პავლე კუბლაშვილს დანაშაულის დაფარვისთვის დაიჭერენ?!

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია, საზოგადოებას ორი ხმაურიანი განცხადებით დაამახსოვრდა: ერთი სკანდალი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საპნისა და შამპუნის ხარჯებს ეხებოდა, მეორე _ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიწების სკანდალს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებასთან ლაშა თორდიას რეკომენდატორი ლაშა ნაცვლიშვილი იყო. თორდიამ პირობა დადო, რომ „ოცნების“ სამსახურში გადაპორტირდებოდა და თანამდებობა ამ დაპირებით შეინარჩუნა. მოგვიანებით, მას უჩა მამაცაშვილთან პავლე კუბლაშვილმა შეაწია სიტყვა. სხვათა შორის, პავლე კუბლაშვილი ლაშა თორდიას გამო კიდევ ერთ სკანდალში სულ ახლახან, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ვიდეომასალის გამო გაეხვია. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, მას დანაშაულის დაფარვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევს.

ფარცხალაძის კომპანიის მიწების სკანდალი დავით ნარმანიას დროს არ დაწყებულა, დავა მიწის მეპატრონესა და თბილისის მერიას შორის, ჯერ კიდევ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში მიმდინარეობდა.

ოთარ ფარცხალაძის მიწების სკანდალზე დღეს მისი ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი, „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურ დეტალებს აწვდის.

დღეს პირველად ქვეყნდება დოკუმენტებიც, რომელიც სულ სხვა ფაქტებს ადასტურებს.

_ ბატონო მერაბ, როგორც ლაშა თორდიამ განაცხადა, თბილისის მერიის შემოწმება გეგმური იყო. აუდიტის დასკვნა, სავარაუდოდ, ამ პერიოდის ყველა ფაქტს უნდა მოიცავდეს, ყველასთვის მოულოდნელად კი სკანდალი მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიწების ირგვლივ აგორდა. თქვენმა კლიენტმა წინასწარ იცოდა თუ არა, რა შემოწმებას ატარებდა აუდიტის სამსახური თბილისის მერიაში?

_ ბატონი ოთარისთვის ნამდვილად უცნობი იყო აღნიშნული. საერთოდ, როდესაც ბატონი თორდია ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ, თურმე, ჯერ ხუთმა და შემდგომში ათმა ადამიანმა სცემა, შესაბამისად, მიზეზი იყო ის, რომ, თურმე, აუდიტის სამსახური მიწების თემას სწავლობდა და ეს ბატონი ოთარისთვის ცნობილი იყო. ოთარ ფარცხალაძემ, რეალურად, მაშინ გაიგო, თუ რა შემოწმება მიმდინარეობდა თბილისის მერიაში. რეალობა ასეთია. ბოლო დროინდელი მოვლენების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ბატონი ოთარი ლაშა თორდიას მხრიდან პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი გახდა. რა თქმა უნდა, შეიძლება, შემხვედრი კითხვა დაგებადოთ: რაში აწყობდა ლაშა თორდიას ეს ყველაფერი? რატომ მიადგა, მაინცდამაინც, ოთარ ფარცხალაძეს? ამას რეალურად გვანახებს შემდგომში განვითარებული მოვლენები. ლაშა თორდია, თავის დროზე, პოლიტიკაში იყო ჩართული და, შესაბამისად, თუ რაში დასჭირდა მას ეს ტყუილი ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით, ამას, ალბათ დრო გვიჩვენებს და შემდგომში  განვითარებული მოვლენები გასცემს პასუხს.

_ ფიქრობთ, რომ გენერალური აუდიტორის განცხადებების უკან პოლიტიკა დგას?

_ რეალურად, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ფაქტი ერთია, _ ბატონ ოთარ ფარცხალაძის დაცვის მხარის გამოკითხული მოწმეები, ყველა მათგანი იმ გარემოებას ადასტურებს, რომ რაიმე სახის მასშტაბური კონფლიქტი, რომელსაც ბატონი თორდია საზოგადოებას თავისი დრამატიზებით ამცნობდა, რომ, თურმე, ხუთი, მერე ათი ადამიანი ურტყამდა, რეალურად, არ მომხდარა. შესაბამისად, ეს შემთხვევა, როგორც ჩანს, თორდიამ სხვა მიზნით გამოიყენა. აქედან გამომდინარე, თუ რა მიზანი ჰქონდა, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი ბატონი ოთარის წინააღმდეგ, ამას, ალბათ, მომავალი გვიჩვენებს.

