მაჩალიკაშვილის საქმის სკანდალური დარღვევები

2017 წლის 26 დეკემბერს დილით ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუისში, გვიან ღამით, სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მედია იმასაც იუწყებოდა, რომ სამართალდამცველებმა დაჭრილი ახალგაზრდა დააკავეს.

„დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოგვივარდა სპეცრაზმი. ჩამათრიეს დაბლა. დაგვაწვინეს ამ ცივ ამინდში იატაკზე. გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ, ერთი დაჭრილი გვყავსო. ზუსტად ვერ მივხვდი, მამაჩემი იყო თუ ძმა. რომ ჩამიყვანეს დაბლა, მამა დაბლა დამხვდა, ძმა კი თვალით არ მინახავს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ… როცა ოთახში შევედით, სისხლი დაგვხვდა. ჩემი ძმა თემირლან მაჩალიკაშვილია დაჭრილი. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს, როგორ წაიყვანეს. რა გახდა სროლის მიზეზი, უცნობია, რადგან ჩემს ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ“, _ უთხრა იმავე დღეს ჟურნალისტებს თემირლანის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა, რომელმაც დასძინა, _ არ ვიცი, რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზიო. მოგვიანებით, სუს-მა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება… გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“.

ერთი სიტყვით, სპეცოპერაციის დღეს სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შეხება ჰქონდა ტერორისტებთან, თუმცა როგორც დღეს ირკვევა, პანკისის სპეცოპერაციის საქმის მასალებში ტერორიზმი საერთოდ არ ფიგურირებს. მეტიც, როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ხდება ცნობილი, 26 დეკემბრის სპეცოპერაციაზე გამოძიება სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმელთა ჩვენებებს გამოძიება ასაიდუმლოებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქმის ნივთმტკიცებები დაკარგულია, მაგალითად, არ არსებობს მასრა, ასევე დაცვის მხარე ვერ ახერხებს თემირლანის ტელეფონის ექსპერტიზას, რადგან მობილური, უბრალოდ, გამქრალია.

რატომ ასაიდუმლოებს გამოძიება სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების ჩვენებებს? სად გაქრა მასრა და სხვა რა სკანდალური დარღვევებია მაჩალიკაშვილის საქმეში?
„ქრონიკა+“ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა:

_ მარიამ, დღევანდელი მონაცემებით, მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება რა ეტაპზეა?
_ დაახლოებით, ივლისში მაჩალიკაშვილის საქმე შემაჯამებელ ეტაპამდე მივიდა.
_ „შემაჯამებელი ეტაპი“ რას ნიშნავს?
_ მართალია, ვადა ყველანაირი შესაძლებლობით გაიწელა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაახლოებით, ივლისში შემაჯამებელი კომპლექსური დასკვნა უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ექსპერტები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, _ ამას, მაქსიმუმ, ორი თვე სჭირდებაო… კომპლექსური დასკვნა იმას გულისხმობს, რომ დადგენილიყო, როგორი გახლდათ გასროლის დროს თემირლანის მდგომარეობა, ასევე _ ხელყუმბარის მდებარეობა და ყველა საჭირო მოწმის ჩვენების ანალიზი. ამის შემდეგ გამომძიებელს გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა მიეღო.
_ მოკლედ, ივლისში შემაჯამებელი დასკვნა დაიდო. მერე რა მოხდა?
_ დასკვნა დაიდო, მაგრამ ადვოკატებს უფლება არ გვაქვს, გავეცნოთ, რას წერს სპეცრაზმელი.
_ ადვოკატებს სპეცრაზმელის ჩვენების გაცნობის უფლება რატომ არ გაქვთ?
_ საქმეც სწორედ ეს არის _ სპეცრაზმელის ჩვენება გასაიდუმლოებულია.
_ გასაიდუმლოებული რატომაა?
_ ისინი იმიზეზებენ, რომ ეს ჩვენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და უფლება აქვთ, არ გაასაჯაროონ. სხვათა შორის, არაერთხელ მივმართეთ შუამდგომლობით და ვთხოვეთ, ნუ მოგვცემთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფრაზებს, უბრალოდ, წაგვაკითხეთ, როგორ აღწერს, რა მდგომარეობაში იყო თემირლანი _ ხელი და თავი როგორ ედო, ანუ მომეტებული საფრთხე რაში გამოიხატაო, მაგრამ ამას არ გვაკითხებენ და ვერ გავიგე, ყველაფერი ეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან რა კავშირშია?
