„მმართველმა პარტიამ თავისი პრორუსული პოლიტიკით ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგა“

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არ გვემუქრება რუსეთიდან სამხედრო საფრთხე? რატომ უგებს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს 3:0-ს? რატომ ვეღარ მოიგებს „ქართული ოცნება“ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

_ ბატონო გიორგი, ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ბოლო ვოიაჟის დასრულების შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს 3:0-ს უგებს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ისინი ერთად თამაშობენ და ზურაბიშვილი ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს.
_ პოლიტიკაში ფარული კავშირები არასდროს არის გამორიცხული, არც ფარული თამაშები და არც კულუარული გარიგებებია უცხო. პოლიტიკა გახლავთ გარკვეული კონტაქტი ადამიანებს შორის, სადაც არსებობს შეთანხმებები. ჩვენ შეფასებების გაკეთება იმის მიხედვით შეგვიძლია, რაც ჩანს და ხელის გულზე დევს. ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრის რეალიზება. ასევე თვალყურს ვადევნებთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველდღიურობას, მის გადაადგილებებს, განცხადებებს. დღეს ამ ყველაფერს ასეთი შეფასება შეგვიძლია მივცეთ, რომ არც ისე მაღალი კლასის პოლიტიკოსი, სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, თავისი ყველა ჩანაფიქრის რეალიზებას ახერხებს.
„ქართული ოცნება“, როგორც ვაკვირდებით, არის გაღიზიანებული ბავშვის როლში. მისი მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ არა რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები, რაც პოლიტიკურ პარტიას უნდა ახასიათებდეს, არამედ გადასულია წყევლა-კრულვაზე. მათი მხრიდან შეინიშნება დისკრედიტაციის მცდელობაც. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილზე არანაირად არ მოქმედებს, პირიქით ხდება ყველაფერი და საქართველოს პრეზიდენტს ახალ იმიჯს უქმნის.
ახლა იმაზე ვისაუბროთ, რატომ და როგორ 3:0 პრეზიდენტის სასარგებლოდ: სალომე ზურაბიშვილმა ყოველგვარი დამსახურების გარეშე მოახერხა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აწარმოებინა მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო კამპანია. ამ შემთხვევაში მარტო პიარს არ ვგულისხმობ. დაიხარჯა დიდი ფინანსები. სალომე ზურაბიშვილი ისე გახდა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ამისთვის საკუთარი რესურსები არ დაუხარჯავს. მან ჩაიფიქრა პრეზიდენტობა და ეს ოცნება აიხდინა. შემდეგი ნაბიჯი ის იყო, რომ მან შეინარჩუნა თავისი სახე.
_ სახის შენარჩუნებაში რას გულისხმობთ?
_ მან მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სახე და აწარმოა დამოუკიდებელი პოლიტიკა. რაც მთავარია, მან აწარმოა ის პოლიტიკა, რომლის დეკლარირებასაც ახდენდა. ის აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს პროევროპულ პოლიტიკას. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი „ოცნებიდან“ მკვეთრად არ დისტანცირებულა. მისი ევროპულობა, ერთგვარად, პოპულისტური ნაბიჯიცაა. საქართველოს მოსახლეობის 80% თუ მეტი არა სიმპატიითაა გამსჭვალული დასავლური ინტეგრაციის მიმართ. პრეზიდენტის ყველა განცხადება იყო პროდასავლური, პროუკრაინული და ანტირუსული. ამით სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ აჯობა.
მმართველმა პარტიამ თავისი პრორუსული პოლიტიკით ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. ეს მოსახლეობას არ მოსწონს. არც არგაღიზიანების პოლიტიკა მოსწონს ხალხს და არც დათმობის პოლიტიკას ემხრობა. „ოცნება“ გამოჩნდა, როგორც ანტიდასავლური ძალა, რომელიც აქცენტირებდა ტრადიციებზე. ეს ტრადიციების დაცვაც გამოშიგნული იყო, რადგანაც ხალხს ვერ აუხსნეს, რა ტრადიციებზე იყო საუბარი. ქართული ტრადიციონალიზმი და პრორუსული პოლიტიკა ერთმანეთს არანაირად არ ემთხვევა. შესაბამისად, გახდა 2:0 სალომეს სასარგებლოდ.
