ოზურგეთში ერთი სკამისთვის ორი „მეოცნებე“ მერი იბრძვის

ვის დაუჭერს მხარს ადიკო ივანიშვილი?

 

გურულები არაორდინალურები რომ არიან, ამაზე საქართველოში არ კამათობენ. არც იმაზე, სადაც პოლიტიკაა, იქ გურულია და სადაც გურულია, იქ პოლიტიკააო. გურულები განსაკუთრებით არჩევნების დროს გააქტიურდებიან და არცაა გასაკვირი. ეს ხომ ის დროა, როცა ყველას ეძლევა საშუალება, თავისი პოლიტიკური განსწავლულობა და მისწრაფება აჩვენოს სხვებს.

 

რაღა თქმა უნდა, ამ აქტიურობას ზოგჯერ სკანდალი და გამიშვი-დამაკავე მოჰყვება. ასეა ამ არჩევნებისას. ოზურგეთში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ორი კანდიდატი ჰყავს. ერთ სკამზე ორი მეოცნებე მერი როგორ დაჯდება? ეს აინტერესებთ გურულებს ახლა. მინიშნებების გარეშე რომ გითხრათ, აი, რა ხდება: ოზურგეთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე დააყენა, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატად, საინიციატივო ჯგუფმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე. რადგან იურიდიული თვალსაზრისით ხარვეზი არც ერთი მერობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საბუთებში არ იყო, ცესკომ ორივე გაატარა რეგისტრაციაში. პარტიის წევრის კონსტანტინე შარაშენიძის პრეტენზია მერობაზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის მას მერე გახდა ცნობილი, რაც შარაშენიძემ წინასაარჩევნო აქტიურობა დაიწყო. ჰოდა, ატყდა ალიაქოთი, _ უჩვენოდ, ჩვენთან შეუთანხმებლად როგორ გაბედა კანდიდატურის დაყენება ჩვენი პარტიის წევრმაო?! პოლიტსაბჭომ არც აცია, არც აცხელა და კონსტანტინე შარაშენიძე პარტიიდან გარიცხა. ესეც არ იკმარა განრისხებულმა პოლიტსაბჭომ და მერობის კანდიდატს მისი მხარდამჭერი ხუთი მეოცნებე პარტიელიც მიაყოლა. ახლა ოზურგეთი ორადაა გაყოფილი, ზოგი პოლიტსაბჭოს ფავორიტ ბეგლარ სიორიძეს, ხოლო ზოგი კონსტანტინე  შარაშენიძეს უჭერს მხარს.

 

„ქრონიკა+“ შეეცადა, გურულებთან ადგილზე გაერკვია, რა ხდება ოზურგეთში:

…ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი. დილის 9 საათი და 30 წუთი. ვრეკავ კონსტანტინე შარაშენიძესთან. იმავე დღეს ვთანხმდებით შეხვედრაზე.

 

ვრეკავ ბეგლარ სიორიძესთან. ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

_ გამარჯობა, ბატონო ბეგლარ.

_ გამარჯობა.

_ მე გაზეთ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ვარ.

_ აქ ტელეფონი ცუდად იჭერს, ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა.

_ თქვენთან შეხვედრა მინდა, როგორ შეიძლება, ეს მოხერხდეს?

 

ტელეფონი გაითიშა. ისევ ვრეკავ. ისევ ვუხსნი ბატონ ბეგლარს, ვინ ვარ. პასუხად ვღებულობ:

 

_ ახლა სოფელში ვარ, ამომრჩევლებთან მაქვს შეხვედრა.

_ კარგად მესმის, ბატონო ბეგლარ. როდის შეიძლება, ჩვენი შეხვედრა მოხერხდეს?

_ დღეს კიდევ მაქვს შეხვედრა ამომრჩევლებთან, ამიტომ ვერ მოვახერხებ. თქვენი ძალიან ცუდად მესმის, ცუდი სმენადობაა.

