ნიკო ლეკიშვილი: „დედაქალაქის მერი თბილისელი კი არ უნდა იყოს, თბილისი უნდა ესმოდეს და გრძნობდეს!“

რუბრიკა „ყოფილების“ სტუმარია ნიკო ლეკიშვილი, რომელიც 1993-1995 წლებში დედაქალაქის მერად მუშაობდა, ხოლო 1995-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად.

_ ბატონო ნიკო, დედაქალაქის მერი იყავით, რა განსხვავებაა დედაქალაქისადმი თქვენს დროინდელ და დღევანდელ დამოკიდებულებებში?

_ მე ასეთი მიდგომა მქონდა _ ქალაქისთვის არის რაღაც საკითხები, რომლის გაკეთებაში მოსახლეობამ და ბიზნესმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე, მაგალითად, თბილისში პირველი ყვავილები 1995 წელს დავრგე და 100 000 ცალი ტიტის ბოლქვი ჩამოვიტანე ისე, რომ ბიუჯეტიდან ფული არ გადამიხდია. მაგალითს გეტყვით: „ქართლის დედა“ დაგლეჯილი და გაუბედურებული იყო, ვნახე, რომ ხის ფირფიტები მოპარული და ნახევრად ტიტველი იყო, ავედით ავტორთან ერთად, ჩამოვასხით და ერთ წელიწადში, 1995 წლის თბილისობისთვის აღვადგინეთ. დოდო აბაშიძის ძეგლის დადგმაზე სახელმწიფოს ფული არ გადაუხდია, ჩვენ შევაგროვეთ და ისე გავაკეთეთ. იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ აქ მცხოვრებმა ბიზნესმენებმა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ის უფრო კარგი იყო, როდესაც გამოვაცხადე, რომ ამა და ამ ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა „ქართლის დედის“ აღდგენაში, ვიდრე მე მეტრაბახა, რომ 200 000 და რაღაც თანხა გამოვყავი.

_ ასეთ მიდგომას რა სჭირდება?

_ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. პარიზში, მაგალითად, ზურა წერეთელმა რომის პაპის მონუმენტი რომ დადგა, იმაშიც საზოგადოებამ გადაიხადა ფული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამას უნდა გრძნობდე.

_ როდესაც დავით ნარმანია ქალაქის მერის კანდიდატურად დასახელდა, გახსოვთ, მაშინ ძალიან დიდი ამბავი იყო ატეხილი, რომ დედაქალაქის მერი, მაინცდამაინც, თბილისელი უნდა ყოფილიყო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ თბილისელი იყოს კი არა, თბილისი უნდა ესმოდეს და გრძნობდეს! ტერენტი გრანელიც არ იყო თბილისელი, მაგრამ როგორი თბილისელი იყო?! გინდა, პაოლო იაშვილი, თბილისში რომ ჩამოვიდა, გრიგოლ რობაქიძემ დაწერა, მეორე დღეს ყველაზე დიდი თბილისელი იყოო. ეს იმაზე არ არის დამოკიდებული, სად დაიბადე, ამას სხვა რაღაც უნდა. თბილისში არავინ დაბადებულა, 1913 წელს 17% იყო ქართველი თბილისში და მერე ჩამოვიდა მთელი ქუთაისი, კახეთი, შეიკრიბნენ და იმათ შექმნეს თბილისი.

_ ქალაქის თანამედროვე იერსახეს როგორ უყურებთ?

