მარიკა დათუკიშვილი: „ოცნებას“ ერთადერთი გზა დარჩენია, რომ ამომრჩეველი მოისყიდოს!“

 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, მხარი არ დაუჭირა. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საარჩევნოდ საკუთარ თავზე მოირგო და ამ ცვლილებებით ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საკრებულოში 200-გვერდიანი დოკუმენტი შევიდა და მეორე დღეს უკვე განხილვა დაიწყო, რაც არასერიოზულია.

საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, მამუკა ახვლედიანის შეფასებით, ბიუჯეტის მიღებაზე და მის შესრულებაზე, როგორც პოლიტიკურად, ისევე საქმიანობის თვალსაზრისით, პასუხისმგებელი უმრავლესობაა.

„ქრონიკა+“ დედაქალაქის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მარიკა დათუკიშვილს ესაუბრება:

_ ქალბატონო მარიკა, როგორ აფასებთ თბილისის ბიუჯეტში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს?

_ რასაკვირველია, ამ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან ეს თბილისელების ინტერსებზე მორგებული არ არის. რეალურად, ეს საარჩევნოდ გამწესებული დოკუმენტია, ოღონდ ეს ბიუჯეტი დასაბამიდანვე არჩევნებზე იყო გათვლილი, რომელიც საკრებულოში, ჯერ კიდევ, დეკემბერში შემოიტანეს.

ბევრი შენიშვნა გვქონდა და აქედან არაფერი გაუთვალისწინებიათ, ამიტომ მაშინ თავდაპირველ ვარიანტსაც მხარი არ დავუჭირეთ. შემდგომ, წლის განმავლობაში (ეს აგერ ივლისამდე მოხდა), ბიუჯეტში ოთხი ცვლილება განხორციელდა და ოთხივეჯერ ყველაფერი წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ მადას იყო მორგებული.

მაგრამ ბოლო ცვლილება, უკვე, განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ ბიუჯეტმა ჩვენ გვითხრა, რომ თბილისის მერია ხელშეკრულებით კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანით მეტს ასაქმებს და ეს ხდება როგორც დედაქალაქის მერიაში, ასევე გამგეობებსა და საკრებულოში.

არჩევნები კენჭისყრის დღეს კი არ ყალბდება, მისი გაყალბება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს და დღეს უკვე (როცა არჩევნებამდე სამი თვე რჩება), რამდენიმე ასეულ ადამიანს მერიაში ვადიანი ხელშეკრულებით ნიშნავენ. ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომ მათ ამ თვეების განმავლობაში ხელფასი ჰქონდეთ და „ქართულმა ოცნებამ“ ის ხმები მიიღოს, რომლის მიცემასაც თბილისისა და, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა მათთვის არ აპირებს.

აქედან გამომდინარე, მათ ერთადერთი გზა დარჩენიათ, რომ მოისყიდონ ამომრჩეველი და ამისთვის ყველანაირ საშუალებას მიმართავენ.

_ მმართველ პარტიას არჩევნებისთვის რა პრობლემები აქვს, რატომ დგამენ ასეთი ტიპის ნაბიჯებს?

_ „ქართულ ოცნებას“ რომ საარჩევნოდ პრობლემები აქვს, ეს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებმაც ცხადყო, რადგან ასეთი ვარდნა არც ერთ სახელისუფლებო პარტიას არასოდეს არ ჰქონია. არადა, ბოლო არჩევნებიდან, სულ რაღაც, ერთი წელიწადიც არ არის გასული.

რასაკვირველია, პრობლემები აქვთ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თვითმმართველობის მიმართულებით, ყოვლად წარუმატებელია. დღეს პარტიას ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს, აბსოლუტურად არც ერთი სეგმენტი ისე დალაგებული და აწყობილი არ არის, რომ გამართულად მოქმედებდეს.

შესაბამისად, მათ ხალხის განწყობებიც იციან და ეს, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული მანქანებიდან და ფეშენებელური კაბინეტებიდან გარეთ არ გამოდიან. ალბათ, ტელევიზიებს მაინც უყურებენ და ხალხის რეალურ განწყობას გრძნობენ.

იმის განცდა და იმედი არ აქვთ, რომ ქართული საზოგადოება მათ მხარს დაუჭერს. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი გზა დარჩენიათ, _ სუს-ის პირდაპირი ჩარევები, რომელიც ყოველდღიურად ცხადად იკვეთება. ფაქტობრივად, თბილისის მერიაში სუს-ის პირდაპირი მმართველობა არის დამყარებული. დღეს ნარმანიას არავინ არაფერს ეკითხება, თუმცა მას არც აქამდე ეკითხებოდნენ რამეს.

