ნიკოლოზ ვარდოშვილი: გუბერნია, როგორც ინსტიტუტი, ხორცმეტია

ნიკოლოზ ვარდოშვილი _ ლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი, ბოლო პერიოდში ხშირად გამოდის კრიტიკით, რომლის ობიექტი კახეთის გუბერნატორია. ვარდოშვილმა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მას მხოლოდ რამდენიმე ერთეული ხმა დააკლდა იმისთვის, რომ დეპუტატის მანდატი მიეღო.

_ პირველ რიგში, იქიდან დავიწყებ, რომ გუბერნია, როგორც ინსტიტუტი, არის ხორცმეტი და თუ გვინდა, რომ თვითმმართველობა განვითარდეს და წინ წავიდეს, აი, ეს ხორცმეტი უნდა მოშორდეს და გაუქმდეს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეს აკეთებს, ატერორებს თვითმმართველობებს და ყოველ თვე იწერს პრემიებს ამ ტერორში. მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისეთ ნიშნულს მიაღწია გუბერნიის მხრიდან თვითმმართველობების დატერორებამ. პირველი ვიტყვი, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გახლავთ სერიოზული კაცის იმიჯმორგებული ყველაზე დიდი მავნებელი.
_ რატომ?
_ არასოდეს არც ერთ გუბერნატორს არ გაუბედავს ის, რომ არჩევნებში ასე ღიად და აშკარად ჩარეულიყოს, ყველა გუბერნატორი, რა თქმა უნდა, ერეოდა ნებისმიერ არჩევნებში, მაგრამ მან, სხვებისგან განსხვავებით, თავისი უახლოესი გარემოცვის წევრი და თანამშრომელი მიავლინა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად. და, აი, ეს შტაბის უფროსი (ბენო გეგეჭკორს ვგულისხმობ) დღეს თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია გუბერნიაში, ესწრება საკრებულოს სხდომებს, ჯდება აპარატის უფროსის გვერდით და ღია მითითებებს აძლევს საკრებულოს. დღეს მინდა გითხრათ, რომ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არა არჩილ თხლაშიძეა, არამედ გახლავთ ბენედიქტე გეგეჭკორი.
_ ცნობილია, რომ თავიდან იგი მხოლოდ ნოემბერში, როცა საკრებულო ახლად არჩეული იყო, მაშინ დაესწრო საკრებულოს სხდომებს, მაგრამ რა გაძლევთ საფუძველს, რომ გეგეჭკორზე ამბობთ, საკრებულოს მუშაობაში ერევაო?
_ რა თქმა უნდა, მას მერე, რაც მე ვამხილე და დავწერე სოციალურ ქსელში, რომ ასეთი პრეცედენტი იყო მისი სხდომის დასწრების შემდეგ, მას მერე ერიდება ღიად, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის მისაღებად გახლდით და ვნახე, რომ რამდენიმე კომისიას ერთობლივი სხდომა ჰქონდა და როდესაც დეპუტატები გამოიშალნენ, ბენო გეგეჭკორიც გამოვიდა ოთახიდან. მაინტერესებს, ბენო გეგეჭკორს აქვს მანდატი? არის საკრებულოს წევრი? რატომ ესწრება? რატომ აძლევს დეპუტატებს მითითებებს? მეტსაც გეტყვით: აი, ის სამარცხვინო ბიუჯეტი რომ მიიღეს საჯარო განხილვის გარეშე და თვითმმართველობის კოდექსი და რეგლამენტი უხეშად დაირღვა, ეს იყო ბენო გეგეჭკორის მითითებით და, ელემენტარულად, რაღაც მითითებას რომ აკეთებენ, ცოტა ჭკუაც უნდა დაატანონ.
_ მეჩვენება, რომ ძალიან გაბრაზებული ხართ გეგეჭკორზე, რამდენად იცნობთ მას?
