მაშა, ანუ მოსიარულე ენციკლოპედია

ის ყველას ეხმარება _ ასე იცნობენ იქ, სადაც მეოთხე წელია, სწავლობს. მას მაშას ეძახიან და ყველამ იცის, რომ ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარია, მაგრამ ცოტამ, რომ იგი ლიტერატურაზე მოსწავლეებს ლექციებს უკითხავს.

რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც იმდენად ფართო თვალსაწიერი აქვს, რამხელაც მაშას ცოდნა სწვდება. სწორედ ამიტომ მოსიარულე Wikipedia შეარქვეს და მაინც, მას ჰგონია, რომ უბრალო გოგონაა სამეგრელოდან. უყვარს წიგნები, აქვს ბლოგი, სადაც სხვადასხვა სოციალურად აქტუალურ თუ მისთვის მნიშვნელოვან თემაზე წერს, წერს ლექსებსაც, ხატავს და უკრავს პიანინოზე. ამასთან ერთად ორ პროფესიას ეუფლება და მაინც ჰგონია, რომ ჯერ საკუთარი თავი არ უპოვია.

გაიცანით, ეს მარიამ გვარამიაა, _ გოგონა ლექტორი, პოეტი, ბლოგერი, ჟურნალისტი და სოციალური მუშაკი.

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე (ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ)?

_ მარიამ გვარამია, ბევრისთვის მაშა ვარ, 21 წლის, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთმა პროფესიამ არ დამაკმაყოფილა და მეორად სპეციალობად სოციალური მუშაობა ავირჩიე, ახლა ორივე მიმართულებას ვსწავლობ, უკვე ბოლო კურსზე ვარ. წარმოშობით, სულით და გულით, ვარ სამეგრელოდან, კერძოდ წალენჯიხიდან. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ქალაქი და სოფელი, სადაც გავიზარდე და სადაც მომავალშიც ვაპირებ ცხოვრებას. ძირითად დროს სწავლას ვუთმობ, თუმცა, ამავდროულად, სხვა საქმიანობასაც ვახერხებ. ძალიან მიყვარს წერა და ხშირად ვწერ, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში. ამჟამად სწავლასთან ერთად თბილისის სკოლებში ვატარებ ლექციებს წიგნებზე.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ (წიგნებზე ლექციების კითხვას ვგულისხმობ. რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?)?

_ ადამიანმა ყველა საქმეში უნდა გამოსცადოს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იცის, თუ სადაა მისი ადგილი. ასეთი ადამიანი ვარ მე და როგორც კი იმის შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ ამ ამპლუაში თავი მეცადა, უარი არ მითქვამს და ამას არც ვნანობ. ესაა ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაციის“ პროექტი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ. პროექტი ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლებში ქართული და უცხოური წიგნების შესახებ ლექციებს და შემდეგ ამ წიგნებზე რადიოგადაცემების მომზადებას. რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ უკვე და წინ კიდევ ბევრი გველოდება. დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესოც და მრავლისმომცველიც. პროექტში სულ ოთხი ადამიანი ვართ ჩართული, აქედან სამი სტუდენტი და ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, ძალიან დიდი გამოცდილებაა. ჩემთვის კი ის საქმეა, რომელიც, ჯერჯერობით, მომწონს და სიამოვნებით გავაგრძელებდი კიდევ დიდხანს.

_ რა სირთულეები შეგხვდათ გზად?

_ პირველი, რასაც გამოვყოფდი, წიგნების შერჩევა იყო. მე და ჩემი მეწყვილე ანი დიდხანს ვფიქრობდით წიგნებზე, რომელზედაც მოსწავლეებთან უნდა გველაპარაკა. საკმაოდ რთულია ისეთი ლიტერატურის შერჩევა, თავისუფლად და ლაღად რომ შეგიძლია საუბარი მერვე-მეცხრე-მეათე კლასელებთან. ძალიან დიდი განხილვა გვქონდა, რამდეჯერმე ვიკამათეთ კოორდინატორთან, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შევჯერდით. ასევე რთული პროცესი იყო სკოლების დათანხმება. ზოგი მარტივად გვთანხმდებოდა, ზოგი _ არა, ზოგს საერთოდ არ სურდა ჩვენთან საუბარი. როგორც ვიცი, ახლაც მიმდინარეობს რამდენიმე სკოლასთან მოლაპარაკება, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

_ რას გაძლევს ის, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს ახლებურად, ან შენებურად აჩვენებ ხოლმე კონკრეტული წიგნების შინაარსს?

