მამუკა ჟღენტი: „იუსტიციის მინისტრი ცრუობს“

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მის მიერ მიღებულ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში პრეცედენტებით ხელმძღვანლობს, ადგენს ახალ ნორმებს, რამაც ადამიანის უფლებები გარანტირებულად უნდა დაიცვას. პრეცედენტებს რაც შეეხება, ალბათ, აქამდე უპრეცედენტო იყო მოსამართლეთა შერჩევის ის სკანდალი, რომელშიც მეორედ ეხვევა საქართველო. გასაგებია, რომ თავშეკავებული ევროპელები ზედმეტ კომენტარებს არ აკეთებენ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სიებსა და კანდიდატებზე, თუმცა მათი გადაწყვეტილებები აშკარად ნეგატიურია სახელმწიფოს იმიჯისთვის. ასეთ ვითარებაში ლოგიკურია კითხვა, _ თავად ხელისუფლება რატომ აზიანებს საკუთარ იმიჯს და ჩრდილს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას? ამ ყველაფრის ფონზე ირკვევა, რომ მორიგი „ჩავარდნისას“ გაკეთებული განმარტებებიც, მეტწილად, ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრება „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ დამფუძნებელს, საქართველოს ყოფილ ელჩს ევროსაბჭოში _ მამუკა ჟღენტს:

 

_ ბედის ირონია, ანუ გვაამოს(?!), რამდენად შეიძლება ასე შევაფასოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერაც არ ვიცით, ჭანტურიას დაუჭერს საბოლოოდ მხარს თუ არა? ანუ გასაგებად შეიძლება იმის ახსნა, რა ხდება და რა პროცედურულ სტადიაზე ვართ?

_ საქართველოს ხელისუფლებამ, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, მოქმედი შესარჩევი კომისიის მეშვეობით, ხელმეორედ ჩაატარა ე. წ. კონკურსი და წარჩინებული კანდიდატები გამოავლინა. შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი კანდიდატი წარედგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დაფუძნებულ მრჩეველთა საბჭოს. მრჩეველთა საბჭომ წარდგენილი კანდიდატურები განიხილა და დაადგინა, რომ მხოლოდ ბატონი ლადო ჭანტურია აკმაყოფილებს მოსამართლისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. სამწუხაროდ, გვატყუებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს წარმატებაა. გვატყუებენ, თუნდაც, იმიტომ, რომ პირველი მცდელობისას იდენტური ვითარება გვქონდა, როდესაც მრჩეველთა საბჭომ ასევე დამაკმაკოფილებლად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბატონი ბარამიძის კანდიდატურაც. თუმცა, შემდგომში, საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სრულად უარყო საქართველოდან წარდგენილი სია, ბატონი ბარამიძის ჩათვლით. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საუბარი იმაზე, რომ ლადო ჭანტურიას ექნება თუ არა მხარდაჭერა საპარლამენტო ასამბლეაში, ნაადრევია. დღეს საუბარი იმაზე მიდის, რომ საქართველომ ასამბლეაში უნდა წარადგინოს სამკაციანი სია. ამისთვის სასურველია, რომ ჯერ ამ სიის მოწონება მოხერხდეს მრჩეველთა საბჭოს დონეზე. საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია, ბატონი ლადო ჭანტურია დატოვოს ამ სიაში, თუმცა რადგან ხელახალი კონკურსი ტარდება, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნება, თუკი ბატონი ლადო ახალ კონკურსში ხელახლა მიიღებს მონაწილეობას და კომისია თავიდან შეარჩევს სამ კანდიდატურას მრჩეველთა საბჭოსთვის წარსადგენად. თუ კვლავ გადაწყდება ბატონი ჭანტურიას დატოვება სიაში, მისი კანდიდატურის ხელახალი გადაგზავნა მრჩეველთა საბჭოსთვის აუცილებელი არ იქნება.

_ იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს და მასთან გასაუბრება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჭანტურია დაამტკიცონ, ან უარი უთხრან?

_ იუსტიციის მინისტრი ცრუობს. აბსოლუტურად არარელევანტურია, ამ ეტაპზე, ნებისმიერი გასაუბრების თაობაზე საუბარი და მით უმეტეს, გარკვეული დროის მინიშნება ამ კონტექსტში. თუ არ იქნა სამკაციანი სია, არ იქნება არანაირი გასაუბრება. იმისთვის, რომ იყოს სამკაციანი სია, აუცილებელია ჯერ კანდიდატურების შერჩევა, შემდეგ მათი მოწონება მრჩეველთა საბჭოს მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ სია ეგზავნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს, რომელიც შესაბამის პროცედურებს ახორციელებს, მათ შორის, გასაუბრების ჩათვლით. ხელისუფლებას სამართლებრივად შეუძლია ხსენებული პროცედურიდან გამორიცხოს მრჩეველთა საბჭოსთვის ახალ კანდიდატთა სიის ხელახალი გადაგზავნა, ან გადააგზავნოს და არ დაელოდოს მათ შეფასებას, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა ქალბატონი ევა გოცირიძის შემთხვევაში და ისე გადაუგზავნოს სია საპარლამენტო ასამბლეას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე მაინც გაითვალისწინებენ მიღებულ მწარე გამოცდილებას პირველი მცდელობისგან და ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ.

