენილია მისი საქმე, _ სპორტიდან პენსიაზე გასულს პირდაპირ კართან, პენსიის სანაცვლოდ, დიდი პოლიტიკოსის სავარძელი ელოდება. სინამდვილეში, ქართული პოლიტიკის რიგებშიც არის მიმდინარეობები.

მამაძაღლი, გამჩენძაღლი და შობელძაღლი პოლიტიკოსები

მამაძაღლი პოლიტიკოსები იმ პოლიტიკოსთა კატეგორიას წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყნისთვის და საკუთარი ჯიბისთვის თანაბრად იხარჯებიან. სიტყვა მამაძაღლი ჩვეულებრივი სალანძღავი სიტყვაა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეშმაკსა და გაიძვერას ნიშნავს, მაგრამ არც მასეა ბოლომდე.
შობელძაღლი პოლიტიკოსები კი ცოტას ქვეყნისთვის და ბევრს _ საკუთარი ჯიბისთვის იღწვიან. პრინციპში, ორივე გამოსდით. ისინი დიდად ცვლილებების მომხრეები არ არიან, რადგან ის ქერის ორმო, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელისუფლებო გავლენები ჰქვია, სრულიად აკმაყოფილებთ და, შესაბამისად, არანაირი ცვლილება არ ხიბლავთ;
აი, გამჩენძაღლი პოლიტიკოსები კი მხოლოდ თავის ჯიბისთვის ზრუნავენ, _ არც ქვეყნის დარდი აქვთ, არც მეზობლისა და არც შინაურის.
რეალურად, მამაძაღლ პოლიტიკოსებს პოლიტიკისა და ქვეყნის მართვის რაღაც უნარები გაეგებათ, შობელძაღლებსაც ესმით ცოტაოდენი, მაგრამ გამჩენძაღლმა პოლიტიკოსებმა საკუთარი ჯიბის მეტი არაფერი იციან.
პოლიტიკა ქართულ რეალობაში ხშირად კარგი საოჯახო ბიზნესიცაა. ასე რომ, არათუ ოჯახი, ხანდახან მთელი გვარი ამ ბიზნესის მიმდევარია.
და როცა ჩნდება კითხვა, როგორ ხდებიან ეს ადამიანები პოლიტიკოსები, პასუხი მარტივია:
„პოლიტიკა არის ხელოვნება, მდიდრებისგან ფული, ღარიბებისგან კი ხმა მიიღო იმ საბაბით, რომ ერთს მეორისგან დაიცავ“. ჩვენში მსახიობს სპორტსმენს, მომღერალს კარიერის დასასრულს აუცილებლად ეჯღანება რომელიმე პარტია. სამწუხაროდ, მოქალაქეებს მუდამ ავიწყდებათ, რომ პური ხაბაზმა უნდა აცხოს, თოფი მეთოფემ უნდა გაწმინდოს და ა. შ. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს დაიგუგუნა საქართველომ და ოლიმპიური ჩემპიონი უცებ გახდა პოლიტიკოსი. მერე შევა პარლამენტში და მოსთხოვენ, ლავირება უნდა ისწავლოო, ისიც გაიხსენებს, რომ იცის და…

პოლიტიკური ლავირება

პოლიტიკური ლავირება არის
რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ოსტატური მანევრირება, წინააღმდეგობების გადალახვის უნარი. ტერმინი აგრეთვე გულისხმობს პოლიტიკოსის თვისებას, თავი აარიდოს საპირისპირო პოლიტიკურ ძალასთან შეჯახებებს, კონფრონტაციულ მოქმედებებს. დაბრკოლებების ოსტატურად გვერდის აქცევით, არაპირდაპირი მოძრაობა;
ცბიერად, ოსტატურად, კონფლიქტისა და გართულებისთვის თავის არიდებით მოქმედება.
ჰოდა, ურჩიეს პოლიტიკოს ზვიადაურს, ჯერ კიდევ, პარლამენტში, რომ „ნაციონალებთან“ ლავირება უნდა ისწავლოო, ზვიდაურმა კი იმწამსვე სპორტული ლავირება გაიხსენა