_ რამდენად ახლებურად ვაჩვენებ, არ ვიცი, ამაზე, ალბათ, თვითონ მოსწავლეებს უნდა ჰკითხოთ. ეს მხოლოდ წიგნებზე საუბარი არაა, ესაა ერთი დიდი, ცხოვრებისეული გაკვეთილი, სადაც მე არ ვარ მასწავლებელი და არც ისინი არიან მოსწავლეები. მე ვსწავლობ მათგან და ისინი სწავლობენ ჩემგან. ვსაუბრობთ, როგორც თანატოლი ადამიანები და ვსაუბრობთ შეზღუდვების გარეშე.

ჩემთვის ყოველი ახალი ლექცია არის ახალი ფურცელი ჩემს ცხოვრებაში, რომელზედაც შემდეგ აუცილებლად დავწერ. იურთიერთო შენზე უმცროს ადამიანებთან და სწორად მიაწოდო ესა თუ ის მესიჯი, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე და ვალდებული ვარ, ბოლომდე მივსდიო მას. რას მაძლევს მე ეს ყველაფერი? _ ურთიერთობას.

_ როგორია ბავშვების დაინტერესება? ინტერაქცია?

_ თავიდან დიდი დაინტერესება არ იყო, მაგრამ აუდიტორიები ნელ-ნელა ივსება. ყველაზე კარგი და სასიმოვნო კი ისაა, რომ საკმაოდ აქტიურად ერთვებიან საუბარში და თავიანთ აზრს ხმამაღლა და გაბედულად აფიქსირებენ. ხშირად ისე ხდება, რომ წიგნი, რაზედაც ვსაუბრობთ, წაკითხული არ აქვთ, მაგრამ მაინც იმდენ კითხვას გისვამენ, ისე საინტერესოდ საუბრობენ, რომ ეჭვი შეგეპარება ამაში. ამას წინათ პალანიკის „მებრძოლთა კლუბზე“ ვსაუბრობდი და ლექციის ბოლოს ერთმა მოსწავლემ მითხრა, _ საზაფხულო გეგმებში შედიოდა ეს წიგნი, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ გადმოიწევს, მგონიო. ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, თითქმის ყველაფერზე რომ შეგიძლია ესაუბრო.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ლექციებს?

_ ჩემი და. სანამ სკოლაში წავალ, სახლში გავდივარ ხოლმე რეპეტიციას და მას უწევს მომისმინოს, ან დაწერილი წაიკითხოს. მეუბნება, რომ მოსწონს, არ მოსწონს და ყველაფრის შეცვლა მიწევს, რადგან თუ მას არ მოსწონს, ე. ი. მართალია.

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ვკითხულობ ლექციებს, ვხუმრობ. არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, თუ რა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. ზოგჯერ წერა, ზოგჯერ კითხვა, ზოგჯერ მუსიკის მოსმენა, ზოგჯერ კი საერთოდ არაფერი და ერთ ადგილზე წოლა (ამ უკანასკნელს ყველაზე ნაკლებად ვახერხებ გადატვირთული გრაფიკის გამო).

