„ოცნების“ მოძველბიჭო არტისტ-რეჟისორები და ჩამოწერილი „ჩემი კუკარაჩა“

ისინი ყოველთვის იქ იყვნენ, იქ არიან და მომავალშიც, ალბათ, იქ იქნებიან, სადაც გუმანით ხვდებიან, რომ ბევრი ერბო, კარაქი, შაქარი და სხვა ნუგბარია. ამ შემთხვევაში ვინმეს კულინარიულ ვნებებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ზოგიერთი მომღერლის, მსახიობის, სპორტსმენის, პოეტისა თუ მწერლის პოლიტიკურ ამბიციებზე ვაკეთებთ აქცენტს.

ზოგადად, ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის სახელისუფლებო წრეებისკენ სწრაფვას საქართველოში არცთუ ხანმოკლე ისტორია აქვს და ამ არცთუ ჯანსაღ ტენდენციას, ჯერ კიდევ, ბოლშევიკური მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.
მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, გაჩნდა იმის იმედი, რომ შემოქმედებითი ხალხის პოლიტიკური სპეკულაციები წარსულს ჩაბარდებოდა და, პრინციპში, ასეც მოხდა.
მსახიობები და მომღერლები ეროვნულ ხელისუფლებასაც უჭერდნენ მხარს, თუმცა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში პოსტი არც ერთ შემოქმედებით ადამიანს არ მიუღია. მეტიც, მაგალითად, ცხონებული ლეილა აბაშიძე, რომელიც ზვიადის მომხრე იყო, ამის გამო გარიყეს კიდეც და მერე, წლების განმავლობაში, მისი კოლეგები ამრეზითაც ქირქილებდნენ, ეგ ზვიადისტიაო.
1991-92 წლების თბილისის სისხლიანი ომის შემდეგ შემოქმედებითი ინტელიგენცია ისევ გამოჩნდა მმართველი ელიტის გვერდით. მეტიც, სახელმწიფო გადატრიალებაში, როგორც ამბობენ, თავადაც იყო ჩართული და ამ მხრივ ყველაზე ხშირად იხსენებენ რეჟისორ ნუკრი ქანთარიას, რომელზეც ამბობენ, რომ მხედრიონელი იყო. მას ბრალსაც უყენებენ, რომ თბილისის ომში უშუალოდ მონაწილეობდა და რუსთაველზე ავტომატითაც იდგა.
ნუკრი ქანთარიას შესაძლო მხედრიონელობაზე საუბარი, ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. მაშინ ქანთარია ოპოზიციაში იყო და მიხეილ სააკაშვილს „ქართული აკადემიის“ სახელით ებრძოდა.
ზუსტად იმ პერიოდში forum.ge-ზე მასზე ასეთი ფრაზები იწერებოდა:
„ესე იგი, რატომ ვაგინებთ ნუკრი ქანთარიას?
1. „მხედრიონელი ძერმოკრატია“
2. „მხედრიონმა“ მიავლინა „პირველ არხზე“ 1992 წელს და განსხვავებული აზრის ჟურნალისტებს დედა მოუხნა.
3. მადლობის ნიშნად გადაიყვანეს ახმეტელის თეატრის რეჟისორად, სადაც იოსელიანის სპექტაკლებს დგამდა _ „შავი კატა“ და ა. შ.“
„ჩვეულებრივი მედროვეა ვიღაცა…“
„ვინაა და რუსეთის კაცია… ჯერ როდის ითქვა ეგ…“
მოგვიანებით, ანუ როცა ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, ნუკრი ქანთარია, რომლის სახელსაც თელავის თეატრის ოქროს ხანა უკავშირდება, „ოცნების“ სახე გახდა და ის, სხვათა შორის, იმ იშვიათთაგანია, რომელმაც დეპუტატობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო.
აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ რეჟისორ-პოლიტიკოსი ქანთარია ივანიშვილისთვის ძალიან ძვირფასი ფიგურაა.
მხედრიონელობა ქანთარიას ოპოზიციაში გადასულმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ წამოაძახეს.
ასე მაგალითად, საქართველოს პარლამენტის საარქივო მასალების გაცნობისას აუცილებლად გაგახსენდებათ ინციდენტი, რომელიც დავით დარჩიაშვილსა და ნუკრი ქანთარიას შორის მოხდა.
2014 წლის პრესასაც თუ გადაავლებთ თვალს, აუცილებლად ნახავთ ნიუსს ამ სათაურით: „ქანთარიას „მხედრიონი“ წამოაძახეს“.
