პანდორას ქვევრი

ამაზრზენია შერჩევითი სამართალი და კიდევ უფრო გულის ამრევია შერჩევითი აღშფოთება. ყველა მომკივანი, ვინც წლობით გაჰკიოდა, „ქუჩაში ბიჭებს გვიხოცავენ“ და დღეს ჩუმად გდია, გეკითხებით, რისი ღირსია?

მე შვილები არ მყავს და გული მისკდება, ბოღმა მახრჩობს და თქვენ, ვისაც შვილები გყავთ, რის იმედად, ვის იმედად ხართ? რა გაძინებთ მშვიდად ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ბოლო ორ დღეში სამ ბიჭუნას კლავენ? კლავენ დღისით, მზისით, ისე როგორც მარკესთან წაგვიკითხავს… კი არ მოკლეს _ დაკლეს, დაკლეს გაუგონარი სისასტიკით და რატომ გგონიათ, რომ იგივე თქვენს შვილს არ შეემთხვევა?! რატომ გგონიათ, რომ ეს განსაცდელი აგცდებათ?! რა გაძლევთ ამის გარანტიას ამ ქვეყანაში?! გეკითხებით, რის, ვის იმედად ხართ?! იმ პროკურატურის, რომელიც რეალურად ხელს აფარებს დამნაშავეს?! აბა, რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ვიდრე ელისო კილაძის დამსახურებით ქვეყანამ არ გაიგო, რომ დანაშაულში გარეული ერთი ყმაწვილის მამა პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, თავად პროკურატურამ მანამდე საერთოდ კრინტიც არ დაძრა ამ თემაზე და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ამოღერღეს, რომ ინციდენტში მონაწილე ა.ს-ს მშობელი მართლაც პროკურატურის თანამშრომელია? გეკითხებით, ვისი, რისი იმედი გაქვთ?! ღმერთის? რატომ გგონიათ, რომ ღმერთი ასე უშურველად დაიფარავს ფარისევლებს, სასტიკ დანაშაულზე ასე გაჩუმებულებს და ენაჩაგდებულებს? ანტიკური სიმძაფრის ტრაგედია უკვე მომხდარია, სიცოცხლეს მხეცურად გამოსალმებულ ყმაწვილებს ვერავინ დაგვიბრუნებს და აღარ ვიცი, რა უფრო თავზარდამცემია _ თვითონ ეს გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, თუ ის, რომ არც ერთი მოზარდი სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს?!
ჩემი აზრით, მომხდარი დანაშაულის მიზეზიც სწორედ აქ, მოზარდების სამართალდამცველებთან ართანამშრომლობაშია საძებნი! დიახ, ეს დანაშაული სწორედ იმ მენტალიტეტის უპირობო პროდუქტია, რომელ მენტალიტეტსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უწოდა ჩასარეცხი მენტალიტეტი! აღარც მახსოვს, უკვე მერამდენედ შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტერმინი ჩასარეცხი გამოიყენა სწორედ მენტალიტეტთან და არა ინტელიგენციასთან დაკავშირებით! გამოიყენა მაშინ, როდესაც სწორედ მაგ ინტელიგენციის წარმომადგენელმა ღიად და საჯაროდ ბრძანა, რომ პოლიციისთვის მკვლელზე ჩვენების მიცემა ჩაშვებაა. ეს მენტალიტეტი არ ჩაირეცხა, ირეცხებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და სწორედ ეს მენტალიტეტი აღზევდა ისევ. აღზევდა იმიტომ, რომ მკვლელებსა და ჯიბგირებს ძეგლი დაუდგეს, ერთი ხელის მოსმით ათასი ჯურის დამნაშავე პოლიტპატიმრად და უმანკო კრავად შერაცხეს და გარეთ გამოუშვეს. რაფალიანციდან მოყოლებული არაერთი მკლელობის საქმე დიდი ფარცხით ფარცხეს, შეგვაგუეს ქუჩაში მკვლელობებს, აღარც ვიცი, რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო ამ რამდენიმე წელიწადში!.. მერე რა, რომ ვერც ერთი მოკლული ბიჭი ვერ იქცა ვაზაგაშვილივით კლასიკად და ქრესტომათიად… შევეგუეთ ხალხის ხოცვას და რაც