_ სხვათა შორის, თორდიას სატელევიზიო ინტერვიუ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მისივე ჩვენების ნაწილი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

_ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. სამინისტროს წარმომადგენლის ბრიფინგზე საუბარი იყო იმაზე, რომ თორდიამ ჩვენება მისცა, რომ ოთარ ფარცხალაძეს მისთვის ხელი არ დაურტყამს. შემდგომში, თუ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ყურადღებით ვნახავთ, გააჩნია, ვინ როგორი კუთხით შეხედავს და ვის როგორ უნდა დაინახოს რეალობა, სიმართლე და რეალობა არის ერთი: ბატონ ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიასთვის ნამდვილად არ დაურტყამს ხელი, მხოლოდ ხელი აიქნია და პირველი რეალური მოქნევა ხდება ლაშა თორდიას მხრიდან ოთარ ფარცხალაძის მისამართით. ეს არის რეალობა. ამაზე ჩვენებაშიც კი ისაუბრა ბატონმა ოთარმა, ლამის, 4-საათიანი დაკითხვის დროს. მას საკმაოდ ბევრი კითხვა დაუსვეს და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა, თავის ჩვენებაშიც მიუთითა, რომ ცდილობდა, მოეშორებინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თორდია, ხელი აიქნია და შემობრუნდა, რაც, თუ კარგად გადავახვევთ და შევხედავთ, კადრებშიც ნათლად ჩანს… და მისი მხრიდან თორდიას მისამართით რაიმე სახის ძალადობას, მით უმეტეს, რაიმე სახის საუბარს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ადგილი არ ჰქონია.

_ თუ ოთარ ფარცხალაძეს ინფორმაცია არ ჰქონდა იმ შემოწმების თაობაზე, რომელსაც აუდიტი თბილისის მერიაში ატარებდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივაცია?

_ მოდით, ასე შევხედოთ: ბატონ ოთარს არასოდეს უმუშავია მერიაში, არასოდეს უმუშავია აუდიტის სამსახურში, შესაბამისად, თუ დავსვამთ კითხვას, საიდან უნდა სცოდნოდა შემოწმების შესახებ? რეალურად, ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. როგორც მოგახსენეთ, მისთვის შემოწმების დეტალები ცნობილი გახდა ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდგომ. ეს არის რეალობა. ამაში ობიექტური საზოგადოება იმ ფაქტითაც რწმუნდება, თითქოსდა მძიმედ ნაცემი ლაშა თორდია სამი საათის მერე მიდის საავადმყოფოში.

_ ბატონო მერაბ, ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა. მეც, როგორც ჟურნალისტს, ეს შეკითხვა მაქვს: თუ ასეთი მასშტაბური კონფლიქტი იყო, რატომ არ გამოიძახა თორდიამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარება და სამი საათის დაგვიანებით რატომ მივიდა საავადმყოფოში?

_ კი ბატონო, ამ შემთხვევაში, ფაქტი ის არის, რომ ლაშა თორდიამ შემთხვევის ადგილიდან არც საპატრულო პოლიციაში დარეკა და არც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა. ის მიზეზები, რითაც ეს ფაქტები ახსნა, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ არის. კანონმორჩილი მოქალაქე, მაღალი თანამდებობის პირი, ასე არ იქცევა. მას აუცილებლად უნდა გამოეძახებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მით უმეტეს, თვითონ იურისტია და ძალიან კარგად იცის, რომ ცხელ კვალზე უფრო მეტის გაკეთება შეეძლო გამოძიებას, ვიდრე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ლაშა თორდიას არგუმენტი იყო, რომ მას არ უნდოდა, მის მცირეწლოვან შვილს ენახა სისხლიანი მამა. ეს არგუმენტი ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობასაა მოკლებული ძალიან მარტივი მიზეზით: არა მგონია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის რომელიმე თანამშრომელი გადაუღებდა ბატონ თორდიას ვიდეოს და შემდგომში მას სოციალურ ქსელში განათავსებდა.

გამოძიება მისი სატელევიზიო განცხადებების შემდეგ დაიწყო, პატრულის გამოძახების შემთხვევაში კი გამოძიება ადგილზევე დაიწყებოდა, შესაბამისი ორგანოები ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებდნენ. გავრცელებულ კადრებში ვნახეთ და ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ადგილზე უამრავი ადამიანი იყო, რომელიც პოტენციური თვითმხილველი შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაბამისად, როცა ამას გენერალური აუდიტორი არ აკეთებს, ის ცალსახად ხელს უშლის გამოძიებას. ეს არის ობიექტური გამოძიების წარმართვისთვის ხელისშეშლა და მეტი არაფერი, სამართლებრივად ასე შეიძლება შეაფასო ლაშა თორდიას მოქმედება. ის მიდის საავადმყოფოში, იბარებს ჟურნალისტებს, აკეთებს განცხადებებს და შემდგომში უკვე მასთან სამართალდამცველები მოდიან და შესაბამისად, ალბათ, სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ატარებენ, გარდა მისი დაკითხვისა, რომელიც გაიწელა. იმასაც ვიტყვი, რომ საზოგადოებაში უამრავი კითხვაა და, ამავე დროს, უამრავი ტყუილი, დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ბატონი ოთარ ფარცხალაძე დაგვიანებით, მეოთხე, მეხუთე დღეს დაკითხეს, ა. შ. და ა. შ.

