პეტრე მამრაძე: „ხაბეიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი არ იქნება“

შორენა მარსაგიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ და ხელისუფლებიდან გაუშვებენ. თუმცა ანალიტიკოსებს სულ სხვა მოლოდინი აქვთ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იმის თქმა შეიძლება, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვოს, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება.

რამდენ პარტიას აქვს შანსი, მოხვდეს პარლამენტში? იქნება თუ არა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიის ფორმირების დროს? რას უნდა ველოდოთ სააკაშვილისგან? რა საფრთხის წინაშე დგას „ქართული ოცნება“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე:

_ ბატონო პეტრე, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი, ამერიკაში არ შეუშვეს. ეს მართლა იმის გამო მოხდა, რომ მას ფულის გათეთრებასთან კავშირში სდებენ ბრალს, თუ რეალურად სხვა მიზეზია?

_ ხშირია, როდესაც შეერთებულ შტატებში ამა თუ იმ პიროვნებას არ უშვებენ. ზოგჯერ მთავარს არ ამბობენ და მხოლოდ ლეგიტიმურ მიზეზს ასახელებენ. ასეთი შემთხვევები ყოფილა. მსგავსი რამე მოხდა ერთ ცნობილ ქართველ სპორტსმენთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა ცნობილი სასამართლო ვიქტორ ბუტის საქმეზე. ერთ-ერთმა პიროვნებამ გამოძიების დროს პირდაპირ ახსენა კეზერაშვილის გვარი და თქვა, რომ ეს ადამიანი ჩართულია იარღით უკანონო ვაჭრობაში. მაშინაც ველოდებოდი, რომ ამ მიმართულებით განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, ვერ გადიან მტკიცებულებაზე. 

ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა, თუ სინამდვილეში რატომ არ შეუშვეს კეზერაშვილი ამერიკაში. საიმიგრაციო სამსახური ამერიკაში არის სახელმწიფო სახელმწიფოში. მასზე გვლენას ვერ მოახდენს ვერც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ვერც ვერავინ. ეს სამსახური დამოუკიდებლად აგროვებს ინფორმაციებს და თავად ღებულობს გადაწყვეტილებას. კეზერაშვილთან დაკავშირებით, ეტყობა, ძალიან სერიოზული ინფორმაცია ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

მოგეხსენებათ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ბრიტანეთის მოქალაქეებს კი, როგორც წესი, ამერიკაში შესვლაზე პრობლემები არ ექმნებათ. აშშ-სა და ბრიტანეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ კეზერაშვილზე რაღაც ძალიან სერიოზული ინფორმაციები დაგროვდა, რომელიც მის დასაკავებლად საკმარისი არ არის, მაგრამ უკვე იმ დონის ოპერატიული ინფორმაციაა, რომ აშშ ვიზის გაცემაზე თავს იკავებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფულის გათეთრებასთან მისი კავშირი დასახელდა მიზეზად.

_ ეს ამბავი რაიმე გავლენას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“? „ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ამერიკა მათი მხარდამჭერია და ამ დროს იგი მათ დამფინანსებელს ქვეყანაში არ უშვებს.

_ ეს არაფერს შეცვლის. „ნაციონალებს“ ხომ საერთოდ არ აქვთ სინდისი. რამე გამამართლებელ მიზეზს მოუძებნიან კეზერაშვილისთვის ვიზის არმიცემას. მაგალითად, იტყვიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა ამერიკელებს ყალბი ინფორმაცია და მალე ყველაფერი გაირკვევა. კეზერაშვილის რეაქცია იყო ასეთი, რომ შეიძლება სასამართლოს მიმართოს. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ: მილიარდერებს ხშირად არ აგებინებენ ხოლმე პასუხს. დიდ ფულს აქვს დიდი ძალა. ეს ძალა გამოიხატება იმაში, რომ საუკეთესო ადვოკატებსა და ლობისტებს ქირაობენ. „ბიბისიმ“ კეზერაშვილთან დაკავშირებით ქოლცენტრებზე ჩაატარა სერიოზული ჟურნალისტური გამოიება. ბევრი ფიქრობდა, რომ მას დააკავებდნენ ან მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა. მე ვამბობდი, რომ დაპატიმრება გამორიცხულია და საქმეს მალე ვერ აღიძვრებოდა. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ საუბარია ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს ლონდონის ელიტურ უბანში მილიონებად შეფასებულ სახლში და მის ანგარიშზე, როგორც წაკითხული მაქვს, სულ მცირე, 1.5 მილიარდი დოლარია.

