მერაბ კოსტავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

მართალია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერის, მერაბ კოსტავას დამოკიდებულება რუსეთისადმი და მისი შეხედულებები საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რას მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული გმირი რუსეთთან ურთიერთობის ამოსავალ წერტილად და როგორ აფასებდა რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვან ურთიერთობებს იგი?

„ქრონიკა+“ აქვეყნებს მერაბ კოსტავას ჩანაწერს, რომელიც დღესაც აქტუალურია:

„გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა 1783 წელს რომ მოაწერეს ხელი, იყო არა მარტოოდენ საბაბი ამ ერების ერთობლივი ისტორიისა, არამედ მთელი შემდგომი დროის მანძილზე დღემდე მათი ურთიერთობის უცდომელი მორალური საზომი, სიტყვაზე მტკიცედ მდგომთა მხარის გამმაგრებელი, სიტყვის გამტეხთა მქენჯნელი და მამხილებელი.
მეტი ობიექტურობისათვის საშუროდ მივიჩნიე სამი თვალსაზრისის შეწონასწორება და ამ საკითხთან მიახლება არა მარტოოდენ ქართველი კაცის, არამედ ეროვნებით რუსი და აგრეთვე მსოფლიო მოქალაქის პოზიციიდან.
ამისათვის შესაძლებლობისდაგვარად რუსეთის ერის სულსაც უნდა ჩავწვდომოდი, რათა შემეგრძნო და მეაზროვნა როგორც რუს მოქალაქეს და იმ მკვიდრ დასაყრდენზეც დამედო ბინა, მსოფლიოს დიდმა მოაზროვნეებმა რომ მოჰმადლეს კაცობრიობას ან თავად ჩემში რომ ჩამოაყალიბა შეურყევ მრწამსად ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ. გარდა ამისა, ჩემთვის იმთავითვე გახდა ცხადზე უცხადესი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიასთან დაკავშირებით აზრთა ორ კატეგორიას შორის უნდა გამეკვალა გზა ჭეშმარიტებისაკენ. ერთი კატეგორია აზრებისა რამდენადმე დაფარულად არსებობდა, შექმნილ ვითარებათა გამო დიდხანს არ ჩნდებოდა ზედაპირზე, დუღდა და იცდიდა ადამიანთა გულებში;
და თუ ვინმე სიტყვაში გაცხადებას მათსას გაბედავდა, სათქმელს ხშირად ბოღმასაც ამოაყოლებდა, იმ უთქმელობით დაგროვილ ბოღმას, იძულებითი, დუმილისგან გამოწვეული შეურაცხყოფის გრძნობა ერთის ხელის მოსმით რომ უნდა ჩამოირეცხოს. ეს გაბედული ადამიანები, სინამდვილის მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტებით სამართლიანად აღშფოთებულნი და უკომპრომისობის მორალური განცდით ატაცებულნი, ზოგჯერ ვერ ხედავენ ან აღნიშვნის ღირსადაც არ თვლიდნენ მთელ რიგ დადებით მოვლენებსაც.
მეორე სახეობა აზრებისა ოფიციოზის წრეებში ან მათ გარშემო ყალიბდებოდა და რამდენადმე დოგმების ელფერს იძენდა. საყოველთაო კეთილდღეობის სურათის შექმნით იგი მხოლოდ დადებითად წარმოაჩენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას და სინამდვილის უარყოფით მხარეებს ან დუმილით უვლიდა გვერდს, ან ისტორიული გარდუვალობის მარწუხებში აქცევდა მას.
რადგან ხანგრძლივი აღშფოთების სიმწარემ შხამი იცის, ხოლო გამუდმებულად ხოტბის აღვლენამ გულის ამსუყება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხების გაშუქებისას სასურველია დაივიწყო, თუკი როდესმე შავი ან ფერადი სათვალიდან გიმზერია ქვეყნიერებისათვის. საქართველოში, ისე ვით მრავალს, მეც მისვამს ნაღველი ჩემი ერის ბედ-იღბალზე, მის წარსულსა თუ აწმყოზე ფიქრისას.
ჩემთვისაც უცდიათ ფერადი სათვალის მორგება არსებულის ვარდის ფერებში დასანახვებლად. ამადაც არ მივიჩნევ იოლ საქმედ ისტორიკოსის ცივი გონებითა და მოუსყიდველი მსაჯულის პირუთვნელობით მიახლებას იმგვარ საკითხთან, როგორიცაა გეორგიევსკის ტრაქტატი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენების მდინარება. მაგრამ სიტყვა ითქვა, და ბარემ საცდელიც იცადოს!
თავიდანვე უნდა აღვნიშნო გეორგიევსკის ტრაქტატის ერთობ მყარი და მაღალი მორალური საფუძველი, რაიც ამ ერთა ურთიერთშეძმობისა და შეხმატკბილების საქმეს კარგ დასაწყისსა და ჩინებულ გაგრძელებას უქადდა. ტრაქტატი სამოკავშირეოდ, ხოლო ფიზიკურ ძალთა არათანაფარდობის მიუხედავად საქართველო რუსეთის მოკავშირედ იწოდებოდა და არა ქვეშევრდომად. ოდნავადაც არ ირღვეოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ძალაში რჩებოდა ტახტის მემკვიდრეობით გადაცემა, გვირგვინის მირონით კურთხევა, ავტოკეფალიურობა ეკლესიისა, საკუთარი მონეტების მოჭრა. ქართული ენა სახელმწიფო ენად რჩებოდა და ქართული მხედრობა ერის საზღვართა და ღირსებათა დამცველად; სავალდებულოდ ითვლებოდა ორივე მხარისათვის პარტნიორის მოყვასისა მოყვრად, ხოლო მტრისა მტრად შერაცხვა, სამხედრო და მორალური ურთიერთდახმარება.
სახელმწიფოთა შორის ამგვარი ხელშეკრულების დადების თარიღი დიახაც რომ ზარზეიმით აღნიშვნის ღირსია; მაგრამ რისი ღირსია ის, რაც ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ მოხდა? რაც შემდეგ მოხდა ამისათვის მრავალი საარქივო და სამწერლო მასალა ღაღადებს და რაც მთავარია, ამ ამბავს დაწვრილებით აღწერს ივანე ჯავახიშვილი თავის საქართველოს ისტორიის მე-5 ტომში. მე მგონი მისი, როგორც მეცნიერის კომპეტენტურობასა და როგორც ადამიანის სინდისიერებაში ზედმეტია ეჭვის შეტანა.
ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კრწანისის ომში, გაურკვეველი მიზეზების გამო, არცთუ შორს დაბანაკებულმა რუსეთის ჯარმა არ გაუწია ერეკლე მეორეს ტრაქტატით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება, თუმცა არაერთი მალემსრბოლი აფრინეს მათთან. ხოლო ერეკლეს ვაჟის, გიორგი მეცამეტის სიკვდილისთანავე, რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის საიდუმლო ბრძანებით, უკვე საქართველოში დაბანაკებულმა რუსეთის ჯარის სარდლობამ აღარ დაუშვა მისი ჩვილი ძის მეფედ კურთხევა, დედოფალი მარიამი ძალმომრეულად გადააყენა ტახტიდან, დაატყვევა ყველა ბატონიშვილი, როგორც მოსალოდნელი პრეტენდენტი ქართლ-კახეთის ტახტისა და დედოფალთან ერთად გადაასახლა საცხოვრებლად პეტერბურგში, რის შემდეგაც გააუქმა საქართველოს სამეფო და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ პერიფერიულ პროვინციად აქცია.