_ როდის დაკითხეს?

_ ოთარ ფარცხალაძე რეალურად დაკითხეს მას შემდეგ, რაც ბატონი ლაშა თორდია დაიკითხა. ანუ გამოძიებამ სრულყოფილი ჩვენება იმ პირისგან მიიღო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა გარკვეულ პრეტენზიებს მეორე პირის მისამართით. რეალურად თუ ავიღებთ, სისხლის სამართლებრივად, ამ შემთხვევაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ ეს ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს და ბრალდებას შეიცავს, პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან აუცილებლად უნდა დაკითხოს კონკრეტული პირი, ვინც პირობითად სახელდება როგორც დანაშაულის ჩამდენი, ან ზიანის მიმყენებელი. პროცესი საკანონმდებლო რეგულაციებს განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოძიება, როგორ უნდა დაკითხო პირი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ სხვა პირმა მას გარკვეული დაზიანებები მიაყენა რაღაც მიზეზთა გამო. შესაბამისად, გამოძიებამ სრულყოფილი ჩვენება უნდა მიიღოს, რატომ არის ეს გამოკითხვა მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ პირს აფრთხილებენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბატონი თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები, როდესაც იგი ჯერ ამბობდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა, მერე ამბობდა, რომ არ დაურტყამს, ვიდეოს ნახვის შემდეგ, რატომღაც, აღიქვა, რომ აი, ხედავთ, თურმე, მე არ მახსოვდა, ოთარ ფარცხალაძე მირტყამდა და ა. შ. ანუ რეალობას თუ ავიღებთ, მოვლენებთან დაკავშირებით, ლაშა თორდია განცხადებებში არათანმიმდევრულია, რაც, რა თქმა უნდა, ობიექტური პირის თვალში საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ თორდია საზოგადოებას სიმართლეს არ უყვება.

_ ბატონო მერაბ, საჯარო სატელევიზიო განცხადებების შემდეგ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ე. წ. შუალედური დასკვნა არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, რასაც აანონსებდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მინდა, როგორც იურისტმა მიპასუხოთ: ყველა ფაქტი რომ სიმართლე იყოს, რასაც თორდია პირველ განცხადებაში აკეთებდა მიწებთან დაკავშირებით, აქ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, თუ იმ თანამდებობის პირების, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდნენ?

_ პირველ რიგში, შევხედოთ, რა თქვეს ბრიფინგზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ: ეს იყო მათი მოწოდებული ე. წ. შუალედური ინფორმაცია. სხვათა შორის, ქალბატონმა ნინო ლომჯარიამაც დაადასტურა, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა. ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ამიტომ გააკეთეს ეს. არსებობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, რომლის თანახმადაც, თუ დასკვნა მომზადებული არ არის, ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ შეიძლება. ამავე ეთიკის კოდექსის თანახმად, არ შეიძლება მოპოვებული ინფორმაციის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება. ბატონმა თორდიამ გარკვეული სახის ინფორმაცია მისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მეტიც, დამახინჯებულადაც კი ანახეს საზოგადოებას ის ფაქტები, რაც ბატონი ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიწის ნაკვეთებს ეხებოდა. შესაბამისად, ამას შუალედურ დასკვნას ვერც ვუწოდებთ, ეს იყო, მათივე თქმით, ე. წ. შუალედური ინფორმაცია, რითაც ძალიან მარტივად დაარღვიეს ეთიკის კოდექსი და თუ იმ მოცემულობას ავიღებთ, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა და რაზედაც ამ სახელდახელოდ და სასწრაფოდ მომზადებულ ბრიფინგზე ისაუბრეს, თურმე, 2015-2016 წლების პერიოდს სწავლობდნენ. ამავე დროს, შეეხნენ კერძო კომპანიის მხრიდან 2013 წლის პერიოდს. ჯერ ერთი, კერძო კომპანიამ რა გააკეთა, რა იყიდა და რა შემოსავალი ჰქონდა 2013 წელს, ეს ნამდვილად არ არის აუდიტის სამსახურის განსახილველი, აუდიტის სამსახური, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ორგანიზაციებს სწავლობს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მარტივად რომ ვთქვათ, შესაბამისად, კერძო პირების, კერძო კომპანიის შემოწმება მის უფლება-მოვალეობებში არ შედის… ახლა ავიღოთ მოცემულობა: თუ 2015-2016 წლებს ამოწმებ, მიმდინარე აუდიტიაო, გეგმურიაო, გასაგებია, ბატონო, მაგრამ რატომ ეხები 2013 წლის ინფორმაციას? თუ ეხები 2013 წლის ინფორმაციას, უბრალოდ, ობიექტურობისთვის მთლიანი სურათი უნდა შესთავაზო საზოგადოებას, თუ რა მოხდა მაშინ, 2011-2012 წლებში, როდესაც კერძო მესაკუთრის უფლებები შეილახა და რატომ წარმოეშვა 2 მილიონზე მეტი ლარის ანაზღაურების ვალდებულება თბილისის მერიას კერძო კომპანიისადმი…

