პასუხი უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსს, ხათუნა ჩარკვიანს

სხვა დროს ჩემი ქმედებები ბევრად რადიკალური იქნებოდა, მაგრამ ეს ის ვარიანტია, როდესაც ყველაფრისგან გვერდზე ვდგები. ამ ფურცლებიდან არასოდეს გადამიხდია მადლობა ელისო კილაძისთვის და ახლა ვუხდი მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილე არ ვიქნები იმ სიბინძურისა, რაზედაც ქვემოთ მინდა დავწერო.

2017 წლის 14 იანვარს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამპატიჟეს. დამირეკა უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მთავარმა კონსულტანტმა მედიის საკითხებში, ხათუნა ჩარკვიანმა. სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ზოგადად, ასეთი სხდომები და კონფერენციები მოსაწყენია და, მაინცდამაინც, არ მაინტერესებს. ჩემდა გასაკვირად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გამოსვლა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დარბაზში მსხდომთაგან, მე მგონი, ბოლომდე მარტო მე ვუსმენდი. საუბარი იყო სასამართლოში მიმდინარე რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე, ახალ პოზიციებსა და ა. შ. არადა, კონფერენციაზე მხოლოდ ხათუნა ჩარკვიანის ხათრით მივედი, რომელთანაც წლების მეგობრობა მაკავშირებს და რომელიც ამ თანამდებობაზე ახლად დანიშნული იყო.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩარკვიანისთვის არ დამიმალავს და ვუთხარი, _ ძალიან საინტერესო ანგარიში იყო და ნინო გვენეტაძესთან ინტერვიუ ხომ არ გამეკეთებინა-მეთქი? _ ძალიან კარგი იქნებაო, _ მივიღე პასუხი. _ მაშინ, ამ გამოსვლას გავაინტერვიუებ, მხოლოდ დამატებით კითხვებს გადმოგიგზავნი, უფრო რომ გამოვაცოცხლოთ და შენ ეს ყველაფერი ნინოს შეუთანხმე-მეთქი. ხათუნა ჩარკვიანი სიხარულით დამთანხმდა, ხაზს ვუსვამ, _ სიხარულით დამთანხმდა. ვთხოვე, რომ ნინო გვენეტაძისთვის ტექსტი გამოერთმია. ჩარკვიანი მასთან მივიდა (აი, აქ ქალბატონ ნინოს ვთხოვ, გაიხსენოს ეს დეტალი, იმიტომ, რომ მის წინ ვიდექი), ამობეჭდილი ტექსტი გამოართვა, რომელიც ხელში ეჭირა და მომიტანა. ვუთხარი, რომ ჩემთვის ტექსტის ელექტრონული ვერსია გადმოეგზავნა, ამხელა ტექსტის აკრეფაში დრო რომ არ დამეკარგა.

კონფერენციის შემდეგ ხათუნა ჩარკვიანმა თავის სამსახურებრივი მანქანით უზენაესი სასამართლოს შენობაში წამომიყვანა, კაბინეტში ამიყვანა და  მოხსენების ელექტროვერსია გადმომიგზავნა. შევთანხმდით, რომ მე ტექსტში კითხვებს ჩავსვამდი, დამატებით კითხვებს კი ცალკე გადმოვუგზავნიდი და მასზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პასუხს გააცემინებდა.

ასე და ამგვარად, ნინო გვენეტაძის ტექსტი ხათუნა ჩარკვიანმა გადმომიგზავნა შაბათს, 14 იანვარს, კონფერენციის შემდეგ, 16.21 სთ-ზე. ამის შემდეგ ჩვენ გვიანობამდე ერთად ვიყავით, კაფეში ვისხედით, სამომავლო გეგმებზე ვმსჯელობდით და ა. შ. ორშაბათამდე კიდევ რამდენჯერმე შევეხმიანეთ ერთმანეთს და ვინაიდან შაბათ-კვირა დასვენება უწევდა, ამიტომ გადაწყდა, რომ მასალა მომავალ კვირას გავიდოდა.

20 იანვარს ხათუნა ჩარკვიანის პირად მეილზე კითხვები გადავუგზავნე.

