პატიმრობის 120 დღე გლდანის მერვე საპყრობილეში

ამ 120-მა დღემ თავი მოიყარა ციხის დღიურებში, რომელიც სულ ახლახან დამიბრუნდა.

შევეცდები, ჩემი განწყობა თქვენამდე ამ საავტორი გვერდში მოვიტანო.

მაშ, ასე: დღე პირველი

პირველად იყო სიტყვა…

საქართველო, თბილისი, გლდანის ციხე, E კორპუსი, საკანი 78.

18 მარტი 3:16 წუთი.

აღსრულდა ჩემი ბავშვობის 2 ოცნება, როგორც იქნა, საშუალება მომეცა, ხელში კალამი ამეღო და ჩემეულად, მთელი სიცხადით აღქმული საქართველოს დღევანდელობა, _ ჭირით, ვარამით, კარგით, ბოროტით, _ აღვწერო. გადმოვცე ის, რაც ირგვლივ ხდება და რასაც გადაუჭარბებლად, ჩვენი ერის, ქართველი რასის „ჰიბრიდული გენოციდი“ ჰქვია.

დიახ, არის ასეთი ტერმინი სპეცსამსახურების არსენალში და მასში იგულისხმება: ცნობიერების დაკნინება, ადამიანის მოთხოვნილებების ცხოველურ საწყისამდე დაყვანა, სადაც მთავარი ის არის, რას შეჭამ დღეს, ხვალინდელი დღე საერთოდ ამოღებულია ადამიანის საზრუნავიდან, სადაც აღარ და ვეღარ რჩება საფიქრალი, საზრუნავი მომავალზე, მიზანმიმართულად დაკნინებულია ქართველი ერის სამივე ღვთაებრივი საუნჯე: „ენა, მამული, სარწმუნოება“, სადაც ფასი დაკარგული აქვს მეგობარს, ახლობელს, ცდილობენ, ოჯახის ქართული აღქმა ყოველდღიურობაში საერთოდ გააქრონ, დააკნინონ და „ჰიბრიდული“ ურთიერთობები დანერგონ, სადაც მთავარი ფული, ძალაუფლება, გავლენა იქნება და არა სიყვარული, რომელიც საწყისია ყველაფერი ადამიანურისა. თუმცა ამაზე ქვემოთ. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ციხის დღიურის მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებაზე. სამაგიეროდ, აქ წაიკითხავთ შეულამაზებელ სიმართლეს, სიმართლეს ქართულ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გაყიდულთა ნაყიდ კულტურაზე… სპორტზე… მილიტარიზმზე, მოკლედ, ქვეყნის ცხოვრების ყველა ძირითად მიმართულებაზე და, რა თქმა უნდა, ჩემზე. ჩემი ისტორიის გარეშე მხოლოდ მშრალი თხრობა ვერ მოგვცემდა ობიექტურ სურათს. დაე, მკითხველმა აღიქვას, გააანალიზოს ის, რაც ჩვენს თავს ხდება. ზემოთ ორი ოცნება ვახსენე და მეორე ოცნება ციხეა!!! დიახ, ციხე! სულ მაინტერესებდა ის განცდები, რასაც 20 კვადრატულ მეტრ ოთახში დაკეტილი, თავისუფლებისთვის შექმნილი ადამიანი  განიცდიდა. ჩემს მაგალითზე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მე აქაც თავისუფალი ვარ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მატყუარა პოლიტიკოსი, კულტურის გაყიდული „მოღვაწე“, ან მოძალადე და ბილწი პოლიციელი!!!

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: არანაირად არ მაწუხებს ხოლმე ბოღმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე უსამართლოდ, უმოწყალოდ, დაუმსახურებლად გამიმეტა! რა თქმა უნდა, აქ იქნება 13 მარტის სრული ისტორია _ ნამდვილი ამბავი, თუ რა მოხდა!!! ისიც ზუსტად ვიცი, მოვა დრო და იმ პოლიციელებს, რომლებმაც ასე თავხედურად, ბოროტად ნარკოტიკი ჩამიდეს, მერე ამოიღეს და მტკიცებულებები გააყალბეს, მოუწევთ დასახელება უკანონო ბრძანების გამცემი პირებისა!!!