_ ე. ი. სპეცრაზმელის ჩვენებას მიზანმიმართულად და სპეციალურად ასაიდუმლოებენ?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ერთი ტყუილია.
_ ანუ?
_ პირველ რიგში, ხელყუმბარა გადაადგილებულია. საერთოდ, როცა დანაშაული ან კონკრეტული ფაქტი ხდება, ნივთმტკიცებას არ უნდა შეეხო _ ნვითმტკიცების გადაადგილება არ შეიძლება, რადგან ეს მტკიცებულებების პირდაპირი განადგურებაა! ასეთ დროს უნდა გამოიძახო კრიმინალისტიკური სამსახური, რომელმაც შემთხვევის ადგილი უნდა დაასურათოს. ასევე ოქმში ყველაფერი მოწმეებისა და გამომძიებლის თადასწრებით აღიწეროს, შემდეგ ნივთმტკიცება უნდა დალუქონ და გადაიტანონ, მაგრამ როგორც საქმიდან ჩანს, როცა მალხაზი შეიყვანეს, ხელყუმბარა ოთახის ბოლოში იყო. მეტიც, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ არის მოყვანილი. როცა ყველაფერ ამის მოძიება დავიწყე, ოქმში გამომძიებელი არ აღწერს, ხელყუმბარა მე გადავაადგილეო.
_ აბა, ხელყუმბარა თუ თემირლანს ჰქონდა, ვინ გადააადგილა?
_ ვინ და სპეცრაზმელებმა. გესმით, რა ხდება?! _ ეს დიდი დარღვევაა, ანუ ნივთმტკიცება დანაშაულის ჩამდენმა პირმა გადადო.
_ ამას რით ხსნიან, რა მოტივით გადადეს ხელყუმბარა?
_ სავარაუდოდ, ალბათ, იტყვის, უსაფრთხოების მიზნით გადავდეო, მაგრამ იცით, რა ხდება? _ ეს ამბავი რომ მოხდა, თემირლანის სხეულიდან სისხლი ჩანჩქერვით ჩქეფდა _ ფოტოებიც გვაქვს, რომლებზეც ჩანს, რომ იატაკზე სისხლის მდინარეა. ამის გამო სპეცრაზმელები აგონიაში ჩავარდნენ… თემირლანს თავზე სამი ბალიში დააფარეს, რომელიც მთლიანად სისხლით არის განჟღენთილი.
_ თავზე ბალიშებს იმიტომ აფარებდნენ, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ?
_ დიახ… პანიკაში იყვნენ… სასწრაფოში თვითონ კი არ დარეკეს, არამედ სხვა ვიღაცას დაარეკინეს… ჯერ პიროვნება გააგზავნეს პოლიციაში, სასწრაფოში პოლიციიდან დარეკეს… სასწრაფოს გზა აერია და სხვაგან წავიდა. ამის შემდეგ კიდევ დარეკეს და უთხრეს, ამ და ამ მისამართზე დროულად მოდითო, მაგრამ სასწრაფო 15-20 წუთი კიდევ არ გამოჩნდა… ამასობაში თემირლანი სისხლისგან იცლებოდა…
_ რადგან საქმის კურსში არც პოლიცია იყო და არც _ სასწრაფო, უნდა ვივარაუდოთ, რომ თემირლანის მოკვლა დაგეგმილი არ იყო და ყველაფერი სპონტანურად მოხდა?
_ ამაზე ჩემი ვერსია მაქვს…
_ კონკრეტულად?
_ ყველაფერი უცოდინარობის, გამოუცდელობისა და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო მოხდა, ანუ სპეცრაზმელებს, ალბათ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვიღაც ტერორისტთან მიდიოდნენ, კარი გააღეს, დაინახეს ტელეფონის შუქი და პირდაპირ ისროლეს, რითაც ყველანაირი ნორმა დაარღვიეს.
_ ე. ი., სპეცრაზმელმა სროლის ბრძანება ზემდგომისგან არ მიიღო და თვითნებურად იმოქმედა?
_ ასეა. სროლაზე ბრძანება რომ მიეღო, უნდა დაერეკა და სროლაზე ნებართვა აეღო, მაგრამ იცით, თავს რით იმართლებს?
