მერი მარგალიტაშვილი: ,,2012 წლის მერე სახლიც კი დავკარგე, შვილი ხომ მანამდე დავკარგე”

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის მერე 5 წელი გავიდა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ არათუ არაფერი შეიცვალა, არამედ სამართალი ვერ იპოვა. ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია.

მერი მარგალიტაშვილს საკუთარი შვილი არ ჰყოლია, 3 წლის გოგონა იშვილა და 12 წლამდე ზრდიდია. დღეს ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში მისი გოგონა იყო, რომელიც ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. ამ საქმის ძიებასა და თხოვნაში ბევრჯერ ათენებდა და აღამებდა პრეზიდენტის კანცელარიაში. სჯეროდა, რომ ვინმე მიშა სააკაშვილამდე მიუშვებდა და შვილმკვდარი დედა ეტყოდა, როგორ უყვარდა პატარა გოგოს თავისი პრეზიდენტი და როგორ არ აღსრულდა კანონი მისი სიკვდილის შემდეგ…

2012 წლის 19 ივლისს სტიქიით დაზარალებულ თელავში, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის დროს, მერი მარგალიტაშვილი თელავის გამგეობის შენობის ოთახში ჩაკეტეს და იქიდან მანამდე არ გაუშვეს, ვიდრე პრეზიდენტი არ წავიდა. 20 ივლისს მარგალიტაშვილმა თელავში მყოფ სააკაშვილთან შეხვედრა ისევ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. როგორც ის დღეს იხსენებს, სოდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლეგაშვილის დავალებით ქალბატონი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს.

მერი მარგალიტაშვილის თქმით, მის ერთადერთ შვილს, 12 წლის ანა მარგალიტაშვილს, 2010 წლის 14 მაისს სოფელ ვარდისუბანში მანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა:

 

_ ბავშვს დაეჯახა, მაგრამ მძღოლმა გზა განაგრძო. მიუხედავად ამისა, თელავის სასამართლომ ბრალდებულ თორნიკე ბოტკოველს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, არადა, ბოტკოველს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა, დამატებით 2 წელი კი ჩემი შვილის განსაცდელში მიტოვებისთვის ეკუთვნოდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ ძალაში დატოვეს, უზენაესმა სასამართლომ კი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.

19 ივლისს, სტიქია რომ მოხდა, თელავში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვიდა. გამგეობის შესასვლელ კარში გავჩერდი, რამდენიმე კაცი მოვიდა, _ წადით აქედან, არ შეიძლება აქ ყოფნაო! რომ არ წავედი, ერთმანეთს უთხრეს, _ მიდი, ბიჭო, შეიყვანე პრეზიდენტთანო. რესურსცენტრის უფროსის ოთახის გვერდით ცარიელ ოთახთან მიმიყვანეს, არ შევდიოდი, მაგრამ მომაწვნენ და იძულებული ვიყავი, შევსულიყავი. სამოქალაქო ფორმები ეცვათ. სამნი იყვნენ, 1 წინ მიდიოდა, 2 ისეთი კაცი იყო, პრეზიდენტის დაცვა რომ არის. ვკიოდი, ვეჩხუბებოდი, გარეთ გამიშვით-მეთქი, მაგრამ დრო გაჰყავდათ, არაფრით მიშვებდნენ. ბოლოს, როგორღაც, გამოვედი, _ ახლა მანქანაში ჩაგსვამთ და პოლიციაში წაგიყვანთო. როცა გამოვედი, მართლაც პატრული იდგა მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებთან, იქაც ვკიოდი, _ გამიშვით-მეთქი. ჩემ წინ ვინც იდგა, იმას მუცელზე გავკაწრე, ხალხიც მაქცევდა უკვე ყურადღებას და ვიღაცამ დაუძახა, _ გაუშვიო.

