ორიენტაცია _ ისტორიულად და ახლა

ქართული დიპლომატია, სახელმწიფოებრივი ფუნქცია და საქმიანობა დაბალანსების მეთოდის გამუდმებული სრულყოფაცაა _ დაახლოებით ასეთ მსოფლმხედველობაზე იყო დაფუძნებული ანალიტიკოსთა მსჯელობანი. ისტორიულად საქართველო მართლაც არაერთხელ მდგარა უხეში არჩევანის, ერთ დროს გავრცელებული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ორიენტაციის პრობლემის წინაშე. ქართველი დიპლომატები საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით ყოველთვის იქითკენ იხრებოდნენ და იმას ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელსაც მეტი კეთილდღეობის მომტანად ჩათვლიდნენ, ამასთანავე შეინარჩუნებდნენ თვითმყოფადობას. თუმცა ქართველი დიპლომატები, არცთუ იშვიათად, შორს იდგნენ ქართული დიპლომატიისგან. ეს გამოწვეული იყო ისტორიული ბედუკუღმართობითაც.

ასეთ შემთხვევაში, განაწყენებული მხარისგან მოზღვავებული აგრესიის გასანეიტრალებლად, მოქნილი დიპლომატიის, ანუ ერთგვარი დაბალანსების მექანიზმის აუცილებლობა მართლაც არსებობდა. შედეგად, ყოველივე ურთიერთთან სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული და ერთ კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ ის აზრიც, რომ საქართველო, ამა თუ იმ ეტაპზე, ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს, ნაკლებად ზიანის მომტანს ირჩევდა, რაც არაა მართებული, რადგანაც წარსულში, აგრესიული ისტორიული თურქეთისა და ირანისაგან, საქართველო ერთნაირი თავგამოდებით, ყოველგვარი მოკავშირის გარეშე, გმირულად იცავდა თავს. პარალელურად, თავს იცავდა „ერთმორწმუნე“ ბიზანტიის შეუნელებელი აგრესიისგან. ამ შემთხვევაში თუ, მაინცდამაინც, ამ ტერმინს გამოვიყენებთ, დაბალანსების მეთოდმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ფრიად საინტერესო სახე მიიღო. ამასთანავე, საქართველო ყოველთვის ცდილობდა ორი დიდი დამპყრობლის, ირანისა და თურქეთის, ინტერესთა კონფლიქტის სათავისოდ, ვინმესთან კოორდინებისა და აზრის გაუზიარებლად, გამოყენებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 1555 წლის შეთანხმებით (ამასიის ზავი, _ რედ.), ირანმა და თურქეთმა საქართველო, არც მეტი არც ნაკლები, შუაზე გაიყო! კაცმა რომ თქვას, შეცდომაცაა და სამარცხვინოც, ყველგან ორიენტაციული მისწრაფებანი და დაბალანსების მეთოდები ვეძებოთ. შემდგომში ხომ საქართველო ასევე თავგამოდებით ებრძოდა რუს დამპყრობლებსაც. ეს საკითხის არასწორი დასმაცაა. ხშირად ამ თემით სპეკულირებენ კიდეც!

***
უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს მტკიცე პოზიცია, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით, გადამწყვეტი აღმოჩნდა მსოფლიო ისტორიის განვითარებაში. ეს სიტყვები გადაჭარბებულად არ მოგვეჩვენება, თუკი თუნდაც ერთი წუთით წარმოვიდგენთ, საქართველო და, პრაქტიკულად, მისი სახით კავკასია, ათასი ჯურის დამპყრობელთათვის პლაცდარმი ან თუნდაც მისი მოკავშირე რომ ყოფილიყო. ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის, ბევრი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და მართლაც დავიწყებული, მაგრამ, საბედნიეროდ, _ არა საბოლოოდ! საქართველოს როლსა და ადგილს, მის მნიშვნელობას საუკუნეების წინათაც სათანადოდ აფასებდნენ. დასტურად საქართველოს შესახებ საუბრისას თუნდაც XII საუკუნის ფრანგი მისიონერისა და მოღვაწის, ანსელუსის სიტყვებიც იკმარებს, რომელიც ამბობს, რომ მეფე დავითი (უნდა ვიგულისხმოთ აღმაშენებელი) „თავის წინაპართა მსგავსად ფლობდა კასპიის კარებს, გოგისა და მაგოგის წინააღმდეგ აღმართულ ამ ზღუდეს, იმასვე აკეთებს დღემდე მისი შვილი, რომლის ქვეყანა და სახელმწიფო არის, ასე ვთქვათ, ჩვენი წ ი ნ ა ბ უ რ ჯ ი მიდიელთა და სპარსელთა წინააღმდეგ“. ყოველგვარი ფუჭი ქედმაღლობის გარეშე შეგვიძლია დავასკვნათ: კავკასიაში ევროპა-აზიის ვერშემუსრული კარიბჭის გასაღები ინახება.
ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ისტორიული ფესვებით, კულტურითა და სახელმწიფოებრივი წყობით საქართველო ევროპასთან უფრო ახლოს დგას, მისი სამოქალაქო განვითარება ევროპულს ესადაგება და ზოგ შემთხვევაში უსწრებს კიდეც (მაგალითად: ყუთლუ-არსლანის მიერ სათათბირო ორგანო „კარავის“ შექმნის მოთხოვნა ნახევარი საუკუნით უსწრებდა ინგლისის „თავისუფლების ქარტიას“). სამწუხაოდ, ამას განვთარება არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, შემაფერხებელი აღმოჩნდა განუწყვეტელი შემოსევები.
ცნობილია, რომ „ორიენტაციული პრობლემა“ ქართველი პოლიტიკოსების წინაშე ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ერთ-ერთ მთავარ, განმსაზღვრელ საკითხად იქცა, რაშიც უდიდესი წვლილი ქრისტიანობას მიუძღვის. ეს იყო ისტორიული ტრადიციის, კოდირებული ერთიანობის შეგნების ბუნებრივი გაგრძელება და არა რაღაც ახლის აღმოჩენა. ამის დასტურია ისტორია. მთავარია, ისტორიის სწორად წაკითხვა შეგვეძლოს.
თვალსაჩინოებისთვის სწორედაც რომ ქრისტიანობის გავრცელება იკმარებს, რადგანაც სარწმუნოება პოლიტიკურ პრობლემადაც მოიაზრებოდა (და სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ახლაც მოიაზრება). ყველას მოეხსენება, რომ ევროპა, პრაქტიკულად, მთლიანად, ქრისტიანული სამყაროა. პირინეის იბერიელებთან ნათესაობის ისტორიული მახსოვრობაც მტკიცედ იყო გამჯდარი ქართველთა ცნობიერებაში. ევროპამ, გამონაკლისის გარეშე, ძველ აღთქმასთან ერთად, ახალი აღთქმა აღიარა, როგორც კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი, ზნეობრიობის კიდევ უფრო მაღალი საფეხური. იმ პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთ საშიშ იდეოლოგიას მაზდეანობა წარმოადგენდა, რომელიც თვითმყოფადობის გაქრობით გვემუქრებოდა. თვით მეხუთე საუკუნეშიც კი, როცა გაერთიენებული საქართველო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობას მტკიცედ იცავდა, იყო სერიოზული ცდები მაზდეანობისა და ქრისტიანობის ერთგვარი იდეოლოგიური მორიგებისა. თვით ქართლის კათოლიკოსი წერდა „წიგნებსა ყოვლისა საცთურისასა“…
მაშ, რატომ აირჩია საქრთველომ ქრისტიანობა და ქართლის კათოლიკოსივით არ მიმართა „დაბალანსების მეთოდს?“
საქართველო ქრისტიანობის არჩევით მისთვის ტრადიციულ სამყაროში რჩებოდა, ამით ევროპის ერთიანობას ინარჩუნებდა (ეს მომენტი ზოგს მცდარად, შესაძლოა წინასწარ ბოროტგანზრახულადაც, შეფასებული აქვს, როგორც მოკავშირის ძებნის მცდელობა ევროპაში), რათა „მეზობელი“ აგრესორისგან თავი დაეცვა. ხოლო თანამოძმის დაცვა ევროპის ისტორიული მოვალეობაც იყო, საქართველო კი ევროპის ნაწილია, თუმც პირველი დარტყმის საკუთარ თავზე მიმღები. ბიზანტიის იმპერია, რომელიც, შესაძლოა, ევროპისთვის შეცდომით აღმოსავლური აგრესიისგან თავდასაცავ ზღუდედაც მიიჩნეოდა, კავკასიის დამორჩილებასაც ლამობდა, რეალურად კი ბიზანტია ქრისტიანული სამყაროს ორად გამყოფის როლს ასრულებდა, თუმც ისტორიული გარემოებების შესაბამისად, სხადასხვა დროს, ბიზანტია საქართველოსთან „მოკავშირეობისა და მეგობრობის“ ხელშეკრულებით (გნებავთ _ იძულებითი გარიგებით) იზღუდებოდა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა საქართველოს პოზიციები მტკიცდებოდა, მაგრამ აგრესიული ზრახვებისგან თავი არასოდეს