ყველაზე დიდი სიამოვნებით, ალბათ, საჭმელს ვაკეთებ. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. აქ, თბილისში, ყველაფერი მზამზარეული მხვდება, მაგრამ სოფელში მე მიწევს კერძების გაკეთება. ხშირად ვიგონებ ხოლმე რაღაცებს და როგორც ამბობენ, არცთუ ისე ცუდად გამომდის საჭმლის მომზადება. ოდესმე კულინარიულზეც ვისწავლი, ალბათ, ეს სფერო ძალიან მაინტერესებს.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ არავისთვის არ მენანება არაფერი. სხვისი ბედნიერებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შესაბამის უკუკავშირს ვერ ვიღებ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ რამეს შეუძლია ადამიანის გაბედნიერება და როდესაც ეს შენ შეგიძლია, რატომ არ უნდა დაგენანოს სხვისთვის ამის გაზიარება?! მატერიალურად კი წიგნების შესაძენად არასდროს დამნანებია ფული. ჩემი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილიც წიგნებში მიდის.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ პასუხისმგებლობა. როცა რაღაცას აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, შენი საქმეა თუ სხვისი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობას და მის დაცვას. ასევე მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ვაკეთებ ამა თუ იმ საქმეს. უსიამოვნო ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებაც მქონია და იმის შემდეგ ამასაც ვაქცევ ყურადღებას.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ სიმართლეს. არ მიყვარს ტყუილი, მაშინ როდესაც სიმართლე ვიცი და როგორც წესი, სიმართლე ყოველთვის ვიცი. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარია, შეყვარებული თუ უცნობი, არ უნდა მომატყუოს. მგონია, რომ არაფერს აქვს ისეთი ფასი, როგორც სიმართლეს. ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა ყველაფერი.

ადამიანობაც მოსაძებნია ადამიანში, რადგან ძალიან გაუფასურდა ყველაფერი. ბანალურია, ხომ, ცოტათი, რომ ახალგაზრდა გოგო ამაზე საუბრობს, მაგრამ ეს ასეა და თუ დაფიქრდებით, ამას თქვენც მიხვდებით.

_ ისეთი გადაწყვეტილება თუ გაქვს, რომელიც გინანია?

_ ჯერჯერობით, არ მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. შეიძლება, ამას დრო სჭირდება და მერე გამოჩნდეს.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ტყუილი, გაუგებარი იუმორი, ბილწსიტყვაობა და წიწიბურა. განსაკუთრებით მაღიზიანებს მსგავსი ტიპის შეკითხვები: „ამას რატომ უსმენ, უყურებ, კითხულობ?“ და „ეს როგორ არ გაქვს წაკითხული, ნანახი, მოსმენილი?“.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ სეირნობისთვის, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისთვის და ფეხბურთისთვის.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ამ ბოლო დროს ხშირად ვსეირნობ. მეგობრებს ვურეკავ და მათთან ერთად ფეხით დავდივარ. ხშირად მარტოსაც მისეირნია. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, სხვადასხვა რაღაცები ვაკეთო. ვკითხულობ, ვწერ, ვხატავ, ვუკრავ, დეიდაშვილის ბავშვები ჩამყავს ეზოში, მეგობრებს ვწერ, მოკლედ, აქედან რომელიმეს აუცილებლად ვაკეთებ, თუ თავისუფალი დრო მაქვს.

_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა, ან პირიქით?

_ არასდროს გამიკეთებია რამე იმიტომ, რომ ჩემს საქმეში პირველი ვყოფილიყავი და არც არასდროს გავაკეთებ. ვაკეთებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, ვაკეთებ იმიტომ, რომ ასე მინდა, ასე მსურს.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?

_ გამორჩეული ბენდი, მომღერალი, მუსიკოსი არ მყავს, ვუსმენ ყველაფერს, რაც მინდა და როცა მინდა. შეიძლება, ერთ დღეს კლასიკურ მელოდიებს ვუსმენდე, მეორე დღეს მძიმე როკს, მესამე დღეს ქართულ ბენდებს და ასე შემდეგ.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ კიდევ ერთი დღის სიცოცხლეს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ამ ბოლო დროს, მგონი, არაფერზე, რადგან მეშინია, არ ამიხდეს. არ არსებობს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია. მეოცნებე ადამიანები არ მიყვარს. არც მე ვარ დიდად მეოცნებე, ხუმრობით ხშირად მითქვამს, რომ ჯეკპოტის მოგებაზე ვოცნებობ, რომ მერე მედიაჰოლდინგი გავხსნა და ჩემი მეგობრები დავასაქმო. მოკლედ რომ ვთქვა, ოცნებები არ მაქვს, ყველაფერი მიღწევადია, ჩემი აზრით!

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.