ამას მოჰყვა რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფა, აკრძალვა ქართულად მღვდელთმსახურებისა, ქართული სკოლების დახურვა და დევნა ქართული ენისა ახალგახსნილ რუსული ტიპის სკოლებში, ძველთუძველესი ქართული ფრესკების გადაღებვა ტაძრებსა და ეკლესიებში რუს მღვდელთმსახურთა მიერ, რუს ჩინოვნიკთა და სამხერდო პირთა მზვაობრული თვითნებობა და აღვირახსნილობა, რაიც ცოცხლად აქვს აღწერილი თავის ქმნილებაში ალექსანდრე ყაზბეგს.
მოკლედ, რუსეთმა ზემოხსენებული ხელშეკრულება სრულად დაარღვია. ამგვარ შემთხვევაში ისტორიის ბრალდება მხოლოდ ფაქტების აღნიშვნით ამოიწურება, ისეთი მეთოდით, რომელიც ხელს შეუშლის წარსულში მომხდარის ამბების მიჩქმალვას. მხოლოდ ჭკვათამყოფელს შეუძლია მოსთხოვოს ამჟამად მცხოვრებ რუსებს პასუხი იმისათავის, რაც უწინ მათი ერის მმართველმა წრეებმა ჩაიდინეს საქართველოს მიმართ. მაგრამ გარდასულ დროთა ფაქტების მთელის სიზუსტით წარმოჩენა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ამ ერთა ურთიერთობისას აღარ დაიშვას იმგვარი მავნებლობანი, რაც ადრე ხდებოდა.
მაშ, ზეიმი ზეიმად, სიმართლე კი სიმართლედ!
ერთი შეხედვით, მოხდა საკვირველება. ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით და ქართული ენის დევნით ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელ თურქეთსა და საპარსეთს საქართველოში. და ეს ყოველივე ურთიერთობის დამყარებისთანავე მოხდა. რას მივაწეროთ ეს ამბავი? მრავალ და მცირერიცხოვან სახელმწოფოებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულების შეუძლებლობას, თუ იმჟამად აღორძინებული ზოგადევროპული კოლონიალიზმის უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებას?
უშვებდნენ კი საქართველოს მეფენი და, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ერეკლე მეორე საქმის ამგვარად წარმართვის შესაძლებლობას, როდესაც მთელის გულმოდგინებით ცდილობდნენ, გამუდმებული შემოსევებისაგან დასუსტებული ქვეყანა გადაერჩინათ ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის შემწეობით? ჩემი აზრით, არა, რადგან მათ არ იცოდნენ მათი თანამედროვე მსოფლიო კოლონიალიზმის, პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორია; არა უწყოდნენ იმჟამინდელ ევროპელთა მეთოდურობაზე, ორგანიზებულობასა და თანმიმდევრულობაზე სხვათა, თუ ახალ მიწებზე ფეხმოკიდების საქმეში, რაც სავსებით განსხვავდებოდა დროებითი შემოსევებისა და ხარკის დადების მოძველებული აზიური მეთოდებისაგან; არ იცოდნენ ასიმილირების იმ უნარისა და მისწრაფების შესახებ, მზარდ ახალგაზრდა ერებს რომ ჰქონდათ.
რუსეთი და საქართველო თავიანთ ისტორიულ გზათშესაყარზე ერთმანეთს ერთობ ზერელედ ან თითქმის არ იცნობდნენ. საქართველოს რომ უძველესი ისტორია და კულტურა გააჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ პრომეთე- ამირანის, ნოეს კიდობნის, არგონავტთა ლაშქრობის მითებიდან და ლეგენდებიდან იღებს სათავეს, მის წარსულს სიქველითა და ვაჟკაცობით კოდრისზე, ლეონიდეზე, ალექსანდრე მაკედონელზე, კიროსზე, კარლოს დიდზე, გუსტავ ადოლფზე, პეტრე პირველზე, მილტი ადეზე, თემისტოკლეზე, ვილჰელმ ორანელსა და ალექსანდრე ნეველზე არანაკლები მეფეები და გმირები რომ განადიდებდნენ. საქართველოსა და რუსეთს რომ ჰყავდათ ერთი და იგივე ქრისტიანი ნათლია, ანდრია პირველმოციქული, საქართველო საბერძნეთთან და სომხეთთან რომ ინაწილებს პიონერობას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში, საქართველოს რომ ჰქონდა ძალზე მდიდარი ჰაგიოგრაფიული, ბრწყინვალე საისტორიო და დიდებული საერო მწერლობა და პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი მეხუთე საუკუნით რომ არის დათარიღებული, ქართული კულტურა რომ იკვეთებოდა უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვარძიის კლდოვანებში, საქართველოს, იერუსალიმის, ბულგარეთის, სინასა და ათონის მთის მყუდრო სამონასტრო ცხოვრებაში, საქართველოს ხელოვნებას რომ ამშვენებდა დიდებული საეკლესიო არქიტექტურა, ფრესკული და მინიატურული ფერწერა, წარმართულ და ქრისტიანულ ეპოქათა უნიკალური ოქრომჭედლობა, საკუთარ სანოტო სისტემაზე შექმნილი უძველესი მრავალხმიანი საგალობლები, ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში რომ დაარსებულა აკადემია ფოთის მიდამოებში.
ხოლო XI საუკუნეში გელათსა და იყალთოში, სადაც ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეოლოგიის გარდა მთელ რიგ მეცნიერებებსაც ეწაფვოდნენ, კანტიკუნტად ან სულაც არ იცოდნენ არათუ მაშინდელი რუსეთის მმართველმა წრეებმა, არამედ თვით პუშკინმა, ლერმონტოვმა, გრიბოედოვმა, ტოლსტოიმ, კავკასაიში გადმოსახლებულმა ცნობილმა დეკაბრისტებმა და ა. შ. მათ შემოქმედებაზე უჩვეულო გავლენას ახდენდა საქართველოს ბუნება, კავკასიონის ზვიადი მწვერვალები. ისინი აქ პოულობდნენ ახალ თემებს, იმუხტებოდნენ მძლავრი შემოქმედებითი იმპულსებით, ექცეოდნენ უჩვეულო პოეტური ინსპირაციის არეში.
ასე რომ, ერეკლეს მარტოოდენ რუსეთის ჯარისთვის როდი გაუხსნია ვახტანგ გორგასლანის მიერ ოდესღაც მტკიცედ ჩარაზული დარიალის კარიბჭე, არამედ რამდენადმე რუსული ლიტერატურის სტიმულირებისთვისაც. მაგრამ იმჟამად რუს მოღვაწეთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე დახშული აღმოჩნდა. მათ საქართველო იზიდავდა უფრო როგორც აღმოსავლური ეგზოტიკის მხარე, ხიბლავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობა და სუფრის ლაზათი, მამაკაცთა რაინდული სიდარბაისლე და ქალთა კდემამოსილება, გულთბილი დამოკიდებულება და ის გაგება და თავისუფალი ატმოსფერო, რასაც ესოდენ მოკლებულნი იყვნენ თავიანთ სამშობლოში.
