პაატა დავითაია: „ეს ხალხიც ისე დაიბრუნებს დახარჯულ ფულს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს უკან უცებ რომ ამოიღო…“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ 4 ოპოზიციური პარტია: „ახალი საქართველო“, „ახალი ერთობა“, „ევროპელი დემოკრატები“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: ნიკოლოზ ვაშაკიძეს, მამუკა გამყრელიძეს, პაატა დავითაიასა და ზურაბ ხარატიშვილს გაერთიანებისკენ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა.

 

გაერთიანებული პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა და თვითმმართველობის არჩევნები შანსს იძლეოდა, რომ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება შეცვლილიყო. ამ საკითხის ირგვლივ პარტიის ლიდერებმა განცხადებაც გაავრცელეს და პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს მოუწოდეს, დემოკრატიული პრინციპების გარშემო გაერთიანებულიყვნენ და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერი) აერჩიათ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები. ეს გაერთიანება არ შედგა და, შესაბამისად, 21 ოქტომბრის არჩევნებზე დადგა ის შედეგი, რომ ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტდება.

 

21 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი _ პაატა დავითაია:

_ თქვენთან ინტერვიუში ადრევე ვამბობდი, რომ თუ არ მოხდებოდა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, მაშინ შედეგი არავისთვის დადგებოდა, ეს ნათელი იყო. რატომ არ დგება გაერთიანება? პირველ რიგში, ალბათ, საქმე უნდა გვქონდეს პოლიტიკურ უმწიფრობასთან, თუმცა ამას ბევრს ვერ დააბრალებ. ხაზი გავუსვათ, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობ პროდასავლური ძალების გაერთიანებაზე. მეორეა, როდესაც რაღაცების უკან ვიღაცები დგანან. როდესაც პოლიტიკური საკითხი დგება და პოლიტიკური რუკიდან გამომდინარე ეს ყველაფერი არ სრულდება, მაშინ ამის უკან რაღაც დგას!

_ რას გულისხმობთ?

_ რა დგას ამის უკან, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს! მე ბრალს არავის ვუყენებ, ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია. პოლიტიკურ უმწიფრობას და, საერთოდ, გაუნათლებლობას ვერავის დავაბრალებ და მეორეა ის, რომ ვიღაცები რაღაცებს კულუარულად მართავენ და სამწუხაროდ, ასეც არის. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა ამ არჩევნებზე. საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი! რეალურად, პოლიტიკური ველის საერთოდ გაწმენდა და ისეთების დატოვება ხდება, როგორიც დარჩა. სატელიტობას არავის დავაბრალებ, ეს პოლიტიკური დღის წესრიგია, არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება. ვინ რას ირჩევს _ ირჩევს ოპოზიციაში მუდმივად ყოფნას, თუ ირჩევს ხელისუფლების ცვლილებას, ეს მათი არჩევანია! აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააკეთოს დასკვნა, თუ დასკვნები არ გაკეთდა და პირდაპირ გეტყვით, რომ არ გაკეთდება, იმიტომ, რომ ვიღაც ამის უკან დგას. როდესაც უკან ვიღაც დგას, მის წინაშე იღებ ვალდებულებას, ამიტომ დასკვნები არ იქნება და ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. რჩება ერთადერთი საკითხი, ვინც ცოტა გონზეა და ქვეყანაზე ფიქრობს, გადადოს თავისი ამბიციები, შემდეგ ძალიან წინ წაიწევს ის საკითხი, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. სხვა შემთხვევაში, არაფერი იქნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა შედეგიც მიიღო, მე მათ წინასწარ ვუთხარი, რა პროცენტი დაუჯდებოდა და ახლა იმედია, დაიჯერებენ, რომ არ წამოვიდნენ გაერთიანებაზე. პრაიმერს იმიტომ ვთავაზობდით, რომ ეს ამბიციები გადაგველახა. „ერთობა _ ახალმა საქართველომ“, ჩვენმა პლატფორმამ, ძალიან ეფექტიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს საარჩევნო პროგრამა, მთელი ოპოზიციური ძალები ერთად გაერთიანებული, რა შედეგის მომტანი იქნებოდა, ძალიან მარტივი სურათია. ამ სურათზე ველაპარაკეთ, არ შესრულდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც იგივეს ვამბობდით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა! ამიტომ მოსახლეობამ გააკეთოს დასკვნა, პროექტი 2030 კი არა, პროექტი 2050-ზე ავა საკითხი, თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა. ქვეყანაში სტაგნაცია ოთხი წელი იქნება, ოთხი წელი იქნება ის, ფული ვინც დახარჯა, „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ფული ბიძინა ივანიშვილს არ დაუხარჯავს. ის ფული საკუთარ თავს ხალხმა დაახარჯა, რომლებმაც კენჭი იყარეს მერებად და საკრებულოების წევრებად. ამ ოთხი წლის განმავლობაში რაც დახარჯეს, იმ ფულს უკან ამოიღებენ. ხომ გახსოვთ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული უკან უცებ რომ ამოიღო, ასე დაიბრუნებს უკან ეს ხალხიც დახარჯულ ფულს და ის გაღატაკებული მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება, ასეთ მდგომარეობაში იქნება კიდევ კარგა ხნის განმავლობაში.

_ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადეთი გზა მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებაა?

_ რა თქმა უნდა, აქ უკვე აღარ ვსაუბრობ პროდასავლურ, პრორუსულ და, საერთოდ, პროძალებზე. თუ ოპოზიცია მთლიანად, ყველა ერთად არ დადგა, არაფერი გამოვა! პრეზიდენტმა, რომელსაც კონსტიტუციით არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, მხოლოდ 1-ლიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა ამოირჩიოს ერთი თარიღი _ არჩევნების დღე, ისიც უნდა დაეკითხოს პრემიერს, მეტი უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს არ აქვს, მაგრამ თუ ოპოზიციამ მოახერხა და გაიმარჯვა, ეს იქნება გარდატეხა და 2020 წელს ხელისუფლბა შეიცვლება. თუ ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მოხდა, შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგივე იქნება, რაც ახლა ვნახეთ.

_ უკვე ჩამოყალიბებულია თქვენი პლატფორმა, როგორ გააგრძელებთ მოქმედებას, რა გეგმები გაქვთ?

_ ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულები, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. ფაქტი ერთია, რომ „ლიდერთა საბჭომ“ შეინარჩუნა უფლებამოსილება და დარჩება. ლიდერებმა გადაწყვიტონ! ძალიან მარტივ საკითხზე ვსაუბრობ: თუ 2018 წელს ოპოზიციამ გარდატეხა არ შეიტანა საპრეზიდენტო არჩევნებში, 2020 წელს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის! თუ ვინმეს ჰგონია, რომ რევოლუციით შეცვლის ხელისუფლებას, ვერ შეცვლის, რადგან უცებ დაიხარჯება თანხები! ხალხმა 10-15 ლარად გაყიდა თავიანთი ხმები, ეს ძალიან მიზერული თანხაა, ერთი დღის საჭმლის ფულად გაყიდა ოთხი წელი! „ოცნებისა“ და ივანიშვილის მიდგომით ვსაუბრობ: თუ ადამიანი მიტინგზე გამოვა და საფრთხე შეექმნება, 50 ლარს გადაუხდის! ყველამ უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა, პირველ რიგში, მოსახლეობამ! იმაზე საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა, სომხური კარუსელები იყო და ა. შ., რა მნიშვნელობა აქვს, ეს ტექნიკური მხარეა, მაგრამ მინდა, ცალსახად ვთქვა: მოსახლეობამ ხომ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, სიმართლე ვთქვათ და ილუზიებში არ ჩავვარდეთ! აიღეთ ოპოზიციური კანდიდატების ყველას ერთად შეკრებილი ხმა, ხომ გაიმარჯვებდა ოპოზიცია? მარტივია! რადგან ამას არ აკეთებენ, ე. ი. ამის უკან ვიღაც დგას! ამის უკან არანაირი რთული სქემები და კომბინაციები არ დგას!

თამარ ბატიაშვილი