_ ბევრი მეუბნება, რომ ჰერმიონს ვგავარ „ჰარი პოტერიდან“, მე კი არ მიფიქრია ამაზე, სიმართლე გითხრა. არავისთვის მიმისმგავსებია თავი.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ არავინ. არავის ვბაძავ და არც მინდა, რომ მე მომბაძოს ვინმემ. ყველა ადამიანი არის ჩამოყალიბებული, თვითმყოფადი არსება, პიროვნება, რომელსაც აქვს განსაკუთრებული „მე“ და არ ჰგავს არავის.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ როცა მძინავს, მაშინ ვისვენებ. სხვა შემთხვევაში, დასვენებისთვის არ მცალია. ყოველთვის მაქვს რაღაც საქმე. აი, ძალიან მინდა ხოლმე, რომ ერთი დღე არაფერი ვაკეთო და დავისვენო, ვუყურო ფილმებს, დავლიო ყავა, ჩაი, ვჭამო ბევრი, ვიწვე საწოლში, ვიარო უგზო-უკვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე არ იცდის, ვერაფერს აკეთებ.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ჩემი თავი ხუთ წლამდე. როცა არაფერი მქონდა სადარდებელი, ვიყავი ბედნიერი, ლაღი და არ ვიცოდი, რა იყო ცხოვრება. აი, ის მარიამი მენატრება, აწ უკვე მაშად წოდებული.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემი ცხოვრება. ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე იმის გარეშე, რასაც ვაკეთებ. ეს შეიძლება, დროებითი იყოს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხომ მაინც იქნება?

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ყოველი ადამიანი თავისებურად აღიქვამს თავისუფლებას. ჩემი გადმოსახედიდან, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი არავინაა, არც მე. გვინდა თუ არ გვინდა, რაღაც საკითხებში ყველანი შეზღუდული ვართ.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ თითქოს ყველამ ვიცით, რაც არის, რატომ არსებობს და რა გვინდა მისგან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ ის იმდენად ზოგადია, იმდენად კონკრეტულიც, იმდენად აბსტრაქტული, რომ ამოუწურავად შეიძლება მასზე საუბარი.

ჩვენ თავისუფლები გავხდებით იმდენად, რამდენადაც ამის უფლებას საკუთარი თავი მოგვცემს.

ვიღაცისთვის _ მრუშობა, ბილწი აზროვნება, აღვირახსნილი ქმედება და უკანონობაა… ფანჯარასაც რომ ჩაუმტვრევ კანონმორჩილ მეზობელს, ესეც თავისუფლებაა _ ოღონდ სხვისი გაგებით…

მასისთვის „შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“ (რადგან ეს პოპულარულია)

ჩემთვის _ განსაზღვრული არ მაქვს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, თუ რა არის თავისუფლება… მეგონა, განსაზღვრულ ასაკში მივხვდებოდი (18)… ასაკმა, ამჯერად, თავისი არ ქნა… არ ვვნებ სხვებს, თუ არ მვნებენ მე _ ამას იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული არ ვარ ჩემს თავისუფლებაში. დარწმუნებული ვარ მხოლოდ ჩემს მოვალეობებში, რომელიც არასდროს გადავა სხვისაში.

იცით, როგორ წარმომიდგენია თავისუფალი სამყარო?! _ ადამიანები, რომლებიც ბუშტებში სხედან და ისე მოძრაობენ. ეს არის მათი თავისუფალი სამყარო. ისინი შეზღუდულებიც არიან, მაგრამ არა ძლიერად… რადგან როცა სხვის ბუშტში იწყებენ მოძრაობას, ის სკდება.

მთებში ბუშტები არ არის _ იქ ისედაც დიდი სივრცე აქვთ, მაგრამ ჩემთვის „მხოლოდ“ არც მთებშია თავისუფლება…

თავისუფლება თითოეულ ჩვენგანშია, ოღონდ განსხვავებული, განსაკუთრებული…

მე მინდა სამყარო, სადაც ბუშტების ფერებს თავად ავარჩევ!

თავისუფლება ჩემზეა!

