მთავრობა შემცირებაში მოყოლილ თანამშრომლებს ბიუჯეტიდან მილიონებს ურიგებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მორიგი ხმაურიანი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ, მთავრობის სამინისტროებიდან ადამიანების განთავისუფლების საკითხების შესწავლასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული კომპენსაციების თემას ეხება. შედეგები შთამბეჭდავია _ მთავრობის სამინისტროებიდან, ბოლო 4 წელიწადში, 26 510 პირი განთავისუფლდა, ბიუჯეტს კი კომპენსაცია 12 350 293 ლარი დაუჯდა.

 

„ქრონიკა+“ ესაუბრა გამოქვეყნებული მონიტორინგის: „საქართველოს მთავრობის სამინისტროების საშტატო პოლიტიკა 2013-2017 წლებში“ თანაავტორს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტს, მარიამ ფირცხალაიშვილს:

 

_ მარიამ, რა წინაპირობები გახდა მიზეზი, ორგანიზაციას მთავრობის სამინისტროების საკადრო პოლიტიკის შესწავლა მოეხდინა და რა აჩვენა კვლევის შედეგებმა?

_ ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ შრომით-სამართლებრივ დავებზე და მუდმივად ვახდენთ შეფასებას არსებულ ტენდენციებთან მიმართებით. წარმოდგენილი მონიტორინგის ჩატარების საფუძვლები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველი: გვაინტერესებდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებში, რა შრომით-სამართლებრივი საკადრო პოლიტიკა გააჩნია მთავრობას. მეორე: რამდენად არსებობს საჯარო სამსახურში კარიერული ზრდის საშუალებები და მესამე, სასამართლოს მონაცემთა გადამოწმების სურვილი, როდესაც შრომით-დავების სტატისტიკა, ბოლო პერიოდში, ყველაზე კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. მაგალითად, ორგანიზაციამ გამოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წელს, ადმინისტრაციულ კოლეგიაში, შრომითი ურთიერთობებიდან გამოდმინარე, სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით 1439 სარჩელი დარეგისტრირდა. 2015 წელს დაფიქსირდა 1460 რეგისტრირებული სარჩელი, ხოლო 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემით რეგისტრირებულია 782 სარჩელი. ამდენად, ორგანიზაციამ მთავრობის ყველა სამინისტროს წერილობით მიმართა და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რაც ეხებოდა თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, განთავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული თანმდევი პროცესების: სამსახურში აღდგენის, კომპენსაციის გაცემის, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებს. მონიტორინგის პროცესი ეხებოდა 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ივნისამდე პერიოდს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე კომპლექსურად და ერთიანად შესწავლილ იქნა დასახელებულ საკითხებზე მთავრობის სამინისტროებში არსებული მდგომარეობა, რაც ვფიქრობ, გადასახადის გადამხდელი საზოგადოებისთვის, სათანადო დასკვნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია.

_ რა გამოკვეთა შედეგებმა და როგორ შეაფასებდით მთავრობის სამინისტროების საკადრო პოლიტიკის მიმართულებებს? სამართლიანია იგი, თუ პროფესიონალები გაედინებიან? ნეპოტიზმის საფუძველზე ახალი კადრები მიიღება, თუ განთავისუფლებები მომხდარია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წმინდა სამართლებრივი საკითხებიდან გამომდინარე?