_ ჩვენ დროს მშენებლობები არ იყო, მაგრამ ძველი გენერალური განვითარების გეგმა მოქმედებდა, რომელსაც 2000 წლამდე ჰქონდა ვადა. იქ შეზღუდული სიმაღლეები იყო, მაგალითად, ცენტრში არ შეიძლებოდა 5-სართულიანზე მეტი სიმაღლის შენობის აშენება, ძველ თბილისში, ვაკეში და ა. შ. როდესაც ქალაქის მერი ვიყავი, წარმოიდგინეთ, იმ გაჭირვების ჟამს დავიწყეთ ახალი გენერალური გეგმის გაკეთება. მაშინ „თბილქალაქპროექტი“ ფუნქციონირებდა, რომელმაც 1995 წელს ახალი გეგმის გაკეთება დაიწყო. ვფიქრობდი, რომ როდესაც ამის გაკეთება დასრულდებოდა, 2000 წელიც მოვიდოდა და მერე ეს წესი შემოვიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დააფინანსეს და ამ გენერალური გეგმის გაკეთება შეწყდა. 2000 წელს, როდესაც ამ გენგეგმის ვადა ამოიწურა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ იგი არ გააგრძელეს, საკრებულოც იყო უკვე ჩამოყალიბებული და მას იმის გაკეთება შეეძლო, რომ სანამ ახალი გენგეგმა არ იქნებოდა, 3 წლით გაგრძლებულიყო ძველი წესი. როგორც კი ვადა ამოიწურა, არ გააკეთეს, ან დაავიწყდათ, ან პროფესიონალიზმი არ ეყოთ. მგონი, უფრო ეს უკანასკნელი იყო, ამას ვერ მიხვდნენ და ხელები გაეხსნათ. სწორედ იმ დროს, 2000 წლის მერე დაიწყო მოთხოვნები მშენებლობებზე და წავიდა მერე ნებართვები იქ, სადაც არ უნდა აშენებულიყო. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ! ისე ცუდად ვარ, როდესაც დავდივარ, „სატივეს“ რომ ვუყურებ, გული მისკდება, შეხედვაც კი არ შემიძლია. 2003 წლამდე კი მშენებლობები იყო, მაგრამ ამდენი არა, მერე ხომ წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. შემდეგ ადგნენ და ეს ყველაფერი კანონმდებლობით გაამაგრეს. მაგალითად, ფალიაშვილზე სახლი შენდება, 5-სართულიანზე მეტი არ შეიძლება იმიტომ, რომ კოეფიციენტები არსებობს და არავის გაუუქმებია, მაგრამ შემოიღეს, _ თუ კოეფიციენტში ფულს გადავიხდი, შემიძლია, 50-სართულიანი ავაშენო. თუ არ შეიძლება აშენება, ფულს თუ გადავიხდი, მაშინ რატომ შეიძლება?! რა მოხდა? _ სახელმწიფო მექრთამე გახდა, რადგან ოფიციალურად ფული აიღო იმაში, რისი გაკეთებაც არ შეიძლება! ახლა ბევრს რომ ვლაპარაკობთ მანქანებზე, მანქანების რაოდენობა, საბოლო ჯამში, რომ მოიმატებდა, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი იყო, მაგრამ როდესაც ქუჩაზე, სადაც 500 ოჯახი ცხოვრობდა და ახლა ცხოვრობს 5000, თავისთავად, ამან გამოიწვია ეს მდგომარეობა. კი ბატონო, კომუნისტებს დავაბრალოთ ყველაფერი, მაგრამ თბილისის განვითარება ძალიან კარგად ესმოდათ მაშინდელ არქიტექტორებს. ცოცხალია გიგა ბათიაშვილი, ამხელა პიროვნებაა, ბოდიში და მერიას თუ საერთოდ ჭკუა აქვს, მოიყვანოს ეს კაცი, მისცენ ერთი კაბინეტი, არც ფული უნდა, არც არაფერი და ეტყვის, რა, როგორ უნდა გაკეთდეს. გიგა ბათიაშვილი იყო მაშინ სახელოსნოს უფროსი და მთელი ძველი თბილისი მისი გაკეთებულია. შოთა ყავლაშვილი იყო, რომელიც ამბობდა, რომ თბილისი იქით უნდა გავაფართოოთო. პარიზელები იდიოტები კი არ არიან, იქ როგორმე გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც შანზელიზეზე ააშენებდა 50-სართულიან შენობას, მაგრამ უფლებას არ აძლევენ. იქ ისეთი სასტუმროები, ბრენდებია, მაგრამ პატარა. გინდა? გააკეთებ პატარას. არ გინდა? წადი და არის პარიზის იქით ადგილები, სადაც 100-სართულიან შენობას დადგამ. ეს ამათ არ გააკეთეს, ეს უნდა განევითარებინათ საბურთალოზე, წერეთლის გამზირის მიმართულებით, ავჭალა, ნაძალადევის მიმართულებით, რაც გაკეთებული იყო კომუნისტების დროს. წადით და გლდანში ნახეთ კომუნისტების დროს აშენებული 20-სართულიანი სახლები, კი არის უშნო, მაგრამ რამდენია. ცენტრში ვერ გააკეთებდნენ? ვინ დაუშლიდა! „პარტიზანული მებაღეობა“ გაბედავდა გამოსვლას და იტყოდა, _ ხე რატომ მოჭერიო? მაგრამ არ აკეთებდნენ! ცეკას შენობა რომ აშენდა, შოთა ყავლაშვილმა ხელი არ მოაწერა და ამის გამო მოხსნეს, იმიტომ, რომ პარტიოტი კაცი იყო! ახლა საერთოდ ვინ არის ქალაქის მთავარი არქიტექტორი, იცით? არის ეს თანამდებობა? არ არის, გააუქმეს! მთელ მსოფლიოშია, აქ _ არა! ატეხილი რომ გვაქვს, ამერიკაში ასეა და ისეა, პარიზს მთავარი არქიტექტორი ჰყავს, ბერლინს ჰყავს, ჩვენ რატომ არ გვყავს? რატომ არ გვყავს მთავარი მხატვარი? გააუქმეს! ჩემს დროს იყო, მთავარი არქიტექტორიც, მხატვარიც და დეკორატორიც, რომელიც განსაზღვრადა, რომელ ქუჩაზე რა ყვავილი სჯობდა, რომ დაგვერგო. გააუქმეს იმიტომ, რომ გაადვილების ტენდენცია წავიდა, ეს არასწორია!