_ რეალურად, ეს სკანდალი გიგი უგულავას დროს არის დაწყებული და არა დავით ნარმანიას დროს…

_ 2014 წელს კომპანია „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, რაფიელ ლილუაშვილი, მიმართავს ქალაქის მერს შესაბამისი განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ მათ კუთვნილ ნაკვეთზე თბილისის მერიის მიერ გაყვანილია საავტომობილო გზა, მის კანონიერ მფლობელთან ყოველგვარი მოლაპარაკებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე. ამ გზის გაყვანით ნაკვეთი, პრაქტიკულად, სამ ნაწილად გაიყო. საერთო ზარალი შეადგენს, მინიმუმ, 3 600 კვ.მ. მიწის ფართის დაკარგვას, მიწის პირველი და მეორე ნაწილი კომპანიამ გაყიდა 2013 წლის 10 იანვარს. მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის კომპანიამ თბილისის მერიას მიმართა, ფულად ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და კომპანიას შესთავაზეს ზარალის ანაზღაურება სხვა მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებით. შეთავაზება გაკეთდა 2012 წლის 7 დეკემბერს დავით ჭედიას მიერ თბილისის მერიის სახელით.

მოლაპარაკებები თბილისის მერიასა და კომპანია „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტს“ შორის მიმდინარეობდა 2013-2014-2015 წლებში და ოთარ ფარცხალაძეს მაშინ ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

_ ფაქტობრივად, ეს პროცესი ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აუდიტის არც ერთ დასკვნაში წლების განმავლობაში ეს ფაქტი არ მოხვედრილა, არადა, გეგმური შემოწმება მუდმივად ტარდება…

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. ამ შემთხვევაში, თუ გეგმურ შემოწმებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ალბათ, ეს გეგმური შემოწმება შეეხებოდა 2011, 2012, 2013 წლებს. მაშინ, მათ ამ გეგმურ შემოწმებებში თუ არის ასეთი დასკვნა, ყოველ შემთხვევაში, არ გახმაურებულა, საჯარო არ გამხდარა…

_ მე არ მახსოვს არც მედიაში და არც აუდიტის სამსახურის მხრიდან…

_ ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, წესით და რიგით, თუ აუდიტის სამსახური გეგმურ შემოწმებებს თვითმმართველ ერთეულში ატარებს, მაშინ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს ფაქტიც. გარკვეულ მოხელეთა მხრიდან ჩადენილი ქმედებების გამო რატომ უნდა წარმოეშვას მერიას კერძო კომპანიის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება? სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. სწორედაც, ლაშა თორდიას პირად მიზანსა და ინტერესს ვხედავთ ამ ე. წ. ბრიფინგში და ობიექტურად თუ შევხედავთ, მაშინ მთლიანი სურათი უნდა დადო, თავი არ უნდა იმართლო, რომ მერიიდან რაღაც დოკუმენტი არ მოუწოდებიათ. მე განცხადების ასლს გადმოგცემთ და მისი შეტანის თარიღს ნახავთ, ასევე, 2015 წლის 28 აპრილს გამოიცა თბილისის საკრებულოს 124-ე განკარგულება, ამ კერძო კომპანიის მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ეს მოთხოვნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შემოვიდა. იმ პერიოდში ამ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა და უსასყიდლოდ მოხდა გადაცემა.

_ ამ პერიოდში ფარცხალაძეს რაიმე კავშირი აქვს ამ კომპანიასთან?

