მთავრობის 604-ე დადგენილება და მოშლილი მუნიციპალიტეტები

კარგი იყო კომუნისტების დრო, არც არჩევნები აწუხებდა ქვეყანას, არც დეცენტრალიზაციის აუცილებლობა, ყველაფერი დამოკიდებული იყო ცეკა-სა და მოსკოვზე. საჭირო გახლდათ სოფლის შენება? _ ცეკა ადგენდა. ვინ ეკითხებოდა ხალხს? _ არავინ. საჭირო იყო გზების გაყვანა? _ ცეკა ვერ წყვეტდა? მოსკოვი გადაგიწყვეტდა და აი, ასე ვიყავით ყველანი ერთ კოლბაში და ჩვენს ნაცვლად ვიღაც ფიქრობდა, ვიღაც წყვეტდა, ჩვენს მშობლებს არავინ ეკითხებოდა, რა უნდოდათ და როგორ?

ნეტავ, რა ხდება ახლა? ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებას? მართალია, ვირჩევთ, თანაც 2 ტური გვჭირდება, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არჩეულ მერებსა და გამგებლებს მაინც ისე ექცევა, როგორც რაიკომის მდივნებს.
რატომ არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებებს? იმიტომ, რომ ისინი ხშირად ჩვენ გარეშე წყვეტენ, რა გვჭირდება, რომელი პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებმა მანკიერი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და ადგილობრივი ბიუჯეტები კვლავ მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე მიიღეს.
ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ წლევანდელი წელი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით რთული რომ აღმოჩნდა, ამას უკვე მთავრობაც აღიარებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 600 მილიონზე მეტით სწორედ აუთვისებლობის გამო მცირდება.
განაწილებული 250-მილიონიდან მხოლოდ 146 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა.

ბოლო სამი წლის საკასო შესრულების მონაცემები ასეთია:

2015 წელი – 91,5%, 2016 წელი – 91,5%, 2017 წელი – 85,3%. წელს კი მუნიციპალიტეტები ჯამურად 60%-იან ნიშნულს გაჭირვებით მიუახლოვდნენ.
ის, რომ თანხების ათვისებაზე პასუხისმგებლები, ოფიციალურად, თვითმმართველობები არიან, ეს ცხადია, მაგრამ რა მოხდა წელს? რატომ იყო ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი 2018 წელს საგანგაშოდ დაბალია?
როგორც ირკვევა, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის, ერთი შეხედვით, უწყინარი დადგენილებაა, დადგენილება, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ჩააგდო.
ახალი დადგენილების მიხედვით მუნიციპალიტეტები დაავალდებულეს, უკლებლივ ყველა სატენდერო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესათანხმებლად გააგზავნონ. არადა, მთავრობას რომ ჰკითხო, მუნიციპალიტეტებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და ფინანსების გადაცემისთვის ემზადება.
საქართველოს კონსტიტუცია კი გვეუბნება, რომ „თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში“.
რა წერია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც?! კოდექსი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებებს მკაფიოდ მიჯნავს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ცენტრალურ ბიუჯეტში აკუმულირებული თანხაა, რომლითაც რეგიონებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება. ის უფულო მუნიციპალიტეტებისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთ წყაროს წარმოადგენს იმისთვის, რომ ადგილებზე გზის, წყლის, კანალიზაციის, საბავშვო ბაღისა თუ სხვა პრობლემები, მეტ-ნაკლებად, მოაგვარონ.

ფონდის განაწილების სქემა

მუნიციპალიტეტი ადგენს პროექტს, წარუდგენს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობს. კომისია იწონებს პროექტს, რომელიც შემდეგ მთავრობაზე გადის დასამტკიცებლად და მხოლოდ ამის მერე მუნიციპალიტეტები რეგფონდიდან დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ ტენდერებს და პროექტების განხორციელებას იწყებენ.
როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარე წელს რეგფონდიდან, ჯამურად, 250 მილიონის პროექტები დაფინანსდა. 10 დეკემბრისათვის კი 146 მილიონი ლარი იყო ათვისებული, ხოლო 104 მილიონი, წლის დასრულებამდე 2 კვირით ადრე, ჯერ კიდევ დასახარჯი რჩებოდა, 54 მილიონის ათვისება მთავრობამ ასეთი ფორმით გადაწყვიტა, მუნიციპალიტეტებს საგანგებო გადაწყვეტილებები მიაღებინა და სწორედ ასეთი გადაწყვეტილებით მოხდა, რომ 54 მილიონი ლარი არავითარი ტენდერის მეშვეობით არ გაუსხვისებიათ. იქ მარტივი ხელშეკრულებები დაუდეს პიდაპირი გზით მათთვის სასურველ კომპანიებს.
მართებული იქნება იმის აღნიშნვაც, რომ ყოველწლიური არჩევნების პერიოდი, რომელიც, ძირითადად, პირველ და მეორე ტურებს მოიცავს, წელიწადის 5 თვეს მაინც ართმევს მუნიციპალიტეტებს. ამ დროისთვის კი მუნიციპალიტეტებს უფლება არ აქვთ, ბიუჯეტში ფული გაატოკონ, შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ქვეყანა ამ მიმართულებით გაყინულია, ისმის კითხვა, _ როგორ შეიძლება განვავითარო მე ჩემი მუნიციპალიტეტი?
დღეს მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ არა დამოკლეს მახვილის მაგვარ 604-ე დადგენილებას, რომელიც მუნიციპალიტეტებს აბსოლუტურად აჩერებს და ინერტულს ხდის.
მთავრობამ უნდა აირჩიოს: ან სურს თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია, ან _ არა და ცენტრალიზებულად გადაწყვიტოს და ფარად ნუღარ გამოიყენებს მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას.

მაკა მოსიაშვილი