_ რით?
_ სხვა გზა არ მქონდა, რადგან თემირლანმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა, ჩემსა და სხვა სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და ამიტომ ვისროლეო, მაგრამ ამის თქმა სისულელეა.
_ რატომ?
_ რატომ და ამ ფაქტის, ანუ დანაშაულის თვითმხილველები მხოლოდ სპეცრაზმელები არიან და ამ ვერსიასაც მარტო ერთი მხარე ამბობს. თემირლანი მკვდარია, ვერაფერს იტყვის და ამიტომ იმას იგონებენ, რაც თვითონ უნდათ, მაგრამ ახლავე აგიხსნით, ყველაფერი ეს ტყუილი რატომ არის:
მთელი ლოგინი _ საბანი, ბალიშები, ლეიბი _ სისხლშია ამოსვრილი და თემირლანს ხელყუმბარა მართლა რომ სჭეროდა, თან გახსნილ მდგომარეობაში, ხომ წარმოგიდგენიათ, აფეთქების შემდეგ რა მოხდებოდა? არადა, ხელყუმბარაზე სისხლის რაღაც წვეთია _ რაღაც მილიმეტრზე და არ ვიცი, ეს როგორ გააკეთეს.
_ ანუ თემირლანს ხელყუმბარა რომ სჭეროდა, მას შემდეგ, რაც ესროლეს, აუცილებლად აფეთქდებოდა, არა?
_ დიახ, აფეთქდებოდა, მაგრამ იმას, რომ თემირლანს ხელყუმბარა ეჭირა, დამტკიცება სჭირდება! მოგვიანებით გეტყვით, რით მტკიცდება, რომ თემირლანს ხელყუმბარა არ ეჭირა… მოკლედ, სროლის მერე სპეცრაზმელები პანიკაში იყვნენ და დარბოდნენ, როგორმე სისხლი გაეჩერებინათ… სასწრაფო რომ არ მოვიდა, თავიანთ მანქანაში ჩასვეს და ახმეტის საავადმყოფოსკენ წავიდნენ. სოფელ მატანში სასწრაფო შეხვდათ და თემირლანი იქ გადასვეს. ჯერ ახმეტის საავადმყოფოში მიიყვანეს, მერე _ თელავის.
საერთოდ, სპეცრაზმელი ვალდებულია, მომხდარის შესახებ ხელმძღვანელს შეატყობინოს, რადგან ადგილზე შემოწმდეს, რა და როგორ მოხდა. ოთახში ერთი კი არა, აუცილებლად, ორი სპეცრაზმელი მაინც იქნებოდა. ამასთან, პერიმეტრს გარედანაც აკონტროლებდნენ, ანუ აივანზეც, მინიმუმ, ორი სპეცრაზმელი უნდა ყოფილიყო.
_ შემთხვევის ადგილზე ხელმძღვანელიც იყო, ანუ სპეცოპერაციას ვინ ხელმძღვანელობდა?
_ სპეცოპერაციას, რა თქმა უნდა, ჯგუფის უფროსი ჰყავდა, რომელიც ცხადია, ადგილზე იქნებოდა. სხვათა შორის, ერთდროულად სამ ოჯახში შეცვივდნენ.
_ მარიამ, სპეცოპერაციის ხელმძღვანელების ვინაობა დაცვის მხარისთვის ცნობილია?
_ არა, ყველას ვინაობა გასაიდუმლოებულია. საქმის მასალებში ზოგ სპეცრაზმელს „იქსი“ ჰქვია, ზოგს _ „მიქსი“, ანუ ყველაფერი გასაიდუმლოებულია, რომ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოვიდეს. მხოლოდ ის ვიცით, ვინ იყო მაშინ მინისტრი და მისი მოადგილე…
_ სამ ოჯახში რატომ შევიდნენ?
_ იცით, პანკისის სპეცოპერაცია რატომ დაიგეგმა?
_ რატომ?
_ რატომ და, _ 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი კონკრეტული თანამდებობის პირებს რომ არ დაბრალებოდათ, ანუ ამ სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდა კაცი, სპეცრაზმელი გოლაშვილი გარდაიცვალა და მის ოჯახს პრეტენზია რომ არ ჰქონოდა, ჩატაევი საქართველოში როგორ შემოვიდა, ამ ბიჭის გარდაცვალება ვისი დაუდევრობით მოხდა და ხელისუფლებამ წინდახედულება რატომ არ გამოიჩინაო.