_ 2015 წლის 28 აპრილის მდგომარეობით არანაირი კავშირი არ აქვს, როდესაც კოლეგიალურმა ორგანომ _ საკრებულომ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წელს უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებაა, რა ღირდა ის ნაკვეთი, რა ღირდა ის შეთავაზებული მიწის ნაკვეთები და მათ შორის არსებული სხვაობა, 365 ათასი ლარი, თვითმმართველ ერთეულს კერძო კომპანიამ გადაუხადა. დამერწმუნეთ, 365 ათასი ლარი პატარა თანხა არ არის!..

მოკლედ გეტყვით, რა პრეტენზიები აქვს აუდიტის სამსახურს და რას ვპასუხობთ ჩვენ, ოთარ ფარცხალაძის დაცვის მხარე აუდიტის სამსახურის პრეტენზიებს:

აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ფირმისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მერიას 2012 წლიდან წარმოეშვა. ამ დროიდან კომპანია უშედეგოდ ითხოვდა კომპენსაციას.

მერიის მხრიდან დაწყებული იყო თუ არა ზიანის ანაზღაურების პროცედურები და ამის შესახებ იცოდა თუ არა კომპანიამ მესაკუთრის (ო. ფარცხალაძე) შეცვლამდე, ანუ 29.02.2016-მდე, თბილისის მერიამ დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.

მერიამ მოლაპარაკებისა და ზარალის ანაზღაურების პროცესი ოთხი წელი გააჭიანურა.

კომპანიის მესაკუთრის შეცვლის შემდეგ 45 დღეში კომპენსაციის პროცედურები დასრულდა.

ზიანის ოდენობის განსაზღვრა:

1-ლი მეთოდი: გასაცვლელი მიწის გვერდით ფირმამ მიწა 10/01.2013-ში გაყიდა კვ.მ. 223 ლარად. ამ გაანგარიშებით 2302 კვ.მ. მიწის ღირებულება იქნებოდა 513 346 ლარი;

მე-2 მეთოდი: ფირმის დამფუძნებლებმა 100%-იანი წილი 29.02.2016-ში გაყიდეს სხვა ფირმაზე (40% ოთარ ფარცხალაძე) 580 000 ლარად, ამ კომპანიამ კი 100%-იანი წილი 29.06.2016-ში მიჰყიდა ოთარ ფარცხალაძეს 587 500 ლარად.

აქედან გამომდინარე, მერიამ ვერ უზრუნველყო ფირმასთან დროულად კომუნიკაციის საშუალება და 600 000 ლარამდე გადახდილ კომპენსაციაში, მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, 2 615 100 ლარი გადაიხადა.

2015 წელს მერიამ აღიარა, რომ კომპენსაციისთვის ზიანი უნდა აენაზღაურებინათ და კომპენსაციის სახით სხვა მიწის ნაკვეთებით ჩანაცვლების პროცედურები დაიწყო.

მოლაპარაკებებისა და ზარალის ანაზღაურების პროცესი გაჭიანურდა, ძირითადად, გიგი უგულავას მერობის პერიოდში, ხოლო დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ დაზარალებული კომპანიის (04.12.2004 წერილის საფუძველზე) კომპენსაციის პროცედურები აქტიურად დაიწყო (საკანონმდებლო ცვლილებების გამო ჩასანაცვლებელი ქონების უკან დაბრუნების პირობების დაზუსტების, შეფასებისა და ა. შ.).

თბილისის საკრებულოს 2015 წლის 28 აპრილის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში გადაეცა კომპენსაციის მიზნით ჩასანაცვლებელი დელისის ქუჩის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, კომპენსაციისთვის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის მიზნით. ხსენებული განკარგულება ატვირთულია თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მერიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა, რომ კომპანიამ იცოდა თუ არა, რომ დაწყებული იყო ზიანის ანაზღაურების პროცედურები, საფუძველს მოკლებულია, მაშინ როცა ეს განკარგულება აუდიტის სამსახურს გადაცემული ჰქონდა.

კომპანიაში ოთარ ფარცხალაძის მესაკუთრედ შესვლამდე ათი თვით ადრე თბილისის საკრებულოში მიღებული იყო გადაწყვეტილება კომპენსაციის შესახებ და აუდიტის სამსახურის მიერ იმის მტკიცება, რომ ოთარ ფარცხალაძის ფაქტორმა კომპენსაციის ანაზღაურება დააჩქარა, არასწორია. შუალედურ ინფორმაციაში ხელოვნურად არის გაყოფილი და საერთო პროცესიდან ამოგლეჯილად არის წარმოჩენილი კომპენსაციის ანაზღაურების ვადები.

