მიწის რეფორმის გამოწვევები და სირთულეები

აღიარებული ჭეშმარიტების თანახმად, მიწა ქვეყნის ძირითად რესურსს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ფართობის მიხედვით საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა, მიწის ფონდის ღირსება განისაზღვრება არა მხოლოდ სიდიდით, არამედ მისი ნაყოფიერებითა და აგრარული მრავალფეროვნებით, რითაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დაიკვეხნის.

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორია 69.7 ათასი კვ.მ.-ა. აქედან, 2009 წლის მონაცემებით, მიწის ფონდის მხოლოდ 43%, ანუ 2.99 მილიონი ჰა განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
სწორედ იმიტომაც, რომ ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, აუცილებელიც კია მიწის ფონდის ეფექტიანი მართვა.
რა კონკრეტული მექანიზმები არსებობს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი აგრორესურსის _ მიწის სამართავად და კონკრეტული პროცედურების დასარეგულირებლად?
ზოგადად, მიწა უვადო ეკონომიკურ აქტივად მიიჩნევა და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებრივი ეკონომიკისთვის.
მიწის რესურსები ყველგან და ყოველთვის მოიაზრებოდა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი დოვლათის წარმოების მყარ ეკონომიკურ საფუძვლად.
მიწის აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების მიღებაზე, შემდგომ ეს მოვალეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა, თუმცა შედეგები მაინც გაურკვეველი და ბუნდოვანია.
სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც უმთავრესი რაოდენობრივი რესურსის _ მიწის აღრიცხვასა და მის მონიტორინგს უზრუნველყოფდა, დღემდე უცნობი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები, როგორიცაა: ცვლილებები მიწის საერთო ფონდის სტრუქტურაში, ასევე ვინ არიან საქართველოს მიწის – როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მფლობელები?
რამდენია მათ შორის რეზიდენტი და რამდენია არარეზიდენტი?
როგორია მათი თანაფარდობა და ამ თანაფარდობის დინამიკა?
ასევე საინტერესოა, რა რაოდენობის ინტენსიური სავარგულია დღეს საქართველოში? მათგან რამდენია პრივატიზებული? რამდენი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში? და ა. შ.
საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიწა ეს უმთავრესი ეკონომიკური აქტივია, რომლის დაცვა და სწორად მართვა ქვეყნის ეკონომის გაძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომაც თანამედროვე მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი არ კეთდებოდეს, ანუ არ აკონტროლებდნენ მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკა), ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით არ აანალიზებდნენ მიწის კატეგორიებში მომხდარ რაოდენობრივ ცვლილებებს და არ სახავდნენ ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.
საქართველოში ეს საკითხი დღემდე გაურკვეველი და ბუნდოვანი რჩება.
გასული წლის მაისში ფერმერთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის გამო კანონპროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც გულისხმობდა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასა და კონკრეტული წესების გამკაცრებას. ეს საკითხი ერთბაშად ვერ გადაწყდა. თავად უმრავლესობაშიც ამ კანონპროექტმა და ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს მეტისმეტად დიდი სიმკაცრე იქნებოდა, რომელიც საინვესტიციო გარემოზე ცუდ ზეგავლენას მოახდენდა და დისკრიმინაციული იქნებოდა არაქართველი მყიდველისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.
ფერმერთა დიდი ნაწილის აზრით, მიწის უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე უპირობოდ გასხვისება გაუმართლებელი და მიუღებელია და აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი ცვლილებების გატარება, რომელიც დაარეგულირებს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებას.
აქამდე კონსტიტუციაში მიწაზე ჩანაწერი არ არსებობდა. მიწის გასხვისების საკითხს, მათ შორის, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არეგულირებდა კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს.
ამავდროულად, განსხვავებული იყო სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მიწის პრივატიზებისადმი დამოკიდებულება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნდა, ამიტომ მის დროს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ხშირად იაფად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე იყიდებოდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებდა.
2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მიდგომები მკვეთრად შეიცვალა და გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია მიწის კოდექსის შემუშავებამდე შეჩერდებოდა.
მიწის კოდექსი დღემდე არ არის მიღებული. სწორედ საგაზაფხულო სესიებზე იგეგმება ამ საკითხის გადაწყვეტა. ამასობაში კი გაურკვეველია, რა ბედი ელის ქართულ მიწებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების საკითხს უცხოელებზე?
2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა აუკრძალა.
თუმცა ეს წესი მალევე შეიცვალა. ამას ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ და ერთმა კონკრეტულმა პირმა შეუწყო ხელი, როდესაც იმავე წლის 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიღებული ახალი რეგულაცია ავსტრიის მოქალაქემ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ახალი ნორმა დისკრიმინაცული იყო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე განსხვავებულ რეჟიმს ადგენდა საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე (საკუთრება, უფლება) და მე-13 მუხლებს (თანასწორობა, უფლება). საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს პარლამენტის გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეზღუდვაზე არაკონსტიტუციურად ცნო.
2017 წლამდე ეკონომიკის სამინისტრო თავად განსაზღვრავდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა-არგაყიდვის საკითხს. ეს გადაწყვეტილება გავრცელდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პირებზე.
ამ პერიოდში სამინისტრო, ძირითადად, მიწებს გასცემდა იჯარით, კერძო პირებს კი შეეძლოთ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწები თითო ჰექტრობით არის დანაწევრებული და მსხვილი ფერმერები სავარგულის ერთიანად, დიდ ფართობზე ყიდვას ვერ ახერხებდნენ.
თუმცა სიტუაცია 2017 წელს ისევ შეიცვალა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა ახალი დოკუმენტი _ მორატორიუმი მიიღო და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე უცხოელებზე მიწის გასხვისება ისევ აკრძალა.
თუმცა სახელმწიფომ უფლება დაიტოვა, კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილება თავად მიიღოს და მან განსაზღვროს მიწების გასხვისების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში ქვეყნის მიწების 5%-ია. ბოლო 7 წლის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში, მთლიანობაში, ყველა სახის 37 386 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს, რაც 13 412 ჰა-ა.
ეს, ერთი შეხედვით, არც ისე დიდი მაჩვენებელია, თუმცა ქართველი ფერმერები სიფრთხილეს მაინც იჩენენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან რესურსს, ფლობდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირებული იურიდიული პირი.
მიწის კოდექსის მიღებისა და დამტკიცების აუცილებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ მსჯელობა ამაზე პარლამენტში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
რა შედეგების მომტანი იქნება მიწის კოდექსი საქართველოს ეკონომიკისთვის და რამდენად სამართლიანია ის პირობები, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს _ ეს არის მთავარი კითხვები, რაც აწუხებს საზოგადოებას და ამ თემით დაინტერესებულ პირებს.
ასევე ძირეული საკითხია, რამდენად იმოქმედებს ეს ცვლილებები და გამკაცრებული წესები საინვესტიციო გარემოზე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქრონიკა+“-ს სწორედ ამ თემებზე ესაუბრა, რომელმაც გარკვეული წესების შემოღების აუცილებლობასა და მიწის კოდექსის მიღების საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება:
„ვფიქრობ, თუ მიწა ათვისებული იქნება და ხალხიც დასაქმდება, ეს ცუდი არ არის, მაგრამ პირობები ძალიან მკაცრი უნდა იყოს. მათ შორის, უნდა განისაზღვროს ინვესტიციების მოცულობა (ჰა-ზე), გაყიდვა უნდა აეკრძალოთ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებამდე და ა. შ.
მიწების გასხვისების ეს პირობები მაქსიმალურად უნდა დადგინდეს და გამკაცრდეს.
როდესაც საინვესტიციო ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიწით სპეკულირების გამორიცხვას ვგულსხმობთ, მერე იმას, რომ ძალიან მოკლე პერიოდში მიწა ეკონომიკურად უნდა ამუშავდეს და მასზე საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ. მაგალითად, 2 კაცი ჰა-ზე. უნდა აიკრძალს უცხოელებისთვის სსმ-ს შეცვლა არასსმ-თი.
მიწის კოდექსის შექმნა, ვფიქრობ, გადაუდებელი ამოცანაა, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად უნდა განვიხილოთ და მივიღოთ“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს განცხადებას, სადაც შეფასებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება და ის კონკრეტული ცვლილებები, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების წესებში შევიდა:
„პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული ცვლილება თავისი შინაარსით, მიზნითა და კრიტერიუმებით იმეორებს 2013 წლის 28 ივნისის არაკონსტიტუციურად ცნობილ შეზღუდვას. გაუგებარია, საქართველოს პარლამენტის პოზიცია, კიდევ ერთხელ დააწესოს აკრძალვა და შეაჩეროს კონკრეტული მუხლის მოქმედება, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილია მოცემული ცვლილების არაკონსტიტუციური ხასიათი. ამასთანავე დაუსაბუთებელია შესაბამისი ინიციატივის მიზანი, არ არის წარმოდგენილი ამ ცვლილების შედეგად სავარაუდო ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის დოკუმენტი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე სპეციალური რეგულაციების დაწესება ცნობილია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისთვისაც, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტით არ შეიძლება გამართლდეს კანონის მიღება, რომელიც მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლები მიწის კოდექსთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებას თავს არიდებენ, ვინაიდან ეს კანონპროექტი ოფიციალურად, ჯერ კიდევ, არ არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად. საუბრობენ ასევე მიწის კოდექსის მიღების საჭიროებებსა და წინაპირობებზე.