მესამე თემა იყო დაჩაგრული სალომე. ქართული ამომრჩეველი სიმპატიითაა განწყობილი დაჩაგრულის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს უსამართლოდ ჩაგრავენ. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელი იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზი. ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით იქნებოდა მიღებული და არა ობიექტური განხილვის შედეგად. პრეზიდენტის მიმართ სიმპათიები გაიზარდა. ანგარიში 3:0 გახდა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ თავისივე მინდორზე, პარლამენტში დაამარცხა. საკონსტიტუციო სასამართლო მათი მინდორი იყო. რაოდენობით, კლანებითა თუ უკლანოდ პარლამენტზეც და სასამართლოზეც „ოცნებას“ აქვს სრული გავლენა. ამის მიუხედავად, სალომემ „ოცნებას“ გასვლითი მატჩი მოუგო. „ოცნებამ“ თავისი სურვილი ვერ აიხდინა _ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა. ზურაბიშვილმა გარანტიები მიიღო, რომ ვადის ამოწურვამდე ის იქნება ხელშეუხებელი პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის დივიდენდები დასავლეთის თვალში კვლავ ამაღლდა.
მარტივად ვიტყვი, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკაში ჩაუხედავი ბავშვები, ისე დაჯაბნა სალომე ზურაბიშვილმა. თან ეს მინიმალური რესურსების დახარჯვის ხარჯზე გააკეთა. ასე იმიტომ მოხდა, რომ მისი პოზიცია ემთხვევა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას. ეს იყო „ოცნების“ შიგნით მიმდინარე ბრძოლა, სადაც ერთმა პერსონამ დაამარცხა „ქართული ოცნება“.
ისიც ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, საქართველოს მოსახლეობაში მაღალი ავტორიტეტი არ აქვს. მას არ აღიქვამენ როგორც დამოუკიდებელ მოთამაშესა და ლიდერს. მე არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ის ლიდერი ან დამოუკიდებლად მოთამაშე გახდეს. სიმართლე გითხრათ, იმას რასაც დღეს ის აკეთებს, შეხვედრებსა და განცხადებებს ვგულისხმობ, ნიკა გვარამიას შეწყალებასაც, მათ შორის, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის ლიდერად ჩამოყალიბდეს. დღეს ასეთი ტენდენცია არ ჩანს. ხვალ არ ვიცი, რა იქნება. მთავარი ისაა, რომ საკუთარი თავის შეფასებით დიდი ენერგია მიიღო. მან მარტივად დაამარცხა „ოცნების“ დიდი რესურსების მქონე გუნდი, რაც პატარა ამბავი არ არის. ნებისმიერი ანალიტიკოსი იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის ოპონენტს თამაში მოუგო.
_ მთავარი პოლიტიკური თამაში 2024 წელს გაიმართება. ამ თამაშში რომელ ფლანგზე იქნება ქალბატონი სალომე?
_ დღეის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტი არანაირ ძალას არ წარმოადგენს. არც ის ჩანს, რომ მის გარშემო რაიმე პოლიტიკური გუნდი შეიკრიბება. მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა, დამოუკიდებელი არბიტრი იქნება არჩევნებზე. მას შეუძლია, დიდი როლი შეასრულოს იმაში, რომ 2024 წლის არჩევნები ობიექტურად და გაყალბების გარეშე ჩატარდეს.
_ ეს შესაძლებელია?
_ სწორად თუ მოიქცევა, შესაძლებელია. მას შეუძლია შექმნას დამატებითი ინსტრუმენტებიც, რათა არჩვნებს მიადევნოს თვალი. დასავლეთის თვალში მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენც მივიღებთ მოგებას.
_ ჩვენ რა მოგებას მივიღებთ?
