მონოპოლია ვაჭრობასა და წარმოებაში

ყოველი მომდევნო დღე, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე, კონკურენციისა და „დაპირისპირების“ შესაძლებლობაა. ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში, როცა პროდუქტის ფასი მისივე ხარისხის დონით არის გამართლებული, „დაპირისპირება“, ბუნებრივია, გამართლებულია და არჩევანის შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითი პროცესია. კონკურენციის კვალდაკვალ არსებობენ კონკრეტული ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, მათ რესურსი და ფინანსური მხარდაჭერა აქვთ, არაკეთილსინდისიერი გზით „ჩაახშონ“ სხვა მწარმოებლები.

მონოპოლიების არსებობასთან ერთად იკლებს და ქრება კონკურენციის მაჩვენებელი, კონკურენციის არარსებობის დროს კი ფასი და ხარისხი ერთმანეთის შესაბამისი არ არის.
მონოპოლია გულისხმობს, რომ აწარმოებს და ყიდის მხოლოდ ერთი. ამ ერთადერთს აქვს იმის შესაძლებლობა, სარგებლობდეს განსაკუთრებული უფლებით, რომ, მრავალი მომხმარებლის პირისპირ, ის იყოს კონკრეტული სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“-ს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი“, შოთა გულბანი ესაუბრა:
_ ზოგადად, რამდენად გამართლებულია მონოპოლიების არსებობა სავაჭრო სივრცეში?
_ არც ერთ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არ არის სასურველი მონოპოლიების არსებობა. მისი არსებობის გამართლებასა და საჭიროებას მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მონოპოლისტი შეეცდება, რომელიც ყოველთვის მოინდომებს, საზოგადოება მის მიერ ბაზრისთვის მიწოდებული პროდუქციის ან მომსახურების უალტერნატივობაში დაარწმუნოს.
_ საქართველოს მაგალითზე, კონკრეტულად, რა სფეროებში არსებობს მონოპოლიები?
_ საქართველოს დღევანდელი ბაზარი, უფრო მეტად, ოლიგოპოლიურია (კონკურენტული ბრძოლის ფორმა, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი მონაწილეობს). ყველა მსხვილ ბიზნესსეგმენტში, (იქნება ეს საფინანსო სფერო, ნავთობიმპორტიორი კომპანიები, მედიკამენტების ბაზარი თუ სხვ.) არსებობს რამდენიმე მსხვილი მიმწოდებელი, რომელიც, გონივრული და დასაბუთებული ეჭვების საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებს. მაგალითისთვის, საწვავის ბაზარზე ფასების ერთსა და იმავე დროის პერიოდში ცვლილებები; ანალოგიურად, მედიკამენტების ბაზარზე. საფინანსო სექტორში ორი კომერციული ბანკია დომინანტი, რომელიც არაპროფილურ აქტივებსაც ფლობს. ეს კონკურენტულ გარემოს საკმაოდ მნიშვნელოვნად აზიანებს, ვინაიდან სწორედ საფინანსო სექტორია ბიზნესისთვის ძირითადი საკრედიტო რესურსის მიმწოდებელი. შესაბამისად, მას არაპროფილურ ბიზნესებში ინტერესები არ უნდა გააჩნდეს იმისთვის, რომ სუბიექტური დაკრედიტება გამოვრიცხოთ.
_ რა არის ის საფრთხეები, რომელთა არსებობასაც ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ხელს უწყობს?
_ რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ, რა კუთხითაც მონოპოლიების არსებობა უარყოფითი გარემოებების გამომწვევია. პირველ ყოვლისა, ეს არის არაკონკურენტული გარემოს ფორმირება. როგორც წესი, მონოპოლისტი არ აძლევს წვრილ მოთამაშეებს განვითარების შესაძლებლობას, რითაც უამრავ ადამიანს საარსებო სივრცეს ართმევს და მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი მდიდრდება. ამით კი, ბუნებრივია, უთანასწორობის მაჩვენებელი იზრდება. მეორე გარემოებაა ის, რომ მონოპოლისტის მიერ მიწოდებულ პროდუქტზე დაწესებული ფასი ხშირად იმაზე ძვირია, ვიდრე ეს მაჩვენებელი კონკურენტულ გარემოში იქნებოდა დაშვებული. შესაბამისად, მომხმარებლები იძულებულნი არიან, რომ ერთადერთი მომწოდებლისგან შეისყიდონ პროდუქტი მის საბაზრო ღირებულებაზე ძვირად.
მესამე გარემოებაა ის, რომ ხშირად მონოპოლიები ისე ძლიერდება, რომ სახელმწიფოში მეორე „სახელმწიფო“ იქმნება. მათ გავლენა აქვს საკანონმდებლო ორგანოებში, გავლენას ახდენს არჩევნებზე იმის გამო, რომ დაფინანსების რესურსი მათ ხელშია.
