მორიგი განტევების ვაცის ძიებაში ენმ სანდრა რულოვსს მიადგა

sa

გადავამოწმოთ მეხსიერება: სანამ ენმ-ს სია გამოქვეყნდებოდა, სანამ ენმ მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებდა სამეგრელოში, კერძოდ კი საჯილდაო ქვად ქცეულ ზუგდიდში, ძალიან მოკლე დროში, ელვისებური სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანდრა რულოვსი დათანხმდა პოლიტიკაში წასვლას და შემდეგ ამას მოსდევდა თავად სანდრას კომენტარი, სადაც ის აცხადებდა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს და ყოყმანობს…

22 ოქტომბრის შემდეგ სანდრა რულოვსის მიმართ თავდასხმამდე აყვანილმა კრიტიკამ თანაგუნდელების მხრიდან მკაფიოდ გასცა პასუხი, რისი ეშინოდა სანდრას: გაწირვის.

რაც უნდა მძაფრად ჟღერდეს, ფაქტია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, თავის დროზე, სანაქებოდ გაუძლო ბიძინა ივანიშვილის წნეხს, თითქმის განადგურებული და მიწასთან გასწორებული, ფეხზე წამოდგა და ისევ აკრიფა რეიტინგი, ფერფლიდან აღმდგარივით მოევლინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ვიწროპარტიული დაპირისპირების წინაშე, რომელსაც ზოგი, რატომღაც, დემოკრატიად ასაღებს, უძლური აღმოჩნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შუბი ხალთაში არ დაიმალა და დაპირისპირება ხილული გახდა მას შემდეგ, რაც ენმ-ს ლიდერშიპის ნაწილმა სანდრა რულოვსი ბრძოლისგან გარიდებაში დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყოფილმა პირველმა ლედიმ 22 ოქტომბერს ჯიხაშკარში და განმუხურში დასრულებული განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, რადგან მან, ფაქტობრივად, პირველ ტურში გაიმარჯვა.

რაც შემდეგ მოხდა, აუცილებლად გაგაოცებთ, რადგან სანდრას ამ განცხადებაზე ისეთი რეაქცია, როგორიც მას მოჰყვა ენმ-ს რამდენიმე ცნობილი სახის მხრიდან, თვით ენმ-ს მომხრეთა იმ ნაწილისთვისაც გასაკვირი აღმოჩნდა, ვინც მაინცდამაინც არ გამოირჩევა სანდრა-მიშას დუეტის ფანობით.

არადა, სანდრას არაფერი უთქვამს ახალი: მისი პოზიცია ცნობილი იყო პოლიტსაბჭოს იმ სხდომაზევე, სადაც პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და ბოიკოტის საკითხი განიხილეს. სხდომის შედეგები მაშინ დავით ბაქრაძემ გაახმიანა და განაცხადა, რომ ენმ პარლამენტში შევა, ხოლო ვინ რას იზამს კანდიდატებიდან მეორე ტურში, თავად კანდიდატები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, სანდრა რულოვსს, რასაკვირველია, შეკითხვა დაუსვეს, აპირებდა თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას. ამ კითხვაზე პასუხის დროს რულოვსმა სწორედ რომ პოლიტიკოსის თვისება გამოავლინა და იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მეორე ტურის შემთხვევაში მასში არ მიეღო მონაწილეობა, კითხვაზე პასუხს ოსტატურად აარიდა თავი: „ჩემთან ჯერ პირველი ტურია და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ“, _ განაცხადა მან.

არადა, სანდრა რულოვსმაც და ენმ-ს ლიდერებმაც უკვე იცოდნენ, რომ მისი გამარჯვება ზუგდიდში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ჯიხაშკარში ორი უბანი დაარბიეს, ხოლო განმუხურში უბანი თავად კომისიის თავმჯდომარემ მიატოვა. არადა, მართლაც, შესაძლებელი იყო, სანდრას გამარჯვება პირველ ტურშივე გადამწყდარიყო: „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ოცნების“ შტაბში სწორედ მას შემდეგ გადაწყდა ჯიხაშკარის ორი უბნიდან ყუთების გატაცება, რაც გაირკვა, რომ იქ სანდრა რულოვსი დიდი უპირატესობით იგებდა.

ორივე კანდიდატი, ფაქტობრივად, მიახლოებული იყო 50%-იან ზღვარს, ნებისმიერი რაოდენობით ხმას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, ამიტომაც „ოცნებამ“ აღარ გარისკა და „გეგმა ბ“ აამოქმედა: სასწრაფო წესით მოიძიეს პირი, ვისაც პირდაპირ დაავალეს უბნების დარბევა, ყუთის გატაცება და მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ჯიხაშკარის ამ ორ უბანზე შედეგები არ უნდა დათვლილიყო.