_ ანუ ვინმეს დამტკიცებაზე საუბარი ზედმეტია?

_ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალზე ნაადრევია ასამბლეის მიერ ვინმეს დამტკიცების ან უარყოფის შესახებ საუბარი. ხელახლა გამოცხადდა კონკურსი, უნდა შეირჩნენ გამარჯვებულები, მათი კანდიდატურები უნდა მოიწონოს მთავრობამ, გადაუგზავნოს მრჩეველთა საბჭოს, დაელოდოს მათ შეფასებებს, დადებითი შეფასებების შემთხვევაში სამკაციანი სია გადაუგზავნოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტს, რომელიც შესაბამის პროცედურას ჩაატარებს და საკუთარ რეკომენდაციას გადაუგზავნის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიას. კენჭისყრის მეშვეობით იგი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატებზე. ყველაზე ოპტიმალურ შემთხვევაშიც კი ვეჭვობ, საკითხი ასამბლეის პლენარული სესიის დღის წესრიგში 2018 წლის ზამთრის სესიამდე მოხვდეს.

_ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, _ ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა ხანმოკლეა. თუ არსებობდა ასეთი სტანდარტები, ეს არ იყო ცნობილი კომისიისთვის, რომელმაც კანდიდატები შეარჩია? თუ „ახალი წესები“ კანდიდატების შერჩევის შემდეგ დადგინდა?

_ იუსტიციის მინისტრის პრესკონფერენციაზე ნათქვამი 80% უნიათოდ შემოთავაზებული სიცრუეა და საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რომელი აუდიტორიისთვის იყო ეს გამიზნული. შესაძლებელია გარკვეული თემების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს აბსოლუტურ სიცრუესთან, რომლის „გაპრავებაც“ ობიექტურადაა შეუძლებელი. როდესაც მრჩეველთა საბჭო უკვე მეორედ ეუბნება ხელისუფლებას, რომ სამი წარდგენილი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს _ ბარამიძე პირველ და ჭანტურია მეორე შემთხვევაში, ამის წარმატებად წარმოჩენა თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურ რეალობასთან რაიმე ახლოს მდგარ მოვლენას. თუმცა ეს ნაცრის შეყრა ვის მიმართ ხდება, უფრო საინტერესო საკითხია. ვუსმინე რა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს, საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ იუსტიციის მინისტრი სწორედ საკუთარ გუნდსა და უფროსობას უმალავს სიმართლეს და მათ ისეთი არასწორი ინფორმაციით ამარაგებს, რომ სწორედ მათ აგდებს უხერხულ ვითარებაში. სხვაგვარად, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ საიდან მოაქვთ, მაგალითად, ის, რომ ჩანიშნულია გასაუბრება ბატონ ლადო ჭანტურიასთან შემოდგომისთვის და ასე შემდეგ?

რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს. არანაირი სიახლე არ უნდა ყოფილიყო კომისიისთვის, თუ რა კრიტერიუმებით უნდა ეხელმძღვანელათ. არცოდნის აღიარება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ზედიზედ ორი კონკურსი ისე ჩაატარეს, რომ ელემენტარული წესები და პირობები არ იცოდნენ და გვაუწყებდნენ, რომ ტრანსპარენტულობისა და სამართლიანობის ლამის ეტალონი დააფუძნეს ამ კომისიის შექმნით ევროპაში. რეალურად, ეს თემა საერთოდ არარელევანტურია. შესარჩევი კომისია, ვგულისხმობ სამთავრობო წარმომადგენელთა უმრვლესობას კომისიაში, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მოქმედებდა ერთი პირის, ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის სრული დიქტატის პირობებში. ამის დადგენა ძალზე იოლი იქნებოდა, თუ კომისია დააკმაყოფილებდა გამჭვირვალობის ელემენტარულ პირობას და გაასაჯაროებდა კანდიდატთა შეფასებებს, რაც მოითხოვეს და ასევე ეფექტიანად უარყვეს როგორც პირველი, ასევე მეორე კონკურსის შემდეგ. ამასთან, თვით კანდიდატთა უმრავლესობა იყო თანახმა ამ შეფასებების გასაჯაროებისა. დავინახავდით, რომ კომისიის სამთავრობო წევრები აბსოლუტურად იდენტურად აფასებდნენ ქალბატონი წულუკიანისთვის მისაღებ, ან მიუღებელ კანდიდატებს. მეორე საკითხია, თუ რამდენად ნორმალურია, როდესაც ისეთი კვალიფიკაციის იურისტი, როგორიცაა ქალბატონი წულუკიანი ან კომისიის სამთავრობო წევრთა უმრავლესობა (თუმცა, ზოგიერთი საერთოდ არ იყო იურისტი), აფასებენ ისეთი კვალიფიკაციის იურისტებს, როგორიც არიან ლადო ჭანტურია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, კონსტანტინე კორკელია, დავით ჯანდიერი, გიორგი პაპუაშვილი, ანა ჟვანია და ა. შ.?! მაგრამ ეს სხვა საკითხია და ამისთვის კომისიის კრიტიკისგან თავს შევიკავებდი.