_ დღეს თუ ვერ მოხერხდება ჩვენი შეხვედრა, სხვა დროს როდის გექნებათ შესაძლებლობა?

_ ორ დღეს კიდევ არ მექნება დრო, რომ შეგვხდეთ, მერე დამირეკეთ და ვნახოთ.

 

ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. როგორც გურულები იტყვიან: ჩვენი მტერი ვერ მიხთეს, რაშიცაა საქმე.

 

სამაგიეროდ, ინტერვიუზე არ დამზარდა კონსტანტინე შარაშენიძე:

_ ბატონო კონსტანტინე, ოზურგეთის „ოცნებაში“ ატეხილი სკანდალი საიდან დაიწყო, _ პოლიტსაბჭომ სიორიძე რომ ამჯობინა თქვენს კანდიდატურას, თუ უფრო ადრე?

_ ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ორგანიზაცია 2012 წელს მე ჩამოვაყალიბე და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი. მე დავაყენე იგი ფეხზე. როცა 2012 წლის არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი. არჩევნების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გავხდი, რადგან ინტერსთა კონფლიქტი წარმოიშვა, ანუ პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და გამგებლობა შეუთავსებელი იყო, ამიტომ დავტოვე „ოცნების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი, თუმცა დღემდე ვრჩები „ქართული ოცნების“ პარტიის წევრად, ამას ვერავინ წამართმევს.

_ თქვენ კი ამბობთ, პარტიის წევრი ვარო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ პარტიიდან გაგრიცხეს?

_ არ მიმაჩნია, რომ პარტიის წევრი არ ვარ. თუ მე პარტიის წინაშე რაიმე დანაშაული მიმიძღვის, ამის თაობაზე იმ ადამიანებმა უნდა მითხრან, რომლებმაც ეს პარტია დააფუძნეს და არა ამ პარტიაში შეპარულებმა.

_ რამდენადაც ვიცი, თქვენ პოლიტსაბჭოს სხდომაზეც არ დაგიბარეს, ისე გაგრიცხეს.

_ არა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ ვიყავი დაბარებული.

_ ისე გაცნობეს, რომ გარიცხული ხართ?

_ კი, მასე იყო.

_ ახლა არჩევნების მიმდინარეობაზე ვისაუბროთ: ოზურგეთში ეს პროცესი სკანდალებით მიმდინარეობს.

_ გეთანხმებით. ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი არის ბეგლარ სიორიძე, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამის გადასაფარავად ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, იგი არასწორი წესებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, აქედან გამომდინარე, კანდიდატები არათანაბარ პირობებში ვართ.

_ თქვენ თითქმის წელიწადნახევარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყავით, თუმცა მას შემდგომაც არ შეგიწყვეტიათ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან კავშირი. მახსოვს თქვენი აქტიურობა მაშინ, როცა აჭარიდან ტიტისა და მაგნოლიის ხეები გადაჰქონდათ შეკვეთილში, უშუალოდ მონაწილეობდით ამ ხეების გადატანის ოპერაციებში და ამ იდეასაც მხარს უჭერდით.

_ დიახ, მასე იყო, მაშინ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი და მიმაჩნია, _ კარგადაც. კმაყოფილი ვიყავი, რომ ვემსახურებოდი იმ ორგანიზაციას, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ბევრს კიდევ გააკეთებს.

სამსახურიდან ჩემი სურვილით წამოვედი, რადგან არჩევნებში კენჭისყრას ვაპირებდი.

_ ალბათ, პოლიტსაბჭოზე და, საერთოდ, პარტიაზეც განაწყენებული ხართ, რადგან მათ ბეგლარ სიორიძეზე გააკეთეს არჩევანი და არა თქვენზე.

_ როცა გავიგე, რომ სიორიძე მერობის კანდიდატად უნდა წარედგინათ, გადავწყვიტე, დამოუკიდებელ კანდიდატად მეყარა კენჭი. ამის საშუალებას კანონი მაძლევდა. ადრე გამგებელს საკრებულო ირჩევდა, ახლა პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს აქვთ კანდიდატების წარდგენის უფლება. მეც დამოუკიდებელ კანდიდატად წარვადგინე ჩემი კანდიდატურა. ეს არის და ეს.

