მანდატურის უფლებები იზრდება

პარლამენტი მანდატურების უფლებების გაზრდის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს. ცვლილებებს დეპუტატები განათლების კომიტეტში განიხილავენ.
კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ცვლილებები და რა უფლებების ზრდასა და გაძლიერებაზეა საუბარი?

კანონპროექტის მიხედვით, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიასა და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს.
უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკსჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნებისა და მშობლისთვის (სამართალდარღვევის შემთხვევაში კი პოლიციისთვის) დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება თავად მანდატურის დანიშვნის წესსა და პროცედურებს.
თუ მანამდე სკოლებში მანდატურის დანიშვნის საკითხს უშუალოდ სკოლის დირექტორი წყვეტდა, ამ ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს მანდატურის სამსახურის უფროსი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავად მანდატურის ინსტიტუტი ბევრად ძლიერი და დამოუკიდებელი ორგანო ხდება მეტი კომპეტენციითა და უფლება-მოვალეობით.
ასევე გარკვეული სახის შეზღუდვები დაწესდა თავად მანდატურის განათლებისა და ასაკის ნორმაშიც.
თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი;
მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე;
იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხსა და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს.
სკოლაში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებისა და შემთხვევების გამო ყველა ერთხმად თანხმდება, რომ აუცილებელია რეფორმირება საგანმანათლებლო სფეროში, რომელიც შეამცირებს რისკებს და ბულინგის შემთხვევებს მოზარდებს შორის. გარდა ამისა, მეტ კოორდინაციას შექმნის სხვადასხვა სამინისტროს შორის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის მოზარდებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
თუმცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ამ ცვლილების მიმართ, რომელიც მანდატურის უფლებების ზრდასა და მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებას ისახავს მიზნად, არაერთგვაროვანი პოზიცია თავიდანვე გამოიკვეთა.
საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ფსიქოლოგები სხვადასხვანაირ დამოკიდებულებას გამოხატავენ ამ ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ერთმანეთთან აახლოვებს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს.
მოსაზრებათა ერთი ნაწილის თანახმად, სკოლებში არსებული მძიმე კრიმინალური ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რის ერთ-ერთ ფორმადაც შეიძლება მივიჩნიოთ სწორედ მანდატურებისთვის სამოქმედო არეალის ზრდა და მათი უფლება-მოვალეობების გაძლიერება.
მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ მანდატურთა უფლებების ზრდით და ამ კონკრეტული ცვლილებებით ვერ მოხერხდება, რადგან ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ზერელედ შეაფასებს მდგომარეობას და დროებით შეზღუდავს გარკვეული სახის დარღვევებსა და ხარვეზებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კრიტიკოსთა მოსაზრებით, რომლებიც გარკვეული სახის ხარვეზებს ხედავენ განათლების შესახებ კანონში შესატან ამ ცვლილებებში, მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერება, ერთგვარად, მანდატურის სამსახურს პოლიციურ სისტემას ამსგავსებს, რაც თავად ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე კარგად არ აისახება და ვერც არსებული ძალადობრივი ფონის დათრგუნვას შეუწყობს ხელს.
ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებას ავრცელებს მანდატურის უფლებების ზრდასთან დაკავშირებით.
მათი მოსაზრებით, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილებისას მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო უპირობოდ არ უნდა იყოს შესაძლებელი. მანდატურს არ უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება ამა თუ იმ ქმედების შეფასებისას, ეს უკანასკნელი გამოიწვევს თუ არა მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლას. პირველ რიგში, კანონპროექტმა უნდა დაადგინოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მანდატურისთვის წინააღმდეგობის გაწევად.
გარდა ამისა, საია მიიჩნევს, რომ შეყოვნების მექანიზმი მანდატურს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს და არსებობს რისკი, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება ბავშვის უფლებების არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ შეყოვნების მექანიზმი არასრულწლოვნის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, წესი და პროცედურა დეტალურად იყოს გაწერილი კანონით და არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით.
ამ და სხვა კონკრეტულ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია განათლების შესახებ ზოგად კანონში შესატანი პროექტის მეტად დახვეწა და ბევრი პუნქტის დაკონკრეტება, რაც უფრო დადებითი შედეგის მომტანი იქნება საგანმანათლებლო სფეროში პრევენციული ზომების მისაღებად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო განხილვისთვის წარდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებას მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გაზრდის გზით.

ორიოდ სიტყვა თავად მანდატურის სამსახურის შესახებ:
მანდატურის ინსტიტუტი ხუთი წლისაა. ეს პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და 2013 წლიდან დაიწყო.
პროექტის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო თანაარსებობის უზრუნველყოფა, კონფლიქტების, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ნარკოტიკული დანაშაულის პრევენცია.
თავის დროზე, საგანმანათლებლო რეფორმაში ამ ცვლილების შემოტანამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც სჩვევია ყველა სიახლესა და რეფორმას, ეს პროცესიც თავიდან მტკივნეულად აღიქვეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, მანდატური საჯარო სკოლების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და საგანმანთლებლო სფეროს ჯაჭვის ბუნებრივი რგოლი გახდა.
ბოლო პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირებული ძალადობრივი შემთხვევების მატებასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად მანდატურის სამსახურის ეფექტიანობა და მისი როლი სკოლებში.

რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი მანდატურის სამსახურის უფლება-მოვალეობების შესახებ და რამდენად არის ამ პროექტში ჩართული ყველა მხარე, ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი, ქალბატონი შორენა ზედგინიძე:

_ რატომ გახდა აუცილებელი მანდატურის უფლება-მოვალეობების გადახედვა და მათი ზრდა? რამ შეუწყო ხელი ამ ინიციატივის წამოყენებას?
_ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მანდატურის სამსახურის საქმიანობა სკოლებში გასაძლიერებელია და რიგ ცვლილებებს საჭიროებს, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ინიცირებით დაგეგმილია, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები, რომელიც მიმართულია სწორედ მანდატურის ეფექტიანობის გაზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისი როლის/ფუნქციების გაძლიერებისთვის.
_ თუ არიან ამ კანონპროექტის განხილვაში უშუალოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მშობლები და სკოლა ჩართულები და როგორია მათი დამოკიდებულება ახალი ინიციატივის მიმართ?
_ ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში, რა თქმა უნდა, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართულები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა აქტიური მონაწილეობითა და პოზიციების გათვალისწინებით კანონპროექტი განიხილება.
_ საია-მ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა მანდატურის უფლებების ზრდასთან დაკავშირებით სკოლებში. მათი აზრით, ეს ემსგავსება, ერთგვარ, პოლიციურ სისტემას, რომელიც ბევრ რამეში შეზღუდავს მოზარდებს. რას უპასუხებთ მათ ამ მოსაზრებას?
_ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია, პოლიციურ სისტემაში რა იგულისხმება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანდატურის სამსახური და ზოგადად მანდატური წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ რგოლს, რომლის მიზანიც პოზიტიური, ჯანსაღი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბება და სკოლებში დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერებაა. შესაბამისად, ცვლილებებიც იგეგმება ამ მიმართულებების გაფართოებაზე.
_ რა უფლება-მოვალეობები დაემატა მანდატურებს სკოლებში და როდიდან იგეგმება ამ ცვლილებების განხორციელება?
_ კანონპროექტი განხილვა/დამუშავების პროცესშია, ამიტომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, კანონპროექტზე მომუშავე ყველა პირსა თუ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულად შემუშავდეს და შეჯერდეს ოპტიმალური ვარიანტით. კანონპროექტის მიხედვით სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიასა და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოკამერების რაოდენობა გაიზრდება. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე გადადგეს ნაბიჯები. კერძოდ:
• გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა, გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე;
• ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი: 0800000088, ზარი უფასოა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ფსიქოლოგიური კონსულტაცია მიიღოს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგისგან;
• გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში;
• ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
• სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას.
_ თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი იქნება ამ უფლება-მოვალეობების ზრდა სკოლაში ძალადობის კუთხით მოზარდებს შორის?
_ მანდატური დღეს სკოლაში წარმოადგენს უსაფრთხოების, ზრუნვისა და დაცულობის გარანტს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები კი მანდატურის სამსახურის როლს უფრო მეტად გააძლიერებს და მეტ ლეგიტიმაციას შესძენს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფას.

თავად კანონპროექტის ფორმასა და დაგეგმილ კონკრეტულ ცვლილებებზე ფსიქოლოგები მსჯელობენ. მათ შორისაა თამარ ჩოჩიშვილი, რომელიც სკოლაში მომუშავე ფსიქოლოგია და უშუალოდაა თვითმხილველი, თუ რას საქმიანობენ მანდატურები საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
„ამ ეტაპისთვის მანდატურების საქმიანობა სკოლებში, ძირითადად, ზერელეა და მხოლოდ ოქმების წერით და გადამისამართებით შემოიფარგლება. თუ ცვლილება მანდატურების უფლებების ზრდას გულისხმობს და, ამავდროულად, მათი საქმიანობის გააქტიურებასაც, მაშინ მომხრე ვარ, რადგან თავად ეს ინსტიტუტი უსაფრთხო სკოლის შექმნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ანუ ის უნდა იყოს აქტიური, პრობლემაზე ორიენტირებული და მეტად ეფექტიანი, ვიდრე ეს დღეს ჩვენს რეალობაშია.
თუმცა იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდეს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს მოფიქრებული და წინასწარ დადგენილი. აუცილებელია, ამ საქმეში ჩაერთონ არა მხოლოდ განათლების სფეროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, მეთოდისტები და ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდის ფსიქიკაზე ამ ყველაფრის გავლენას გაითვალისწინებენ. მხოლოდ ამ ყველა რისკის შეფასების შემდეგ უნდა მიიღონ კანონპროექტი და დახვეწილი სახით წარმოადგინონ.
არსებობს რისკი, რომ ამ უფლებების გაზრდით მანდატურის სამსახური სადამსჯელო ორგანოს დაემსგავსება, რაც თავისთავად ბავშვის ფსიქიკაზე აისახება. სწორედ ამიტომაცაა აუცილებელი, ასე რომ არ მოხდეს, გამოიძებნოს ოქროს შუალედი და ისე დაბალანსდეს, რომ უმოქმედო მანდატურებისგან თავისი საქმის მცოდნეები მივიღოთ, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სკოლებში. შესაბამისად, ძალადობისა და ბულინგის შემთხვევებიც ნაკლები იქნება“.

ანა ურუშაძე