პაატა დავითაია: „ხელისუფლება ქუჩაში აგდია და ამღები არავინ არის“

შორენა მარსაგიშვილი

რატომ ვერ შეინარჩუნებს რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე გავლენებს? ვის სურს იყოს პატარა ბიძინა ივანიშვილი? რატომ ვერ მოუგებს ოპოზიცია არჩევნებს „ქართულ ოცნებას“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია:

_ ბატონო პაატა, ხელისუფლებისა და რუსეთის მხარდამჭერები დიდი სიხარულით შეხვდნენ საფრანგეთის არჩევნებში მარი ლე პენის პარტიის გამარჯვებას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოდიან და რეალობაც შეიცვლება პოლიტიკურ რუკაზე. არის იმის ალბათობა, რომ მსოფლიოში რუსული გავლენები გაძლიერდეს?

_ ხელისუფლების ცვლილებები მოსალოდნელი იყო. მთელ მსოფლიოში საარჩევნო წელია, დედამიწის ზურგზე 80%-ში არჩევნები ტარდებოდა. დიდ ბრიტანეთში ხელისუფლების ცვლილება პროგნოზირებადი იყო. 14 წელია, ქვეყანას კონსერვატორები მართავდნენ და ამ პერიოდში შეიქმნა პრობლემები. ევროკავშირიდან გასვლას მოჰყვა სირთულეები, რამაც ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. რაც შეეხება ევროპარლამენტს, იქ სურათი შეცვლილი არ არის. საფრანგეთში ლე პენის მხარდაჭერის პროცენტულობამ მოიმატა და მეტი არაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ იქ კოალიცია იქმნება და საფრანგეთში ხელისუფლების სათავეში პროპუტინისტური ძალა ვერ მოვა. ამიტომ დიდი გლობალური ცვლილებები პროპუტინისტურ ჭრილში არ იქნება. რუსეთი, ბუნებრივია, მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოზიციები გააძლიეროს ყველა მიმართულებით.

_ განსაკუთრებით გააძლიერეს მუშაობა საქართველოსთან მიმართებით. მარია ზახაროვას პირით გვამცნეს, _ მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთო. გადადგამს ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივ ნაბიჯებს?

_ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდათ? მაშინ იბადება ძალიან მარტივი კითხვა, _ რამდენი საელჩო ექნება რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე? სამი? ცხინვალში, სოხუმსა და თბილისში? დიპლომატიური ურთიერთობების აღგენის დოკუმენტს თუ მოაწერს ხელს თბილისი, ამით ის აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ეს კი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამღუპველი იქნებოდა. დაიღუპება „ქართული ოცნებაც“, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს. საქართველოში ყველანაირი ლოგიკით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

_ ხელისუფლება რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე საქართველოში უკვე წლებია, ლაპარაკობენ, მაგრამ ხელისუფლება არ იცვლება.

_ ხელისუფლება რომ უნდა შეიცვალოს, ამ აზრის ლოგიკა ის გახლავთ, რომ მოსახლეობის 80% ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. გამომდინარე აქედან, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს საქართველოში. დღეს რასაც ვხედავ, ამ ფონზე შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციის ხარჯზე საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება. სამწუხაროა, რასაც ვამბობ, მაგრამ რეალობა ასეთია.

_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლიაო?

_ ვგულისმობ იმას, რომ ოპოზციის ხარჯზე ხელისუფლება არ შეიცვლება, რადგან ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებით. მოსახლეობას ალტერნატივა სჭირდება.

_ ოპოზიცია არ სთავაზობს ხალხს ალტერნატივას?

_ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივის ნაცვლად ხალხს სთავაზობს საკუთარ თავს. ყველას უნდა, რომ გახდეს პატარა ბიძინა ივანიშვილი, რაც არის დამღუპველი მიდგომა. გარანტირებულად გეტყვით, რომ ასეთი მიდგომით ხელისუფლებაში დარჩება დიდი ბიძინა ივანიშვილი. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ არის ის, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ შეიცვლება. ოპოზიცია ალოგიკურად მოქმედებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ხელსუფლებაში დასარჩენად ეხმარება. თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, მოვლენები ძალიან მძიმედ განვითარდება. ეს სიმძიმე რამდენიმე მიმართულებით წავა.

_ მაინც, რა სამწუხარო ცვლილებებს ელოდებით? ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვლება, რისი ნიშნებიც აშკარაა?

_ დიდი ალბათობით, შესაძლებელია, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და კონსტიტუციიდან ამოიღონ 78-ე მუხლი.