მთავარია, ამ ხოცვაზე კიდევ უარესს _ დაუსჯელობას. დიახ, სწორედ დაუსჯელობაა ჩადენილ დანაშაულებზე უარესი, რა სიმძიმის დანაშაულიც არ უნდა იყოს ჩადენილი! რადგან სწორედ დაუსჯელობა შობს და ახალისებს ახალ-ახალ დანაშაულებს, კიდევ უფრო სასტიკს. სახელმწიფო არ სჯის დამნაშავეებს, საზოგადოება კი, თავის მხრივ, ახალისებს მათ _ მხილებას ჩაშვებად მიიჩნევს და ქურდს იმ ბნელ ღამეს სჩუქნის, რომელიც მას ასე უნდა. დიახ, ეს ყველაფერი სწორედ იმ „ქურდებმა“, კრიმინალურმა სამყარომ მოახვია საზოგადოებას თავს კომფორტულად საპარპაშოდ. თვითონ კლავენ, ძარცვავენ, ყაჩაღობენ და თუ შენ ხმა ამოიღე და ამხილე, დაჩაგრული დაიცავი, ბოზი ხარ და ჩამშვები. თავად სპეტაკები არიან და შენ ხარ ბოზი და ჩამშვები! შეუძლებელია, არ დაეთანხმო მწერალ ზალიკო სამადაშვილს, რომელიც წერს, რომ ერთ-ერთი ვეშაპი, რაზედაც კრიმინალური სამყარო დგას, სწორედ ბოროტმოქმედების მხილებისა და ბეზღობის _ „ენის ავად მიტანის“ გაიგივებაა ერთმანეთთან, ზღვრის წაშლაა მათ შორის. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული, ადამიანებისთვის სასიკეთო და მათთვის უაღრესად საზიანო ქცევების ერთმანეთში აღრევა სწორედ იმიტომ ხდება, რომ საკუთარი ბნელი ზრახვები განახორციელონ დაუსჯელად! და ეს ყველაფერი ვისგანაა წახალისებული? „პატივსაცემი“ ინტელიგენციის მხრიდან! და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იგივე პატრიარქის მხრიდან! სოციალურ ქსელში ლაშა ბერულავამ გაიხსენა პატრიარქის 2012 წლის 17 ივნისის ქადაგება, სადაც პატრიარქი ამბობდა, რომ სკოლის მანდატურები ჩვენს შვილებს ენის მიმტანებად აქცევენ… ისევე როგორც იქ, ფეისბუკში, ახლა გაზეთის კითხვისასაც გამოჩნდებიან ისინი, რომლებიც ომახიანად დაგვძახებენ, როგორ ბედავთ და ამ ტრაგედიას პატრიარქს აბრალებთო. არა, ბატონო, ამ ტრაგედიას არავინ აბრალებს არც პატრიარქს და არც იმ „ინტელიგენციას“, ეს ტრაგედია იმ მენტალიტეტის ბრალია, რომელსაც ისინი ნერგავდნენ და ნერგავენ ასეთი რუდუნებით! დიახ, სწორედ ამ მენტალიტეტის ბრალია და არა რომელიმე კონკრეტული სკოლის, ან პედაგოგის! და ჩვენ რას ვაკეთებთ?! ვდგავართ და სკოლებს, პედაგოგებს ვლანძღავთ და ვთათხავთ. არადა, ერთ წამს, იქნებ, დავოკდეთ და დავფიქრდეთ, რა უნდა ქნას პედაგოგმა, როდესაც ბავშვს სახლში ჰყავს კრიმინალური მენტალიტეტით აღჭურვილი მშობელი?! ლევან ღამბაშიძემ გაიხსენა, როგორ ესაუბრებოდა თავის 12-13 წლის მოწაფეებს ძალადობაზე, ერთმანეთის ხოცვაზე, შარის თავიდან აცილებაზე და ისიც, კითხვაზე, _ შენ რას იზამ, შარში თუ გაეხვევიო? _ რა უთხრა მისმა ერთმა მოწაფემ, _ ბიძაჩემს ვეტყვი, იარაღს მომცემს და წავალ, ფეხებს დავუხვრეტ იმას, ვინც გამაბრაზაო… გეკითხებით, მართლა რა უნდა ქნას და რა უნდა გააწყოს პედაგოგმა, როდესაც ზოგიერთ ბავშვს მართლა ასეთი გამოთაყვანებული ელოდება სახლში, რომელიც მზადაა, ლაწირაკს იარაღი მისცეს? ბავშვისთვის რომ მშობელი, თუ გავლენიანი ნათესავი რომ უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე სკოლის პედაგოგი, ამაში გეპარებათ ვინმეს ეჭვი? მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ის მშობელი თუ ნათესავი, როდესაც იმ ჭკუაზეა, რომელიც ბავშვს უფრო აწყობს და ხიბლავს?
პედაგოგმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, როდესაც ბავშვს სახლში სხვა რამ ესმის, იმ პედაგოგის ჭკუაზე ივლის? და რა ესმის ბავშვს სახლში? იგივე, რაც ქუჩის აკადემიაში! რომ ჩვენების მიცემა ჩაშვებაა, ბოზობაა. უკაცრავად და ხომ არ გვავიწყდება, რომელი თაობაა ამ 16 წლისების მშობლები? ან, იქნებ, გაგახსენოთ, როგორი ბიჭები იყო მოდაში ვერა-ვაკის საგრაფოში იმ 90-იან წლებში? ოდნავ თუ კოჭლობდა, რა შარავანდედით იმოსებოდა გოგოების თვალში? როგორ კიჩურად იყო ტრასფორმირებული „ვაჟაი ნაჩეხი სჯობს“?!.
და რაღა გასაკვირია ამ ყველაფრის მერე, რომ მოზარდები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან?!. გასაკვირი არაა, მაგრამ თავზარდამცემია, რადგან ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ის მენტალიტეტი, ჩასარეცხი მენტალიტეტი კი არ ჩარეცხილა, ამ ბოლო წლებში იმ დოზით აყვავებულა და გაფურჩქნულა, რომ არც ერთი მოზარდი არ იღებს ხმას. არც ერთი მშობელი არ აიძულებს შვილებს, თქვას სიმართლე! ვიღაცას, ალბათ, შურისძიების ეშინია, არც უამისობაა, ვიღაც, იქნებ, სულაც არაა ამ მენტალიტეტის აპოლოგეტი, მაგრამ საკუთარი შვილი ენანება იმ იარლიყისთვის, რასაც მიაწებებენ ჩვენების მიცემის შემდეგ. ესეც გასაგებია, მაგრამ… მაგრამ მართლა მაინტერესებს, საკუთარი შვილები არ ენანებათ ამ ტვირთისთვის? უბანში ჩამშვების იარლიყი ტვირთია ამ ცხოვრებაში და საკუთარი მეგობრის, თანატოლის მკვლელის დაფარვა, ამ გაუგონარი დანაშაულის დაფარვა ტვირთი არაა? მოასვენებს ეს ცოდვა ამ თითისტოლა ბიჭებს მთელი ცხოვრება? ერთხელ მაინც არ შეახსენებს თავს ცხადში თუ არა კოშმარში მაინც ეს ყველაფერი? ან იმათ, ვინც ასე მხეცურად მოკლეს თანატოლი, თუ სასჯელი მაინც არ მოიხადეს და ამ გზით მაინც არ გამოისყიდეს ჩადენილი, რა მოასვენებთ ამქვეყნად? მახსენდება თითქმის ათი წლის წინანდელი რამდენიმე შემთხვევა… შეგნებულად არ დავწერ გვარებს. ამ ბიჭებზე ოდნავ უფროს ბიჭს მოგერიებისას შემოაკვდა ბიჭი _ დანიანი მაჯა დაუჭირა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ბიჭის მაღალჩინოსანმა მამამ მომენტალურად, არავის რომ არ უმხილებია ისე, განცხადება დაწერა გადადგომაზე, ექსმაღალჩინოსანმა ბაბუამ კი თავად მიიყვანა და ჩააბარა სამართალდამცველებს შვილიშვილი! არადა, იმ ოჯახს ნამდვილად შესწევდა ძალა, წამიერად აეორთქლებინათ ის ბიჭი ამ ქვეყნიდან. მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ მათი შვილისთვის, რომელიც მისდაუნებურად გახდა დამნაშავე, სწორედ ასე სჯობდა _ მოეხადა სასჯელი და სასჯელის მოხდის შემდეგ გაეგრძელებინა ცხოვრება! და თქვენ გგონიათ, რომ თუ შვილს ხელს აფარებთ, უფრო გიყვართ, ვიდრე მათ უყვარდათ და უყვართ?