_ შესწავლილი შედეგების მიხედვით დგინდება, რომ 2013-2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის სამინისტროებიდან, საერთო ჯამში, განთავისუფლდა 26 510 ადამიანი. აქედან,  შესაძლებელია გამოიყოს 5 სამინისტრო, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ყველაზე მეტი თანამშრომელი _ 14,540 პირი _ განთავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან _ 7954 პირი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან _ 1621 პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან _ 449 პირი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან _ 350 პირი. თანამშრომელთა განთავისუფლების ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა შტატების შემცირება-რეორგანიზაცია, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, დისციპლინური გადაცდომა და პირადი განცხადების საფუძველები. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში მთავრობის სამინისტროებიდან შტატების შემცირება/რეორგანიზაციის მიზეზით დათხოვნილია 181 პირი, სამსახურის ვადის გასვლის გამო _ 313, დისციპლინური გადაცდომის გამო _ 34, ხოლო პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა 1597-მა თანამშრომელმა. მაღალია თანამშრომელთა დანიშვნის მაჩვენებელიც. 2013-2017 წლებში, მთავრობის სამინისტროებში, საერთო ჯამში, დაინიშნა _ 25 895 თანამშრომელი. აქედან, ყველაზე მეტი დასაქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროში _ 14 519, ყველაზე მცირე _ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში _ 14 პირი. რაც შეეხება დაწინაურების მაჩვენებელს, რაც სამინისტროების მხრიდან კადრების განვითარების, მათი პროფესიული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობას გულისხმობს, დაბალია. სამინისტროებში, ამ ხნის განმავლობაში, სულ დაწინაურდა 14 440 თანამშრომელი, რაც, თავის მხრივ, მთავრობის სამინისტროებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაბალია. ამასთან, თანამშრომელთა დაწინაურების ნაწილში ლიდერობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნულ უწყებაში 2013-2017 წლებში, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა შემთხვევაში, ჯამში დაწინაურებულია 13 069 პირი, ხოლო დარჩენილი 1371 პირი დაწინაურდა დანარჩენი 17 სამინისტროს შემთხვევაში, რაც მიუთითებს იმას, რომ მთავრობის ცალკეულ სამინისტროებში ნაკლებად შეინიშნება კადრების კარიერული ზრდის ტენდენციები. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, _ შეუძლებელია დადგინდეს, ოფიციალური მონაცემების მიღმა, განთავისუფლებების საფუძველი იყო ნეპოტიზმის მომძლავრება, თუ სხვა რაიმე გარე ფაქტორები, თუნდაც პოლიტიკური თუ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია. აღნიშნულზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ამ საკითხებზე კვლევა უნდა მოხდეს თითოეული ინდივიდუალური ქეისის გათვალისწინებით, მისი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. შესაბამისად, ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ამ შემთხვევაში, სრული მონაცემები და საკითხის სამართლებრივი მდგომარეობის წარმოჩენა იყო.

_ რა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს ცალკეული თანამდებობის პირთა მიერ გაფორმებული განთავისუფლებები და რომელი სამთავრობო უწყებები ლიდერობს ამ მიმართულებით?

_ დიახ, მონიტორინგის ინტერესს წარმოადგენდა, დაგვედგინა, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად, თუ რამდენი თანამშრომელი აღდგა თანამდებობაზე. იკვეთება, რომ სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება გამოიტანა 43 პირის მიმართ. აქედან 42 შემთხვევაში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო 1 გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა კონკრეტულ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის გამო. მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე მეტი _ 24 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გვხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში. ამასთან, განთავისუფლებული თანამშრომლის მიმართ კონპენსაციის, დახმარების ან/და იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურების მიმართულებით, ყველაზე მოცულობითი თანხები გაიცა თავდაცვის სამინისტროს მიერ _ 11 749 241 ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან _ 257 830 ლარი,  შინაგან საქმეთა სამინისტროდან _ 94 895 ლარი, ჯანდაცვის სამინისტროდან _ 57 360 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან _ 56 860 ლარი, ფინანსთა სამინისტროდან _ 53 540 ლარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან _ 48 567 ლარი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროდან _ 32 000 ლარი. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში, მთავრობის სამინისტროების მხრიდან კომპენსაციისა და იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურების მიზნით გაცემულია 12 350 293 ლარი.

_ აპირებთ თუ არა კვლევის გადაგზავნას მთავრობის, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ?

_ დიახ, ორგანიზაცია გეგმავს, კვლევა მიაწოდოს საქართველოს მთავრობას და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს. ამჟამად ქართულენოვანი რედაქციის თარგმნის პროცესში ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მონიტორინგი მომზადდა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლოებში, ჩვენ შებოჭილი არ ვყოფილვართ რომელიმე დონორი ორგანიზაციის საპროექტო ვალდებულებებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კვლევას აქვს საქმიანი დოკუმენტის პრეტენზია და მიუკერძოებლობის ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების ობიექტური ანალიზისთვის. ამ მიმართულებით ვაპირებთ, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ და გავააქტიუროთ.

 

თამარ ბატიაშვილი