ერთ ამბავს გავიხსენებ: მაშინდელმა ცეკას მდივანმა დაგვავალა, რომ ძველი ჭადრაკის სასახლე სადაც არის რუსთაველზე, იმის უკან ერთ-ერთ ორგანიზაციას შენობის აშენება უნდოდა და თავისი ტერიტორია ჰქონდა. შოთა ყავლაშვილს დავურეკე და ვუთხარი, ნახე-მეთქი. გადაუღია სურათი, შიგნით ჩახატა შენობა და მითხრა, _ ამის აშენება შეიძლებაო? 8-სართულიან შენობაზე იყო საუბარი, _ ამას მე თანხმობას ვერ მივცემო. მიუხედავად იმისა, რომ ცეკას ხელმძღვანელობის დავალება იყო. სხვათა შორის, ის ცეკას ხელმძღვანელობაც ჯანსაღად უდგებოდა ამ საკითხს, მითხრეს, _ თავი დაანებე, თუ არ შეიძლება აშენებაო. ახლა 8-ს კი არა, 100-სართულიანს ჩადგამდნენ, როგორც „იმელის“ უკან ჩადგეს რაღაც გაუგებარი იერსახის სასტუმრო. ნებისმიერი ქალაქის იდეოლოგია რა არის _ ქალაქს აქვს სიმბოლოები, თბილისის სიმბოლო არის მთაწმინდა, როგორც ეიფელის კოშკია პარიზის სიმბოლო, წარმოგიდგენიათ, რომ პარიზში ააშენო შენობა, რომელიც ეიფელის კოშკს დაფარავს? ჩვენ ავაშენეთ შენობები, რომელიც მთაწმინდას ფარავს! მთაწმინდა თბილისში ყველა ადგილიდან ჩანდა! ამით იმის თქმა მინდა, რაც არ უნდა კანონმდებლობა შემოიღონ, თუ შინაგანად ვერ ხვდები, რომ არ შეიძლება, მთაწმინდა დაიფაროს, თუ შინაგანად ვერ გრძნობ, რომ რუსთაველზე არ შეიძლება ასეთი სასტუმროს აშენება, არ გამოვა, თორემ არაბების მეტს რას მიიყვანს გინდა ბერლინი და გინდა სხვა ქვეყანა, ბერლინში კუდამზე ააშენებინებენ მაგხელა შენობას? კონტაქტი მქონდა მერიის წარმომადგენლებთან და პასუხად მივიღე, _ კერძო საკუთრებააო. მადრიდის „რეალი“ თავისი სტადიონის რეკონსტრუქციას იწყებს და მოინდომეს 20-სართულიანი სასტუმროს აშენება საკუთარ ტერიტორიაზე. მადრიდის მერიამ უარი უთხრა, აქ 5-6 სართულის აშენება შეიძლებაო და ვერ ააშენეს. რა შუაშია საკუთარი, უნდა დაემორჩილო კანონებს! ეკოლოგიურ მდგომარეობაზე რომ ვლაპარაობთ, ის ეზოები, რომლებზედაც ამხელა სახლებია წამოჭიმული, მაგალითად, ვერაზე, ვაკეში და ა. შ. თითოეულ ეზოში 10-15 ხეხილის ხე იდგა, ხეხილის ხეს კი ხედ არ თვლიან! არადა, იმას ხომ იგივე ფუნქცია აქვს! ფაქტობრივად, ჩვენ რომ დავითვალოთ, ასიათასობით კი არა, შეიძლება, მილიონობით ხეხილის ხეა თბილისში განადგურებული. ასეთ საკითხებს ძალიან პრინციპულობა უნდა. თუ შენ ისე გააკეთებ, რომ ერთ შემთხვევაში ნებართვას მისცემ და მეორეში _ არა, არ გამოგივა. ქალაქის გარეგნობას მოფრთხილება უნდა. არ მიყვარს კრიტიკა, მით უმეტეს, ჩემ შემდეგ ვინც მუშაობდნენ ამ ადგილზე, მაგრამ ეს ვითარება შეიქმნა და, სამწუხაროდ, მერიამ ეს პროცესი ვერ შეაჩერა. კი ბატონო, იყო პრობლემები, ძველი გაცემული ნებართვები და ა. შ., მაგრამ თუ კარგად დაჯდები და საკითხს ჩაუღრმავდები, გამოსავალს იპოვი. მაგალითად, ჩემამდე რიყეზე გაცემული იყო ნებართვები, რომ ბენზინგასამართი სადგური აშენებულიყო, ამას როგორ გავაკეთებდი? დავუძახე, ველაპარაკე, ეს ტერიტორია დავათმობინე და ალტერნატიული ადგილი სხვაგან მივეცი.

