ნიკა ჩიტაძე: – ღარიბაშვილი პირდაპირ ევროკავშირს უპირისპირდება

ნენე ინჯგია

მმართველმა გუნდმა უარი თქვა ევროკავშირის დახმარებაზე, კონკრეტულად კი იაფ სესხზე, რომლის მიღების შესაძლელობა, ისედაც შემცირებული იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტის ანულირების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში საკმარისი ფული დაგროვდა და სესხის აღების საჭიროება არ დგას.

რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, რა დატვირთვა აქვს ამას პოლიტიკური თვალსაზრისით და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას მომავალში.

ამ თემაზე, „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, ერთი მხრივ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ ეს არის დასავლური კურსიდან გადახვევა, მეორე მხრივ, კი „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი, რომ ეს იყო მხოლოდ სესხი, რისი საჭიროებაც ამ ეტაპზე არ იყო და ამიტომ თქვეს უარი, რომ განვმარტოთ კონკრეტულად რაზე თქვა უარი მმართველმა გუნდა?

_ პირველ რიგშ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირი, საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებასაც გამოყოფს ფინანსურ დახმარებასაც გრანტის სახით, ასევე გამოყოფს სესხს, მაგრამ ეს სესხი არის მეტად შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ისედაც ძალიან დიდი სესხი აიღო, რაც არ ეხება მხოლოდ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ პრობლემებს, საერთო ჯამში, რომ ვთქვათ 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25 % მოდიოდა საქართველოს ვალზე, დღევანდელი მოცემულობით კი, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო ვალი შეადგენს ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60 %-ს, ეს სესხი არ იყო აღებული მხოლოდ კოვიდ 19-თან ბრძოლის პირობებში. რაც შეეხება, კოვიდ 19-ს ამ შემთხვევაში, სესხი, რომელიც აღებული იქნა, მათ შორის გახარიას მთავრობის მიერ, ხშირ შემთხვევაში ძალზედ არარაციონალურად იქნა გამოყენებული, შედეგად საქართველოს საგარეო ვალი დღევანდელ დღეს აღემატება დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს. ბუნებრივია, რომ საქართველო სესხზე არასდროს იძახდა უარს, როდესაც იყო ამის შესაძლებლობა. სესხიც გარკვეულწილად დახმარების ნაწილია. მაგალითად,  ადამიანი, რომელიც საჭიროებს ფინანსურ რესურსებს ხშირ შემთხვევაში იღებს სესხს, თანდათან იხდის. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ასე იყო. არ მგონია, რომ ღარიბაშვილს საქართველოს საგარეო ვალი აწუხებდეს, ამ შემთხვევაში ეს სესხი დაკავშირებული იყო ხელისუფლების მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულებასთან, რომელიც უკავშირდება სასამართლოსა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, საერთო ჯამში, დემოკრატიის მთავარი პრინციპის კანონის უზენაესობის მიღწევას. შესაბამისად, ამ პერიოდში სესხის არ აღება დიდ პრობლემას შექმნის მხოლოდ იმ მხრივ კი არა, რომ საქართველო დაკარგავს დაახლოებით 300 მილიონ ლარს, ანუ 75 მილიონ ევროს, არამედ აქ სხვა სახის პრობლემაც არის შესაძლებელია საქართველოში გაუარესდეს საინვესტიციო კლიმატი, ბევრ უცხოურ ინვესტორს დააფრთხობს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს კანონის უზენაესობა, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და აქედან გამომდინარე, ბევრი ინვესტორი თავს შეიკავებს თანხების დაბანდებისგან საქართველოს ეკონომიკაში. რაც შეეხება გადმორიცხვებს, რომელსაც თანამემამულე ემიგრანტები ანხორციელებენ, ამ გზით უფრო მეტი თანხა შემოდის საქართველოში, ვიდრე უცხოური ინვესტიციებით, პანდემიის პირობებშიც ასეა. საქართველოს ისედაც გააჩნია ინვესტიციების პრობლემა და ამ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა საინვესტიციო კლიმატს კიდევ უფრო გაართულებს. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ ევროკავშირი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით, მათ შორის ეს უკავშირდებოდა გზების მშენებლობას. ამიტომაც, ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია საქართველოს დახმარების მოცულობა ევროკავშირის მხრიდან შემცირდეს, ეს იმ პირობებში, როდესაც ღარიბაშვილი პირდაპირ უპირისპირდება ევროკავშირს, აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები არ არიან საქართველოს უფროსები. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ ამბობენ, რომ ყველამ თავის ქვეყანას მიხედოსო. აქედან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გაღიზიანებულები არიან. ევროკავშირს კი სრულიად საფუძვიანი მოთხოვნები გააჩნია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს მოთხოვნები გააჩნია არა იმიტომ, რომ ევრიკავშირი ჩვენი უფროსია, არამედ იმიტომ, რომ დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით.

