მკვლელობა, რომელიც შეიძლებოდა, არ მომხდარიყო, ანუ ვინ არის პროკურორი ვაჟა თოდუა?

2013 წლამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. არც ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმე მისთვის პროკურატურას არ მიუნდვია. იჯდა თავისთვის „ნეტარად“ მცხეთაში და იყო მცხეთის პროკურატურის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი _ წყნარი და შეუწყნარებელი ვაჟა თოდუა.

2013 წლიდან მისი აღზევების დეტალები უცნობია და ნაკლებად გვაინტერესებს. საინტერესო ის საქმეებია (თითო-ოროლა, მაგრამ მაინც), რომელიც მას ხელისუფლებამ მიანდო. თუ როგორ შეასრულა ეს მეტად გახმაურებელი საქმეები, ამის შესახებ „ქრონიკა+“ მოგიყვებათ.

(საქმეთა ნუმერაცია ჩვენია, _ რედ.).

 

თოდუას საქმე #1 _ მკვლელობა, რომელიც შეიძლებოდა, არ მომხდარიყო

სოსო ჯოხაძე 2016 წლის აგვისტოში ფალიაშვილისა და რიგის კუთხეში მოკლეს. იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუხლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადარჩა. სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე, იგივე „ბადუკა“.

ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა დღის საათებში მოხდა. არ გასულა დიდი ხანი და ინტერნეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და ჯოხაძის ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის, 2001 წელს სასტუმრო „საქართველოსთან“ მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც, ორმხრივი სროლისას, სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

ფოტოს გამოჩენისთანავე წულუკიანმა განმარტება მისცა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ამოჭრილია დიდი ფოტოდან, სადაც მონაზვნის სულიერი შვილები იყვნენ ჩაის დასალევად შეკრებილი.

ძმებ გიორგი და სოსო ჯოხაძეების სახელი 2005 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. ერთ-ერთი ვერსიით, პლეხანოვისა და საბურთალოს „საძმოებს“ შორის დაპირისპირებას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა _ დავით ზირაქიშვილი და ნათია მთავრიშვილი. ისინი ვაკის საცურაო აუზთან საკუთარ ავტომობილში 2005 წელს ჩაცხრილეს. სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.

ჯოხაძის ძმა _ კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე, ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

სწორედ მაშინ დადგა საკითხი, რომ სოსო ჯოხაძის საქმეზე ერთ-ერთი პირველი დაეკითხათ გივი თარგამაძე, რომელმაც ჩვენება, თავის დროზე,  „კანონიერ ქურდ“ დავით გერლიანის საქმეზე მისცა. თარგამაძე სწორედ ამ ჩვენებაში ლაპარაკობს ძმებ ჯოხაძეებზე და საუბარში ბადრი ნათობაძესაც ახსენებს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნული ჩვენება გივი თარგამაძემ 2016 წლის ივნისში მისცა, 2016 წლის 2 სექტემბერს კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე სოსო ჯოხაძე ჩაცხრილეს.

გავშალოთ და დავაკონკრეტოთ თემა: დავით გერლიანის საქმეში პროკურორი იყო ვაჟა თოდუა. მისთვის მიცემულ ჩვენებაში გივი თარგამაძემ, გერლიანის გარდა, ვრცლად ილაპარაკა ძმებ ჯოხაძეებზე და ბადრი ნათობაძეზე. პროკურორი ვაჟა თოდუა სრულიად  სხვა მიმართულებით წავიდა და მთელი გამოძიება გერლიანზე გადართო, რომელზეც არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ იგი „კანონიერი ქურდი“ იყო და რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რომ სომხეთში გადასულიყო (იგი სომხეთის საზღვარზე აიყვანეს). ზუსტად ორ თვეში კი სოსო ჯოხაძემ ბადრი ნათობაძემ მოკლა (რომელთა შესახებაც გივი თარგამაძემ ვაჟა თოდუას ჩვენება მისცა). კიდევ რამდენიმე თვეში ვაჟა თოდუას მიერ „ჩასმული“ დავით გერლიანი ციხიდან გამოუშვეს მტკიცებულების არქონის გამო.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და გივი თარგამაძის მიერ ნახსენები ბადრი ნათობაძის სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ის ყოფილი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან მეგობრობდა.