_ დასავლეთის თვალში „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯი ხომ არ შეირყევა? უკვალოდ ალბათ არ ჩაივლის, რომ მათი მთავარი დამფინანსებელი ამერიკაში არ შეუშვეს. რაღაც კითხვები აუცილებლად გაჩნდება.

_ დასავლეთში ამას სერიოზული გამოხმაურება იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კეზერაშვილს ბრიტანეთის მოქალაქეობა წართმეული არ აქვს, მას ბრიტანეთი დაიცავს. ეს ქვეყანა თავის მოქალაქეებს ბოლომდე იცავს ხოლმე. დიდი ალბათობით, „ნაციონალების“ დაფინანსების გზებს კეზერაშვილს არ გადაუკეტავენ. დაფინანსება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუჩერდება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ კეზერაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედება ან სანქციები შეეხება.

_ არის იმის საფრთხე, რომ სანქციების ქვეშ მოყვეს კეზერაშვილის ფული?

_ ქოლცენტრებთან დაკავშირებული ამბავი იყო ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სკანდალი. ბევრი ფიქრობდა, რომ ის დასანქცირდებოდა, მაგრამ ამის გამოც კი არ დაუდევთ მისი ანგარიშებისთვის ყადაღა. ამ ეტაპზე ყადაღა არ იქნება. ყადაღა და სანქციების დაწესება არ ხდება მარტივად. დავით კეზერაშვილი „ნაციონალებს“ ისევ დააფინანსებს, მაგრამ არ ვიცი, როგორ და რა მექანიზმით. არც ისაა ჩემთვის ცნობილი, თუ როგორ განკარგავს იმ თანხებს, რაც მის სახელზეა გაფორმებული.

_ მის სახელზე გაფორმებული ფულიო, ამბობთ. ეს არ არის პირადად კეზერაშვილის ფული?

_ თავისი ფულიც ბევრი აქვს, მაგრამ, ძირითადად, პარტიის ფულზეა საუბარი. კეზერაშვილის ანგარიშზე ირიცხებოდა პარტიის ფული. ეს იყო „ობშიაკ“ი. თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ის ბიზნესში წავიდა და რამდენიმე თვეში ჯერ მულტიმილიონერი, შემდეგ კი მილიარდერი გახდა. ყველამ იცოდა, რომ ფული მის სახელზე ირიცხებოდა. მის მიმართ იყო სრული ნდობა. ამის გარდა, რაღაც მექანიზმიც იქნება ჩადებული.

_ რა მექანიზმი შეიძლება იყოს ჩადებული?

_ ამ ფულის დიდ ნაწილს კეზერაშვილი თავის გემოზე ვერ განკარგავს. ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდი. რა ხდება სინამდვილეში, არ ვიცი. ასეთი შეთანხმებები და მექანიზმები საიდუმლოა ხოლმე. ჩვენ ახლა ისიც არ ვიცით, სააკაშვილი ამ ტიპის „ნაცმოძრაობას“ აღიარებს თავისად, თუ რაღაცას მოიმოქმედებს? პარტიის თავმჯდომარეა ლევან ხაბეიშვილი. სააკაშვილს მისი სახელი ერთხელაც არ უხსენებია, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. ვანო მერაბიშვილსაც არსად ახსენებს.

