ნონა ხიდეშელი: „ეკლესია ჩვეულებრივი სისტემა გახდა, სადაც ადამიანები საქმდებოდნენ“

რა პროცესები მიმდინარეობს ეკლესიის სისტემაში და საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი? კვადრატულ კილომეტრზე სარიტუალო სახლების რაოდენობით, ლამის, მსოფლიო ლიდერობის მიუხედავად, რატომ ვერ აღწევს თავს ქვეყანა, საზოგადოება, სულიერების კრიზისს? როგორ შეიძლება შეფასდეს წლების განმავლობაში ამ სისტემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება რიგითი მოქალაქისთვის? გამოსავალი სად არის, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და მეტ თვისუფლებას მიაღწიოს?

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი:

_ რაც დღეს ქართულ ეკლესიაში ხდება, არახალია, ამაზე ჩუმად საუბრობდნენ, ვისაც საპატრიარქოს სისტემასთან კავშირი ჰქონდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ვიღაცის ნაცნობია, მოძღვარი ჰყავს და ა. შ. რთულია, კონკრეტული შეფასება მისცე, რადგან ბოლომდე ვერც გავერკვიე, რა ხდება, მაგრამ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არც აქვს. ილუზია, რომ 90-იანი წლებიდან ჩვენში რელიგიამ, სულიერებამ თუ სამონასტრო ცხოვრებამ აყვავება დაიწყო, ისეთივე სიყალბე და ფარსი აღმოჩნდა, როგორც ყველა დანარჩენი, რაზეც ხშირად ვაპელირებთ, ტრადიციებსა თუ მიღწევებზე.

ამ ყველაფერს ცალსახად ფსიქოლოგიურ ჭრილში ვაფასებ და შეიძლება, ვინმე გააღიზიანოს. მგონი, ყველა საღად მოაზროვნე ერთ რამეს მიხვდა, რომ ადამიანი, რომელიც ლოცულობს, მარხულობს, მართლა სულიერებაშია, ღმერთის მაძიებელია (აქ უკვე პრინციპულად სხვა ცნობიერება ყალიბდება), შეუძლებელია, წლების განმავლობაში ასეთ მარაზმში მონაწილეობდეს.

ხედავთ, სასულიერო პირები ერთმანეთს როგორი ტონით ესაუბრებიან და ეს ადრეც მოგვისმენია. გვახსოვს განსხვავებული რელიგიისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ დაუნდობლობაც.

ისიც ვიცი, რომ გულწრფელი მრევლი ამ ყველაფერმა ძალიან დააბნია. ადამიანებს გული უტყდებათ და შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, რადგან, საბოლოო ჯამში, მათ უნდა გამოიღვიძონ და აზროვნება დაიწყონ.

რასაკვირველია, ეს, ზოგადად, ორგანიზებულ რელიგიას ეხება. არამც და არამც არ უარვყოფ, რომ მონასტრებში არიან კონკრეტული სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად ეძებენ სულიერებას, მაგრამ ეს ადამიანები ასეთ ქაოსში არ ერევიან.

ჩვენ მაღალი იერარქიის სახე ვნახეთ და მიმაჩნია, რომ რაც ეკლესია არსებობს, ნებისმიერ ორგანიზებულ რელიგიაში მაღალი იერარქიის სახე ყოველთვის ასეთი გახლდათ. ისინი იყვნენ ამბიციური, ძალაუფლებას მოწყურებული და ა. შ.

რა უნდა თქვა, როდესაც მათ ქონებრივ მდგომარეობას გადახედავ, ეს ყველაფერი ეკლესიურობისგან ძალიან შორს დგას. ისინი ხომ ფულზე დახარბებული ადამიანები არიან. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი რელიგიაში ხდება, მაგრამ სამყაროს უფრო მასშტაბურად ვუყურებ და მიმაჩნია, _ ორგანიზებული რელიგია ეს ჩვეულებრივი ორგანიზაციაა. უბრალოდ, კარგია, რომ ადამიანები საკუთარ თავში რაღაცებს გამიჯნავენ, სწორ შეფასებას გააკეთებენ და, რა თქმა უნდა, ეკლესია ვერასოდეს იქნება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაში შემაბრკოლებელი. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ამიტომ შეიძლება, ამ ყველაფრიდან საღი პროცესები დაიწყოს.

სირცხვილია, აყვავების სტადიაზე გვესაუბრებოდნენ, როცა კომუნისტურ ეპოქაში და მერეც ყველაფერი პირიქით ხდებოდა.