მოკლედ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარის შედეგი რომ აელაგმათ, რამე ხმაურიანი იყო საჭირო, რომ თუნდაც ევროპისა და აშშ-სთვის ეჩვენებინათ, აი, დამნაშავეები სათანადოდ დავსაჯეთო. დიახ, ჩატაევის შემოსვლასთან დაკავშირებით რამე გამართლება უნდა ჰქონოდათ და ეთქვათ, საქართველოში ვინ და რატომ შემოიყვანა. ამიტომ პანკისის ხმაურიანი სპეცოპერაცია გარდაუვალი გახდა, თორემ სწორედ ამ დღეს ერთ-ერთმა პირმა თბილისიდან ახმეტამდე იმგზავრა და არავის არაფერი უთქვამს. თემირლანი კი იმ დღეს, მთელი დღე, მინდორში მამასთან ერთად მუშაობდა, ანუ ძალიან მშვიდი გარემო იყო. ეს ადამიანები ახმეტის პოლიციაში დაკითხვაზე რომ დაებარებინათ, ულაპარაკოდ მივიდოდნენ და თუ დანაშაულის ნიშნები გამოჩნდებოდა, დაეკავებინათ, მაგრამ სპეცოპერაცია სჭირდებოდათ, რომლის დროსაც ამ ხალხს აიყვანდნენ და დაკავებულთა ვინაობას მნიშვნელობა არ ექნებოდა.
სხვათა შორის, ამ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ დაკავებულს, რუსლანს, მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, მათ შორის, ერთი ორი წლისაა და როცა ეს ბავშვი ვნახე, მითხრა, როგორ მეშინია დიდი ჩექმების და თოფებისო. ამ ადამიანს ღამის ოთხ საათზე სახლში შეუცვივდნენ _ კარი შეუნგრიეს და ბავშვებმა ყველაფერი ეს ნახეს. არადა, რუსლანი გარეთ გამოვიდა, ხელები აწია და რა პრობლემააო, ანუ წინააღმდეგობა არ გაუწევია. რუსლანის მცირეწლოვანი შვილები დღემდე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან, მაგრამ ამას ვინ უყურებს _ როგორ იქნებიან და როგორ გაიზრდებიან?!
მოკლედ, მას შემდეგ, რაც თემირლანი საავადმყოფოში მიიყვანეს, თათბირი დაიწყეს, ასეთი რამ შეგვემთხვა და რა დავარქვათო? სხვათა შორის, თემირლანის ტელეფონიდან რაღაც მიმოწერები წარმოადგინეს. არაერთი წერილი გავგზავნე და ტელეფონის ექსპერტიზა მოვითხოვე, მაგალითად, ტელეფონზე სისხლის კვალი მაინტერესებდა. დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის გარდა მთლიანი მიმოწერაც მაინტერესებდა _ ვის სწერდა, მაგრამ ტელეფონი გამქრალია! ტელეფონი კი არა, ყურსასმენებიც გამქრალია, რომელიც სპეცოპერაციის დროს თემირლანს ეკეთა.
_ რას ამბობენ, ტელეფონი სად წავიდაო?
_ ყველაფერზე, რაც მათთვის ჩიხია, პასუხობენ, სახელმწიფოსთვის საიდუმლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოძიება მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდესო.
იცით, რა არის? _ წარმოიდგინეთ, მე, როგორც მაჩალიკაშვილების ადვოკატი, მხარე არ ვარ. მეტიც, მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭეს. საპროცესო კანონმდებლობით უფლებები ისედაც ხომ ჩამორთმეული აქვს და, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში ელემენტარული უფლებები არ გააჩნია.
_ ეს პრობლემებს ქმნის?
_ წარმოიდგინეთ, წერილებს ვწერთ, მაგრამ სამართლებრივად ვიღაცები ვართ, ანუ სახელმწიფო მალხაზს პირდაპირ ეუბნება, _ შენი შვილი არ მომიკლავს და დაზარალებული არც შენ ხარო. იმით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულად არ ცნეს, თქვეს, დანაშაული არ მომხდარაო.
_ თუ დანაშაული არ მომხდარა, აბა, გამოძიება რაზე მიდის, სახელმწიფო რას იძიებს?