შემთხვევა მოხდა რაიონში. ბიჭმა ბიძაშვილი მოკლა. მკვლელობას შეესწრო მკვლელის ძმა. თითქმის შეიკერა საქმე, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, გაუვარდა… მაგრამ ძმამ ჩვენება მისცა ძმის წინააღმდეგ! უფრო ზუსტად, სწორედ ძმის სასარგებლოდ, რომ იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა. მაღალ მატერიებს რომ თავი დავანებოთ, მან ხელი არ დააფარა, საკუთარ, ძმასავით გვერდით გაზრდილ ბიძაშვილის მკვლელს _ ღვიძლ ძმას. არ დააფარა კი არა, ვერ დააფარა! ვიღაცის თვალში ის, ალბათ, ჩამშვებია, მაგრამ ჩემსა და ჩემნაირების თვალში _ ადამიანი! ერთადერთი კითხვა მაწვალებს იმ მოზარდების მიმართ, რომლებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, _ უნდათ მათ გვერდით ისეთი მეგობარი, რომელიც თვითონ მათ რომ რამე დაემართოთ, მათ მკვლელს რომ ხელს დააფარებს? თუნდაც იმის შიშით, რომ უბანში ვინმემ არ გარიყოს? სულ ერთ წამს წარმოიდგინონ იმ მოკლული ბიჭების ადგილას საკუთარი თავი და გვერდიდან შეხედონ თავის დუმილს.
არ ვიცი, რაღა არ მახსენდება და რაღა არ მიტრიალებს თავში. მახსენდება ფილმი „ვერდიქტი“ სოფი ლორენისა და ჟან გაბენის მონაწილეობით. სოფი ლორენის გმირი, დარწმუნებული საკუთარი შვილის უდანაშაულობაში, თავგანწირვით, აფთარივით იბრძვის შვილის გადასარჩენად. მიდის ყველაფერზე, იმაზეც, რომ მოსამართლის (ჟან გაბენის პერსონაჟის) მეუღლე მძევლად აიყვანოს და მოსამართლეს აიძულოს შვილის გამართლება. აღწევს მიზანს და… შვილისგან იგებს, რომ ის მართლაც დამნაშავეა… სოფი ლორენის გმირს ყველაფერი ემსხვრევა… მიდის და მანქანით შეგნებულად ასკდება კედელს…
არ ვიცი, რისი იმედი აქვთ დანაშაულის ჩამდენთა მშობლებს, ან ამ დანაშაულზე დადუმებული ბავშვების მშობლებს… ეს დღეს შეიძლება ვინმეს სინდისს უამებდეს განცხადებები მანანა კობახიძის სტილში, რომ იქნებ, რა იყო მიზეზი… გამოჩნდნენ კიდეც სოცქსელებში ასეთებიც, იქნებ, ის ბავშვი სულაც თავს იცავდაო, ან საერთოდ რა მოხდა იმ დღეს არასრულწლოვნებს შორისო, რა იყო რეალური მოტივიო?.. წინასწარი პროგნოზებისთვის დაამუნათა კიდეც ყველა, თავდაცვის ვერსიის ავტორმა და „ტვინით დამძიმებულ თავებს“ თავშეკავებისკენ მოუწოდა. მერე რა, რომ მის დამძიმებულ თავში იშვა ვერსია, რომ, თურმე, 12 ჭრილობის მიმყენებელი, თავად რომ ნაკაწრიც არ აქვს, თავს იცავდა… მერწმუნეთ, ეს უკბილო თანალმობები ვერ დააამებს სინდისის ხმას, რომელიც აუცილებლად იფეთქებს…
სხვები კიდევ უფრო შორს წავლენ და აგნიასდებიან, _ მთავრობა რა შუაშიაო, მკვლელობები ყველა ქვეყანაში ხდებაო. მთავრობაც, საზოგადოებაც და ყველაც იმ შუაშია, რომ მათ შექმნეს ეს გარემო, მათ წაახალისეს კრიმინალი _ დაუსჯელობით და მათ აღაზევეს, გააფუეს ის მენტალიტეტი, რომელიც შობს და რომელსაც მივყავართ ამგვარ დანაშაულებამდე. დიახ, ამ ხელისუფლებამ ახადა პანდორას ყუთს თავი! და ახლა ვიმკით პანდორას ქვევრიდან ამოფრენილ უბედურებებს. მითი ის მუდმივადგანმეორებადი მოცემულობაა, ახალ-ახალი ძალით რომ იფეთქებს ხოლმე ვულკანივით ჟამიდან ჟამზე და ნურც იმას გაიკვირვებთ, რომ პანდორა თანამედროვე საქართველოში ყუთის ნაცვლად ქვევრით მოგვევლინა…

რეზო შატაკიშვილი