_ გაბედავენ ამის გაკეთებას?

_ ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ თუ ხელისუფლებაში „ოცნება“ დარჩა, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლს ამოიღებენ. დღეს არსებული რეალობა თუ არ შეიცვალა, კიდევ ბევრი სამწუხარო ცვლილების მომსწრენი გავხდებით.  ამას შესაძლოა, თავის მხრივ, სამწუხარო ამბები მოჰყვეს. ერთი სიტყვით, არ იქნება კარგი ამბები. მთელ მსოფლიოში არეული და არასტაბილური ვითარებაა. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე და სად აღმოვჩნდებით საბოლოოდ, ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. მერე ნაწყენი არავინ არ დარჩეს. გადაბრალებები ძალიან გვიყვარს… თუ ქართველი ხალხი იქნება თანმიმდევრული და ერთიანი, მაშინ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. იმაზე საუბარს, ამერიკაში რა იქნება, სჯობია, იმაზე ვიფიქროთ, საქართველოში რა იქნება.

_ ამერიკაში რა იქნება, ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული მოვლენების განვითარება საქართველოსა და მის გარშემო. ახლა იქაც სერიოზული არჩევანის წინაშე დგანან.

_ ამერიკას ნუ განვიხილავთ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ჭრილში _ ამერიკამ ეს თქვა და იაპონიამ ის უპასუხა. ტრამპმა რომც გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, იქ ასე მარტივად არ შეიცვლება საგარეო მიდგომები. ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის უკვე დაწყებულია მუშობა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს პრეზიდენტის შეცვლის შემთხვევაში. შეერთებული შტატების საგარეო კურსი არ შეიცვლება. არც საქართველოს მიმართ შეიცვლება ამერიკის დამოკიდებულება. ვაშინგტონი ისევ დაუჭერს მხარს აქ დემოკრატიის განვითარებას. შეერთებული შტატები არცერთ შემთხვევაში არ მიგვატოვებს. ამერიკას საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ძალიან დიდი და სტრატეგიული ინტერესები აქვს.

_ შეერთებული შტატები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა სომხეთის მიმართულებით. გასულ კვირას იქ კონგრესის დელეგაცია იყო ჩასული.

_ 30 წლის განმავლობაში ამერიკა ცდილობდა სომხეთში პოზიციების გაძლიერებას. ბევრს მუშაობდა სომხური ლობი. როგორც იქნა, ამერიკამ ეს მოახერხა. როგორ გგონიათ, ამერიკა სომხეთზე გადაერთვება და საქართველოს მიატოვებს? მას, ბუნებრივია, უნდა, რომ საქართველოც მისი სტრატეგიული პარტნიორი იყოს. აზერბაიჯანი უკვე არის სტრატეგიული პარტნიორი. მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, ევროპაში 2027 წლამდე უნდა ჩანაცვლდეს რუსული გაზი აზერბაიჯანულით. სად არის ახლა აზერბაიჯანი, რომელიც უნდა გახდეს ევროპის გაზით მომმარაგებელი? რა თქმა უნდა, არის ამერიკასთან. რუსეთი კავკასიის რეგიონს კარგავს.

_ დათმობენ რუსები კავკასიას? ასე მარტივად არ შეელევიან ამ რეგიონს.

_ არ შეელევიან. შეეცდებიან ჭიდაობას, გავლენების გაძლიერებას, მაგრამ არა მგონია, რომ მათ ამ ჭიდაობაში მოიგონ. ჩათვალეთ, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასია უკვე დაკარგული აქვს.

_ ამის მიუხედავად, საქართველო მაინც გზაგასაყარზეა და არ ვიცით, სად ვიქნებით ხვალ.

_ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის ნებაზე და არჩევნებზე.  „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თუ დარჩა, აქ ბევრი რამე შეიცვლება, მათ შორის, საგარეო კურსიც. დღეის ვითარებით, „ქართულ ოცნებას“ დიდი ქალაქები წაგებული აქვს. მაგრამ ვსვამ კითხვას, _ ვის აძლევს ხმას დიდი ქალაქები? ხმის მისაცემი არავინ ჩანს და ეს არის დღეს ოპოზიციის პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა უნდა, ოპოზიციამ არ იცის, რა უნდა.

_ ხალხმა თუ იცის, რა უნდა?

_ ხალმა იცის, რა უნდა. ხალხი ბრძენია, მაგრამ სხვა რამეა ახლა მთავარი. დღეს საქართველოში ხელისუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის. თუ რაღაც არ შეცვალა ოპოზიციამ, ძალაუფლება ისევ ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას დარჩება.