რას დაჰპირდნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფ მხეიძეს ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ციხის საკანს ნამდვილად არ დაჰპირებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიხაშკარის ინციდენტს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ედიშერ თოლორაიას არჩევნებში გამარჯვების შანსი, ხოლო გიორგი მხეიძეს _ იზოლატორი შერჩათ ხელთ _ ეს უკანასკნელი პირდაპირ სახლიდან აიყვანეს, საწყალს, დამალვა არც უფიქრია, იმდენად იყო დარწმუნებული ხელშეუხებლობაში…

ყველაზე საინტერესოდ მოვლენები სწორედ ამ დაკავების შემდეგ განვითარდა: ჯიხაშკარის ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. რასაკვირველია, სანდრა რულოვსის ამომრჩეველი არსად წასულა და ცხადია, 22 ოქტომბერსაც მივიდოდა საარჩევნო უბნებზე, ამიტომ რაღაც დამატებითი ზომების მიღება იყო საჭირო. „ქართულმა ოცნებამ“ გამოსავალი ისევ მარტივად მონახა: მან დაკავებული ძმა დაიბარა შტაბში და უთხრა, რომ განმეორებითი კენჭისყრის დროს, ასევე, მეორე ტურშიც, „ოცნების“ სასარგებლოდ უნდა ემუშავა.

მისი მთავარი დანიშნულება იყო, სანდრა რულოვსისა და ენმ-ს მომხრეების უმრავლესობა დაერწმუნებინა, არ წასულიყვნენ არჩევნებზე 22 ოქტომბერს, ხოლო თუ მიანცდამაინც წავიდოდნენ, მაშინ ნომერი ორმოცდაერთი შემოეხაზათ.

ჯიხაშკარელების ნაამბობის მიხედვით, გიორგი მხეიძის ძმამ დავალება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა: ის პირადად დადიოდა ყველა პოტენციური „ნაცის“ ოჯახში და იხვეწებოდა, _ თქვენი ჭირიმე, არ დამღუპოთ, ან წადით და 41 შემოხაზეთ, ძმა მომიკვდება ციხეშიო.

მოგეხსენებათ, არათუ ისეთ პატარა სოფელში, როგორიც ჯიხაშკარია, შედარებით დიდ ქალაქებშიც კი თითქმის ყველა ყველას იცნობს და სოფელში, მით უმეტეს, მთაინი სამეგრელოს სოფლებში ერთმანეთის გატანა სხვანაირად იციან _ ამას პოლიტიკაზე მაღლა აყენებენ ხოლმე. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მესვეურებმა ეს დეტალი კარგად გათვალეს და არცთუ ურიგოდ: დადგა შედეგი, რომელმაც სანდრა რულოვსსა და ედიშერ თოლორაიას შორის არსებული მინიმალური სხვაობა ისევ გაზარდა და მართალია, პირველივე ტურში გასამარჯვებლად თოლორაიას არ ეყო, მაგრამ მეორე ტურის წინ მისი უპირატესობა სამ პროცენტამდე აიყვანა.

მართალია, სამი პროცენტი სულაც არაა გადაულახავი წინაღობა და, ყველაზე უკეთ სწორედ სანდრა რულოვსმა იცოდა, რომ მეორე ტურში ბრძოლა უაზრო სულაც არ იქნებოდა, მაგრამ მან ისიც კარგად უწყოდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა სამეგრელოში სანდრა რულოვსისთვის მოეგო.

თავის დროზე ივანიშვილის ბაგეთაგან წარმოთქმული: „ის ქალბატონიც ვერ გაიმარჯვებს სამეგრელოში, აგერ ნახავთ“, _ „ოცნების“ ყველა ლიდერს ყურში უწიოდა და სწორედ ამიტომაც მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ ჯიხაშკარში მოიყარა თავი.

სად იყვნენ ენმ-ს ლიდერები? ლიდერშიპიდან უმრავლესობა _ მარნეულში. რა თქმა უნდა, მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა სულაც არ იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ იქ მაინც არ იდგა საკითხი ისე, რომ რომელიმე კანდიდატს პირველივე ტურში შესძლებოდა გამარჯვება.

სამეგრელოს კი ჯერ კიდევ 2012 წლიდან ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ზედიზედ მეორედ წაგება ზუგდიდში „ოცნებისთვის“ მწარედ გაკრულ სილას ნიშნავდა. და ამ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჯიხაშკარში მხოლოდ რამდენიმე ენმ-ელი, მათ შორის, ნიკა მელია და ოთო კახიძე აღმოჩნდნენ.

სწორედ ის ოთო კახიძე, რომელსაც, მართალია, არასწორი ინტერპრეტაციით, მაგრამ მაინც იმას ედავებოდა ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილი, რომ პოლიტპატიმრებზე საუბრის დროს ბაჩო ახალაია არ ახსენა…

საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტი ხმაური ენმ-ს მხარდამჭერებმა ატეხეს. ცოტა ხანში მათ წისქვილზე წყალი დაასხეს ასევე ენმ-ს ცნობილმა სახეებმა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სანდრა ასე არ უნდა მოქცეულიყო! ეს გაქცევაა!“ _ წერდნენ ენმ-ს მხარდამჭერები „ფეისბუქზე“. საითაც უნდა გაგახედა, ყველგან სანდრას საქციელს განიხილავდნენ და ცხადია, რომ ყოფილ პირველ ლედის მხარდამჭერებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც.