_ სამაგიეროდ თქვა, რომ 5 ნომერს უჭერს მხარს. 5 ნომერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

_ ეს თქვა, ოღონდ დედამისის პირით შემოგვითვალა. დედამისმა მისი სახელით ისიც გვითხრა, რომ მიშა ქართულ პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება. პირადად მიშას არ უთქვამს, რომ 5 ნომერს უჭერს მხარს. ვნახოთ, რა იქნება. მას შეუძლია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგეს. საარჩევნო სია თუ მთლიანად მას არ ჩააბარეს, მიშას შეუძლია თქვას, რომ ახალ პარტიას აფუძნებს და ამ პარტიას ერქმევა მიხეილ სააკაშვილი _ „ნაციონალური მორაობა“. ეს პარტია საარჩევნო ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს. „ნაციონლური მოძრაობა“ კი გარეთ დარჩება. მიშას გარეშე „ნაციონალების“ რეიტინგი არის ნული.

_ „ნაციონალებისგან“ წამოსულმა ნიკა მელიამ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა. ორი ნიკას პარტიას ექნება რამე შანსი ამ არჩევნებზე? საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ბარიერის გადალახვას მოახერხებენ.

_ გაგახსენებთ სააკაშვილის ერთ განცხადებს, მიშამ რამდენიმე წლის წინათ თქვა: _ ვინც დაადგება ბოკერიას გზას, ის განულდება. მისი გამონათქვამი არის ზუსტი და  დღესაც ძალაშია. მიშამ ძალიან კარგად იცის ქართული პოლიტიკა, ისიც კარგად იცოდა, რომ ბოკერია დამოუკიდებლად ხმებს ვერ შეაგროვებდა. არადა, ბოკერიას პარტიაში გადავიდნენ ყველაზე ცნობილი „ნაცები“. მერე ყველანი ერთად ჩაფლავდნენ.

_ ჩაფლავების ფონზე პარლამენტში მაინც მოხვდნენ.

_ იმიტომ მოხვდნენ, რომ საარჩევნო ბარიერი არ იყო, თორემ არცერთი არ შევიდოდა. ახლა განულება არის  არჩევნებზე 5%-ზე ნაკლების აღება. რაც არ უნდა სოლიდური დაფინანსება მიიღოს ორი ნიკას პარტიამ, ესენი 5%-იან ბარიერს ნამდვილად ვერ გადალახავენ, ეს გამორიცხულია. არცერთს არ აქვს ის ქარიზმა, რომელიც საქართველოშია საჭირო, გარკვეული სეგმენტისთვის მაინც. „გირჩები“ ძალიან აქტიურები არიან და სულ ჩანან. იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ძალიან აქტიურები არიან. უფრო კორექტულად და გასაგებად საუბრობენ, ვიდრე სხვები. ისინი პარლამენტში მოხვდნენ იმის გამო, რომ ატოცში ავიდნენ, ჩაიხადეს და რუსებს უკანალები მიუშვირეს. ამის გამო მათ ხალხმა მისცა ხმა და პარლამენტში 4 ადამიანი გაიყვანეს. ეპატაჟი საკმარისია პარლამენტში ხალხის გასაყვანად, მაგრამ ეს საკმარისი აღარაა, როცა არის 5%-იანი ბარიერი. ორი ნიკაც ვერაფერს იზამს. კი ბატონო, ნიკა მელიას ნამდვილად ჰყავდა თავისი მრევლი გლდანში. გლდანში იყო მისი ციხესიმაგრე. ახლა იქ მისი რეიტინგი, ჩემი აზრით, შემცირებული იქნება, შემცირებულიც რომ არ იყოს, გლდანის ხმები 5%-ის შესაგროვებად საკმარისი არ იქნება.

საქართველოში ხმას აძლევენ ადამიანს, პიროვნებას. პოლიტიკის პერსონიზაცია ხდება. ამას ადგილი აქვს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ეს პროცესი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ამაზე შარლ დე გოლი წერდა და შეწუხებული იყო. ის ამბობდა, მოდის დრო, როცა ხალხი აღარ დაინტერესდება საარჩევნო პროგრამებით და საკმარისი იქნება მოკლე ლოზუნგები, რომელსაც ქარიზმის მქონე ადამიანი წარმოთქვამს. ეს ძალიან საინტერესო სოციალურ-ფსიქოლოგიური მოვლენაა. სააკაშვილს ქარიზმა სულ ჰქონდა და ახლაც აქვს. ამას მას ვერავინ წაართმევს. მელიას ეს ქარიზმა არ აქვს. არ დამავიწყდება, ერთი აქციის დროს არ იცოდა, რა ექნაა და გამწარებული სახით დახეტიალობდა აქციის მონაწილეებთან ერთად. ეს იყო ძალიან სასაცილო.

