მიშა „კრიშაზე“

მიშა დაიჭირეს. ვადევნებ თვალს რეაქციებს და ვფიქრობ, ამ ხალხს ან ქართულის მასწავლებელი არ ჰყავდა, ან ისტორიის? 11 წელი დეკრეტში იყვნენ თუ სად მოუსავლეთში?

ან ერთი რა შუაშია, ან მეორე? ქართული ენის მასწავლებელს უნდა ესწავლებინა ქართული ენის გრამატიკა, ისე მაინც, რომ დროებში გარკვეულიყვნენ _ წარსული, აწმყო, მომავალი. ვიღამ არ გამოაცხადა მიშა წარსულად, აქამდეც და ახლაც. თურმე, კაცი, რომელიც ზუსტად ახლა, აწმყოში, ამხელა მასშტაბურ მოვლენებს ქმნის და აგორებს ევროპის ამხელა ქვეყანაში, წარსული ყოფილა! და ეს ახლა, აწმყოში აგორებული მოვლენები რომ მომავალს განსაზღვრავს, ეგეც ვითომ არაფერი. აგერ, მისი ჩეროდან და მისი გინებით ციხიდან ახლახან გამოსული ამბობს, რომ მიშა მომავალს არ ასხივებს. რა უნდა თქვა? არაფერი. უბრალოდ, უნდა განერიდო. რატომ? თავად ფრიად ასხივებს და რადიაციას უნდა მოერიდო.
რასაც მე ვუყურებ, მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ, _ ამ ქვეყანაში იშვიათად თუ ვინმეა მზად, თვალი ადევნოს ისტორიულ მოვლენებს. როგორც ჩანს, ჩვენ ისე გავპაბსავიკდით, რომ ისტორიის, ოსტორიული მოვლენების არსებობის აღარც გვჯერა და მხოლოდ იაფფასიანი პოლიტიკური ბრძოლების, ინტრიგების მაყურებლებიღა ვართ და იმათ ვგავართ, ბერძნულ თუ შექსპირულ ტრაგედიებს რომ საპნის ოპერების არშინით ზომავს და უყურებს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა კიევში ბოლო კვირის მანძილზე განვითარებულ მოვლენებში. მოკლედ გავიხსენოთ დინამიკა: იჭერდნენ მიშას. ატყდა გნიასი და ჟღურტული, კუნტრუში, „ტუფლებიდან“ „უნასკოდ“ ხტომა, _ აიიი, მიშას იჭერენ! აი, გამოიყვანეს! გამოიყვანეს და ვერ წაიყვანეს და ახლა ახალმა ისტერიამ იფეთქა _ ყველაფერი დადგმულია, ეს სპექტაკლია. თქვე პინგვინაძაღლებულებო, თუ დადგმული სპექტაკლი იყო, თავიდან რად არ თქვით, რად გვიმალავდით? ან რა გიხაროდათ? რას იხევდით ტანზე მამასისხლად ნახევ ჭინჭებს? მერე მოხდა ის, რაც მოხდა, მიშა დაიჭირეს და ყველა გაიყურსა, აღარავის უხსენებია, რომ „დადგმული სპექტაკლი“ იყო. ვიღას ახსოვდა „დადგმულსპექტაკლობა“, აქეთ სიხარულს ვერ მალავდნენ, იქით _ სიბრალულს. მე თუ მკითხავთ, ამ ორ ემოციას ამ შემთხვევაში ერთი რამ კვებავს _ ინფანტილიზმი და ზემოთ ხსენებული პაბსავიკობა. არც ისაა გარტყმაში, ვისაც მიშას დაჭერა უხარია და არც ის, ვისაც მიშა ეცოდება. ჯერ ერთი, ისტორიას არ უყვარს საცოდავები და არც ჩვენ გვიყვარს საცოდავები ისტორიაში. რას სჭირს მიხეილ სააკაშვილს ვინმეს შესაცოდი? ის მზად იყო და მზადაა ამ ყველაფრისთვის. გეცოდებოდეს სააკაშვილი ამ ისტორიულ ბრძოლაში, იგივეა, რომ გეცოდებოდეს ანანიაშვილი ცეკვისას, ან შეგცოდებოდათ გაფრინდაშვილი ჭადრაკის თამაშისას. დიახ, ციხე მძიმეა, მაგრამ არც ბალეტის ცეკვა (ყოველ შემთხვევაში, ისე ცეკვა, როგორც ნინო ცეკვავდა და ცეკვავს), ან ჭადრაკის თამაშია (ნონასავით თამაში) იოლი!
