ნინო კალანდაძე: „ბიძინა ივანიშვილი ვერ ამოქოლავს ყველა ხვრელს, სადაც თავისუფალი სუნთქვა არის შესაძლებელი“

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, „ქრონიკა+“ ესაუბრება ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნინო კალანდაძეს:

_ ხელისუფლება ყველა ღონეს, ყველა ხერხს ხმარობს „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა ტელეკომპანიის წაღებას, რაიმე მექანიზმი თუ შერჩა საზოგადოებას, იგივე ოპოზიციას, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“, საიმისოდ, რომ წინ აღუდგეს ამ პროცესს და თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ტელემედიის მონოპოლიზაცია?

_ ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდოს არა  როგორც განყენებულად ტელევიზია, თავისთავად კრიტიკული ტელევიზია, არამედ როგორც _ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაწილი, იმისთვის რომ ტოტალური კონტროლი მოიპოვოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ბიძინა ივანიშვილი კლასიკური რუსი ოლიგარქია და ოლიგარქიული მეთოდებით ცდილობს ქვეყნის მართვას. ოლიგარქის პრობლემა ის კი არაა, რომ ის ცუდი ადამიანია, განსხვავებული გემოვნება აქვს, ან სტაფილოს წვენი უყვარს, არამედ ის, რომ არ ესმის როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. არ ესმის და არც უნდა, რომ დემოკრატიულად ფუნქციონირებდეს სახელმწიფო. შესაბამისად, მისი მმართველობის ერთადერთი ფორმა არის ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში, ტოტალური კონტროლის განხორციელება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რეალურად, სახელმწიფოებრიობის დასუსტება იმით, რომ ერთი, ან რამდენიმე კაცის მმართველობის ქვეშ მოექცეს სახელმწიფო ინსტიტუტები. თვითონ აკონტროლებდეს ამ სახელმწიფო ინსტიტუტებს: პარლამენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, სასამართლოს, ასევე, დამოუკიდებელ მედიას. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამის გამო ცდილობდა ყველა გზით კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას. იგი ამას ცდილობდა, ჯერ კიდევ, 2012 წელს, უბრალოდ, მაშინ არ გამოუვიდა, ამიტომ ეს მწარე გაკვეთილი მიიღო და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიზნად დაისახა, კონსტიტუციური უმრავლესობა 2016 წელს მოეპოვებინა. მოიპოვა კიდეც _ არჩევნები გააყალბა. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ადამიანმა ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია აირჩია. მან იხმარა ყველა გზა, ყველა ღონე მართვადი კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად, მათ შორის, უხეში გაყალბება, საარჩევნო პროცესში ჩარევა. მორჩილი კონსტიტუციური უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ უპრობლემოდ დაუკანონოს და გაუფორმოს ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კი მის თავში მოიხარშება, იქნება ეს უბრალო ახირება, რომელიც მას ხშირად სჩვევია, თუ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები.

_ უპრობლემო ნოტარიუსი სჭირდება.

_ ნოტარიუსი სჭირდება იმ გადაწყვეტილებების გასაფორმებლად, რომელსაც საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო არ მიიღებდა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირების პირობებში. ცხადია, მას სურს მარადიულად იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ აცნობიერებს, რომ მისი ძალაუფლება მარადიულად შეუზღუდავი ვერ იქნება, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ეს პერიოდი.

_ ფაქტია, ის სწორედ ამ ძალაუფლების გასახანგრძლივებლად გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

