პაატა დავითაია: „თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა, არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს!“

ოთხმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ: „ახალმა საქართველომ“, „ახალმა ერთობამ საქართველოსთვის“, „ევროპელმა დემოკრატებმა“ და „სამოქალაქო ალიანსმა თავისუფლებისთვის“ რამდენიმე დღის წინ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა.

„გავერთიანდეთ! დავივიწყოთ ვიწროპარტიული ინტერესები. ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვენ უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება“, _ მიმართა „ახალმა საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატებს და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს. ვაშაძემ ასევე კიდევ ერთხელ წამოაყენა ინიციატივა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მერობისა და საკრებულოს წევრობის ერთიანი კანდიდატები პრაიმერის გზით გამოავლინონ.

„ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა. თითოეული დღე უფრო და უფრო ამძაფრებს ამ კრიზისს. თვითმმართველობის არჩევნები იძლევა შანსს, შევცვალოთ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა გამყრელიძემ, გააცნო.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს და თბილისის მერობის კანდიდატები დაასახელეს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეთავაზებას სკეპტიკურად შეხვდნენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და „ევროპულ საქართველოშიც“ ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალების გაერთიანება არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ უნდა მოხდეს. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კი გაერთიანების შესახებ ინიციატივას „არასერიოზული“ უწოდა.

მეორე დღეს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს: „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკურ პარტიას“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „შენების მოძრაობას“ და ასევე მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილს პრაიმერში ჩასართავად სპეციალური წერილით მიმართავს.

„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა პარტიის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტს მოკლებული განცხადებები. ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არჩევნებში უნდა იყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურისთვის, რომელიც უკვე კაპიტულაცია და არჩევნებში დამარცხების აღიარებაა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება არის გადამწყვეტი. მე მაქვს წერილი, რომელსაც ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ ძალას და მერობის ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს გავუგზავნი. აქ არის დასაბუთება, თუ რატომ არის ერთადერთი გზა გაერთიანება და რატომ არის ძალა ერთობაში, რატომ არის პრაიმერი ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ნდობას გამოიწვევს საზოგადოებაში. ამ წერილს ვუგზავნი „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკურ პარტიას“, მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „შენების მოძრაობას“, ასევე ალეკო ელისაშვილს“, _ განაცხადა ვაშაძემ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-თან ისაუბრა ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებიდან ერთ-ერთმა, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა _ პაატა დავითაიამ:

_ პირველ რიგში, იმაზე საუბარი, რომ სანამ კანდიდატები დასახელდებოდნენ, რატომ მანამდე არ გაკეთდა ასეთი სახის გაერთიანება, არასერიოზულია იმიტომ, რომ ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს და ძალიან ძნელია, ვინმეს რამე შეუთანხმო. იცით, რომ გამოქვეყნდა NDI-ს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ჯამში ოპოზიციურ კანდიდატებს უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე ცალკე ხელისუფლების კანდიდატს. ამიტომ ჩვენი ამ ოთხი პარტიის გაერთიანებით კი არ ჩამოვყალიბდით და განვაცხადეთ, რომ შემოგვიერთდით, არა, პირიქით, ჩვენს ბლოკს სახელიც კი არ დავარქვით, ვითხოვთ არა ჩვენ გვერდში დგომას, არამედ ყველას ერთად დგომას. მაშინ უნდა ვთქვათ მიზეზი, რატომ არ ხდება ეს ყველაფერი. რეალურად, გაერთიანება კულუარული გზით ხომ შეუძლებელია, ამიტომ პრაიმერის მეთოდს ვთავაზობთ. მაგალითად, თუ უფრო მეტი ხმა ექნება უდუმაშვილს შიდა პრაიმერში და გაიმარჯვებს, მას დავუჭერთ მხარს, თუ ხოშტარია გაიმარჯვებს, მას დავუჭერთ მხარს, თუ ელისაშვილი _ მას და ა. შ. არც ერთი ოპოზიციური ხმა რომ არ დაიკარგოს. თუ ეს ასე არ იქნება, ძალიან მარტივად გაიმარჯვებს ხელისუფლება.

_ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალების გაერთიანება არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ უნდა მოხდეს…

_ ის, რომ მეორე ტურში გავერთიანდეთ, სასაცილოა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინეს მეორე ტურში მოეგო. ასე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2010 წელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ტურში ყოველთვის იმარჯვებს სახელისუფლებო კანდიდატი იმიტომ, რომ უფრო მეტი რესურსი აქვს, ადმინისტრაციული რესურსიც მოქმედებს და ოპოზიციაც დეზორგანიზებულია, გაერთიანება ამ ფონზე არ ხდება. კიდევ ვიმეორებ: მეორე ტურში გაერთიანება სასაცილოა! რატომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ წავაგოთ?! არ სჯობია, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ! ძალიან ძნელია, მერობის კანდიდატმა, ვიღაცამ ვიღაცას დაუთმოს. სიმართლე ვთქვათ, ყველაზე მეტი მომხრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რატომ უნდა თქვან მათ უარი გაერთიანებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი შესაძლებლობაა, პრაიმერი მოიგონ? არ სჯობია, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს მხარი, ან იგივე ხოშტარიამ, ელისაშვლმა, პირობითად ვლაპარაკობ. ეს თუ რეალურად გვინდა და თუ გვინდა, პრობლემა არ მაქვს, ვიღაცასთან დავდგე. პრობლემა ის მაქვს, რომ ყველა ერთად იყოს!

_ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოწოდებას ადრესატები არ გაითვალისწინებენ, რას აპირებთ, გეყოლებათ საკუთარი კანდიდატი?

_ მზად ვართ, რომ კანდიდატი დავასახელოთ, მაგრამ ჯერ გვინდა, რომ ეს გაერთიანება შედგეს და პრაიმერი ჩავატაროთ. ვინც გაიმარჯვებს, მხარსაც იმას დავუჭერთ. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი. თუ ასე არ მოხდა, პირდაპირ ვამბობ, დაგვირგვინდება ხელისუფლების აბსოლუტური გამარჯვებით და რაზედაც ახლა ვსაუბრობ, ყველა მიხვდება არჩევნების მეორე დღეს და მერე მაინტერესებს, რას იტყვიან, რატომ არ გაერთიანდნენ?! ეს არის ამ გაერთიანების რეალური ჩემი მოტივაცია. ამ ეტაპზე გაერთიანებას არც სახელი აქვს, არც არაფერი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ასე მოხდეს. თუ ასე არ მოხდა, რა თქმა უნდა, ყველა თავისი გზით ივლის, მაგრამ ეს ყველა გზა იქნება სახელისუფლებო გზა! არავისთან არ ვაწარმოებთ კულუარულ მოლაპარაკებებს, ღიად გავაკეთეთ მოწოდება იმ პარტიებისადმი, ვინც ამბიცია დააფიქსირა არჩევნებისთვის და ვისაც მერობის კანდიდატი ჰყავს. ჩვენ არ ვიცით, სხვა პარტიებს რა აქვთ გულში, ამიტომ ვინც დააფიქსირა, ამ ეტაპზე, მათ მივმართეთ. მიზეზი არ არსებობს, აცხადებენ, რომ მეორე ტური ისედაც არის პრაიმერი, ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სუფთა გულით ვსაუბრობ. ამიტომ თუ პროცესი ღია არ იქნა, პროცესი კაბინეტში შედეგს არ მოიტანს. არ მოხდება გაერთიანება? მაშინ ხელისუფლება გაიმარჯვებს და ნახოს მერე საზოგადოებამ, რატომ არ გააკეთეს ეს ყველაფერი. ჩემი მოტივაცია არის ერთიანობა, სხვა მოტივაცია მე არ მაქვს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კანდიდატი, მაგრამ ჯერ ჩვენს წინადადებაზე გამოხმაურებას ვუცდით. ყველა პოლიტიკური პარტიის ამოცანაა არჩევნებში მონაწილეობა და ამიტომ ჩემი, როგორც პოლიტიკური პარტიის, ამოცანაც ეს არის. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი ამოცანაა გაერთიანება. თუ ასე არ მოხდა, საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ, ვერ ვეტყვით, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს! ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს! გაერთიანების თაობაზე სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გამოხმაურების მოლოდინში ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია არ ვჩქარობთ არც მერობის საკუთარი კანდიდატისა და არც საარჩევნო ბლოკის სახელწოდების დასახელებას!

 

თამარ ბატიაშვილი