ლავირების ფილოსოფია სპორტში _ ერთი ერთზე მოტყუების ხერხების სწავლება _ მწვრთნელმა თავიდანვე უნდა დაიწყოს. სპორტი ხომ, უმთავრესად, ლავირებაზეა (სირბილზე) აწყობილი. ამის მიღწევა შესაძლებელია ბურთის დროული გადაწოდებით, ან სირბილის კარგად დამუშავებული ტექნიკის გამოყენებით.
ლავირება მოიცავს შემდეგ ელემენტებს: გეზის შეცვლა გვერდზე ნაბიჯით; გეზის შეცვლა ცრუ მოძრაობით; სიჩქარის შეცვლა.
მაშინ, შეცვალა გეზი სპორტიდან პოლიტიკაში და კი ნახა ქვეყანამ სურათი დაუვიწყარი.
არჩევნების მეორე ტურისთვის ბორჯომში ჩასულებმა გავიგეთ, რომ ზვიადაური ერთ უბანს კურირებდა. ჩვენც ასე მშვიდად მივადექით იმ უბანს და ჩემი „ზემლიაკი“ ბორჯომში ვიხილე. სიმართლე გითხრათ, არაფერი დაუშავებია ნიშნეულად, როგორებიც ახასიათებს ხოლმე. იჯდა ჩემთან ერთად, ყავას მიირთმევდა და ამ მუსაიფში მომიყვა, რომ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე, ბორჯომში მყოფს, ზაზა ჩაჩანიძე ისევ „ოცნების“ კანდიდატი ეგონა და მთელი ლიკანი შეყარა, _ ხალხო, ზაზას ხმა უნდა მისცეთო. ჰოდა, პირველი ტური ზაზას 150-ხმიანი გამარჯვებით დამთავრდა. არჩევნებზე ზვიადაური ყაზბეგში იყო და არც იცოდა, რა ხდებოდა არჩევნებზე… მეორე ტურის დანიშვნის დროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაიგო, რომ ჩაჩანიძე „პატრიოტების“ კანდიდატი ყოფილა. ცოტა „ოცნებამაც“ უსაყვედურა, _ რად არ გვეხმარებიო? ჰოდა, ამოვიდა, დაჯდა ლიკანში და ელისო კილაძემ რომ ჰკითხა, _ აქ რა გინდაო? უპასუხა, _ „ოცნებას“ ვეხმარებიო…
ასე რომ, მოხერხებულად სიძნელეებისთვის გვერდის ავლა; რამისთვის თავის არიდება; მდგომარეობასთან მარჯვედ შეგუება პოლიტიკოსის საქმეა, მაგრამ როცა პოლიტიკოსი არ ხარ, შესაძლოა, სულაც ვერ მიხვდე, ვინ რომელი პარტიიდან არის წარდგენილი…

***
თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ძირითადად, პოლიტიკანები ქმნიან, პოლიტიკანი კი არის პირი, რომელიც პოლიტიკას პირადი სარგებლისთვის მისდევს; და, უბრალოდ, უპრინციპო პოლიტიკოსია.
მე პოლიტიკანის სამი ქართული მიმართულება გაჩვენეთ. მათ გარდა კიდევ არსებობენ ძალად შექმნილი პოლიტიკოსები, რომლებიც ბოლოში ან ბეცებად, ან, კიდევ, პოლიტიკანებად რჩებიან.
და როდესაც ვამბობთ, რა გამოასწორებს ამ ქვეყანას? სამწუხაროდ, პასუხი არ გამაჩნია.
უბრალოდ, მარია ანტუანეტას სიტყვები მახსენდება: „სამართლიანობა და პოლიტიკა იშვიათად ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ“.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით მამაძაღლების ხელში?..

P. s. მამაძაღლს, გამჩენძაღლს, ან შობელძაღლს კახეთში როგორც კნინობით ფორმას, ისე გამოიყენებენ. ძირითადად, პატარა, წუწკ ბავშვებს ეფერებიან ასე მამები ან პაპები. ასე რომ, ფელეტონი კახურია…

მაკა მოსიაშვილი