_ თქვენი თქმით, ღარიბაშვილი ევროკავშირს უპირისპირდება ეს არის გაცნობიერებული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ გადავუხვიოთ დასავლურ კურსს?

_ არ არის გამორიცხული, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდეს. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. პირველი, იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირია ცალკეული წარმომადგენლები კრიტიკულ მოსაზრებას გამოხატავენ, ამით მთავრობა გაღიზიანებულია და წმინდა ემოციური თვალსაზრისით მოსდით ეს კრიტიკა ევროკავშირის მიმართულებით. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, კი არ არის გამორიცხული, რომ ეს კეთდება სპეციალურად იმისთვის, რომ გარკვეულწილად ევროპას აჩვენო, – საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. ამ ნაწილში, სრულიად შემთხვევითი არ არის ალბათ ამხანაგ ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან აღადგინოს ორმხრივი ურთიერთობები. საერთო ჯამში, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ხელისუფლება ისედაც რუსეთისთვის მისაღებ კურსს ატარებს, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებისა, რომ ქვეყანა არის პროდასავლური. ეს იგივეა, როცა 5-6 ივლისს, ადამიანები ფიზიკურად ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, აცხადებენ, რომ ისინი არიან ჭეშმარიტი ქართველები და ნამდვილი მართლმადიდებლები და ქრისტიანები, რეალურად, საქმეში სხვანაირად ჩანან, აქაც დაახლოებით იგივე სიტუაცია. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში საუბრობენ პროდასავლურობაზე, ამ დროს რუსეთისადმი მაამებლურ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოიხატება შემდეგში: პირველი ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. მაგალითად, თუ 2010 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა შეადგენდა მხოლოდ 260 მილიონ დოლარს, დღევანდელი მონაცემებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს. თუ რუსეთი მე-6 ადგილზე იყო, 2010 წელს, საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის, დღეს რუსეთი მეორე ადგილზეა. რუსეთი, რა თქმა უნდა, არ არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით. რუსეთს სურს, რომ საქართველოში შენარჩუნებული იქნეს საბჭოთა მმართველოის სტილი და დღევანდელი ხელისუფლება კი ამისთვის ყველაფერსაკეთებს. სამწუხაროდ, რეალობა ეს არის, რომ იგივე სასამართლო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, პროკურატურა, ასევე მძიმემდგომარეობაშია, მოგეხსენებათ, როგორც ტარდება არჩევნები. გარდა ამისა, ძალზედ დიდია სამღვდელოების როლი პოლიტიკურ პროცესებში და ბევრი ე.წ სასულიერო პირი რუსულ თამაშს თამაშობს და პირდაპირ მოუწოდებს რუსეთთან თანამშრომლობაზე ან საუბრობს იმაზე, რომ მართმადიდებლური რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და ყველა დანარჩენი ურწმუნოა, პირდაპირ ან ირიბად, მიანიშნებენ რუსეთთან თანამშრომლობაზე. იგივე, 5-6 ივლისის, მოვლენები, რომ გავიხსენოთ, ამით ხომ საქართველოს შეელახა რეპუტაცია. ეს ყველაფერი კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ასეთია რეალობა.

_ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ამ სიტუაციაში მისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი, როგორ შეაფასებთ ზურაბიშვილის განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით?

_ ამ შემთხვევაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დავეთანხმები პრეზიდენტს. მან გამოხატა  უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, თუმცა ამავე დროს უფრო მეტად გააკრიტიკა ოპოზიცია, მას უწოდო უპასუხისმგებლობა, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ახლა მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს. საერთო ჯამში, პრეზიდენტთან არსებობს კითხვები, ეს ის მმართველი ძალაა, რომელიც ხმებს 5 კგ კარტოფილად ყიდულობდა, რომელმაც მაქსიმალურად გმოიყენა ადმინისტრაციული რესურსები და კიდევ ერთხელ მოატყუა მოსახლეობა ივანიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ 1 წელი მაცადეთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებო. დღეს კი აცხადებს ზურაბიშვილი ამას და იმიტომ საუბრობს ასე, რომ უკვე პრეზიდენტის პოსტზეა და გარანტირებული აქვს პრეზიდენტობა. თუ ძალიან დემოკრატია, თავის დროზე რატომ დაიჭირა საქმე „ქართულ ოცნებასთან“, – ეს კითხვა არსებობს. სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილთანაც იგივე კითხვები არსებობს. ის დღეს აცხადებს, რომ აღშფოთებულია დემკრატიული ინსტიტუტების ვითარებით, თავის დროზე რატომ დაიჭირა საქმე ივანიშვილთან, თუ მაშინ ვერ აცნობიერებდა იმას, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცუდი იყო, მაშინ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი პრეზიდენტი, რომელიც რაღაცას აცნობიერებს, ბევრი ადამიანია ჩემი ჩათვლით, რომლებიც 2012 წლამდე ვაფრთხილებდი, მე პირადად ჩვენ საზოგადოებას, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, ამ ტიპის  საფრთხე არსებობდა.

_ რა შესაძლო განვითარება მოჰყვება მმართველი გუნდის მხრიდან ამ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას, ველოდოთ თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციებს?

_ არ არის გამორიცხული ევროკავშირმა გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის, პირადი სანქციები აამოქმედოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, პირად ღარიბაშვილზე, – ეს ყველაფერი არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ უკვე ნელ-ნელა მძაფრდება ეს ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამორცხული. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი, უფრო მეტად მკაცრი იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან ხედავს, რომ მმართველი ძალა არ ასრულებს არც ერთ ვალდებულებას, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. თავის დროზე, ევროკავშირმა და იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს და თვალს ხუჭავდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტობრივად პირდაპირ არ აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“, თუ რამე კრიტიკული იყო ეს აისახებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში, მათ შორის „Freedom House“, -ისა და „Human Rights Watch“-ის ანგარიშებში, მაგრამ დასავლეთმა ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა ღიად, მაშინ დაიწყო, როდესაც პირადად დასავლეთს შეეხო ეს ყველაფერი, მაშინ, როცა ივანიშვილმა დადო პირობა წმინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, შემდეგ კი ჩავარდა ეს საკონსტიტუციო ინიცვცციატივა და ამის შემდეგ დაიწყო დასავლეთმა კრიტიკამ, როდესაც ეს მათ შეეხოთ საქართველოს ხელისუფლების იგნორირება. გარდა ამისა, როცა ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდა, მაშინ დაიწყო დასავლეთმა შედარებით უფრო ღია კრიტიკა. ამ მოცემულობით, კი უკვე გარკვეული ზეწოლა უფრო მოსალოდნელია, თუნდაც არჩევნების შედეგების დროს დასავლეთი უფრო კრიტიკული იქნება „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დასავლეთი დაინტერესებულია, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, მათ შორის პრემიერი ღარიბაშვილი არ იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ, მგონია შეიძლება იყოს ზეწოლა იმ მიზეზით, რომ საქართველოში საზოგადოებამ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობით საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში ექმნება პრობლემა და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაინტერესდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყოს ხელისუფლებაში.