ახლა დავით გერლიანის საქმეს დავუბრუნდეთ, სადაც ვაჟა თოდუა პროკურორი გახლდათ:

ოდესიდან საქართველოში ჩამოსული „კანონიერი ქურდის“, დავით გერლიანის, მეტსახელად „დათო სვანის“ საქმეზე თარგამაძის დაკითხვა სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა. „დათო სვანი“ ოდესის პოლიციამ დააკავა და ისე, რომ ქართველ კოლეგებს არც კი შეატყობინა, კიევი-თბილისის რეისით და „დავით ჩაჩიბაიას“ პასპორტით საქართველოში გამოუშვა. ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ საქართველოში დეპორტაციის შესახებ მხოლოდ გივი თარგამაძეს მიაწოდეს, რომელმაც იგი მალევე საკუთარ ფაცებოოკ გვერდზე გამოაქვეყნა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უკრაინელ კოლეგებს ოფიციალურად მოსთხოვა განმარტება, რატომ არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება საქართველოს შესაბამისი უწყებისთვის? საქართველოს შსს-ს უკრაინიდან განუმარტეს, რომ გერლიანის დეპორტაცია იყო მხოლოდ დეპორტაცია და მეტი არაფერი, რომ უკრაიანის მხარეს არ გააჩნია გერლიანის მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ თუ მტკიცებულება საქართველოს მხარეს აქვს, ეს მათი საქმეა. დავით გერლიანზე მტკიცებულებების შეგროვება კი დაევალა პროკურორ ვაჟა თოდუას.

ვინაიდან დავით გერლიანის საქართველოში შემოსვლის ვიდეო გივი თარგამაძემ თავის პირად გვერდზე ატვირთა, საქმეზე თარგამაძემ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცა. სწორედ ამ ჩვენებაში ისაუბრა მან სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.

თარგამაძემ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მუდმივ მონიტორინგს უწევს ქართველი „კანონიერი ქურდების“ გადაადგილებას, ამიტომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველოში სოსო ჯოხაძის ჩამოსვლის შესახებ. როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე იარაღის უკანონო ტარებისთვის სასჯელს იხდიდა (მან 2016 წლის აგვოსტოში დაასრულა სასჯელის ვადა), სოსო ჯოხაძე ამ დროს უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. მოკვლამდე ერთი კვირით ადრე მას მეორე შვილი შეეძინა და თბილისშიც ამ მიზნით იყო ჩამოსული. უკრაინაში დაბრუნებამდე თბილისში ყველგან ადვოკატთან ერთად გადაადგილდებოდა.

იმ დროს, როდესაც სოსო ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, გივი თარგამაძე ივნისში მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების დავალებით კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე საქართველოში ჩამოვიდა, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ხელშეუხებლობას შეჰპირდა და ოპოზიციონერებზე თავდასხმა დაავალა. ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ ჯოხაძეებს მათთან დაპირისპირებული ბადრი ნათობაძის დაპატიმრების გარანტია მისცა.

ეს ყველაფერი თარგამაძემ პროკურორ ვაჟა თოდუას უთხრა და შედგა კიდეც ოფიციალური დაკითხვის ოქმი.

„ბოლო თვეებში საქართველოში დაბრუნდნენ კრიმინალური ავტორიტეტები რომან გულბანი და სოსო ჯოხაძე. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მათი თანამზრახველების _ ირაკლი მალანიასა და გოჩა ვეფხვაძის დაბრუნებაც. ასევე, აგვისტოს თვეში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეწყალებაზე ვადაზე ადრე განთავისუფლდებიან სოსო ჯოხაძის ძმა გიორგი ჯოხაძე და მათი თანამზრახველი იკო ნოხაძე. სწორედ ამ დაჯგუფებას ჰპირდებიან მათი მოწინააღმდეგის, ბადრი ნათობაძის დაპატიმრებას. ყველაფრის სანაცვლოდ ამ ჯგუფს სთხოვენ ქალაქ თბილისში ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი დევნის განხორციელებას“, _ წერს გივი თარგამაძე საკუთარ ჩვენებაში.

ამ ჩვენებიდან ჩანს, რომ მოქმედი ხელისუფლება ჯოხაძეების კლანს მფარველობდა და ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევდა ბადრი ნათობაძის დაპატიმრების სანაცვლოდ. ჩვენებიდან ზუსტად ორ თვეში სოსო ჯოხაძე ვაკეში ჩაცხრილეს, ბრალდებული კი თარგამაძის მიერ დასახელებული ბადრი ნათობაძე აღმოჩნდა, ჩვენების მიმღები და „ჩამბარებელი“ _ პროკურორი ვაჟა თოდუა. მან ყველა დეტალი იცოდა და შესაბამისად, ისმის კითხვა, _ რეაგირება რომ მოეხდინა და გამოძიება სწორი კუთხით ეწარმოებინა, ამ მკვლელობას ხომ ავიცილებდით თავიდან?!

