მშენებლობა, როგორც ეკონომიკური განვითარების გარანტი და გამოსასწორებელი პრობლემები

სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორს წარმოადგენს საქართველოში, რომლის განვითარებაც ინვესტორების მოზიდვასთან, მეტ სამუშაო ადგილთან, მეტ დასაქმებულთან და, შესაბამისად, ბიუჯეტში შემოტანილ თანხებთანაც ასოცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით რაც შეიძლება მეტი ინვესტორი დავაინტერესოთ და თანხებიც მოვიზიდოთ.

სწორედ ეს გახლდათ მთავარი თემა BUSINESS GEORGIA -ს ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმზე „ჩონსტრუცტიონ Gეორგია 2017“.

ღონისძიების მთავარი მიზანი ისეთი ეკონომიკური ფაქტორების განსაზღვრა იყო, როგორიც არის სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და სტანდარტიზაციის მნიშვნელოვანი გავლენები სამშენებლო სექტორზე.

საქართველოში უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობისას ენერგოეფექტიანობის სტანდარტების, სტრატეგიებისა და ვალდებულებების გათვალისწინება ხდება;

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა ბაზარზე და დარგში არსებული სირთულეები; უფრო და უფრო დიდი ადგილი უჭირავს მომწოდებელთა ფაქტორს, მშენებლობისთვის საჭირო რესურსების სპექტრსა და მათ შესაბამისობას ხარისხთან; ინფრასტრუქტურულ ბაზას და ტექნოლოგიების გავლენას; სამშენებლო ბიზნესის ფინანსირებას და არსებულ რისკფაქტორებს; განხორციელებულ ინვესტიციებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქართული ბაზრის ყველა დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, ასევე კონტრაქტორები, სამშენებლო ბიზნესის დამხმარე ორგანიზაციები, როგორებიც არიან ექსპორტ-იმპორტით დაკავებული მომწოდებლები, ასევე სამშენებლო მიმართულების ინვესტორები.

 

„ქრონიკა+“-თან საუბრისას BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა აღნიშნა:

 

„ჩვენ ახალი პლატფორმა შევქმენით, რომელიც უშუალოდ დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი. სამშენებლო ბიზნესის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ.  BUSINESS GEORGIA ჰოლდინგის შვილობილია, ჩვენ უფრო დიდი და ბევრი ვართ და ძირითადი მიმართულებაა საინვესტიციო საქმიანობა, რომლითაც ზუსტად სამშენებლო პროექტებს ვაფინანსებთ.

საქართველოში 6.951 მოქმედი სამშენებლო კომპანიაა, რაც ამ ინდუსტრიის მნიშვნელობას ადასტურებს კერძო სექტორისა და ქვეყნის განვითარებისთვის. BUSINESS GEORGIA -მ თავი მოუყარა ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებს იმ მიზნით, რომ ერთობლივად გამოევლინათ, განეხილათ და შეეჯამებინათ გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები სამომავლო განვითარებისთვის. საქართველოში დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია სამშენებლო მიმართულებით. ჩვენი კომპანიის როლია ბიზნეს ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რათა უცხოელი ინვესტორები და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს დაუკავშირდნენ“.

„ქრონიკა+“ დეტალურად ესაუბრა ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრს, ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტს _ იური სვანიძეს:

_ დაახლოებით ბოლო 20 წელიწადია, ეს დარგი რთულად ვთარება, უფრო სწორად, თვითდინებით მიმდინარეობს. არ შეიძლება, მხოლოდ ერთი დარგის განვითარება ავიღოთ და ყურადღება არ მივაქციოთ სამშენებლო ინდუსტრიას, რომელის არაგეგმურად ვითარდება. ამას ღრმა ანალიზი და სწორი მიდგომა სჭირდება.

ქვეყანაში იყო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, შემდეგ იგი გაუაზრებლად გააუქმეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, რომელიც თვითონაც მრავალფუნქციური სამინისტროა.

მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და საინჟინრო სპექტრის წარმომადგენლებსაც ახსოვთ, ყოფილ მთავრობას მოვუწოდებდით, რომ არ შეიძლებოდა ამ დარგის ლიკვიდაცია. შესაძლებელი იყო დეპარტამენტად, ან სხვა რგოლად გარდაქმნილიყო, მაგრამ ლიკვიდაცია _ არა! ეს ყველაფერი შევარდნაძის დროს დაიწყო და მიშას დროს დასრულებულ სახეს მიაღწია.

მაშინ ზუსტად ახდა ყველა ჩემი ნათქვამი, _ როგორც კი ამ დარგს სხვა უწყებას გადასცემ, იგი ჯეროვნად აღარ განვითარდება, როცა ამას დამოუკიდებელ დარგად ყოფნის დროს ახერხებდა.

ისე, იყო პრეცედენტები და სხვა ქვეყნებშიც გაუქმდა მშენებლობის სამინისტრო, მაგრამ არსებულმა სიტუაციამ ქვეყანა იმ დონემდე მიიყვანა, რომ კვლავ დააბრუნეს. ახლა ყველგან არებობს, გარდა საქართველოსი.

„ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის დროს, 2012 წელს, ვიფიქრეთ, ამ დარგის რეფორმა დაგვეწყო, ამიტომ რამდენიმე პროფესიონალმა, სხვა უწყებებმა მთავრობას მივწერეთ, რომ მშენებლობის სამინისტროს დაარსება სწორად მიგვაჩნია. ჩემი ანალიზი სულ სხვა იყო, ამიტომ სამშენებლო სპექტრი შევკრიბე, რომ პრეზენტაცია გამეკეთებინა და ვუთხარი, _ ახალი სამინისტრო რომ შევქმნათ, უაზრობა და რთული საკითხია, მისი მოგვარება უფრო მარტივადაც შეიძლება დეპარტამენტის სახით-მეთქი.

მაგალითად, ავიღოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რა შედის მასში: საგზაო დეპარტამენტი, გაერთიანებული წყალკანალი, გაერთიანებული სამშენებლო კომპანია და მყარი ნარჩენები, ანუ, ძირითადად, ეს 4 დარგი არის სამშენებლო სფეროს შემადგენელი დარგი. ადრე ყველა ეს სფერო მშენებლობის სამინისტროში შედიოდა. ხომ არ გამოვიგონოთ დეპარტამენტი, რომ მთავრობას ტვირთად არ ავკიდოთ ეს საკითხი, ამიტომ გამოსავალს ვუჩვენებთ, რისი მარტივი დადასტურებაცაა ევროპის გამოცდილება, _ უმრავლეს ქვეყანაში რეგონულ განვითარებაში ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო შედის. ჩვენს შემთხვევაშიც, ჩვენი პოტენციალიდან გამომდინარე, უნდა შევქმნათ ის, რაც ჩვენს ქვეყნას მიესადაგება, ვინაიდან ერთ-ერთი სტრატეგიული სეისმური მნიშვნელობის ქვეყანა ვართ.

ეკონომიკის სამინისტროში 15-20-კაციანი ჯგუფია, რომელიც მხოლოდ ხელფასზე მუშაობს. როგორც უნდა ეცადონ, ისინი მაინც ვერ შეძლებენ, ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რომელიც ამ დარგშია თავმოყრილი. ადრე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც, მათ თანხმობის წერილი გამოგვიგზავნეს და ანალიზით დაადასტურეს, რომ უმრავლეს ქვეყანაში ზუსტად რეგიონული განვითარების სამინისტრო წარმართავს ამ მიმართულებას და გვთხოვდნენ, რაც შეიძლება ფართო პროფესიონალების წრეებში გასულიყო ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ, როგორც საინჟინრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებელთა კავშირი, ექსპერტთა ასოციაცია, მეგზევეთა კავშირი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ აზრზე შევჯერდით, რომ ეს არის სწორად გაანალიზებული მიმართულება, რომ დაარეგულიროს დარგი.

ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვვეყანას უნდა ჰყავდეს ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც სამშენებლო სფეროს განვითარების პერსპექტივებს დაარეგულირებს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, აღსადგენი გვაქვს სამშენებლო სფეროში სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი, სამშენებლო მექანიზმისა და კვლევით-საპროექტო ინსტიტუტი, რომელიც სეისმურ საკითხებზე მუშაობდა.