არ მეგონა, თუ შევძლებდი და ასე მალე გაქრებოდა აგრესია, რომელიც უსამართლობით იყო გამოწვეული. ასე ხდება, როცა ადამიანი მართალია. ის ბოროტებას და შურისძიებას კი არ უღებს კარს, გული სიკეთით ევსება, წინ იყურება და ახალ, მართალ საქმეებს ეჭიდება. ისიც ზუსტად ვიცი, ის პოლიციელები ისევ ჩემი და ჩემების საპატრონო და მისახედი იქნებიან. მოგხედავთ, ბატონებო, აუცილებლად მოგხედავთ, _ სამართლებრივად!!!

თქვენ გექნებათ შანსი, მახინჯი, უსამართლო სისტემა ამხილოთ და თქვენი თავი ისტორიის იმ ფურცლებზე დატოვოთ, სადაც ძალადობასთან მებრძოლნი და მამხილებელნი განისვენებენ.

 

მაშ, ასე, კეთილო მკითხველო, ვიწყებ თხრობას, თხრობას ჩემი ცხოვრებისა და ჩემეულად აღქმული ჩვენი საქართველოს უახლესი ისტორიისა. პირობას ვდებ, აქ წაიკითხავთ მხოლოდ სიმართლეს, სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა!!! ვფიცავ მთელი არსებით, _ სიყვარულს, რაც ჩემშია, შემიქმნია, განმიცდია და გულით, გონებით სათნოდ ვატარებ და მიტარებია, ვფიცავ ფარნავაზს, ვახტანგს, დავითს, გიორგის, თამარს, ნარინს, გიორგის, კიდევ გიორგის (VII), ალექსანდრეს, ლუარსაბს, სვიმონს, ერეკლეს, სოლომონს, დიდსა და მცირეს, გელათს, სვეტიცხოველს, ალავერდს, მეცნიერს, გლახაკს, ალალს და მართალს!!! ქუთაისს, თბილისს, თელავს, ზუგდიდს, საჩხერესა და ბაღდათს… ვფიცავ ნიგვზარას, ალვანს, საირმეს, დიდგორს, მარტყოფს, ალგეთს და მარანს..

მიწად მოვლენილ სათნოს და მართალს და თვით უფალს ყველაზე კეთილს და მაღალს!!! „თუ უფლის ნება არ დაჩნდა ზოგში, რა გამოარჩევს კაცს კაცთა ჯოგში“

 

თავი I

 

დაბადება და ბავშვობა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, დავიბადე ეპოქაში, როცა ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი ირღვეოდა, მონსტრი ჩჩჩP იშლებოდა, პატარა ერებს შანსი ეძლეოდათ, 70-წლიანი ოკუპაციისგან თავი დაეღწიათ (მკითხველო, ეს წიგნი თან ჩემი ისტორიაა, თან ჩვენი ქვეყნის ჩემეულად აღქმულ-გაანალიზებული, განვლილი გზა 1989 წლიდან 2017 წლის 13 მარტამდე. ამ დღეს უკანონოდ და უზნეოდ შემეზღუდა ადამიანის ერთადერთი უმთავრესი უფლება, რასაც თავისუფლება ჰქვია).

არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე 2 მიზეზის გამო: წინა დღე, 23 თებერვალი, წითელი არმიის დღეა, ხოლო მომდევნო დღე, 25 თებერვალი, _ საბჭოთა ოკუპაციის. ამ დღეს დაეცა თბილისი, გენერალმა კვინიტაძემ უკან დაიხია და ქალაქიდან მთავრობასთან და ჯართან ერთად გაიქცა! სიმბოლურია, რომ ოკუპანტ ძალას წინ მოუძღოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული, ეთნიკურად ქართველი, სულით ბარბაროსი და ქმედებით ტარტაროზი შალვა ელიავა. ახლაც ასეთი ორჯონიკიძეები ეწევიან ქართული სულის ოკუპაციას, ცნობიერების დამახინჯებას, ფიზიკურ და გენეტიკურ განადგურებას, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების დევნას და 1000 ბოროტებას, რაზედაც გვექნება შესაბამის თავებში ვრცლად საუბარი.