_ წლებია, ვიცნობ. ოდესღაც თანაპარტიელები ვიყავით, ახალგაზრდულის რაღაც იყო და ბაღდათში კენჭიც ვაყრევინეთ, თუმცა ფაქტია, ძალიან ცუდი შედეგი დადო, ასე რომ ვთქვათ, არ დაუდევს ისეთი შედეგები, რომ დივიდენდები ჰქონოდა. რაც შეეხება შემდგომ მის გამოცდილებას, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახლდათ, ალასანიას პარტიაში გადავიდა, ასევე ძალიან აქტიურად აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“, ამბობდა, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არიან, რომ თვითონ არის ბუკა პეტრიაშვილის მეგობარი, ხოლო ხელისუფლება მკვლელია, მაგრამ როგორც მთლიანად ეს პარტია, ბენო გეგეჭკორიც მოღალატეობის ცოცხალი განსახიერებაა. დღეს მას დაავიწყდა ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი, პოლიტიკური ამნეზია სჭირს, რადგან ისიც დაავიწყდა, „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ბიჭები არიან თუ არა პოლიტპატიმრები. და არა მარტო ბენო გეგეჭკორს! დღეს კახეთის გუბერნია არის ირაკლი ალასანიას კახეთის რეგიონული შტაბი.
_ აღარ არის ირაკლი ალასანია პოლიტიკაში.
_ სამაგიეროდ, მის მიერ დატოვებული პარტია და პარტმუშაკები არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე რომ, გუბერნია სავსეა ამ პარტიის წარმომადგენლებით. ეს, უბრალოდ, დასაქმების ბიუროა, ქადაგიშვილის მეგობრებისა და მისი თანაპარტიელების. მოვითხოვ, გამოაქვეყნოს ქადაგიშვილმა საპრემიო ფონდი, რამდენჯერ გასცემს პრემიას, როგორც საკუთარ თავზე, ისე თავის თანამშრომლებზე. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყოველ თვე პრემიას იწერენ, რადგან ეს არის კორუმპირებული სამსახური, ხორცმეტი და ჩვენი გაყვლეფისთვის შექმნილი.
_ რა გაძლევთ ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველს?
_ მომისმინეთ: თელავთან ახლოს სოფელ შალაურში ბენო გეგეჭკორს აქვს ნაქირავები ბინა, რომელიც ძალიან ფეშენებელური, კარგად მოწყობილი აგარაკია. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ბენო გეგეჭკორი ისეთი თვითმმართველობის სპეციალისტია, რომელიც სოფელ შალაურსა და ქალაქ თელავს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ამას აფიქსირებს კიდეც. ჰოდა, ეს ადამიანი ტყის პირას საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობს ქირით აგარაკზე. მაინტერესებს, ბენო გეგეჭკორს რა იმდენი ხელფასი აქვს, რომ ამ აგარაკში ფულს იხდის? მეტსაც გეტყვით: მას მანქანა ემსახურება, საწვავს ხარჯავს მშვიდად, ცვეთს სახელმწიფო ტრანპორტს, ვაძლევთ პრემია-დანამტს, ხელფასს; ვნიშნავთ „ოცნების“ შტაბის უფროსად. რა გამოდის?! ქადაგიშვილის ნათესავ-მეგობარ-თანაპარტიელებს აგარკს ვუქირავებთ და „ვაგულავებთ“! აი, ასეთი ხალხია, ძირითადად, გუბერნიაში დასაქმებული. როგოც ვიცი, გუბერნია არის კახეთის, სამაგიეროდ, გუბერნიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ახლახან ჩაყლაპეს კახური ჰაერი. მოკლედ, ეს არ არის საქმეზე ორიენტირებული სამსახური, ეს არის დასაქმების კანტორა.
_ იქნებ, თქვენი შენიშვნები უთხრათ გუბერნატორს და მან გაიზიაროს, ან რამე შეცვალოს?
_ ეს ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც ოპოზიციონერს უსმენენ. გუბერნატორი ჩემს შენიშვნებს არ გაიზიარებს და არც შეცვლის არაფერს, გუბერნატორი, ელემენტარულად, ადგილობრივ არჩევნებზე უხეშად ჩაერია.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ თელავში ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა სწორედ ქადაგიშვილის მითითებით.
_ საფუძველი? მტკიცებულება?
