მამუკა ქობულაძე: „არ შეიძლება, დავით კეზერაშვილი კვიპროსში იჯდეს და იქიდან მართავდეს ყველაფერს“

შორენა მარსაგიშვილი

ბათუმის საკრებულოს წევრი, მამუკა ქობულაძე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2002 წელს გაწევრიანდა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება გასული წლის დამლევს მიიღო. მთავარ მიზეზად ჩრდილოვან მმართველობას ასახელებს. რა ხდებოდა პარტიაში და რას გეგმავენ „ნაციონალებიდან“ წამოსულები ნიკა მელიასთან ერთად, ამის შესახებ „მამუკა ქობულაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მამუკა, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ ძლიერი იყო. ბათუმის საკრებულოს მაგალითზე კარგად შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდით, მაგრამ გასული წლის ბოლოს რამდენიმე თქვენგანმა დატოვა პარტია. თქვენ ნიკა მელიას თანამოაზრეებად მიიჩნევით და მასთან ერთად იქნებით ახალ პარტიაში?

_ ერთიანობა ბათუმის საკრებულოში ისევ შენარჩუნებულია, რადგან ახლა ყველას ერთი საზრუნავი გვაქვს _ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა უნდა დავასრულოთ. ამ მიმართულებით ჩვენ ბოლომდე ერთად ვიმუშავებთ. რაც შეეხება პარტიიდან წამოსვლას და სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვიქნებით ნიკა მელიასთან ერთად ახალ გაერთიანებაში, რომელიც თებერვლის დასაწყისში ჩამოყალიბდება და გვექნება ახალი პარტია.

_ ნიკა მელია რატომაც წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცით. აჭარის ორგანიზაციის წევრებმა რატომ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“? ე. წ. ახალმა მენეჯმენტმა გაიძულათ, თუ ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო?

_ იძულება და ძალდატანება არ ყოფილა, არავის მოუთხოვია, უნდა წახვიდეთ. წამოვედით იმიტომ, რომ იდეებს დაშორდნენ. ჩვენი იდეები და ბრძოლის მეთოდები სულ სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ასევე მიუღებელი იყო მმართველობის ფორმა.

_ ჩრდილოვან მმართველობაზეა საუბარი?

_ რა თქმა უნდა. ასე არ გამოვა, რომ დავით კეზერაშვილი, სადღაც, კვიპროსში იჯდეს და იქიდან მართოს ყველაფერი. ასე თუ უნდა ყოფილიყო, მაშინ რაღას ვერჩით ბიძინა ივანიშვილს? ჩვენთვის კონკრეტული სახელი და გვარი კი არ არის მიუღებელი, არამედ ჩრდილოვანი მმართველობა. ქვეყანაში არსებული რეალობა სამართლიანი თამაშის წესებით უნდა შეიცვალოს. მხოლოდ სახელებსა და გვარებს თუ ჩავანაცვლებთ, ამით შედეგი არ შეიცვლება.

_ თქვით, რომ განსხვავება იყო ბრძოლის წესებში. რა ბრძოლის წესებს უჭერდით მხარს თქვენ?

_ წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ჩრდილოვანი მმართველობა იყო. ბრძოლის წესებზე შეთანხმება და შეჯერება ყოველთვის შეიძლება. ამ პროცესში ყველა ჩართულია და, შესაბამისად, ყველას აზრია მისაღები. საერთო ენის გამონახვა ამ მიმართულებით შეიძლებოდა. ძირითადად კეზერაშვილის პრობლემაა, რომელიც შემდეგ ზოგად ქართულ პრობლემად იქცევა.

_ წლებია, კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. მისი გამოჩენა და ჩართვა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

_ არც ყოფილა მოულოდნელი. აქ ღია მმართველობის პრობლემა იყო. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს პარტიაში იდეებით, გნებავთ, ფინანსებით. როდესაც საჯარო პოლიტიკაში ღიად ხარ ჩართული, ეს მისაღებია, მაგრამ როდესაც კულისებში ხარ მიმალული, მაშინ სხვა მოცემულობაა. როგორ უნდა დავარწმუნო მოსახლეობა, მხარი დამიჭიროს, თუ მე თავად არ ვიქნები მართალი. რატომ უნდა დამიქნიოს ვიღაცამ ხელი კულისებიდან, გინდაც მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს? ჩეენ რომ გვდომოდა პირადი კეთილდღეობა და პოლიტიკური წინსვლა, რამენაირად მოვრიგდებოდით, რაც საქართველოს არაფერში სჭირდება. დღეს მთავარია ქვეყნის განვითარება. ჩრდილოვანი მმართველობა ნებისმიერი ფორმატით გამორიცხულია.

_ ეს წამოსვლა ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დაბნევას არ გამოიწვევს? ოპოზიცია ისედაც სუსტია და ამ დროს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია იყოფა. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ამომრჩველს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება?