რაც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრას, თბილისის მერიამ გასაცვლელი ქონებების ღირებულებები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეაფასებინა, ხოლო აუდიტის სამსახურის მიერ იმის მტკიცება, რომ გასაცვლელი მიწის მომიჯნავე მიწის ნაკვეთისა და ამავე კომპანიის 100%-იანი წილის რეალიზაციის ფასი იმის საფუძველს იძლეოდა, რომ სამჯერ ნაკლები ღირებულების ქონებით მოეხდინათ ჩანაცვლება, აშკარად არასწორია, რადგან მომიჯნავე მიწის, ანდა კომპანიის 100%-იანი წილის რეალიზაციის დროს მყიდველს სხვა რა დამატებითი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა, აუდიტის სამსახურს არ გამოურკვევია, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად აისახება ქონების ფასზე.

რაც შეეხება აუქციონს, ფირმის დირექტორმა და დამფუძნებელმა ოთარ ფარცხალაძემ 27/07.2016-ში მერიას წერილით მიმართა და გაცვლილი მიწების გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით შესყიდვა მოითხოვა.

აუქციონი 2016 წლის 31 აგვისტოს გამოცხადდა.

1 კვ.მ.-ის გასაყიდი ფასი განისაზღვრა 274 ლარით (საფუძველი, _ აუდიტორული ფირმა შპს „კომპაუდის“ დასკვნა).

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია თანხით 975 415 ლარი.

_ ბატონო მერაბ, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხდია კომპანიას აუქციონზე და რას ედავება აუდიტის სამსახური?

_ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის 2016 წლის 11 მარტის დასკვნით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთი 1,7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული. მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე მიწის ნაკვეთი ზემოხსენებული გაცვლის შედეგად მიღებული ჰქონდა მხოლოდ ერთ, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას.

_ რეალურად, როგორ იყო?

_ 2016 წლის 22 აგვისტოს შპს „კომპაუდმა“დასკვნა გასცა, რომლის მიხედვითაც, შესაფასებელი უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 1 486 143 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის ვალდებულების თანხა _ 83 562 ლარი, ობსერვატორიის შენების თანხა _ 114 650 ლარი, ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის ხელის არშეშლის ღირებულება _ 220 000 ლარი. მხედველობაში მიიღეს ექსპოზიციის ვადის სიმცირისა და ბიჯის ფაქტორები 10%, დაახლოებით, 107 000 ლარი და საბოლოოდ, 3557 კვ.მ.-ის საწყის ფასად განისაზღვრა 961 000 ლარი. შემფასებელს დასკვნის გაცემის დროს არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების თითქმის 1/3 ნაწილი დატვირთული იყო სერვიტუტით, ვრცელდებოდა სამართლებრივი შეზღუდვა და მშენებლობა მასზე ვერ განხორციელდებოდა. რაც შეეხება აუქციონის პირობას, გასაყიდი ქონების მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან გაერთიანებას, ხსენებული მოთხოვნა აუქციონში ჩაიდო თბილისის არქიტექტურის სამსახურის მითითებით, ქალაქდაგეგმარებითი თვალსაზრისის გათვალისწინებით. ამავე დროს, გასაყიდი ქონების მომიჯნავე საკადასტრო ერთეულების მესაკუთრეები, გარდა ოთარ ფარცხალაძის კომპანიისა, ასევე იყვნენ სხვა პირებიც, რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.

_ თუმცა, მიწებთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძის სახელს კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება.

_ 2015 წლის 29 სექტემბერს შპს „როიალ დეველომპენტმა“ (რომლის დამფუძნებელი და 40%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე იყო) სსიპ საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოსგან, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 ლარად შეიძინა ქ. თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62 887 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (საკ.კოდი 01.19.24.007.086). ხელშეკრულება ითვალისწინებდა საინვესტიციო პირობას, კერძოდ: 24 თვის განმავლობაში 3000 კვ.მ. შენობა-ნაგებობის აგებას და, მინიმუმ, 10 მილიონი ლარის ინვესტიციას.

2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ გაასხვისა ზემოაღნიშნულ კომპანიაში თავისი კუთვნილი 40%-იანი წილი შემდეგ პირებზე:

10% მიჰყიდა მანუახ ნანიკაშვილს 38 750 დოლარად;

10% მიჰყიდა ლევ ნანიკაშვილს 38 750 დოლარად;

20% მიჰყიდა შპს „ჰაპიტრონ-ი.არ. მენეჯმენტ & ინვესტმენტს“ 77 500 აშშ დოლარად.

