მარიამ ჭუმბურიძე: „არ დავნებდები და არასდროს დავყრი ფარ-ხმალს, რათა უარი არ ვთქვა ჩემს ოცნებებზე“

იგი თვითნასწავლი ხელოვანია. მისი საინტერესო პერსონა რომ შეაფასოთ, გარდასახვის საკუთარ თავზე გამოცდა უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით, _ ჯადოსნური ხელების შესაძლებლობა ფოტოებიდანაც ჩანს.

22 წლის სოციოლოგ გოგონას ნიჭი აღმოაჩნდა, რომლითაც ადამიანებს აბედნიერებს და თვითონაც უდიდეს სიამოვნებას იღებს. მასთან მისული შეცვლილი გარეგნობით რომ შინისკენ დაადგებით გზას, მაშინ მიხვდებით, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოთ სწორედ ამ გოგონას დახმარებით.

მარიამ ჭუმბურიძე ერთ-ერთ იმ ადამიანთაგანია, რომელმაც საკუთარი ინტერესის სფერო თავად იპოვა, ცოდნაც თავად გაიღრმავა და დღეს ამ სფეროში წამყვან სპეციალისტებსაც კი აღემატება.

„ქრონიკა+“ წარმატებულ და ნიჭიერ ქართველ გოგონას გაგაცნობთ, რომლის სილამაზეც, ნიჭთან ერთად, ნამდვილად სასიამოვნოა. მაშ, ასე: გაიცანით სოციოლოგი, ხელოვანი _ მარიამ ჭუმბურიძე.

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ მოგესალმებით, პირველ რიგში, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. მე ვარ მარიამ ჭუმბურიძე, 22 წლის. წელს დავამთარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, კონკრეტულად კი _ სოციოლოგია.

_ რატომ დაინტერესდი სოციოლოგიით და შემდეგ, რამ გიბიძგა მაკიაჟის კეთებისკენ?

_ ჩემი ცხოვრების სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც სოციოლოგიის არჩევა გადავწყვიტე, როგორც ხდება, ღრმად არ ვიყავი ამ სფეროში ჩახედული, თუმცა წლების მატებასთან ერთად ეს ცოდნა მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი გახდა, რაშიც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს თითოეულ ლექტორს, რომლებიც გამორჩეულები, სამაგალითოები და პროფესიონალები არიან. ამ უნივერსიტეტმა არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განათლებაზე იზრუნა, არამედ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. სოციოლოგია _ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, სწორედ იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ ინდივიდები ამა თუ იმ ქმედებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების მეცნიერული შესწავლა. სოციოლოგია მეტად მნიშვნელოვანი სფეროა და მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და მის შესწავლაზეც მოთხოვნა იზრდება. რაც შეეხება მაკიაჟის კეთებას, თავიდან ეს ყველაფერი ჩემთვის ჰობად იწოდებოდა, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში მას დიდი ადგილი უნდა დაეკავებინა და რომ ეს ხელოვნება ბევრად მეტი იყო ჩემთვის, ვიდრე ჰობი. თავდაპირველად, ვიდეოების ყურებით დავიწყე. ამ ყველაფერს ძალიან დიდ დროს ვუთმობდი და რაც მთავარია, ეს კი არ მღლიდა და მბეზრდებოდა, არამედ ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებდი, რაც უმთავრესია ნებისმიერი ადამიანისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.

_ როდის და რა ეტაპზე დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ მოახერხე ამ ხელოვნების დაუფლება?

_ ეს ყველაფერი, დაახლოებით, 3 წლის წინათ დაიწყო მაშინ, როდესაც ჯერ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ გზით წავიდოდი და ჩემთვის უმთავრესი საქმიანობა გახდებოდა. თითოეული ვიდეოს ნახვის შემდეგ სურვილი მიჩნდებოდა, იგივე გამეკეთებინა და საკუთარი შესაძლებლობები შემეფასებინა, გამომეცადა თავი, თუ რამდენად შემეძლო ამეთვისებინა მხოლოდ შორიდან ნანახი. ცოტა უფრო მოგვიანებით ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება დავიწყე, თავიდან ჩემს მეგობრებს ვუკეთებდი, დაქალებს, დას და დედას, შემდგომ კი ნელ-ნელა ყველაფერი თავისით აეწყო. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემ გარშემო მყოფები ხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მაკიაჟის კეთება და ადამიანების კიდევ უფრო გალამაზება ძალიან კარგად გამომდის. ეს ჩემთვის მაშინდელიდან მოყოლებული დიდი სტიმული იყო და არის ახლაც. სტიმულიც და მოტივაციაც. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ყველგან. შეიძლება თეორიულად ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდე, თუმცა მისი პრაქტიკაში განხორცილება ვერ შეძლო. შესაბამისად, ის დრო ჩემთვის დასაფასებელი, შრომატევადი და ტკბილად გასახსენებელია. თითოეული შეცდომის გამოსწორება და ის, თუ როგორ ვიხვეწებოდი, კარგად მახსოვს. მგონია, რომ ჩემეული სილამაზის აღქმა მაქვს, როგორც ყველა სხვა ინდივიდუალურ ადამიანს.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში?

_ ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თუნდაც პატარა, მაგრამ რთულად გადასალახი პერიოდი არ ჰქონია. ასეთ დროს გამოვიცდებით თითოეული ჩვენგანი და სწორედ სირთულეები გვეხმარება, დაგვანახოს ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, როგორ შევძლებთ ჩვენი უპირატესობების სწორად წარმოჩენას და მყარად ფეხზე დადგომას. კონკრეტული არაფერი მახსენდება ცუდად, მაგრამ ჩემს ოჯახში ბევრჯერ ყოფილა მატერიალური პრობლემები, თუმცა მგონია, რომ დიდი შრომის შედეგად ყველაფერი მიღწევადია და სწორედ ამ გზით მივდივარ ახლაც.

_ რას გრძნობ მაშინ, როდესაც შენთან მოსული გოგონა ან ქალბატონი შენი ნამუშევრით აღფრთოვანებულია?

_ ეს ის შეგრძნებაა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით მართლა არ შემიძლია. ამ დროს უბედნიერესი ვარ, თუმცა ეს სიტყვა კიდევ ვერ აღწერს იმ ემოციებს, რომლებიც ერთდროულად იყრიან თავს ჩემში. ასმაგად, ათასმაგად და მილიონმაგად ბედნიერი, ამაყი, გახარებული ვხდები, როცა ვხედავ, რომ სხვას ბედნიერებას და სიხარულს ვანიჭებ. მგონია, რომ ცხოვრებაში არსებობს გრძნობები, რომლებსაც ვერასდროს გადმოსცემ სიტყვებით.

_ რას ნიშნავს იყო განათლებით სოციოლოგი და, ამავდროულად, შეგეძლოს მაკიაჟის ხელოვნების შესანიშნავად ფლობა?

_ იმდენად არის ორივე მათგანი ჩემთვის ურთიერთკავშირში, რომ კარგის მეტს არაფერს ნიშნავს. ზუსტად ადამიანებთან ურთიერთობაა სოციოლოგიის ფუნდამენტური საკვლევი საკითხი და სწორედ ადამიანებთან ურთიერთობაა ჩემთვის ამ ხელოვნების ფლობაც, ამავდროულად. ორივე მათგანი ჩემი პროფესიაა და ეს ჩემთვის საამაყოა.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?

_ ყველაზე ობიექტურად, მაინც, მგონია, რომ დედა მიფასებს ნამუშევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უახლოესი მეგობრებიც არიან ჩემი მრჩევლები ყველა საკითხში, არა მხოლოდ ჩემს ამ საქმიანობაში. დედას აზრი ჩემთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესია. არასდროს შემიძლია მისი შეხედულებების გაუთვალისწინებლობა, იმდენად რამდენადაც მგონია, რომ ყველაზე მეტად მას უნდა, რომ ვიყო წარმატებული და მივაღწიო ბევრს იმ საქმეში, რაც ჩემს ცხოვრებაში უმთავრესია და რომლის კეთებაც მსიამოვნებს. ბევრჯერ უთქვამს, თუ რამე შესწორებას შეიტანდა რომელიმე მათგანში, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან იშვიათად ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გემოვნება, ხედვები და აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

_ ზოგადად თუ ხატავ, ან გიცდია ამ მიმართულებით წასვლა?

_ ძალიან ხშირად მეკითხებიან, თუ ვხატავ და ყოველთვის მეცინება, სანამ ვუპასუხებ, რადგან რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ ვხატავ. რაც დრო გადის, მგონია, რომ არ არის აუცილებელი ვიყო მხატვარი, რომელიც რაიმე ტილოზე გადმოიტანს ნებისმიერ სილამაზეს, რადგან ისევე როგორც მისთვის, ასევე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ხედვა, ფერები, სილამაზის ინდივიდუალური აღქმა. ადამიანის სახე და ამ სახეზე ნამუშევარი მაკიაჟის სახით _ სწორედ ესაა ჩემთვის ხელოვნება და ხატვა. თუმცა ამ თემაზე ფიქრის შემდეგ სამომავლოდ ვაპირებ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას. იქნებ, არასწორადაც მგონია და ისიც მშვენივრად გამომდის.