შეუკავებია და მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოსთვის დახმარება არასოდეს გაუწევია. მეტიც, იყო შემთხვევები, ჯვაროსნული ომების დროს ბიზანტია მაჰმადიანურ კოალიციას სამხედრო დახმარებასაც კი უწევდა. საქართველოსა და კავკასიის როლი და მნიშვნელობა უფრო ნათლად გამოიკვეთა სწორედ რომ ჯვაროსნული ომების დროს, განსაკუთრებით დავითისა და თამარის, შეიძლება ითქვას, კავკასიური იმპერიის ეპოქაში, როცა მთელი საქრისტიანო წმინდა ადგილების გასათავისუფლებლად იბრძოდა. იმ დროს ევროპა საქართველოდან მოელოდა დახმარებას. საქართველომ ეს „ბოლომდე“ ვერ შეძლო. ევროპამ საქართველო და კავკასია მალევე „დაივიწყა“, რაც ძვირად დაუჯდა, განსაკუთრებით მონღოლთა შემოსევებისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ. მართალია, გიორგი ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.), მოთხოვნის შედეგად, თვით მაჰმადიანებმა ქრისტეს საფლავის გასაღები ჩააბარეს, მაგრამ ევროპასთან ურთიერთობები სათანადოდ არ გაღრმავებულა. ამას ევროპელ პოლიტიკოსთა შეცდომასთან ერთად ისტორიულმა უსამართლობამაც შეუწყო ხელი.
ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზია რუსეთმა უსაფუძვლოდ გამოაცხადა. საქართველომ ასეთ პრეტენზიაზე გასაგები მიზეზების გამო (სამეფო-სამთავროებად დაიშალა), იძულებითი უარი თქვა. რუსეთი კი ზედმეტად პრეტენზიული გახდა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ან კავკასიის დაპყრობისა და თუნდაც სრულად კოლონიზების შემთხვევაშიც კი თავისი მენტალიტეტით იმ ფუნქციებს ვერასოდეს შეასრულებდა, რაც ისტორიული თვითგანვითარებით აუცილებლობად მიიჩნევა. საგულისხმოა, საქართველოს კავკასიური მსოფლმხედველობა ჩრდილოეთისკენაც იყურებოდა. მაგალითად გამოდგება თამარის ორივე ქმრის ჩრდილოეთური „კუთვნილება“, მაგრამ ეს ბიზანტიური მემკვიდრეობის ახლებურად, დროსთან შესაბამისობითა და ევროპულ სახელმწიფოთა მჭიდრო ურთიერკავშირში გააზრებასა და რუსეთის განეიტრალებას ნიშნავდა, რისი ერთ-ერთი არგუმენტი საქართველოდან ორჯერ ამბოხებული გიორგი რუსის გაძევება, მანამდე კი 1173 წელს საქართველოს ყმადნაფიცთა დარბევის გამო გიორგი მესამის მეთაურობით ქართული ჯარების მიერ რუს-ყივჩაღ-ხაზართა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებაც იკმარებს. ნიშანდობლივია, რომ ეს ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიაში გაიმართა და ამ ისტორიული ფაქტის _ ქართველთა და რუსთა შეიარაღებული დაპირისპირების _ შესახებ დღემდე არავინ საუბრობს.
რუსეთმა, ნაცვლად იმისა, თავად ეზრუნა ინტეგრაციისთვის ევროპასთან, შეუნელებელი დაპყრობითი ომებისა და აგრესიული პოლიტიკის შედეგად საფრთხე შეუქმნა თვით ევროპას და ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ალასკაც დაისაკუთრა. პარალელურად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზევე გამალებულად შენდებოდა ზესახელმწიფო, რომლის როლი და ფუნქცია მრავალწახნაგოვანია. გამორიცხული არაა, განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ამერიკის კონტინენტზე მშენებარე ახალი სახელმწიფო თავიდანვე მოიაზრებოდა ევროპიდან მსოფლიოს კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის „შორს გადატანით“, რუსეთის აგრესიისგან დაცვის მიზნით.