_ თუ ისე მოხდა, რომ ამ არჩევნებში თქვენ გაიმარჯვეთ, არ გაგიჭირდებათ ზემდგომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა? ფაქტობრივად მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო და თვით პარტია თქვენი წინააღმდეგია.

_ არ გამიჭირდება. მე ხომ ქვეყნის მტერი არ ვარ?! ადრე არ მიჭირდა ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც ახლა გამიჭირდება. პრობლემა არ მექნება. ჩემი კონკურენტია თავად პრობლემა. იგი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე გამდიდრებაზე ზრუნავდა. ამიტომაცაა მიუღებელი ოზრუგეთლებისთვის. მე რომ მერი გავხდები, პირველ რიგში, შევცვლი მართვის სისტემას, საკადრო პოლიტიკას. კარგად ვიცნობ ოზურგეთს, მის რესურსებს, კადრებს. სათანდო გამოცდილება მაქვს, პრიორიტეტები დავსახე, რომელთაც ოზურგეთლებთან ერთად განვახორციელებ.

 

როგორც ნახეთ, პარტიიდან გამორიცხულიც და პარტიის რჩეულიც ოზურგეთის ხელმძღვანელობაზე პარტიის სახელით აცხადებენ პრეტენზიას. ერთს ქვეყნის ფაქტობრივი თუ ფიქტიური მმართველების მხარდაჭერის იმედი აქვს, მეორეს _ ხალხის, ამომრჩევლის. საინტერესო სიტუაციაა. რა მოხდება, რომელი მხარე აჯობებს _ ხალხი, თუ პარტია? _ საკითხავი, აი, ეს არის. თუმცა ამ სკანდალში კიდევ ერთი პიროვნება ფიგურირებს _ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი, რომელმაც ამ აურზაურის დასაწყისში განაცხადა, რომ ბეგლარ სიორიძე მისი ფავორიტია. ამას, რაღა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ გაფრენილ სიტყვას რაღა ეშველობოდა. არადა, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ადიკო ივანიშვილს კონსტანტინე შარაშიძესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როცა იგი ურეკში მუშაობდა. რა მოხდა შემდგომ, ამაზე ისტორია, ჯერჯერობით, დუმს, სამაგიეროდ, ადიკო ივანიშვილი გახდა იძულებული, მისი პირვანდელი განცხადება „შეერემონტებინა“ და განაცხადა, _ მე ერთი მოქეიფე კაცი ვარ და არჩევნებში ჩემი ფავორიტი არავინ არააო. როგორც ჩანს, ძმამ დატუქსა, _ რას ამბობ, რა განცხადებებს აკეთებო?! ალბათ, მიჯირყვნა კიდეც. ჰოდა, ეს მართლაც ერთი ალალი, კარგი სამეგობრო კაცი დიდ უხერხულობაში აღმოჩნდა.

ახლა თავად ადიკო, ოზურგეთის მერობის კანდიდატები და „ქართული ოცნებაც“ დიდი ინტერესით მოელიან არჩევნების შედეგს: ვინ გაიმარჯვებს, ვისი რჩეული და ვისი ფავორიტი დაიკავებს მერის სავარძელს _ ხალხის თუ პარტიის?

 

  1. შ. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როცა ურეკიდან გვაცნობეს, _ ჩვენთან არჩევნების მიმდინარეობაში ბიძინა ივანიშვილის ახლობლები ერევიანო. ამ ინფორმაციის გადამოწმება, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ, ამიტომაც სიტყვას არ გავაგრძელებთ. ამის დამადასტურებელი ფაქტები თუ მოვიპოვეთ, „ქრონიკა+“-ის მკითხველებს აუცილებლად ვაცნობებთ.

ამირან კიღურაძე