_ ფარსი და სიყალბე ახსენეთ და აქამდე როგორ მივედით, ალბათ, კვადრატულ კილომეტრზე სარიტუალო სახლების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერები ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სულიერების კრიზისია, ამის მიზეზებს სად ხედავთ?

_ ამას ძალიან საინტერესო ფესვები აქვს. ნახეთ, როგორია ჩვენი ისტორია: 70-წლიანი კომუნისტური ეპოქა გვაშორებს რელიგიურ წარსულთან. ეს სრული ათეიზმის პერიოდი იყო და უცებ, 90-იან წლებში (ადამიანები არც რელიგიურები იყვნენ და არც ეკლესიაში დადიოდნენ, ვიღაც თავისთვის ჩუმად რაღაცას წაიკითხავდა), ყველაფერი ინგრევა, ამხელა ქვეყანა იშლება… ჰაერში დარჩენილმა, საბჭოთა მენტალობის მატარებელმა ადამიანმა (რომელსაც ადრე პარტია და ბელადი ჰყავდა) ავტომატურად შეცვალა ლიდერები და ავტორიტეტები. ჩვეულებრივად, ერთი იდეოლოგია მეორემ ჩაანაცვლა.

ეს სასულიერო პირებიც უცხოპლანეტელები ხომ ვერ იქნებიან, იმავე წიაღში დაბადებული ადამიანები არიან, მათ ვერ გაიაზრეს, ან სად უნდა გაეაზრებინათ ეს სულიერება? ზოგადად, სულიერების ეს დიდი სიღრმეები ადამიანმა, მხოლოდ და მხოლოდ, მარტოობაში შეიძლება გაიაზროს, ღმერთი შეიმეცნოს. ამას ხომ სასულიერო აკადემია და მსგავსი დაწესებულება ვერ ჩამოგიყალიბებს. ეს არის შენი ურთიერთობა ღმერთთან, სახარების გააზრება და ა. შ.

ასეთი ფრაზები: მარჯვენაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირე, უარყავი საკუთარი თავი, ან პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველია, _ ეს აზროვნების სივრცეა, რასაც ძალიან სერიოზული გაცნობიერება და გააზრება სჭირდება.

ჩვენთან ეკლესია, როგორც ჩვეულებრივი ინსტიტუტი, გაძლიერდა, შენობები გაკეთდა, გალამაზდა, ლამის, ყოველი სადარბაზოს წინ იხსნება. ამ ყველაფერს სულიერი მოძღვარი სჭირდებოდა. ახლა, საიდან უნდა მოიყვანო ამდენი მოძღვარი? მართლა ინკუბატორი ხომ არ არის, რომ ამდენი ახალი კადრი გამოუშვა? ამიტომ ხალხის სწრაფ რეჟიმში აღკვეცა ხდებოდა. გარკვეული პერიოდი მონასტერშიც ვიცხოვრე და ამ სისტემასთან შეხება მაქვს.

ასე ხომ არ არის, ორი წიგნი წაიკითხო და ეს ყველაფერი უცებ გაიაზრო?.. ადამიანს სახარების გასააზრებლად, შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგჭირდეს, იმხელა სიღრმეა ამ ყველაფერში ჩადებული.

საბოლოო ჯამში, ასე მოხდა, რომ ნამდვილად მაძიებელი ადამიანები ჩრდილში დარჩნენ (ალბათ, ასე ამჯობინეს კიდეც) და უფრო ამბიციურნი წინ წამოვიდნენ. გახსოვთ, 90-იანი წლების უსამსახურობა, ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს, რეალობა უცბად შეიცვალა. ხალხი ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა და ეკლესია ჩვეულებრივი სისტემა გახდა, სადაც ადამიანები საქმდებოდნენ. განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო დიდი ქალაქების ტაძრებზე, რადგან იქ შემოსავალიც მეტია. ეს ხომ ჩვეულებრივი პროცესია, _ ზოგისთვის პროფესია, ზოგისთვის ბიზნესი გახლდათ. ალბათ, აქ იყო ყველაფერი, სულიერების გარდა.

ასევე ყველამ იცის ამხელა დაფინანსებასა და გაურკვეველ თანხებზე. ღიად საუბრობენ, რომ იქ რაღაც დარღვევები, კლანური დაპირისპირებებია, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იდება ფაქტები, ფოტოები. ყველამ ჩუმად იცის მათ ფინანსურ ცხოვრებაზე (მაღალ იერარქიას ვგულისხმობ), თუმცა ამაში არავინ ერევა, არავის სურს ამის გამოძიება და ყველაზე მეტ სიყალბეს სწორედ აქ ვხედავ.