_ რა თქმა უნდა. სანამ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, ცდილობს, ყველაფერი მოასწროს და თავისი ყოფა და მმართველობის ეს ფორმა გაიხანგრძლივოს. პირველი, რაც კი გააკეთა ამ უმრავლესობამ, ის იყო, რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომლის უმთავრესი ამოცანაა, დაასუსტოს და ოლიგარქიულ მმართველობას დაუმორჩილოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ პრეზიდენტი ხალხმა კი არა, მისმა მორჩილმა უმრავლესობამ აირჩიოს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ივანიშვილი პარლამენტს კვლავ მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს და გააფორმებინებს, პრეზიდენტს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ვეტო დაადოს ან რაიმე ფორმის წინააღმდეგობა გაუწიოს. ანუ პრეზიდენტიც იყოს მის მიერ მართული პრეზიდენტი. ამის პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა, რომელსაც რეფორმას ეძახიან, თორემ, რეალურად, სასამართლო ხელისუფლებაზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე ტოტალური კონტროლის მოპოვების მცდელობაა. სასამართლოზე ტოტალური კონტროლის მოპოვებას ცდილობენ როგორც ამ გზით, საკონსტიტუციო კომისიის ხელით, ასევე სუს-ის მუშაობის მეთოდებით. იმ ცალკეულ მოსამართლეებზე, რომლებიც რაღაც ფორმით კიდევ ცდილობენ და ბედავენ, დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. სუს-ის უფროსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსია, ზეწოლას ახორციელებს, მათ დაშინებას, სამაგალითოდ დასჯას ცდილობს, რომ სხვას მსგავსი რამ აღარც მოუნდეს. ცხადია, ეს ინსტიტუტი დღეს დამოუკიდებელი არაა და სრულად თავისუფალი არც არასოდეს ყოფილა, რაც კი ქვეყანა დამოუკიდებელია, მაგრამ დღეს ივანიშვილი ცდილობს, სასამართლო ხელისუფლება არათუ არ იყოს დამოუკიდებელი, არამედ პირადად ბოლომდე აკონტროლებდეს. მიზანი მარტივია: როდესაც პარლამენტი მის ახირებებს თუ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს უპრობლემოდ გაუფორმებს, მისი პრეზიდენტი ხელს მოუწერს, შემდგომ რომელიმე მოქალაქემ რომ შემთხვევით არ გაუსაჩივროს და ასევე შემთხვევით არ მოხვდეს იმ მოსამართლის ხელში, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ესაა ის ოლიგარქიული სქემა, რომელსაც ის მიზანმიმართულად მისდევს ტოტალური კონტროლის დასამყარებლად და, შეიძლება ითქვას, წარმატებულადაც: პარლამენტზე კონტროლი მოიპოვა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებით პრეზიდენტს დააქვეითებს. პრეზიდენტი ისედაც არ არის განსაკუთრებულად დიდი ავტორიტეტის მქონე, ისედაც ვიცით, მაინც ყველა გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით იღებს. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არცაა, უბრალოდ, რაღაც გამონათებებია ალაგ-ალაგ. მალე, ამ ცვლილებების განხორციელების შედეგად, სრულად დაიქვემდებარებს თავის კონტროლქვეშ და რეალურად ბოლო ბასტიონი რაც დარჩა ასაღები, ეს არის დამოუკიდებელი მედია. ფაქტია, მედიასივრცეშიც, პრაქტიკულად, მოპოვებული აქვს კონტროლი. არა მხოლოდ ტელევიზიებს, ბეჭდვითი მედიის უდიდეს ნაწილს, სააგენტოებს აკონტროლებს. ვიცით, რომ არსებობს ბედუკაძის სააგენტო, რომელიც დღეს რაღაც ჩანაწერს გამოაქვეყნებს, მერე 2 დღეში მათივე პროკურატურა გამოძიებას იწყებს. ეს არის სქემის ნაწილი. რაც შეეხება ტელევიზიებს, „ჯიდიესი“, „იმედი“ პროსახელისუფლებო არხებია. ვნახეთ, რაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, იქაც იყო ეს ამოცანა, კონტროლის დამყარება საზმაუწყებელზე, არა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც თავისი დაბალი რეიტინგის მიუხედავადაც არ გაბედოს და სადმე რამე არაკონტროლირებადი ქმედება არ განახორციელოს, ან რამე გააშუქოს, რაც მისთვის მიუღებელი იქნება. სწორედ ამიტომ ახორციელებს ახლა იერიშს „რუსთავი 2“-ზე. ესაა ერთადერთი არხი, რომელიც, ჯერ კიდევ, ინარჩუნებს რესურსს, საზოგადოებას აუწყოს, რომ ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოს ჯარისკაცს გადასცემს, საზოგადოებას დროულად აგებინებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყებას, რომ საკონსტიტუციო კომისია განიხილავს და მიმდინარეობს მსეჯლობა აფხაზეთის სტატუსზე, ეს არის ერთადერთი არხი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ოლიგარქმა გაიღვიძა, მოეწონა ხე, ამოთხარა და მიაქვს. სწორედ ეს არ სურს ოლიგარქს. მას უნდა, რომ „გაზპრომთან“ ისე გააფორმოს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომ ჩვენ ვერ შევიტყოთ და როცა შევიტყობთ, უკვე გვიანი იყოს და რეაგირება ვერ მოვახდინოთ, მას უნდა, რომ როდესაც ოკუპანტი მას მოსთხოვს ჯარისკაცის დასასჯელად გადაცემას, ისე გადასცეს, რომ ჩვენ ვერ გავიგოთ და როცა გავიგებთ, უკვე გვიან იყოს. მას უნდა, რომ აფხაზეთის სტატუსი გაიწეროს იმ ფორმით, რა ფორმითაც ოკუპანტ სახელმწიფოს ეამება და ჩვენ ეს ყველაფერი გავიგოთ მხოლოდ პოსტ ფაქტუმ. ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და უნდა გვესმოდეს რაზე ვლაპარაკობთ! მოკლედ, მას არ სურს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა არც ერთ საკითხზე: მარტივი ახირებით დაწყებული, როგორიცაა ხეების თხრა, ისეთი პრინციპული საკითხებით დამთავრებული, როგორიცაა სტრატეგიული ობიექტების გასხვისება.