_ „პანორამა თბილისზე“ რას იტყვით?

_ მე რომ თბილისის მერი ვიყო, გავაკეთებდი, ისეთ ადგილზეა საუბარი, არაფერიც არ მოხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც რაღაცის გაკეთებას იწყებ, ჯერ უნდა თქვა, რომ ამას ვაპირებ და უნდა ჩართო საზოგადოება. როდესაც უკვე რაღაცები გააკეთე, მერე გადაკეთება შეუძლებელია. ნებისმიერ გადაწყვეტილებას და პროექტს წინასწარ უნდა განხილვა. როცა თბილისის ომი იყო და ამდენი შენობა დაინგრა, თბილისის მერი რომ გავხდი, კონკურსი გამოვაცხადეთ, უამრავი პროექტი შემოვიდა, რომელიც გამოფენილი გვქონდა, ბოლოს ერთ-ერთმა გაიმარჯვა და აღარ იყო სალაპარაკო. დარწმუნებული ვარ, პირდაპირ რომ გაგვეკეთებინა, მიწაში ჩაგვდებდნენ. სიმართლე გითხრათ, სიღრმეებში არ ვარ შესული, მაგრამ „პანორამა თბილისის“ ისეთი გაკეთება შეიძლება, რომ სიკეთე მოიტანოს. საერთოდ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ცენტრი არ იყოს ქალაქის განვითარების მიმართულება. როდესაც დეველოპერი მოდის და გეუბნება, რომ სახლის აშენება მინდა, შენ უნდა გქონდეს რუკა და შესთავაზო, სად შეუძლია ააშენოს, ის კი არ უნდა გთავაზობდეს ადგილს, მიწა მაქვს და ამაშენებინეო, ეს არ არის სწორი!