2016 წლის 6 დეკემბერს შპს „როიალ დეველოპმენტმა“ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა სს „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ზე (ს/ნ404496121) 500 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულება ითვალისწინებდა იგივე საინვესტიციო ვალდებულებებს, რა პირობითაც შპს „როიალ დეველოპმენტმა“ შეიძინა სახელმწიფოსგან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს შპს „როიალ დეველოპმენტის“ დამფუძნებლები არიან ლევ ნანიკაშვილი _ 25%; მანუახ ნანიკაშვილი _ 25% და შპს „ჰაპიტრონ-ი.არ. მენეჯმენტ & ინვესტმენტს“ _ 50%.

ზოგადად, ოთარ ფარცხალაძის მისამართით უცნაური ამბები ხდება: ის არ არის საჯარო მოხელე, ბიუჯეტის ფულთან შეხება არ აქვს, დაკავებულია კერძო ბიზნესით, მას მოიხსენიებენ, როგორც კანონის სივრციდან გასულ პირს. სამწუხაროდ, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ პირდაპირ ირღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია. პირი დამნაშავედ ცხადდება, მხოლოდ და მხოლოდ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ დღეების განმავლობაში, ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი გარემოება ვერ მოიყვანეს იმის დასადასტურებლად, რომ, თურმე, ნამდვილად ბატონი ოთარი ყოფილა კანონის სივრციდან გასული, ნამდვილად მას ჰქონია გავლენები კონკრეტული თანამდებობის პირებზე და ა. შ.

_ თუმცა, თქვენი კლიენტის მისამართით, აქ ერთი უხერხული კითხვა ისმის: ფარცხალაძემ თქვა, რომ თორდია არის პათოლოგი, ანუ მას გარკვეულ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა და ძალიან მალე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოჩნდა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ლაშა თორდია კონკრეტულ მოქალაქეს იარაღით ემუქრება. მართალია, მოქალაქე გიორგი კალაძე აღიარებს, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს ვიდეო მან ატვირთა და გაავრცელა, მაგრამ დროში ასეთი დამთხვევა კითხვებს ბადებს.

_ ბატონი ოთარისთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი ვიდეომასალის  არსებობის შესახებ, შესაბამისად, რაც შეეხება თვითონ ვიდეომასალის გამოქვეყნების ფაქტს, უტყუარია ის, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნება ყველაზე უფრო ჩვენს მხარეს არ აწყობდა, სწორედაც, იმ ლეგიტიმური ეჭვების გაჩენის გამო: როდესაც ადამიანს ადანაშაულებენ ქმედებაში, ამ დროს ჩნდება რაღაც ვიდეო, სადაც თორდიას „გმირობებია“ ასახული და უკვე შემდგომში ოპონენტ მხარეს საშუალება ეძლევა, რომ თქვას, _ აი, ხომ გეუბნებოდით, ამას გამოაქვეყნებენ, ეს ფარცხალაძემ გამოაქვეყნებინა… მეტიც, ბატონი ოთარი თავის განცხადებაში საუბრობდა, რომ, ზოგადად, ცნობილია ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, პათოლოგობა, სასმელისადმი ცუდი მიდრეკილებები ა. შ. და ა. შ. ბატონი ოთარი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებდა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ბატონ თორდიაზე. აქ არანაირად არ იყო საუბარი რაღაც ვიდეოზე… მეტსაც გეტყვით, ძალიან კარგად მახსოვს, თვითონ თორდია ამბობდა, რომ 2016 წელს მას რაღაც მოუვიდა, მაგრამ რა ინციდენტი იყო, რა მოხდა, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას არანაირად არ აწვდიდა. სამწუხაროდ მოხდა ის, რომ ბატონმა კალაძემ, თუ ვინც არის ის პირი, თურმე, რაღაც გამოაქვეყნა. გულწრფელად რომ გითხრათ, არც მომისმენია, რა თქვა ამ ადამიანმა, ვინც გამოაქვეყნა… ამ ვიდეოს გამოქვეყნებამ ოპონენტის წისქვილზე დაასხა წყალი ჩვენთან მიმართებით. მას დამატებით სალაპარაკო მისცა, _ აი, ბატონო, შეხედეთ, სწორედ ეს გავლენა გამოიყენა ფარცხალაძემო, თუმცა ამის მტკიცებულება მას არ გააჩნია…

_ ლაშა თორდია არ არის ერთადერთი საჯარო პირი, რომელიც ამ სკანდალში აღმოჩნდა პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა, ვიდეოზე პავლე კუბლაშვილი აღმოვაჩინეთ…

_ კი ბატონო, მე როგორც მედიით მოვისმინე, ბატონი კუბლაშვილი თავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის ნამდვილად არის ასახული ამ ვიდეოზე, ის არის ის პირი, რომელსაც ძალით გაჰყავს იარაღმომარჯვებული ლაშა თორდია დარბაზიდან გარეთ და ამშვიდებს მას. ამ შემთხვევაში, კუბლაშვილთან მიმართებაში თუ გავაკეთებთ სამართლებრივ შეფასებას და თუ ეს ვიდეო მართლაც ავთენტურია, თუ ბატონი კუბლაშვილი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა…