_ როგორ ფიქრობთ, მოახერხებს მედიის ბოლომდე მონოპოლიზებას, დარჩა რამე ბერკეტი, რომ ოპოზიცია, ან საზოგადოება წინ აღუდგეს ამ პროცესს?

_ ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ აქტივობაზე, საზოგადოება რამდენად გააცნობიერებს ამ პრობლემის სიმწვავეს, დამოკიდებული იქნება თავად „რუსთავი 2“-ზე, რამდენად მოინდომებს და თავად კოლექტივი რამდენად გასწევს წინააღმდეგობას. ცხადია,  ჩვენზეც, მთავარ ოპოზიციურ ძალაზე, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ახლა „რუსთავი 2“-ზე თავდასხმა, რატომ ხორციელდება ეს და რა შედეგს მოიტანს, თუ ეს იერიში წარმატებით განხორციელდა. არ მინდა, აპოკალიფსური სურათი დავხატო, უარესიც უნახავს საქართველოს ისტორიასაც და მსოფლიო ისტორიასაც… ყველამ ვიცით, რომ არც ყადაფი აპირებდა თავისით წასვლას… ეგვიპტის და სირიის მაგალითებიც გვინახავს. ძალაუფლების უზურპაციას და იძულებით ერთ ხელში კონცენტრაციას თავისი მინუსები მაინც ახლავს. საზოგადოებას ერთ ადგილას რომ ჩაკეტავ, აგრესია მაინც გამოჟონავს და ჩვენ დღეს ისეთ სივრცეში ვარსებობთ, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ სოციალური ქსელით თავისი მოსაზრება გამოთქვას. მაინც იქნება სივრცე, სადაც ადამიანები იყვირებენ, თავის უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

_ სოცქსელების წყალობით სრული კომფორტი და ნირვანა მას გარანტირებული მაინც არ აქვს.

_ დიქტატორული რეჟიმები მილევადია და ამაში ჩაეწერება ბიძინა ივანიშვილიც. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში დამატებითი დამაბრკოლებელი გარეობა ის არის, რომ ის მართლაც სისტემურად მოქმედებს, რუსული სქემით, „კაგებეს“ სტილით. წინასაარჩევნოდ მას დიპკორპუსის შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქონდა, დაარწმუნა, რომ ხელს აიღებდა „რუსთავი 2“-ზე. წინასაარჩევნოდ ამ კონიუნქტურას დაექვემდებარა და დიპლომატიური კორპუსიც შესაბამისად ალაპარაკა, რომ აი, ამ კაცს ესმის და ჩვენ მასზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია.

