ნიკა ჩიტაძე: „ოცნება“ ევროპულ ინტეგრაციას ძალაუფლების შენარჩუნებას ამჯობინებს“

ირინა მაკარიძე

როგორ დაიწყო ქვეყანამ ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება? რამდენად არის მზად ხელისუფლება დეპოლატრიზაციის, დეოლიგარქიზაციისა და სხვა დათქმების შესასრულებლად, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პროფესორი, ნიკა ჩიტაძე:

 _ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს წინსვლა  ევროკავშირის მიმართულებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ამ 9 დათქმას. მოგეხსენებათ, 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას ჰქონდა მიცემული, ტრანსფორმირდა 9 დათქმაში. მგონია, რომ ამ დათქმებზე მუშაობის მიმართულებით პრობლემები არსებობს. პირველი: პოლარიზაცია არათუ შემცირდება, მგონია, რომ 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო იგი კიდევ უფრო გაიზრდება. ვიცით, რომ მუდმივად არის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული განცხადებები ოპოზიციის მიმართ. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ არა პირადი შეურაცხყოფა, თორემ პოლიტიკური ბრძოლის დროს შესაძლებელია  კონკრეტულ საკითხებზე, კანონპროექტზე კრიტიკული შენიშვნების გამოხატვა, მაგრამ აქ ჩანს, რომ მმართველი პარტია არ აპირებს კონფრონტაციაზე უარის თქმას, ეს არის ერთი დიდი პრობლემა. მეორე: როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, აქაც პრობლემაა. ვნახეთ, ივანიშვილი დაბრუნდა და დაიკავა პარტიული თანამდებობა… რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, მან უნდა შეისწავლოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საქმიანობა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად თავისუფალი იქნება ის თავის ქმედებებში, როდესაც ხელმძღვანელი დანიშნულია პრემიერის მიერ?

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ივანიშვილმა დაიკავა პარტიული თანამდებობა, მაგრამ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი თავის დანიშვნა პარტიის „საპატიო“ თავმჯდომაროს პოსტზე, რომელსაც პრემიერის წარდგენის უფლებაც კი აქვს, პოლიტიკაში დაბრუნებად და ჩრდილოვანი მმართველობის დასრულებად?  

_ ეს არ არის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, პირიქით, მას სურს, გარკვეულწილად, თავის კაპიტალს გაუფრთხილდეს, ეს ნაბიჯი არის ასეთი მიმართულების, თითქოს ივანიშვილს უკავია პოლიტიკური თანამდებობა. პოლიტიკური თანამდებობა შეიძლება იყოს ან სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელობა, ან _ პარტიული თანამდებობა. დასავლეთი აცხადებდა, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ზემოქმედებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზეო. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ სურს წარმოაჩინოს, რომ ივანიშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და შეუძლია თავის კაპიტალით ზემოქმედება პროცესებზე, მაგრამ რეალობა მაინც სხვა არის. ის რჩება ოლიგარქად, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საპატიო თანამდებობაზე. როდესაც საპატიო თავმჯდომარედ ირჩევენ პოლიტიკურ ან სხვა ორგანიზაციაში, შეიძლება ეს ორგანიზაცია იყოს სახელმწიფო ან კერძო, საპატიო თავმჯდომარე არ ერთვება ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე პროცესებში. ივანიშვილი, რომელიც არის საპატიო თავმჯდომარე, ამ დროს მას აქვს უფლება, გადააყენოს პრემიერ-მინისტრი. სად წერია ეს საერთოდ? რომ ივანიშვილმა არ შეიწუხოს თავი პარტიული მუშაობით, მას ურჩევნია, რა თქმა უნდა, იყოს თავის რეზიდენციაში, თუთიყუშებს აჭამოს, ზებრებსა და ზვიგენებს მოუაროს და თან პრემიერ-მინისტრის წარდგენა შეეძლოს. აქ ჯაჭვური რეაქციაა, პრემიერის წარდგენას მოყვება ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს სხვა მინისტრების ავტომატურად დანიშვნა-გათავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების პრეროგატივა, ბუნებრივია, აქვს პარლამენტს, „ქართული ოცნების“ ამ ახალი წესდებით, ივანიშვილი წარადგენს კონკრეტულ პირს კანდიდატად, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც „ოცნება“ არის უმრავლესობაში დე ფაქტოდ ივანიშვილი დანიშნავს პრემიერ-მინისტრსაც და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც.

_ ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველომ უკვე მიმართა ევროკავშირს გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნის მოთხოვნით, ევროკავშირის მხრიდანაც არის მზაობა და იქნება დაკვირვება არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში. რამდენად შეუწყობს ეს ხელს საქართველოში არჩევნების პროცესის მიმართ ნდობის გაზრდას? ასევე რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და მშვიდ გარემოში?

_ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ადგილი იქნება ძალადობა და დაძაბულობა, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპონენტების წინააღმდეგ „შავი პიარის“ გამოყენება, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება შეეცდება ისაუბროს „სისხლიან 9 წელზე“, რომ ოპოზიცია არის დესტაბილიზაციის წყარო, რომ ოპოზიცია უშლიდა ხელს ქვეყანას, მიეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. იმაზე გაამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია რა ცუდია, რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მოვა ეს ძალა, დაბრუნდება ისევ სისხლიანი პერიოდი და ა. შ. მაინც მგონია, მითუმეტეს, როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა ხელისუფლებაში ოფიციალურად, თუმცა ის არსად წასულა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ საკითხზე მოუწევთ პასუხის გაცემა. იგივე ღარიბაშვილს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ იფრინა ჩარტერული რეისით რამდენიმე ათეულ ათასობით ევროდ, ეს ვიზიტი რა თანხებით დააფინანსა? ასევე პასუხის გაცემა მოუწევთ, როგორ ხდება, რომ ტენდერებში კონკრეტული კომპანიები იმარჯვებენ და შემდეგ ეს კომპანიები თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ელიტური კორუფცია. ასე რომ, ამ პირობებში ასე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად. საქართველო არ არის დასავლეთ ევროპის რომელიმე წამყვანი სახელმწიფო, ან სხვა რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, როდესაც შემდეგში შეიძლება მმართველი პარტია დამარცხდეს და არავინ მასზე შურს არ იძიებს და პასუხს არ მოსთხოვს, იმიტომ რომ თავის დროზე ის არ იყო ვთქვათ კორუფციაში ჩართული. შედეგად, ჩვეულებრივად გადადის ოპოზიციაში. ამიტომაც ასე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუმცა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას სწორედ თვითონ „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, რაც ყველას კარგად გვახსოვს. „ოცნება“  ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების გზით, თავისუფალი არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მაგრამ შემდეგ შური იძია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე, არაერთ თანამდებობის პირზე და ა. შ. ამიტომ მათ ეგონებათ, რომ მათ მიმართაც განხორციელდება სადამსჯელო ღონისძიებები, თუ ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ, ამიტომ არ მგონია, რომ ევროპელების მოერიდოთ. მათი პრიორიტეტი არ არის ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია, მათი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ის, რომ ევროპელების გული მოვიგოთ და ხელი შევუწყოთ შემდგომი ევროინტეგრაციის პროცესს, ეს შეიძლება ვისთვის იყოს დამახასიათებელი? _ რეალურად პროდასავლური ძალისთვის, რომელსაც სურს დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვა ქვეყანაში, შესაბამისად, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. „ქართული ოცნება“ ასეთი პოლიტიკური ძალა რომ არ არის, ცხადია.

_ ცოტა ხნის წინ „ხალხის ძალამ“ (ჯერჯერობით საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი აქვს მას) გააკეთა განცხადება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გასამართლდეს, დასახელებული იყო თითქმის ყველა მოქმედი ოპოზიციური პარტია, გარდა ერთ-ორი პარტიისა. მთელი კამპანია აქვთ გაჩაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, საუბრობენ „ნიურნბერგის პროცესის“ მოწყობაზე. რა იტყვით ამის შესახებ? რამდენად ჯდება ეს თუნდაც დეპოლარიზაციის დათქმაში?

_ ბუნებრივია, არ ჯდება არც დეპოლარიზაციის დათქმაში და არც ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. „ხალხის ძალა“ არის „ქართული ოცნებისა“ და უშუალოდ ივანიშვილის მართული ორგანიზაცია, რომელიც  რუსეთის ინტერესებს ატარებს. თუ გასამართლებაა, პირიქით, მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. სწორედ „ხალხის ძალა“ იყო ინიციატორი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის, რომელიც შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ აიტაცა. გვახსოვს მარტის მოვლენები. შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ისევ აიტაცოს ეს საკითხი, რადგან თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი ეს „ხალხის ძალა“. ეს ხომ არ არის ოპოზიციური ძალა? პირიქით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, მაჭარაშვილი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა, თუნდაც ხუნდაძე, საუბრობენ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს ქართველი ერის წინაშე. ფაქტია, რომ ეს არ არის ოპოზიციური ძალა. გავიხსენოთ „ხალხის ძალის“ განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ თურმე 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის მტრული განცხადებები. აქ პრობლემა მხოლოდ „ხალხის ძალა“ არ არის, პრობლემა ის არის, რამდენი ადამიანისთვისაა ეს მისაღები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისთვისაც ეს მისაღებია, ვისაც სჯერა, რომ საქართველომ 2008 წელს რუსეთს ომი დაუწყო ან იმიტომ, რომ საქმეს ასე სჭირდება და ასე უნდა თქვან. თავის დროზე, ასე თქვა ივანიშვილმა და ამის მიუხედავად, მას ხმა მისცეს 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში. მან როდესაც პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ჩემთვის პირადად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, აბსოლუტურად მიუღებელი გახდა, მაგრამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფიქრობს ასე, ამიტომაც იქმნება პრობლემა.

_ რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, ევროკავშირის დათქმებში მითითებულია სწორედ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და უნდა შეწყდეს ანტიდასავლური კამპანია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საწინააღმდეგოს. ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარემ მიზანში ამოიღო დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები. რას იტყვით ამის შესახებ?

_ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც მას აკრიტიკებს, ასევე მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციები, პროგრესულად მოაზროვნე არასამთავრობო სექტორი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. არა მარტო ასასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი არიან პოლიტოლოგები, ექსპერტები, ჩემი ჩათვლით. რადგან მე ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული ვარ თურმე. თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და ვამბობდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და აგრესორი არის რუსეთი, მაშინ „მიშას ექსპერტი“ ვიყავი და არ ვიყავი თურმე დამოუკიდებელი. ჩემი მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ყველაზე მიმდინარეობს შეტევა, რომ ხალხის თვალში ყველა ის ადამიანი, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, გამოჩნდეს, როგორც მართული ვინმეს მიერ, როგორც ისინი უწოდებენ, ე. წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“. ამის დამამტკიცებელი რამე საბუთი, ბუნებრივია, არ აქვთ, მაგრამ მათი მიზანი არ არის სიმართლის გარკვევა, მათი მიზანია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტირება. მათი პროპაგანდის ლოგიკა ასეთია: თუ ადამიანი დამოუკიდებლად აზროვნებს და ვინმეს დავალებას არ ასრულებს, როგორ შეიძლება პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილი? რადგან აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, ე. ი., ის არ არის დამოუკიდებლად მოაზროვნე, ის სხვის მიერ არის მართული. ამ გზით ცდილობს ხელისუფლება ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის დისკრედიტაციას. ამაში ჩართული ჰყავს თავისი აქტივისტები, მათ შორის, ეს ე, წ, ინტელიგენცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აფინანსებს, ასევე კრიმინალური ჯგუფები. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ 2024 წელი იქნება დაძაბული წელი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება ურჩევნია ევროპულ ინტეგრაციას. მათი ინტერესი უფრო ვიწროპარტიულია, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

_ ცოტა ხნის წინ გააქტიურდა რელიგიის თემა, სტალინის ფიგურა, რომელიც იყო გამოსახული სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე, გახდა სკანდალის მიზეზი, რის შემდეგაც „ოცნება“ მოგვევლინა ვითომდა ეკლესიის დამცველის როლში, ხოლო ყველა სხვა, ოპოზიცია, არასამთავრობოები გამოაცხადა ეკლესიის მტრად. ყველა ერთდროულად აკეთებდა ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოიყენებს ეკლესიის, სიწმინდეების თემას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ?

_ კი, რა თქმა უნდა, ამ თემასაც ხელისუფლება გამოიყენებს არჩევნებისთვის. „ოცნება“ ეძებს თავის დასაყრდენს, როგორც უკვე ვთქვი, მასში მოიაზრება ეს ე. წ. ქართული ინტელიგენცია, რომელიც ჩვეულებრივი პროპაგანდისტრები არიან, ეს ე. წ. ცნობადი სახეები, რომლებიც საუბრობენ, „რა კარგია „ქართული ოცნება“ და ა. შ.. გათვლა იმაზეა, რომ ცნობადი ადამიანია და უნდა მოუსმონო, თუმცა ამ ადამიანებს ხელისუფლება უხდის ფულს. პროპაგანდისტები ჰყავთ კრიმინალურ წრეებში, ასევე ე. წ. ბიზნესწრეებში, როდესაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები „იმარჯვებენ“ ტენდერში და შემდეგ ფულს სწირავენ „ქართულ ოცნებას“. ასეთივე ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა არის სამღვდელოებაში. იქაც არიან ანაფორაში ჩაცმული, მაგრამ არა სასულიერო პირები, რომლებიც ჩვეულებრივ სახელისუფლებო პროპაგანდას ეწევიან. არ შეიძლება სასულიერო პირი გააკრიტიკო, ადამიანი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, უნდა წარმოაჩინონ, რომ ის არის ქრისტიანობის მტერი… რეალობა ის გახლავთ, რომ ქრისტიანობის შეურაცხყოფა ის უფროა, სტალინის ხატი რომ არის სამების ტაძარში, სტალინი, რომელიც თვითონ ებრძოდა ეკლესიას და მილიონობით ადამიანი გააქრო, თვითონ იყო ანტიქრისტე, ახლა რატომღაც მისი კრიტიკა გახდა მიუღებელი. ამით „ოცნების“ პროპაგანისტებს ჩვენება უნდათ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია სიწმინდეებს, რაც სინამდვილეში არის სტალინის ხატი. თუ ვინმემ კრიტიკული აზრი გამოთქვა, აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ვინმე ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს. ამ თემებს საარჩევნოდ „ოცნება“ აქტიურად იყენებდა და ალბათ იმავეს გააგრძელებს. გახსოვთ, „გარეჯი საქართველოა“, ააგორეს ეს კამპანია და ვიღაცას სჯეროდა, რომ თურმე წინა ხელისუფლებამ გარეჯი გაყიდა, რაც აბსოლუტური ტყუილია, არანაირი ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაეშვათ. ახლა თემად აქვთ, ოპოზიცია როგორ ხელყოფს საეკლესიო სიწმინდეებს. ამ პროპაგანდისტურ თემებზე მუშაობენ. ეს არის ბინძური კამპანია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ამ პროპაგანდისტულ „ლუკმებს“ და ესეც დიდი პრობლემაა.