ამ ფონზე, ჩვენ რას ვეძებთ ცხოვრებაში, რეალურად, რის მადიდებლები ვართ, ღმერთის თუ კონკრეტული პიროვნებების? ეს ძალიან საინტერესო საკითხია.

ვიცი, ჩემი სიტყვები ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს უკვე ნაკლებად მაღელვებს. ჩვენთან ისეთი პოლიტიკური, თუ სულიერი, მენტალური კრიზისია, გვიჭირს განვითარება, იმდენად კატასტროფული გახდა აქ ცხოვრება, ადამიანი ისე სულს ღაფავს ამდენი იდეოლოგიისა თუ გაუზრებელი ავტორიტეტის ქვეშ, რომ ყველას უფლება გვაქვს, ხმა ამოვიღოთ. ეს გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მძიმე სოციალური ფონია, როდესაც 25 წელია, გარშემო ასეთი სიღატაკეა და უცებ გარკვეული სასულიერო პირები არანორმალურად მდიდრები ხდებიან (მათი ქონება კოლოსალურ ციფრებს აღწევს), საპატრიარქო სერიოზულად ფინანსდება და ა. შ.

არავინ იცის, ეს ყველაფერი სად მიდის, ვის ჯიბეში და როგორ. ასე რომ, თუნდაც ამასთან მიმართებით ფარისეველი და ყალბი ადამიანები ვართ. თავს ვდებთ ქრისტიანობაზე, ამისთვის ვომობთ, შეუწყნარებლობა გვაქვს სხვა, თუნდაც, მცირე რელიგიების მიმართ, მაგრამ საკუთარ თავში მხოლოდ ამბიციებს, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოთხოვნილებას ვხედავთ. რასაც ვუყურებთ, ნაკლებად ჩანს, რომ აქ ვინმე ღმერთის, ნამდვილი სულიერების მაძიებელი იყოს, ეს უკვე ჩვეულებრივი სახელმწიფო ინსტიტუტია.

_ დაფინანსება ახსენეთ, წლების განმავლობაში ამ სისტემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება როგორ შეიძლება შეფასდეს?

_ ზოგადად, კრიზისი რომ არსებობდა, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეცოდინებოდა. განსაკუთრებით წინას, სადაც ყველას, ყველაფერს უსმენდნენ და, ბუნებრივია, იცოდნენ, მანდ რეალურად რა ხდებოდა… მაგრამ, რატომღაც, ამაზე ყველა თავს იყრუებდა.

ვიცით, რომ ყველა სოციოლოგიური კვლევით მართლმადიდებლობა ჩვენთან დომინანტი რელიგიაა, ყველაზე დიდი ავტორიტეტი პატრიარქია. ყველა ხელისუფლება ცდილობდა, ეს სათავისოდ გამოეყენებინა, ანუ რელიგიის სისტემა მისი ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო.

სავარაუდოდ, საუკუნეების მანძილზეც ასე ხდებოდა. ვიცით, რომ მონარქიას მუდმივად „აპრავებდა“ სამღვდელოება, რომ მეფე მირონცხებულია და შენ მისთვის უნდა იმუშაო, მონებო, დაემორჩილეთ ბატონებს და ა. შ. მსგავსი მიდგომა დღევანდელ რეალობაშიც გაგრძელდა.

უბრალოდ, დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას ვერ მივხვდი. მათ არ აღელვებთ დაფინანსება (ეს გაუაზრებელი ხარჯები), როდესაც შესაძლებელია, ეს 25 მილიონი რაიმე სხვა სოციალურ პროექტს მოახმარონ. ქვეყანაში ამდენი მშიერი ბავშვი გყავს და შენ ამ ფულს ჰაერში ისვრი. რეალურად, არა ამ მიმართულებით, არამედ, ისევ და ისევ, პირადი ინტერესებისთვის ერევი აღნიშნულ პროცესში.

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ხელისუფლების რელიგიისადმი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ეს, ალბათ, მონარქიის დამოკიდებულება იყო. ყველა ხელისუფლება ცდილობს, ეკლესია მისი მხარდამჭერი, ინტერესების გამტარებელი იყოს. მრევლი პროცენტულად მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია და ხელისუფლება ცდილობს, რომ ეკლესიისგან პრობლემა არ ჰქონდეს.

ეკლესია, რომელიც სიმართლისთვის მებრძოლი, ღარიბ-ღატაკთა პატრონი უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, როგორც ორგანიზებული რელიგია, მეორე უძლიერეს სახელმწიფო ინსტიტუტად მოგვევლინა. რაც ყველაზე მთავარია, ძალაუფლებისთვის მებრძოლია.