_ სწორედ ქადაგიშვილის პირდაპირი მითითება იყო, რომ საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას თელავის მუნიციპალიტეტში არ უნდა გადაელახა ბარიერი. ამისთვის ჩართეს მთლიანი ადმინისტრაციული რესურსი. თუ არჩევნების შედეგს დახედავთ, დარწმუნდებით, პირდაპირ, ჩემზე იყო მომართული იმიტომ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პორტირებულმა „ნაციონალმა“ გიორგი კალმახელიძემ, რომელიც ყველა დროში ყველა მთავრობასთანაა გათქვეფილი, გუბერნატორის მითითებით გამომიცხადა, რომ მე სამოცი ხმა დამაკლდა იმისთვის, რათა საკრებულოს წევრი გავმხდარიყავი. ეს იყო ქადაგიშვილის მთავარი მიზანი და ამოცანა, რომ ვარდოშვილი საკრებულოში არ მჯდარიყო.
_ რა არ გაპატიეს? ხომ იყავით მანამდე საკრებულოს წევრი?
_ დღეს მე არსებულმა რეჟიმმა არ მაპატია ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ღია ეთერით და საკრებულოს სხდომაზე ვეძახდი ხეგლეჯიას. და, ზოგადად, არ მაპატიეს, რომ ამ გარეწრების რეჟიმს ვამხელდი. შესაბამისად, გუბერნატორი არც ჩემს შენიშვნას, არც თხოვნასა და არც მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება.
ამბობენ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან წავიდაო. „ნაციონალური მოძრაობა“ არსად წასულა, კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“…
_ და „ოცნება“ სადღაა?
_ გეტყვით, რატომ ვამბობ ამას: ერთადერთი, არსებულ რეჟიმს პრობლემა აქვს „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან, დანარჩენი, გინდაც, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, გინდაც, გუბერნიისა და გინდაც, ხელისუფლების ნებისმიერი შტოს დონეზე, პორტირებულებს ვგულისხმობ, ისევ დარჩნენ, მაგრამ დაიხვეწნენ. თქვენ მკითხეთ, ხომ არ იყო ზეწოლაო? და მე გპასუხობთ, _ თუ 2012 წლამდე იყო ზეწოლა, დღეს დაიხვეწნენ, არანაირი ზეწოლა მათ არ სჭირდებათ. უბრალოდ, ძალიან კულტურული მეთოდებით ახორციელებენ ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს.
_ ფაქტები, ბატონო ნიკოლოზ…
_ არჩევნების გაყალბებაში ვგულისხმობ: პირველ რიგში, არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც კენჭისყრის დღეს ყალბდება არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ დღესაც ყალბდება, მაგრამ წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლაც კვალიფიცირდება, როგორც გაყალბება. თქვენ იცით, რომ საოლქო-საარჩევნო, კომისიის მოთხოვნით, მოსამართლე მარინა ცერცვაძემ, არჩევნების წინ, 500 ლარით დამაჯარიმა და არჩევნების წინა დღით დამიყადაღეს საბანკო ანგარიში. რა არის ეს, თუ არა მერობის მოქმედ კანდიდატზე ზეწოლა და ამით ხალხში მისი დათრგუნვა და იმიჯის შელახვა?! რაც შეეხება კონკრეტულად კენჭისყრის დღეს, ამ დღისით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი განხორცილედა.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველა საარჩევნო უბანთან როგორც 2012 წლამდე ისხდნენ ის „ორიფლეიმის ქალები“, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს ახორცილებდნენ…
_ „ორიფლეიმის ქალები“ რას ნიშნავს?
_ მე რომ მივდიოდი და ვეკითხებოდი, აქ რას აკეთებთ-მეთქი? მეუბნებოდნენ, _ „ორიფლეიმის“ პროდუქციით ვვაჭრობთო, რადგან ხელში „ორიფლეიმის“ ჟურნალები ეკავათ და იქ ჰქონდათ ჩაკრული სიები. თუმცა მე მაინც მათ 25-ლარიან მონებს ვუწოდებ.