_ ობიექტურ არჩევნებს. საქართველოს მოსახლეობას დღეს არ აქვს თვითმიზანი, რომ არჩევნები ვინმე პეტრიაშვილმა ან რომელიმე პარტიამ მოიგოს. ჩვენთვის ახლა მთავარია, არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდეს. ჩატარებულია არაერთი კვლევა და ძალიან კარგად ვიცით საზოგადოების განწყობები. ეს განწყობები ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს. არის იმის დიდი ალბათობა, რომ მომავალი პარლამენტი არ იქნება ორპოლუსიანი და იქ ბევრი პარტია შევა, რომელიც მხოლოდ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს ან დაიშლება და ახალი არჩევნები ჩატარდება. მთავარი არის, რომ ამას ხელი არავინ არ შეუშალოს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მისი სადამკვირვებლო მისია იქნება გრძელვადიანი, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მისია იქნება „ოცნებაზე“ დიდი ზეწოლა, რომ მან ობიექტურად ჩაატაროს არჩევნები. არჩევნებზე ფართოდ ოქნება წარმოდგენილი ევროპული სადამკვირვებლო მისიაც. ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად გუნდურად ითამაშებს ოპოზიცია. კონკურენცია რომ კარგი არ არის, ამას ამერიკაში დიდი ხანია, მიხვდნენ. დროა, ეს ჩვენც გავიაზროთ. წარმატება თუ გვინდა, პოლიტიკაში გუნდური თამაში უნდა ვისწავლოთ. მთელი ოპოზიცია დაინტერესებული უნდა იყოს სუსტი პარტიების წინ წამოწევით. ის პარტიები, რომლებიც 5%-იანი ბარიერის ზღვარზეა, მხარდაჭერილნი უნდა იქნენ. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ „ოცნება“ არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ოპონენტი. ის რუსული პოლიტიკის საყრდენია საქართველოში და ამიტომაა საჭირო მის წინააღმდეგ გუნდური თამაში.
_ რუსეთი ახსენეთ და რუსულ ფაქტორებზეც ვისაუბროთ. მომავლი წლის არჩევნებზე რუსული ფაქტორიც მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი. მასთან გამკლავება არ იქნება ადვილი.
_ რუსული ფაქტორი ფინანსების სახით აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ეს იქნება ბიუჯეტის ფული. ასევე წარმოდგენილი იქნება იმ ბიზნესმენების ფულით, რომლებიც ივანიშვილის გარშემო არიან გაერთიანებულნი. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, რომ ანტიდასავლური განწყობები გაჩენილიყო. ანტიდასავლურმა პროპაგანდამ წალეკა აქაურობა. ვინც კი გაიყიდა, ყველა იყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ძალიან დიდი ფული და ძალისხმევა დაიხარჯა ანტიდასავლური განწყობების გასაჩენად, მაგრამ ამ ფრონტზე „ოცნებამ“ ფიასკო განიცადა. ზოგიერთ კვლევებში გამოკითხულთა 90% მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს. ნატოს მხარდაჭერაც კი მაღალია. ეს კამპანიას „აბა ომი გინდათ“ უნდა შეემცირებინა, მაგრამ პირიქით მოხდა. ამით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინანსები ყოველთვის არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. ფინანსებმა უნდა შექმნას განწყობა, „ოცნება“ კი ვერანაირი ფულით პრორუსულ განწყობას ვერ ქმნის.
_ რუსულ სპეცსამსახურებზე რას ფიქრობთ? უმოქმედოდ იქნებიან?
_ უმოქმედოდ არ იქნებიან, მაგრამ სპეცსამსახურებმაც რა უნდა გააკეთონ? უკრაინის ომის გამო რუსული სპეცსამსახურები ძალიან ცუდ დღეში არიან. რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს საქართველოში, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. ამის იქით ისინი ვეღარაფერს იზამენ. მათი წარმატება წარმოუდგენელია. ვინც სჭირდებოდათ რუსებს, ისინი ან გადაბირებული ჰყავთ, ან ადრე ჰყავდათ გადაბირებული და ახლა მათ იყენებს. ამის იქით ვერ წავლენ. მთელ საქართველოს ვერ იყიდიან. საქართველოში ყველა არ იყიდება.
_ საბედნიეროდ, ყველა მართლა არ იყიდება.
_ აქედან გამომდინარე, რუსეთის სპეცსამსახურები ბევრს ვერაფერს იზამენ. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩნენ საზოგადოების მოღვაწეები, რომლებიც ქმნიან პროდასავლურ ამინდს. ასევე საჯარო სამსახურებში არის ხალხი, რომელიც ჩუმად, მაგრამ მაინც ქმნის სასურველ ამინდს. საჯარო სამსახურებში განსაკუთრებით წელიწად-ნახევარი ეცადნენ ანტიდასავლური განწყობების შექმნას და არ გამოუვიდათ. ერთ წელზე ნაკლებია დარჩნილი არჩევნებამდე და მეეჭვება, აქ პრორუსული განწყობა გაიზარდოს. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკს.