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ სწავლის (სწავლის ეტაპზე ყოველთვის ვიქნები), საკუთარი თავის ძიების, პოვნის ეტაპზე. ჯერ მხოლდ 21 წლის ვარ და ვცდილობ, დღევადელი დღით ვიცხოვრო.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ არა. მგონია, რომ მთელი ცხოვრება სჭირდება საკუთარი თავის პოვნას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. მე კი ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე საკუთარი თავი. ვერ გავერკვიე, რა მინდა, რატომ მინდა, როგორ მინდა. თუმცა ცოტა წინ წავიწიე ამ კუთხით და უახლოესი წლები ვიცი, რაც უნდა ვაკეთო. საკუთარი თავის პოვნა, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროცესია, შეიძლება ცოტა მტკივნეულიც. ოდესმე იმედი მაქვს, რომ მაშა თავის თავს იპოვის სადმე.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც მისია. შესაძლოა, მეც ვიყო ერთ-ერთი მათგანი. რა ვიცი, აბა, ჯერ ვერ ვგრძნობ თავს მისიის შემსრულებლად, თუმცა შეუსრულებელი მისიაც ხომ არსებობს?!

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ვიბრძვი უკეთესი მომავლის შესაქმნელად, უკეთესი სამყაროს შესაქმნელად, უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერს, არ ვიცი, მაგრამ ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, რადგან მაინც ისე მოვიქცეოდი, როგორც წარსულში. იმ უსარგებლო ადამიანებსაც დავტოვებდი ჩემთან მრავალფეროვნებისთვის, არც ერთ დაკარგულ წუთს არ ვინანებდი, რადგან ის, რისი გახსენებაც შემიძლია, როგორ შიძლება, დაკარგული იყოს?

ქვეყანაში კი განათლების ხარისხს, დონეს გამოვასწორებდი, ან ვეცდებოდი მაინც. ამ სფეროში მიწევს ტრიალი და გულზე მხვდება ყოველი სტერეოტიპი, ყოველი არაკომპეტენტური ლექტორი (და დამიჯერეთ, არიან ასეთები), სტუდენტი. პირველ რიგში, განათლების სისტემას ჩავიბარებდი და ისეთ ბაზას შევქმნიდი, აქეთ ჩამოვიდოდნენ სასწავლებლად უცხოეთიდან.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ წარმატების შანსი, რაღაც პატარა, ყველას აქვს, უბრალოდ, საკმარისად არ ვინდომებთ. მცირედით ვკმაყოფილდებით და ეს გვგონია წარმატება.

ვფიქრობ, რომ ამ საქართველოში, სადაც ასე მძაფრადაა გამჯდარი ნეპოტიზმი ყველა სფეროში, ჩემი ადგილი არ არის. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ მანამდე სხვაგან ვცდი ბედს, რომ მერე აქ მქონდეს შანსი.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ კი, არასდროს შევჭამ წიწიბურას. ესაა ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი და არ ვუღალატებ ადამიანს, ჩემს ნდობას არავის დავაკარგვინებ.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ რომ არა ის, ვინც ვარ, საერთოდ არავინ ვიქნებოდი. სხვანაირი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ რამდენად საბჭოურადაც უნდა ჟღერდეს, მაინც სწავლა, სწავლა და სწავლა.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ცხოვრების ჩახლართულობაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ ადამიანებისთვის რა არის ხსნა, არ ვიცი, ყველა თვითონ განსაზღვრავს ამას. ჩემთვის კი სიმშვიდე მოაქვს ბავშვებს და ძილს.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ არ მახსოვს, სხვისი ფრაზებით არასდროს ვლაპარაკობ ხოლმე.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყვნენ ადამიანები. ყოველ დღეს შეხედონ ისე, თითქოს ბოლოა და არ დაკარგონ წუთები ერთმანეთთან ჩხუბსა და კამათში, ენდონ ერთმანეთს, უყვარდეთ ერთმანეთი.

როგორც პალანიკი ამბობდა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ამიტომ ვეცადოთ, ვიყოთ ადამიანები და მოვკვდეთ ადამიანებად.

ვიყოთ ჩვეულებრივები.

 

ის კვლავ აგრძელებს სკოლებში სიარულს და ახერხებს მოსწავლეების დაფიქრებას ბევრ საკითხზე. ამ გოგონაზე გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის სათაური მახსენდება: „იცხოვრე, რომ მოჰყვე“. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბევრს მოყვება და მისი მოსმენა ძალიან სასიამოვნო იქნება.

 

ნინო ტაბაღუა