_ ძალიან აკრიტიკებთ მათ და არ მგონია, ეს კორექტული იყოს.
_ იცით, რატომ ვუწოდებ? „ქართულმა ოცნებამ“ მათ 25-ლარიანი ულიმიტო ერთთვიანი სალაპარაკო ჩაურთო ტელეფონებზე და მათი დავალება იყო, დაერეკათ და ეთქვათ, ვინ მოდიოდა არჩევნებზე და ვინ _ არა. ესენი არიან „ოცნების“ 25-ლარიანი ქალები და ნუ გწყინთ ნურავის, როდესაც ამას ვამბობ. მათაც ვეუბნებოდი. მე მგონი, ცუდი არაფერი მითქვამს იმიტომ, რომ ვიმეორებ: 25 ლარად ჩაურთეს ულიმიტო დრო რითიც იმ ადამიანებთან იმ ადმინისტრაციულ რესურსთან უნდა ერეკათ, ვინც არჩევნებზე არ მოვიდოდა.
_ და ვინც მოვიდოდა?
_ მათზე საარჩევნო შტაბში აცნობებდნენ! ყველა ადგილობრივ რესურსს, საბიუჯეტო ორგანიზაიციაში მომუშავე ადამიანებს, დავალებული ჰქონდათ, რომ ბიულეტენთან ერთად გადაეღოთ სელფი და ბენო გეგეჭკორისთვის ეჩვენებინათ.
_ ბენო გეგეჭკორი რამდენიმე შეხვედრის დროს ამბობდა და, სხვათა შორის, სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა, რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე იყავით წინა საკრებულოში…
_ აქედანაც ჩანს ბენო გეგეჭკორის თავცარიელობა. ბენო გეგეჭკორი არის ჩვეულებრივი, ცარიელი თავთავი, რაღაც განცხადება უნდა, რომ გააკეთოს და სისულელეებს ამბობს. მისი რჩევით თქვენ გახსოვთ, რომ გუბერნატორმაც არანაკლები სისულელები ილაპარაკა, როცა კახელებს დაგვპირდა, რომ პარიზი-თელავის რეისები დაინიშნებოდა აეროპორტ „მიმინოდან“. ამის მსგავსია ესეც იმიტომ, რომ 15 წელია, პოლიტიკაში ვარ და ვინც მიცნობს, მთელმა თელავმა და საქართველომ იცის, როგორ ვებრძოდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და რა შუაში ვარ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“? ამაზე არგუმენტი არ არსებობს, ეს არის ცარიელი თავთავი, თავში აქვს ტორიჩელის სიცარიელე, მეტი რა გითხრათ?!
_ აღარ დადიხართ საკრებულოს სხდომებზე?
_ მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ხომ დავასვენე საკრებულო აქამდე და მივეცი შესაძლებლობა, დეპუტატებს ბენოს მონობაზე უარი ეთქვათ? ჰოდა, ვიღაცებს თუ ეგონათ, არჩევნების წინ მე საკრებულოს სხდომაზე აქტიურობისთვის და იმ მავნებლობის გარეთ გამოტანისთვის და მოსახლეობისთვის ამბის გასაგებად მანდატი მჭირდებოდა, ძალიან ცდებიან. ახლა მანდატის გარეშე მივალ და მთელ საზოგადოებას თითოეულ სხდომაზე გავაგებინებ მათი მავნებლობის შესახებ და ვამხელ ყველა გეგეჭკორს, ვინც იქ არაფერს აკეთებს ჩვენი კეთილდღეობისთვის.
_ ისე, რა ხდება თელავის გარდა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში?