_ ალბათ, წაგიკითხავთ ნიუსი, როცა პიროვნება თავს იკლავს, გამოძიება აუცილებლად 115-ე მუხლით იწყება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი გამოძიება სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების თაობაზეა.
_ ე. ი., გამოძიების მასალებში ტერორიზმი საერთოდ არ ფიგურირებს?
_ არა! ეს სულ სხვა თემაა და ცალკე სალაპარაკოა. ვიმეორებ: პანკისის სპეცოპერაციაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების თაობაზე, ანუ გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, სპეცრაზმელმა უფლებამოსილებას გადაამეტა თუ არა.
იცით, უფლებამოსილების გადამეტება რას ნიშნავს? _ ხელყუმბარა მართლაც რომ სჭეროდა, სპეცრაზმელი აუცილებლად უნდა დარწმუნებულიყო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და თავდაცვის მიზნით ესროლა.
კიდევ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: შემთხვევის ადგილიდან მასრა დაიკარგა.
_ როგორ?
_ აი, ასე: ავტომატმა ტყვია ისროლა, მაგრამ მასრა არ არის. მასრა მოვითხოვე, რადგან მინდოდა, მანძილი დამედგინა, თუ რა ადგილას იყო სპეცრაზმელი, ანუ მას სხვა ალტერნატივის განხორციელება შეეძლო თუ არა, მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე: თურმე, სპეცრაზმელს იარაღი გაუფუჭდა ანუ ავტომატმა გაჭედა და მასრა შიგ ჩარჩა. აქედან გამომდინარე, მასრა შემთხვევის ადგილზე არ იყო.
ამის მერე მოვითხოვე ექსპერტიზის ჩატარება კონკრეტულად ამ იარაღზე.
_ ჩაატარეს?
_ არა.
_ რატომ?
_ მოვითხოვე, იარაღი მომიტანეთ, ექსპერტიზა უნდა ჩავატარო-მეთქი, მაგრამ საოცრება მოხდა _ დანაშაულის ჩადენის საგანი თვითნებურად გადააკეთეს!
_ „გადაკეთება“ რას ნიშნავს?
_ ახლავე აგიხსნით: მითხრეს, იარაღი შევაკეთეთო, ანუ ავტომატი სპეცოპერაციის დროს ჭედავდა და ახლა აღარ ჭედავს! გესმით, რა ხდება?
_ მარიამ, ყველაფერი, რაზედაც საუბრობთ, რას ემსახურება _ სახელმწიფო რიგით სპეცრაზმელს იცავს თუ ამ საქმეში ისეთი თანამდებობის პირები არიან ჩარეულნი, რომელთა მხილებაც ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან იცის, რომ ობიექტური გამოძიების პირობებში სერიოზულ სკანდალში გაეხვევა?
_ ის, რომ გაუწვრთნელი, მოუმზადებელი და არაპროფესიონალი კადრი გყავს, ასევე არასაჭირო დროს ატარებ ამხელა სპეცოპერაციას მხოლოდ იმისთვის, რომ შოუ მოაწყო, შენ სახელმწიფო არ ხარ! შენ, სახელმწიფო, ვანდალურ აქტს სჩადიხარ იმისთვის, რომ შოუ მოაწყო და ისიც იცი, რომ არავინ დაისჯება, მაგრამ მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს ბრძანება გასცეს! პანკისში სპეცოპერაციის ჩატარება ნამდვილად არ იყო საჭირო!
სხვათა შორის, ამ სპეცოპერაციაზე, ფსიქოლოგურად მოუმზადებელი კადრები გაუშვეს, არც პიროვნებები ჰყავდათ შესწავლილი. ისე, ვფქირობ, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაშიც სწორედ ის გუნდი მონაწილეობდა, რომელმაც პანკისში ჩაატარა სპეცოპერაცია! შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ეს სპეცრაზმელები ძალიან შეშინებულები იყვნენ და იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან არ იყვნენ გამოსულები, რაშიც 22 ნოემბერს აღმოჩნდნენ!
ესენი სპეცრაზმელები კი არა, უბრალოდ, „სნაიპერები“ არიან _ მხოლოდ სროლა იციან და მეტი არაფერი! იმას ვერ მიხვდნენ, თემირლანს ხელში ხელყუმბარა ეჭირა თუ ტელეფონი. არადა, ხუთი წუთით ადრე, ვიდრე სპეცრაზმი შევიდოდა, თემირლანს მესიჯი აქვს გაგზავნილი და კიდევ კარგი, რომ ეს მელოდია გაგზავნა _ ეს ერთადერთ იმედად დაგვიტოვა.