_ თქვენი აზრით, ორი ნიკას პარტია განულდება?

_ მარტო ორი ნიკას პარტია არ განულდება. განულების საფრთხის წინაშე დგანან ყველანი. ვერ დამისახელებთ ოპოზიციაში ფიგურას, რომელიც გაქაჩავს და თავად 5%-ს აიღებს.

_ „ლელო“ და გახარიას პარტიაც უშანსოდ არიან? მათგან თითქოს უფრო ბევრს ელოდებიან.

_ გახარიას პარტიას პულსიც კი აღარ ესინჯება. „ლელოს“ ფული აქვს. ფულს დახარჯავენ, მაგრამ ფული ყოველთვის არ ჭრის. ხაბეიშვილსა და „ნაცებს“ უცხოელმა მრჩევლებმა ურჩიეს, სოციალურ თემებს მიაქციონ დიდი ყურადღება. ილაპარაკონ, რომ ძალიან ძვირია საქართველოში ყველაფერი. საქართველოში მართლა ძალიან ძვირია ყველაფერი, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. მიშას დროს ჩამოყალიბებული მონოპოლიები იმპორტის დარგში დღემდე მოქმედებს. ფარმაცევტიკის დარგში რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ შეძლო და ოდნავ დაარეგულირა სიტუაცია. რაღაცა ძვრები არის. ამაზე ხმა არ ამოუღიათ „ნაციონალებს“. ხაბეიშვილი ამ მაღალ ფასებზე ყვირის, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ეს მასისთვის დამაჯერებელი არ არის.

_ ხალხი ხომ თავის ჯიბეზე გრძნობს, რომ ფასები მაღალია, რატომ არ იჯერებენ ამას, რაკი ხაბეიშვილი ლაპარაკობს მაღალ ფასებზე?

_ ხაბეიშვილი მართლა იმას ამბობს, რაც რეალურად არის, მაგრამ ხალხი ამას სერიოზულად არ აღიქვამს. ყველა იმას ამბობს, რომ მას არაფერი დაეჯერება. ამ შემთხვევაში მართალია ხალხი, არც ხაბეიშვილს დაეჯერება და არც „ნაცებს“. „ნაცების“ ხელში იყო სრული მონოპოლია იმპორტზე. არჩევნების წინ სააკაშვილი ძალიან საინტერესო რამეს აკეთებდა. კარგად მახსოვს, პურის ქარხანაში რომ შევიდნენ ეგ და ნიკა გილაური, პრემიერი იყო ის მაშინ. მიშამ აიღო ფქვილის პარკი და იყვირა: _ კი მაგრამ, რა ხდება, ფქვილზეც მონოპოლია ჩამოყალიბდა? ეს რა ფასებია? ამ დროს ყველამ იცის, რომ ამის უკან დგას სააკაშვილის გარემოცვა. გილაურმა საჯაროდ დადო მაშინ პირობა, რომ ეს გამოსწორდებოდა.

როდესაც რაღაცაზე მონოპოლია გაქვს, შეგიძლია ფასები დაარეგულირო. არჩევნებამდე ორი თვით ადრე კი შეიძლება დროებით იმაზე ნაკლები ფასები დაადო პროდუქციას, ვიდრე მას ყიდულობ. მერე ამას ამოიღებ ათმაგად. ყველამ იცოდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ჰქონდა მონოპოლიები, მაგრამ ისე დამაჯერებლად ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ, რომ ყველას გულწრფელი ეგონა. მიშას დამაჯერებლობა აქვს. ხაბეიშვილს არავინ დაუჯერებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეს ამბობს.

_ ხაბეიშვილის სიმართლესაც თუ არ იჯერებს ხალხი, რამდენად გამართლებული იქნება საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად ჩაწერა? წესით, ის უნდა იყოს პირველი ნომერი, პარტიის თავმჯდომარეა.

