მერაბ კოსტავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

დასასრული. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #21,22.

მართალია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერის, მერაბ კოსტავას დამოკიდებულება რუსეთისადმი და მისი შეხედულებები საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რას მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული გმირი რუსეთთან ურთიერთობის ამოსავალ წერტილად და როგორ აფასებდა რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვან ურთიერთობებს?

„ქრონიკა+“ ასრულებს მერაბ კოსტავას იმ ჩანაწერის გამოქვეყნებას, რომელიც დღესაც აქტუალურია.

განა, არის ამქვეყნად რაიმე ამაღლებული, სიყვარულზე უფრო ზეეროვნული, რომლის წინაშე ყოვლად უსუსურია გამთიშველი ძალა ნაციონალური, რასობრივი თუ წოდებრივი ანტაგონიზმისა. ზეეროვნულია თავად სიკვდილი, ელვარე ვარსკვლავეთი, ლაჟვარდირება ცისა და უკვდავება სულეთში!
აი, სად უნდა ვეძიოთ და ვპოვოთ საწყისები კოსმიური მოქალაქეობისა და ჭეშმარიტი ინტერნაციონალურობისა და არა ერთენოვანების დანერგვის ცდაში. ენა წმიდათა წმიდაა ნებისმიერი ერისათვის, მისი ღირსებისა და განუმეორებლობის ბეჭედი და მასთან მიმართება მოკრძალებასა და მოწიწებას მოითხოვს. ამიტომაც დაჭრილი აფთარივით წამოვენთებით ხოლმე, ჩვენი ერის უფლებამოსილებას თუკი ვინმე შეეხება. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი უნდა გავიხსენო:
1978 წლის აპრილში ქართველ ხალხს მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის მოწყობა დასჭირდა იმისათვის, რათა სსრკ-ს ახალი კონსტიტუციით საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად მხოლოდ ქართული ენა ეღიარებინათ და არა ქართული, რუსული და სხვა რესპუბლიკათა ენები, თითქოს მშობლიური ენა სუვერენულობისა და სახელმწიფოებრიობის ისეთსავე ან უფრო აღმატებულ ატრიბუტს არ წარმოადგენს, ვიდრე ეროვნული დროშა, გერბი, ჰიმნი და ა. შ. განა, ქართული ეროვნული დროშისა თუ გერბის არსებობა აკნინებს ჩვენს პატივისცემას სხვათა დროშებისა და გერბებისადმი? ასევე არ აკნინებს და უფრო ზრდის სხვა რესპუბლიკათა ენებისადმი პატივისცემას ჩვენი განმასხვავებელი სახელმწიფოებრივი ენის არსებობა.
ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველები რუსულს ქართულზე არანაკლებ ფლობენ, ღრმად იცნობენ რუსულ ლიტერატურასა და სათანადოდ აფასებენ ამ ენის დამსახურებასა და მხატვრულ ღირსებებს. ნეტა, ამის მეათედი ქართული იცოდნენ საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა. ჩვენც დიახაც გვესმის რუსული ენის საპატიო როლი მრავალ ეროვნებათა შორის ურთიერთობის დამამყარებლისა, რაც სავსებით საკმარისია ამ ენის ღრმა პატივისცემისათვის.
ამ ენის შესათვისებლად მშობლიური ენის შესწავლაზე არანაკლები ენერგია გაგვიღია და ამიტომაც ღია კარის მტვრევად მიგვაჩნია, როცა კვლავაც და კვლავაც გვიყიჟინებენ მისი შესწავლის აუცილებლობისათვის. ქართულ ენაზე უკეთესად ჩვენ მას ვერც და არც შევისწავლით. ქართული ენა ქართველისათვის მუდამ უმთავრეს ენად დარჩება, რადგან ჩვენ იგი მიგვაჩნია ჩვენი ადამიანური და მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი შეგნებისა და სინდისის უმთავრეს ნიშანსვეტად; ჩვენი წარსულისა და მომავლის გამამთლიანებელ სტიქიად.
დღეს, რუს-ქართველთა ურთიერთობის ორასი წლის თავზე, ღრმა ურთიერთგაცნობისა და თანამშრომლობისაგან მიღებული დიდი გამოცდილების შემდეგ, სასაცილოცაა ისეთ რამეზე საუბარი, რაც თავისთავად ცხადი უნდა იყოს. თუ მხოლოდ ქართული არ იქნება საქართველოს სახელმწიფო ენა, თუ მეცნიერებებს ქართულ ენაზე არ დავეწაფებით სკოლებსა თუ უმაღლესებში და ქართულ მეცნიერებას ქართულის ბაზისზე არ განვავითარებთ, თუ სასწავლო დაწესებულებებში ღრმად არ შევისწავლით საქართველოს ისტორიას, როგორც ცალკე საგანს, თუ საქართველოში განლაგებულ ჯარის ნაწილებში ერთ ქართულსაც ვერ გავიგონებთ, მაშ, სადაური ქართველები ვყოფილვართ ან სადღა უნდა ვპოვოთ თავად საქართველო?