როგორ შეიძლება, ისეთ სეისმურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ გქონდეს სეისმური კვლევებისა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტი?! დღეს მისი სპეციალისტები რამდენიმეს გამოკლებით, „სამხარაულში“ არიან გადასულები. აღსადგენია საშენ მასალათა  ინსტიტუტი. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 1000-მდე მინერალური რესურსის საბადოა აუთვისებელი, მათ შორის, 231 არის მოსაპირკეთებელი მასალა, მაგრამ არ არის უწყება, რომელიც ამას სათავეში ჩაუდგება.

მეოთხე _ ჰიდრო ნაგებობათა და მეხუთე _ მელიორაციისა და წყალთა  მეურნეობა. ამ ხუთი ინსტიტუტიდან შეგვიძლია შევქმნათ მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში.

მათი საშუალებით სამშენებლო მასალებზე მუშაობას დავიწყებთ და კვლევებს ჩავატარებთ. შემდეგი ეტაპი დასარეგულირებელია.

სამშენებლო პროდუქციაზე მშპ-ს 7-8% მოდის, მაგრამ გადავხედოთ ქვეყნის მდგომარეობას: ფაქტობრივად, 70-80%-მდე ავარიული სახლია, რამდენი რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას, შესაკეთებას საჭიროებს, ანუ, დაახლოებით, ათ წელიწადში აუცილებლად მოგვიწევს ამ დარგში მძლავრი სამუშაოების ჩატარება.

არ გვაქვს ადგილობრივი სამშენებლო ნორმები, პრობლემებია მუშათა და ინჟინერთა კადრებში. აუცილებელია და უნდა დარეგულირდეს სერტიფიცირების სისტემის შემოღება. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ასამბლეიდან, სადაც ყველა ქვეყანასთან გავიარე კონსულტაცია და აღმოჩნდა, რომ სერტიფიცირებას ნაწილ ქვეყანაში სახელმწიფო ორგანო, ნაწილში კი კანონმდებლობა  არეგულირებს.

ანუ სახელმწიფომ სწორად  გადაანაწილა ფუნქციები.

ვინაიდან ევროპის სხვა ქვეყნებში სერტიფიკატები გაიცემა, სპეციალური საგამოცდო პროგრამა, ტრენინგები, პრაქტიკა შექმნეს და ამის შემდეგ ანიჭებენ სერტიფიკატს.

ჩვენ მივაღწიეთ, რომ ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საზოგადოების საბჭოს გეერალურ ასამბლეაზე 15 წუთი გამოგვეყო სასაუბროდ, ათენში ბორდის წევრად ამირჩიეს, როცა ამაზე წლობით მუშაობენ ქვეყნები. ჩემი პრინციპული მიდგომა იყო, რომ ჩვენი ინჟინრები, სპეციალისტები არავისზე ნაკლები არ არიან. რაც ჩვენ გვჭირდება ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ახალი აღჭურვილობა, სტანდარტები სფეროში. ამისთვის ზუსტად უნდა დავსვათ საკითხი, რომ ვინაიდან სეისმური ქვეყანა ვართ, საქარველოში შევქმნათ სეისმეტიკური მშენებლობის საერთაშორისო ცენტრი. ამაზე პორტუგალიაში, იტალიაში, 2014 წლის მაისში კი საქართველოში ჩავატარეთ კონფერენცია, მერე გენერალური ასამბლეა ჩავატარეთ და ახლა ანტალიაში მომეცა საშუალება, 15-წუთიანი გამოსვლით დამეფიქსირებინა აზრი და შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოში შეიქმნას ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭო და მსოფლიო მშენებელ-ინჟინერთა საბჭო. ერთ მათგანში არის 30, მეორეში _ 80 ქვეყანა და შეიქმნას სეისმეტიკის  მშენებლობის საერთაშორისო ცენტი ამ ინსტიტუტების ქოლგის ქვეშ. ამ დროს ყველა ქვეყანა წამოვიდა ჩემკენ და იქ იყო მერკელის თანაშემწე, რომელმაც მითხრა, _ ჩემთან არის მსოფლიო რანგის სპეციალისტი, რომელსაც გამოგიგზავნითო. სეისმური ქვეყნების წარმომადგენლებმა დახმარება აღმითქვეს.