იქნებ, ამიხსნას ვინმემ, რა სჭირს მიშას ვინმეს შესაბრალი? არ იცოდა, რაზე მიდიოდა და შარში ამოყო თავი? მიშა და მიშასნაირები არც ციხეში არიან საწყლები და საბრალონი და არც პრეზიდენტის სავარძელში. ეს მათი არჩევანია და ის ასპარეზია, სადაც ასპარეზობენ. მისდამი სიყვარულისა თუ სიძულვილის მიუხედავად, იქნებ, გაისიგრძეგანოთ როგორმე, რომ ის, უბრალოდ, თქვენი საძულველი, ან საყვარელი პოლიტიკოსი კი არა, ისტორიული პერსონაჟია და ცხოვრობს, მოქმედებს და იბრძვის ისტორიული პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ლოგიკით. დიახ, პოროშენკოს მიერ დაპატიმრებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისტორიული პერსონაჟია, ისტორიულ პროცესშია, ისტორიულ ბრძოლაშია _ თევზი წყალშია. დიახ, ციხეც წყალია მისთვის და ასე რომ, ნურც ძალიან გაიხარებთ ქოცნი ამა სოფლისანი და ნურც მისი მომხრეები ჩაიძირებით სევდის მორევში. ნურც „კრიშის“ მოტივებზე იღლიცინებთ მეტისმეტად, ისევ თქვენ გამოიყურებით სასაცილოდ. თქვენ მას დასცინით, თქვენ კი ისტორიაც დაგცინით და ჩვენც. რა სჭირს მას თქვენი დასაცინი, მიდასის ხელი აქვს, წამიერად სახურავიც კი ბრძოლის იარაღად აქცია. სცადეთ, ადით თქვენც „კრიშაზე“ და რა მამალ პინგვინსაც დაიჭერთ, თქვენთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ მოგახსენოთ, მოვა დრო, შეიცვლება ხელისუფლება, თქვენც მოგადგებიან დასაჭერად და იმასაც ვიხილავთ, ვინ აღუდგება წინ თქვენს დაჭერას, ვინ დაუწვება იმ მანქანას, სადაც თქვენ ჩაგსვამენ, იმასაც ვნახავთ, რამდენი ათასი კაცი გამოვა და არ გაატანს თქვენს თავს. ვნახავთ, ვინ დაისისხლიანებს თავპირს თქვენ გამო. ვნახავთ. არაერთხელ გვინახავს და კიდევ ვნახავთ. ასე უფრო გაიგეთ, ხომ? აქვე იმასაც გეტყვით, რომ სჯობს, ისევ თქვენთვის სჯობს, შეეშვათ მიხეილ სააკაშვილს, თორემ მოგინელებთ, გაგაგიჟებთ, მართლა „კრიშას“ აგხდით, ან თქვენ აგიყვანთ „კრიშაზე“ სულ სხვა განზრახვით, საზოგადოდ, რისთვისაც მიშამდე ასულან სხვები. მიხვდით და შეიგნეთ, რომ ვერ უძლებთ მის ვოლტაჟს. გადაიწვებით. ხომ ხედავთ, რომ გწყენთ, არა?
თუმცა ერთიცაა, ქოცებისგან სხვაგვარი რეაქციები გასაკვირიც კი იქნებოდა და ქოცური ლოგიკის შესაბამისად, არც რამე იყო მათ რეაქციებში ახალი _ ვერ იტანენ, სძულთ მათი მთავარი მოწინააღმდეგე, მათი მენტალიტეტის ჩა-მრეცხავი და უხარიათ ყველა ის წამი და მომენტი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით აზიანებს მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ ქოცებს რას ვერჩით, როცა მათ ჟინით და გაშმაგებით არც ისინი ჩამორჩებოდნენ, რომლებსაც მიშას ფოტო ცოტა ხნის წინ ხატად ედო და წლობით თავს ურახუნებდნენ. რა უცებ გამოვიდნენ რელიგიური ექსტაზიდან. მართლაც და ვაი, მათ პატრონს, ვინც არ უნდა იყოს ის. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ პატრონებს იცვლიან „ნასკებივით“…
ჭიპილიას ცოლივით შეიცხადეს მიშა „კრიშაზე“. მე, მაგალითად, დავინახე „კრიშაზე“. ოდნავაც არ გამკვირვებია.
მითხრეს, _ რომ დაიჭირონო? _ მერე რა, დაიჭირონ, კაი ჩიტს დაიჭერენ-მეთქი.
გამოიყვანესო. ჯერ გაიყვანონ-მეთქი.
_ ვერ გაჰყავთო. არც ეს გამკვირვებია, არც ფინალი გამკვირვებია. ესაა კაცი, რომლისგანაც არაფერი უნდა გაგიკვირდეს. ყველაფრისთვის მზადაა და სპონტანურად თხზავს ისტორიას, მიქელანჯელოს ჟინით აქანდაკებს მოვლენებს.