ერთ-ერთი გადამწყვეტია სარწმუნოების საკითხი, ეს ეჭვს არ იწვევს. მართალია, რუსეთთან მიმართებით მხოლოდ ამ კუთხით მსჯელობამ წარმატება ვერ მოიტანა, მაინც ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: რატომ აირჩია საქართველომ ქრისტიანობა? ზნეობრივი მოსაზრებების გარდა მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ხომ ისტორიულად აგრესიული სამყაროს საზღვარზე, პირველი დარტყმის ობიექტი იყო! ამიტომ მოსაზღვრე აგრესორთან „მეგობრობა“ თვითმყოფადობის დაკარგვას ნიშნავდა!.. არჩევანის სისწორე ისტორიულმა ქარტეხილებმაც დაადასტურა, არაფერი შეცვლილა მაზდეანობის ადგილას ისლამის აღმოცენებით და დაადასტურა ისიც, რომ საქართველოს არასოდეს უძებნია ფუჭი მშვიდობა და მუდამ მზად იყო ბრძოლისთვის. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, დღეს მსოფლიოში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რელიგიურობა ევროპულობის გასაცნობიერებლად, საერთოდ, ადამიანთა ურთიერთობებში ბარიერს აღარ წარმოადგენდეს.
დროთა განმავლობაში, რატომღაც, საქართველოში ერთი ძნელად განსაკურნებელი „ავადმყოფობა“ გაჩნდა, რომელიც „ბიზანტინიზმის სენის“ სახელწოდებითაა ცნობილი, რის კლასიკურ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ VI საუკუნის მოღვაწეთა, აიეტისა და ფარტაძის ცნობილი დაპირისპირება. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ მიზეზები, რაც უარყოფითად აისახა კიდევაც საქართველოს ბედზე. მანამდე ხომ დასავლეთ ქართული სახელმწიფო ყოველნაირად იკავებდა თავს, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა. ეს ბიზანტიის შემოტევისგან თავდასაცავ ზღუდედაც მიიჩნეოდა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრი რამ განაპირობა როგორც დასავალეთ, ასევე აღმოსავლეთ ქართული სახელმწიფოების კულტურულ-პოლიტიკურად ერთიანობის შეგნებამ და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებამ, რასაც შესაბამისი ურთიერთშეთანხმებული რისკიც მოჰყვა, ეს გახლდათ _ აღმოსავლეთის (იბერია) ქრისტიანობით მაზდეანურ სპარსეთთან დაპირისპირება, დასავლეთის (ეგრისი) წარმართული ელემენტების მტკიცედ შემონახვით კი ქრისტიანული ბიზანტიის მოგერიება, რასაც საფუძვლად ედო ერთიანი ნაციონალური ერთობის შეგნება. ქართველი მოღვაწენი ყოველნაირად ცდილობდნენ ამ სენისგან განთავისუფლებას. ეს ბარიერი თითქოსდა XII საუკუნეში გადაილახა და საქართველო ჰეგემონობის პრინციპით აქტიურად ჩაერთო გლობალურ პროცესებში, რაც კათოლიკურ დასავლეთთან მჭიდრო კავშირებით გამოიხატა! ახალი არაფერია იმაში, თუ ვიტყვით, რომ ბიზანტია ძნელად გადასალახ, ხშირად გადაულახავ გამყოფ ზღუდედ იქცეოდა ხოლმე ევროპულ სამყაროსა და საქართველოს შორის, უფრო ზუსტად, ბიზანტია ემსახურებოდა ევროპისგან საქართველოს ჩამოშორების მზაკვრულ განზრახვებს. ზუსტად იგივე როლი ითამაშა რუსეთმაც. „ბიზანტინიზმის სენმა“ მართლაც დიდი დაღი დაასვა ქართულ დიპლომატიურ აზროვნებას. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, ჯერ კიდევ, გიორგი მთაწმინდელის, შემდეგ კი იოანე მთაწმინდელის აქტიურობა ამ მიმართულებით. უფრო გვიან _ სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში და გაკათოლიკება, თვით კათოლიკოს ანტონ პირველის თავდაპირველი სიმპათიები კათოლიციზმისადმი. მოგეხსენებათ, ანტონ I ზაქარია გაბაშვილმა, მანამდე არაფრით გამორჩეულმა მღვდელმა, პოლიტიკურ ბრძოლებში დაამარცხა. აღნიშნული ფაქტის გამო აკაკი ბაქრაძე მიუთითებს: „რა თქმა უნდა, აქ აქტიურ როლს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აგენტურაც ასრულებდა… ესეც იყო ზაქარია გაბაშვილის ძალა. სამწუხაროდ, ჯერ არ შეგვისწავლია რუსული ეკლესიის როლი და ადგილი იმ ბრძოლაში… ანტონ პირველსა და ზაქარია გაბაშვილს შორის. ამის შესწავლას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ქართული პოლიტიკურ-რელიგიური რუსიზმი უშუალო გარგრძელება იყო ქართული პოლიტიკურ-რელიგიური ბიზანტინიზმისა“. ასე რომ, სამწუხაროდ, საყმაწვილო ბატონები, ანუ „ბიზანტინიზმის სენი“, მოხდილი ყბაყურასავით გაგვიმეორდა.