ნიუსში წერია:
„ნუკრი ქანთარიას დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებისას „მხედრიონთან“ „ახლოს“ ყოფნა შეახსენა და აღნიშნა, რომ მისგან არ მიიღებს შენიშვნებს მორალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. დარჩიაშვილის ეს განცხადება ნუკრი ქანთარიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც გიორგი ვაშაძის გამოსვლა უძღოდა წინ. უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ უუნარო უწოდა:
„მართლაც უუნაროა მთავრობა, როდესაც საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე და ვერც ერთი გამოძიება რეალურად ვერ მიიყვანა ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა საქმე არის ჭორაობისა და მითქმა-მოთქმის საგანი. აბსოლუტურად უუნაროა მთავრობა, როდესაც ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საუბრობს, რომ მყისიერად გამოიძიებენ, პირად კონტროლზე აიყვანენ და რეალურად არანაირი წინსვლა არ არის საქმეში. უუნაროა მთავრობა, როდესაც სპეკულირებს ჟვანიას საქმით და რეალური ფაქტი არ დევს ამ გამოძიებაში. უუნაროთა თავდაჯერებულობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ქვეყანაში. უუნაროთა თავდაჯერებულობა ქვეყანას თავიდან ბოლომდე ჩამოშლის, ამიტომ ჯობია, დროულად მოვეგოთ გონს“, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მის ამ გამოსვლას ნუკრი ქანთარიას პასუხი მოჰყვა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩია, გონს მოეგოს.
„გეკითხებით თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რატომ არ ფიქრობთ მართლა რა დღეში ხართ, რა განცხადებებს აკეთებთ. რა დღეში ხართ, ეს რა უბედურება გჭირთ. ერთი არის გენერალური მდივანი და გვამებს ითხოვს. მეორე, პარტიის თავმჯდომარეა და იქიდან გეუბნებათ, რომ ფეხებზე მკიდიხართ, კისერიც გიტეხიათ, მე აქ უფრო დიდი ხელფასი მაქვს, ვიდრე მანდ მქონდა და საერთოდ აღარ მაინტერესებს თქვენთან ყოფნაო. და თქვენ ამის შემდეგ რა უფლებით უნდა გამობძანდეთ აქ და გველაპარაკოთ მედიაზე, ეკონომიკაზე, უუნარობაზე, „ქართული ოცნებისა“ და ხალხის კეთილდღეობაზე. მიიღეთ გადაწყვეტილება ან გაემიჯნეთ ამ ამბებს, ანდა აიღეთ ეს პასუხისმგებლობა“, _ განაცხადა ქანთარიამ, რაზედაც დარჩიაშვილმა უპასუხა:
„რაც შეეხება მორალურ გამონათებას, მე ვერ მივიღებ იმ ადამიანისგან ამას, ვინც ძალიან ახლოს იყო „მხედრიონთან“ და შევახსენებ, რომ 2 თებერვალს შესრულდა წლისთავი ცირკთან ადამიანების მასობრივად დახვრეტისა“.
გადეპუტატებული კინორეჟისორის წარსულზე საუბარი წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გახდა აქტუალური. კერძოდ, წინა კვირას, მოგეხსენებათ, პარლამენტში დიდი ცემა-ტყეპა ატყდა _ უმრავლესობის წევრები თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ოცნების“ დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიაზე მიიტანეს იერში და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვიერი იერიშის მიტანა _ ნიკა მელიას წარსულში მსახიობი და ამჟამად დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი უკნიდან მიეპარა და ზურგში ჩაარტყა.
ნუკრი ქანთარიამ კი, რომელიც მკვახე გამონათქვამებს არასოდეს ერიდება ხოლმე, მელიას „გაზის დაწევა“ ურჩია.