აი, ეს კითხვებიც:

„1. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს (სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით) რა შეფასებას მისცემდით?

  1. ზაქარია ქუცნაშვილი დღემდე აპელირებს იმით, რომ პასუხი არ გაეცით მის კითხვებს. ნუ დავუტებთ მას ამ სათქმელს და ერთხელ და საბოლოოდ გავცეთ პასუხი:

ა. რამდენი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი თქვენი მრავალწლიანი სამოსამართლეო საქმიანობისას?

ბ. ზაზა მეიშვილთან ერთად იღებდით თუ არა მონაწილეობას მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაში?

გ. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პოლიციელი თქვენ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან და ეს გადაწყვეტილება „გაამართლეთ“ უკიდურესი აუცილებლობით? გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრთამის აღების გამართლებით რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადარჩა?

დ. ბორის მჭედლიძის საქმეზე ძალაში დატოვეთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მისი მოადგილის ჩვენების საფუძველზე, რის შედეგადაც მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიესაჯა და ოჯახი დაენგრა. იყო თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ბ. მჭედლიძის დანაშაულს ადასტურებდა?

ე. ვალერი გელაშვილისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა და ქონების ჩამორთმევისთვის შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი მაშინდელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან თქვენზე ზეწოლას, რაც მისი ოჯახის 2 წევრის დაპატიმრება-გატაცებით და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო 1.5 მილიონის ღირებულების ქონების ჩამორთმევით დამთავრდა?“

ბუნებრივია, ტელეფონითაც შევეხმიანე, რომ კითხვები გადმოგზავნილია, რაზეც პასუხი მივიღე, რომ ნინო ვენეტაძეს შეუტანდა და გადმომიგზავნიდა. მას შემდეგ, რაც ამ კითხვებზე არანაირი პასუხი არ მიმიღია, ჩავთვალე, რომ ნინო გვენეტაძემ ისინი ზედმეტად კრიტიკულად მიიჩნია და პასუხი არ გასცა, ამიტომ, როგორც ხათუნა ჩარკვიანთან თავიდანვე შევთანხმდით და მივიღე მისგან თანხმობა, მის მიერ გადმოგზავნილ ტექსტში კონტექსტიდან გამომდინარე კითხვები ჩავსვი (ხაზს ვუსვამ, მხოლოდ კონტექსტიდან და ტექსტიდან გამომდინარე კითხვები). ისე რომ, ტექსტის შინაარსი არ შემიცვლია და ხათუნა ჩარკვიანს პირად მეილზე 23 იანვარს, დილის 8.28 წთ-ზე გადავუგზავნე. მოგვიანებით დავურეკე. ჩარკვიანი არ პასუხობდა. მისგან მივიღე მესიჯი, რომ სემინარზე იყო.

ახლა, ბუნებრივია, ისმის კითხვა, _ რატომ გადავწყვიტე, რომ ტექსტში ჩამესვა კითხვები და რატომ არ ჩავწერე ნინო გვენეტაძესთან ცოცხალი ინტერვიუ? _ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნინო გვენეტაძის ინტერვიუს ვერ ვეღირსებოდი. ამის მაგალითი არის ვოლსკი. რამდენჯერაც არ სთხოვა „ქრონიკა+“-მა ჩემი სახით ვოლსკისთან ინტერვიუ, იმდენჯერ თანხმობას ვიღებდით ჩარკვიანისგან, მაგრამ არა ვოლსკის ინტერვიუს. ჩემი კოლეგები „ქრონიკა+“-დან მხოლოდ იმ შემთხვევაში წერდნენ ვოლსკის, თუ პირდაპირ დაუკავშირდებოდნენ, ის კი ტელეფონს უპასუხებდა. ამ ხნის განმავლობაში ამბრაზურასავით ვიყავი ხათუნაზე გადაფარებული, ეს ამბავი ელისო კილაძესთან რომ არ მისულიყო. არასოდეს დავწერდი ამას, მაგრამ ბოლოს „ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბიდან, არჩევნების დღეს დავურეკე და ვთხოვე, _ ხათუნა, ვოლსკი ჩამაწერინე ტელეფონით, ძალიან გთხოვ, დაგელოდები-მეთქი. _ სულ ტყუილად.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მეგობრობაზე წინ ეს ფაქტორი არასოდეს დამიყენებია.

