მთავარი 2017-ში: პოლიტიკური მიმოხილვა

2017 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ალბათ, უმჯობესი იქნება, თვალი გადავავლოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლითაც გამოირჩეოდა ეს წელიწადი.

ცნობისთვის: ეს ის მეოთხე წელიწადი იყო, უმაგრესი და უწარმატებულესი, რომ უნდა ყოფილიყო. მართალია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012-ში მოვიდა, მაგრამ წლის ბოლო იყო და ორი თვე რა ჩასათვლელია? ქვეყნის რეალური მართვა ივანიშვილმა, თავის გუნდთან ერთად, 2013 წლიდან დაიწყო. მომავალი წელი უკეთესი იქნებაო, _ გვითხრა ივანიშვილმა, იმის მერე კიდევ უკეთესი და უკეთესიო. ოთხი წლის მერე კი საერთოდ გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვრებთო. ე. ი. წელს უნდა გავბრწყინებულიყავთ.
ისე, საინტერესოა, ბევრს იცნობთ თქვენ გარშემო „გაბრწყინებებულს“? ჩემ გარშემო, რატომღაც, ვერავის ვამჩნევ განსაკუთრებულ ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას, უფრო _ პირიქით. ლარმა გაუფასურების რეკორდები მოხსნა, საწვავი ამის გამო კატასტროფულად გაძვირდა. ბენზინს დღეს ისეთივე ფასი აქვს, როცა ბარელი ნავთობი 100 დოლარი ღირდა. დღეს ბარელი ნავთობი, დაახლოებით, 60 დოლარი ღირს, მაგრამ ქართველ მენავთობეებს და მათ კარტელურ მონოპოლიებს ეს არ ადარდებთ. როცა არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვიან, _ რა ვქნათ, ლარის კურსის ბრალია ყველაფერიო.
იგივე ხდება ფარმაცევტულ მონოპოლიებშიც. ნებისმიერი წამალი, რომელიც საქართველოში იყიდება, რვაჯერ და ათჯერ ძვირი ღირის, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არავინ ებრძვის მონოპოლისტებს, ხოლო თავად მონოპოლისტები პარლამენტში ბრძანდებიან და მაჟორიტარულ სისტემას იცავენ კბილებით, რათა მთელი ცხოვრება დეპუტატები იყვნენ და მთელი ცხოვრება თავიანთი კარტელური მონოპოლიების ლობირება მოახდინონ. მათაც თუ ჰკითხავთ, რატომაა ასეთი ძვირი წამლები საქართველოში, გეტყვიან, რომ ეს მათი ბრალი არაა, ლარის გაუფასურებაა ყველაფერში დამნაშავე.
როცა საწვავი ძვირდება და ძვირდება პირველადი მოხმარების მედიკამენტები, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის ძვირდება ცხოვრება. ფასების მატებასთან ერთად, თუ არ მატულობს ხელფასი, არადა, ის პარლამენტის და მთავრობის გარდა, არსად მატულობს, მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად უარესდება.
როგორ გაბრწყინდა ჩვენი ცხოვრება 2017 წელს, ამაზე შესანიშნავად მეტყველებს სტატისტიკის ეროვნული სამსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის სესახებ, რომ, ჯერ კიდევ, წლის პირველ ნახევარში გაძვირდა, პრაქტიკულად, ყველაფერი _ უპირველეს ყოვლისა, სურსათი:
თითქმის 10%-ით გაძვირდა ბოსტნეული, ბაღჩეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები; გაძვირდა ხილი, ზეთი, ცხიმი; აგრეთვე გაძვირდა ყავა, ჩაი; გაძვირდა რძე და რძის პროდუქტები; გაძვირდა ალკოჰოლი, თამბაქო და ა. შ.
იგივე საქსტატი გვამცნობს, რომ გაძვირდა ტრანსპორტი; გაძვირდა კერძო ავტოტრანსპორტის შეძენა და მომსახურება; ბოლოს და ბოლოს, დოლარი, რომელიც წლის დასაწყისში ღირდა 2.2, წლის ბოლოს 2.7 გახდა. მართალია, ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე დაწყებული პანიკის შესაჩერებლად ხელოვნურად 2.5-მდე შეამცირა დოლარის ფასი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ახალი წლიდან ლარს, მორიგი ანტირეკორდები ელის წინ.