„მინდა, ნიკა მელიას ვუთხრა: შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“. 12 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ნუკრი ქანთარიას და, ზოგადად, „ოცნებას“ პასუხი გასცა და ქანთარიას ერთი არასასიამოვნი ინციდენტიც გაახსენა:
„როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ითხოვ პასუხს დეპუტატი, როდესაც ეკითხები ხელისუფლებას, როდესაც საარჩევნო შტაბში შეცვივდით, იარაღის კონდახებით დაუჩეხეთ თავები ადამიანებს, პასუხისგებაში რატომ არ მიეცით ისინი, ვინც ეს ჩაიდინა? როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელს საკუთარი სახლის ტერიტორიაზე უმოწყალოდ აჩეხავენ სასიკვდილოდ ცივი იარაღით და ამ საქმეზე მხოლოდ ერთ თანამონაწილეს აკავებენ და მეორეს, დაცვის პოლიციის თანამშრომელს უშვებენ, ასევე გავიხსენებ პედაგოგ ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს, სვამ კითხვებს და გხვდება ყრუ კედელი და მერე ამას ეძახიან პროვოკაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ ემზარ მკოიანს საგანგებო ბრიფინგზე გმირი უწოდა და „ოცნების“ რიგებში ირიცხება. ასევე „ოცნების“ წევრია ნუკრი ქანთარია, რომელიც 90-იან წლებში ზვიადის მომხრეებს ავტომატით დასდევდა, ასევე რეჟისორ ნუკრი ქანთარიას მწერალთა კავშირში დანით ჰყავს დაჭრილი თავისი კოლეგა ავთო ვარსიმაშვილი. ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც თეატრების თემაზე მიდიოდა დისკუსია, 94 თუ 95 წელს, ასათიანი იყო კულტურის მინისტრი და ამ სხდომას ესწრებოდა, ყველამ იცის ეს ამბავი თბილისში. ასეთი ხალხია მთავრობაში და პარლამენტში და ცდილობს, მორალი წამიკითხოს ტრიბუნიდან და გამაჩუმოს, რა თქმა უნდა, ვერ გამაჩუმებს ვერავინ“.
სხვათა შორის, Googl-ის საძიებო სისტემაში ქანთარიასა და ვარსიმაშვილის სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ცნობები, პრინციპში, არ მოიპოვება. მეტიც, ვინც ქანთარიას იცნობს, ამბობს, რომ მას ამ თემის გახსენება არათუ არ სიამოვნებს, არამედ თუ ვინმე ამის შესახებ მინიშნებით მაინც ჰკითხვას რამეს, ძალიან ღიზიანდება, თუმცა სოციალურ ქსელებში ამ საკითხზე არაერთხელ დაწერილა.
ერთ-ერთი „ფეისბუქმომხმარებლის“ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:
„ყოვლად გახრწნილი ნუკრი ქანთარია ურცხვად აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა მწამებელ-გამაუპატიურებელი „ენმ“ ბოლომდე ჩარეცხაო, თან ამას ამბობს „კაცი“, რომელიც პირადად იყო ჩართული „ნაციონალების“ სიით გასული დეპუტატების მოსყიდვაში, კომპრომატებს ცხვირწინ უფრიალებდა და წარსულს უხსენებდა, როცა იმ „მწამებლებმა“ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეუვსეს და მათ გვერდით ამაყად პოზირებს საპარლამენტო ფოტოსესიებზე, მათ გვერდით ზის და მათ გარეშე ვერც საარჩევნო დიქტატურას დაამყარებდნენ და ვერც კონსტიტუციას გადაიხევდნენ თავზე.
კაცი ომის დაწყებას „ნაციონალებს“ აწერს და ტერიტორიების ჩამბარებელს უწოდებს, რომელიც თავად იყო ჩართული რუსეთის მიერ პროვოცირებულ ძმათამკვლელ ომში, როცა „ნაციონალები“ ბუნებაშიც არ არსებობდნენ!
ამ დროს კი, რატომღაც, არავინ ახსენებს, რომ ნუკრი ქანთარიამ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობაში არცთუ ისე მცირე წვლილის შეტანა მოასწრო, მაშინ პოლიტიკაში არ წასულა, რადგან კრემლმა ტელევიზიაში მისცა კარგი პროპაგანდისტული სამსახური!
ჯაბა იოსელიანის პიესების გასპექტაკლებით გაითქვა სახელი და შემდგომში უფრო პოპულარული გახდა, როცა ვარსიმაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა!
ნუკრი ქანთარია პოლიტიკაში გამოჩნდა სააკაშვილის მმართველობისას, მის ერთ-ერთ დაუნდობელ კრიტიკოსად და პირად მტრად იქცა!