_ თუმცა ეს წინასაარჩევნო პაუზა იყო, გადაივლიდა არჩევნები და ისევ მიადგებოდა „რუსთავი 2“-ს.

_ მაგრამ იმ წუთისთვის ეს სეგმენტი დააშოშმინა. რასაკვირველია, შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, ოლიგარქის მოტივაცია გამოკვეთილია და ძალიან მიამიტი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელიც და ქართული საზოგადოებაც, მართლაც დაიჯეროს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დავა, ან რომ ეს დავა, მხოლოდ ვიწრო მიზნებისთვისაა და არ არის იმ დიდი სურათის ნაწილი, რასაც ოლიგარქიული მმართველობის დაკანონება, გამყარება და მაქსიმალურად გახანგრძლივება ჰქვია ამ ქვეყანაში.

_ თავის დროზე, ჯერ კიდევ, 2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა იმ ფარულ ჩანაწერებში თქვა, რომ „რუსთავი 2“ უნდა დაცულიყო ფიზიკური ძალით, ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუ კარგად გავიხსენებთ, მისგან გამიჯვნის ტალღა პირველად, ჯერ კიდევ, მაშინ აგორდა…

_ დიახ, საჯაროდ.

_ არადა, რა თქვა სააკაშვილმა ან მაშინ ისეთი, დედაბუდიანად რომ „ტუფლებიდან“ ამოხტნენ? იგივე რეალობის წინაშე შესაძლოა, კვლავ დადგეს ქვეყანა და კვლავ ფიზიკურად გახდეს დასაცავი „რუსთავი 2“.

_ იმთავითვე ძალიან არაკორექტული იყო უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსობრივი კონტექსტის განხილვა… ვიცოდით, რა მიზანსაც ემსახურებოდა იმ ჩანაწერების გავრცელება. მაშინაც კი, ვინც შევიდა განხილვაში, ნახა, რომ არავითარი მოწოდება არ ყოფილა, იქ შესაძლებლობაზე გახლდათ საუბარი. ვიცით, რომ შესაძლებელი იყო, იძულების გზით მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის აღება, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება რეალურად არ იქნებოდა და არც იყო კანონიერი და სამართლიანი. კანონიერი ვერ იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იმთავითვე პოლიტიკურია, მაგრამ ფორმალურად კანონიერი გადაწყვეტილება იქნებოდა, როდესაც სასამართლო ნოტარიუსად იქცა, უკანონებდა და დაუკანონებს ყველაფერს, რასაც ოლიგაქრი მოიწადინებს.

_ ვხედავდით კიდეც, როგორ უდასტურებდა ყველაფერს ურთმელიძე.

_ „რუსთავი 2“-ის ძალით აღების საფრთხე არსებობდა და ეს საფრთხე გააცნობიერა ქართულმა საზოგადოებამაც, რომელმაც მობილიზაცია გამოაცხადა და ღამეებს ათევდა „რუსთავი 2“-ის დასაცავად. საზოგადოება „რუსთავი 2“-ს, როგორც კონკრეტულ კოლექტივს კი არ იცავდა, იცავდა ამ იდეას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი მედია, რადგან აცნობიერებდა საფრთხეს, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის არარსებობამ.

_ ისევ ამ ფორმით დაცვა ხომ არ გახდება აქტუალური?

_ გააჩნია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს უზენაესი სასამართლო… მე არ მაქვს დიდი ილუზიები… მიუხედავად განვითარებული მწვავე მოვლენებისა, ბიძინა ივანიშვილს ძალიან მყარი მიზანი აქვს, რომ „რუსთავი 2“ სათავისო ტელევიზიად აქციოს. ნამდვილად ყველა გზით ეცდება ამას. იმედი მინდა ვიქონიო, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იმდენად მწვავე იქნება, რომ მას მაინც მოუწევს უკანდახევა, თუმცა რამდენად იზამს ამას, ეს სხვა საკითხია… თუ უზენაესი სასამართლო ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას, ცხადია, იძულებითი აღსრულების მექანიზმები ჩაირთვება. არ ვიცი, შტურმით შევარდნა დაიგეგმება თუ შენობას სხვაგან გადაიტანს ქიბარ ხალვაში, რა სქემით და გეგმით მოქმედებენ.