ამ ყველაფრის შედეგად სახეზე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, სუს-ის პირდაპირი ჩართულობა ამ პროცესებში და ა. შ. ეს ის გზაა, რომელიც მათ დარჩათ.

_ როგორ ფიქრობთ, ეს ბოლო საბიუჯეტო ცვლილებები მათთვის რამდენად შედეგის მომტანი იქნება?

_ არ მგონია, ქართული საზოგადოება ისეთი უგუნური იყოს, რომ მათ კიდევ მიეცეთ შანსი, დარჩნენ ხელისუფლებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით თბილისში საზოგადოება ბოლომდე გამოფხიზლდება. დედაქალაქმა დიდი შეურაცხყოფა მიიღო, როდესაც მას მერად ბიძინა ივანიშვილის რჩეული ნარმანია დაუნიშნეს. ვფიქრობ, რომ თბილისი ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, დედაქალაქის მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, არაჩვეულებრივი კანდიდატი გვყავს და მჯერა, რომ თბილისის მოსახლეობა ზალიკო უდუმაშვილს დაუჭერს მხარს.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ ამ ცვლილებებით კომუნალური სუბსიდირება მილიონ ლარზე მეტით შემცირდა, ეს რა შედეგებს გამოიწვევს?

_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომუნალური სუბსიდირება რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა. დღეს უკვე, რადგან ზამთრის პერიოდი არ არის, ეს პროცესი აქტუალურად არ აისახება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებზე (ისინი დღეს ამ შემცირებას ვერ იგრძნობენ). და სანამ ამ ყველაფერს იგრძნობენ, მანამდე არჩევნებიც გადაგორებული ექნებათ.

შესაბამისად, მილიონ 90 ათასი ლარით შეამცირეს კომუნალური სუბსიდირება. ოღონდ, ერთმანეთში იმდენად კოორდინაციაც არ აქვთ, რომ ბიუჯეტის პროექტში წერია, _ სუბსიდირება შემცირდა იმიტომ, რომ ბენეფიციართა რაოდენობამ მოიკლოო.

ყოვლად შეუძლებელია, ბენეფიციართა რაოდენობას მოეკლო. თუ ჩვენ თბილისის ქუჩებში გავალთ, ოჯახებში შევიხედავთ, მივხვდებით, რომ ადამიანები დღეს ბევრად უარესად ცხოვრობენ, ვიდრე წლების წინათ.

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად გააღარიბა საქართველოს მოსახლეობა, რომ ამ ფონზე შეჭირვებულ ბენეფიციართა რაოდენობის კლება, უბრალოდ, შეუძლებელია. ასე ხელოვნურად მოუმატეს ქულები ადამიანებს და, შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოიყვანეს ისინი, რომლებიც დღეს რეალურად სოციალურად შეჭირვებულები არიან.

აი, ასეთი რამეები წერია ბიუჯეტის პროექტში. მაგრამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბრძანებს, _ ამ მუხლში თანხა მილიონ 90 ათასით იმიტომ შემცირდა, რომ ჩვენ მათ ისე კი არ ვაძლევთ, მხოლოდ რეალური მოხმარების შემდეგ ხდება ანგარიშსწორება და, შესაბამისად, ეკონომია დარჩაო.

არ ვიცი, ამ შემთხვევაში ჯაბა სამუშია ცრუობს, თუ ბიუჯეტის პროექტი, რადგან ეს მათ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტყუილებით უკვე ყველას მოგვაბეზრა თავი.

_ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ამცირებენ გამწვანების სამსახურის ბიუჯეტს 5 მილიონ 700 ათასით, თან თანხას ინვენტარიზაციას აკლებენ, ამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

_ რამდენიმე თვის წინათ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი დაინიშნა. მე საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის წევრი გახლდით და როდესაც ამ მიმართულებით კითხვა დავუსვით, თუ რას ფიქრობენ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს თბილისის ეკოლოგიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა; დღეისთვის ამაზე ბიუჯეტში ჩადებულია მილიონი ლარი, რაც ნამდვილად არასაკმარისია, მაგრამ ჩვენ შვეიცარიულ ფონდთან მოლაპარაკება გვაქვს და თანადაფინანსებით უახლოეს თვეებში ეს პროექტი დაიწყებაო.

ამ დაპირების პარალელურად, ახლა დავინახეთ, რომ ბიუჯეტიდან ის მინიმალური თანხაც კი (რაც ჩადებული იყო) ამოიღეს. ანუ გამწვანების სამსახურის უფროსს რომ კითხვა დავუსვით, _ ახლა აღარ არის ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიო? მას ამასთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონია.