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ მაგალითით გიპასუხებთ: „რესპუბლიკის მოედნის“ ქვემოთ არის ტერიტორია, რომელიც ჩემს დროს ბრწყინვალედ მუშაობდა, იქ იყო ჩანჩქერი, ბარი და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი. შევედი ახლა და კატასტროფაა, სირცხვილით დავიწვი, მერიაში 4-5 კაცს დავურეკე ამის თაობაზე, ვუთხარი, იქ სასტუმროა, ვიღაც ჩამოვა, იტყვის, ქალაქის ცენტრია და ასე როგორ შეიძლება-მეთქი?! მიპასუხეს, _ იცით, რა, ეგ კერძო საკუთრებააო! რას ჰქვია, კერძო საკუთრება? მაშინ იმ კერძო საკუთრებამ, თუ ჯერ ვერ აკეთებს, დაკეტოს, შემოღობოს და დააწეროს, რომ მიმდინარეობს რემონტი, როგორ შეიძლება ასე?! მაპატიეთ და ტუალეტად არის ქცეული, იკრიბებიან გაუგებარი წარმომავლობის ადამიანები, ქვემოთაც ცუდი ამბები ხდება, ეს ქალაქს არ ეკუთვნის? ამას რა დადგენილება უნდა? ელემენტარული რაღაცებია გასაკეთებელი! როცა გზას აგებ და ბორდიურს არ აწევ, რა უნდა გაკეთდესო, ამას მეკითხებით? რამდენიმე ქუჩაზე ძალიან კარგი ასფალტი დაიგო, მაგრამ ბორდიური არ აწიეს და ტროტუარსა და გზას ვერ განასხვავებ. ბორდიურს ხომ თავისი დანიშნულება აქვს! ის უნდა გაკეთდეს, რომ სადაც არ შეიძლება, არ უნდა აშენდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ქალაქის ცენტრში განვითარება არის შეცდომა! ქალაქის ხელმძღვანელები ხომ დადიან უცხოეთში, ნარმანიამ პარიზში ხომ დაინახა, რომ შანზელიზეზე და მის გარშემო ასეთი რამეები არ შენდება. პარიზის რუკას დახედე! ეს არის მიდგომა და მე როგორ ვასწავლო, ეს შინაგანად უნდა გქონდეს!

_ არაპროფესონალიზმთან გვაქვს საქმე?