საერთო ჯამში, 2017 წელს საქართველოში ცხოვრება 20%-ით გაძვირდა, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრება 20%-ით გაუარესდა. ესეც თქვენი გაბრწყინებული მეოთხე წელი და ესეც თქვენი გაოცებული ევროპელები. თუმცა ქართული დემოკრატიით პირდაღებული ევროპელები ცალკე საუბრის თემაა.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს, სხვა წლებთან მიმართებით, ვერაფრით უკეთესს ვერ ვუწოდებთ, მაინც არის ერთი განმასხვავებელი გარემოება, რომლითაც ეს წელი დაგვამახსოვრდება. 2017 წელი, სხვა წლებისგან განსხვავებით, იყო ძალიან მრავალფეროვანი. ამ წელს იმდენი რამე მოხდა ერთად, რომ „ქართული ოცნების“ მთელ ხუთწლიან მმართველობას ეყოფოდა პოლიტიკური აქტივობისთვის.
2017 წლის პირველივე დღეებიდან მთელი ქვეყანა იმ მოლოდინით აღივსო, რომ, ბოლოს და ბოლოს, გვეღირსებოდა გამართული და დემოკრატიული კონსტიტუცია. „ოცნებამ“ კონსტიტუციის გადასინჯვის მასშტაბური პროცესი წამოიწყო და 73-კაციანი საკონსტიტუციო კომისია შექმნა, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების სამოქმედო სამართლებრივი სივრცე. ასევე „ოცნების“ დაპირებისამებრ, კომისიას უნდა შეეცვალა საარჩევნო სისტემა და შერეული მაჟორიტარული სისტემიდან უნდა გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ანუ, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში უნდა შექმნილიყო ისეთ საარჩევნო გარემო, როცა ნებისმიერი პარტია ზუსტად იმდენი პროცენტით მოხვდებოდა პარლამენტში, რამდენ პროცენტსაც აიღებდა არჩევნებზე. ამასთანავე, აღარ დაიკარგებოდა ასობით ათასი ადამიანის ხმა და ოპოზიციისთვის მიცემულ ხმებს ხელისუფლება არ მიისაკუთრებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ქვეყანას, სულ მალე, სამართლიანი საარჩევნო გარემო ექნებოდა.
ქართველი პოლიტიკოსების რამდენიმე თაობის სანუკვარი ოცნება თითქმის ახდა კიდეც. საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო დოკუმენტში პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩაწერა და საკონსტიტუციო პროექტი საჯარო განხილვაზე გააგზავნა. მთელი ერთი თვე ხელისუფლება და ოპოზიცია მოსახლეობას აცნობდნენ აღნიშნულ კანონპროექტს და თან მწვავედ კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო სამართლიანი; როგორ უნდა გადანაწილდეს, გადაუნაწილებელი მანდატები და უნდა შენარჩუნდეს თუ არა ბლოკის შექმნის უფლება? თავისთავად, ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მაინც მეორეხარისხოვანი.
მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ევროპელებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ „ვენეციის კომისია“ გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად ხელისუფლებისთვის მიკუთვნებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქებარ სიტყვებს მაინც არ იშურებდა. საქართველოში, მართალია, ყავარჯნებზე მდგომი, მაგრამ მაინც დემოკრატიის კონტურები გამოჩნდა, თუმცა…
ის იყო, მთელი ევროპა გაოცებისგან პირის დასაღებად მოემზადა, რომ ივანიშვილის შუბლზე დემოკრატიის ძარღვმა დაჭიმვას ვეღარ გაუძლო და გაწყდა. ამდენი დემოკრატია ჭორვილაში გაზრდილი ოლიგარქისთვის ნამეტანი აღმოჩნდა.
2017 წლის მთავარი პოლიტიკური და თან საერთაშორისო სკანდალი იყო ის, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მთელი მსოფლიო მოატყუეს. ოღონდ ისე კი არ მოატყუეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ისეთი ბობოლა და უტიფარი ტყუილი დააბრეხვეს, რომ ევროპის ნახევრად გაღებული ყბა, სასიამოვნო გაოცებისგან არა, მაგრამ გაოგნებისგან ნამდვილად ჩამოვარდა. ბათუმში ჩამოსული „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ამის შესანიშნავი ნიმუში იყო. კაცმა აღარ იცოდა, როგორ გამოეხატა თავისი აღშფოთება იმის გამო, რომ „ოცნებამ“ უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და პარლამენტში ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემა შეიტანა დასამტკიცებლად.