ჯერ კიდევ შაჰ-აბასის პოლიტიკის მთავარი თეზისი მოქმედების უფრო დახვეწილი მეთოდები იყო, რამეთუ ცნობილია ქართველის ხელით ქართველის მტკივნეულად დამარცხება!!!

თებერვლის 24 გათენდა, ქუთაისური თოვლ-ჭყაპი, თან გარეთ ცივი ქარი ბობოქრობდა. როგორც გადმომცეს, 12 საათზე დავბადებულვარ… მძიმე დრო იდგა, მშობლები ეროვნული მოძრაობის ქარცეცხლში შევარდნილები იყვნენ და ბებომ, მთელი არსებით სპეტაკმა ქალბატონმა, რომელიც ადრე დაქვრივდა, მთელი ცხოვრება ზნეობის, ოჯახიშვილობისა და ადამიანობის მაგალითად მიქცია, ხელი მოჰკიდა ჩემს გაზრდას და მოგვიანებით, _ აღზრდას.

როცა ცნობიერება მომივიდა, პირველი კადრი, რაც მახსოვს, 1993 წელია, ცხინვალის ქუჩაზე გავიზარდე, 2-სართულიან კორპუსში და ფანჯრიდან დანახული პირველი, რაც მახსოვს, ეროვნული სამფეროვანი დროშის ფრიალი და მიტინგია! როგორც მოგვიანებით აღვიქვი, საქმე ისაა, რომ ჩემი ფანჯრიდან ქუჩის გადაღმა შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოა, სწორედ მის წინ მიმდინარეობდა ეს მიტინგი… მოგვიანებით, როცა მთელი სიცხადით გავათვითცნობიერე, რა მოხდა იმ წლებში, ზვიად გამსახურდია ჩემთვის გმირი გახდა!!! გმირი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და მოიპოვა კიდეც (თუმცა რამდენიმე შეცდომა მანაც დაუშვა). მას ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო უნდოდა, ძლიერი ეკონომიკით, სამხედრო წარმოებით, მართლმადიდებლური მორალით გაჯერებული საქართველო. მის რამდენიმე შეცდომას დაემატა მისი არაკომპეტენტური გარემოცვა, უამრავი შარლატანი, წითელი ინტელიგენცია, ასევე პარტიული ელიტა, ვის ხელშიც იყო ფინანსები. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, დანგრეული ქვეყანა, მშიერი ხალხი, არეული ცნობიერება, გაპარტახებული ეკონომიკა, ფურცელზე არსებული სახელმწიფო, სათავეში გამყიდველი კორუმპირებული ელიტით… მოკლედ, შევედით უძრაობისა და უზნეობის ეპოქაში, დადგა ჟამი მედროვეთა…