რატომღაც, სწორედ მიშას დროს იგრძნო დემოკრატიის დეფიციტი, ხელოვნებისა და განათლების პრობლემები, რაზეც საჯაროდ მოსთქვამდა და სხვებსაც არწმუნებდა კრიტიკის ნამდვილობაში…
სააკაშვილის მმართველობისას ხელოვნებისა და განათლების კუთხით უამრავი რამ კეთდებობდა და გასაგებია, რომ ჩვენც მეტი და უკეთესი გვინდოდა, მაგრამ შევარდნაძის დროს საერთოდ რომ არ არსებულა, ესეც ხომ ფაქტია, ისიც ხომ ფაქტია, რომ შევარდნაძის მმართველობისას 10-12 წლის მანძილზე 10-12 წიგნიც არ გამოცემულა, მაგრამ ნუკრი ქანთარია ამას არ შეუწუხებია და ერთხელაც არ ამოუღია ხმა, თუმცა მისთვის და მის თანამოაზრეთათვის „ხელოვნების ნიმუშები“ იყო იმ დროს მაგ.: რუსთაველის თეატრისთვის ჭურვების სროლა, მხატვრის სახლის გადაწვაც და აოხრებაც ხომ ხელოვნების სფეროს განეკუთვნებოდა და კიტოვანის მიერ სისხლით მოხატული თბილისიც!
აი, ეს ნუკრი ქანთარია იბრძოდა სააკაშვილის დასამხობად!
ეს ის ნუკრი ქანთარიაა, რომელმაც გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დაამხო, აფხაზეთის „ჩამბარებელ“ შევარდნაძეს რუსთაველზე, „იმელის“ წინ რომ დაუჩოქა და ერთი პროტესტი რომ არ გამოუთქვამს შევარდნაძის მიერ „ჩაბარებულ“ აფხაზეთზე, 10 000-ზე მეტ ჩახოცილ ვაჟკაცზე, 300 000 დევნილზე… და 26 000 გაუპატიურებულ „ვაშკაცს“ რომ გლოვობს დღემდე!
შევარდნაძეს ხომ ყველაფერი ეპატიებოდა, რადგანაც მან იცოდა „ინტელიგენციის ფასი“, ფასი წითელი ინტელიგენციისა, რომელსაც მხოლოდ ენა უნდა მოუჩლიქო, მოეფერო, ძვალი გადაუგდო და ასე მოიმხრო…
მოსყიდულ-მოთაფლულს სადაც გინდა, იქ გამოიყენებ, მთავარია, იმ მიგდებულ ძვალზე ხორცი არ გამოილიოს, თორემ კბილები ისე აქვთ ალესილი, ცოცხლად შეგჭამენ!“
თავად ქანთარია, რომელიც დღეს „ოცნების“ გამოკვეთილი სახეა, მხედრიონელობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ჯაბა იოსელიანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ქანთარია ამბობს:
„როგორც ასეთი, მხედრიონელი, არ ვყოფილვარ და არც იარაღი მჭერია. ამას „ნაციონალები“ ამბობენ… ჯაბა იოსელიანი, რომელიც „მხედრიონს“ ედგა სათავეში, ახლობელი იყო… იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი და რაღაც პროცესებში, როცა საჭირო იყო, მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ რაღაც ფორმირებაში არ ვყოფილვარ და ამაზე ლაპარაკი მოსაბეზრებელია!“
ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რასაც ზემოთ გავეცანით, ქანთარიას, როგორც პოლიტიკოსის ავკარგიანობაზე მსჯელობა, ალბათ, გაჭირდება, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას _ ის წარმატებული რეჟისორი იყო და ზუსტად მის სახელს უკავშირდება თელავის თეატრის რენესანსი. ძველ თაობას კარგად ახსოვს მის მიერ თელავის თეატრში დადგმული „ალალე“, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ მისნაირი რეჟისორი ქართულ თეატრს არ ჰყოლია და არც ეყოლება.
ამასთან, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქანთარია საკუთარი პროფესიით, პრინციპში, აღარ საქმიანობს _ „თეატრალურში“ ლექციებს კი კითხულობს, მაგრამ დიდი ხანია, საზოგადოებას არ გაუგია, რომ მან სპექტაკლი დადგა.
სამაგიეროდ, პოლიტიკურ სპექტაკლებში აქტიურად არის ჩართული და მუდმივად ცდილობს, რომ ეპიზოდურ როლებს არ დასჯერდეს, ანუ ყველა საკითხზე აქტიურად აკეთებს კომენტარებს და იმასაც კი არ ერიდება, რომ მედიას დაემუქროს.