_ ანუ თქვენი ლოგიკის მიხედვით, კომისიისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო კრიტერიუმები?

_ არცოდნის ფაქტორს აქარწყლებს კიდევ ერთი არგუმენტი: ყველას გვახსოვს, რომ პირველ შემთხვევაში, როდესაც მრჩეველთა საბჭომ ორი კანდიდატურა დაიწუნა, იუსტიციის მინისტრმა მათგან ერთი მაინც დატოვა სიაში და მეორე ევა გოცირიძით ჩაანაცვლა, რომელიც მეხუთე ნომერი იყო კომისიის შედეგების მიხედვით. დღეს იდენტური ვითარებაა, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა ახალი კონკურსი გამოაცხადა. აღნიშული ადასტურებს: პირველ ყოვლისა, კომისიამ მშვენივრად იცის, რომ მეორე კონკურსის შედეგად მე-4 და მე-5 ადგილზე გასული კანდიდატები ასევე არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ კომისიის საქმიანობა ფარსია და სხვა არაფერი. გარკვეულწილად, ასეთი მიდგომით კომისია დასცინის მთავრობას, რადგან მათ უგზავნიან კანდიდატურებს, რომელთა მოწონებაც, მთავრობის მხრიდან, სწორედ რომ მთავრობის რეპუტაციას ლახავს. საჯაროდ დავუსვი კითხვა იუსტიციის მინისტრს იმის თაობაზე, თუ რატომ შეცვალა პრაქტიკა და რატომ გამოაცხადა ახალი კონკურსი, როდესაც შეეძლო, ისევე როგორც ევა გოცირიძის შემთხვევაში, აქაც ჩაენაცვლებინა დაწუნებული კანდიდატები მე-4 და მე-5 ადგილზე გასულებით? დარწმუნებული ვარ, დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებ.

_ რეალურად, რატომ ვერ მოახერხა კომისიამ კონკურენტუნარიანი კანდიდატების შერჩევა? რით ხელმძღვანელობდა კომისია, რომელმაც ორი არაკონკურენტუნარიანი კანტიდატი წარადგინა, აქედან ხომ არ ჩანს ხელისუფლების სურვილი, სტრასბურგს მიანიშნოს, ვინ უნდა აიჩიოს?

_ ხელისუფლებას იმის უფლება აქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მისმა წარმომადგენლებმა კოლეგა დეპუტატებს აუწყონ მათი პრეფერენციის თაობაზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, არავინ უშლის ხელს, ლობირება გაუწიონ ამა თუ იმ კანდიდატს. ეს მიღებული ფორმაა და ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ამ ეტაპამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ელემენტარული პირობები დავაკმაყოფილოთ. მერწმუნეთ, პრობლემა არა იმდენად კანდიდატებში, რამდენადაც თვით პროცესშია. როდესაც სტრასბურგი ხედავს, რომ პროცესი ხორციელდება არადემოკრატიულად, მიკერძოებულად, ტრანსპარენტულობის მინიმალური მოთხოვნების უგულებელყოფით, ბევრად უფრო კრიტიკულნი არიან ასეთი პროცესის შედეგად წარდგენილი კანდიდატურების მიმართ. დღიდან პროცესის დაწყებისა, აქტიურად ვიყავი მასში ჩართული და იყო რა ასეთი თხოვნები, ევროპელ კოლეგებს ჩემს აზრზს ვუზიარებდი. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არც ერთ შემთხვევაში კანდიდატები არ შემიფასებია და არ მიმიწოდებია საპარლამენტო ასამბლეისთვის. მართალია, ქალბატონმა გოცირიძემ, ჩემდა სამწუხაროდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მეც მახსენა მის მოწინააღმდეგეთა რიცხვში, მაგრამ ეს სრული აბსურდია. უმთავრესი პრობლემა სწორედ რომ პროცესუალური ხარვეზები და დანაშაულებია და სწორედ ამის გამო იღებს წულუკიანი აღნიშნულ შედეგს.