ერთ დღეში, უფრო ზუსტად, ერთ საღამოში, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყველა დაპირება დემოკრატიულ კონსტიტუციაზე ტყუილი აღმოჩნდა და ყველანაირმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მეოცნებეებმა თავიანთ რეიტინგებს გადახედეს და უეცრად მიხვდნენ, რომ 73 მაჟორიტარული მანდატის გარეშე საკონსტიტუციო, 116-დეპუტატიან უმრავლესობას კი არა, უბრალო, საპარლამენტო, 76-კაციან უმრავლესობასაც ვეღარ ეღირსებიან. და რადგან გადაუნაწილებელი მანდატების დაუმსახურებლად მითვისების უფლებასაც არ აძლევენ, წყალსაც წაუღია დემოკრატია და პროპორციული საარჩევნო სისტემაო. „ჯერ თავო და თავიო“ და მერე ქვეყნის ინტერესებიო, თქვეს „ოცნებაში“ და მთელ მსოფლოს გადაგვახიეს თავზე, მართალია, ყავარჯნიანი, მაგრამ მაინც დემოკრატიის კონტურები.
საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა, მთელი ეს ნახევარწლიანი საკონსტიტუციო ორომტრიალი მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ 2024 წლიდან პრეზიდენტი ხალხს კი არა, პარლამენტს აერჩია.
2017 წელი მართლაც რომ გამორჩეული იყო არჩევნების მხრივაც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაყალბებული არჩევნების მხრივ. ხომ იცით, როგორც ხდება, ყველა ხელისუფლება, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში გვაყვედრის, _ აი, როგორი კარგი ვარ, არჩევნებს კი არ ვაყალბებ ჩემი წინამორბედებივითო. ორი-სამი წლის მერე კი ყველაფერი ნაცნობ სცენარს უბრუნდება. „ოცნებასაც“ ზუსტად იგივე დაემართა. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ივანიშვილმა და მისმა ამქარმა, მიიღეს რა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 44%, შესანიშნავად დაინახეს, თუ რას ფიქრობს მათთან დაკავშირებით საზოგადოება. რეალობასთან ერთად, ისიც დაინახეს, რომ თუ არა გაყალბება, ხელისუფლებას გარდაუვლად დაემშვიდობებიან.
საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების ძველი და ახალი ტექნოლოგიები შეზავდა. კომისიის წევრების მოსყიდვამ, ოპოზიციური პარტიების ბიულეტენების მოპარვამ და მათი ბიულეტენების გაბათილებამ შედეგი აშკარად გამოიღო. რომ არა ასეთი გულმოდგინება, „ქართული ოცნება“ იმ 48%-საც ვერ მიიღებდა, რაც მიიღო და, რა თქმა უნდა, 73 მაჟორიტარი, რომელთა წყალობითაც „ოცნებამ“ კონსტიტუციის ჭრა-კერვის ექსკლუზიური უფლება მიიღო.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი ხმების მოპარვის ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და გაყალბების სხვა უამრავი ვარიაციით გაზავდა. ამოქმედდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, თან რაც ძალიან გასაკვირი იყო, ძალიან იაფად, სულ რაღაც, ხმა 15 ლარად. ამუშავდა კარუსელები. ერთი და იგივე ადამიანები რამდენჯერმე იძლეოდნენ ხმას. უბნებზე უამრავი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ არავითარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ ხმას უპრობლემოდ აძლევდნენ.
საქართველოს უახლეს ისტორიაში უამრავი გაყალბებული არჩევნები გვინახავს, მაგრამ ისე, რომ ამდენი გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი, დოკუმენტი, ვიდეომასალა და ადამიანების ჩვენებები არსებობდეს, რაღაც, არ მახსენდება. არც ის მახსენდება, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთობლივი სარჩელით მიმართავდეს ცესკოსა და სასამართლოს.
როცა ცესკოს თავმჯდომარე ხარ და დიდ ეკრანზე ვიდეომასალას გაჩვენებენ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ერთი და იგივე ადამიანი, ზედიზედ, რამდენჯერმე აძლევს ხმას; როცა ეს ვიდეოკადრები უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა, სულ მცირე, ალბათ, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ის კონკრეტული საარჩევნო უბანი ბათილად უნდა გამოაცხადო. შემდეგ კი უნდა აიღო პასტა და ფურცელი და დაწერო განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. ცივილიზებულ ქვეყანაში, ალბათ, განმეორებით არჩევნებსაც ჩაატრებდნენ, მაგრამ ჩვენთან ამ საყოველთად გაყალბებული უბნის მონაცემები ისევ ძალაში დატოვეს, ისევე როგორც თანამდებობაზე დატოვეს ცესკოს თავმჯდომარეც.