_ ალბათ, მაგასთანაც გვაქვს, სითავხედესთანაც. წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, სითავხედე იყო. კონოთეატრი „აპოლო“ 1900 წელს აშენდა და რუსულად ეწერა. გამოიარა სააკაშვილმა და თქვა, რომ რუსულია და მოამტვრიეთო, გაიარა, „ვესტელი“ ეწერა და მოამტვრევინა, ეს რა არის?! ეს იმიტომ კი არ იყო, რომ რუსულად იყო, იმიტომ, რომ ისტორიული იყო. ასე დააწერა იმ კაცმა, „ვესტელს“ თბილისში უამრავი რაღაც აქვს აშენებული. როდესაც ისტორიულ შენობაზე რეკონსტრუქციას აკეთებ, იქ ასეთი ჩუქურთმაა და შენ მოაძრობ, ეს სითავხედეა! გაიარეთ „პლეხანოვზე“, შეხედავ, „ბამბანერკასავით“ არის და მუყაოთია გაკეთებული. ახლა ყველგან რომ საათებია, გაიარა ვიღაცამ, სადღაც ნახა და თბილისში 20 ცალი გააკეთა. ის ერთ ადგილას არის ბრიუსელში, თორემ ისინი ვერ გააკეთებენ სხვაგან, ფული არ აქვთ თუ რა?! ძეგლებს ბორბლები გაუკეთეს და გადააგორ-გადმოაგორეს, არ შეიძლება ასეთი რაღაც! ეს არის, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმი, მეორე მხრივ, რასაც მინდა გავაკეთებ, მე ვარ და ჩემი ნაბდის თემაა, ამან დაამახინჯა ეს ყველაფერი. ჩემს უბანში სტადიონი იყო, სადაც გაიზარდა მიშა მესხი, შოთა იამანიძე და უამრავი დიდი ფეხბურთელი, გაყიდეს და ბაზარი ააშენეს, ეს რამდენიმე სტადიონზე მოხდა, ეს არის დანაშაულებრივი ფსიქოლოგია! საერთოდ, რა არის ქალაქი? ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ თბილისში შიგნით არის რამდენიმე ქალაქი, როგორც პარიზში. მაგალითად, რუსთაველზე რომ დგას გაზეთების ჯიხური, ის უნდა იყოს განსაკუთრებული, რუსთაველზე რომ დგას სინათლის ბოძი, ის უნდა იყოს სხვანაირი, „პლეხანოვზე“ უნდა იყოს სხვანაირი, წერეთელზე შეიძლება იყოს უფრო უბრალო. არ შეიძლება, არ ვაქცევდეთ ყურადღებას, როგორ არის წარმოდგენილი რეკლამა, მაგალითად, რუსთველზე უნდა იყოს შუშაზე დახატული რეკლამა? ამას ვინ სჭირდება? ამას სჭირდება მთავარი მხატვარი, რომელიც ამ ნებართვას გასცემს. მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და სულ ვაკვირდებოდი თამაშის წესებს, რომელიც ჩადებულია სულსა და გულში. რაც „ლაღიძის წყლებს“ უქნეს და მერიის შენობის ქვევით რომ აფთიაქი იყო, მსოფლიო კატალოგში შედიოდა, იქ იყო ისეთი კოლბები, დანადგარები და ისეთი ხისგან იყო ნაკეთები, მანდ ჟარდამერია რომ იყო, მაშინდელი გახსნილია, წარმოგიდგენიათ? გაყიდეს და ახლა ფართლის მაღაზიაა. „ლაღიძის წყლები“ გაყიდეს, ახლა ტანსაცმლის მაღაზიაა. შანზელიზეზე არის ერთი შოკოლადის მაღაზია, რომელიც მე-18 საუკუნეში არის შექმნილი, ნაპოლეონ მეოთხის პერიოდში, პირველად შოკოლადი რომ შემოვიდა, იქ ხარშავდნენ, ის რომ იყიდო, პროფილს ვერ გამოუცვლი, თუ არა, ნუ იყიდი! შანზელიზეზე ასევე არის მცენარეული სუნამოს მაღაზია, რომელიც მე-19 საუკუნეშია შექმნილი, რომ იყიდო, ვერ შეცვლი პროფილს. იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, ეს არის ამ ქალაქის სიმბოლოები და ასეთი იქ ბევრია, როტშილდების ღვინის მაღაზია და ა. შ. ეს თუ ამ ქალაქში არ დამკვირდა, არაფერი გამოვა! პირდაპირ გეუბნებით, მე, მაგალითად, თბილისის ხელისუფალი რომ ვიყო, „ლაღიძის წყლებს“ გამოვისყიდიდი და აღვადგენდი. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მისი დალევა უნდა-არ უნდა, რუსთაველის სიმბოლოა. იმ აფთიაქის კოლბები სად არის, ვინ წაიღო, სად წაიღო, გაყიდეს თუ რა უქნეს?! მე რომ თბილისის მერი ვიყავი, ამ აფთიაქის დირექტორი იყო ძალიან საინტერესო კაცი, სოკრატ სალუქვაძე, მეხვეწებოდა და მეუბნებოდა, _ მეშინია, ამის პრივატიზაცია არ მოხდესო. ვამშვიდებდი, _ მაგას ვინ გაყიდის-მეთქი! არ გაყიდეს?! ჩვენს დროს მაღაზიების პრივატიზაციები რომ იყო, მაშინ, ძირითადად, კოლექტივები ყიდულობდნენ ხოლმე. ეწერა, რომ 25 წელიწადი პროფილის შეცვლა არ შეიძლებოდა, მერე დადგენილება მიიღეს და გააუქმეს. სპორტული მოედნების, კულტურული დაწესებულებების პრივატიზაცია აკრძალული იყო და იქ ეწერა, რომ თუ ეს მაინც მოხდება, 25 წელი ისევ კინოთეატრი უნდა ყოფილიყო, ისევ სტადიონი და ა. შ. გაიარეთ ახლა, კინოთეატრები გაყიდულია და რა არის იქ! თავის გემოზე მოირგეს ყველაფერი. როდესაც მყიდველს ეცოდინება, რომ სხვა ვერაფერს გააკეთებს, აღარ იყიდის! ამიტომ დაკარგულია თბილისის პეწი. გაიარეთ, რას ჰგავს საკოლმეურნეო ბაზარი, სსრ კავშირში „დეზერტირების ბაზარი“ ყველაზე კარგი იყო. მოვიდა ვიღაცა, დაანგრია და ააშენა უგემოვნო რაღაც. ქალაქის მერი რომ ხარ, სურათს არ უნდა შეხედო? „შანგრილა“ რომ არის ახლა, უნიკალური შენობა იყო, რომელსაც პრემია აქვს მიღებული, როგორც ძველ ქალაქში ახალი შენობის საუკეთესო ნიმუშს. რა უქნეს?! თან იმ შენობას ავტორი ჰყავს, რომელიც გარდაცვლილია, რა უფლება გაქვს, რომ ანგრევ, ეს შენობა საუკეთესო ნიმუში იყო! ჩემი აზრით, თბილისთან თუ სხვა ქალაქთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორებს, ვინ არიან, როგორ უყურებენ ამ მოვლენებს, თორემ თუ მოვინდომეთ და ნამუსზე ხელი ავიღეთ, მთელ რუსთაველს დავანგრევთ და 100-სართულიან შენობებს ავაშენებთ.