სხვათა შორის, ბიძაშვილი, რომელსაც თემირლანი ემესიჯებოდა, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სპეცოპერაციის შემდეგ დაურეკეს და წამიერად გაათავისუფლეს.
_ განთავისუფლების მოტივად რა დაასახელეს?
_ არაფერი, უბრალოდ, პრობლემები არ გვინდაო. ეს ბავშვი თემირლანის ოჯახს ძალიან დიდ პატივს სცემს და მალხაზს სთხოვა, საჯაროდ არ თქვა, ეს რომ გითხარიო…
_ ერთი სიტყვით, ამ საქმეში მაჩალიკაშვილების ოჯახი დაზარალებულად არ არის ცნობილი…
_ დიახ, ჩვენ ვართ უცხოები, რომლებიც რაღაცას ვიხვეწებით… ვეჭვობ, მოვლენების განვითარებას ელოდებიან, როგორი დასკვნები დაიდება, რომ სპეცრაზმელს მერე ჩვენება გადააკეთებინონ და ისე დააწერინონ, როგორც საჭირო იქნება. ყველაფერი ხომ მათ ხელშია!
_ ყველაფერი ეს მესმის, მაგრამ თუ ნივთმტკიცებები გაყალბებულია და დაცვის მხარეს ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს, ამ საქმეს პერსპექტივა ევროსასამართლოშიც ხომ არ ექნება?
_ ამ საქმეს ევროსასამართლოში პერსპექტივა აუცილებლად ექნება.
_ როგორ?
_ ბოლოს და ბოლოს, დადგინდება, რომ სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილება გადამეტებულია და ადამიანის უფლებებია დარღვეული _ მალხაზს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. ევროსასამართლოში აუცილებლად ამაზე გაკეთდება აქცენტი და ისიც აუცილებლად დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყო გადაცდომა.
_ კი ბატონო, მაგრამ ის ხომ ვერ დადგინდება, სპეცოპერაცია რატომ დაიგეგმა? ასევე ისიც ვერ გაირკვევა, თემირლანი ვინ მოკლა…
_ დიახ, ვერ დადგინდება, სპეცოპერაცია რატომ დაიგეგმა.
საერთოდ, ევროსასამართლოში ის საქმეები მიდის, რომელმაც ქვეყანაში ბოლო ინსტანცია გაიარა. უსამართლო განაჩენი დადგა, თუმცა მათთვის სწორედ დროის გაწელვაა მომგებიანი _ სანამ ევროსასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, ამას დრო უნდა. როცა ევროსასამართლო ყველა იმ დარღვევას დაადგენს, რომელზედაც ვსაუბრობ და საქმეს ხელახალ წარმოებაში დააბრუნებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება!
_ ხელისუფლება თუ დროს წელავს, ეს იმას ნიშნავს, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმე ქართულ სასამართლოშიც კიდევ დიდხანს არ წავა, არა?
_ დიდხანს კი არა, ქართულ სასამართლოში საქმე საერთოდ არ წავა.
_ რატომ?
_ იმიტომ არ წავა, რომ ესენი იტყვიან, აქ დანაშაული არ არისო.
_ აბა, თემირლანმა თავი მოიკლა?!
_ გამოძიება იტყვის, დანაშაულის ნიშნები არ არის, ვინმე რომ დავიჭიროო და დიახ, ისე გამოვა, რომ თემირლანს ხელყუმბარა ეჭირა, რომლის გახსნა და დამუქრება სცადა. არადა, დადგენილია, რომ თემირლანს ისე ესროლეს, რომ არც განძრეულა. წარმოიდგინეთ, წევხართ, თავი ბალიშზე გიდევთ, ყურსასმენებით მუსიკას უსმენთ, ხელები წინ გაქვთ და მესიჯობთ. ამ დროს ოთახში შემოვარდება შეიარაღებული ადამიანი და ისე წამიერად გაისვრის, რომ თავის წამოწევასაც ვერ მოასწრებთ. საერთოდ, როცა ადამიანი საფრთხეს ხედავს, პირველი რეაქცია ისაა, რომ თავს წამოწევს და გაშეშებული არ იქნება.