_ ხაბეიშვილი იმდენად წამგებიანია, რომ მას საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ დააყენებენ. ადამიანი სიმართლეს ამბობს გაზრდილ ფასებზე, მაგრამ რადგან ის ამბობს, ამიტომ არავის სჯერა. 

_ რატომ არ სჯერათ, რახან დამაჯერებლობა აკლია?

_ კლოუნური საქციელი აქვს. თავიდან ბოლომდე კატასტროფაა, როგორც საჯარო ფიგურა. იმდენად კატასტროფული ფიგურაა, რომ შესაძლოა, სააკაშვილი წავიდეს მისი პირველ ნომრობის წინააღმდეგი.

_ თქვენ ამბობდით ადრე, რომ მიშამ ვინც არ უნდა დასვას პირველ ნომრად, ხალხი მხარს დაუჭერსო. ასე მოხდა, როცა ბუბა კიკაბიძე ჩაწერა სიის პირველ ნომრად. იქნებ, ხაბეიშვილის პირველნომრობაც არ გააპროტესტოს მისმა ამომრჩველმა?

_ ბუბა კიკაბიძე სულ სხვა იყო. ბუბას თავისი ასაკისა და სტატუსის გამო ბევრი სცემდა პატივს. ხაბეიშვილი „ნაცების“ ასეთი ამომრჩევლისთვის მისაღები არ არის. პარტიაშიც კი არ მოსწონთ ის. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი შეიძლება ხაბეიშვილის პირველნომრობის წინააღმდეგი წავიდეს. პოლიტიკური ალღო მიშას ყოველთვის ჰქონდა. ეს ალღო ახლაც აქვს.

_ „ქართული ოცნების“ ამბავი როგორ იქნება? არც მათ აქვთ კარგად საქმე.

_ ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის _ ეს „ოცნებაზე“ ინტენსიურად არ გავრცელდა. და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. კორუფცია არის, მაგრამ არაა აღვირახსნილი და ტოტალური. გამოკითხვაში ბევრი გეტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას, მაგრამ მერე დგება ჭეშმარიტების მომენტი. საარჩევნო უბანზე შესული ფიქრობს, ვის მისცეს ხმა. იტყვის, არ სჯობია, სტაბილურობა იყოს და ხელფასი მაინც ავიღო დროზე? და ისევ „ოცნებას“ აძლევს ხმას. არის ადმინისტრაციული რესურსი. ადმინისტრაციული რესურსი საქართველოში მუშაობს. არავინ არაფერი რომ არ უთხრას არავის, მაინც „ოცნებას“ მისცემენ ხმას.

_ რატომ მისცემენ მაინც „ოცნებას“ ხმას?

_ ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მათი მომავალი უკავშირდება იმას, თუ რა შედეგი დაიდება არჩევნებზე. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ისინი სამსახურებს დაკარგავენ. საქართველო არის თავიდან ბოლომდე პატრონ-კლიენტური ქვეყანა. ამას აქვს თავისი ნეგატიური და დადებითი თვისებებიც. „ოცნებას“ დიდი შანსი აქვს, მაგრამ მათაც ემუქრება საფრთხე. არაა გამორიცხული, რომ შეცდომა დაუშვან არჩევნების წინ. მაგალითად, ისეთი შეცდომა, როგორიც შარშან მარტში დაუშვეს _ უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტს რომ დაუჭირეს მხარი.  ეს იცით, როგორი ამბავი იყო? სწორზე რომ უნდა გაიარო და, რატომღაც, ახტები და თავით დაერჭობი. გავიხსენოთ „გავრილოვის ღამე“. ის იყო საჩუქარი ოპოზიციისთვის. ყველამ იცოდა, რომ გავრილოვი „ნაცებთა“ნ იყო ჩახუტებული. მას აეროპორტში გიგი წერეთლი ხვევნა-კოცნით ხვდებოდა. „ოცნებამ“ ეს ყველაფერი იცოდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში რომ შემოიყვანეს გავრილოვი, ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას.

