მოდი და მართლა ნუ გაგიჟდები!

მოხუცები მერ-გამგებლებთან ვატაროთ ტექდათვალიერებაზე, რომ ჯერაც ცოცხლები არიან?

 

ოდესღაც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასეთი ელვის სისწრაფით არ ვრცელდებოდა ინფორმაციები, ამბები, ფედერიკო ფელინი წერდა, თუ როგორ ფიტავს ადამიანს ინფორმაცია, რომელიც ფუტკრებივით ეხვევა მას. საინტერესოა, რას იტყოდა ფელინი, დღეს რომ ეცხოვრა და მით უმეტეს, საქართველოში?

 

ნიუსები, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ადამიანს არათუ გფიტავს, ენერგიას გაცლის ან გთრგუნავს, გიჩენს კითხვას, საერთოდ სად ვბანაობთ? სად ვართ, რა განზომილებაში? რა მთავრობის ხელში და რა საზოგადოებაში? ეს ჩვენ გვაქვს კანი გასქელებული და ჩვენ ვართ გამძლეები, გზადაგზა ჩვენი ის სიყრუე და სიბრმავე გვშველის, რომელზეც ილია წერდა, თორემ ნორმალური ქვეყნის ნორმალური მოქალაქე ერთი კვირა რომ „მოათავსო“ და აბანაო იმ ნიუსებში, რომელშიც ჩვენ წლებია, ვჭყუმპალაობთ, ალბათ, შეიშლება და ფატიმასავით ხარხარით გაიქცევა აქედან.

წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნება დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როცა გაიგებს, რომ თემზაზე მდებარე ხიდის მისასვლელი ჩაინგრა? და ეს მას მერე, რაც მისმა მთავრობამ ძველი ხიდის შესაკეთებლად მილიონი გამოჰყო, კომპანიამ ეს თანხა აიღო და ხიდს ხელი არ ახლო, შემდეგ ახალი ხიდი ააშენეს, 4 მილიონი დაახარჯეს და ამ ახალ ხიდს წვიმამ ერთი მისასვლელი ჩაუნგრია. არ გავიდა ორი თვეც და ახლა მეორედ ჩაინგრა _ ამჯერად სხვა მისასვლელი და ამჯერად _ წყლის მილი გასკდა და თურმე იმიტომ… რას იფიქრებდა ბრიტანეთის, ან ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ნორმალური მოადგილე თავის მთავრობაზე? მით უფრო მაშინ, როდესაც ლონდონის მერი გამოვიდოდა და უტიფრად განაცხადებდა, ხიდს არც არაფერი სჭირს, ეგ მისასვლელი ჩაინგრაო? და ჩვენ რა ვქენით, როდესაც ზაჰესის ხიდი აგერ უკვე მეორდ ჩაინგრა? 8-9 საუკუნის წინ აშენებული „თამარის ხიდები“ სადღაც ისევ ამაყად დგას და რამდენიმე თვის წინ აშენებული ბიძინას ხიდი ფეხქვეშ ენგრევათ. წესიერ ქვეყანაში ამ ფაქტის მერე ხიდი კი არა, საერთოდ მიწა გამოეცლებოდა ფეხქვეშ ასეთ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ამაზე ხომ არ დავწვრილმანდებით? დიდი-დიდი, ვიღლიცინოთ, _ ხიდიც ვერ ააშენენ და დიდი-დიდი, ხიდჩატეხილობის პრობლემაზე „ვისაუბროთ“ „ქართული ოცნების“ შემოქმედებაში, ისე როგორც, თავის დროზე, სკოლაში ვწერდით თემებს, ხიდჩატეხილობის პრობლემა ილიას შემოქმედებაში…