ამის სანაცვლოდ, პროკურორმა ვაჟა თოდუამ დავით გერლიანი ჩასვა (რომელიც გავლით იყო საქართველოში ჯოხაძისა და ნათობაძისგან განსხვავებით) და ეს გერლიანიც მალევე გამოუშვეს ციხიდან, ვინაიდან თოდუას მიერ შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ მტკიცებულებებად არ მიიჩნია. მეტიც, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს კულუარებში აქტიურად განიხილებოდა თემა, _ რატომ „დაიკიდეს“ ჯოხაძისა და ნათობაძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიცემული თარგამაძის ჩვენება?

დავით გერლიანის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ დაადასტურა, რომ გივი თარგამაძე საკუთარ ჩვენებაში საუბრობს სოსო ჯოხაძისა და ბადრი ნათობაძის შესახებაც, თუმცა პროკურორი იქვე განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის გერლიანის საქმესთან.

„გამოძიების პროცესში ნამდვილად დაიკითხა დეპუტატი გივი თარგამაძე. მან აღნიშნა, რომ დავით გერლიანი არის „კანონიერი ქურდი“, თუმცა ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია, არ დაუკონკრეტებია. გარდა ამისა, ის საუბრობს ისეთ საკითხებზეც, რომელსაც დავით გერლიანის საქმესთან შეხება არ აქვს. კერძოდ, მან ისაუბრა კრიმინალურ ავტორიტეტებზე და მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ამ კონტექსტში ახსენებს სოსო ჯოხაძეს და ბადრი ნათობაძეს, თუმცა ამ კონკრეტულ ინფორმაციას გერლიანის საქმესთან კავშირი არ აქვს“, _ აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.

ბარემ, დავით გერლიანის საქმე მოვათავოთ: 2016 წლის 8 დეკემბერს დავით გერლიანის სასამართლო პროცესისას, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში, სასამართლომ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ ცნეს და 15 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდანვე განთავისუფლდა. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს კი დაცვის მხარისთვის სრულიად ოდიოზური იყო, ვინაიდან ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით, ბრალდებულის წინააღმდეგ არც ერთ ეპიზოდში არ არსებობდა მტკიცებულება.

პროკურორ ვაჟა თოდუასთვის ეს დიდი ფიასკო გახლდათ.

 

თოდუას საქმე #2 _ ხუთი ბრალდებული და პოლიციასთანდაახლოებულიდაზარალებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ. ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ. მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი. ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი. ხ. თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს.

აღნიშნულის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2016 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აქ იკვეთება ერთი მეტად საინტერესო დეტალი! „დაზარალებული“, სავარაუდოდ, პოლიციასთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა, ხოლო საქმის პროკურორი (თავშივე აღვნიშნეთ, რომ სპეცოპერაცია პოლიციამ და პროკურატურამ ერთობლივად ჩაატარა) გახლდათ პროკურორი ვაჟა თოდუა.

სწორედ ეს განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა: მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

დაკავებულთაგან არც ერთი ბრალს არ აღიარებს და ხუთივე აცხადებს, რომ არავითარი გამოძალვა და თავისუფლების აღკვეთა არ ყოფილა. ამავე დროს, არც პროკურატურას არ აქვს ამის  დამადასტურებელი მტკიცებულება.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული „პოლიციასთან დაახლოებული პირი უნდა იყოს“, რასაც საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა უარყოფს და აცხადებს, რომ დაზარალებული არის უბრალო მოქალაქე, რომელიც ძალადობის, გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მსხვერპლი გახდა და არანაირი კავშირი პოლიციასთან არ გააჩნია.

 

თოდუას საქმე #3 _ ელისო კილაძის შვილი

ეს, შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა თოდუას ყველაზე სერიოზული საქმეა და ერთადერთი შანსი, თავისი  კარიერა გადაირჩინოს _ მან ჩახსნა საქმის სხვა პროკურორი და  სუს-ის  დავალება თავად  უნდა შეასრულოს. ზემოთ მოყვანილ საქმეებში არსად ფიგურირებდა ნარკოტიკები. არადა, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეებს მხოლოდ იმ პირებს ანდობენ, რომლებიც, მინიმუმ, ხუთი წელი არიან აღნიშნულ საქმეში. არც არის გასაკვირი _ დავით ხარშილაძის საქმე პოლიტიკურია და იგი ისეთ პროკურორს უნდა გადაეცეს, რომელიც ყველაფერზე წავა მის ბოლომდე მისაყვანად. ხელწერა აქაც იგივეა _ მტკიცებულებები ისვენებენ.

 

თამარ როსტიაშვილი