მე და შენ _ თქვენ ვართ, ადამიანებო!

ციხეს თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები აქვს.

პატიმარი თითოეულ სიტყვას და იმედს ეჭიდება, თანაგრძნობასა და ნუგეშს ეძებს, გაათმაგებული ყურადღებით აკვირდება ყოველი დილის გათენებას. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ციხე უკვე სახლია _ ეჩვევიან ყოველდღიურ ერთფეროვნებას და ამ ერთფეროვნებით ცხოვრობენ.

ესეც ჩემი ციხის დღიურის გაგრძელება.

 

***

უკვე ვიცი, რომ დაკავებული ვარ.

წინასწარი დაკავების საკანში შემიყვანეს. „კპზ“-ს ყველა თანამშრომელი ძალიან ზრდილობიანად და კარგად იქცეოდა. ცოდვა გამხელილი სჯობია, ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა, _ დილით ცხელი ყავა მოჰქონდათ. ეს, ალბათ, უფროსის ადამიანური მხარში დგომის გამოვლინებაა. არ ვიცი, ეს შეიძლებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, _ წესიერად, ადამიანურად მექცეოდნენ და იქცევიან, რაც ნამდვილად დასაფასებელია! მოკლედ, სამივე ცვლას მადლობა თავის ექიმებიან მორიგეებიანად. ამ 2 თუ 3 დღის განმავლობაში ზემოთ ხსენებულ ადამიანებთან დავახლოვდი. იცით, ჩემმა ბავშვობამ პოლიციელების თვალწინ გაირბინა, ის, რომ ჩემები მამის მხრიდან მუშაობდნენ და მეორეც _ იმერეთის შსს სამხარეო ჩემი სახლის წინაა 100 მეტრში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებში კარგად ვერკვევი. მეტიც: მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანის, ქართველის ბუნების გადმოსახედების შესწავლასა და ამოცნობას მოვანდომე. ამბიცია მაქვს, რომ ჯანსაღი ადამიანი შევიცნო. იმის თქმა მინდა, რომ ეს კაცი არც მოგზავნილი იყო, არც ბიუროკრატი, მას ეს ქვეყანა უყვარს ისევე, როგორც შენ, მე და ათი ათასებს. ვსაუბრობდით და ვგრძნობდი, რომ ამ კაცს ჩემი სჯეროდა და უსამართლო, ბილწი სისტემის რცხვენოდა! დიახ, მეგობრებო, ნამდვილად არიან ღირსეული ადამიანები, რომელთაც ფორმა აცვიათ. ამაში ციხეშიც დავრწმუნდი, თუ პირველი დღის მცირე პროვოკაციას არ ჩავთვლით, რაც ე. წ. კახელების ფრთამ  მოაწყო და რაზეც კინაღამ წამოვეგე (გადღლილობამ, უძილობამ, ემოციებმა თავისი ქნა), ძიამ, რომელიც კარანტინში დამხვდა, ეგრევე დამალაგა და აზრზე მომიყვანა. აი, მისი სიტყვები: ეგენი „რაბოჩები“ არიან, ადმინისტრაციასთან შეკრული ერთუჯრედიანი ხეები, ვისაც ხელფასსაც კი უხდის სახელმწიფო, რომლებიც იერარქიაში (ქათმების) მერე ბოლოს წინა ადგილზე არიან, მაგათთან სიტყვიერიც კი არ შეგვეფერებაო!!!

კარანტინში სწორედ ასეთი „რაბოჩი“ ყვარლელი, რომელიც ხმამაღლა ითვლიდა ჩემს ნაშრომს, მიხსენებდა ოჯახს და ამბობდა, _ აბა, რა ეგონა, რომ ასე ცხოვრობდაო. თურმე, უნდა მეარსება მხოლოდ და მაგათსავით 100 ლარად სხვების, სისტემის მონა უნდა ვყოფილიყავი. დედის პირს დავახურავ ახლა ამას თავზე-მეთქი, მაგრამ ძიამ უცებ მომიყვანა აზრზე. პროვოკაცია ჩაიშალა, 5 წუთი იცადა („რაბოჩები“ თავისუფლად მოძრაობენ ციხის ტერიტორიაზე, ალაგებენ, ბალანდას დაატარებენ, ამანათები ამოაქვთ და „ლარიოკის“ მიდი-მოდისაც ეგენი აგვარებენ). მოკლედ,  პატიმრებისა და ადმინისტრაციის „შნირები“ არიან) და წავიდა.

