„მოდი, მომე მუხა, ბიძო მოგცემს ფულსა…” – ოლიგარქი სამეგრელოს საუკუნოვან ხეებს მიადგა

იმის შესახებ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საფარქვეშ სამეგრელოდან გურიაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ეზოში, რამდენიმე ხის გადატანა იგეგმებოდა, „ქრონიკა+“, ჯერ კიდევ, 2017 წლის ივნისში წერდა.

მაშინ ორი ჯიშიც დასახელდა _ უთხოვარი და ამერიკული სექვოია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა თვალი დაადგა, ხოლო ცალკეულმა სპეციალისტებმა ამ ნაბიჯის გადასადგმელად საზოგადოება იმით შეამზადეს, რომ მტკიცება დაიწყეს, თითქოს ხეები დაავადებულია და მათი ჩანაცვლებაა საჭირო.
სწორედ ამ მიზნით ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესიც წამოიწყეს, ხოლო ამ პროცესით ივანიშვილის დაინტერესებაზე თუნდაც მხოლოდ ის მიუთითებს, რომ პროექტი ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული.
ბიძინა ივანიშვილს რომ კონკრეტულ რეგიონებში იშვიათი ხეების არსებობისთვის, მათი შენარჩუნებისთვის ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებდეს და ხიბლავდეს, არც „მოგზაური“ ხეები გვექნებოდა სახეზე და მილიარდერიც ხეების გაჯანსაღება-გახარებით იმ ადგილებში დაკავდებოდა, სადაც ისინი ხარობენ _ თავის დენდროპარკში კი არ გადაიტანდა…
რასაკვირველია, ეს სამეგრელოშიც კარგად იციან. ზაფხულში „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სტატია რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან თემას ტირაჟირების საფუძვლადაც დაედო. შესაბამისად, მოხდა ის, რაც არც ისე ხშირად ხდება: ოლიგარქის გეგმები გაიშიფრა, საზოგადოება კი გაფაციცდა და კარგი გაგებით, ჩასაფრდა, რამაც ბოტანიკური ბაღიდან ხეების გადატანის პროცესი, თუნდაც მათი „გაჯანსაღების“ საბაბით, დროში გადასწია.
სამაგიეროდ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, „გეგმა ბ“ ამუშავდა: ყურადღების გადატანა. აბა, გამოიცანით, რა დაეტყობა ოლიგარქის უძირო ჯიბეს, თუკი მანამ, სანამ ძვირფას ხეებს „დაითრევს“ ბოტანიკური ბაღიდან, ერთ-ორ, ნაკლებად მნიშვნელოვან ხესაც მიაყიდის კერძო პირებთან? სწორია, არაფერი დაეტყობა; თანაც, ორ კურდღელს დაიჭერს: ჯერ ერთი, მის მხარდამჭერებს საფუძველს გაუჩენს, ილაპარაკონ, რომ აი, ბოტანიკური ბაღიდან კი არ მიაქვს, არამედ კერძო პირებისგან ყიდულობს და მეორეც _ საზოგადოების რეაქციას დატესტავს, რადგან სამეგრელოსთან მიმართებით ოლიგარქის შიშები საკმაოდ ცნობილი ფაქტია _ მას 2012 წლის არჩევნებში სამეგრელოდან მიღებული ყველაზე დაბალი ხმები და სულაც წაგებული მაჟორიტარული არჩევნები დღემდე გველის ნაკბენივით ახსოვს.
სწორედ ამიტომ ოლიგარქმა გადაწყვიტა, თავისი შუამავლების მეშვეობით სამეგრელოდან რამდენიმე, მისთვის საინტერესო, მაგრამ არა მნიშვნელოვანი ხის გადატანაზე დაეწყო მოლაპარაკებები.
ხმები იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლებში რამდენიმე ხე გადასატანად შეარჩია, ჯერ კიდევ, ზაფხულის ბოლოს დაირხა. ამ ხმების გადამოწმებამ ის დაადასტურა, რაც ახლა ხდება: რამდენიმე სოფელში ხეები შერჩეულია, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურდა.
ამ სტატიაში ორი ხისა და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი მფლობელების ისტორიას მოგიყვებით და თავად განსაჯეთ: ერთი მუხაა, რომლის ყიდვა ივანიშვილმა ძალიან იაფად მოახერხა და გადასატანად ამზადებს, მეორე კი 150 წლის მაგნოლია, რომლის მფლობელ მოხუც ბებოს, ჯერჯერობით, თანხმობა ვერ დააცდევინეს.
