მარინა გელაშვილი: „ქართველი ებრაელობა ორმაგი ცნობიერებისაა, იგი ებრაელია და ამავდროულად _ ქართველი“

მიხეილ ხაჩიძე

საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში იყო და დღესაც რჩება მრავალეთნიკურ და მულტიკულტურულ სახელმწიფოდ, რასაც, პირველ რიგში, ხელს უწყობს მისი მდებარეობა მსოფლიო ცივილიზაციების საზღვარზე. თუმცა გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად აღსანიშნავია ქართული სტუმართმოყვარეობის ფენომენი, რომელიც უკვე ქართული იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

რომელი ხალხები აღარ ცხოვრობდნენ საქართველოში: ქურთები, ასურელები, გერმანელები, ბოშები, სომხები, აზებაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, მაგრამ ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა, როგორიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქართველებსა და ებრაელებს შორის, იშვიათად გვხვდება მსოფლიო ისტორიაში.

ქართველი ისტორიკოსების აზრით, ებრაელები საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ძველი ქართული ისტორიული მწერლობა ებრაელთა ჩამოსვლის პირველ ტალღას ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს; ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. ქართლის მოქცევის მატიანეს მიხედვით, სპეციალისტები ებრაელების მცხეთაში ჩამოსვლას 169 წლით ათარიღებენ. ელინისტურ ხანაში ქართლში, მცხეთასა და ურბნისში უკვე არსებობდა ებრაელთა უბნები. დღეს ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რამდენი ებრაელი ცხოვრობდა საქართველოში საუკუნეების განმავლობაში.

საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი საბჭოთა კავშირის წლებში დაიწყო, თუმცა მაშინ მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა აღთქმულ მიწაზე დაბრუნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ებრაელებმა შეძლეს თავად აერჩიათ: დარჩენა ან უშუალოდ მონაწილეობა ისრაელის სახელმწიფოს მშენებლობაში. ვიღაც დარჩა, ბევრი წავიდა. მაგრამ ებრაელებს საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირები დარჩათ საქართველოსთან. ასევე ცნობილია, რომ ქართველებს ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ებრაელების მიმართ. ებრაელები დასახლდნენ თითქმის ყველა რეგიონში: აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოში. ქალაქ ლაილაშში არის ძველი ებრაული სინაგოგა. დღესაც მოქმედი სინაგოგები გვხვდება თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ონში, ახალციხესა და სურამში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოში გაჩნდა ევროპიდან ჩამოსახლებულ ებრაელთა მეორე ჯგუფი, სახელად აშკენაზები. ქართველმა ებრაელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის, პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანაა, სადაც ებრაელებს არასოდეს დევნიდნენ.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოსა და ებრაელთა ურთიერთობის 26-საუკუნოვანმა ისტორიამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის პირველ ივნისს. ქვეყნებს შორის მუდმივი პოლიტიკური დიალოგია; ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

1913 წელს გერმანიაში, ფრანკფურტში, ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე, ქართველი რაბინი, დავით ბააზოვი, სიტყვით გამოვიდა: „ძმებო, მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ებრაელები 2600 წელი ცხოვრობდნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ დევნა არ განუცდიათ!“

კონფერენციის პრეზიდენტმა, გენერალმა ლიმფონმა (საფრანგეთი) ასე მიმართა საზოგადოებას: „ძმებო, ეს ქვეყანა ჩვენგან შორსაა, მაგრამ ყველა ებრაელის გულთან ახლოს უნდა იყოს!“

მსოფლიოს ებრაელ ხალხს შეიძლება არც კი ახსოვდეს ეს ანდერძი, მაგრამ ქართულ იუდაიზმს დღემდე მოუტანია საქართველოსა და ქართველი ხალხის მადლიერება და სიყვარული, რაზედაც მეტყველებს დიასპორული ორგანიზაციის, ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მარინა გელაშვილის მონათხრობი. მას „ქრონიკა+“ დისტანციურად ესაუბრა.