_ ბუნებრივია…
_ თუ ხელყუმბარა ჰქონდა, საფრთხე რომ დაინახა, ხელს ხომ მოჰკიდებდა? ისე, ხელყუმბარა მოქმედებაში რომ მოიყვანო, ძალაა საჭირო. როცა ადამიანი წევს და თავზე ავტომატიანი დაადგება, ყველაფერ ამას გააკეთებს?
_ ალბათ, ვერ გააკეთებს…
_ სხვათა შორის, ექსპერიმენტი ჩავატარე _ ზუსტად თემირლანის სიმაღლის ბიჭი მოვიყვანე და ზუსტად ისე დავაწვინე. მათ უნდა დაწერონ, რომ თემირლანი ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არ წერენ, რადგან ეს ჩიხია!
თუ სპეცრაზმელი ამბობს, თემირლანმა ხელყუმბარის გახსნა სცადა, მე სხვა გზა არ მქონდა და უნდა მესროლაო, მაშინ რატომ ფეხში, ხელში არ ესრლა და განიარაღება არ მოახდინა და რატომ ესროლა პირდაპირ თავში და ისე მოკლა, როგორც სასტიკი დამნაშავე? ეს წამიერი ლიკვიდაციაა და ასეთ შემთხვევაში, იმის დამტკიცება, რასაც ამბობენ, ძალიან გაუჭირდებათ. სპეცრაზმელს ისეთი რა ჩვენება უნდა მიაცემინონ, რომ დაამტკიცონ, მწოლიარე ადამიანმა წინააღმდეგობა გაწიაო?!
მგონია, უნდათ დაწერონ, მდგომარეობის დადგენა შეუძლებელიაო. თუ დასკვნაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ეს დაწერა, გეუბნებით, „სამხარაული“ მთლიანად უნდა ჩამოინგრეს! ეს თაღლითობა იქნება!
_ თითქმის ორი თვეა, შვილმოკლული მამები _ ზაზა სარალძე და მალხაზ მაჩალიკაშილი _ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართვენ. მარიამ, მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარი მოთხოვნა რა არის _ დაზარალებულად ცნონ, თუ სახელმწიფომ ის დაადგინოს, მისი შვილი, 19 წლის თემირლანი, ვინ და რატომ მოკლა?
_ მალხაზის მთავარი მოთხოვნაა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ! დამნაშავეთა დასჯას როგორ და რა გზით მივაღწევთ _ დაზარალებულად ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით თუ გამომძიებლის დადგენილებით, არ მაინტერესებს!
მალხაზის მოთხოვნაა, რომ სამართალი ნახოს და სანამ სამართალს არ ნახავს, იმ სახლში, სადაც შვილი მოუკლეს, არ დაბრუნდება! კაცი გამწარებულია და უკან აღარ დაიხევს! ვიღაცები ეუბნებიან, პოლიტიკაში გაერიოს, მაგრამ ამას წინათ ხელისუფლების რაღაც შეკრებაზე იყო მისული და არ მიიღეს.
მე, როგორც ადვოკატს, ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მეკრძალება, მაგრამ მე, როგორც ადვოკატი, ამ საქმეში უამრავ დარღვევას ვხედავ…
_ და სწორედ ამ დარღვევების ერთობლიობა ქმნის განცდას, რომ ამ საქმის ხერხემალი პოლიტიკაა, ანუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორემ ხელისუფლება პანკისის სპეცოპერაციას აქამდე გამოიძიებდა. არ მეთანხმებით, მარიამ?
_ დიახ, ეს ფაქტები, გვინდა თუ არა, უკვე პოლიტიკას უკავშირდება. როცა ამდენ დარღვევას ხედავ, შენ, როგორც ადვოკატს, გიჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს მიკერძოებას და არ არსებობს ობიექტური გამოძიების პოლიტიკური ნება, მაგრამ ეს ის კვანძია, სადაც ჩემი უფლებამოსილება მთავრდება!
_ ბოლოს, მარიამ, მითხარით, თქვენ, როგორც ადვოკატმა რა უნდა გააკეთოთ, რომ პანკისის სპეცოპერაციის ობიექტური გამოძიების პოლიტიკური ნება გააჩინოთ?
_ ადვოკატებს უფლებები არ გვაქვს, მაგრამ იმაზე მეტსაც ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

გიორგი აბაშიძე