_ მოარული ხმების მიხედვით არსებობს კონკრეტული პერსონა, ვინც იუსტიციის მინისტრს „სასურველ“ კანიდატებს აწვდის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და იცით თუ არა ამ პერსონის ვინაობა?

_ არ გამოვრიცხავ, რომ მას გარკვეულ დავალებას ან რეკომენდაციებს აძლევენ. არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია და, შესაბამისად, ვერ ვიმარჩიელებ. რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ სწორედ იუსტიციის მინისტრი მანიპულირებს და ერთპიროვნულად მართავს შესარჩევ კომისიას და სწორედ ის აწვდის მიკერძოებულ და მასთვის სასურველ ინფორმაციას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს. სხვაგვარად ვერანაირად ვერ ვხსნი, თუ რა ინტერესი გააჩნია ხელისუფლებას ამ, ერთი შეხედვით, მარტივი საკითხის ასეთ თავის ტკივილად ქცევაში? არა მგონია, კოლექტიურ მაზოხიზმთან გვქონდეს საქმე.

_ შესაძლოა, არსებობდნენ კონკრეტული ლობისტები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი რატომ არ შეიძლება კვალიფიციური კადრების შერჩევა?

_ ვიმეორებ: ხელისუფლებას შესაძლებელია ჰყავდეს პრეფერენციული კანდიდატი ან კანდიდატები. ეს ნორმალურია და ჩვენ არ ვიქნებით ამაში გამორჩეულნი, მაგრამ როდესაც საკმაოდ სერიოზულ კანდიდატს, ლადო ჭანტურიას, გვერდით უყენებ აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიან კანდიდატებს, პრობლემა იქმნება. ამას ემატება ის, რომ ე. წ. დაწუნებულ კანდიდატთაგან მრავალს კარგად იცნობენ ევროპაში, როგორც წარმატებულ და კვალიფიციურ იურისტებს. რთული დასაჯერებელია, რომ გეწაძე უკეთესი კანდიდატია, ვიდრე ბოხაშვილი, მესხორაძე, ვარძელაშვილი, კორკელია და ა. შ. შესაბამისად, ბოღმისა და პირადი გრძნობების ნაცვლად უნდა იხელმძღვანელონ საღი აზრით და ცოტა უფრო მეტი ჭკუის გამოყენებით და მერწმუნეთ, საკმაოდ ადვილია ამ პროცესის თან სამართლიანად, თან ხელისუფლებისთვის მისაღები შედეგით დასრულება. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადააბაროს პროცესის მენეჯმენტი საქართველოს პარლამენტს. გავიხსენოთ: „ქართული ოცნების“ პარლამენტარების პირველი დაბრუნებული სიის შემდეგ საუბრობდნენ, რომ გაიზრდება მათი როლი შესარჩევ პროცესში. რეალურად კი მივიღეთ სურათი, როდესაც მეორე კონკურსის კომისიაში მხოლოდ ერთი პარალამენტარი დატოვეს, მაშინ როდესაც პირველი კომისიის შემადგენლობაში ორი დეპუტატი იყო. ვფიქრობ, ეს არის გამოსავალი.

_ დაბოლოს, ამ აბრაკადაბრის ფონზე, როდესაც სახელმწიფო ვერ არჩევს სამ კვალიფიციურ იურისტსაც კი, რამდენად ილახება ქვეყნის რეპუტაცია და რამდენად სანდოდ გამოიყურება ქართთული „სამართალი“ ევროპელი კოლეგებისთვის?

_ ევროპელმა კოლეგებმა იციან, რომ საქართველო გამოირჩევა პოსტსაბჭოთა სივრცეში კვალიფიციური და წარმატებული იურისტების სიმრავლით. შესაბამისად, საკმაოდ რთული იქნება მათი მოტყუება, ისე როგორც ქალბატონი წულუკიანი ახერხებს მთავრობის წევრებით მანიპულირებას. ნებისმიერი ასეთი „წარმატება“ ურტყამს ქვეყნის ავტორიტეტს. ის ასევე სერიოზულად აზიანებს მმართველი გუნდის რეპუტაციასაც და მერწმუნეთ, ასეთი ფაქტორები პრობლემებს უქმნის ან შეუქმნის მმართველ გუნდს სხვა საკითხების მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის საქმეშიც ევროპელ კოლეგებთან.

 

არმაზ მეტრეველი