ბუნებრივია, ქვეყნის პირველი პირი მათთვის სასურველი კანდიდატი უნდა იყოს, რომელიც ვერ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რამაც, შესაძლოა, მათ ბიზნესინტერესებს ავნოს. ასეთი მოცემულობა საკმაოდ ცუდია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მდიდრდება საზოგადოების მხოლოდ მცირე ფენა, ხოლო უმეტესი ნაწილი, ისევ და ისევ, უკიდურეს სიღარიბეში რჩება. მსგავსი მსჯელობა აბსოლუტურად დამახასიათებელია იმ რეალობისთვის, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
_ ვინ მართავს მონოპოლიას? ძირითადად, ვისგან იღებს ის გარკვეულ მხარდაჭერას?
_ მონოპოლიას კონკრეტული ბიზნესსუბიექტები ან დაჯგუფებები მართავენ. ხოლო მხარდაჭერა, ხშირად, სახელმწიფო ჩინოვნიკებისგან აქვს, რომლებიც გარკვეულ სარგებელს ელიან მათ მიერ ლობირებული ბიზნესიდან.
_ როგორ უნდა დაუპირისპირდეს მონოპოლიას ის ჯგუფი თუ ინდივიდი, ვინც არსებობს ბაზარზე, მაგრამ, სხვადასხვა სარჩულის გამო, სხვებზე ნაკლები უფლება და რესურსი აქვს?
_ ვფიქრობ, დაპირისპირებაში, ამ შემთხვევაში, უნდა იგულისხმებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ, სწორი ბიზნესსტრატეგია, რითაც შეძლებ, რომ საკუთარი საქმე ეტაპობრივად გააფართოვო. სხვანაირად, როგორ გინდა, მაგალითად, ბანკი გახსნა და „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი“ ბანკს კონკურენცია გაუწიო, როცა მათ გავლენა აქვთ ყველა სახელისუფლებო შტოზე და თან საბანკო ბაზრის 75% მათზე მოდის? რთული საკითხია.
_ რა გავლენა აქვს მას ქვეყნისა თუ მოქალაქეების კეთილდღეობაზე?
_ ეს გავლენა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. გააჩნია, რა ტიპის მონოპოლიაა. საქართველოს მაგალითზე გამოხატულ ოლიგოპოლიებს უარყოფითი გავლენა აქვს. საბანკო კრედიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები მაღალია და მოსახლეობის გაღარიბებას იწვევს, საწვავზე ფასები მაღალია და მედიკამენტებზე არსებული ფასებიც, მოსახლეობის უმეტესობისთვის, ხელმიუწვდომელია. ყველა ოლიგოპოლისტური სფერო საქართველოში მოწოდებულია მოსახლეობიდან თანხების „ამოქაჩვით“ მაქსიმალურ ფასებში. ასეთი ვითარება ძალიან ნეგატიურ შედეგებს მოგვცემს უახლოეს პერიოდში.
_ რა პოლიტიკა აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს მონოპოლიებთან მიმართებით?
_ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მთავრობა, მონოპოლიებთან მიმართებით, უძლურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მთავრობის ჩარევებს ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩარევები უნდა მიმდინარეობდეს სწორი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებით იმ გარემოში, სადაც მონოპოლიების ჩამოყალიბების საფრთხეა ან ეს პროცესი უკვე აშკარაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები გადადგა კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოცემულობა ფორმალური აღმოჩნდა და ბანკებმა ალტერნატიული გზები გამონახა, რითაც სხვადასხვა ბიზნესის კონტროლს აგრძელებს. მე პირადად არ მახსენდება რაიმე ისეთი ნაბიჯი არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, რაც ბაზრების დივერსიფიცირებას შეუწყობდა ხელს და, ამ პროცესის პარალელურად, ოლიგოპოლიურ გარემოს დაასუსტებდა.
_ დაბოლოს, თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური ან რამე მსგავსი ორგანო?
_ ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ასეთი სახელმწიფო უწყება _ „კონკურენციის სააგენტო“, თუმცა ამ სააგენტოს უფლებამოსილებების იმდენად შეზღუდული არეალი აქვს, რომ ღებულობს, მხოლოდ და მხოლოდ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. მისი მიზანი შემდეგია: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტებისთვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ბაზარზე მონოპოლიის არსებობა არ არის გამართლებული გარემოება გამომდინარე იქიდან, რომ ის არასამართლიან გარემოს ქმნის _ იმ მიზეზით, რომ სხვა მწარმოებლებს არ აქვთ საჭირო ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა მათთვის კონკურენციის გასაწევად, ზარალდება ხარისხი და, გაწეული ხარჯის ფონზე, ზარალდება მოსახლეობა. მონოპოლია არაკანონიერად არის მიჩნეული. დღევანდელ რეალობაში არსებული სრულყოფილი კონკურენციის არარსებობის ფონზე, მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს და არჩევანის უფლება ჰქონდეს.

მარიამ ტიელიძე