_ ძალისმიერ ჩარევაზე რას ფიქრობთ? რუსეთი არაფერზე უკან დამხევი არ არის და არც ძალის გამოყენების შერცხვება.
_ დღეს საქართველოს ყველაზე ნაკლებად ემუქრება რუსული აგრესია. რუსეთის აგრესიის ალბათობა საქართველოში ძალიან დაბალია. და ეს „ქართული ოცნების“ დამსახურება სულაც არ არის. ამას აქვს ობიექტური საფუძველი. რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები გადასროლილია უკრაინაში. მოსკოვს არ აქვს იმის საშუალება, რომ უკრაინიდან 1.000 კაცი მაინც წამოიყვანოს და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.
იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგობა დაძლიოს, რუსეთს, დაახლოებით, 70.000-80.000 კაცი სჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობის გაწევის ნება იქნება. წინააღმდეგობის გაწევის ნება თუ არ იქნა, რუსეთს, მინიმუმ, 40.000-იანი კონტინგენტი დასჭირდება სამხედრო ქმედების განსახორციელებლად. წარმატებულ სამხედრო ქმედებას ვგულისხმობ, წარუმატებელი უკრაინაშიც აქვს.
რუსებს კიდევ ერთი უბედურება სჭირთ: თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იწყებს ომს, ეს უნდა იყოს ან ძალიან ხანმოკლე, ან მან ოდნავ დიდი კონტინგენტი უნდა ჩააყენოს კავკასიაში, რათა კავკასია დაიჭიროს. საქართველოზე დარტყმა ნიშნავს რისკების გაზრდას კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ჯერ 40.000-იანი კონტინგენტი წარმოუდგენელია რუსებისთვის. თან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს თანამედროვე ტანკებით.
_ სადღა ჰყავს რუსებს თანამედროვე ტანკები? უკრაინაში საომრად უკვე სამუზეუმო ექსპონატები მიჰყავთ.
_ თანამედროვე ტანკები დიდი პრობლემა აქვთ, მხარდასაჭერად საჭიროა ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. საჭიროა ავიაციაც. ასევე უნდა შექმნან დიდი უპირატესობა არტილერიის თვალსაზრისით. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ. რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების საშუალება არ გააჩნია. აგრესია რომც გადაწყვიტოს, ეს არ მოხდება მოულოდნელად. მოსკოვს აღარ აქვს კავკასიაში ისეთი ძალები, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედებები.
_ თუ მაინც გადაწყვიტა აგრესია, მაშინ რა ხდება?
_ თუ მაინც გადაწყვიტა, კონტინგენტის ფორმირებას შეუდგება და მერე ამ კონტინგენტს გადმოისვრის კავკასიაში. ეს სწრაფად ვერ მოხდება და ამას, მინიმუმ, ერთი თვე სჭირდება. ან თავიდან უნდა შექმნას კონტიგენტი, ან უკრაინიდან უნდა მოწყვიტოს. არცერთი და არც მეორე არ შეუძლია. ერთი თვე საქართველოსთვის საკმარისი უნდა იყოს ეფექტიანი რეაგირებისთვის.
_ ეფექტიან რეაგირებაში რას გულისხმობთ?
_ ჩართოს თურქეთი, ნატო, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს არ აწყობს რუსეთის გავლენების გაზრდა კავკასიაში. რუსეთის გავლენის ბოლო ფორპოსტი კავკასიაში არის საქართველოს ხელისუფლება „ოცნების“ სახით. მეტსაც გეტყვით, დღეს რუსეთი ეკონომიკურად ჩვენზეა დამოკიდებული. საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისითაც ჩვენ შემოგვყურებს. გადაზიდვებიც და პორტებიც ჩვენს ხელთაა.
ჩვენ დღეს რუსეთთან არაფერი გვაქვს სახვეწარი. პირიქით, რუსეთია ჩვენზე დამოკიდებული. ამას რომ არ ვიყენებთ, ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. თავის დროზე, ამაზე აუცილებლად ჩატარდება გამოძიება და გაირკვევა, რატომ მოხდა ასე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო იღებდეს სარგებელს, ცალკეული ჩინოსნები ისქელებენ ჯიბეებს. ახლა რუსეთს ჩვენ უნდა დავყურებდეთ ზემოდან. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წყალობით პირიქითაა, რუსები თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ სალოცავში, საქართველოს მოქალაქე მოკლან.