ან რა გვეხიდ-გვეპიტნატარხუნება, როდესაც ქვეყანა მართლაც ცეცხლის ალშია გახვეული, ხანძარი ხანძარზეა, მარტო ამ ბოლო ერთ კვირაში ხანძარი იყო გომბორთან _ იწვოდა 5 ჰა ნაძვნარი, თითქმის მთელი კვირა მძვინვარებდა ცეცხლი ისევ წაღვერში… ცეცხლი ეკიდა არჯევანიძეების ტყეს, მზეთამზის ქედს, ხანზარი იყო ადიგენში _ იწვოდა ღარღვლის ტყე, ისევ ხანძარი იყო თუშეთში, ამჯერად ცეცხლს ჰეღოს ფერდობზე ებრძოდნენ, ხანზარი იყო კასპის რაიონში, ოკამთან, ზედ ავტობანის მიმდებარედ იწვოდა ხეები და ბუჩქნარი. ხანძარი იყო აქვე თბილისში, გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერესთან და ეს ყველა ხანძარი ერთ კვირაში! აღარაფერს ვამბობთ იმ ხანძრებზე, რომელიც აგერ უკვე მერამდენე კვირაა, ხან სად იფეთქებდა და ხან _ სად. ქვეყანა იწვის, იბუგება, ნადგურდება, მაგრამ ვის ანაღვლებს?  საზოგადოებამ ფეისბუკზე ის უფრო შეიცხადა, „ოცნების“ საარჩევნო სიაში სოფო ბედიას ლეგენდარული ქმარი რომ აღმოაჩინა. ისე შეიცხადეს, გეგონება წინა არჩევნებზე „ოცნებას“ სიაში მარია კალასის არისტოტელე ონასისი ჰყავდა და ახლა, ამ არჩევნებზე დააგდეს თამასა სოფო ბედიამდე.

ან მთავრობას რა გინდა, რომ მოსთხოვო, რომელსაც ადგილებზე კონა ათ შაურად ბრიყვი ჩინოვნიკები უზის?  ისეთი ბრიყვები, მკვდარი და ცოცხალი ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევიათ? როგორ არ უნდა დაიწვა იმ საბრალო, 86 წლის ვეჯინელი მოხუცის, სირანა ბარბაქაძის ცოდვით, რომელიც მკვდრად გამოაცხადეს და აგერ უკვე მერამდენე თვეა, ამაოდ ცდილობს „გაცოცხლებას“?!

სირანა ბაბოს ამბავი ისეთია, მოლიერს და ლოპე დე ვეგას, ალბათ, საფლავში ნერწყვი სდით, გული სწყდებათ, რომ ცოცხლები არ არიან, რომ კომედია დაწერონ. მართლა რა გინდა, რომ ქნა ასეთი ბრიყვების ხელში? ქალი ახლაც ცოცხალია და მხნედ არის, არათუ 9 თვის წინ, როდესაც იგი ვეჯინის გამგებელმა მკვდრად რომ გამოაცხადა და ცნობა აფრინა იუსტიციის სახლში. 4 თვის შემდეგ „მკვდარმა“ სირანა ბაბომ თვალის ოპერაცია გაიკეთა, საიქიოდან კარქა ვერ ვიყურებიო. ივნისის თვემდე რა უჭირდა, ბანკში ცნობა მისული არ იყო და პენსიას აძლევდნენ, აი, ივნისში უკვე მივიდა ეს ცნობა და სირანა ბაბოს შვილს პენსია უკვე აღარ გაატანეს, _ ეგ ქალი იანვარში მომკვდარა და რაც აიღეთ, ისიც უკან დააბრუნეთო. მას მერე სირანა ბაბოს დაატარებენ _ ახედავენ, დახედავენ _ ნახავენ, რომ ცოცხალია, მაგრამ რა? არც პენსიას აძლევენ და რაც მისცეს, იმასაც მაინც ისევ უკან სთხოვენ. ეგრე სადაა, გაცოცხლებას დრო უნდაო. ეს ხომ იდიოტობაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იდიოტობაა  შემდეგ სერიაშია: ვეჯინის გამგებელი კუკური დგას და კუნტრუშობს, _ 1600 შემთხვევაა საქართვლოში და რაღა ვეჯინი გახდა ქრისტეს პერანგი ვერ გავიგეო. ვერ გაიგო! ის, რაც არ მომხდარა _ სირანა ბაბოს სიკვდილი, კარგად „გაიგო“! მიზეზიც რა კარგად ჩამოარაკრაკა? მაგ უბანში სამი მიცვალებული იყო იმ თვეში და შეგვეშალაო, ადრე კარგი იყო, ქელეხზე გვეპატიჟებოდნენ, ქორწილში, ამიტომ სულ ვიცოდით, ვინ მკვდარი იყო და ვინ ცოცხალი, ახლა აღარ გვეპატიჟებიანო. ამას, თურმე, თავისი ბოღმა ჰქონია, რომ ქელეხებში არ ეპატიჟებიან და შური უძიებია. ქელეხებში სიარული ლოგიკას არ მატებს ადამიანს. სირანა ბაბო რომ მართლა მომკვდარიყო, კუკური ქელეხში არ დაეპატიჟათ და არც შემდეგ ოჯახს შეეტყობინებინა მისი სიკვდილი და კუკურის დღემდე ცოცხალი ჰგონებოდა სირანა, გასაგები და სრულიად ლოგიკური იქნებოდა _ კაცს სირანა ბაბოს სიკვდილი არ გაუგია, არც ქელეხში დაუპატიჟიათ და ცოცხალი ეგონა, მაგრამ ახლა ქალი არ მომკვდარა, დღესაც ცოცხალია და ვის ქელეხში დაეპატიჟათ გამგებელი ბარბაქაძეებს? მეზობლების ქელეხში?