მოდუნდით, მოეშვით, თვალი ადევნეთ ისტორიას და ნუ მატრაკვეცობთ პროგნოზებით, „კრიშაც“ რომ გადაიძროთ, ვერ გაარტყამთ, თქვენ რა იცით, რა დაარტყამს ათი წუთის მერე თავში და რას მოიმოქმედებს?
თუ ისტორიულ პროცესებში მონაწილეობისთვის ბერწები ხართ, შეეჩვიეთ ისტორიული პროცესებისთვის თვალის დევნებას მაინც. მარტივ რამეს შეგახსენებთ და გკითხავთ.
მიშას არგინებისთვის იჭერენ და არ უშვებენ, თუ არ აგინე. მიშას გინებისთვის უშვებენ. ახლა გეკითხებით, ვის უნდა აგინოს მიშამ, რომ გამოუშვან? არსებობს ასეთი ვინმე? აი, ამიტომაა ის პირველკაცი და ისტორიული პერსონაჟი. განსხვავებას, იმედია, ხედავთ. და, ალბათ, იმასაც ხვდებით, რომ სადაც არ უნდა იყოს ის, ციხეში თუ გარეთ, მისი მტრისთვის და მოწინააღმდეგისთვის სასურველი არც ერთი ვარიანტია. მის გამოსხივებას კი სწუნობენ, მაგრამ ის მუხტსა და ენერგიას ასხივებს საკნიდანაც და გარეთაც ასხივებდა და მუხტავდა მასებს.
მისგან დამუხტულ ხალხს ვხედავთ და ეგებ, როგორმე თქვენ მიერ დამუხტულნიც დაგვანახოთ. და, იქნებ, ოდესმე მიუტევოთ მიშას, რომ ის ხალხს უყვარდა და უყვარს აქ, საქართველოშიც და იქ, უკრაინაშიც და იქნებ, ხალხსაც აპატიოთ, რომ მიშა უყვართ და არა თქვენ? ისე, მართალი გითხრათ, ეგ პატიების ის ნაირსახეობაა, რომელიც ისევ თქვენ გჭირდებათ, თორემ არც მიშას და არც ხალხს ეგ თქვენი პატიება არაფერში სჭირდება და სულ ცალ „კრიშაზე“ ახატია. თქვენი ბუნტი და ჯანყი სხვა არაფერია, თუ არა ის, მანქანის ნაწილები რომ უბუნტდებიან მოტორს. მაგ მოტორის გარეშე ვინც გაჩაქჩაქებთ ბუქსირით, მაგასაც ვხედავთ.
მიშას დაჭერის გამო სიხარული სულმოკლეობაცაა და ჭკუამოკლეობაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაადრევია. მიშას დაჭერის გამო სიბრალულიც უადგილო და უსაფუძვლოა. და, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია. თქვენ მაგ ლოგიკით, ალბათ, ციხეში გამოკეტილ მაჰათმა განდისაც შეიბრალებდით და ბრძოლის ველზე გაჭრილ მაკედონელსაც. ნუ შეგიყვანთ შეცდომაში ის ფაქტი, რომ ნამდვილი პოლიტიკოსები, მით უფრო, ისტორიული პერსონაჟები ყველანაირად ცდილობენ, თავიდან აირიდონ პატიმრობა. დიახ, მათ არ სურთ ციხეში, რადგან იზღუდება მათი ასპარეზი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ციხისთვის არ არიან მზად, ან ეშინიათ ციხის. მათგან განსხვავებით, პოლიტიკანები და ვაი-ვუი-პოლიტიკოსები იქით ცდილობენ, ვინმეს თავი დააჭერინონ, რომ როგორმე გაგანდდნენ და გამანდელდნენ. საილუსტრაციოდ გაგახსენებთ, როგორ ცდილობდა ქალბატონი ბურჯანაძე, რომ როგორმე მიშას დაეჭირა და როგორ არ დაიჭირეს ჯიბრზე… ვაიპოლიტიკოსებს ავიწყდებათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება _ ციხე არ ქმნის არც მანდელას, არც განდის. ისინი ციხეში შესვლისთანავე იყვნენ განდი და მანდელა. ესაა, თორემ, ვირი გინდა ალაზნის პირას დააბი, გინდა _ სენის ნაპირას, მაინც ვირად დარჩება და ბონჟუღო, არ დაგიყროყინებს.
ვიმეორებ, ლიდერებს, ჭეშმარიტ პოლიტიკოსებს, მით უფრო, უკვე ისტორიის კუთვნილ პერსონაჟებს ნამდვილად არ უნდათ ციხეში მოხვედრა, მაგრამ ციხე მათ ვერც აშინებს, ვერც აჩერებს და ვერც ვერაფერს აკლებს.

რეზო შატაკიშვილი