_ კუბლაშვილმა დაადასტურა ამ ვიდეოს ავთენტურობა…

_ ჰო, თუ ეს სიმართლეა, რაც მან განუცხადა საზოგადოებას, რომ ნამდვილად ის მონაწილეობს ამ ვიდეოში და ის პირია, რომელიც თორდიას აკავებს, თუ სამართლებრივად შევხედავთ, მაშინ ბატონმა კუბლაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, მან დაფარა დანაშაული. არ ვიცი, ზუსტად პავლე კუბლაშვილი არის თუ არა ბატონი თორდიას ახლო ნათესავი, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება გამოეყენებინა, ჩვენება არ მიეცა და ა. შ. ფაქტი სახეზეა, რომ მან დანაშაული დაფარა, ანუ მისთვის, ჯერ კიდევ, 2016 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, თუ ცნობილი იყო, რომ ბატონმა თორდიამ დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მას სამართალდამცველი უწყებისთვის უნდა ეცნობებინა. როდესაც ნასვამი, მთვრალი აუდიტორი იარაღით დარბის, ეს მართლაც საგანგაშოა, მართლაც პრობლემაა რეალურად და ამ შემთხვევაში, ეს ქვეყნის პრობლემაცაა, _ როდესაც ასეთი პირია მაღალ თანამდებობაზე, რომელსაც სიმთვრალეში შეუძლია იარაღი დაადოს და დაემუქროს სხვა ნებისმიერ ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს, ის ბარში იქნებოდა თუ სხვა ადგილას? ესაა რეალური პრობლემა, მაგრამ, ამავე დროს, პრობლემაა ისიც, რომ წარსულში ისეთი თანამდებობის პირი, როგორიც არის ბატონი პავლე კუბლაშვილი, რომელიც, თავის დროზე, პარლამენტში ქვეყნის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ხელმძღვანელობდა, დანაშაულს მალავს, ანუ ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ ატყობინებს. ყოველ შემთხვევაში, ბატონმა კუბლაშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან ვრცლად არ ისაუბრა. არ გამოვრიცხავ, რომ მან შესაბამის ორგანოებს შეატყობინა ლაშა თორდიას მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

_ არა, მან თქვა, რომ გამოკითხული არ არის, შესაბამისად, არ იცის, გამოძიება მიმდინარეობს თუ არა.

_ შეიძლება, გამოკითხული არ ყოფილიყო, მაგრამ იქნებ… მან შეატყობინა?! იქნებ, ოფიციალურად მოახსენა ამის შესახებ, არ ვიცით, ხომ? ასე დაკონკრეტებით ამ ადამიანს არ უსაუბრია… თუ მართლა მან შეატყობინა ამის შესახებ, მაშინ…

ეს გამოძიების თემაა, ჯერ გამოძიებამ უნდა შეკრიბოს მტკიცებულებები, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაადასტურებს ან უარყოფს ამ ადამიანის მხრიდან რაიმე ბრალეულობას…

_ ეს ვიდეო კალაძეს რომ არ გამოექვეყნებინა, რეალურად, ჩვენ ვერც გავიგებდით თორდიასა და კუბლაშვილის მონაწილეობით ამ ინციდენტის თაობაზე…

_ რა თქმა უნდა, ვერც გავიგებდით, მეტიც, როგორც მოგახსენეთ, ამ ვიდეოს გამოქვეყნებამ ჩვენს ოპონენტს ნამდვილად მისცა შესაძლებლობა ესაუბრა, კიდევ უფრო ტალახი ესროლა ბატონი ოთარისთვის, მაშინ როდესაც ბატონი ოთარისთვის არც ვიდეოს არსებობა იყო ცნობილი და არც დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მან ზოგადად ისაუბრა, რომ საზოგადოებაში არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაშა თორდია სიმთვრალეში ხშირად აწყობს დებოშს და არის პათოლოგი.

რაც მედიით მოვისმინე, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ გამოძიება 24-25 დეკემბერსვეა დაწყებული, ანუ მომხდარი ფაქტის შემდგომ, თუმცა რა ეტაპზეა, რატომ არ იყვნენ აქამდე ლაშა თორდია ან პავლე კუბლაშვილი დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ კითხვაზე გამოძიებამ უნდა უპასუხოს. თუ რამ შეუშალა ხელი, რა იყო, რა ხდებოდა, ამაზე ჩვენ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობთ…

 

ელისო კილაძე