_ დავაკონკრეტოთ, ვინ არის ჩვენი ამომრჩველი და რა კატეგორიაა. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდი პრეცედენტია. მესამე პრეზიდებტი ციხეში აბსურდული ბრალდებებით ზის. ეს ფაქტი ქვეყანაზეც ცუდ გავლენას ახდენს და ოპოზიციაზეც. როგორც დანარჩენი ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ აღმოჩნდა სახარბიელო მდგომარეობაში. მაგრამ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისი დღის წესრიგი აქვს. ჩვენ ამომრჩეველს შევთავაზებთ ჩვენს პროგრამას. შესაბამისად, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, ვის და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი. არჩევნებამდე საკმაო დროა.

_ ერთ წელზე ნაკლებია ეს დრო.

_ აღარ დარჩა დიდი დრო, მაგრამ იმისთვის საკმარისია, რომ მოსახლეობას გავაგებინოთ, რა გვინდა, რატომ მოვდივართ და რას ვაპირებთ.

_ არჩევნების წელს ოპოზიცია, როგორც წესი, აქტიურია, მაგრამ ახლა თითქოს მიძინებულია. არანაირი პროტესტი არ ჩანს, არადა, დიდი სკანდალებია გარშემო. არც ქუჩის აქციებია, არც სააკაშვილი მოუტაციათ საავადმყოფოდან, როგორც ამას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს.

_ სააკაშვილის ციხიდან მოტაცება დახურული თემაა. ვიყოთ მართლები და ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი ადამიანური რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს კითხვები მათ უნდა დაუსვათ. ისინი გვპირდებოდნენ ქუჩის აქციებს. გვაბრალებდნენ, რომ პროტესტს ვკლავდით და მიშაზე არაფერს ვამბობდით. სინამდვილეში, ჩვენ ვცდილობდით, რომ თანმიმდევრულები ვყოფილიყავით. არც ნიკა მელიას და არც ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, თუ როგორ უნდა შევვარდნილიყავით ციხეში. ამას გართულება მოჰყვებოდა, ვიღაცა დაიღუპებოდა. კანონის წინაშეც არასწორები ვიქნებოდით, რადგანაც ციხის აღება არ არის სახელმწიფოსთვის ჩვეული ამბავი. ჩვენ ნებისმიერ სამართლიან აქციას და პეროტესტს შევუერთდებით. ყოველთვის ვიქნებიდთ იქ, სადაც იქნება ჩვენი მოსახლეობა.  მთავარი, იცით, რა არის, პოლიტიკური პარტია კი არ უნდა კარნახობდეს მოსახლეობას ზემოდან, არამედ მოსახლეობიდან უნდა მოდიოდეს დირექტივები. ჩვენ, პოლიტიკოსები, ხალხის ნების აღმსრულებლები უნდა ვიყოთ

_ ხალხის ნებაც რომ არსად ჩანს? ჯერ „ნაციონელბის დაბრუნებით“ აშინებდნენ, ახლა „ომი გინდას?“ ძახილით. მოსახლეობა დათრგუნულია და არაფრის კარნახის სურვილი არ აქვს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

_ ხალხი მოვლენების განვითარებას უფრო ელოდება. ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ მოქალაქეები ადგნენ და სადღაც მივიდნენ პროტესტის დასაწყებად. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაღაც სერიოზული ხიფათი ეუქრება სახელმწიფოს. გავრილოვის ღამეს და რუსული კანონის დროს ხალხმა ეს საფრთხე დაინახა და პოლიტიკოსების გარეშე მობილიზდა. სხვა შემთხვევაში საპროტესტო მუხტი ისე ვერ აგორდება. სურვილი ასეათია, რომ არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ არსებული ხელისუფლება. ეს არავის აჩემება არ არის, ასეთი ცვლილება ქვეყნის მომავალს წაადგება. თუმცა, როცა არჩევანის უფლებას გართმევენ, მაშინ ჯანყიც არაა გასაკვირი, მაგრამ ამას სხვანაირი დაორგანიზება სჭირდება. ასევე საჭიროა ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია.

_ თქვენ როდიდადნ იწყებთ აქტიურობას?

_ როგორც კი დავაფუძნებთ პარტიას, მაშინვე დაიწყება სამუშაოები.

_ ისევ პარტიის გაყოფის თემას დავუბრუნდები, არაფრით არ შეიძლებოდა ერთიანობის შენარჩუნება?

_ ამაზე პასუხი გაცემულია. ერთიანობას თუ იმას უწოდებთ, რომ ვიღაცა უნდა იყოს უფროსი ძმა და სხვები პატარა ბენეფიტების გამო მის ფრთებქვეშ იყვენენ, ეს ერთიანობა არ არის. ერთიანობა თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, აზრების შეჯერებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ძალიან რთული იყო ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლა. ბევრი ჩვენგანი პარტიის დამფუძნებელიც ვიყავით და იქ 2002 წლიდან ვართ. ადრე თუ გვიან რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მაპატიეთ, მაგრამ, ვიღაცის მონობას არ ვაპირებთ. ჩვენს გუნდს მონობა და პირადი სარგებელი რომ სდომოდა, როგორმე გავურიგდებოდით „ქართულ ოცნებას“ და იმაზე მეტს მივიღებდით, ვიდრე ის კორუმპირებულები, გუნდში რომ ჰყავს ხელისუფლებას.