,,პარტიამ ღამის „სხადნიაკი“ ჩაატარა და კახეთი გამოიძახა!”

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველაფერი უკუღმა მიდის…

ეს ის ქვეყანაა, სადაც პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს ებუტებიან… სადაც ერი ბერს ებრძვის, ბერი კი _ რწმენას!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც 2012 წლამდე ღატაკი დღეს რომის პაპივით მდიდარია, სადაც სუს-ი მართავს მონასტერს და ერთი არაფორმალი დირექტორი გვყავს…

ჩვენ ის ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ტყეებს ზღვით, მატარებლით და, ლამის, საჰაერო გზითაც გადარგავენ… სადაც პედოფილებს გვირგვინს ადგამენ და ოკუპანტ რუსებთან მებრძოლებს სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პენსია 180 ლარია, ხოლო პარლამენტარის ხელფასი _ 5000!

ჩვენ ვართ ჯიპებისა და ყვითელი ავტობუსების ქვეყანა! ჩვენთან საშუალო არ არსებობს, ჩვენთან ყველაფერი მაქსიმალურია, ან მინიმალური, სადაც ეკლესია უფრო მდიდარია, ვიდრე სახელმწიფო!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც დღეში იმდენ საწვავს ვაძლევთ ბიუჯეტიდან გამგებლებს, რომ მთელი წლის ბოლოს მივხვდებით, იმ საწვავით 6-ჯერ ჩავალთ რომში და უკან დავბრუნდებით!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მოსამართლე ზოოვეტი გვყავს, ხოლო ზოოინსტიტუტი გაუქმებულია, სადაც ქალაქები ისე დავხურეთ და გავაუქმეთ, რომ არც კი გვიკითხავს ხალხისთვის, რა მოსწონდათ!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც 2017 წელს ბიუჯეტიდან აუთვისებელი მილიონობით ლარი გვაქვს, მაგრამ 50-ლარიან დახმარებას მაინც არ გავცემთ!

ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც არჩევნებზე 25% დადის და ჯამში 15%-ის არჩეულები საკუთარ თავს უმრავლესობას ეძახიან!

ჩვენ ვართ ქვე-ყანა, სადაც ჩვენი დირექტორი ბიძინა გვეკაიფა, დაგვცინა, ყომარში მოგვიგო, გაგვაგორა კაი კამათლებივით და მერე თავის შვილს აჩუქა გასართობად…

დიახ, ჩვენ ბერას ქვეყანა ვართ, რადგან ბერა ამ ქვეყანაში კონსტიტუციაზე, კანონსა და ყველაფერზე მაღლა დგას…

ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც გახდე მცირეწლოვანი მილიონერის სათამაშო _ ეს სიტუაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფრანსუა პერენი ბიჭუნასთვის ერთადერთი, ჭეშმარიტად საყვარელი ადამიანი გახდა.

მაგრამ ბერას თუ უყვარს სათამაშო _ თავისი ქვეყანა საქართველო _ ეგ საკითხავია.

 

ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი კახურად

 

ცისფერი მთების, ანუ დაუჯერებელი ამბის ამბავი ყველას ახსოვს: ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა _ თათბირიდან _ ბანკში, ბანკიდან _ შეხვედრაზე, შეხვედრიდან _ ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად; რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც _ მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია. ფილმი ალეგორიულ-აბსურდული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტიანობა სრულდება პირდაპირი მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანითით კი _ საბჭოთა სისტემის ნგრევით.

მართალია, ჩვენს ქვეყანას საბჭოეთის ნაწილი აღარ ჰქვია, მაგრამ ბერას ქვეყანაშიც, დაახლოებით, ის ამბები ხდება, რაც წლების წინათ…

 

ეროვნული (სახელმწიფო) სუვერენიტეტის არსებობისას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს:

  1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება;
  2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
  3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება;
  4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს;
  5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება;
  6. ასოციაციების თავისუფლება;
  7. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლების ჩათვლით;
  8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება _ შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.

საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

ადგილობრივი თვითმმართველობა: ესაა კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველი, ხელისუფლების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ერთად, განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობის სისტემას.

ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და შესაძლებლობა, რეგლამენტაცია გაუკეთოს სახელმწიფო საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილს და მართოს იგი კანონის ფარგლებში, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით დადგენილ ფარგლებში, ფლობენ მოქმედების სრულ თავისუფლებას.

ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი, ანუ როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოებისა და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზირებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს.

 

ოთხშაბათის თათბირი _ ვის უნდა კიდევ მერობა?!

 

თუ გასულ წელს ყველამ იცოდა, კანდიდატი ბიძინას რომ უნდა შეერჩია, წელს ეს წესი დარღვეულია. მიზეზი ერთია: ბიძინა კიდობანშია, სუს-ი _ განცხრომაში, პრემიერი _ გაურკვევლობაში, პარლმენტის თავმჯდომარე _ ხიბლში, ზეპარტია „ოცნება“, კიდევ…

ჰოდა, როგორც იქნა, პარტიამ ღამის „სხადნიაკი“ ჩაატარა და კახეთი გამოიძახა…

ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სათითაოდ ეჭორავნენ, ცოტა აღსარებაც ჩაიბარეს და ცოტა ოცნებებიც მოაყოლინეს.

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, რომ გამგებლობა ისევ მინდა და ხელს არაფერიც არ მიშლისო.

მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატი სამხარაული რომ არ სწყალობს, ის არ უთქვამს.

თელავის გამგებელმა, ალიკა შათირიშვილმა, აღარ მინდა გამგებლობა, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეობა მირჩევნიაო… გამგებელს სესიაშვილი კი სწყალობს, მაგრამ, აი, თელავის მერმა პლატონმა კი განაცხადა, _ დაბადებიდან მოწოდებით მენეჯერი ვარ, და ზუსტად ვიცი, რომ თავს გავართმევ და თელავის მენეჯერიც ვიქნებიო. ჩემი სულიერი მოწოდებაა მერობა და დიახ, ისევ მინდა, რომ მერი ვიყოო. თუმცა იქ ხომ არ მოჰყვებოდა, ჩემი მაჟორიტარი სესიაშვილი დასანახად ვერ მიტანს, საპარლამენტო არჩევნებზე შტაბშიც კი არ შემიშვა, სანამ მეორე ტური არ დასჭირდა მანამდე, ასე მარტოსულად დავდიოდიო…

ლაგოდეხის გამგებელს ბევრი არც ულაპარაკია, თუ დეიდაშვილი კალაძე თბილისის მერობისთვის ემზადება, აბა, მეორე დეიდაშვილი, მინიმუმ, ლაგოდეხის თავი მაინც ხომ უნდა იყოს?..

საგარეჯოს გამგებელმა, _ მინდა, მეკუთვნის და ეს ადგილი ჩემიაო… კვერცხების ბიზნესმენი მაჟორიტარი დეპუტატიც კვერს უკრავს, _ ეკუთვნის, ეკუთვნისო!

გურჯაანის გამგებელმა გერგიძემ _ მადლობა, რომ მიმსახურეთ, მაგრამ სახლში მივდივარო.

სიღნაღის გამგებელმა ჯანიკაშვილმა კი, _ მინდა, განა არ მინდა, მაგრამ ამდენი ვენახი რომ მაქვს და ჩემს საქმესა ვცდები, ახლა ეგ მაფიქრებსო.

ნუ, დედოფლისწყარო ლაგოდეხივით გადაწყვეტილი იყო, _ ნიკოლოზ ჯანიაშვილი არის და იქნება მანამდე, სანამ კიმ ჩენ ინის ერა არ დასრულდება ჩრდილო კორეაში.

აღმოჩნდა, რომ ბერას ქვეყანაში გამგებლების ბედს განიხილავს პარტია, რენტგენზე გაჰყავს სუს-ს, რეზოლუციას ადებს მაჟორიტარი და ბეჭედს ასვამს ბერა. მაგალითად, გურჯაანში გამგებლის კანდიდატურას ბეჭედი უკვე დაასვა ბერამ და მომავალი გამგებელი ივანიშვილის დეიდაშვილ მამაცაშვილების მოურავი, ვანო ბერიძიშვილი გახდება!

 

მაკა მოსიაშვილი