სულხან-საბამ კათოლიკობა კი მიიღო, მაგრამ მის ნაშრომებში ერთი სიტყვითაც არაფერი თქმულა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი მან ფანატიკოსთა თვალის ასახვევად გადადგა, მას არ მოუწადინებია რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე გამხდარიყო. სხვათა შორის, ქართველებს არა მხოლოდ მაჰმადიანი მმართველები, კათოლიკე მეფეც გვყავდა, ეს იყო პირველი ქართული სტამბის შემქმნელი, „ვეფხისტყაოსნისა“ და სახარების ბეჭდურად პირველი გამომცემელი, უამრავი კულტურული წამოწყების სულისჩამდგმელი, ვახტანგ მეექვსე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეთევან დედოფალი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპული სახელმწიფოების ელჩებთან და დახმარების სანაცვლოდ სრულიად საქართველოს გაკათილიკებისთვისაც მზად იყო, ეს ის ქეთევან დედოფალია, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული და რომელმაც მოწამეობრივ სიკვდილამდე საკუთარი თხოვნით კათოლიკურ ეკლესიაში სამშობლოს საკეთილდღეოდ გულმხურვალედაც ილოცა და ღმერთს შეავედრა სრულიად საქართველო.
XVIII საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილი მთაწმინდელთა გზის გაგრძელებას ცდილობს, მაგრამ იოანეს მსგავსად არც პირინეის იბერიელთა პირადად მონახულება და გიორგის მსგავსად არც რომის პაპთან შეხვედრა უცდია. რაც შეეხება ევროპის მხრდაჭერას, მხოლოდ უხვი და ნაყოფიერი მისიონერული მოღვაწეობით შემოიფარგლებოდა იგი. 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების, საქართველოს სამეფო-სამთავროთა იძულებითი ანექსიის შემდგომ ესეც შეწყდა. ვერ გვიშველა ახალი საუკუნის დადგომამ, მეტიც, რუსეთი ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მოვლინებულ ევროპელთა სამეცნიერო მოღვაწეობასაც კი და აქტიურად ატარებდა გარუსების პოლიტიკას. XIX საუკუნის ბოლოს ნიკო ნიკოლაძეც ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს ბიზანტიის მანკიერ გავლენას, რაც წარმატებით გააგრძელა რუსეთის იმპერიამ. აკაკი ბაქრაძეც შენიშნავს, რომ ბიზანტია-რუსეთის მნიშვნელობის განსაზღვრისას `ნაკლებად ვითვალისწინებთ მის საბედისწერო შედეგს… ევროპისკენ მიმავალი გზა საქართველოს ისლამმა კი არ გადაუკეტა, არამედ _ ბიზანტიამ. ისლამმა, უბრალოდ, ის გააგრძელა, რაც კარგა ხნის წინ ჩაიდინა ბიზანტიამ. მესიანისტური იდეა (დღევანდელი გაგებით შევუდარებთ სახელმწიფო იდეოლოგიასა და მის პროპაგანდას, _ ავტ.) საქართველოს ბიზანტინიზმისაგან (შემდგომ რუსიზმისაგან, _ ავტ.) თავის დასაღწევად სჭირდებოდა. თავის დაღწევა რომ საჭირო დროს მომხდარიყო, არც მონღოლთა და არც მისი მომდევნო შემოსევები იქნებოდა ესოდენ მძიმე შედეგიანი საქართველოსთვის, მაგრამ რადგან კარგად დაწყებული საქმე ასევე კარგად ვერ დაგვირგვინდა, ვერ მოესწრო, მერე კი მესიანისტური იდეის დაკარგვა ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ისევ ბიზანტინიზმის იდეის გავლენის ქვეშ ექცეოდა, თავს ჩამორჩენილობისთვის სწირავდა“, _ რაოდენ ზუსტია აკაკი ბაქრაძის ეს შეფასება, ამას უახლესი ისტორიაც ადასტურებს.