„მე-20 საუკუნის ქართველი კლასიკოსი მწერალი და მთარგმნელი, რჯულით ებრაელი, ჯემალ აჯიაშვილი, წერდა: „ვინ იცის, იქნებ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებშია ის ღრმად შეფარული მისტერია, ოცდამეერთე საუკუნის დაღლილ კაცობრიობას სასიცოცხლო დვრიტად რომ წაადგება“. ამაზე უკეთ სიყვარული და პატივისცემა როგორ უნდა გამოეხატა მწერალს?! და ამ სიტყვებს შემდეგი ფაქტებით ამყარებს თავის ერთ პატარა წიგნში, „გამოიღვიძე ქნარო“, სადაც ჰყვება, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, რომელიც ქართველთა წინაპრების აგებულია (ამჟამად ბერძნები განაგებენ). 1987 წლის ოქტომბერს საქართველოს პატრიარქის სტუმრობისას წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის ხატი ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელებმა ქართველ ქრისტიანებთან ერთად სასოებით შეასვენეს და პატრიარქის თანმხლებ პირებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინეს. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული და ისრაელში დამკვიდრებული ებრაელობა და უცხოეთის მრავალ საელჩოში აკრედიტებული ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავდნენ, ქრისტიანულ ეკლესიაში ლოცვად დამდგარი იუდეველი ხატით ხელში რომ იხილეს. ტრადიციული იუდაიზმისთვის ეს ყოვლად წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ ქართველი ებრაელი ამას სიყვარულით აკეთებს, რადგან მან საუკუნეთა მანძილზე საქართველოში წმინდად და შეურყვნელად გამოატარა თავისი რწმენა და რჯული. იქ მას არასოდეს არბევდნენ“, _ იხსენებს მარინა გელაშვილი.

როგორც ის ამბობს: „ცნობილი ქართველი ებრაელი მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი, გურამ ბათიაშვილი, რომელიც ამჟამად 87 წლის ასაკშია და კვლავ საქართველოში ცხოვრობს, ერთ-ერთ წერილში წერს: „სასოებით შევყურებ საქართველოს პარლამენტის კედლებზე გამოფენილ დიდ ქართველ მეფეთა, პატრიარქთა და მწერალთა პორტრეტებს და უდიდესი მოკრძალება მეუფლება მათ წინაშე, _ მე რომ დღეს ჩემი ენა ვიცი, ჩემს ენაზე ვლოცულობ, მათი დამსახურებაა! სხვადასხვა ეპოქაში, საუკუნეებსა და წლებში, მათ არასოდეს გამოუგლეჯიათ ხელიდან ჩვენთვის თორა“.

მარინა გელაშვილის სიტყვებით, ქართველი ებრაელობა ორმაგი ცნობიერებისაა, იგი ებრაელია და ამავდროულად _ ქართველი. და თუ ხასიათში ქართული დომინირებს, რა გასაკვირია, ისინი ხომ 26 საუკუნეა, ერთად მოდიან. მისივე თქმით, ვინც ამ ორი მწერლის, გურამ ბათიაშვილისა და ჯემალ აჯიაშვილის, შემოქმედებას გაეცნობა, იგი ქართველი ერის გულში ჩაიხედავს და სულის სიღრმეს ჩასწვდება. თავიანთ რჯულსა და ერზე შეყვარებულ ადამიანებს ერთი წუთითაც არ გაუნელებიათ საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვა და ფიქრი.