ჩვენ რაც ოდითგან შევქმენით და დედის ნანასავით ერთად შევისისხლხორცეთ, რაც საკუთარი სისხლით გავაპატიოსნეთ, დავხვეწეთ, ათას ქარცეცხლში გამოვატარეთ და თვალის ჩინივით შემონახული დღემდე ღირსეულად მოვიტანეთ, რატომ არ უნდა გავამარადისოთ ჩვენ მოქალაქეობრივ- სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში? ქედმაღლობით ჩვენი თავი სხვა ერებზე მაღლა არასოდეს დაგვიყენებია და არც სხვაზე მეტ პრივილეგიას მოვითხოვთ. საკუთარი მეობისა და თვითრწმენის განმტკიცება კი ზემოხსენებულ საკითხში ჩვენს უმთავრეს სასიცოცხლო ინტერესად, თვითდამკვიდრებისა და ნებისმიერ პარტნიორთან გულწრფელი დამოკიდებულების ერთადერთ გარანტიად მიგვაჩნია.
მხოლოდ ამგვარად თვითდამკვიდრებულ პარტნიორებს შორის შეიძლება ნაღდი, უმლიქვნელო მეგობრობა, სადაც ადგილი არ რჩება ფარული აზრებისა და განზრახვებისთვის. მეგობარმა შენს სახლში რომ არც პატრონად და არც მორიდებულ სტუმრად იგრძნოს თავი, ამიტომ შენვე უნდა იყო შენს ჭერქვეშ შენივე თავის ბატონ-პატრონი და ჭეშმარიტი მასპინძელი. უმადურნი არ ვართ, და სიკეთეს არავის დავუკარგავთ, მაგრამ მოყვარულადვე პირში ვუძრახებთ, თუკი რაიმე არ მოგვწონებია ან მომავალში არ მოგვეწონება. ორი ადამიანის მეგობრობისას იდეალურია იმგვარი ურთიერთობა, სადაც არც ერთის პიროვნული თავისუფლება არ კნინდება. მაგრამ აქ კიდევ დასაშვებია და ხშირად მოსაწონიც, როდესაც ერთის საკეთილდღეოდ მეორე თავისივე ნებით გაიღებს მსხვერპლად საკუთარ თავისუფლებას.
მაგრამ სახელმწიფო პიროვნება როდია და ამიტომ ორი ხალხის მეგობრობისას, უფლებრივი წონასწორობა რომ არ დაირღვეს, ბრძნულად და გულწრფელად უნდა იქნას განბჭობილ- გააზრებული ურთიერთობის თითოეული დეტალი; ურთიერთის გამაბრუებელი ხოტბით კი არ უნდა მიიჩქმალოს, არამედ ერთობლივი ანალიზით გასათვალჩინოვდეს და მორალურ სასწორად იდოს წარსულის ყოველი დარღვევა, შეცდომა თუ გატეხილი სიტყვა, რათა შემდგომში მსგავსი რამ არ განმეორდეს.
შესაძლოა, კიდეც გვიძრახონ: „რადგან ზეიმია, კარგი აღვნიშნოთ მხოლოდ და აუგის გახსენებით გუნებას ნუღარ გავიფუჭებთ“. ღმერთმა დაგვიფაროს. თუ სინდისი სუფთა გაქვს, რისა უნდა გეშინოდეს! ამიტომ მოდით, გუნებას ნუ გავიფუჭებთ იმის თქმითა და მოსმენით, რაც აუცილებლად სათქმელია და მოსასმენი, რადგან რა დასამალია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღმნიშვნელ თარიღზე მეტად მისეული შინაარსის ცხოვრებაში გამკვიდრება გვაინტერესებს. ეს თარიღი მხოლოდ ამ შინაარსის გამოა ჩვენთვის ძვირფასი.
გეორგიევსკის ტრაქტატი იყო და ამჟამადაც რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განსახორციელებელ იდეალად. თუმცა მონარქია და ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესი ჩვენში რახანია, გადაეგო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ძირეული შინაარსი ძალაში რჩება ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პირობებში. პარტნიორობა სუვერენულობის დაურღვევლად, _ აი, მისი უბერებლობისა და მარად ვარგისიანობის საწინდარი. რუსეთ-საქართველოს ურთიოერთობის მთელი ისტორია ამ ტრაქტატის ცხოვრებაში განხორციელებისთვის ბრძოლისა თუ მცდელობის ისტორიაა.
ერეკლე მეორე სხვაგვარ ხელშეკრულებას არ დადებდა, რადგან მხოლოდ ამგვარი პირობები მიაჩნდა დარიალის კარიბჭის ერთადერთ საიმედო გასაღებად.
და იმ დღიდან დღევანდლამდე და დღეისიდან უკუნისამდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების მიზანშეწონილება მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებრივი საწყაულით განიზომება. მკვიდრად ჩავიბეჭდოთ თავში ეს აქსიომა, თორემ საკითხი: ან ტრაქტატით გათვალისწინებული სუვერენიტეტი, ან ხელშეკრულებამდელი მდგომარეობის დაბრუნება, _ არასოდეს მოძველდება.

მერაბ კოსტავა, 20 მაისი 1976 წელი

დოროთე გითოლენდია