საუკუნოვანი მუხა, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, ივანიშვილის საკუთრებაა და გადასატანადაც მზადდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირშია დარგული. უზარმაზარი ხე აქ ოდითგანვე ახსოვთ. ამ სოფელში თუ ვინმე ახსენებდა იაკობ ახალაიას, ყველამ იცოდა, რომ მისი კარმიდამო მწვანეში იყო ჩაფლული და იქ შეხვდებოდით იშვიათი ჯიშის მცენარეებსაც. იაკობ ახალაიას საკარმიდამო ნაკვეთზე ვენახიც ჰქონდა გაშენებული და მთელ სამეგრელოში ცნობილი ჭურ-მარნის მფლობელიც იყო.
იაკობ ახალაიას ბედი არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი: სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა, ვაჟი გარდაეცვალა და ეს იშვიათი კარ-მიდამო უფროს ქალიშვილს დარჩა, რომელიც გაუთხოვარი გახლდათ.
სამივე დას ადგილობრივები ძალიან თბილად იგონებდნენ. შუათანა ქალიშვილი პედაგოგი იყო და ახალაიების ოჯახი, იმის გარდა, რომ ეზო ოაზისივით გამოიყურებოდა, ბიბლიოთეკის როლსაც ასრულებდა: დებს წიგნების უზარმაზარი არჩევანი ჰქონდათ და კითხვას მოწყურებულ ახალგაზრდებს ამარაგებდნენ, თან ისე, რომ ასაკობრივად თვითონვე ურჩევდნენ შესაფერის წიგნებს:
„სანამ წიგნს გამოგვიტანდნენ, ამ საოცარი მუხის ქვეშ გაკეთებულ მაგიდასთან ველოდებოდით, უზარმაზარი ჩრდილი ჰქონდა და მის ტოტებქვეშ საოცარი სიგრილე იდგა, იმ ადგილას მიწას მთლიანად ბურავდა და იმის გამო, რომ მზის სხივებს ზაფხულში არ ატარებდა, იმ ჩრდილის გარშემოწერილობაზე ბალახიც სხვა ფერისა იყო ხოლმე“, _ იხსენებენ ინგირელები და ახალაიების ოჯახის შემდგომ ბედზეც გვიყვებიან:
„იაკობ ახალაიას უფროსი ქალიშვილი გაუთხოვარი დარჩა, შუათანა და უმცროსი ქალიშვილები გათხოვდნენ. ოჯახში დარჩენილ მოხუცს უკვე აღარ შეეძლო კარ-მიდამოს მოვლა, შუათანა დის ოჯახი უვლიდა, მერე კი, როცა იაკობის უფროსი ქალიშვილი გარდაიცვალა, სახლი და ეზო დისშვილმა გადაიფორმა _ 40-ოდე წლის კაცია, ვეტერინარი.
ეტყობა, მას დიდად არ ხიბლავდა ამხელა ეზოს მოვლა _ ჯერ ასწლოვანი ნაძვები მოჭრა და გაყიდა, ახლა მუხა გაუყიდია. როგორც თავად უთქვამს, სულ რაღაც, 25.000 ლარად _ ეს ძალიან მიზერული ფასია ამ ასაკის მუხისთვის. ამ სფეროში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით ამას…“.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ცნობილი ქართული „რწყილი და ჭიანჭველასი“ არ იყოს, მილიარდერის შუამავალი ახტა, დახტა, ინგირში მივიდა და მუხის მფლობელს უთხრა: „მოდი, მომე მუხა, ბიძო მოგცემს ფულსა…“ _ შეთანხმება შედგა, მუხა გადასატანად მზადდება. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ინგირელებს მუხის გადატანა ძვირად დაუჯდებათ:
მოგეხსენებათ, ამხელა ხის გადასატანად უკვე არსებული სტანდარტული გზა ზოგან გასაფართოებელია, ზოგან ელექტროსადენებია ასაწევი, რომ აწიო, დენი უნდა გამორთო, ამას კი „გაპრავება“ უნდა და ამ „გაპრავებამაც“ არ დააყოვნა: ამ დღეებში ინგირელი აბონენტები მასობრივად ღებულობენ ესემესებს „ენერგო პრო ჯორჯიიდან“, ხან გეგმური სამუშაოების, ხან კი ავარიის გამო დენის გამორთვის შესახებ, ამასობაში კი „ქუჩის გასაყართან მოდგა დიდი მუხა, ელვის უსწრაფესად გზები ფართოვდება“…