არჩევნებმა, გარდა ჩვენი კატასტროფული საარჩევნო სისტემისა, წარმოაჩინა ასევე არანაკლებ კატასტროფული მდგომარება ჩვენს სასამართლო სისტემაში. ყველა ეს გაყალბების ფაქტი ხომ მოსამართლეებმაც ნახეს, მაგრამ მათ იმდენად არ უნდოდათ ამის ყურება, რომ ზოგიერთმა ჩაიძინა კიდეც. მოსამართლეებმა უარი თქვეს იმ მოწმეების დაკითხვაზე, რომლებმაც საკუთარი თვალით დაინახეს და დააფიქსირეს ბიულეტენების მოპარვის ფაქტი და ა. შ.
ყველაზე მძიმე ისაა, როცა ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერზე რეაგირებს. „ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის, როგორ მოიპარა და გააყალბა. არ გიდასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. ყველანი ერთად ვაცნობიერებთ _ რომ არა ტოტალური გაყალბება და სხვებისთვის მოპარული ხმები, კალაძე ვერ აქაჩავდა ამ სამარცხვინო 51%-მდე და ვერ გახდებოდა მერი პირველ ტურში. კი ვხვდებით ყველა ყველაფერს, მაგრამ რა… არც არაფერი, ვაგრძელებთ ცხოვრებას იმ განცდით, რომ მოგვპარეს, მოგვატყუეს და თავზეც გვიქნეს.
გასულ წელს ქართული პოლიტიკისთვის მეტად არადამახასიათებელი რაღაცებიც მოხდა. მაგალითად, გამოიძებნა ისეთი თემები, რომლის გარშემოც სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. პირველი ასეთი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, ხოლო მეორე _ გაყალბებული არჩევნები და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელები. ასეთი, თუნდაც, თემატური, საყოველთაო ერთობა არათუ იშვიათია, ეროვნული მოძრაობის შემდეგ, ალბათ, არც არავის უნახავს. თუმცა ისეთ პოლიტიკურ ერთობამდე, რომელიც რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მოიტანს, ჯერ მაინც შორსაა. მიუხედავად მცდელობისა, მერობის ერთიან კანდიდატზე შეჯერება ოპოზიციამ მაინც ვერ შეძლო. არადა, თიანეთისა და ოზურგეთის მაგალითზე ყველამ შესანიშნავად დაინახა, რომ თუ სახელისუფლებო კანდიდატს ერთი კონკურენტი უპირისპირდება, „ოცნებას“ ვეღარც გაყალბება შველის და ვეღარც ადმინისტრაციული რესურსი. როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვების მთავარი რეცეპტიც ესაა.
ოპოზიციის თემატურ ერთიანობას განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენდა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეურიგებელი პოზიციები, „ოცნებაზე“ მორგებულ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მარგველაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირება იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა. მაგრამ სად იყო და სად არა, 2017-მა წელმა აქაც მოულოდნელი სიურპრიზი შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უსამართლობის წინააღმდეგ გაშიშვლებული ხმალი ერთ წამში ჩააგო ქარქაშში და ერთმანეთის მიყოლებით, ჯერ ერთპარტიული კონსტიტუცია „გაუპრავა“ ივანიშვილს, შემდეგ კი ყველაზე გაყალბებული არჩევნები მონათლა, როგორც იდეალური. წელი კი იმით დააგვირგვინა, რომ უსუსურობისა და წარუმატებლობის სიმბოლოდ ქცეული თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია, სემეკის წევრად წარადგინა. ასეა დღეს ჩვენს ქვეყანაში, თუ არაფერს კარგს არ გააკეთებ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს განახორციელებ, დაგასაჩუქრებენ და ექვსი წლით 15-ათასლარიანი სამსახურითაც უზრუნველგყოფენ. მარგველაშვილმა კი ოპოზიის იდეებს, მის გარშემო დარაზმულიყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცელი გამოუსვა.