2015 წლის მაისში მან მედია პირდაპირ გააფრთხილა და ურჩია, რომ თავისუფლება შეერგო:
„საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ და სენსაციურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოებას „ოცნების“ მიმართ სამი მოთხოვნა ჰქონდა, ამ სამიდან სამართლიანობის აღდგენის კუთხით საქმე დაიძრა, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ბევრი რამე კეთდება, მესამე მოთხოვნა კი მედიის თავისუფლება იყო. ქანთარია აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება არც ერთ ტელევიზიას არ ფლობს, თუმცა ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ხალხში შესაძლოა, მკაცრი ხელის მოთხოვნა გაჩნდეს, „ტელევიზიებს მიხედეთო“. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ტელევიზიებს აფრთხილებს, შეირგონ თავისუფალი სივრცე:
„ეს თავისუფალი სივრცე შეირგონ თორემ ამ თავისუფლების ალტერნატივა ისევ ტერორი და შევარდნებია! ჩვენ ამას არ ვიზიარებთ, მაგრამ პროცესი იქამდე მიდის, რომ შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, მკაცრი ხელია საჭირო ტელევიზიებს მიხედეთო… ზოგადად ვამბობ, ხალხში მოთხოვნა გაჩნდება, ხელისუფლება ხართ, ადექით და იმოქმედეთ, რომ ეს კამპანია შეაჩეროთო. ეს იმის საფუძველი იქნება, ამ ტალღაზე ახალი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც ამ მოთხოვნებს თავისასაც დაუმატებს და ტელევიზიებში შევარდება. ზუსტად ესაა ტოტალიტარიზმი და დიქტატურა… ვაფრთხილებ, შეირგოს ეს თავისუფალი სივრცე. ახლა ამ თავისუფლებისგან ისტერიკაში არიან,, _ ნუკრი ქანთარიას ეს ციტატა იყო მოყვანილი საინფორმაციო სააგენტოების მიერ სამი წლის წინ გავრცელებულ „ნიუსში“.
რაც შეეხება „ოცნების“ კიდევ ერთ „დამრტყმელ“ და მოძველბიჭო სახეს, ასევე დეპუტატსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელ ზაზა პაპუაშვილს, ამ პიროვნების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. უფრო კონკრეტულად, თეატრალურ სამყაროში შესაძლოა, მას ადრეც იცნობდნენ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ და ჩვეულებრივმა, რიგითმა მაყურებელმა პაპუაშვილი გიორგი შენგელაიას ფილმით _ „მიდიოდა მატარებელი“ გაიცნო. აღნიშნული ფილმი ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და მასში პაპუაშვილი ქალის ფორმაში გადაცმული გვევლინება.
ამასთან, პაპუაშვილი მონაწილეობს ერთ-ერთ პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში _ „სიყვარული ვენახში“. ამ ფილმის რეჟისორიც გიორგი შენგელაიაა. ფილმში, რომელიც ეკრანებზე 2000 წელს გამოვიდა, პაპუაშვილი სანდროს როლს ასრულებს და მას ია ფარულავა უწევს პარტნიორობას.
საერთო ჯამში, პაპუაშვილს 7 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გაცილებით ბევრი როლი აქვს შესრულებული თეატრში. 1986 წლიდან, სანამ დეპუტატი გახდებოდა, რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ.
ასევე დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრებში.
პაპუაშვილი არის სახელმწიფო და ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი და „ოქროს ნიღბის~ მფლობელი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
პაპუაშვილი პოლიტიკაშიც საუკეთესოდ ასრულებს აგრესორის როლს _ მას ოპონენტებთან კამათი არ შეუძლია და, როგორც წესი, პირდაპირ ძალადობაზე გადადის.
როგორც აღვნიშნეთ, 12 დეკებერს პარლამენტში ნიკა მელიას უკნიდან მიეპარა და ზურგში ჩაარტყა. ამავე სხდომაზე გააკეთა ძალადობრივი განცხადება:
„რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ? გამაგებინეთ, რა… საჩხუბი მოედანიც კი არ არის საკმარისი, რომ კაცმა იჩხუბოს, როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად“.
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ პაპუაშვილმა პარლამენტში გამოსვლა მაგიდაზე ხელის დარტყმით გააგრძელა.