„ოციოდე წლის წინათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ვანდალური ფაქტი მოხდა. ერთადერთი ფრესკა დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველისა, რომელიც არის მსოფლიო პოეზიის ვარსკვლავი, დააზიანეს და გადაფხიკეს. ამის გამგონე ქართველი ებრაელები ისრაელის ყველა ქალაქიდან გაერთიანდნენ და იერუსალიმში უზარმაზარი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ითხოვდნენ, დამნაშავე ეპოვათ და სამაგალითოდ დაესაჯათ. ეს ხომ არის უდიდესი სიყვარული იმ ერის ისტორიისა და კულტურისა, სადაც მათ საუკუნეები გამოიარეს?! მართალია, დამნაშავე ვერ იპოვეს, მაგრამ ფრესკის აღდგენა და განახლება პირვანდელი სახით დააფინანსა დიდმა ბიზნესმენმა და მეცენატმა, აწ განსვენებულმა ქართველმა ებრაელმა, ბადრი პატარკაციშვილმა, ხოლო ეს ურთულესი სამუშაო ისევ ქართველ ებრაელ მხატვარს მიანდეს. აქ კი ყურადსაღები ის არის, რომ ქართველმა ერმა დადებითად მიიღო საკითხი, რომ ქრისტიანულ ფრესკას იუდეველი მხატვარი აღადგენდა, რადგან ის ქართველი ებრაელი იყო და შოთა რუსთაველის სულს ისევე ჩასწვდებოდა, როგორც ყველა ქრისტიანი ქართველი. რადგან ქართველიც და ქართველი ებრაელიც ერთნაირად იზრდებოდნენ რუსთაველის შემოქმედებაზე, მისი ნააზრევი ორივეს ერთნაირად ჰქონდა შესისხლხორცებული“.

მარინა გელაშვილი იხსენებს, როცა ქართველი ებრაელობის ალია (ამოსვლა იერუსალიმში) დაიწყო საქართველოდან, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და მასთან ისრაელს არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები. ამიტომ ისინი მონატრებულ საქართველოს იოლად ვეღარ ნახავდნენ, არც იმედი ჰქონდათ და საქართველოს მონატრებას ქართველთა წინაპრების მიერ აშენებულ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეზო-კედლების მოფერებით იკლავდნენ. ქართველმა ებრაელმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სოხუმიდან წამოღებული ლიმონის ნერგი ახარა. დღეს ის დიდი მსხმოიარე ხეა და მისი ნაყოფი უშვილო დედებისთვის საოცნებოა, საგანგებოდ მიაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომ მიირთვან, რათა შვილი შეეძინოთ.

„1960 წელს, როცა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირის გამო არ არსებობდა, სახელმწიფო სამსახურებში სტრატეგიულ ადგილებზე მოღვაწე მაღალჩინოსანმა ქართველმა ებრაელებმა დაფარულად, საზღვრის გვერდის ავლით, შეიყვანეს სამი ქართველი აკადემიკოსი ისრაელში. ისინი რუსთაველის კვალს ეძებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ასეთი თანადგომა მათთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსადმი, ამავდროულად, გაცნობიერებული ჰქონდათ სამსახურებრივი პასუხისმგებლობაც. ვიდრე საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა და ორ ქვეყანას შორის კავშირი შესაძლებელი იქნებოდა, საქართველოდან ამოსულ ებრაელიბას ტრადიციად ჰქონდათ ქართული მიწის თან გამოყოლება, რომელსაც შემდეგ ფეხსაცმელში იყრიდნენ, იმ შეგრძნებით, რომ ისევ ქართულ მიწაზე იდგნენ. ან თუ ვინმე ნათესავი ესტუმრებოდათ შორეული საქართველოდან, აუცილებლად მათთვის უნდა ჩაეტანათ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, თითო მუჭა მიწა“, _ ამბობს ისრაელის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი.

მარინა გელაშვილის თქმით, პოეტი ნანა დავარაშვილი 90-იან წლებში ამოვიდა ისრაელში ოჯახით. 35 წლის შემდეგ, როცა ის პირველად დაბრუნდა მონატრებული საქართველოს მოსანახულებლად, მოხუცმა დედამ დაავალა, თბილისში, სადაც თავად ცხოვრობდა და ბავშვობა გაატარა, იმ ეზოს ონკანი მოეძებნა, ბოთლით წყალი აევსო და ისრაელში ჩაეტანა. რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნანამ დედას ეს სურვილი შეუსრულა.