_ ზოგადად, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს როგორ უყურებთ?

_ ჩემი აზრით, პანიკა უფრო მეტია, ვიდრე რეალური მდგომარეობა. ერთ მაგალითს მოვყვები: 1994 წელია, იერუსალიმში მსოფლიო მერების შეხვედრა ტარდება, ტრადიციული შეხვედრა იყო, იერუსალიმის მერი ლეგენდარული პიროვნება ტედი კოლეგი ესწრება. იერუსალიმის მერია შეიქმნა თუ არა, 60-იანი წლებიდან დაწყებული, 1994 წლამდე, ისევ ის იყო მერი, 84 წლის გახლდათ, მსოფლიო მერების ლიდერი, უდიდესი ადამიანი, პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდნენ, მაგრამ არ გადავიდა. ამ ადამიანმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა, მკითხა, _ ხელფასი რამდენი გაქვსო? ვუთხარი, _ 2 დოლარი გამომდის-მეთქი. მითხრა, _ არა უშავს 7 წელი ხელფასი საერთოდ არ ამიღია, რადგან მერიას ხელფასი არ ჰქონდა, ჰუმანიტარულ დახმარებას რომ ვიღებდით, მე და ჩემი ცოლი იმით ვიკვებებოდითო. _ ქვეყანაში რა სიტუაციააო? ავუხსენი, _ შუქი არ არის, გაჭირვებაა-მეთქი. _ შენ მერიაში გაქვს სინათლეო? _ არა-მეთქი. მითხრა, _ დაანებე მაგ სისულელეს თავი, იერუსალიმში 70-იან წლებამდე დენი საერთოდ არ იყო გაყვანილი და ღამე რომ მოვიდოდა, იერუსალიმი გენერატორებით გუგუნებდა, ინგლისელებმა მაჩუქეს გენერატორი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობდა და ის მქონდა ჩართული, დილით რომ გამოვიდოდი, მერიის შენობის წინ 500-600 ქილა საწვავი იდგა, მოსახლეობას მოჰქონდა, რომ მე დენი მქონდა, რადგან იცოდნენ, თუ დენი არ მექნებოდა, ღამე ვერ ვიმუშავებდიო. ჩართე და იმუშავე ღამე, ხალხი რომ სინათლეს დაინახავს, ეს მათთვის იმედი იქნებაო. ჩამოვედი, ვიშოვე გენერატორი, მოვიტანე, ჩავრთე 1-2 დღე და მესამე დღეა, ღამის 11 საათია, მერიის თანამშრომლები ყველა იქ ვართ და უცებ ფანჯარაზე ბრახუნი ატყდა, მთელი მინები ქვებით დამიმტვრიეს. გადავიხედე და მეუბნებიან, _ რატომ გაქვთ სინათლეო! უკანასკნელი სიტყვებით გვაგინეს, ავდექი და გამოვრთე. აი, რა განსხვავებაა ებრაელებსა და ქართველებს შორის! ებრაელებისა და ქართველების დამოკიდებულებას შორის სახელმწიფოს მიმართ.