რა ვქნა, თვალებიდან არ ამომდის (შემთხვევით გადავეყარე 17 მაისის ამბებს), ხელჯოხებით შეიარაღებული სასულიერო პირები როგორ დასდევდნენ „ელგებეტე“ თემის წარმომადგენლებს იმ ფონზე, როცა მათ უკან ამხელა ფარისევლობა და სიყალბე იყო. ჩემთვის, რიგითი მოზროვნე ადამიანისთვის, ეს ძალიან მიუღებელია.

ყოველთვის ვიტყვი, რომ რელიგია ადამიანის ინტიმური ურთიერთობაა ღმერთთან და შეუძლებელია, შუამავალი არსებობდეს. მაშინ, ყველა ლოგიკით, თუ ამ ლოცვებს რიტუალის ძალა აქვს, ვინმემ ამიხსნას, ეს სასულიერო პირები, მაღალი იერარქები (განსაკუთრებით, შავი სამღვდელოება, რომელმაც ბერული ცხოვრება გაიარა), ასე რამ გადააგვარა? რატომ გახდნენ ასეთი ფულისა და ძალაუფლების მომხვეჭელები? რატომ მოკვდა მათში ადამიანი?

ვსაუბრობ, თუნდაც, იმ შეუწყნარებლობის ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვხედავთ, რასაც რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობები განიცდიან. ზოგიერთი მღვდელმთავარი ამბიონიდან ღია პოლიტიკურ განცხადებასაც კი აკეთებს. დღეს უმეტესობა ამ მაფიოზურ დაპირისპირებასა და კლანურ ომებშია ჩართული.

_ ამ სიტუაციაში რიგითი მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის გამოსავალი სად არის, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს?

_ ეს ინდივიდუალური გამოსავალია, საღი აზრი, მხოლოდ და მხოლოდ, ინდივიდმა შეიძლება იპოვოს. ვერანაირი ორგანიზებული რელიგია ღმერთთან ვერ მიგიყვანს. შენ, პირველ რიგში, უნდა დაფიქრდე, რას ეძებ (როდესაც ეკლესიაში მიდიხარ), ღმერთს ეძებ, თუ ამას იმ გაგებით აკეთებ, რასაც სახარება მოიაზრებს. ჩვენ არ გვესმის სიტყვა ღმერთისა და ჭეშმარიტების მნიშვნელობა და ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ.

რახან ამ თემაზე ვსაუბრობთ, რაღაც ტერმინებით უნდა გამოვხატოთ კიდეც ეს ყველაფერი. აუცილებლად დასაფიქრებელია, რას ვეძებთ, _ მე ვეძებ რაღაც ამბიციებს, ძალაუფლებას, ერში ვერ შევდექი და ახლა ეკლესიაში რაღაც უნდა ვიპოვო, თუ მე ვეძებ საკუთარ თავში ხსნას, იმის გაცნობიერებას, რა პრობლემა მაქვს…

რაზეც აღსარების საიდუმლო დგას, რომ შენ გააცნობიერო საკუთარი ცოდვები, შენი არასრულყოფილება, შენი ნაკლი. გამოსავალი მხოლოდ ეს არის, რომ ადამიანმა დაიწყოს აზროვნება. ბოლოს და ბოლოს, გაიაზროს, რომ არსებობს ორგანიზებული რელიგია და რელიგია, როგორც შინაგანი გამოცდილება. ანუ როგორია შენი გზა და მიზანი ცხოვრებაში, რომ განთავისუფლდე არასრულფასოვნებისგან (ადამიანი არასრულფასოვანი არსებაა). განთავისუფლდე აბსოლუტურად ყველაფრისგან, ყველა ავტორიტეტისგან, იდეოლოგიისგან, შენ თავში ადამიანი დააბრუნო, გახდე უბრალოდ ადამიანი.

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის საკუთარი თავის უარყოფა, რაზეც ქრისტე საუბრობდა. უარყო თავსმოხვეული იდეალები თუ იდეოლოგიები, პრინციპები თუ სტერეოტიპები, რაც მერე გონებას განპირობებულს ხდის და ასეთ ლაბირინთში შეჰყავს. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ადამიანმა აზროვნება დაიწყოს, _ რა უნდა, რას ეძებს ამ ხანმოკლე ცხოვრებაში. რას ეწირება მისი ქმედებები, მისი ამბიციები, თუ ყოველდღიური ცხოვრება.

ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს კიდევ ბრმად ეგონა, რომ ვიღაც ავტორიტეტები მისთვის შუამავლები იქნებოდნენ, დიდი იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ ვერავინ მიგიყვანს ღმერთთან, თუ არა შენი გააზრებული, გაცნობიერებული და გასუფთავებული გონება.