რამენიმე დღის წინათ სიღნაღში მიწისძვრა მოხდა… ამდენი მშენებლობა მიმდინარეობს, არადა, სეისმურ სიტუაციას არავინ ითვალისწინებს, სტრუქტურა დაამახინჯეს, _ კორპუსები  ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას! ეს ხომ დასარეგულირებელია? ამას ხომ ნორმები არეგულირებს? რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოგვარებას, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

დანაწევრებული და სხვადასხვა სამინისტროში გადანაწილებული სტრუქტურა არაეფექტიანია.

იურიდიულ კომიტეტზე სიტყვით გამოვედი, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი შემოაქვს საშიშ სამუშაოებთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილეს ვეკითხები, _ არის თუ არა სამშენებლო დარგი გათვალისწინებული? _ არის, _ მიპასუხა. _ რით აპირებ ამ პრობლემის რეგულირებას, როცა ნაბიჯი არ არის გადადგმული სამშენებლო სფეროში უსაფრთხოების საკითხებზე? მარტო ის არ არის, რომ მავნე ნივთიერება არ ჩაისუნთქო. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია.

ჩვენ გვყავს პროფესონალები. ისინი სიახლეებსა და რეფორმებს ელოდებიან, რომელიც აუცილებელია დარგის ჯეროვნად განსავითარებლად.

 

სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული სტატისტიკა

 

გოგიტა თოდრაძე _ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:

_ 2016 წელს მშენებლობის დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების მოცულობა 2,4 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 8,3%-ს შეადგენდა, ეს ტენდენცია კი ბოლო პერიოდში მზარდია.

საინტერესოა, რომ რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ამ, თვალსაზრისით, სომხეთისა და თურქეთის დონეზე დგას.

მიმდინარე წელს რაც შეეხება, 2017 წლის 1-ლი ივნისის მონაცემებით, რეგისტრირებული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა, დაახლოებით, 16 000-ს შეადგენს, საქსტატის მიხედვით კი აქტიურია, დაახლოებით, 6 258 კომპანია.

სამშენებლო კომპანიების რაოდენობაში 96%-ით წარმოდგენილია მცირე ზომის საწარმოები, 77%-ით _ საშუალო, ხოლო მსხვილი ბიზნესის წილი, საერთო ფონში, 1%-ზე ნაკლებია. ეს ყველაფერი კი იმ მეთოდოლოგიის მიხდვით გამოითვალა, რომელიც ცოტა ხნის წინათ შეიცვალა. ამის მიხედვით, მსხვილ საწარმოდ მიიჩნევა კომპანია, რომლის დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 250 კაცს და საშუალო წლიური მოცულობა აღემატება 60 მლნ ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი კომპანიები ბაზარზე დაბალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, მათი წილი ეკონომიკაში საკმაოდ დიდია. მაგალითად, 2016 წელს მშენებლობის დარგში შექმნილი ბრუნვის წილი გამოშვებული პროდუქციის 42%-სა და დასაქმებულთა 31%-ს შეადგენს.

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 164 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 48%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

 

მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს რაც შეეხება:

 

2016 წელს 11 031 ნებართვაა გაცემული, ეს მონაცემი მზარდია, შესაბამისად, მზარდია მშენებლობით დამთავრებული პროექტების რაოდენობა და გასულ წელს დასრულებული პროექტების საერთო მოცულობა 2,5 მლნ კვ.მ.-ია, რაც 2884 ობიექტს უდრის. ეს მაჩვენებელი 17%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორია საშუალო თვიური ხელფასი:

 

თუ სექციების მიხედვით განვიხილავთ, არაფინანსური კორპორაციების სექტორში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირებულია მშენებლობის დარგში.