მორატორიუმის განმარტებითი ბარათის თანახმად:
„საქართველო წარმოადგენს მცირემიწიან სახელმწიფოს, რომლის ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოდის. აქედან გამომდინარე, ამ დარგში სწორი და ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკურ-დემოგრაფიული საკითხების გათვალისწინებით. სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“. მოცემული მორატორიუმის განხილვის დროს არ წარმოადგინეს ამ ცვლილების შედეგად სავარაუდო ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის დოკუმენტი, შესაბამისად, სხვა სახის დასაბუთება ჩვენთვის უცნობია.
მიწის კოდექსის კანონპროექტის ინიციატორების ვარაუდით, მიწის კოდექსი ქვეყანას კიდევ ერთი წელი ვერ ექნება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ერთ-ერთ ინტერვიუში ამ გაჭიაუნურებული პროცესების მიზეზებზე საუბრობს:
„მიწის კოდექსზე მომუშავე ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს და შემდგომ განვიხილავთ. ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. მაშინაც და ამ შემთხვევაშიც მორატორიუმს ვუჭერ მხარს. მიმაჩნია, რომ მიწა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, განსაკუთრებული რესურსი და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. გამომდინარე იქიდანაც, რომ მიწა ამოწურვადი რესურსია, მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ“.
მმართველ პარტიაში იმედს იტოვებენ, რომ ორგანულ კანონს მაღალი ნდობა ექნება და სასოფლო-სამეურნეო მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში დარჩება.
თუმცა მაინც უცნობი და გაურკვეველია ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელი მფლობელობის ბედი და ის კონკრეტული წესები, რომელიც ამ მიწების გასხვისების პროცესს დაარეგულირებს უცხოეთის მოქალაქეებზე.
არადა, უკვე გაზაფხულია…

ანა ურუშაძე