_ რა უნდა მოხდეს? ანალოგიური დამოკიდებულებები აქვთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც გუბერნიასთან, ყველა თავის დღის წესრიგს უთანხმებს გეგეჭკორს. მაგრამ მინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გითხრათ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც ასევე უახლოეს მომავალში აპირებენ, რომ ხელფასების გაზრდის საკითხი გამოიტანონ. დღეს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი და კომისიის თავმჯდომარის ხელფასი ხელზე ასაღები გახლავთ 1200 ლარი. თუ არ ვცდები, 2000 ლარს თუ ცოტა მეტს იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. მაგრამ არ ჰყოფნით, რატომღაც, და მომატებას აპირებენ. ასევე ახალი უსაქმურის შტატი დაამატეს ხელფასით _ ფრაქციის თამჯდომარის მოადგილეს ვგულისხმობ. როგორც კი დააპირებენ, მთელ მოსახლეობას გავაგებინებ, რომ ასეთი სურათი გვაქვს რჩეულ საკრებულოში. ბიუროდან თქვენი გამოგდების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ ეს არ გამხდარიყო საჯარო და ხალხს არ გაგეგო, რომ ამ მშიერ ქალაქში ვიღაცები ხელფასებს იმატებენ.
_ ისე, თქვენ იმ სამ წელიწადნახევარში დეპუტატი რომ იყავით, რა გააკეთეთ?
_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ საკრებულოში წარმოვადგენდი უმცირესობას. ძალიანაც რომ მომეწადინებინა, ვერაფერს შევცვლიდი, რადგან ერთხელ ძალიან მოვიწადინე, როდესაც თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ართმევდნენ. ამაზე ძალიან არაფერი მომიწადინებია, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ თქვენ გახსოვთ საკრებულოს ის ცნობილი სხდომა, რომ ვერაფერს გავხდით: როგორც ყველა სხვა საკითხი, ეს საკითხიც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა და უმრავლესობა ჰყავდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მაშინ იყო ხელისუფლებაში და რომელიც დღესაა ხელისუფლებაში.
_ ინიციატივებზე რას იტყვით?
_ რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე ამბობენ, არც ერთი ინიციატივა არ მქონდა, ეს ინიციატივები ვინც საკრებულოს სხდომებს უყურებდა, იცის: საკრებულოს ყველა სხდომაზე ზეპირად ვაყენებდი არა ერთ, არამედ რამდენიმე ინიციატივას, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა. წერილობითი ინიციატივები არ გამიკეთებია, რადგან ეს იქნებოდა სტატისტიკისთვის, რომ მე ეს შევიტანე და ეს ვთქვი. ხმათა უმრავლესობა მათი იყო. უქმად ჯდომას უქმად შრომის პრინციპი გამომივიდოდა.
ნებისმერი ჩემი წინადადება, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო, არ გაიტანდნენ და მას „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერდა.
თუნდაც ახლახან სტიქია დაატყდა ჩვენს ქალაქს და ყველა კორპუსს სახურავი გადაჰხადა, ამაზე არაერთხელ მქონია საუბარი, რომ ეს სახურავები, თავის დროზე, სტიქიის დროს გაკეთდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და არ იყო საკმარისად დამაგრებული. საჭირო იყო მისი მყარად გამაგრება. ეს მაშინ ხელისუფლებამ არ გააკეთა, იმიტომ რომ ნიკა ვარდოშვილის ინიციატივა იყო. საბედნიეროდ, გადავრჩით, მსხვერპლი არ იყო, თუმცა ბინების სახურავები მთლიანად გადაიხადა და დარჩა ასე.
საზოგადოებას ახსოვს ჩემი გამოსვლა, როდესაც თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე ტალახში ჩავდექი და იქიდან მოვუწოდე ხელისუფლებას, ეს ქუჩა გაეკეთებინა. რა თქმა უნდა, არავის გაუკეთებია. ელემენტარულად, ხრეში რომ მიეტანათ და დაეყარათ, ესეც არ გააკეთეს. ასე რომ, იმ ქუჩაზე ისევ ტალახში დადიან.
არაერთი ინიციატივა მქონდა ქალაქში არსებულ ნომერ პირველ პრობლემასთან _ უპატრონო ძაღლების თავშესაფრის გაკეთებასთან დაკავშირებთ, რომელიც დღემდე არ მოაგვარა ხელისუფლებამ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მთავარი მისია იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი ქალაქიდან გავიყვანოთ მაწანწალა ძაღლებთან ერთად!

მაკა მოსიაშვილი