ბარემ, ორი სიტყვით, ციხის განაწესსა და შიდა ვითარებაზეც მოგიყვებით: ზოგადად, სიმშვიდეა, არავის სცემენ, არავის ეპყრობიან ცუდად,  კარგი სალამი ნახევარი საქმეა, ყველას წესიერად ვექცევი, არ ვხულიგნობ, არ „ვიაზვობ“, არ ვთავხედობ და ისინიც ძალიან კეთილგანწყობილები არიან. 3 ცვლიდან 2  ჩვენიანია, მაგრად მგულშემატკივრობენ, მამხნევებენ, ჯიგრობენ, ზოგჯერ თვალს და არა „კარმუშკას“ ღია ტოვებენ, ეს აუცილებელია, საკნის განიავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!!!  როცა აჩიკოსთან ან სხვა ადვოკატთან გავდივარ, გზაში ვინც მიმაცილებს, 4-ჯერ გავედი და 2-ჯერ ერთი და იგივე თითო-თითო სხვადასხვა ადამიანი, ყველა საოცრად გულისხმიერია. საუბარს რასაც ვახერხებ, 2-2 სართული და ჰა, ჰა 200 მეტრი გვირაბი მაქვს ხოლმე გასავლელი. ამ სამივე ტიპს ჩემი სჯერა და მგულშემატკივრობს. მათ სახეებზე ვკითხულობ: მაგათი დედაც, დათო, არ დანებდე, არ მოეშვა, ხალხს შენი სჯერა! პატიმრებს ძალიან იშვიათად ვხვდები. ასე გამოყვანის დროს მხოლოდ ნაცნობი ან ცნობილი არავინ შემხვედრია. ბიჭებს ვესალმები, ჯიგრულად მოვიკითხავთ ერთმანეთს და სულ ესაა, რასაც ვახერხებთ :(( მოკლედ,  მავსებს რიგითი „კლუჩნიკის“ თუ ცვლის უფროსის ადამიანობა და ემოცია, მათ ჩემი სჯერათ!!! ძია და მე ვხუმრობთ, _ აჰა, ჩვენი ასპარეზი, ბურთი და მოედანი იმისთვის, რომ ხალხს თავისი და სამართლიანი ქვეყნის ჯანსაღი ამბიცია გავუღვივოთ, ქართული საქმე და საქართველო ვიქადაგოთ. აი, ძიასთან კი ისეთი ურთიერთობა მაქვს, პირდაპირ ვიტყვი, საქმე ინტელექტუალურ დუელამდეც კი მიდის! იდეა „საქართველო“ ძალიან გვაახლოებს: მამებისა და შვილების თაობათა ცვლა, ღირებულებები და მუდმივი შეჯიბრი თაობებს შორის კი აზრთა შერკინებებს იწვევს. ძია სსრკ-ს შვილია, მე _ დამოუკიდებელი, არშემდგარი დემოკრატიის დაუმწიფებელი ნაყოფი… მისი ცხოვრება რამდენადაც სუფთაა, იმდენადვე ტრაგიკულია. მასზე მინდა, ცალკე თავში მოგიყვეთ იმდენად, რამდენადაც ეს კაცი იმსახურებს თავისი ინტელექტით, გულისხმიერებით, ქართველობით და ადამიანობით ჩვენს ყურადღებას…