სამხედრო ძალის გამოყენებას რუსეთი კიდევ ერთი მიზეზით მოერიდება: ეს არის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის სამხედრო ბაზა. როგორც კი რუსეთი რაიმე ტიპის აქტივობას დაიწყებს საქართველოს წინააღმდეგ, სომხეთი დროს იხელთებს და გიუმრის ბაზას გააძევებს. გიუმრის ბაზის დასასრული დაწყებულია, მაგრამ აგრესია დააჩქარებს. ასე რომ, რუსეთი საქართველოში დარჩენილია იმდენად, რამდენადაც მას „ქართული ოცნება“ უწევს ანგარიშს. სხვა მხრივ ყველა ხვდება, რომ რუსეთმა ბერკეტები დაკარგა. იმდენად დაუმძიმდა რუსეთს მდგომარეობა, რომ კავკასიაში დასარჩენად თავის ისტორიულ მტრებს, ირანსა და თურქეთს, სთხოვა დახმარება. 3+3 ფორმატიც არაფერს მოუტანს მოსკოვს.
_ ანუ რუსული გავლენისგან ვთავისუფლდებით?..
_ უკვე თავისუფლები ვართ. რუსეთს არანაირი გავლენა აღარ აქვს, რუსეთს რომ გავლენა აქვს, ეს მითი ჩვენ გამოვიგონეთ. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ რუსეთს არანაირი ბერკეტი აღარ გააჩნია, ის იმ დღესვე დამთავრდება საქართველოსთვის. ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
_ იმედია, რუსეთი თავადაც დასრულდება და აღარასდროს იარსებებს იმ სახით, რა სახითაც დღესაა წარმოდგენილი.
_ არც ეს დროა შორს. ასე რომ, რუსეთის გავლენები საქართველოზე დიდი აღარ არის. „ოცნებას“ მოსკოვი ვეღარ გაუწევს სათანადო დახმარებას. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ 2024 წლის არჩევნებში ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს.
გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს 3-0 მოუგო, თანაც ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან ღია დიალოგის ერთადერთ ხაზად ისევ სალომე რჩება. გასაგებია, რატომ არის „ოცნება“ იმდენად გაღიზიანებული, რომ ორი დღეა, პირდაპირ წყევლიან ზურაბიშვილს. ჯერ ერთი, სალომემ თავისი მიზნებისთვის გამოიყენა „ოცნების“ მთელი რესურსი, მოვიდა პრეზიდენტად და შემდეგ თავისი პოლიტიკის გატარება გააგრძელა, „ოცნება“ გამოიყენა და გადააგდო. მიუხედავად შეზღუდული რესურსისა, მოახერხა დასავლეთის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნება და „ოცნება“ თავისივე მინდორში, პარლამენტში დაამარცხა, შემდეგ ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი და „ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის ღერძად ივანიშვილი ამხილა, რითაც ივანიშვილის უსაფრთხო მომავალი თავის წონიან სიტყვაზე დაკიდა.
ბოტებისა და ტელეეთერებიდან ლანძღვა გინების გარდა „ოცნებას“ სხვა პოლიტიკური კომპეტენცია არ აქვს, მათი პოლიტიკის კეთება ძალიან უსუსურად გამოიყურება, ისინი საქმიანობენ არა როგორც პოლიტიკური გუნდი, არამედ რაიონული მაშტაბის ბიზნესმენის კორპორაციული ერთობა. არ გააჩნიათ საგარეო პოლიტიკური კავშირები, რუს პოლიტიკოსებთანაც კი. ამიტომ ერთმა მეტ-ნაკლებად მცოდნე პოლიტიკოსმა თავისი თამაში ათამაშა და ზუსტად ის აკეთებინა, რაც მას სურდა. „ოცნებამ“ თავისი „გენიალური“ სვლებით სალომე დემოკრატიისა და დასავლური ვექტორის დამცველად, კოლაბორაციონიზმთან უთანასწორო ბრძოლაში შესულ პრეზიდენტად აქცია.