რა იცოდნენ საქართველოს დიდებულმა სტუმრებმა, რომ ამ ხალხს, ჯერ კიდევ, მე-12 საუკუნეში ჰყავდა ბუმბერაზი მსოფლიო პოეზიისა, შოთა რუსთაველი, რომელმაც ქართული პოეტური გენიის პრიზმაში აღმოაბრწყინა გასაოცარი სინთეზი ძველჰინდური, ძველსპარსული, ელინური, ქრისტიანულ-თეოლოგიური, შემდგომ – აღმოსავლური და ევროპის ქრისტიანულ-რაინდული კულტურებისა. ვინ იცოდა მოწინავე რუსთაგან ქართული ენა იმდენად, რომ გაცნობოდა რუსთაველს, გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართლის ცხოვრებას, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებს; ან საიდან მოეტანათ მათ რუსული თარგმანები?
რუსები იმჟამად ეწაფებოდნენ და თარგმნიდნენ ანტიკურ და ახალ ევროპულ ლიტერატურას. გუვერნიორებთან, ლიცეუმებსა და უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მკვდარ და ახალ ევროპულ ენებს და ევროპული განათლებით დატვირთულები, ქედმაღლურადაც კი უყურებდნენ იმ ენასა და კულტურას, რომელიც მათთვის ამოუცნობ სფინქსს წარმოადგენდა. ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. მთელი XIX საუკუნე XX-ის დასაწყისის ჩათვლით ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ რუსებისთვის ქართული კულტურის გაცნობის ინიციატივა. დაუღალავად იღვწოდნენ ამისთვის პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, კირიონ საძაგლიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები.
ისინი თარგმნიდნენ რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს, აქვეყნებდნენ რუსულად შრომებს ქართული კულტურის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში რუსებს არ ჰყოლიათ დიდი მასშტაბის რუსი ქართველოლოგი. გასაკვირია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტი გულისყურით ეკიდებოდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, „ვისრამიანი“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ და სხვა.
რატომ არ გამოჩნდნენ იმდროინდელ რუსეთში ისეთი დიდი მეგობრები ქართული კულტურისა, და-ძმა უორდროპები და არტურ ლაისტი რომ იყვნენ? მართალია, ილია ჭავჭავაძემ, ივანე მაჩაბელმა და სხვებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი მათ დაინტერესებაში საქრთველოთი და მისი კულტურით, მაგრამ განა, ისინი უარს ეტყოდნენ რომელიმე ინტელიგენტს რუსეთისას ისეთივე სამსახურის გაწევაზე, თუკი იგი ანალოგიური საქმისათვის გულწრფელად მოისურვებდა მათ მეგობრობას.
როგორც ჩანს, ამგვარი მეგობრობისთვის იმხანად ვერ გადაილახა გარკვეული ზღურბლი. რუსეთის ინტელიგენციას ჯერ ვერ დაეძლია იმპერიის მოქალაქისათვის დამახასიათებელი ქედმაღლობა, ხოლო ქართველებს სამართლიანი წყენა გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისა და მისი შედეგების გამო. აი, რა ამუხრუჭებდა ქართველოლოგიის განვითარების საქმეს რუსეთში.
თუმცა რას უნდა დაეძრა ეს ყინული, როდესაც თვით ქართველებს არ ჰქონიათ იმჟამად ბოლომდე აღმოჩენილი, აღწერილი, კლასიფიცირებული, ფილოლოგიურად დამუშავებული და გადმოცემული თავისი უზარმაზარი ლიტერატურული საგანძური, არ ჰქონდათ ღრმად შესწავლილი თავისივე კულტურა. დამუშავებას ვინ დაეძებს, როდესაც გამუდმებული შემოსევებისას იკარგებოდა და ნადგურდებოდა ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
გაგაჩნდეს ისეთი უძველესი საგალობლები, იგორ სტრავინსკიმ რომ მუსიკის სასწაული უწოდა და სხვადასხვა მიზეზთა გამო მხოლოდ ჩვენი საუკუნის სამოციან წლებში შეძლო მათი არა მარტო ჩაწერა და ნოტებზე გადაღება ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მცდონისაგან, არამედ გაცნობა მსოფლიოსათვის და თვით ქართველებისთვისაც ან კიდევ უწყოდე რუსთაველის დანარჩენ პოემათა სახელწოდებანი და ხელთ არ გაგაჩნდეს, რადგან ნგრევისა და განადგურებას შავბნელმა დრო-ჟამმა შთანთქა ისინი, ერთობ სავალალო ხვედრია ერისათვის.
ერთი სიტყვით, რუსეთის ინტელიგენცია არ ან ცუდად იცნობდა საქართველოს და მისი დიდი ნაწილი ვერც გაიგებდა იმას, თუ რა ხდებოდა ქართველთა გულებში გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. სამეფოს გაუქმება, ენის ხელყოფა ცხადია, მძიმე ასატანი იყო, მაგრამ ყველაზე აუტანელი და შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ის მოულოდნელი ვერაგობა და ცხოვრება, იმთავითვე რომ ჩამოჰგლიჯა ნიღაბი მოყვრადმოსულის სახეს. ოდითგან ქართველების გაგებით საქართველოდ იწოდებოდა ქვეყანა, სადაც ღმერთმსახურება ქართულად სრულდებოდა. შესაძლოა, ქვეყანა დროებით დაეპყრო დუშმანს და სახელმწიფო აპარატიც მოერღვია, მაგრამ სანამ ქართველი ქრისტიანად ირაცხებოდა და ეკლესიებში ქართული წირვა იდგა, ქვეყანას კვლავ საქართველო ერქვა.
ახლა კი ქართველთა წარმოდგენაში აღარც საქართველო უნდა არსებულიყო. მაგრამ საქართველო არსებობდა და ერთი რამაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით, სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ იყო. ერთიან ორგანიზმად-მეთქი, რომ ვამბობ, ეს როდი გულისხმობს იმდროინდელ დამოუკიდებლობასა და ძალმოსილებას.
ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა, ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: „განა ერთმა საქართველომ მოაწერა ხელი გეორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე ქართლ- კახეთისა და იმერეთის სამეფონი, აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის სამთავროები? ჩვენ გვისაყვედურებთ, სიტყვა რომ გავტეხეთ და ერეკლე მეორეს არ მივეშველეთ კრწანისის ომში, განა იმერთა სამეფო და სამთავროები მოეშველნენ? სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე- საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა?
ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა, მათი ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ! ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? ჩვენ რომ გვიკიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისთვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხაზე? განა, ურთიერთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისათვის მიცემული სიტყვის გატეხას არ ნიშნავს?
თუ ასე არ არის, მაშ, გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენ მოსვლამდე განა, დაკარგული არ იყო ქართლ-კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა, ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა?
შეძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორგანიზმად შენივთებას? დაბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენ გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა- განათლების საშუალება? გეყოლებოდათ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში? მადლიერების გრძნობას თავი რომ დავანებოთ, სადაა თვენი ობიექტურობა?!
_ არა, _ ვუპასუხებდით ჩვენ, _ ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა-მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.
ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შეწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევგმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ; გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შეძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორებიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.