***

ერთ პატარა ამბავს კიდევ მოგიყვებით, რომელიც ხუთშაბათს მოხდა და პანიკა ატყდა (უკვე დაეტყო თემას, რომ ეს ჩემი ამბავი ლაკმუსის ქაღალდია. ბევრი რამისთვის ამ ქვეყანაში არავის უნდა იმ 4 პოლიციელისა და უკანონო ბრძანების გამცემის გვერდით დაჯდეს საბრალდებო სკამზე. როცა ბაბილონი დაეცემა და ის, რომ დაეცემა, ეს ცხადია, უკან არ დავიხევ, სიცოცხლედ რომ დამიჯდეს, მაინც!!!). მოკლედ, ხუთშაბათს თითზე ფრჩხილის ქვემოთ კანი ამძვრა და ექთანს ლეიკოპლასტირი ვთხოვე. მომიტანა, დამაკრა და დაიწყო პანიკა: აბა, ქირურგი! აბა, რეჟიმის უფროსი! აბა, მიდი და მოდი! ხუთშაბათი გათენდა და გამოძინებულზე მეძახიან. გავედი. გამომძიებელი დამხვდა:

_ ხელზე რა დაგემართაო?

_ აუ, რა სისულელეა, ნაკაწრია-მეთქი.

_ ვალდებული ვარ, გამოგკითხოო.

_ კაი, რა პრობლემაა-მეთქი.

სახელს და გვარს მეკითხება.

_ დავით ხარშილაძე, _ ვპასუხობ.

უცებ ამომხედა, თვალებმა იელვა და, _ ამათ დედას შე***ციო! _ ისე ანგგარიშმიუცემლად და ალალად შეიგინა. დეპოს მეგრელი გამომძიებლისთვისაც კი ცხადია ჩემი სიმართლე! გავგიჟდი, ისე გამისწორდა! სისტემაში რომ ამდენი ადამიანი არ მიკარგავს სიმართლეს, გარეთ რა ხდება, ხომ ცხადია!!! _ კაცი კაცით არისო, _ ძია იტყვის ხოლმე და მართლია: მე და შენ _ თქვენ ვართ, ადამიანო!!! საოცარი ემოცია მოიტანა ამ ერთი კაცის გულახდილობამ! ოქმს ავსებს და გზადაგზა ამბებს მიყვება. ვინაა, ჩუმად მეჩურჩულება, რომ ესეც ელისოს გულშემატკივარია. მორჩა თავის საქმეს, ხელი მაგრად ჩამომართვა, გარეთ მოკითხვა დავაბარე, თბილად დავემშვიდობე და გავიდა. გამოსასვლელში მამაოები მხვდებან, თავი დავალოცინე. გაცნობის დრო არ არის. ბიჭები ელოდებიან. დავემშვიდობე და E კორპუსისკენ წამოვედით!

 

***

ორშაბათი დილა თენდება.  6 საათია. დღეს ნაყოფიერად ვიმუშავე, თან ბაგრატიონს ვკითხულობ, ნაპოლეონის ეპოქას, თან ვწერდი. ის, რაც ორი დღე „ვისაჩკავე“, გასწორებულია. 82-ე კამერიდან ნარდი გვათხოვეს ბიჭებმა და ეს 2 დღე მე და ძიამ ასე მოვკალით! თვალიდან ძია როინმა (ოფიცერია) შემოიხედა

_ არ გძინავს, დათო?

_ არა ბიძი, ვერ ვიძინებ. შენ, ძია, მეორე ღამეა მორიგეობ, ხომ მშვიდობაა?

როინი: კი, კი.

მე: ვკითხულობ, ძია, თან ვმუშაობ, წიგნს ვწერ, თან დღიურების ფორმაც ექნება.

როინი: რა არის ახალი შენკენ?

მე: ბრძოლებია, ძია, მოკლედ რომ გითხრა, დღეს „იმედმა“ სიუჟეტი გაუშვა, სადაც ძალიან ტენდენციურად და „ნიტოდ“ გააშუქეს, ხო იცი, ძია, ეგენი ხელისუფლებას აძლევენ ერთ ადგილს. მერე ჩემების და პატარკაციშვილის ისტორიას ვუყვები მოკლედ (შენ კი, მკითხველო, შესაბამის თავში ვრცლად გაიგებ ბევრ საოცარ ამბავს).