ამ ასამბლეის გენერალური მდივანი იყო ბერძენი კაცი. იმან გახსნა სხდომა. თქვა, თავმჯდომარე არის რუსეთი და ვთხოვ დელეგაციის ხელმძღვანელს, დაიკავოს კუთვნილი ადგილიო. გავრილოვი ადგა და დაჯდა იქ, რა ადგილზეც მიუთითა ბერძენმა კაცმა. „ნაცებმა“ ეს წინასწარ კარგად იცოდნენ. გავრილოვი დამჯდარი არ იყო, რომ ელენე ხოშტარია დროშაში გახვეული მორბოდა. მაისურებიც 2-3 დღით ადრე ჰქონდათ დამზადებული. მოკლედ, ასეთი შეცდომები თუ არ დაუშვეს და გამოაცხვეს, ოპოზიცია უშანსოდაა. არაა გამორიცხული, ოპოზიციის პროვოკაციას წამოეგონ. ერთია, როცა შენით უშვებ შეცდომას და მეორეა, როდესაც პროვოკაციაზე წამოეგები. ნერვები გიმტყუნებს, რაღაც ისეთს გააკეთებ, რაც შემდეგ ძვირად დაგიჯდება. ეს ორი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება რაღაც დააკლოს „ქართულ ოცნებას“. სხვა გამორიცხულია.

_ პარლამენტში შესვლის შანსი მხოლოდ ორ პარტიას აქვს, თუ შეიძლება, მესამეც გამოჩნდეს ვინმე?

_ ძნელი სათქმელია, ვინ შევა. აღარ არის მაჟორიტარული არჩევნები. არადა, მაჟორიტარებში „ოცნებამ“ 100% აიღო ორჯერ. არის მხოლოდ პარტიული სია. რა გითხრათ? ახლა ძნელია იმის თქმა, ვინ შეძლებს კიდევ საარჩევნო ბარიერის გადალახვას. ამის თქმა ზაფხულში უფრო შეიძლება. საქართველოში არჩევნების წინ ბოლო თვეებია გადამწყვეტი. შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში არსებული სურათი რადიკალურად შეიცვლება.

_ ისე შეიცვლება, რომ არჩევნებზე იქონიებს გავლენას?

_ არა, „ოცნება“ ისევ უმრავლესობაში იქნება, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება 5%-იანი ბარიერი გადალახოს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს პოლიტიკური ვითარების შეცვლას. „ნაციონალებ“ი ფიქრობენ, რომ უმრავლესობით მოვლენ და უკვე ადგილებს ინაწილებენ. დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები სულ იმაზე საუბრობენ, ვინ შეძლებს 5%-ის აღებას. „ნაცები“ 5%-ზე მეტსაც აიღებენ. ოღონდ იმ შემთვევაში, თუ ისინი ასოცირებული იქნებიან მიშასთან. 1990 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში. ამ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი საბურთალოზე. ერთი ასაკოვანი ქალი დიდხანს მეკითხეოდა, _ შვილო, მითხარი, რომელია ზვიად გამსახურდია, რომ შემოვხაზოო. არადა, ეს იყო უბანი საბურთალოზე, სადაც ვახტანგ ხმალაძე და თენგიზ კიტოვანი იყრიდნენ კენჭს. თან კიტოვანი უკვე გასული იყო სიით „მრგვალი მაგიდიდან“ პარლამენტში. ხმალაძეს მაჟორიტარულად უპირისპირდებოდა. ამას ვუხსნიდი იმ ქალბატონს. ის ისევ მეკითხებოდა, რომელია ზვიადიო? ბოლოს ვუთხარი, რომ ზვიადი კიტოვანია და მანაც კიტოვანი შემოხაზა.

ახლაც ასე იქნება: „ნაციონალურ“ი მოძრაობის მხარდამჭერები მხარს უჭერენ მიშას. ყველა იმ პარტიას მისცემს ხმას, რომელიც მიშასთან იქნება ასოცირებული. ბოკერია დამთავრებუილია. იგივე ემუქრება ორი ნიკას პარტიას, „ლელოს“, გახარიასა და სხვებს. თუ, რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ შეცდომა არ დაუშვა.