პირველობისათვის ბრძოლა და შინათგამცემლობა აქუცმაცებდა ქვეყანას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება, თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას; და მისი ზემოხსენებული არგუმენტები ვერ გამოდგება რუსეთისათვის იურიდიულ გამართლებად გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად, რადგან ქართული ეკლესია არასოდეს გათიშულა. დაბოლოს, ისიც ვიცით, რომ სხვა ჩვენს ადგილას არათუ სამეფოს, ალბათ, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ბიზანტიის იმპერიის ზურგს უკან, თურქებმა რომ იარვარჰყვეს, განა მთელი ევროპა არ იდგა?
დიახ! უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ.
საქართველო უხსოვარი დროიდან იდგა უძველეს სამხრეთელ და უახლეს ჩრდილოელ ხალხებს შორის და არ აძლევდა მათ აღრევის საშუალებას. იგი არა მარტო სივრცულ, არამედ დროთა შორის წყალგამყოფსაც წარმოადგენდა, რადგან ამ ხალხების კულტურათა განვითარებას თავთავიანთი დრო უნდა ჰქონოდა და მათი აღრევა არც მათი საკუთარი მისიისა და არც მსოფლიო კულტურის განვითარებისთვის იყო მიზანშეწონილი. ამით დაირღვეოდა ხალხებისა და აქედან გამომდინარე, კულტურათა დროში თანმიმდევრობის ურყევი მსოფლიო კანონი. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად საქართველოს ეზოთერული მისია. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის გარკვეული სინთეზისა და დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც ასრულებდა.
მომდევნო პერიოდშიც ჩვენ და სომხები ვიდექით სადარაჯოზე კავკასიონის კარიბჭესთან, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ წამოწეული ფორპოსტი ქრისტიანობისა და ვაკავებდით სამხრეთიდან დაძრულ ისლამურ ურდოებს. საუბედუროდ, მე-10 საუკუნეში სომხეთმა დაჰკარგა სახელმწიფო, მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სარწმუნოება შეინარჩუნა, ასე რომ დავრჩით ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოდ კავკასიაში. ჩვენზე ბლაგვდებოდა სიბასრე ისლამურ ურდოთა მახვილისა. ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის იმიერ მოქმედების უნარს.
რუსები სიამაყით აღნიშნავთ: რუსეთმა შეაკავაო მონღოლთა ურდოები და იხსნა ევროპა განადგურებისაგან. რად არ უკვირდებით იმ ამბავს, რომ რამდენადმე ჩვენ გამო ვერ მიაღწიეს თქვენამდე არაბთა, თემურ ლენგის, სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა. მონღოლი დამპყრობლები საქართველოსაც შესევია და ამადაც ვუწყით, რომ მათ არ ჰქონდათ რელიგიური სისტემა და ამიტომ რელიგიურ დევნასაც არ ეწეოდნენ, ასე რომ ქრისტიანულ რელიგიას რუსეთში თითქმის არ განუცდია დევნა. მაგრამ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ისლამური მხედრობა რომ შესეოდა რუსეთს, შესძლებდა იგი ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებას, ურომლისოდაც სამუდამოდ უნდა გამოთხოვებოდა ევროპულ კულტურასთან ზიარებას? მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა რუსეთში არც თუ დიდი ხნის წინათ იყო ფეხმოკიდებული და გამკვიდრებული?
ხომ შესძლეს სამხრეთელმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ თემურ-ლენგის ხანაში ჩრდილოეთ კავკასიის გამუსლიმანება? რუსეთსაც რომ იგივე ხვედრი რგებოდა? ეს ურდოები, დამპყრობლურის გარდა, განა გააფთრებულ რელიგიურ ომებსაც არ ეწეოდნენ? მოგვიანებით, ოტომანთა იმპერიას, ევროპას რომ აზანზარებდა, სამი დაბრკოლება არ უღობავდა რუსეთისაკენ გზას: შავი ზღვა, კავკასიონი და საქართველოს სამეფო? მათ რომ საქართველოს სამეფო მოეშალათ, როგორც ეს ბიზანტიის მიმართ ჩაიდინეს, მათ რომ ქართველები გაემუსლიმანებინათ, რაღა შეუშლიდათ ხელს, თავიანთი იმპერიისათვის შემოემტკიცებინათ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანი ხალხები და უშუალოდ ხმელეთიდან დაკავშირებოდნენ ყირიმის სახანოს?
მაშინ ხომ ფართე ფრონტითა და მთელის ძალებით უშუალოდ ხმელეთიდან მიადგებოდნენ რუსეთს, პეტრე პირველამდელი რუსეთის სამეფოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი რეგულარული ჯარები და ფლოტი და ყირიმის სახანოსაც კი ძლივს უმკლავდებოდა?
საქართველო თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ამაოდ როდი იქნევდა ხმალს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად. მას ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ გარემოცვაში უნდა შეენარჩუნებინა ქრისტიანული სამეფო, თუნდაც წერტილის ოდენა არე ქრისტიანული სამყაროსი და არ მიეცა ამ გარემოცვისათვის რკალის შევიწროების საშუალება და ამ ამბავთან არა მარტო მისი არსებობა და პრესტიჟი, არამედ რუსეთის ბედიც იყო მჭიდროდ გადანასკვული. ამაში გამოიხატებოდა იმჟამად ქართველი ერისა და საქართველოს, როგორც სამეფოსა და სახელმწიფოს მისია“.

მოგვიანებით, ამ რეგიონში მსოფლიო ისტორია დილემის წინაშე დადგა: ან ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანური გარემო უნდა შეერთებოდა თურქეთსა ან სპარსეთს, რისთვისაც მათ ერთობლივი ძალით უნდა გაერღვიათ შუა აღმართული ერთადერთი დაბრკოლება და საქართველოს სამეფოს შთანთქმით მოესპოთ ქრისტიანობა ამიერკავკასიაში; ან პირიქით, რუსეთ-ამიერკავკასიის ქრისტიანულ სამყაროთა შესაყრელად ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანური კედელი უნდა გარღვეულიყო.
ამ დილემის დადებითად გადაწყვეტას მომავლისათვის არა იმდენად რელიგიური, რამდენადაც კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ისიც კარგად ვუწყით, რომ ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, რომ უპირველეს ყოვლისა, იგია ადამიანთმსახურება, მოყვასისადმი სიყვარული, მორალური ფანტაზიის დაუშრეტელი წყარო და მხოლოდ შემდეგ ღვთისმსახურება, ამიტომაა იგი თანამედროვე გაგებით მაღალი ჰუმანური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი და ნურავის გაუკვირდება, თუკი მეტ ქრისტიანად ჩაითვლება ნებისმიერი სხვა რელიგიის მიმდევარი, თუგინდ ათეისტი, რომელიც ადამიანთმსახურებაში ქრისტიანული ღვთისმსახურების მიმდევარზე მაღლა დგას.
ღაღადისი იგი თავად სახარებისეულია და ვისაც სმენად ყურნი ასხია, მას არა მარტო წაუკითხავს, არამედ შეუგრძნია კიდეც, თუ რაგვარ სწერენ სიყვარულზე მოციქულნი. ამაოა ღვთისმსახურება ადამიანთმსახურების გარეშე, ერთხმად აღიარებენ ისინი და მოყვასისათვის თავდადებული კაცი უკვე ქრისტიანია, ქრისტეს სახელიც რომ არ ჰქონდეს გაგონილი. ასე ესმოდათ ქრისტიანობა საქართველოში ვახტანგ გორგასლანს, დავით აღმაშენებელს, თამარს, რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, აღმოსავლეთში ალიშერ ნავოის, რუსეთში ტოლსტოის, ვლადიმერ სოლოვიოვსა და ანდრეი ბელის, დასავლეთ ევროპაში ლესინგს, ჰეგელს, გოეთეს, რუდოლფ შტაინერს და ა. შ. ამგვარ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტოოდენ კულტურის განვითარების თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების, იდეოლოგიის წარმომადგენელთა და თვით მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის სათნოებისა და ურთიერთმომთმენიანობის დასამყარებლად.
