მარიამ რამინაშვილი: „წარმატებული მეცნიერი დღევანდელი განათლების სისტემის მენეჯერად წარუმატებელი არჩევანია“

„მმართველი გუნდი უძლურია, სისტემაში არსებული პრობლემები შეფუთოს“

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. ჩხენკელი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის, საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Gოლდმან შაცჰს-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.

ახალი მინისტრის განცხადებით, თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს: „ძალიან მალე წარვადგენ კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებ. გამოწვევები ბევრია. განათლების ხარისხის განვითარება მთავარი საკითხი იქნება. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია. ყველა წარმატებული რეფორმა გაგრძელდება“.
ახალ და ძველ მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, რომელიც მიხეილ ჩხენკელს დაუტოვა:
„მთავარი გამოწვევა სოფლისა და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე მთავარი გამოწვევა პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების სიმცირეა. მთავარი რჩევა იქნება, მაქსიმალური კონცენტრაცია გრძელვადიან შედეგზე მოახდინოს“, _ განაცხადა ჯეჯელავამ.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებების შედეგად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება დაემატა.

„ქრონიკა+“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:
_ ქალბატონო მარიამ, როგორ აფასებთ განათლების სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს?
_ განათლების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით, უპირველესად, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სწორია, როცა მინისტრები, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სრულად თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან სისტემაში მიმდინარე უახლოეს პროცესებთან მიმართებით და, ამასთანავე, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით არავითარი პასუხისმგებლობა აღარ ეკისრებათ.
მაგალითისთვის, ყოფილი მინისტრი ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე. ვთქვათ, თუნდაც, იმაზე, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ვერ მოხერხდა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ეტაპის დასრულება და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში სკოლებში ისედაც მოძველებული სახელმძღვანელოების შეცვლის პროცესი კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო.
ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა მოქმედი ხელისუფლება სისტემის მთავარ გამოწვევად, ჯერ კიდევ, 5 წლის წინათ, სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემას ასახელებდა.
ასევე, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა განათლების ხარისხთან დაკავშირებულ იმ საგანგაშო სტატისტიკაზე, რაც 2017 წლის გამოსაშვებმა გამოცდებმა აჩვენა _ როცა ჩაჭრილთა რაოდენობამ 27%-ს მიაღწია.
ასევე, პრიორიტეტად დასახელებული პროფესიული განათლების კუთხით სრული უმოქმედობა _ კონკრეტული ადამიანების არაკომპეტენტურობისა თუ სახელმწიფოსა და სისტემის მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ქმედებების არასწორი პოლიტიკის შემუშავების შედეგი იყო? რამ გამოიწვია სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვის ასეთი ზრდა და რა გაკეთდა პრობლემის მოსაგვარებლად?
შესაბამისად, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასება ერთი შეიძლება იყოს: ეს არის მოცემულობა, როცა მმართველ გუნდს უკვე აღარ შეუძლია, უძლურია, სისტემაში არსებული პრობლემები შეფუთოს და საზოგადოებას სატყუარას სახით სთავაზობს ახალ პირველ პირს იმ მოლოდინით, რომ მსგავსი შეცდომები რეალობაში აღარ განმეორდება. ილუზიას ქმნის, რომ წარუმატებლობის მიზეზი კონკრეტული ადამიანია და არა სისტემა, ან მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვა ამ მიმართულებით.
_ როგორი დამოკიდებულებაა ახალი მინისტრის მიმართ, რამდენად შეძლებს იგი, გამოწვევებს უპასუხოს?
_ ახალი მინისტრი აქამდე არასოდეს ყოფილა ჩართული განათლების პოლიტიკის შემუშავების, ან გაანალიზების პროცესში, ამიტომ არ ვიცით, როგორია მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნებისმიერი პროგნოზი სუბიექტური ხასიათის იქნება. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენ, არსებული გამოცდილების ფონზე, კონკრეტული მოლოდინები არ გვქონდეს.
ჩემს ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული მეცნიერი, დღევანდელი განათლების სისტემის მენეჯერად წარუმატებელი არჩევანი იქნება. აქვე მნიშვნელოვანია, რომელ გუნდთან ერთად გადაწყვეტს მუშაობის გაგრძელებას, ან რა სტრატეგიით? შეძლებს თუ არა, განათლების სისტემისთვის მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შეთავაზებულ აქამდე არსებულ მცდარ ხედვებს ღიად დაუპირისპირდეს და სისტემას ალტერნატივა შესთავაზოს?
