მარტოხელა დედა VS ყვარლის მერი

მაკა მოსიაშვილი

ლალი გამბიშვილი მარტოხელა დედაა, ის ყვარლის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ლალის შვილის გარდა, მოხუცი ავადმყოფი დედა ჰყავს ოჯახში. მარტოხელა ქალს მძიმე სოციალური ფონით შექმნილი მდგომარეობა უფრო და უფრო ურთულებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ქრონიკა+“ ლალი გამბიშვილს ესაუბრება:

_ ვარ მარტოხელა დედა, უამრავი ქრონიკული დაავადების მქონე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. მყავს შვილი ლაშა ივანიშვილი.
ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და მე ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, კლასელები ვართ. როგორ მოვყვე, არ ვიცი, დღეს ჩემი კლასელი ჩემი მტერია.
_ მიზეზი?
_ გადამეკიდა იმიტომ, რომ მუშად ვმუშაობდი არჩილ გეგენავას მამულში. იქ მისი მამა, ვახტანგ ზაუტაშვილი, უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც დაიკარგა ტონობით ყურძენი. როგორც ვიცი, მუშების სახელზე გაიწერა უამრავი ხელფასი, ეს დამტკიცებულია. რადგან მე ამ ყველაფრის მოწმე ვიყავი, გადამეკიდნენ. ჰოდა, ამ დღიდან დაიწყო ჩემი დევნა. დავკარგე სამსახურიც, ამიტომ გადავწყვიტე მხილება.
მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს: ამ არჩევნებზე ეს თანამდებობა გივი ზაუტაშვილმა ნათესავების დახმარებით მიიღო. ბერა ივანიშვილი და ნიკა ფიცხელაური ქვისლები არიან. ნიკას მამა, შენგელი ფიცხელაური, გივის ახლო ნათესავია, ის სუსის უფროსის მოადგილეა.
11 ოქტომბერს მე და დედაჩემი ყვარლის მერთან მივედით, მან კი თავისი კაბინეტიდან გამოგვყარა. ამ შეხვედრის შემდეგ დედაჩემის მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ უფრო გაუარესდა. უბრალოდ, ხანდაზმულმა ქალმა ვერ გადაიტანა შეურაცხყოფები.
_ რა პრობლემა გქონდათ, როცა მერს მიმართავდით?
_ ჩემ გვერდით, ძალიან ახლოს, ეროვნებით პოლონელმა მშენებარე ბინა იყიდა, დაადგა მესამე სართული, დაარღვია ყველა ნორმა, ჩემს საკუთარ გალავანზე ააშენა ათასი რამ, ამ ყველაფრის ნება კი მისცა ქალაქის მერმა. მტერი მისწორდება! სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურმა უამრავი ფული აიღო და ყველაფრის ნება მისცა პოლონელს. მოიტანა მიწის სატკეპნი და ახალი აშენებული სახლი ორ ადგილას გადამებზარა. როცა გივი ზაუტაშვილთან დახმარებისთვის მივედით, დედაჩემმა გაახსენა, რა შეურაცხყოფაც მიაყენა და განრისხდა, _ აქედან მოშორდით, არაფერს აღარ გაღირსებთო! ბავშვობიდან ყველა გამგებელი მეხმარებოდა, უამრავი ქრონიკული დაავადება მაქვს. მოგეხსენებათ, წამლები რა ძვირი ღირს, დედაჩემმა 4 ინსულტი გადაიტანა, მე უამრავი დაავადება მაწუხებს, ჩემს შვილს მიტრალური სარქვლის პრობლემა აქვს…
მივმართავ ბიძინა და ბერა ივანიშვილებს! ფულს არ ვითხოვ, ასეთ სამარცხვინო მმართველობას ბოლოს რატომ არ უღებენ? სირცხვილია, ჩემი შვილი მათ გვარს ატარებს, გვარს, რომელსაც მთელი საქართველო აუგად მოიხსენიებს. ამ გვარის მძიმე ჯვარს ვატარებთ და კიდევ პოტენციური მკვლელი და ქურდი უნდა მაშინებდეს?