პრეზიდენტთან შეხვედრის მიზნით, 20 ივლისს, თელავის გამგეობის შენობასთან ისევ მივედი. გამგეობის მოპირდაპირე მხარეს გავჩერდი, პირზე თავშალი ავიფარე და ჩემთვის ვიდექი. 5 კაცი მოვიდა, ერთ-ერთი სოდ-ის უფროსის მოადგილე დავით ლეგაშვილი იყო. მე ვუთხარი, _ დათო, შვილო, რატომ უნდა წავიდე, გზა ჩაკეტილი არ არის და რა მოხდა, ვიქნები-მეთქი. _ არაო! პრინციპულად რომ ვუთხარი, არსად წავალ-მეთქი, 1-2 წუთში თეთრი მანქანა გაჩერდა ნომრით 567, ორი მამაკაცი გადმოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. ერთმა მარცხენა ხელი გამიკავა, მეორემ _ მარჯვენა, მანქანას ფეხები მივაჭირე, სისხლი გამომედინა და ახლაც მეტყობა. მარჯვენა მხარეს ვინც იდგა, ძალიან მიჭერდა ხელს და ვუკბინე. მანქანაში რომ ჩამსვეს, გია ნასყიდაშვილი ვიცანი, პატრულში მუშაობდა, იმასაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. ვისაც ვუკბინე, დედას მაგინებდა, _ ეს რა მიქენი, შრატი უნდა გავიკეთო, რატომ მიკბინეო. ისე მიჭერდა ხელს, ახლაც მეტყობა დალურჯებული, _ მიგიყვან ახლა სამმართველოში და ცხვირ-პირი უნდა ჩაგალეწო, კბილები ხელში უნდა დაგაჭერინოო. კახეთის პოლიციის სამმართველოს გასცდნენ, კავკასიონის ქუჩაზე, შუამთის წყალთან მატარეს, დრო რომ გაეყვანათ, სანამ პრეზიდენტი წავიდოდა. მიმიყვანეს ყარაჯალის ჩასახვევში, სადაც არავინ ცხოვრობს, მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდნენ, გადმოვიდნენ მანქანიდან, მეც გადმოვედი და ტრასისკენ გავიქეცი.

ამ თემაზე რამდენიმე ტელეკომპანიამ მაშინ სიუჟეტი მოამზადა. თუმცა საქმეს მსვლელობა არ მისცემია. რატომ არ იძიებს გატაცების საქმეს პროკურატურა, უცნობია.

_ ქალბატონო მერი, იცით, ვინ გაგიტაცათ მაშინ?

_ სახეებზე ყველა მახსოვს, მაგრამ აზრი? რისთვისაც ვიბრძოდი, მაშინ იმან ჩაიარა, ის ბიჭი თავისუფალია, სასჯელი უკვე მოიხადა, მე კი დავრჩი გაუბედურებულ დედად.

_ გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში თუ შეძლებთ, რომ ის ადამიანები აღიდგინოთ, რომლებმაც მაშინ თავისუფლება უკანონოდ აღგიკვეთეს?

_ არა მგონია, გამიჭირდეს, მაგრამ ვიცი, რომ პირველი გატაცების დროს ერთი, რომელიც კარში იდგა და მეძახდა, _ შემოდი, პრეზიდენტს შეგახვედრებო, დღეს თელავის მერიის თანამშრომელია, მალხაზი ჰქვია. ეს ის იყო, ვინც ოთახში ჩამკეტა და მყარაულობდა, დამცინოდა და აბუჩად მიგდებდა. მე ის მიკვირს, ასეთ ადამიანებს სამსახურში რატომ იღებენ?

_ მარტო ეს ერთი გახსოვთ, თუ სხვებიც?!

_ როგორც კი დავინახავ, ასე მგონია, რომ ყველას ვიცნობ. ამ საკითხზე ეკა ბესელიასთან შეხვედრა არაერთხელ ვცადე, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე.

_ საჩივარი თუ შეგიტანიათ?

_ საჩივარს რომ შეიტან, თან ადვოკატი უნდა გყავდეს, კარგი, თორემ შეიძლება, მერე უკან მოგიბრუნდნენ და აქეთ შენ დაგადანაშაულონ და დაგიჭირონ.

_ ანუ ისევ ძველებურად არის, როგორც ადრე იყო?

_ არ შემიძლია, ცუდი ვთქვა პარტიაზე, რომლის წევრიც ვარ, მაგრამ 2012 წლის მერე სახლიც კი დავკარგე, შვილი ხომ მანამდე დავკარგე და დავკარგე, ვიღას ვენდო, ან რაღას ვენდო, ეგ არ ვიცი…

 

 

მაკა მოსიაშვილი