_ თუმცა, მეორე მხრივ, თუ ის მაინც თავისას გაიტანს და „რუსთავი 2“-ს წაიღებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ უფრო მწვავე უკმაყოფილებას მიიღებს, ხალხს ყელში ამოუვა ერთ ხმაში მოლაპარაკე ტელემედია.

_ მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც გვახსოვს ასეთი შემთხვევები… ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ასე მონოპოლიზებული და ასე მიზანიმართულად კონტროლირებული ტელემედია არ ყოფილა, მაგრამ არსებობდნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალური ტელევიზიები, რამაც ძალიან დაასუსტა ეს ინსტიტუტი და ცუდი პრეცედენტებიც დანერგა ჩემი გადმოსახედიდან… მაგრამ მაშინაც გვახსოვს, რომ როგორც კი ეს სივრცე ამ ფორმით დაიხურა, მაყურებლისთვის აღარ იყო საინტერესო, მაშინვე გაჩნდა ალტერნატიული წყაროები, გამოჩდა ისეთი სიხშირეები და საკაბელო ტელევიზიები, რომელსაც მანამდე არავინ შეხედავდა. ასევე მოხდება ახლაც, ბიძინა ივანიშვილი ვერ ამოქოლავს ყველა ხვრელს, სადაც თავისუფალი სუნთქვა არის შესაძლებელი. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, რომ მას ეს ამოცანა მაქსიმალურად გავურთულოთ და მან ვერ მოახერხოს სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი. საბოლო ჯამში, ეს ინსტიტუტები მაინც ადამიანებისგან შედგება, სულ აღმოჩნდებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ის ბოლომდე ვერ გააკონტროლებს, რომლებიც შეურაცხყოფილები იქნებიან, მოსყიდვას არ დაექვემდებარებიან.

_ რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მტკივნეული პროცესები დასრულდა თუ კვლავ მიმდინარეობს, ამჯერად, უკვე, კულუარებში?

_ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად კრისტალიზებულია, ძალიან მყარი, იმაზე მყარი, ვიდრე ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოფილა და იმაზე მყარი და ერთსულოვანი, ვიდრე ჩვენ თვითონვე გვეგონა, რომ იქნებოდა. ამ პროცესებმა, საბოლო ჯამში, ძალიან პოზიტიურად იმოქმედა თვითონ პარტიის კონსოლიდაციაზე, პარტიის შიგნით ბევრი საკითხის გადაფასებაზე. ამ გადასახედიდან ბევრი ადამიანი აცნობიერებს და ხვდება რეალურად რა საფრთხეებს შეიცავდა ის კულუარული მმართველობის სტილი, რომელიც ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ სურათის ნათლად დანახვამ ახლა სულ სხვა სასტარტო პირობები მოგვცა, პარტია ბევრად გახსნილია, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაცილებით მრავალფეროვანია, უფრო წარმომადგენლობითი იმ გაგებით, რომ რეგიონული წარმომადგენლობის ხარჯზე პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა. წარმომადგენლები იქნებიან არჩევნების გზით შერჩეული ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან იმ ადამიანების წინაშე, ვინც მათ მანდატი მისცა და ნდობა გამოუცხადა. ეს პარტიის შიგნით დემოკრატიის შეგრძნების სულ სხვა განცდას ბადებს. პარტიულ სტრუქტურებში ბიუროკრატია გაცილებით შემცირებულია. პოლიტსაბჭოზე ადამიანებს არ ხვდებათ მზა გადაწყვეტილებები, საკითხს იხილავს ყველა დაინტერესებული პირი და არაფერი აღარ ხდება ჩაკეტილ კარს მიღმა ხუთ-ხუთკაციან ჯგუფებში. ყველა საკითხზე მიმდინარეობს ღია, გახსნილი დისკუსია და რაც მთავარია, გამარჯვებაზე ორიენტირებულები ვართ. ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ყველა გზით უნდა გავუმკლავდეთ და დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ბიძინა ივანიშვილი არა როგორც განყენებული ადამიანი, არამედ ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მმართველობის ეს ფორმა გამყარდეს და გახანგძლივდეს.