როინი: არა უშავს, შვილო, ამათი ხუშტურებისა და ამბიციების გამო ხდება ეს. კარგად იქნება ყველაფერი!

მე: როინი ბიძია, რა ხდება, აქ პატიმარი ბევრია, „ნაცების“ პერიოდს რომ შევადაროთ? ციხე სავსეა?

როინი: კი, შვილო, აქ  უკვე ბევრი პატიმარია. არჩევნების მერე განსაკუთრებით მოიმატა. მთლად იმათი ოდენობა არაა, მაგრამ არც ბევრი აკლია!!!

მე: ძია, იმდენად სულელურად და უაზროდ ქნეს, უფრო მეცინება, რომ ვინერვიულო. რა ვინერვიულო, რაც არ მქონია?

როინი, ეს მამის ტოლა ადამიანი, მიღიმის და ამბობს:

_ დათო ათასებს გაუვლია ჩემს ხელში. მე მეშლება დამნაშავის და უდანაშაულოს გარჩევა, შვილო? კარგად იქნება ყველაფერი!

_ არა, ძია, არ შეგეშლება, თქვენც მაგრად მეხმარებით ჩემი სიმართლის რომ გჯერათ. გმადლობთ, ძია, მშვიდობიანი დღე და წარმატებები.

 

  1. S. კახიშვილი, ბრავო!!! თუ საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესებულია, კადრებშიც აშკარად წინ ხართ წასულები და გულისხმიერი, წესიერი ხალხი მხვდება ძირითადად. ამ კორპუსზე ასეა და სხვაგანაც ასეა, როგორც ძია ამბობს. 3-დან 2 ცვლა ადამიანურია D კორპუსზე!!!

 

ძიამ გაიღვიძა და დაიწყო დილის ღადაობა.

დღეს ორშაბათია, ციხე იღვიძებს. სოციალს ველოდებით, ახალ წიგნებს, ადვოკატებს, გამომძიებელს, რომელიც პარასკევს მეწვია, _ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თუ ფარსად არ იქცა, მაშინ უნდა დასაჯონ, ვნახოთ, რა იქნებაო. ახალგაზრდა ბიჭია. მოკლედ მოვუყევი ამბავი. საინტერესოა, რას იზამს. კუკური წივწივაძე ერთ-ერთია ოთხეულიდან, ბიძინას ბიძაშვილის სიძეა და თუ ეს ის პატარა მელოტი ონანისტია, რომელმაც ჩამიდო, ექნება კი პროკურატურას ნება, გამოიძიოს და დასაჯოს?!!

 

27.03.2017

დილიდან ფეხზე ვარ ღამენათევი, მაგრამ რა დროს ძილია? _ ორშაბათი დღეა, სოციალი მოვიდა, რაღაც წიგნი მომიტანა, უკან გავატანე, მობრუნდა „რაბოჩი“, გამსახურდია მომცა-მეთქი. ჯანდაბას, ბავშვობისაა, მაგრამ თვალს გადავავლებ. აღმაშენებელმა ისე წამიღო, ერთ დღეში დავამთავრე. 2 საათია, შუადღე. მთელი დღეა ძია მართობს, მაგრამ ძილი მერევა, ადვოკატები არ ჩანან. ნეტა, რა ხდება? თორნიკე მოვიდა, ხილი და წვენი შემომიგდო, სარეცხი გავატანე. ეს ყველაფერი „რაბოჩის“ მიაქვს-მოაქვს. რატომ არ შემოვიდნენ დღეს? მილიონი თემა მაქვს დასალაგებელი. გაზეთის გამოსვლის დღეა, გარეთაც მილიონი საქმეა. ალბათ, დღეს შემოვლენ აუცილებლად, მაგრამ მაინტერესებს, გარეთ რა ხდება? წამიერი სასოწარკვეთა მეუფლება, მაგრამ ეგრევე თავს ძალას ვატან! რა დროს დაცემაა, გარეთ იმდენ შინაურს და გარეულს ვჭირდები, რა დროს წუხილია! მოკლედ…