ამასობაში დრო ნელა, მაგრამ მაინც გადიოდა. 6 წლის ვიყავი, უბანი „ზასტავა“ ხუთი თითივით ვიცოდი. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ცხინვალის ქუჩა რუსთაველზე გადიოდა, რომლის გადაღმაცაა უკვე ჩემი დედული. უნივერსამის უკან (ახლა „პოპული“) დედის ბავშვობის სახლია, სადაც ასევე ვიზრდებოდი, ახლა ბებო, ბიძა მეუღლითურთ და პატარა ლეკვი ლუკაჩო ცხოვრობენ. მოკლედ, ორმაგი „ზასტაველი“ ვიყავი, ამით სრულად და კეთილად ვსარგებლობდი. რევოლუციამდელი ბავშვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი თაობა იმ მწირი სათამაშოებით ერთობოდა, რასაც თვითნაკეთი ხმლები, იარაღი და ბურთი ჰქვია. სწორედ ამ უკანასკნელმა გამიტაცა მთელი არსებით ისე, რომ სანამ შემეძლო (თავზე ტრავმის მერე), მთელი ჩემი ენერგია აქეთ მივმართე, ცხოვრების წესად ვაქციე და უამრავი დაუვიწყარი ემოცია განვიცადე და სხვებსაც განვაცდევინე. მოკლედ, ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონი, რომელიც ჩემს უბანთან ახლოსაა, ჩემს შტაბ-ბინად იქცა. 3 თუ 4 დაზვერვის შემდეგ მწვრთნელთან მივედი, რომელიც კარგი ქუთაისელი იყო (სულით ტორპედოელი რას ნიშნავს, ამას მოგვიანებით აღვწერ). ასე თამამად მივაჭერი და პირდაპირ ვუთხარი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. ალეკო მასწავლებელმა იმედი არ გამიცრუა და გუნდში ამიყვანა. ასე გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ცხოვრებაში. თითქმის ორი კვირა ისე გავიდა, ჩემებმა არაფერი იცოდნენ. როგორც იქნა, სახლში გავამხილე. ჩემებს ის კი გაეხარდათ, ამდენი დამოუკიდებლად რომ მოვახერხე, მაგრამ 4 წლისას ბებოს აივნიდან (საკუთარი სახლია) ნახტომი შემისრულებია და თავი დამირტყამს, ყურის ბარაბანი გამხევია და ამიტომ შეშფოთდნენ, შეიძლებოდა თუ არა ჩემი ფიზიკური აქტივობა. მამაჩემმა, როგორც ახლაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა და მწვრთნელს სთხოვა, კარში დავეყენებინე. მე, რომელიც 10 ნომრისთვის, ლიდერობისთვის, თამაშის რეჟისორობისა და სცენარიტობისთვის ვიყავი მოწოდებული, მოულოდნელად, უკანასკნელ ინსტანციად ვიქეცი, რომელსაც შეცდომის დაშვების უფლებაც აღარ მქონდა, პირიქით, სხვის შეცდომებს ვასწორებდი. ეს ყველაფერი, მოგვიანებით, ცხოვრების წესად მექცა, მთელი ცხოვრება მომყვება განცდა, რომ ჩემი თავისუფალი არჩევანი მამამ მამური განცდით შემიზღუდა და შემიცვალა, ამიტომ ვაქციე ნებისა და არჩევანის თავისუფლება ჩემს ფუნდამენტურ ღირებულებად… ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი და ცხოვრებაც მიდიოდა თავისი ნელი დინებით.

საერთოდ, ქართველების ერთ-ერთ ნაკლად ტემპის კონტროლის არცოდნა მიმაჩნია, _ როცა უნდა ვიჩქაროთ, მაშინ ვსეირნობთ, როცა საკითხის ფუნდამენტურად შესწავლაა საჭირო, ანალიზი, ფრთხილი, გააზრებული მოქმედება, _ ვჩქარობთ, ვფაციფუცობთ და აღმა ხნულს დაღმა ვფარცხავთ. ამასობაში, ის დროც მოვიდა, როცა შევარდნაძემ მოახერხა და ქუჩები სრულად გაწმინდა მხედრიონისგან. დაიწყო სტაბილიზაციის პროცესი. აქვე ცოდვა გამხელილი სჯობს და ქუთაისს ეს ყველაფერი არც გაუგია, ასევე არ გაუგია „ვარდების რევოლუცია“, წალენჯიხიდან წამოსულმა ავტობუსმა, უბრალოდ, გამოიარა და გზა გააგრძელა, მას ბევრი არავინ გაჰყოლია…