სიძულვილით იყო სავსე პაპუაშვილის განცხადება, მაგალითად, 2015 წლის თებერვალში, როცა მან „ნაციონალებს“ „პეშკები“, მხდალები და გამყიდველები უწოდა. მაშინ პლენარულ სხდომაზე საგარეო სექტორთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობდნენ და პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უმცირესობის მხრიდან ხელისუფლების დამოძღვრა უკვე მოსაწყენია:
„ვითომ ვაჟკაცობის დემონსტრირებას ახდენთ. საქართველომ თქვენი ვაჟკაცობის ხარისხი უკვე ნახა. დღენახევარში ომი დასრულებული იყო და თქვენი ლიდერი ახლა კიევშია გაქცეული. საზღვარი 11 კილომეტრით რომ გადმოწიეთ, რომელ მონაკვეთზეა საუბარი, იცით? ირონიას, იუმორსა და სარკაზმს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ „პეშკები“, მხდალები და გამყიდველები ხართ“.
ზაზა პაპუაშვილიც, ნუკრი ქანთარიას მსგავსად, ყველა საკითხზე აქტიურობს ხოლმე. მის მიმართ მედიის ინტერესი გაზაფხულზეც გამძაფრდა, როცა პარლამენტმა ნინია კაკაბაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა. ამის ნიადაგზე გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ „ოცნებას“ დატოვებდა (გედევანი დღესაც „ოცნების“ წევრია). მაშინ ითქვა, რომ პარტია შესაძლოა, პაპუაშვილსაც დაეტოვებინა.
„ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, რომ პარტიას ვტოვებ, თუმცა გამორიცხული არაფერია. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ გუნდი უნდა დავტოვოო, ეს საგანგაშო არ არის. ამ ეტაპზე, ამ წუთში, მე თქვენ ამას არ გიდასტურებთ. თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, თქვენც გეცოდინებათ“, _ უთხრა მაშინ ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მსახიობისა და რეჟისორის გარდა „ოცნების“ საპარლამენტო რიგებში მომღერალიცაა, თუმცა ქანთარიასა და პაპუაშვილისგან განსხვავებით, ზაზა ხუციშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის არსებობის შესახებ, მოსახლეობამ, პრინციპში, არაფერი იცის. მან თავი შეგვახსენა „ოცნების“ საარჩევნო სიმღერით _ „ჩემი საქართველო აქ არის“. დანარჩენი, რას აკეთებს, ძნელი სათქმელია.
ასევე არც საპარლამენტო ჩხუბებში მონაწილეობს.
სამაგიეროდ, საპარლამენტო ჩხუბებში მონაწილეობდა წინა მოწვევის პარლამენტში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ იმ გაგებით, რომ ზვიადაურის მაჟორიტარად დასახელება, ალბათ, თავად მის გარემოცვასაც გაუკვირდა, მაგრამ 2012-ში „ოცნებისთვის“ ყველა ცნობადი სახე მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ზვიადაური ახმეტის მაჟორიტარად წარადგინა.
რა გააკეთა პარლამენტში? _ ეს არავინ იცის, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი ხელჩართული ჩხუბის დროს ზვიადაურმა პროფესია გაიხსენა და პირდაპირ საჭიდაო ილეთებით ჩაერთო საპარლამენტო ორთაბრძოლაში.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ოცნების“ თეატრალურ დასს რამდენიმე დავიწყებული აქტიორი კიდევ შეემატა, მაგრამ მათ მაინც ვერ დაჩრდილეს ისეთი სტაჟიანი ოცნებელი ვარსკვლავები, როგორებიც არიან „მე სახალხო არტისტი ვარ“ (გურანდა გაბუნია), „ჩემი „კუკარაჩა“ ნანახი გაქვს?!“ (ქეთი დოლიძე) და „ყველა სოფელი მიიღებს 5 მილიონს“ (ნინელი ჭანკვეტაძე).
ქალბატონი გურანდას სიტყვები: „ბიძინა ღმერთმა გვესროლა“ საუკუნეებს გაუძლებს.
ასევე საუკუნეებს გაუძლებს ქეთი დოლიძის ფრაზა: „ჩემი „კუკარაჩა“ ნანახი გაქვს?!“
ეჰ, ქალბატონო ქეთი, რა დროს თქვენი „კუკარაჩას“ ნახვაა, როცა „ოცნება“ უფრო მძაფრსიუჟეტიან ფილმს წარმოგვიდგენს ბოლო ექვსი წელია. თქვენი „კუკარაჩას“ ექშენი კი მთლიანად დაგვავიწყა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც ხმების მოპარვის მსოფლიო შედევრად იქნება აღიარებული.
ასე რომ, ჩვენ ახლა სხვა „კუკარაჩას“ ვუყურებთ, რომელშიც მთავარ როლებს ფარცხალაძეები და მსგავსი ადამიანები ასრულებენ!

გიორგი აბაშიძე