_ საზოგადოებაში ხედავთ პრობლემას?

_ რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც მიუღებელი კეთდება, საზოგადოება არ იღებს ხმას, არც მე ამოვიღე, სხვამაც, თქვენც არ ამოიღეთ ხმა. რუსთაველზე რომ სასტუმრო ააშენეს, რა პროტესტი იყო? ისინი სახელმწიფოებრივად უყურებენ! აქ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუ ხელისუფლება სწორად მოიქცევა, არ იქნება ეს პრობლემები. ეს ამბავი უნდა მომეყოლა ტელევიზიით, მეთქვა, _ ჩავრთავ გენერატორს, ღამეც ვიმუშავებთ-მეთქი, არ ვთქვი და რომ მეთქვა, შეიძლებოდა, სწორად გაეგოთ. მერიას ახლა განსაკუთრებით, როდესაც ამხელა სოციალური ქსელებია, მედიაა, უფრო მეტი მოქნილობა სჭირდება. იგივე „პანორამაზე“, მგონია, რომ უფრო კარგად შეიძლებოდა ხალხისთვის აეხსნათ, რა იყო, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო, რა დარჩენილიყო. მეც არ მომწონს, რომ თავისუფლების მოედანზე საბაგირო გზამ გაიაროს, რაღაცები უნდა შეცვლილიყო, ბევრი რაღაც არის ისეთი, რომელიც კარგად შეიძლებოდა დამუშავებულიყო, მაგრამ როგორც მიშამ გააკეთა და რიყეზე დოქები დადგა, ახლაც ასე მოხდა. ის დოქები ცუდი კი არ არის, მაგრამ იქ არ ჩანს კარგად. იუსტიციის სახლის აშენება იქ სწორი იყო? კორტები იყო იქ, დასასვენებელი ადგილი და 500 ხე აჩეხეს, ვინმემ რამე თქვა? იუსტიციის სახლის შენობა ცუდი არ არის, მაგრამ მისი ადგილი იქ არ არის, ის კარგი იქნებოდა 31-ე ქარხნისკენ, ქვემოთ ცარიელი ტერიტორია სადაც არის, სივრცე ექნებოდა. თან მისი დანიშნულება ისეთია, სადაც ადამიანი მიდის, აქ მივიდოდა თუ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ მანქანებიც კარგად გაჩერდებოდა, აქ არეალი არ აქვს, თორემ შენობა ორიგინალურია. ის დოქებიც ორიგინალურია, მაგრამ რომ დაედგათ „ვეფხი და მოყმე“ რომ არის, სადაც „საქართველოს ბანკია“, იმ ჩამოსასვლელ პანდუსზე, ძალიან კარგი იქნებოდა. არასწორი იყო, მანდ რომ გააკეთეს, თეატრია, ვთქვათ, მიხვედი, მანქანას სად გააჩერებ? არც მინის ხიდია ცუდი, საერთოდ ხდება, როდესაც ძველ ქალაქში თანამედროვე შენობები შენდება. მანდ ადრე იყო ხიდი, რომელსაც „ვირის ხიდი“ ერქვა, ცუდი არ იყო, როდესაც გადაწყვიტეს მისი აღდგენა, ისედაც სწორი იყო, როდესაც 21-ე საუკუნეში აშენებ რაღაცას, მე-19 საუკუნის ხიდს ხომ არ აღადგენ? თვითონ ხიდის დანიშნულება იგივე გააკეთეს და გააკეთეს თანამედროვე, რომელიც, პრინციპში, არ არის ცუდი. ბევრია ასეთი მაგალითები სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ დააწერეს, რომ ეს არის აშენებული ამ დროს და აქაც უნდა დააწერონ, რომ აქ იყო „ვირის ხიდი“, იმის სურათიც არსებობს, იმასაც ვაჩვენებდი და ჩვენ, 21-ე საუკუნეში აღვადგინეთ. ასეთი რაღაცები აკლიათ და მომავალში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. იდეა მქონდა, რომ ყველა სახლზე გაგვეკეთებინა წარწერა _ ვინ არის არქიტექტორი და ვინ ააშენა, რომ ხალხმა ნახოს კარგიც და ცუდიც!

 

თამარ ბატიაშვილი