პირველი 4 წელიწადი ჩემსავე უბანში, 23-ე სკოლაში დავდიოდი, რომლის მთავარი „ღირსშესანიშნაობა“ ის იყო, რომ, არც მეტი არც ნაკლები, ქურდების სამჭედლო იყო, _ თავის დროზე, ამ სკოლაში ქურდულის კორიფეები დადიოდნენ. ოთხმა წელიწადმა სწრაფად გაირბინა და მოვხვდი იქ, სადაც აკაკისა და ექვთიმეს უსწავლიათ _ ქუთაისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. საოცარი პედაგოგები მყავდა! არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ჯერ კიდევ, კლასიკური გიმნაზიის მთელი კოლექტივი მოწოდების სიმაღლეზე იდგა: გვასწავლიდნენ ზნეობას, კულტურას, ადამიანობას და მერე საგნებს… უღრმესი მადლობა მათ ამ თავდადებისთვის!!!

ვცდილობ, სწრაფად და ხარისხიანად ვიმოგზაუროთ იმ ეპოქაში, სადაც გასახსენებელი ბევრი არაფერია, მოსაწყენი ერთფეროვნების გამო. დენის მოსვლა დღესასწაული იყო, სადაც წითელი „კერასინკა“, დენის პლიტა, ნავთი თუ შეშის ღუმელი მძიმე რეალობა იყო. მე-6 კლასიდან უკვე ვიცოდი, რა პრიორიტეტები მექნებოდა ცხოვრებაში. უსამართლობას ვერასოდეს ვეგუებოდი და მის აღმოფხვრას თუ ყველგან ვერ შევძლებდი, ის მაინც მქონდა გადაწყვეტილი, ჩემ გარშემო ისეთი გარემო შემექმნა, სადაც უსამართლობა ვერ იბოგინებდა და არასდროს არავინ დაიჩაგრებოდა. მოკლედ, გარდა იმისა, რომ ფეხბურთით ვცხოვრობდი, ვათენებდი და ვაღამებდი, მშობლებმა საჭირო დროს (მაშინ, როცა მოზარდის ცნობიერება ჩამოყალიბებას იწყებს, ათვითცნობიერებს, რომ დიდი სამყაროს პატარა ნაწილია, სწორად და მართლად უნდა იცხოვროს, იშრომოს და იღვაწოს), საქართველოს ისტორია შემომიცურეს (ჟარგონზე რომ ვთქვათ) და მეც აღტკინებით დავეწაფე, აღარ მოვეშვი, შევისისხლხორცე, განვიცადე და ისე შევყევი და ჩამითრია, ამოსვლის სურვილი არც გამჩენია…

მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, ისტორიის მასწავლებელი ჩემს თხოვნას სიხარულით დაჰყვა და ჩემს საყვარელ საგანს სიამოვნებით ვუხსნიდი უსაყვარლეს კლასელებს აზარტში შესული და ემოციებს აყოლილი. როგორც ბავშვები ყვებიან, ისე ბუნებრივი და საინტერესო ყოფილა „ხარშის“ გაკვეთილები, სიამოვნებით გაიმეორებდნენ იგივე პერიოდს მათ ცხოვრებაში. ამასობაში, ბუნება თავისას შვრებოდა _ პირველი მოწონება და ამაღლებული განცდა მეწვია. ბევრი არაფერი მახსოვს, ალბათ, იმიტომ, რომ მოწონების ობიექტი 2 წლით ჩემზე დიდი იყო და ჩვენი ახლო კონტაქტი კონსერვატორულ გარემოში ვერ შედგა. მოკლედ, „რასკლადი“ ასეთი იყო: ბურთი, წიგნი, ქუჩა, გოგოები. ასე მივედი 14 წლამდე. მერე დრო იყო განვითარების. სხვადასხვა ეტაპზე პრიორიტეტები ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მთავარზე მთავარი, რომელიც მყარად მომყვება, ოჯახი და ქვეყნის სიყვარულია. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ საცხოვრებლად არსად წავედი, ისე კი ევროპაც ვნახე, მცირე აზიაც, რუსეთიც და მარტივად შემიძლია ერთი რამ ვურჩიო ჩემს ერს: ყველა ქვეყნისგან ის უნდა ავიღოთ, რაც დასახვეწი გვაქვს, გვჭირდება და სჭირდება ჩვენი ერის განვითარებას და განათლებას!!!