უსამართლოზე უსამართლო იყო მე-19 საუკუნეში კავკასიის უპირველესი გმირის, შამილის, წინააღმდეგ რუსების მიერ წარმოებული ომი, მაგრამ გლობალური, თუნდაც რეგიონული მასშტაბის კულტურულ-ისტორიული დილემების გადაწყვეტა უტრაგედიოდ და უმსხვერპლოდ არასოდეს მომხდარა…
დიახ, გმირული და სამართლიანი იყო დაღესტნელთა ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე, მეტადრე გმირული, ხანგრძლივი და სამართლიანი იყო ქართველთა ომი მუსლიმანურ გარემოცვასთან და რომ არ მისცა ზემოხსენებულ მტრულ გარემოცვას იბერიამ რკალის შევიწროების საშუალება, ამით და მხოლოდ ამით მოამზადა კავკასიაში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევათა დამკვიდრების საფუძველი, იმ კულტურისა და ცივილიზაციის თავისი უტეხი ნებისყოფის მეოხეობით რომ შემოიტანა და თითქმის ძალით დანერგა რუსეთში გეორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე პეტრე დიდმა.
უდავოა, ამგვარი საფუძვლის მომზადებაშიც გამოიხატება საქართველოს კულტურულ-ისტორიული მისია კავკასიაში. ამაოდ როდი იქცა მე-19 საუკუნეში თბილისი ქართველ და სომეხ მოღვაწეთა საასპარეზო სარბიელად, ქართველ, რუს და ევროპელ ინტელიგენტთა შეხების წერტილად იმჟამად მარტოოდენ ევროპის ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან და ფილოსოფიასთან ზიარება როდი კმაროდა.
საქართველოსთვის სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენდა ევროპის მეცნიერულ, არქიტექტურულ-სამშენებლო, ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობისა და ა. შ. მიღწევათა ათვისებაც. და ნუ დაგვაყვედრით, რომ ყოველივე ეს რუსეთის გზით უნდა მიგვეღო, ნუ დაგვაყვედრით იმას, რაც საქართველომ უთუოდ დაიმსახურა თუნდაც იმით, საუკუნეების მანძილზე სხვის მოსაქნევ ხმალსაც თავად რომ იქნევდა. განა, ევროპამ დააყვედრა ან პეტრე დიდმა ქედის მოხრით უპასუხა ევროპას იმ სულელური ამაგისთვის, რუსეთისათვის რომ გაიღო?
ხომ გაამართლა მან რეფორმაციის ეპოქის უპირველესი გმირის, გუსტავ ადოლფის, არცთუ უსაფუძვლო შიში რუსეთის მიმართ, რომელსაც ევროპა ჰეგემონიისათვის მებრძოლ საშიშ მეტოქედ აქცევდა, თუკი მისცემდა პატრიარქალური ძილიდან გამოსვლის საშუალებას. განა, არ დასჭირდა პეტრე პირველს მის მიერვე წამოწყებული ილიადის მოგება, რათა შვედთა დამარცხებით ევროპისაკენ გაეჭრა კარი ბალტიის სანაპიროზე? განა, არ გამოსტაცა მან ევროპას ახალი პალადიუმი, რომლის რუსეთში გადმოსატანად ტიტანური შრომის გაწევა მოუხდა?
პეტრე დიდმა რუსეთის სულიერი ცხოვრება ბიზანტიური კულტურის გეზიდან ახალევროპული გეზისაკენ გადახარა და დაიწყო იქიდან, სადაც ბიზანტიის ერის სულმა დაასრულა თავისი მოქმედება. ბიზანტიურმა კულტურამ, რომელმაც თავის დროზე შეჰქმნა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის წირვა და შესანიშნავი რელიგიური ხელოვნება, მიუხედავად ცალკეულ მოძღვართა ცდებისა, არ მიიღო თავის წიაღში ანტიკური ფილოსოფიისა და ხელოვნების სამყარო, ვერ მოახდინა მისი სინთეზი ქრისტიანობასთან, როგორც ეს იმჟამად კათოლიკურმა ევროპამ გააკეთა და ფაქტობრივად დაადგა კონსერვაციის გზას.
ამით მან თავისი მისია ამოწურა, ხოლო კულტურული მისიის ამოწურვა ხშირად არსებობის შეწყვეტის ტოლფასია. პეტრე დიდს ძველი ახლისათვის რომ არ შეეწირა და არ შემოეტანა რუსეთში ქრისტიანულ-ანტიკურ-არაბული კულტურების სინთეზზე აღმოცენებული ახალი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, მაშინ რუსეთის მისიაც ამოწურულად უნდა ჩაგვეთვალა, რადგან პეტრე დიდის გარეშე არც ლომონოსოვი იქნებოდა, ლომონოსოვის გარეშე კი შემდგომი რუსული ლიტერატურა და მეცნიერება. გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად მან აიძულა რუსეთი, მიეღო ის, რაც ადრე ბიზანტიამ უარყო და მხოლოდ ამგვარად უზრუნველყო მისი მომავალი. და ეს ყოველივე გეორგიევსკის ტრაქტატამდე თითქმის საუკუნით ადრე მოხდა, ურომლისოდაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სულიერი საფუძველი აღარ ექნებოდა. მართლმადიდებლური კულტურის სფეროში საქართველოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი ტრადიციები ჰქონდა, ვიდრე რუსეთს, ხოლო რაც შეეხება რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, იგი თვით რენესანსის კულტურის ყველა უმაღლეს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
ასე რომ, მთელი საქმე იმ ერთ საუკუნეში გახლდათ, რომლის განმავლობაშიც რუსეთი ევროპული განვითარების გზას დაადგა. ამ კულტურისათვის, მასთან გათანაბრებისა და შემდგომი პერსპექტივისათვის შეინარჩუნა თავი საქართველომ, რაც დაუყვედრებლად ეკუთვნოდა. ეკუთვნოდა თუნდაც იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ხელს უშლიდა სამხრეთიდან ანტიკულტურული იმპულსების შეჭრას რუსეთში და იმიტომაც, რომ არ დაეყვედრების გაზიარება კულტურისა, რადგან კულტურა განყოფადი მატერია როდია, მისი გაზიარებით რომ მოგაკლდეს რაიმე. ასე რომ არ იყოს, მაშინ ევროპის ქვეყნები გამუდმებულ ურთიერთობაში უნდა იყვნენ, რადგან მათი მაღალი კულტურა საუკუნეთა მანძილზე გამუდმებულ ურთიერთგავლენათა შედეგია.