ან თბილისში რა უნდა ქნან, როდესაც ვინმე მოუკვდებათ, ნარმანია დაპატიჟონ თუ უკვე კალაძე? მოიცა და ქელეხი იუსტიციის სახლშიც ხომ არ გადაიხადონ, რომ თვით თეამაც იცოდეს, ვინ მკვდარია და ვინ ცოცხალი? თუ მოხუცები მერ-გამგებლებთან ვატაროთ ტექდათვალიერებაზე, რომ ჯერაც ცოცხლები გვყავს?

ქელეხში არ გვეპატიჟებიანო… აგერ, მარნეულში, სოფელ სადახლოში, გასვენებაში არათუ მოქმედი, საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც დაპატიჟეს, „ქართული ოცნებისაც“ და „ევროპული საქართველოსიც“, მაგრამ რა ხეირი? „ქართული ოცნების“ კანდიდატმა „ევსაქოს“ კანდიდატს იქვე, გასვენებაშივე სცემა, ისე სცემა, რომ ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აი, მართლა რა გინდა, რომ ქნა, ასეთების ხელში? მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ადგილობრივ სოფლის ჩინოვნიკს, როდესაც მათზე სოლიდურად არც მინისტრ-ომბუდსმენები გამოიყურებიან? აგერ, სტრასბურგმა კიდევ ერთი საქმე გადაახია ამ ხელისუფლებას თავზე. ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ სწორედ ამ საქმეებით მოვიდა ეს ხელისუფლება. გვანცა ყუფარაძის საქმეზე მაქვს საუბარი. სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა! არც მესამე მუხლი, არც მეექვსე მუხლის პირველი ნაწილი და არც ამავე მუხლის მესამე ნაწილი!

ცალკე მინისტრი წულუკიანი გამოვიდა და ბრძანა, _ სტრასბურგს არ ვეთანხმებიო. გეგონება, ვინმემ ჰკითხა სტრასბურგიდან, _ გვეთანხმები თუ არაო? და ომბუდსმენი ადუდღუნდა, _ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილებაო. ბოდიში, ამინდის პროგნოზში არ გამოგიცხადეს მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ!  თვითონ ყუფარაძე კი სტრასბურგის გამოტანილ გადაწყვეტილებას ნონა წოწორიას გავლენებს მიაწერს…

ამ ყველაფრის მერე რომ „ქოცები“ სტრასბურგს არ ეთანხმებიან, რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ არც ლვოვის სასამართლოს ეთანხმებიან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი, სულ რაღაც, 130 დოლარით დააჯარიმა. სასამართლოს არც თვით მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება, მოსამართლეს ხელისუფლების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს და არც ჩვენი „ქოცები“ ეთანხმებიან _ მათ უნდოდათ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა, დახრუკვა, ტაფაზე დაბრაწვა, სასამართლომ კი, სულ რაღაც, 130 დოლარი დააკისრა. „ქოცის“ გულს დააამებს მიშას ჯიბიდან 130 დოლარის ამოღება?