ისტორიული მთა _ ილია ჭავჭავაძის კუდიგორის მთა _ გაყიდეს, მიწასთან გაასწორეს, კაზინო უნდა გააკეთონ…
_ სამართალდამცველებს მიმართეთ, როცა ამბობთ, რომ თქვენ გავიწროებენ და გდევნიან?
_ ჩემი დევნის შესახებ ზაუტაშვილს ათასობით ხელწერილი აქვს ჩამორთმეული პოლიციაში. 2016 წელს დაიწყო ეს დევნა, ჰოდა, ახლა მიხდის სამაგიეროს, წამალს მიკრძალავს… გეგენავას რაც დამართეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რაიონის ბიუჯეტს რას დამართებენ.
არ დაავიწყდეს, მოწმეებად გამოიყვანოს თავისი თანამშრომლები, რომ გივი ზაუტაშვილი კარგი ბიჭია. ყველა თანამშრომელი მთავრობის სატელიტი არის…
ვკითხულობ: რას გადამეკიდა პოტენციური მკვლელი და ქურდების ოჯახის წარმომადგენელი გივი ზაუტაშვილი?! იმისიც არ რცხვენიათ, რომ ივანიშვილები ვართ…
ზაუტაშვილი ჩემ მიმართ ბოროტად იყენებს თანამდებობას; სამოხელეო გულგრილობაა ჩემი პრობლემების იგნორირება. გუგლში ვნახე, შენგელი ფიცხელაური კარგი კაცია, ალბათ, არ იცოდნენ, ვის ნიშნავდნენ თანამდებობაზე. როცა ძაღლებივით გამოგვყარეს, გივი ზაუტაშვილმა გვითხრა, _ წადით, ევროსასამართლოში მიჩივლეთ, მათხოვრებო, მე ყვარლის მეფე ვარო! მე, სოციალურად დაუცველი ავადმყოფი, მათხოვარი ვარ?! ბიძაჩემივით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ხომ არ დასახიჩრებულა ან დედაჩემივით 37 წელი ერთგულად ხომ არ უმსახურია საავადმყოფოში დღისა და ღამის განმავლობაში, სისხლის გადასხმის განყოფილებაში უშეცდომოდ. ალბათ, ამით დაიმსახურა ეგ თანამდებობა. აკი, ამბობს კიდეც, მეკუთვნის და დავიმსახურე ეს თანამდებობაო.
„ქრონიკა+“-ის საშუალებით გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ ივანიშვილებს: მომხედონ! საინტერესოა, ეთნიკურად პოლონელმა ბინადრობის უფლება როგორ მიიღო? ყველაფრის უფლება როგორ მისცეს? ქართული ენა არ იცის, 10 წელი უწყვეტად არ უცხოვრია საქართველოში, არ იცის საქართველოს ისტორია და სამართალი და ამისთანა კაცს ყველაფრის უფლებას როგორ აძლევენ ჩემს ეზოზე?! არც კი შემეკითხნენ, ისე გაიყვანეს გაზი.
იუსტიციის მინისტრის დახმარებაც დამჭირდება, ეს რა დღეში ვართ ქართველები! ჯერ მე რა დღეში მაგდებენ, ივანიშვილს, და დანარჩენი რა დღეში იქნება? ჩვენს ქვეყანას მიშა სააკაშვილი თუ უშველის! ამას ვითხოვ ივანიშვილისგან: თავისულება მიშას!
გაპარტახებულია მთელი რაიონი, წმინდა ილია მართალი საფლავში ტრიალებს, მთა აღარ არსებობს. შემახვედრეთ ივანიშვილთან. ჩემს ოჯახს მტერი არ ჰყავს, რა დავაშავეთ?! დედაჩემზე იკითხეთ, რა რეპუტაციით სარგებლობს, ასეთი მერი გვეკუთვნის? ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
ახლა ხალხის სათქმელს ვამბობ: გივი ზაუტაშვილმა სახლი გაარემონტა და ცოლს ახალი მანქანა უყიდა ღატაკი და უბედური ხალხის ხარჯზე. რას გადამეკიდა?! მაგის შვილებს თავზე უნდა ეყაროთ ყველაფერი და ჩემს შვილს დედა უნდა მოუკლას? ყველას უნდა გავაგებინო, ყვარელს როგორი მერი ჰყავს, ოთარაანთ ქვრივის შთამომავალი ვარ, არ გავჩერდები!