_ ვინ გგულშემატკივრობს ამ საქმეში ყველაზე მეტად?

_ საბედნიეროდ, მართლა ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს, ასე კონკრეტულად არავის გამოყოფა არ შემიძლია. ყველანი მიდგანან გვერდში და სჯერათ ჩემი. არა მხოლოდ ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები, დაქალები და ა. შ., არამედ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მწერენ, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, მამხნევებენ, აღფრთოვანებულები არიან ჩემი შემოქმედებით და წარმატებებს მისურვებენ. არც კი ვიცი, რა ვუთხრა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობის, პატივისცემისა და დაფასების გარდა. არც ერთს არასდროს გავუცრუებ იმედებს და ჩემ მიმართ ნდობას.

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ მოკლედ მინდა, ამ კითხვაზე გიპასუხო: ყველაზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებითაც სხვას ვაბედნიერებ!

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის, რომელიც გვერდით მიდგას. ბევრჯერ მითქვამს: ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც შემიძლია, სულიც გავიღო და ამაზე ერთი წუთითაც არ დავფიქრდე.

არ მენანება არც ერთი წამით ის დაუღალავი შრომა, რომელსაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი საქმისთვის ყოველდღიურად ვაკეთებ.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ ჩემთვის ამ საქმეში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა, იმედების გამართლება, შრომა და დროის, ჩემი შესაძლებლობებისა და რესურსების მაქსიმალურად სწორად გამოყენება.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ ყველაზე ღირებული ადამიანში არის რწმენა, იმედი, ოპტიმიზმი, მიზანსწრაფულობა, რითაც შეძლებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას და საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას, აგრეთვე შრომისმოყვარეობა, მადლიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა. თითოეულ მათგანს ძალიან ვაფასებ ადამიანში.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილება. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ცხოვრების მანძილზე გადამედგა ნაბიჯები, რომელიც შემდგომ სანანებელი არ გამიხდებოდა. ახლაც ასე ვარ.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ მაღიზიანებს იმ საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს და მისი კეთებისგან სიამოვნებას არ ვიღებ. მაღიზიანებს, აგრეთვე, პასიური ცხოვრება, ერთი და იგივე და მომაბეზრებელი ცხოვრების რიტმი, მაღიზიანებს უიმედობა ადამიანებში, ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი, უმადურობა, არაკეთილგანწყობა და სხვა მრავალი, თუნდაც წვრილმანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ არ მენანება დრო, რომელიც მიზანმიმართულია სწავლისკენ, პიროვნული განვითარებისკენ, პროგრესისკენ, წინსვლისკენ, შრომისკენ. არ მენანება დრო, რომელსაც სხვა ადამიანების დახმარებაში დავხარჯავ. ასევე არ მენანება საკუთარი თავის მოვლისთვის დახარჯული დრო.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალ დროს ისევ და ისევ ვუთმობ იმ საქმიანობას, რომელიც მიყვარს და რომლითაც ახლა ვარ დაკავებული. ვცდილობ, მაქსიმალურად განვავითარო და განვაახლო საკუთარი შესაძლებლობები. მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა, ვსწავლობ და ვითვისებ ყველაფერს, რაც მოთხოვნადი, ტრენდული, ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილია. ასევე მიყვარს წიგნების კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ დრო თითქმის არ მაქვს, ვცდილობ, მაინც გამოვნახო რამდენიმე საათი იმისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის, მიიღოს სულიერი განტვირთვა, ამავდროულად, ისიამოვნოს ამ ყველაფრით და ბევრი ახალი რამ შეიმეცნოს.

_ მაქსიმალისტი ხარ?

_ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალისტი ვარ. მინდა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებ, იდეალურად და ზედმიწევნით კარგად შევასრულო. ეს იმდენად ზის ჩემში, რომ შეუძლებელიც კი მგონია, სხვანაირად გავაკეთო რამე. თუნდაც მაკიაჟის გაკეთების დროს ყველაფერს კარგად ვაკვირდები, არ მიყვარს უზუსტობა და შეუსაბამობა, ვუდგები მაქსიმალური პასუხისმგებლობით და მილიმეტრული სიზუსტით ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ყოველი ახალი გათენებული დღე არის იმედი, მოტივაცია, სტიმული, რომ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად იქნება, ვიდრე იყო წინა დღეს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ გამთლიანებულ და განვითარებულ საქართველოზე. ვოცნებობ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და მოსიყვარულე ოჯახი, არ ნახონ ომი, გაჭირვება და შავ-თეთრი სამყარო. ვოცნებობ, რომ სამყაროში მუდამ იყოს მშვიდობა. ბევრ რამეზე ვოცნებობ…

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ისევე როგორც უმეტესობისთვის, ჩემთვისაც მისაბაძი მაგალითი დედაჩემია. ძნელია უპასუხო კითხვას, _ რატომ? იმიტომ, რომ იმდენი რამ მახსენდება ერთიანად თუ ცალ-ცალკე, ალბათ, ფიზიკურად ვერც დავწერ. უბრალოდ, ის ჩემთვის მაგალითია, როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც მეუღლე, როგორც შვილი და ასე დაუსრულებლად. არასდროს ყოფილა პესიმისტურად განწყობილი ცხოვრების მიმართ, რომელმაც ბევრ სირთულეს და დაბრკოლებას შეაჯახა. ყოველთვის ცდილობს ისე იცხოვროს, რომ ჩვენ ეს გვეამაყებოდეს და გამოსდის. ჩემთვის ის ძლიერი და შემდგარი ქალის იდეალია, ჩემი მაგალითი და ჩემი სიამაყე, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით დგას და ის რომ არა, ვერაფერს მივაღწევდი და მივაღწევ ცხოვრებაში.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ არა მხოლოდ იმ სფეროში, რომელთანაც შეხება მქონია, არამედ ყველა სფეროში ვხედავ პრობლემას. საქართველოში ყველაფერი მოსაწესრიგებელი და გარდასაქმნელია. პირველ რიგში, სამუშაო ადგილებზე მინდა გავაკეთო აქცენტი. ძალიან ბევრი პერსპექტიული და განათლებული ახალგაზრდაა, რომელთაც არ აქვთ სათანადო ხელშეწყობა, რომ ყველაფრის რეალიზება მოახდინონ, წავიდნენ იმ გზით, რომელიც მათ აინტერესებთ, არ აქვთ სახსრები და საშუალება, რომ განვითარდნენ და ამასთანავე, სწავლა გააგრძელონ, ან, უბრალოდ, სწავლასთან ერთად იმუშაონ. დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ძნელია საკუთარი პროფესიით დასაქმება, ეს კი იმ რესურსების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული, რაც კურსდამთავრებულებს აქვთ. ასე დაუსრულებლად შეიძლება ამ პრობლემებზე საუბარი, გული მწყდება, რომ ქვეყანაში მთავარი და აუცილებელი პრობლემები მოუგვარებელი და მოუწესრიგებელია. ვისურვებდი, თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, რათა ის ქვეყანა, რომელიც ამდენი სისხლისღვრისა და ტანჯვის შემდეგ ჩვენამდე მოვიდა, განვითარდეს და მისაბაძი, სამაგალითო გახდეს მთელი მსოფლიოსთვის. სახელმწიფომ და მის სათავეში მდგომმა პირებმა კი აუცილებლად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ხელი უნდა შეუწყონ ამაში. მათი როლი დიდია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემებზე და პირველ რიგში იმ სფეროებს მიეხედოს, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური და პრიორიტეტულია. სწორად უნდა გადანაწილდეს დაფინანსებები ამა თუ იმ სფეროზე, გამოიყოს თანხები იმ საქმეებზე, რომელთა წესრიგში მოყვანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. დიდი შრომა და ინვესტიციებია ჩასადები, რათა განვითარებული ქვეყანა გვერქვას და ამაყად ვატარებდეთ ამ სახელს მსოფლიო მასშტაბით.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ჩემი განტვირთვის საშუალება არის ცურვა, განსაკუთრებით კი ზაფხულში. აუზზე სიარული ჩემთვის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი განტვირთვის საშუალებაა.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ მაშინ, როცა სადმე ვარ წასული, ყველაზე მეტად მენატრება ჩემი ოჯახის წევრები.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ეს საქმე ჩემთვის არის ხელოვნება.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ თავისუფლება ჩემთვის არის, ვიყო ჩემი თავის „უფალი“. გავაკეთო ის, რაც მინდა, როცა მინდა, რაც ჩემი აზრით სწორია და რაც ყველაზე მთავარია, ვეთანხმები იმ შეხედულებას, რომ ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ახლა იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ჩემით ვცდილობ ყველაფრის ცხოვრებაში დალაგებას. დამოუკიდებლობას, რაც უმნიშვნელოვანესია. ახლა დავამთავრე უნივერსიტეტი, უკვე დიპლომიც მაქვს და, რა თქმა უნდა, ვგეგმავ, რომ პარალელურად ჩემი პროფესიით ვიმუშაო.

_ კუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თავი ვიპოვე და ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც მაკიაჟის ხელოვნება დავიწყე. თუმცა მგონია, რომ კიდევ არაერთ სხვა საქმეში ვიპოვი საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს გამოვცდი.

_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ (თუ კი, რა არის შენი მისია? თუ არა, _ რატომ)?

_ ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია. თითოეულმა ჩვენგანმა რომ ის საქმე ვაკეთოთ, რაც გვიყვარს და რაშიც ვიპოვეთ საკუთარი თავი, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებთ, უკეთესი იქნება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ყველაფერი იმდენად ჯაჭვურ რეაქციაში ერთმანეთთან, რომ ეს წვრილმანები, დეტალები, პატარა თუ დიდი საქმეები, ერთი დიდი მთლიანობაა და თითოეული ჩვენგანის ნათელ და პროგრესულ ცხოვრებას ემსახურება.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ვიბრძვი, რომ ვიყო მისაბაძი, სამაგალითო, საამაყო ჩემი ოჯახისთვის, გარშემომყოფებისთვის, ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის, სრულიად უცხო ხალხისთვისაც კი. ვიბრძვი ჩემი სურვილების ასრულებისთვის, ნათელ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის და ჩემი მიზნების განხორციელებისთვის.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში ზოგადად?

_ განათლების სფეროს მივაქცევდი პირველ რიგში დიდ ყურადღებას. ეს არის წარმატებული ცხოვრების გარანტი და დაბანდებული ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად წინ დაგვხვდება. ავიღებდი მაგალითს სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნებისგან, მათი ცხოვრების წესისგან. ეს სულაც არ მიმაჩნია სათაკილოდ, პირიქით.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ ჩემი ცხოვრების აზრი არის ჩემი მიზნებისთვის ბრძოლა და წარმატების მიღწევა.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ვფიქრობ, რომ მაქვს.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არ უღალატებ არასდროს?

_ არ ვუღალატებ ადამიანს, რომელიც მენდობა და რომელსაც ჩემი სჯერა. არ დავნებდები და არასდროს დავყრი ფარ-ხმალს, რათა არ ვუღალატო და უარი არ ვთქვა ჩემს ოცნებებზე.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ მაგის წარმოდგენა არ შემიძლია.

_ და მაინც, ვინ არის მარიამ ჭუმბურიძე?

_ მე ვარ გოგო ჩემთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თვისებებით, რომელიც იბრძვის ნათელი მომავლისთვის და კარგი ცხოვრებისთვის. არასდროს იტყვის თავის ოცნებებზე უარს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მიიღოს ყველაფერი, რაც ცხოვრებისგან სურს.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, ამავდროულად, ჩემს პროფესიას _ სოციოლოგიას. აუცილებლად ვაპირებ ამ სფეროში დასაქმებას და რაც შეეხება მაკიაჟის ხელოვნებას, უბრალოდ, არ შემიძლია მის გარეშე. ეს არის ჩემი კარგად ყოფნისთვის აუცილებელი წინაპირობა. მინდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემ შესახებ და ბევრად მეტ ადამიანს მივანიჭო სიხარული იმით, რასაც ვაკეთებ.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩემს მომავალზე.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ პირველ რიგში, საკუთარი თავის და შემდეგ სხვა ყველა დანარჩენის, ვინც ჩემს გვერდზეა.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს იმ საქმის კეთებას, რასაც გულით აკეთებ. ასეა ჩემთვისაც და ასე მგონია ზოგადადაც.

_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?

_ დავიბადებოდი ისევ იქ და ისევ იმ დროს. ეს უფრო დიდი გამოწვევაა ჩემთვის, მივაღწიო წარმატებას დიდი შრომის შედეგად იქ, სადაც ამის უფრო ნაკლები შანსია, ვიდრე დავბადებულიყავი სხვაგან, სადაც ყველაფერი ისედაც მარტივად მოდის.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყვნენ პოზიტიურები, ოპტიმისტები, დატკბნენ ცხოვრებით, რომელიც მშვენიერია, იყვნენ მუდამ ახლის ძიებაში, აკეთონ ყველაფერი, რაც მათ ბედნიერებას მოუტანს და არასოდეს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე!

 

ნინო ტაბაღუა