***

მოდით, ახლა რადგან ახალი არაფერია დილამდე, ელისოს გაგაცნობთ, მერე კი 2003-დან გავყვეთ ჩემსა და თქვენს ცხოვრებას… ელო ქუთაისში დაიბადა  „ზასტავაზე“. ბებიაჩემი ადრე დაქვრივდა და ბავშვები ობლობაში გაიზარდნენ. ბაბუა, ჯემალ კილაძე, მთელ ქალაქს რომ უყვარდა, ისეთი კაცი იყო. მეტსახელი როგორი ჰქონდა? _ „ოხუნჯი“. თავად განსაჯეთ, როგორი ქუთაისელი იქნებოდა. ელომ 29-ე დაამთავრა, მერე უნივერსიტეტი და გაზეთ „ქუთაისიდან“ დაიწყო მოღვაწეობა. გაიარა ჟურნალისტიკის ყველა საფეხური, 2004-2006 წლებში იყო იმერეთში გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი. რაც სამსახურიდან წამოვიდა, მას მერე ოპოზიციაშია. 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსია, მერე კი ერთად ვიწყებთ აქტიურ მოღვაწეობას სამოქალაქო სექტორში. 2012 წლამდე შევაკალით თავი სისტემასთან  ბრძოლას მთელი არსებით. აღსანიშნავია 2009 წლის ნოემბრის აქცია. თავს ვერ ჰყოფდა ვერავინ გარეთ და ჩვენ გავაკეთეთ, რუსთაველზე 4000 ადამიანი ძლივს მოვიყვანეთ… 2012-ის 2 ოქტომბერს რომ სამოქალაქო ომი არ დაიწყო, ჩვენი დამსახურებაა (მოვყვები გზადაგზა, რა და როგორ). 2013 წლის აპრილში, ზუსტად არ მახსოვს დრო, „ქრონიკა+“-ის პირველი ნომერი გამოვიდა და მას მერეა, სიმართლეს მხოლოდ მანდ ვკითხულობთ!!! ელისო  ჯიგარი, კეთილი, გულიანი და მეგობარი დედაა…

მამა: ხარშილაძე გრიგოლი (გია) 18 სექტემბერს დაიბადა, წელი არ მახსოვს, საჩხერელი, ზემო იმერლები ვართ. კარლო და შურა ხვედელიძის უმცროსი შვილი, ტიპური ქართველი მოქეიფეა, გულიანი, მაგარი იუმორით და ხანდახან მკაცრიც. 1995 წლიდან 2006 წლამდე პოლიციელი. როგორც ახასიათებენ, გამოირჩეოდა ოპერატიული აზროვნებით, სამართლიანობით. როგორც ჩემთვის ერთ-ერთი ავტორიტეტი ახასიათებს (საერთოდ, იდეური მტერი, როგორც წესი, ყველაზე ობიექტურ პიროვნულ შეფასებას აკეთებს), _ მამაშენი კაცია და არა არაკაცი, მექრთამე პოლიციელი. ამას ხშირად მიმეორებდნენ ის ადამიანები, ვინც ქუჩამ და ვინც მამას სამსახურმა შემახვედრა. მიყვარს კარლოევიჩი მთელი არსებით. საუკეთესო მამაა, თუმცა დრო ცოტა ჰქონდა. მეორეც, ჩემი თაობა საერთოდ აცდენილია ბევრ თემაში სსრკ-ში დაბადებულ და გაზრდილ მშობლებთან. არის პოლკოვნიკი და რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოს კავალერი, რომელზეც ახლა უარი თქვა ჩემი უკანონო დაკავების გამო (ტელევიზიით ვნახე). 2006 წელს იდეურად დაუპირისპირდა მერაბიშვილს და მის ლეკვებს. როცა მიზეზი ვიკითხე, მარტივად მიპასუხა, შენი ძმაკაცების და შენი თაობის ჯალათად ვერ ვიქცევიო.

მოკლედ, ესაა ჩემი დედ-მამა. დაზე, შვილზე და საყვარელ ადამიანზე გზადაგზა მოგიყვებით.

 

დავით ხარშილაძე