მედიასთან მიმართებით კანონმდებლობას თუ ჩავხედავთ, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულ ინტერვიუზე წერილობით არ იღებ უარს, მისი გაშვების უფლება გაქვს. მით უმეტეს, რომ ტექსტი, გასაინტერვიუებლად, თავად პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა ჩარკვიანმა გადმომიგზავნა.

„ქრონიკა+“-ში ხსენებული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა, მე ვიტყოდი _ ამაზრზენად.

დილით, სხვა ზარებთან ერთად, ხათუნა ჩარკვიანისა და „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის გამოტოვებული ზარები დამხვდა. პირველი ელისო კილაძეს დავურეკე, რომელმაც დამამშვიდა, _ თამუნა, არ ინერვიულო, მაგრამ შენმა დაქალმა დარეკა და მითხრა, რომ შენ, თურმე, ნინო გვენეტაძისგან არანაირი ინტერვიუ არ აგიღიაო. მე კი ვუთხარი, _ ხათუნა, შენს მეგობარზე როგორ მირეკავ და მაგას როგორ მეუბნები, როცა მისი სახელით მოდიოდი და ვოლსკისა და დავით ბაგრატიონის პიარს მთხოვდიო. ჩარკვიანმა ელისო კილაძეს განცხადების გამოქვეყნება მოსთხოვა, რაზეც პასუხი მიიღო, _ მოიტანე და განვიხილავთო. მეორედაც დაურეკა ჩარკვიანმა „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს, ამჯერად იმის სათქმელად, რომ „ქრონიკა+“-ისა და, კონკრეტულად, ჩემი _ თამარ როსტიაშვილის საწინააღმდეგო განცხადება მათ „ინტერპრესნიუსს“ფასიანი სარეკლამო გვერდის სახით შეუკვეთეს.

აი, ეს განცხადებაც:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

24 იანვარს გაზეთმა „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტ თამარ როსტიაშვილის ე. წ. ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური აცხადებს, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტ თამარ როსტიაშვილის შეხვედრის ფაქტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ინტერვიუს აღების მიზნით ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვარს გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სტატია „ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან“, შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აღებულია ა. წ. 14 იანვარს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებიდან. ამასთან, სტატიაში ჟურნალისტის მიერ ვითომდა დასმულ კითხვებზე პასუხებად გამოყენებულია კონტექსტიდან ამოღებული, სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაცია და, სავარაუდოდ, წარმოადგენს ჟურნალისტის თვითშემოქმედებას და მის ნააზრევს. საქართველოს უზენაესი სასამართლო იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულზე გაზეთის რედაქცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს“, _ ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში“.

ეს ის ვარიანტია, საკუთარი სკამის გადასარჩენად ყველაფერს რომ მეგობარს „შეტენი“ (ბოდიში სლენგისთვის). ან, რას ნიშნავს, ჟურნალისტმა ამოკრიფა „სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაცია და, სავარაუდოდ, წარმოადგენს ჟურნალისტის თვითშემოქმედებას და მის ნააზრევს“?

ახლა კი ხათუნა ჩარკვიანს მინდა, მივმართო: სამი დღე დამჭირდა, რომ გონზე მოვსულიყავი. სამი დღე ვისმინე ტექსტი, რომ რაც ჩარკვიანმა ჩაიდინა, საპატიებელი არ არის. მე ჟურნალისტი ვარ, საგამოძიებო კუთხით, საკმაოდ ძლიერი სკოლა მაქვს გავლილი და ვმუშაობ ასეთივე ძლიერ გამოცემაში. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ჩემგან ქვებს ნუ დაელოდები! მე იმ დონეზე არ დავეცემი, რა დონეზეც შენ დაეცი. სულ რომ საშინელება დამეწერა ნინო გვენეტაძეზე, თანამდებობა მეგობრობაზე წინ არ უნდა დაგეყენებინა.

მე არ დავაყენებდი.

 

თამარ როსტიაშვილი