ჩვენ ასევე გვახსოვს სამი წლის წინათ მილიონი ხის დაპირებით მოსული ნარმანია და ამგვარი დანაპირებების პარალელურად, 5 მილიონ 700 ათასი ლარით ამცირებენ გამწვანების ბიუჯეტს, როცა დღეს თბილისი ეკოლოგიურად კატასტროფულ მდგომარეობაშია. ხეების მაგივრად კი ნარმანიამ ჯოხები დაგვირგო, რომელიც ისედაც გახმა.

მაგრამ რადგანაც ისინი ხეებით არჩევნებს ვერ მოიგებენ, ამიტომ ერჩივნათ, რომ ეს ფული სხვა, მათთვის უფრო საჭირო მიმართულებით გადაემისამართებინათ.

ამ ფონზე, ასევე მერიის სარეზერვო ფონდს (რომლითაც, თავის დროზე, მეგობარი პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრების ხარჯები დაუფინანსდა) კვლავ 243 ათას 500 ლარი დაემატა. ეს იმისთვის, რომ ნარმანიას კიდევ უფრო გახსნილი ჰქონდეს ხელ-ფეხი მეგობართა შვილების დასაფინანსებლდად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ საჯარო მოხელის შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას მერიის საშტატო რიცხოვნობა 512 ერთეულით შემცირდა. 512 საშტატო ერთეულით შემცირება, დაახლოებით (ყველაზე ცოტას გეუბნებით), 5 მილიონის გამოთავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ შრომის ანაზღაურება აბსოლუტურად არ შემცირებულა. შრომის ანაზღაურებაში ზუსტად იგივე თანხები დარჩა, რაც 512 ადამიანის დამატებით მუშაობის შემთხვევაშიც იყო.

ანუ ეს ნიშნავს, რომ სულაც არ აპირებენ ამ თანხების შემცირებას, რადგან პრემიები, ხელფასები, დანამატები აგონიაში მყოფებს უფრო სჭირდებათ. დღეს კაცმა არ იცის, ვინ წავა, ვინ დარჩება და, საერთოდ, რა მოხდება ამ არჩევნებზე. მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ და, შესაბამისად, არჩევნების დასრულებამდე ამ თანხას პრემია-დანამატებით აითვისებენ.

_ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ, რომ საბიუჯეტო ცვლილებები არჩევნებამდე ასე ახლოს არ განახორციელოს, ამას რატომ არ ითვალისწინებენ?

_ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები მუდმივად ყველა ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი რყევები და 20 მილიონის გადათამაშება ბიუჯეტში არ შეიძლება. თან ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში შემოსული ბიუჯეტი, როდესაც ერთ დღეს შემოიტანეს, მეორე დღეს განხილვებზე დააყენეს და მიიღეს კიდევაც.

ფაქტობრივად, საკრებულოს წევრებს დრო არ გვქონდა, რომ ამ ბიუჯეტს ხარისხიანად გავცნობოდით. ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც მუდმივად ცდილობენ ასეთი ფაციფუცით შემოიტანონ და ჩვენ დრო არ დაგვიტოვონ. თუმცა ამის ფუფუნება მათ ნამდვილად არ აქვთ, ჩვენ მაინც ვახერხებთ ყველა საკითხის განხილვას.

ზუსტადაც მათ არ აწყობთ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან სხვა შემთხვევაში ამ ბიუჯეტს ტანზე ვერ მოირგებდნენ, თუკი ამ ყველაფერს, იმ ნორმებს დაიცავდნენ, რომელიც მსოფლიოს ცივილიზებულ ხელისუფლებებს აქვთ.

 

„თბილისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი არ გაზრდილა“, _ ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის განცხადებაში, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოსდა, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა.

გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმარტავთ, რომ 1-ლი ივლისიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ, ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას  შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედებიდან არც ერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, დედაქალაქის მერია მალავს ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა სიას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კანონმდებლობით დადგენილია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი, კერძოდ, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემი, თუ სუბიექტი თანამდებობის პირია, დანარჩენ შემთხვევაში პერსონალური მონაცემი დაცულია გამჟღავნებისგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საფუძვლებისა.

მედიასაშუალების ეთერში გასული სიუჟეტი, ცრუ ინფორმაციასთან ერთად, გადაუმოწმებელ ფაქტებსაც შეიცავდა. მაგალითისთვის: სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“.

 

გელა მამულაშვილი