„როცა ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრი დავაფუძნე ქართველი ემიგრანტებისა და ქართველი ებრაელების კვლავ სამეგობროდ და ისტორიული ურთიერთობების გასაგრძელებლად, ოფისი არ გვქონდა, ქართველი ებრაელები სარეპეტიციოდ და ღონისძიებების მოსაწყობად საკუთარ ოჯახებში გვეპატიჟებოდნენ. 2008 წელს, რუსეთის ოკუპაციის დროს, მძიმედ დაჭრილ-დასახიჩრებული რამდენიმე ჯარისკაცი ისრაელში გადაგზავნეს სარეაბილიტაციოდ. ქართველი ებრაელი ქალები მონაცვლეობით დადიოდნენ საავადმყოფოში ოჯახური კერძებით, დედაშვილური გრძნობით, რომ ჯარისკაცებს ოჯახის წევრებისგან სიშორე არ გასჭირვებოდათ ასეთ უმძიმეს წუთებში. ეს, ალბათ, ერთგვარი გამოძახილი იყო ათეული წლის წინანდელი ამბისა, როცა ახლად აშენებული რაჭის სინაგოგის დანგრევა გადაწყვიტა რუსეთმა, მეძუძური ქართველი ქრისტიანი დედები თავის ჩვილებთან ერთად სინაგოგაში ჩაიკეტნენ და, რაღა თქმა უნდა, რეჟიმმა ჩვილბავშვიანი დედების ნანგრევებში ჩაყოლება ვეღარ გაბედა. ასე გადარჩა და დღემდე დგას ონში ეს ლამაზი სინაგოგა, როგორც ძეგლი ორი ერის მეგობრობისა“, _ გვიყვება მარინა გელაშვილი.

მარინა გელაშვილი იხსენებს იმასაც, რომ საბჭოთა კავშირის დროს ახალგაზრდები, რომლებიც გულშემატკივრობდნენ იმ დროისათვის მსოფლიოში აღიარებულ სახელოვან თბილისის „დინამოს“, რაღა თქმა უნდა, თამაშებს ვეღარ ესწრებოდნენ საზღვარგარეთ. ამიტომ, როცა შეჯიბრებები უცხოეთის ქვეყნებში იმართებოდა, იქ, სადაც თავად საბჭოთა საქართველოს გულშემატკივრები წასვლას ვერ შეძლებდნენ, ისრაელის ქართველი ებრაელობა მიფრინავდა ისრაელიდან საგანგებოდ, საქომაგოდ, ქართველი ფეხბურთელების გულის გასახარებლად და საგულშემატკივროდ, მოტივაციის მისაცემად. მინდორზე გასულ ფეხბურთელებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ქართველი გულშემატკივარი არ ჰყავდათ, მოულოდნელად ტრიბუნებიდან ქართული შეძახილები ამხნევებდათ. ეს იყო წარმოუდგენელი რამ მაშინდელი პერიოდისთვის.

„ექვთიმე თაყაიშვილი მენშევიკურ მთავრობას თან გაჰყვა საფრანგეთში და გაიყოლა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მისხალ-მისხალ აღწერილი, ყუთებში სათუთად შეფუთული უძველესი საგანძური, რათა ბოლშევიკებს არ გაენადგურებინათ ან არ გაეყიდათ იგი. მაგრამ მისი დაცვაც არ იყო იოლი მგზავრობისას. ცნობილია, რომ დიდ მეცნიერს, ექვთიმე თაყაიშვილს, ამ ეროვნული საგანძურისა და უძველესი ქრისტიანული სიწმინდეების დაცვაში განუყრელად თან ახლდა ქართველი ებრაელი, გვარად ელიგულაშვილი, რითაც მან უკვდავება და პატივისცემა მოიპოვა ქართველ ხალხში“, _ მოჰყავს ამ ორი ერის მეგობრობისა და სიყვარულის კიდევ ერთი მაგალითი გელაშვილს. მარინა გელაშვილისვე თქმით, მსოფლიო ქართველ ებრაელთა რაბინი, გაგულაშვილი, რომელმაც მოგონებების შესანიშნავი წიგნი გამოსცა, წერს, რომ ქართული ენა უმდიდრესი და უნიკალურია, ამიტომ მოუწოდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველ ებრაელიბას, რომ ლოცვები ქართულ ენაზე წარმართონ, რადგან თორა ზედმიწევნით ღრმად და შინაარსიანად გადმოიცემა ქართულ ენაზე და უფრო ზემოქმედებს მსმენელზე.