2017 წლის პირველ კვარტალში თუ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს, ახლა სექტორული მაჩვენებლით ვხვდებით, რომ ეს არის მშენებლობა 1500 ლარით, შემდეგ მოდის ოპერაციები უზრუნველყოფილი ქონებით _ 1350 ლარი, დაბოლოს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა _ 1335 ლ.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ენერგოეფექტიანობის გათვალისწინება და ენერგოეფექტიანი სახლების მშენებლობა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა და მას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა.

 

ზაალ ხელაძე _ ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ხემძღვანელი:

_ ჩვენ შევქმენით პირველი მწვანე სახლი, რომელიც ბაზრისთვის გამოძახილი იყო, რომ სწორედ ასეთები უნდა შეექმნათ, თუმცა დასაწყისში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რადგან საქართველოში არ არსებობდა კომპანია, რომელიც დაადგენდა სახლის რეგისტრაციის ხარისხსა და მას მწვანე რეიტინგს მიანიჭებდა. ამ მიმართულებით დღეს არსებობს მწვანე მშენებლობის საბჭო და ეს წარმოადგენს მწვანე მარეგისტრირებელ-მაკრედიტებელ ორგანოს. თავიდან სუბსირდებოდა ენერგოეფექტიანი მინები, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი საკითხია. 10 წლის წინათ რა დონაციის კომპონენტებიც იყო და სუბსიდირდებოდა, დღეს უკვე აღარაა და თუ ასე წავალთ, მალე სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ამ კუთხით პრობლემური საკითხია აკადემიური განათლება. ამის გამო დავასკვენით, რომ ჩვენი სუბსიდირებით ჩამოვაყალიბოთ ლაბორატორია, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეიქმნება და მისი პოპულარიზება მოხდება.

 

ფორუმზე ერთ-ერთი უმწვავესი ნაწილი იყო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ წიკლაურთან კითხვა-პასუხის რეჟიმი.

 

ზურაბ წიკლაური:

_ სრულდება ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება, საზოგადოებისთვის უკვე ივნისის ბოლოს დასრულებული სამუშაოები გახდება ცნობილი.

საუბარია პროექტებზე: „კომპაქტური ქალაქი“, „მწვანე ქალაქი“, „მჭიდროდ შეკავშირებული ქალაქი“, რაც გულისხმობს, რომ ქალაქის გარე განვითარება, გარკვეულწილად, შეიზღუდება და პრიორიტეტებით ჩანაცვლდება. ხელშეწყობით და პრიორიტეტებით ისარგებლებენ უცხოელები.

გაიწმინდება მტკვარი; რეკრეაციულ ზონებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ; იგეგმება ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და გენგეგმის დამუშავება სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული გარუკვეველი ფორმისა და ფუნქციის კონსტრუქცები.

_ მშენებლობისთვის ნებართვების გაცემისას რა სტანდარტები და ვალდებულებები აქვთ მშენებლებს ობიექტის დაწყებისა და დამთავრების შესახებ და კონტროლდება თუ არა იგი? კომპლექსურად რომ განვიხილოთ, მშენებლობის დროს გარემო დაცულია?

_ ეს საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! აღსანიშნავია ეროზია, ქვაბულები, გათხრები, ნებისმიერი გაყვანის დროს აღნიშულია კომუნიკაციები, სამშენებლო მტვერი, რომლიც მშენებლობისას ტრიალებს, თუნდაც სამშენებლო მარშრუტები,  როცა მთელ ქალაქში სამშენებლო მიწით დატვირთული მანქანა მოძრაობს. ყველგან მოკლე, კონკრეტული მარშრუტებია, სამშენებლო მასალები ღიად არის ქალაქში და იყიდება. გეთანხმებით, სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ და იგი უნდა მოწესრგდეს.

სტანდარტებს რაც შეეხება, უსაფრთხოების წესები შემოვიდა, რომელსაც ცოტა მოუმზადებელი შევხვდით, თუმცა ეს უფრო მოწესრიგებულად უნდა გაკეთდეს. მშენებლობის რეგულირება და წარმოება საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა.

 

ნინო ტაბაღუა