იზოლირებულად დღეს ვერავინ ცხოვრობს. გეოგრაფიული მდებარეობით საქართველოს მართლაც სტრატეგიული ტერიტორია უკავია, რითაც კეთილსინდისიერად უნდა ვისარგებლოთ. ამავე დროს, საქართველო არის იმ კულტურის, მისწრაფებებისა და ყაიდის ქვეყანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, ამიტომაც საქართველომ მათთან ერთად უნდა იცხოვროს და განავითაროს თავისი კულტურა, ცნობიერება და, ამასთანავე, ეზიაროს მათ მიღწევებს და ისარგებლოს მათი წარმატებებით, განსაკუთრებით უნდა ავითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომაც უნდა გავერთიანდეთ, დავირაზმოთ, ერთად აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავწევრიანდეთ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში, რაც ჩვენი პოლიტიკური და ფიზიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიაა. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენვე უნდა გავაკეთოთ.
რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები და თვით კრემლიც, გასულ საუკუნეებშიც და ახლაც, დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიან. საბუთად ფინეთის მაგალითიც იკმარებს, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნის წინ დააღწია თავი რუსეთის კლანჭებს და დღეს ცხოვრების ძალზე მაღალი დონით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში. რუსული გავლენის პირობებში საქართველო იაფი ნედლეულის წყაროდ და უხარისხო პროდუქციის გასაღების ბაზრად გადაიქცევა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ XIX საუკუნეში, მხოლოდ ჭიათურაში, მოიპოვებოდა მარგანეცის მსოფლიო ექსპორტის 50%, საქართველოს მოსახლეობას კი ეკონომიკური დაწინაურებისა არაფერი ეტყობოდა. ვერაფერი ნუგეშია იმის მტკიცება, რომ პოსტსაბჭოური სივრცე საქართველოში წარმოებული, არცთუ იშვიათ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის გასაღების „ბრწყინვალე“ საშუალებაა. ასეთი მიდგომით საქართველოს ეკონომიკა ვერასოდეს აღორძინდება, ე. ი. არ გვექნება ძლიერი სახელმწიფო.
უნდა აღინიშნოს, რომ „თავმდაბლობით“ და „დაბალანსების“ პოლიტიკით საქართველომ 1921 წელს ტერიტორიისა და მოსახლეობის ნახევარი დაკარგა (გააჩნია. როგორ ვიანგარიშებთ). რაც შეეხება დღევანდელობას, ვინც ამბობს, რომ საქართველოს დაბალანსების პოლიტიკა და ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, ის ამით იმასაც აღიარებს, რომ რუსეთი დამპყრობელია. ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება რუსეთიდან და ასე იქნება მომავალშიც. კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად 90 წლის წინანდელი საქართველოს პოლიტიკური რუკის გახსენებაც საკმარისია, საქართველოს დაპატარავებას რუსეთი დღესაც ცდილობს. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, რუსეთს პირობა ერთხელაც არ შეუსრულებია და კიდევ ერთი ნდობა საკუთარი თავის ღალატია. ისიც საინტერესოა, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში რომელი ქვეყანა იქნება ე. წ. ქოლგა? ისევ ის რუსეთი ხომ არა, რომელიც აფხაზეთსა და შიდა ქართლში ტყვიას გვესროდა, 35 ათასი ქართველი ვაჟკაცი მოგვიკლა და 600 ათასი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია?! 2008 წელს კი უხეში სამხედრო ძალით კიდევ ერთხელ შემოიჭრა საქართველოში!
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, მათ ჯერ არც ვინმეს სახელმწიფოებრიობა გაუუქმებიათ, არც დაუპყრიათ და არც ეკონომიკური ჩამორჩენილობისთვის გაუწირავთ. საქართველო შინ უნდა დაბრუნდეს, იმ სამყაროში, რასაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ჰქვია!

ხვიჩა ჯოჯუა