მაგრამ სამეგრელო რა სამეგრელო იქნებოდა, ოლიგარქს ყელზე არ დადგომოდა და ამჯერადაც ასე მოხდა _ სულ სხვა ლოკაციაზე და სულ სხვა ხესთან დაკავშირებით. ამჯერად საუბარია 150 წლის მაგნოლიაზე, რომელსაც მისი მფლობელი ცოცხალი თავით არ თმობს. სოფელ ახალაბასთუმანში, ერთ ეზოში მდგარი ამ ხის პატრონი 94 წლის ოლია ბებოა, რომელიც ამბობდა, რომ ხის დათმობას არ აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობლებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ შესაძლებელია, ოლია მოკლან, ხე კი წაიღონ, ხოლო ამ ხმებმა ოლიას ყურამდეც მიაღწია, ის უკვე ფიქრობს, რომ ხის გადარგვაზე თანახმა იქნება, რადგან ეშინია…
ხის დათმობაზე მოსალაპარაკებლად ოლიასთან იმდენჯერ მივიდნენ, იმდენი წინადადება შესთავაზეს და იმდენჯერ გაისტუმრა უარით, რომ ახლა ვინც კი უცნობი მოადგება მის ჭიშკარს, ყველა მაგნოლიის წამღები ჰგონია: „სტუმრის მოსვლა ყოველთვის მიხაროდა, ბებო და ამ სიბერეში სტუმარი შემაძულეს… ვინც კი უცნობი მოდის, მგონია, ყველას ამ ხის წაღება უნდა, მოვკვდი ნერვიულობით…“, _ ამბობს ოლია ბებო.
როგორც ყველა ადამიანს, ამ მაგნოლიასაც თავისი სევდიანი ისტორია აქვს. როგორც ოლია ბებო ამბობს, მამამისი სამეგრელოს მთავარ დავით დადიანთან მსახურობდა. მიწა, სადაც ახლა მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობს და სადაც მხოლოდ ერთი უბრალო ოდა დგას, სწორედ მთავარმა აჩუქა. ოლია ბებოს მაგნოლია ბავშვობიდან ახსოვს, _ მე რომ ბავშვი ვიყავი, ეს ხე უკვე დიდი იყოო, ამბობს. არ იცის, ვინ აჩუქა მამას ნერგი, მაგრამ იცის, რომ ხე მამას ძალიან უყვარდა, ეს სიყვარული კი თვითონაც გადმოეცა.
მაგნოლიის ფესვები თითქმის მთელ ეზოში ჩანს _ ოდის ქვეშ, დამხმარე სათავსოს ბეტონის იატაკქვეშ, ხის ტანიდან ათეული მეტრის დაშორებითაც…
„მოვიდნენ და ვითომ დამამშვიდეს, კი არ უნდა მოვჭრათ, უნდა ამოვიღოთ მიწიდანო… _ რასაა, რომ ამბობთ-მეთქი?! ჩემთვის არ იქნება და რა მნიშვნელობა აქვს, მოჭრით თუ ამოიღებთ-მეთქი“, _ ჰყვება ოლია ბებო ჟურნალისტებთან, რომლებიც ისევ ხის წასაღებად მოსულები ეგონა.
ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ოლია ბებოს შემართებაა, რომელსაც ხის წინაშე უცებ აღმოცენებულმა საფრთხემ ახალი სუნთქვა გაუხსნა: მოხუცს გადაადგილება უჭირს, მაგრამ როცა დარია, ეზოში მაინც გამოდის და პირდაპირ მაგნოლიის ძირას, ამობურცულ ფესვებზე ჯდება. ბავშვობიდან აქ მიყვარდა ჯდომაო, ამბობს, ეზოში გამოსვლა კი დილის აუცილებელი და განუყრელი ნაწილია _ უნდა დარწმუნდეს, რომ ხე ადგილზეა…
დაბოლოს, ოლია ბებო ერთადერთი არ არის, ვინც ოლიგარქის ფულს არ დახარბდა და საგვარეულოში გამორჩეული ხის გაყიდვაზე უარი განაცხადა _ დარჩელში ჩხოლარიებმა ასწლოვანი ცაცხვის, ხოლო ზუგდიდში წყაროზიებმა ასევე მრავალწლიანი ტიტის გაყიდვაზე ივანიშვილის შუამავლებს კატეგორიული უარი უთხრეს…

ლაშა ბერულავა