_ ხედავთ რამე პროგრესს აღნიშნულ გზაზე?

_ ამას ახალ თაობაში ვხედავ, ვისთანაც შეხება მაქვს, ვისაც ვასწავლი, მე მათში ყველაზე მთავარს, ძიების სურვილს ვხედავ. ჩვენში ხომ დიდი წყვეტა მოხდა, რაღაც იდეალებზე აწყობილი ქართული მენტალობა მოდიოდა და უცებ, 21-ე საუკუნემ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ეს ბავშვები სრულიად დაბნეულები დარჩნენ, ვეღარ მიხვდნენ, საით უნდა წავიდნენ.

ამ დროს მათში ძიების სურვილს ვხედავ. არანაირი ბრმად მორჩილება აღარ არის. ვხედავ სურვილს ისწავლონ, განვითარდნენ, გააცნობიერონ, გაიაზრონ, უპირველესად, საკუთარი თავი, ვინ არიან. ჯერ უნდა გაიგო, საერთოდ ვინ ხარ შენ, რომ მერე დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა სუბსტანცია შეიძლება იყოს ღმერთი, როგორ შეიძლება ღმერთამდე მიხვიდე და ა. შ.

ჩვენ დავკარგეთ მოკრძალება ყველაფრის მიმართ, რასაც „წმინდას“ ვუწოდებთ. ჯერ რომ ამ ხმამაღალ სიტყვებს ვატრიალებთ, არავინ იცის, რა არის სიწმინდე (რელიგიური კონტექსტიდან ვსუბრობ), სამაგიეროდ, ჩვენი ღმერთი ფული და ძალაუფლება გახდა.

ახალ თაობაში სწორედ ამას ვხედავ, რომ აღარ სურთ, ვინმეს ხელში ბრმა იარაღად იყვნენ. ეს იქნება სახელმწიფო თუ სასულიერო იდეოლოგია. ხსნა მხოლოდ განათლებაა, გაცნობიერება, აზროვნება და საკუთარი თავის ძიება.

_ ბოლო ლექცია გქონდათ თემაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა თავისუფლება, იქნებ, ამ მარადიულ საკითხსაც კიდევ ერთხელ შევეხოთ…

_ ლექციაზეც ვამბობდი, რომ, პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რა გიშლით ხელს, რის გამო არ ხართ თავისუფალი. როდესაც დაინახავ მთელ იმ ნაგავს, რითაც აღსავსეა შენი გონება (რასაც განპირობებული გონება ჰქვია), რომ შენ ხარ მონა შენივე სურვილების, სხეულებრივი მოთხოვნილებების, იდეალების, ავტორიტეტების, კერპების, პრაქტიკულად, ყველაფრის მონა ხარ, ჯერ ეს ყველაფერი დაინახე და მერე მოდის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, _ გინდა კი ამ ყველაფრისგან თავისუფალი იყო?

ამ ყველაფრისგან თავისუფლება ნიშნავს, პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ყველა შენს ქმედებაზე. ადვილია, იქ ღმერთს დააბრალო, მამაოს, ვიღაც მასწავლებელს ჩამოკიდო და თქვა, რომ მან მითხრა, მირჩია, ალბათ, ჩემზე უკეთესად იცის, ტრადიცია ამას მეუბნება, წინაპრები ამას მეუბნებოდნენ და ა. შ.

როდესაც მზად იქნები, საკუთარ თავზე აიღო სრული პასუხისმგებლობა, აი, მაშინ გახდები თავისუფალი. ასე რომ, გონების ეშმაკური თამაშებია, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ უნდა იყოს თავისუფალი.

ჩვენ ვხედავდით, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველა რევოლუცია, ამბოხი თავისუფლების სახელით იწყებოდა და, საბოლოო ჯამში, ის ხალხი, ვინც ქვეყნის სათავეში მოდიოდა, თვითონვე დიქტატორი ხდებოდა, ან მსგავსი მცდელობები ჰქონდა. ამან აჩვენა, რომ არანაირი გარეგნული თავისუფლება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი, შინაგანი თავისუფლება, თავისუფლება განპირობებული გონებისგან და ამ განპირობებულობას თუ დაინახავ, მერე დასვი კითხვა, _ გინდა კი თავისუფლება? ხარ კი მზად ამისთვის? მერე შესაძლოა, მოვიდეს ეს თავისუფლება. ამას, უპირველესად, უშიშრობა სჭირდება, ასევე დიდი ენერგია, დიდი ძალისხმევა და გონიერება.

 

გელა მამულაშვილი