დიახ! საქართველომ რუსეთის მეოხებით მოიპოვა ხანგრძლივი მშვიდობა და ევროპულ კულტურასთან ზიარების საშუალება და ჩვენც ამისათვის ყვირილით ქვეყანას შევძრავდით, ეს რომ კმაროდეს კომპენსაციად იმისა, რაც საქართველოს იმჟამად წაართვეს: გამოსტაცეს ენა და სახელმწიფოებრიობა, ურომლისოდაც გარდაუვალია ნებისმიერი ერის დეგრადაცია და გადაშენება. როგორ უნდა დაეშვა საქართველოს იმგვარი დეგენარაცია, რომლის მსგავსი თვით სისხლის წვიმების დროშიც არ განუცდია? ევროპის პროგრესულ იდეებთან ზიარების შემდეგ იგი ამას მით უფრო არ დაუშვებდა.
ქართველი ერი არასოდეს ყოფილა მორჩილი და ბრმად მიმყოლი, არცთუ მარტოოდენ სხვათა კულტურების ამთვისებელი, არამედ საკუთარი კულტურის ფესვებიც ღრმად ჰქონდა დედამიწის გულისაკენ გამჯდარი და ახალი სამომავლო მორჩების გამოღებაც არ გაუჭირდებოდა. ამაში უნდა დაერწმუნებინა რუსეთი საქართველოს და გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევისთანავე საქართველომ დაიწყო კიდეც შინაგანი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ბრძოლა, რომლითაც რუსეთს კი არ ასუსტებდა, არამედ საკუთარ ძალთა მობილიზებას ახდენდა შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. რაღა თქმა უნდა, მოწინავე ქართველთა ერთადერთი მიზანი ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებების აღდგენა ან რუსეთთან ურთიერთობამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება უნდა ყოფილიყო.
საქმემაც არ დააყოვნა: 1832 წელს შეთქმულება, საქართველოს ეროვნული ღირსებისადმი დიმიტრი ყიფიანის გამოქომაგება, თერგდალეულთა მამულიშვილური საქმეები, ეკლესიის მსახურთა, კირიონ საძაგლიშვილისა და ლეონიდე ოქროპირიძის მცდელობანი ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად, აი, გაუხუნარი ფურცლები საქართველოს ისტორიისა მე-19 საუკუნის მანძილზე. რით უპასუხა ძალმომრეობისადმი ქართველი ერის ამ ბუნებრივ რეაქციას იმპერიის ხელისუფლებამ? _ რეპრესიებით! გადასახლებაში გარდაიცვალა 1832 წლის შეთქმულების ყველაზე პრინციპული მონაწილე, პირველი ქართველი კანტიანელი სოლომონ დოდაშვილი; გადაასახლეს და მოსყიდული მკვლელის ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს ეროვნული სინდისის ქომაგი დიმიტრი ყიფიანი; ხანგრძლივი ვადით რუსეთს გაასახლეს საეკლესიო მოღვაწენი კირიონი და ლეონიდე. თითქმის გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიდნენ საქართველოს რჩეულ შვილებს მამულიშვილურ მიზანთა განხორციელების გზაზე, მაგრამ რაც მთავარია, მიზანი გამოიკვეთა და მოხევის პასუხი ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“: „ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდვნოდეს“ _ მე-19 საუკუნის სამოციანელთა და მთლიანად საქართველოს უმთავრეს სამოქმედო პროგრამად იქცა. საქართველოს სამეფო აღარ არსებობდა, მაგრამ სული ერისა კვლავ ფხიზლობდა და ძნელბედობის მარწუხებიდან თავის დახსნას ლამობდა.
ინდივიდუალიზმის ის გამთიშველი ძალა, უწინ რომ სახელმწიფოს აქუცმაცებდა, ახლა სხვაგვარად მოქმედებდა. სხვადასხვა კუთხის რჩეული ახალგაზრდობა ადმინისტრაციულ ცენტრებში, თბილისსა და ქუთაისში იყრიდა თავს, სწავლა-განათლებით სულიერ კუნთებს იკაჟებდა და ცოდნის გასაღრმავებლად სარუსეთოდ წასული, კვლავ უკან ბრუნდებოდა, რათა ეროვნული დროშის გარშემო ერთ ბირთვად შეკრულიყო. უმეფოდ დარჩენილ ქვეყანაში ეროვნული საქმეებისთვის ზრუნვა კულტურტრეგერთა ხელში გადადიოდა. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები გულმოდგინედ ცდილობდნენ თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაბრუნებას არა, რაც იმჟამად ნამდვილად არ ძალედვათ, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენულობის შეგნების გაღვიძებას მაინც თავიანთ თანამემამულეებში; რუსეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ პირობებში იმგვარი ატმოსფეროს შექმნას სუვერენულ სახელმწიფოებს რომ გააჩნიათ.
უპირატეს საზრუნავად თერგდალეულებმა მართებულად მიიჩნიეს ქართული ენისთავის ჩამორთმეული უფლებების დაბრუნება და არც შემცდარან, რადგან ენა იყო და მუდამ იქნება არა მკვდარი სიმბოლო, არამედ თავად ერის სიცოცხლის უმთავრესი ნიშან-სვეტი. ამ უტყუარი საშუალებით თვითრწმენით ამაღლება, მოწინააღმდეგის თვალში ავტორიტეტის ამაღლებასაც ნიშნავდა, რაც შეუძლებელი იყო ახალი, მძლავრი ეროვნული ლიტერატურის შექმნის გარეშე. ეს გახლდათ იმჟამად ეთადერთი გარანტია საკუთარი მყოოფადის შობისა. ამგვარი ბაზისის გარეშე ქართული ენა ცხოვრებისა და კულტურის ვერც ერთ სფეროში ვერ შეაღწევდა. გარდა ამისა, ლიტერატურა ხომ ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის პულსაციისა და განვითარების გამომხატველია, ნიშანი ერის სიცოცხლის უწყვეტობისა, რადგან მხოლოდ მკვდარ ენებზე არ იქმნება ახალი ლიტერატურა, იმ ენებზე, დიდი ხნის წინათ რომ მიატოვა ეროვნულმა ორგანიზმმა.
საქართველოს წარსულის გმირული ფურცლების გაცოცხლებით, ახალი ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემების დაყენებით ქართულმა მხატვრულმა და პუბლიცისტურმა ლიტერატურამ იმდენად დამუხტა მორალური ატმოსფერო, რომ საზოგადოებრივი აზრი ძირეული საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად მოამზადა, სწორედ ლიტერატურის ამ ახალი პოზიციებიდან დალაშქრეს თერგდალეულებმა თვითმპყრობელობის, ერთი შეხედვით, მიუდგომელი სიმაგრეები და გამოსძალეს იმპერიის მთავრობას ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემის, ქართული თეატრისა და სკოლების და ეროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზოგადოებების დაარსების უფლება.
ყოველივე ეს არ მომხდარა იოლად, ცენზურასთან და შოვინისტ რუს მოხელეებთან შეხლა-შემოხლის გარეშე; მაგრამ თავგამოდებულმა მამულიშვილურმა შემართებამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია და გეორგიევსკის ტრაქტატის 100 წლის თავზე თუ პოლიტიკური არა, ქართველ ერს გარკვეული კულტურული ავტონომია მაინც მოუტანა.
ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა _ ეს სამი სახელი ელავდა ყველაზე მკაფიოდ საქართველოს სულიერი ცხოვრების კაბადონზე. მიუხედავად დიდი გამჭრიახობისა, საყოველთაო ავტორიტეტისა და განსაკუთრებით კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის ორგანიზატორული ნიჭისა, რაც უთუოდ მისი მკვლელობის უმთავრესი მიზეზი გახდა, ისინი არ ყოფილან პრაქტიკოსი პოლიტიკოსები და არც მიუმართავთ პოლიტიკური აქციებისათვის გეორგევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული სუვერენიტეტის მოსაპოვებლად, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი დამსახურება ეროვნული თვითშეგნების გაღვიძების საქმეში, რომ ნაღვაწი მათი მარადიულ საგზლად გაჰყვება საქართველოს შორეული მომავლის გზებზე.
ქართველების სულიერი პოტენცია მარტოოდენ კულტურის სფეროში ან საზოგადოებრივი აზრის მომზადებაში როდი იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობდა შესაფერისი სარბიელი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რადგან ქართველებს არ გააჩნდათ საკუთარი სახელმწიფო, ხოლო რუსეთის იმპერიის სამსახურში ყოფნა კარიერიზმის გარდა მათ სხვა არაფერს უქადდა, პოლიტიკურ ასპარეზზე სამოღვაწეო პოტენცია უმთავრესად ფარულ პარტიებში პრაქტიკული საქმიანობით ჰპოვებდა გამოსავალს.
შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის რევოლუციებისა და მათ წინარე პერიოდში ქართველებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სხვადასხვა პარტიაში, ზოგი მათგანი სოციალური პრობლემებითა და რევოლუციური პრაქტიკით იყო გატაცებული, ზოგიც ყოველივე ამას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის იდეასთანაც ათავსებდა. ხშირად ისინი, საციალ-დემოკრატები, იმდენად ანტაგონისტურ პოზიციებს იკავებდნენ ქართველი სამოციანელების მიმართ, რომ თავიანთ წერილებში თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, ილია ჭავჭავაძესაც კი ესხმოდნენ თავს. ილიასაც ხალხის სიყვარული, უდიდესი ავტორიტეტი და პოპულარობა რომ უმაგრებდა მხარს, არაერთგზის გადაუჭერია მათთვის პუბლიცისტის მათრახი. მძლავრი პუბლიცისტური შემართებისა და საყოველთაო ავტორიტეტის გამო ხედავდნენ ისინი ჭავჭავაძეში მთავარ მოწინააღმდეგეს. მათ ვერ უპატიებიათ ილიასათვის, პირველმა რომ შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში სოციალური უთანასწორობისა და ბრძოლის თემა, ის ამბავი, რომ იგი არ მივიდა მათთან და არ დადგა მათ პოზიციებზე და არც მივიდოდა, რადგან ვერ დადგებოდა იგი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე. პარტიულობა წმინდა პოლიტიკური მოვლენაა. იგი იზღუდება მხოლოდ მისთვის მისაღები იდეების კომპლექსით და ძალაუფლებისათვის ბრძოლის გარდა გულისხმობს ამ იდეების ცხოვრებაში გატარებას მიღწეული ძალაუფლების მეშვეობით. ვერც ილია, ვერც აკაკი და ვერც ვაჟა ვერ შეიზღუდებოდნენ რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიით, რადგან მსოფლიო მოქალაქეები იყვნენ და თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას მსოფლიო მოქალაქეობრიობისა და სამართლიანობის პოზიციებიდან ეწეოდნენ. მათი მიზნებისათვის უცხო იყო ძალაუფლებისათვის ბრძოლა და ამგვარი ბრძოლის მეთოდები.
ილია ჭავჭავაძე პოლიტიკური ბრძოლისა და საკუთარი სურვილის გარეშეც აშკარად იყო აღიარებული ქართველი ერის მამად და სახელმწიფოებრიობის მოპოვების შემთხვევაში მის გარდა არავის ხვდებოდა წილად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინამძღოლობა. მიუხედავად ამისა, იმპერიის ტახტისათვის იგი არ წარმოადგენდა დიდ საშიშროებას და ამ თვალსაზრისით მეფის ხელისუფლებას სოციალ-დემოკრატებისა უფრო ეშინოდა, თუმცა არც მათი ლიდერების მიმართ იყენებდა ფარულ ტერორს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა აღინიშნოს, _ ილია ჭავჭავაძის საზარელი მკვლელობის შემდეგ მწერალი იროდიონ ევდოშვილი დემონსტრაციულად გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რადგან ამ მკვლელობაში მის წევრებს სდებდა ბრალს.
ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის სიკვდილით მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ვისაც საქართველოში იმჟამად მისი ავტორიტეტი უშლიდა ხელს ლიდერობის მოპოვებაში.
მოვლენათა ფარული ურთიერთკავშირების გამო მსოფლიო ისტორია სავსეა მოულოდნელობებით. მოულოდნელად დაკარგა საქართველომ სახელმწიფოებრიობა და მოულოდნელად დაიბრუნა იგი 1918 წელს, დაკარგა გარეშე ძალის ჩარევით, ხოლო დაიბრუნა საკუთარი ძალის ჩაურევლად, სისხლისღვრის გარეშე. თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებმა მოშალეს რუსეთის იმპერია, რასაც მისი არმიის რღვევა მოჰყვა, მალე რუსეთის ჯარის ნაწილებმა დატოვეს საქართველო და ქვეყანა სახელმწიფოებრიობის რეალური დაბრუნების წინაშე დადგა. სრულდებოდა დიდი ხნის ნატვრა, რუსეთის იმპერიის მიერ გეორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევის მერე რომ არ მოსცილებია ქართველების გონებას.
მაგრამ იმ დროის თავკაცები, რატომღაც, გაუბედაობას ავლენდნენ და აყოვნებდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ძნელია დადგენა, მორიდებულობას იჩენდნენ იმის გამო, რომ უბრძოლველად მიიღეს ამის საშუალება, თუ ეს იდეა ჯერაც არ გამკვიდრებულიყო ქართველი ხალხის შეგნებაში, როგორც პოლიტიკური აუცილებლობა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი აზრი არ იყო ამისთვის მომწიფებული. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის მზაობა როდის ნიშნავს, როგორც პოლიტიკური აუცილებლობის სიმყარეს. ამგვარ სიმკვიდრეს პროგრამა, ორგანიზებულობა და რიგი პოლიტიკური აქციებისა უნდა უძღოდეს წინ. ამ მიმართულებით ზემოხსენებულ საქმიანობას საქართველოში ადგილი არ ჰქონია.
ამგვარ მოქმედებაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მესვეურები ვერ შეედრებოდნენ სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა: ჯერ საქართველოს ეკლესიამ ცნო თავისი დამოუკიდებლობა, აღიდგინა ავტოკეფალია და ამით ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო ერთიანი და სუვერენული საქართველოს იდეის გამომხატველი. მის მაგალითს მალე თავკაცობის პრეტენდენტებმაც მიჰბაძეს და 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. ეს მონაპოვარი არ წარმოადგენდა ძალთა მობილიზების უშუალო კულმინაციას, მაგრამ იგი უთუოდ ჩაითვლება იმ მიზნის განხორციელებად, რასაც მე-19 საუკუნის მანძილზე თავიანთი სულიერი ენერგია შეალიეს საქართველოს რჩეულმა შვილებმა. ეს გახლდათ ლოგიკური და სამართლიანი პასუხი გეორგიევსკის ხელშეკრულების დამრღვევთა მიმართ.
მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას ორი ომის მოგერიება მოუხდა; იგი ხალხის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. მას არ ესმოდა ერთი ჭეშმარიტება, რომ ძნელია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ გაცილებით უფრო ძნელია შენარჩუნება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საფრთხისა თუ უსაფრთხოების შემთხვევაში აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, ძალთა სრული მობილიზაციისათვის საშუროა დროებით მაინც მთელი საქართველოს ერთ სიმაგრე-ბანაკად გადაქცევა, სამხედრო და სამეწარმეო-სამეურნეო საწყისთა გამთლიანება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროთა ერთიანი მიზინისაკენ წარმართვა, თითოეული მოქალაქის ერთდროულად ჯარისკაცადაც და მეურნედაც გადაქცევა, ყველგან და ყველაფერში უაღრესი მობილიზება და მკაცრი დისციპლინა, სამშობლოსადმი სიყვარულისა და მოვალეობის გრძნობის უმაღლეს შეგნებაში გადაზრდა, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქ, სადაც თავისუფლება საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ტოლფასოვნად არ მიაჩნიათ.
იმჟამად საქართველოში საგანგებო-სამხედრო მდგომარეობაც კი არ გამოუცხადებიათ, რაც რთულ ვითარებაში აუცილებელი ეტაპია ნებისმიერი დამწყები სახელმწიფოსათვის. საქართველოს მთავრობა საკმაო უსუსურობას ავლენდა იდეოლოგიურ-დისციპლინური, დიპლომატიური და სახელმწიფო უშიშროებისათვის საშურ ღონისძიებათა გატარებისას; არ იგრძნობოდა გამოცდილება კადრების შერჩევაში, გაბედულება და დამაჯერებლობა აკლდა მის ყოველ მოქმედებას. არ იყო მჭიდრო და ორგანული საქართველოს პრეზიდენტი ნ. ჟორდანია ხალხთან, მის ავტორიტეტს უდავოდ აკლდა ელვარება. არ იგრძნობოდა მასში ერთდროულად გმირი და ბრძენი, ნებისმიერ გარემოებაში უყოყმანოდ რომ მოჰყვება ხალხი. და, საერთოდ, ახლად შექმნილ სახელმწიფოში არ იგრძნობოდა გონების დაძაბული მუშაობა, ნებელობის მძლავრი პულსაცია, მიზანდასახული საქმიანობა მთელი ერისა, სახელმწიფოს განმტკიცებისა და შენარჩუნების საწინდარი.
ვის უნდა შთაებერა ხალხისათვის იმჟამად დაუცხრომელი აქტიურობის სული, თუ არა საქართველოს მთავრობას?
შექმნილ ვითარებაში გარდაუვალი გახდა ბოლშევიკების გამარჯვება ამიერკავკასიაში, რაც შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:
1. სამოციანელთა მიერ გაღვიძებულმა ეროვნულმა თვითშეგნებამ ვერ ჰპოვა სრული რეალიზაცია პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში.
2. ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეს არ განამტკიცებდა ჭეშმარიტი ინიციატორისა და ეროვნული გმირის საყოველთაო ავტორიტეტი. საქართველოს იმჟამად არ აღმოაჩნდა თავად ისტორიის მიერ დაყენებული ამ საქმის ნამდვილი მისიონერი. მოწამეები კი მრავლად დაშთნენ, რაც იშვიათი არ არის დამარცხების შემთხვევაში.
3. პოლიტიკური პრაქტიკის სფეროშო ბოლშევიკებს იმჟამდ ჰყავდათ ყველაზე ძლიერი და გამოცდილი წარმომადგენლები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებს.
4. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები საქართველოს სახელმწიფოსათვის არსასურველად ვითარდებოდა.
5. ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების უთანხმოებათა გამო ამიერკავკასიაში მოქმედებდნენ გამთიშველი ძალები. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო ზრდიდა მათი წამატების შესაძლებლობას ამიერკავკასიაში.
6. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მყარი, ერთიანი მიზანი. მთავრობის შემადგენლობაში მყოფი მენშევიკები, ალბათ, არც მოისურვებდნენ საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფას, იქ რომ მენშევიკებს გაემარჯვათ.
7. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის საქმე, სახელმწიფოებრიობა, როგორც სიკეთის ერთადერთი გაგება, ერისათვის რჩებოდა მძლავრი იდეოლოგიური პროპაგანდის გარეშე, სტიქიური პატრიოტული გრძნობების ამარა მაშინ, როდესაც ბოლშევიკებთან პოლიტიკური პროპაგანდის საქმე უმაღლეს დონეზე იდგა.
8. არ ჩატარებულა პირველი ეტაპისათვის აუცილებელი საყოველთაო სავალდებულო გასამხედროების ღონისძიება.
9. არ დასახულა პერსპექტივები ფინანსურ-ეკონომიური პოლიტიკის ძირეული გარდაქმნისათვის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისათვის. არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ახალი განვითარებადი სახელმწიფოს შესაქმნელად, რაიც, როგორც დამოუკიდებლობის ღირებულების ასამაღლებელი გარანტია, აუცილებელი იყო თვით იმ რთულ და არეულ ვითარებაშიც კი.
საქართველოში ხშირად გამიგონია მოსაუბრეთაგან როყიოდ წამოსროლილი ფრაზა, ქართველებს რომ დამოუკიდებლობა მოგვცა, მარტო ჩვენი მარგანეცი, ბორჯომის წყალი და კურორტები შეგვინახავდაო. ეს პარაზიტული აზრი კარგს ვერაფერს ამბობს მთქმელის სახელმწიფოებრივი შეგნების დონეზე და ძალაუნებურად გიპყრობს ფიქრი: ნუთუ, ეს იმ დროიდან გამოყოლილი აზრია? როგორ?! მარგანეცი და კურორტები შეგვინახვადა და არა ჩვენი სულიერი სიმტკიცე, თავდადება და ტიტანური შრომა? გამოდის, დამოუკიდებლობა და თავისუფლების არსი გაყიდვა და გაქირავება ყოფილა, რათა შემდეგ დაჯდე და სტომაქი ამოიყორო. გამოდის, ჩვენც იმ პრიმიტიული ხალხების დონეზე ვყოფილვართ, ბუნების მიერ მორთმეული მზამზარეულით ან სხვისი ნასუფრალით რომ იკვებებიან. მაგრამ ასე არ სწირავს ჩვენი მღვდელი!
ჩვენ ოდითგან ხალიბებად და გიორგიანებად წოდებული პირველი მეტალურგები და სოფლის მეურნეები ვიყავით. უხსოვარი დროიდან გვქონია გარემოსთან შემოქმედებითი მიმართება. ჭეშმარიტი ქართული გაგებით თავისუფლება შემოქმედებასთან იყო გაიგივებული, შემოქმედება კი _ უმძიმესი ტვირთის ზიდვასთან.
მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა მესაჭეებმა ახალი ქვეყნის შემოქმედად ვეღარ ივარგეს. მათ ვერ შეიშნეს და ხელიდან გაუშვეს ალალბედად ნაშოვნი თავისუფლება და 1921 წელს ბოლშევიკებმა შეიარაღებულ ძალთა მეშვეობით საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს საქართველოში, ფარხმალაყრილი მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა. ასე დასრულდა საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა. გამარჯვებულებმა ამ ბრძოლას განმათავისუფლებელი უწოდეს, ხოლო დამარცხებულებმა _ ინტერვენცია.

დასასრული შემდეგ ნომერში

დოროთე გითოლენდია