განსაკუთრებთ დრამატული აღმოჩნდა მიმდინარე წლის ბოლო თვე. დეკემბრის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩვენს ქვეყანას საზღვარი არ აქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს არავინ აკონტროლებს. ვისაც უნდა, როცა უნდა, მაშინ შეუძლია შემოვიდეს ე. წ. მწვანე საზღვრით, ანუ ტყე-ტყე. მათ შორის შეუძლია შემოვიდეს მთელი მსოფლიოს მიერ ძებნილ ტერორისტს თავისი ჯგუფით. მათ ასევე შეუძლიათ მშვიდად და წყნარად იქირაონ ბინა თბილისში და მიზიდონ იქ მთელი ბატალიონისთვის საჭირო შეიარაღება. ასევე მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი და, ალბათ, კიდევ რამდენიმე ბანანის რესპუბლიკაში, რომ სამმა ტერორისტმა მთელი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმებს 22 საათის განმავლობაში გაუწიოს წინააღმდეგობა. 2017 წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს წლად, როცა საქართველო უშუალოდ შეეხო ტერორიზმს.
დრამატული და ტრაგიკული მოვლენები ამით არ დასრულებულა. წლის ბოლოს არასრულწლოვნების მკვლელობამ თბილისის ცენტრში მთელი ქვეყანა შეაზანზარა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ მთელი საზოგაგადოება დააფრიქა. რა ჯანდაბა გვჭირს?! ვისი და რისი ბრალია, ასეთი რამ რომ ხდება?! რატომ არ თანამშრომლობენ ტრაგედიის შემსწრე მოზარდები გამოძიებასთან?! რატომ ვართ ჩარჩენილი ამ დრომოჭმული „ძველბიჭობის“ ეპოქაში და რატომ ვზრდით ბავშვებს 21-ე საუკუნეში ისევ ქურდული მენტალიტეტით?! რას სწავლობენ ჩვენი შვილები ჩვენგან და რა გავლენას ახდენს მათზე გარემო, რომელიც გაჟღენთილია ამ ვითომ „კაი ბიჭობის“ იდეოლოგიით?
თუმცა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პარლამენტში მოხდა, ალბათ, საერთოდ აღარ ღირს დავსვათ კითხვა, _ რატომ არ თანამშრომლობენ ახალგაზრდები გამოძიებასთან? ის, რასაც მთელი კვირაა ვუყურებთ ტელევიზორში, სხვაგვარი მენტალიტეტის ადგილს ჩვენს საზოგადოებაში არ ტოვებს.
თითქოს ის არ გვაკლდა, რომ ყველა სატელევიზიო ტოქშოუში ერთი ან ორი ძველი ბიჭი მაინც უნდა იჯდეს და „ბლატაობდეს“. საინფორმაციო გამოშვებებში, უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი, ყოველდღე „საქმეს უნდა გვირჩევდეს“, ახლა იმასაც მოვესწარით, რომ პარლამენტში მისული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკანასკნელი სიტყვებით იგინება პირდაპირ ეთერში. მთელი უბედურება ისაა, რომ პრემიერის ეს საქციელი საოცრად გადამდები აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა თუ მხარდამჭერებმა იმის მაგივრად, რომ გაჩუმებულიყვნენ მაინც, პირიქით, ლანძღვა-გინების სეზონი გახსნილად გამოაცხადეს და როგორც ჩანს, საქმე იქამდე მიდის, რომ ყველა საკუთარი თავის პატივისმცელმა ოცნებისტმა, ერთხელ მაინც, პირდაპირ ეთერში დედა უნდა შეიგინოს. ფანტასტიკური წლის ბოლოა, ვერაფერს იტყვი.
თუმცა ამ გინება-გინებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კინაღამ ჩაიკარგა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამაც’’ დაშლა დაიწყო. მართალია, ჯერ ამ დაშლას კოლეგიალობისა და ძმაბიჭობის ელფერი მაინც დაჰკრავს, მაგრამ მერწმუნეთ, პოლიტიკამ ძმაბიჭობა და კოლეგიალობა ყველაზე ნაკლებად იცის.
ყოველივე ეს ჩვენ უკვე ვნახეთ „მოქალაქეთა კავშირში“, ვნახეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და, როგორც ჩანს, იგივეს ვნახავთ, ამჯერად უკვე „ქართულ ოცნებაში“. ვეჭვობ, მომავალი წლიდან, ჩვენი საუბრების მთავარი თემაც სწორედ ეს იქნება. მრავალს დაესწარით, იქნებ, ახალი წელი უკეთესი გამოდგეს…

დემნა ვეშაპიძე