მოგვიანებით, როცა სანდრა რულოვსის ვითომ კრიტიკამ, სინამდვილეში კი მისი ნაბიჯის განქიქებამ და მასზე თავდასხმამ მასობრივი ხასიათი მიიღო, თემას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა: საერთოდ არ უნდა იცნობდე სანდრას, რომ დააბრალო, თითქოს გადაწყვეტილება ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღოო. ეს მისი მეორე გადაკრული ნათქვამი იყო არა საპირისპირო პოლიტიკურ ბანაკში, არამედ საკუთარ პარტიაში, სადაც რამდენიმე აქტიურმა წევრმა (მათ შორის, პოლიტსაბჭოდანაც) ისიც კი გაავრცელა უჩინრად, სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავსო.

პირველი გადაკრული სააკაშვილმა მაშინ იხმარა, როცა მისი ფაქტორი ენმ-ს ხმებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდა. მაშინ მესამე პრეზიდენტმა დაახლოებით ამგვარი რამ თქვა: ზოგიერთი აქ ერთმანეთთან კინკლაობით რომ არის დაკავებული, მაგას აჯობებდა, მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ მასალები მოეგროვებინათო…

სწორედ ამ და სხვა შიდაპარტიული ვნებების გამო იყო, ალბათ, სანდრა რულოვსი რომ თავს იკავებდა პოლიტიკაში წასვლისგან. ვინ, ვინ და სააკაშვილის მეუღლემ კარგად იცოდა, როგორ ებრძვიან მის ქმარს პარტიის შიგნითაც და პარტიის გარედანაც და როგორ ემთხვევა ხოლმე ზოგჯერ ამ ორი ბრძოლოს მეთოდები ერთმანეთს.

ამ ყველაფერს ცოტა ლიტერატურული ელფერიც რომ შევმატოთ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“, სადაც, როგორც წესი, არავინ აყენებდა ეჭვქვეშ ბელადის უფლებებს, სანამ ერთხელ ნანადირევს ბელადის შვილმა არ დაადგა ფეხი, რითაც ბელადობაზე პრეტენზია განაცხადა. მაშინ ბელადი ამას ძალიან მშვიდადაც კი შეხვდა:

„…ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა“ (ჯემალ ქარჩხაძე, „იგი“).

„იგიში“ ბოლოს მამა-შვილი შეიბნენ და შვილმა მამა დაამარცხა. ამის შემდეგ, წესისამებრ, მამა დაძინების ქარაფისკენ წავიდა გადასაჩეხად. მოხდება თუ არა მთავარი შერკინება და წავა თუ არა სააკაშვილი დაძინების ქარაფისკენ, ანუ განერიდება თუ არა ენმ-ს და, ზოგადად, ქართულ პოლიტიკას? აი, ეს საკითხი აწუხებს დღეს ბევრს ყველაზე მეტად…

 

ამ დაპირისპირების დროს ყველაზე ხშირად ისმის ფრაზა: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. დიახ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არა მაშინ, როცა ციხე შიგნიდან ტყდება. დღეს უკვე ცხადია, რომ ენმ-ს ამ ფორმით არსებობა გაუჭირდება…

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოჩვენებითი სიმშვიდე? როდის და რომელს უმტყუნებს პირველს ნერვები სააკაშვილსა და ბოკერიას შორის? ამ უკანასკნელის მწყობრი ნერვული სიტემის შესახებ ისედაც ცნობილია. რაც შეეხება სააკაშვილს, მართალია, ზოგჯერ გადაღლილი ჩანს, მაგრამ, სავარაუდოდ, თუ მანამდე შემწყნარებლურად ეკიდებოდა მის მიმართ დამოკიდებულებასა და კრიტიკას, სანდრა რულოვსის მიმართ გამოჩენილ აგრესიას აღარ ჩაყლაპავს.

თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია და მოვლენათა განვითარების მოსალოდნელი, მაგრამ ყველაზე უარესი სცენარი. რასაკვირველია, ყველაზე უკეთესი იქნება, ენმ-მ ყურად იღოს შეგონებათა შეგონება _ „ძალა ერთობაშია“, მისმა ლიდერებმა ცალ-ცალკე გადატეხილი და კონად კი ვერგაღუნული ისრების იგავი გაიხსენონ და დაუბრუნდნენ თავიანთ მთავარ ამოცანას: ამ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა რუსი ოლიგარქია, სხვა ყველაფერი _ ყურადღების გადატანა…

 

                                                                                                                    ლაშა ბერულავა