_ გაზაფხულზე შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს სოციალური ფონი და ხალხში პროტესტის მუხტი გაჩდეს, მოთხოვნილება ქუჩის აქციების, რა გეგმები აქვს პარტიას ამ მიმართულებით?

_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილება ყველაფერი, რაც იქნება საზოგადოების დაკვეთა. „ნაციონალური მოძრაობა“ დაემორჩილება ხალხის მოთხოვნას და ხალხის დაკვეთას. ჩვენ არ ვიქნებით პარტია, რომელიც იქით უკარნახებს ადამიანებს, რომ აუცილებლად არჩევნებს უნდა დაემორჩილონ, აუცილებლად ოლიგარქის მიერ გაწერილ წესებს დაემორჩილონ, თუ აუცილებლად ქუჩაში გავიდნენ. ეს იქნება ქვევიდან ზევით მართული პარტია, თუ გამოიკვეთება კრიტიკული მასა, თუ ხალხი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებით უნდა ესაუბროს ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ გვერდით დაუდგება. თუ ეს ასე არ იქნება და ჩაითვლება საჭიროდ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა იაროს, ან კომბინირებული გზით, მაშინ პარტია მათ რჩევას გაითვალისწინებს.

_ ბოლო ოთხი წლის მანძილზე არაერთხელ იყო საზოგადოების დაკვეთა ქუჩის აქციებზე, მაგრამ სწორედ პარტია იყო წინააღმდეგი და თუ აქციებზე მიდგებოდა საქმე, შემოიფარგლებოდა რამდენიმესაათიანი გამაფრთხილებელი აქციით, რაც ნამდვილად არ იყო საზოგადოების დაკვეთა. „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციის გამწვავებას, რადიკალიზაციას ერიდებოდა.

_ გეთანხმებით, ეს იყო პარტიის პოლიტიკა გასული 4 წლის განმავლობაში, იმდენად, რამდენადაც პარტიას მართავდა პარტიული უმცირესობა. უმცირესობას წარმოადგენდნენ, მაგრამ ფორმალური ბერკეტები მათ ხელში იყო. ეს ჯგუფი იყო სწორედ იმის მომხრე, რომ „ნაცმო“ უნდა ყოფილიყო ზომიერი ოპოზიცია, უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული. ამას ჰყავდა პრინციპული მოწინააღმდეგეები პარტიაში, საარჩევნო კამპანიითაც დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო, უბრალოდ, არჩევნებამდე არ გამოიკვეთა, რამდენადაც ეს დაპირისპირება არ იყო ასე საჯაროდ. ესეც ერთ-ერთი პრინციპული საკითხი გახლდათ, რის გარშემოც ვეღარ მოხერხდა კონსენსუსი.

_ თქვენ მოგწონდათ „თეთრი ხელთათმანების“ საარჩევნო კამპანია? თუ იმთავითვე მიგაჩნდათ, რომ კამპანია ბევრად მწვავე და აგრესიული უნდა ყოფილიყო?

_ მე მაშინაც მიმაჩნდა, რომ არც პარტიის და არც ამომრჩევლის დაკვეთა არ იყო ყველაფერზე ბოდიშის მოხდა, არ მიმაჩნდა სწორად, ჩვენ დაუსრულებლად უნდა გვესმინა უტიფარი ბრალდებები იმ ხელისუფლებისგან, რომელიც მოვიდა ბავშვის სიკვდილით, დადგმული კადრებით, ძალადობის ინსცენირებით. არ მიმაჩნდა სწორად, რომ როდესაც ისინი გვადანაშაულებდნენ, ბოდიშები გვეხადა და პასუხად მარტო ის გვეძახა, რომ 45 ათას სამუშაო ადგილს ვიძლევით. ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ეს არც ამომრჩევლის დაკვეთა იყო, არც პარტიის და ეს გახლდათ არასწორად წარმოებული კამპანია.

 

რევაზ შატაკიშვილი