ცოტა ჩემს ოჯახზეც მინდა მოგიყვეთ. თავად განსაჯეთ, რა სახით ვარ ინფორმირებული ამა თუ იმ მოვლენაზე, თემასა და სიტუაციაზე…

 

დღე პირველი ე. წ. კარანტინი, 15 მარტი საღამო:

სასამართლოზე დიდი სტრესი მივიღე არა იმიტომ, რომ შემასახლებდნენ, არამედ ჩემების გამო. მარიამებმა, ასევე ელისომ, ძალიან განიცადეს. მეტირებოდა, მათ რომ ვხედავდი. აუცილებლად უნდა გავაფრთხილო აჩიკო (ადვოკატი), რომ თავი შეიკავონ, მით უმეტეს, უკვე გავიაზრე და დავალაგე, სად და რატომ ვარ!!! არ მეგონა, ასე იოლად თუ გადავლახავდი პირველ დაბნეულობას და არაფერზე ვიდარდებდი, აღარც ბოღმა, აღარც აგრესია, უეცრად ეს ყველაფერი გაქრა, საოცრად მშვიდად ვგრძნობ თავს, ასეთი სულიერად მყარი არასდროს ვყოფილვარ, მე ხომ ზუსტად ვიცი, 13 მარტს არაფერი უკანონო არ მქონია!!! აქ, კარანტინში, პირველ კამერაში მომათავსეს, სადაც ძია ნოდარი დამხვდა, 69-იანი, შევერცხლილი, განათლებული კაცი, მასზე გზადაგზა მოგიყვებით, აქ კი ერთს დავამატებ: სწორედ ასეთი გამოცდილი „ასობნიაკი“ მინდოდა გვერდით და როცა კორპუსზე აწევაზე მიდგა საქმე, როგორც იტყვიან, ხელს გავაყოლე…

ნელ-ნელა გარემოს ვეგუები. შეკამარებულ და, ალბათ, დამიკროფონებულ საკანში ვართ. ძალიან გამიმართლა, რომ გვერდით ძია მყავს. ერთი წამითაც არ ვაძლევთ ერთმანეთს „ჩაქიმვის“ საშუალებას. არანაირი „გონკები“. საუბრები მხოლოდ საქართველოზე, პოლიტიკაზე, ევროპა-რუსეთ-ამერიკაზე, რწმენაზე, ცხოვრებაზე, ლიტერატურა-ისტორიაზე და მოკლედ, „გონკისა“ და „ჩაქიმვის“ დრო ფიზიკურად არაა…

ბუბუ, როგორ მენატრები, ჩემო გოგონავ… ჩემო ნათელო და თბილო არსებავ… ძალიან მიყვარხარ, არაფერზე იდარდო და იჯავრო. ზუსტად ვიცი, მაქსიმუმ, 9 თვე ვიქნები აქ, მე მჯერა შენი, შენი ადამიანობის, ზნეობის განცდისა და რწმენის…

ლიზუნა, ჩემო ანგელოზო, ძალიან მიყვარხარ, აი, უზომოდ, ჩემო ერთადერთო და პირველო სიხარულო. მინდა, იცოდე, რომ შენი მამიკო უდანაშაულოა და პირობას გაძლევ, მე ამას დავამტკიცებ, რაც არ უნდა დროში გაიწელოს. მენატრები, მამი. ვნანობ, რომ უფრო ხშირად არ ვიყავი შენთან ერთად, მამი, კარგად ისწავლე, სული და გონება გაინათლე და წარმატებისთვის ბევრი იშრომე. ჩაგიკარი გულში, ჩემო ანგელოზო <3

 

დავით ხარშილაძე