ბოლო ხანებია, წამდაუწუმ გვზარავს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები, ეს არ აღმოჩნდა საკმარისო და აგერ სოფელ სკრასთან ბორჯომიდან თბილისში მომავალმა მატარებელმა ქალი გაიტანა და ადგილზე მოკლა… ზესტაფონში კი არც მეტი, არც ნაკლები, პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს და ოქროული გაიტანეს. ეს კაცი პოლიციის უფროსი ნადეჟდა კრუპსკაიას დროს კი არ იყო, ამ ქურდობამდე, სულ რაღაც, რამდენიმე დღის წინ მოხსნეს…

მექსიკას მიწისძვრა ანგრევს და ჩვენ მიწის უძრავად ვინგრევით, და რას აკეთებს ქართველი? ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი _ სესიაშვილი აუქციონზე უკონკურენტოდ, ჩალის ფასად 30 694 ლარად ყიდულობს მიწას (637 კვადრატულ მეტრს) დიღომში, ხელისუფლების სხვა მშვენება _ ჩუგოშვილი, პოზებს აკვირდება და ჩოგოსუტრას ქმნის. იხილეთ ფრაგმენტი მისი განცხადებიდან:  „ოპოზიცია მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტთან იყო დესტრუქციულ პოზაში“… და რას აკეთებს მთელი მთავრობა? ბოლო 4 წელიწადში 11 მილიონ ლარს ურიცხავს უცხოურ ლობისტურ კომპანიებს… იმისთვის, რომ ლობისტობასთან ერთად ეს კომპანიები ჩვენს ბლუყუნა მინისტრებსა და ელჩებს სიტყვების დაწერაში დაეხმარონ… და რას აკეთებს ხალხი? როგორც ფეისბუკში სალომე სიგუა წერს, _ დედაენის ბაღში ქართველი ქალბატონი სახეში აფურთხებს ინდოელ წყვილს, ბავშვიანს… დაწერს ამას, სააგენტო გაანიუსებს  და ატყდება გნიასი, ნამდვილია თუ მოგონილი ეს ამბავი, მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ამ პოსტის ქვეშ დამკომენტარებლებში პირადად ბევრი ვიპოვე პოტენციურად შემფურთხებელი, თუ უკვე შეფურთხებულიც არ აქვთ ვინმე უცოელისთვის. არ ვსაუბრობ იმ კომენტარებზე, სადაც ამ პოსტის ავტორს მატყუარას ან ლიბერასტს ეძახიან, ვგულისხმობ იმ კომენტარებს, სადაც ომახიანად გაჰკივიან, რომ უმიზეზოდ არავინ არავის აფურთხებს. ვერაფერს იტყვი, მანანა კობახიძის სტილში მუშაობენ… „იქნებ, დედა შეაგინა“…. სხვები კატეგორიულად ითხოვენ მიზეზს და ისევ იმეორებენ „იქნებ, დაიმსახურა“, „უმიზეზოდ არ შეაფურთხებდა“… „იქნებ, მიზეზი ჰქონდა“, „ჯერ მიზეზი უნდა თქვა და მერე იმსჯელო“… რაც არ უნდა „აპრავოთ“,  ნორმალური ადამიანი არც უმიზეზოდ იფურთხება და არც მიზეზის ქონისას, მაგით განსხვავდება აქლემისგან და ამ დამკომენტარებლებისგან. სხვები არათუ გამართლებას უძებნიან, ვიღაც აქებს, კარგად უქნიაო, ვიღაცას შეფურთხება არ ჰყოფნის და უფრო მკაცრი ზომები რომ არ გაატარა, ამუნათებს, ვიღაც სუნიანებად იხსენიებს ინდოელებს, ვიღაც ჩვენი ლამაზი ჯიშის გადასაგვარებლად შემოყვანილებს… ვკითხულობ ამ კომენტარებს და რაღაა დაუჯერებელი? რა მნიშვნელობა აქვს, ტუჩებით ისვრი ფურთხს, თუ კლავიატურით? მოდი და მართლა ნუ გაგიჟდები ამ ნიუსებში დ ამ სიძულვილში აზელილი…

რეზო შატაკიშვილი