ბევრი ნიუანსია, თუმცა თითქმის დარწმუნებულმა შემიძლია გითხრათ, რომ ზღაპრის გმირების პრობლემა ამოწურულია. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ აბიტურიენტები მაიმუნებად აღარ იქნებიან მოხსენიებულნი, ან მაღალი ხელფასი აღარ იქნება მასწავლებლობის გზაზე შემაფერხებელი ბარიერი და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, შემოთავაზებული კანდიდატურა მინისტრობის შემდგომ პერიოდს განათლების მიღებას არ დაუთმობს.
_ ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ მინისტრს ორი მთავარი რჩევა დაუტოვა: სოფლისა და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა სიმცირე…
_ დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემისთვის, სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასთან ერთად, კვლავ რჩება ორივე პრობლემა _ სოფლისა და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლებისა და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ნაკლებობა. მაგრამ აქვე საინტერესოა, რა გაკეთდა უახლოეს წარსულში ამ მიმართულებით?
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9-თვიანი ანგარიშის მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხის 41%-იანი და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის განკუთვნილი თანხის 89%-იანი ათვისება ჩანს.
რაც შეეხება კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას სოფლისა და უმცირესობების სკოლებში, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი გაკეთებულა _ დაგეგმილი ელექტრონული სწავლების პლატფორმის დანერგვისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვითი წილი ნოემბერშიც 0%-ს შეადგენდა.
ყოველივე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო არაა დაინტერესებული ათასობით ახალგაზრდის ბედით და მისთვის პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია მხოლოდ სიტყვის მასალაა და არა პრაქტიკული განხორციელების აუცილებლობა.
ხელისუფლებას არ გააჩნია გააზრებული მიდგომა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ არ აქვს პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა ბიუჯეტიდან ჯიუტად გრძელდება ათეული მილიონის ფლანგვა.
_ როგორ აფასებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეტანილ ცვლილებებს?
_ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასა და ზოგადი უნარების ტესტს ეხება. ვეთანხმები, რომ აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს, წაკითხულის გააზრებაზე აქცენტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აბიტურიენტების შეფასებას იმ უნარების მიხედვით, რომლის გამოყენებაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვისაა აუცილებელი.
რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, ცვლილებები მიზნად ისახავს მსჯელობის, არგუმენტირების, არაშაბლონურობის, კრიტიკული აზროვნების შეფასებას. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არ შეიძლება გავიაზროთ, როგორც გამოცდების გართულება, არამედ ეს უფრო თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების წახალისებაა.
_ რა შედეგებს მოიტანს სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელება?
_ საგანმანათლებლო პროცესში ძირითადი ორიენტირი არის საგნობრივი სტანდარტი, რომლის კომპონენტებიცაა შედეგები, შინაარსი და შეფასება. სწორედ სტანდარტი განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს (საფეხურის ბოლოს მისაღწევ შედეგებს) და წარმოადგენს ორიენტირს, რომლისკენაც უნდა წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით დაშვებულია ისიც, რომ: „შესაძლებელია სკოლამ საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების განხორციელება მის მიერ შედგენილი საგნობრივი პროგრამის მიხედვით განახორციელოს. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს საგნობრივ სტანდარტთან. დასაშვებია ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება როგორც ყველა, ასევე რომელიმე საგანში/საგნებში. საჯარო სკოლა (კერძო სკოლისგან განსხვავებით) ვალდებულია, საგნობრივი პროგრამა შესათანხმებლად წარმოადგინოს სამინისტროში და თავად უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში (ესგ; მუხლი 2)“.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა თავად ირჩევს გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოთაგან მისთვის სასურველს, ამდენად, გამომცემლისთვის შინაარსობრივი ცვლილებების უფლების მინიჭების გამო რაიმე სახის პრობლემაზე საუბარი უსაფუძვლოა. მთავარია, რომ გრიფის მინიჭების პროცესი იყოს გამჭვირვალე და კომპეტენტური ადამიანების მხრიდან განხორციელდეს. საბოლოო ჯამში, სკოლებს წარედგინოთ რამდენიმე ალტერნატივა და მართლაც რომ შინაარსის გათვალისწინებით აირჩიონ.

გელა მამულაშვილი